არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მარიამ ხუცურაული

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyThu Feb 02, 2017 1:48 pm

მარიამ ხუცურაული

თოვლი მოსულაო

ქათქათა ფარჩა და დარაია
ჩააცვა ივრის პირს ნაყანარებს...
ნეტავ, თუ იქნება ისეთი დრო,
მე რომ თოვა აღარ გამახარებს?!
ბალღივით რომ აღარ დაგაფეთებ,
თოვლი მოსულაო, თენებამდე...
და არც კი გამკენწლავს გულისგულში -
მეც ერთ საცდურად რომ შეგემატე...
რომ არ მაგუნდავებ ჭალა-ჭალა,
თითებს არ გამითბობ ცხელი სუნთქვით,
არ ამეფარები ივრის მხრიდან,
რომ წამობუქავს და წამოუქრის.
აღარ მასრიალებ ფერდობზე და
აღარც წაჩოქებულს ჩამიხუტებ.
სველ წინდებს რომ აღარ ჩამოვაშრობ
ბუხარს მიმარჯვებულ სკამის ზურგზე.
წამო, გაგვჭორონ და გვაქილიკონ,
ჩვენი გაბავშვებით მწუხარებმა...
წამო, აღმა-აღმა სიონისკენ
ვკვალოთ უნაბიჯო მდუმარება...
ვთქვათ, რომ ტკივილები უჯეროა,
ნატვრებს დავაწყვიტოთ საბელები...
კალოებზე, როგორც ხელისგულზე,
ვწეროთ ერთმანეთის სახელები.
ცისპირს გადააბა მიწისპირი
ფიფქის აშიბული წნულებითა...
წამო, მოფრთხიალე მოლაღური
ვიდრე გაგვიფრინდა გულებიდან.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyThu Feb 02, 2017 7:37 pm

მარიამ ხუცურაული

***

ხომიდან ისეთი მთები მოჩანს,
მთაში რომ მთიელსაც გაგაგიჟებს.
სათიბი ისეთი უნდა იყოს,
გომეწრით რომ ასდევს მაღაწლისკენ.
ზეცა უნდა იყოს იმისთანა,
ვანხევს რომ ჰხურავს და არახიჯახს.
იგრძნობ, თუ რამ შენში ღვთიურია,
ცოდვაა, აქ თქვა, რომ არა გიშავს.
ღამე ისეთი, რომ მათურაში
ცაზე ვარსკვლავები გადასთვალო.
ალიონი ჭიჩოს ორწვერიდან -
როჭო-არწივებს სათვალთვალო.
ოცნება - შუაფხო ცაბაურთით
ერთხელ გაგიცხადდეს იქნებ თვალში.
სიყვარული - მაღაალახადიდან.
ზვავის ჩამოქცევა წაწადაში.
ლექსი - ჩარგალში რომ ლექსს გეტყვიან.
წყალი - თეთრახევას ჩქერს რომ შესვამ.
მზე - ხოშარიდან რომ აგორდება,
რომ ვერ შეადარებ ვერა მზესა.
სიცოცხლე - ისაა, აქ რომ ხვივის,
რითმით ნაგვირისტებ-გალამბული.
შუა ზამთარში რომ გახედავ და
სულში გაიღვძებს გაზაფხული.

2017

study


Last edited by Admin on Thu Feb 02, 2017 7:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyThu Feb 02, 2017 7:38 pm

მარიამ ხუცურაული

***
ჩიტის საფრენიდან ფშავის ტყეებს
თეთრი დიბა-ფარჩა აფენია...
თოვს.
შრიალ-შრიალით მონათდება
თებერვლის რუხ-მკრთალი გამთენია.
ერთიღა არაგვი მითავქვეობს -
სიცოცხლის მუქლურჯი არტერია.

2017

study


Last edited by Admin on Sun Jan 21, 2018 9:40 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptySat Feb 11, 2017 3:46 pm

მარიამ ხუცურაული

***
თოვს.
რუხი ცაცხვი დგას მგლოვიარე
გუშინ დაკარგულ ბოლო ფოთოლზე.
თოვს.
თეთრ ტილოზე - ეზოს ბოლოს - სხედან შაშვები,
ფერი მოიცეს შავ-თეთრ ფოტოზე,
თოვლში სისხლისფერ ძახველს კენკავენ...
გადაიფრენენ ანგელოზები
და დღის პეიზაჟს ჩამოხედავენ...

2017

study


Last edited by Admin on Sun Jan 21, 2018 9:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyWed Feb 22, 2017 12:12 am

მარიამ ხუცურაული

შინდები

იზმორებიან ნორჩი კაკლები,
გაზაფხულების სუნი აქვს მიწას,
ხანდახან იქნებ კიდეც წაყინოს,
ახლა ზამთარი სხვას რაღას იზამს?!
ჰა და ჰა, ლეწოს ბაღში ხეები
ქარმა და ცაზე ღრუბლები წეწოს,
შეღამებულზე გათოვდეს კიდეც,
დილამდე თეთრი ჩააცვას ეზოს.
ზღაპრად აქციოს საბადურები,
ათოვოს ვანათს - ბებერ გოლიათს...
იმან იდარდოს, ვისთვისაც მარტშიც
გაზაფხულამდე ძალზე შორია...
უკვე ყინული ჩავარდა წყალში,
ბზარავენ ცისპირს ბოლოცეცხლები,
სადარო ნისლში დაძირულ ხევებს
ხმაში წკრიალი უდგათ ვერცხლების.
ძალას მოიცემს მზე, დირიჟორი,
ცასა და ხმელზე გაიერთკვირებს
და აატირებს ბედნიერებით
შინდებს - თებერვლის ჟრჟოლაშეყრილებს...

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyTue Mar 14, 2017 9:37 pm

მარიამ ხუცურაული

ქალთათავო

შენს თვალებში უღრუბლო ცა ჩაგუბულა
მკერდზე შიბებს გიბჭყვიალებს მარტის მზე,
ვდგავარ მუხლზე დაჩოქილი, ქალთათავო,
ჩემი უღვთო სიყვარულის სამიზნევ.
ქარი ღრუბლებს მიაჭენებს საავდროებს
ნაზამთრ მიწას აცრის ოქროს შინდების,
ფიქრით გეტრფი, სიტყვით როგორ გაგიბედო?!
ფრთას გაშლი და უცებ გამიფრინდები.
მარტის მზეზე სისხლში ძლივს-ძლივს ჩათვლემილმა
გრიგალებმა აიწყვიტეს სადავე,
მაყვლის ბარდში ფრთხიალებენ შავშაშვები,
მე და შენზე ფერად ჭორებს ხლართავენ.
მე კი ვდგავარ, ასე, შენს წინ დაჩოქილი,
უიმედო, უტყვი, ფრთებდაკეცილი,
შენ ხარ ჩემი გადამრჩენი, ქალთათავო,
აუხსნელი, როგორც მრავალწერტილი.

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyFri May 05, 2017 11:01 am

მარიამ ხუცურაული

საფანდურე ხის მოჭრა

რამდენ ათას წელს გასწვდებოდა,
რამდენ მშიერს დააპურებდა,
რამდენ მწყურვალს დაარწყულებდა
რამდენ ხამ წყალს მისცემდა მარილს,
გაათბობდა უცეცხლოთ და დღეუმზეურებს
გაანათებდა წკვარამ უკუნს,
აანთებდა მირიად ვარსკვლავს.
გაათენებდა რამდენ ღამეს,
მზეს რამდენჯერ ამოიყვანდა
რამდენ ავდარს გაადარებდა
რამდენ საძირკველს გადგამდა
და რამდენ ბუდეს დაასრულებდა...
რამდენ მწუთხე ცრემლს შეაშრობდა
რამდენ ტკივილს უსალბუნებდა
რამდენ ქარიშხალს გაუძლებდა
რამდენ ბედს წაღმა დააბრუნებდა.
რამდენ გაზაფხულს მოიყვანდა,
უღელს გასწევდა,
გააღვივებდა რამდენ თესლს და
რამდენ წვეთ წყალს წყაროდ აქცევდა...
მე რომ მიყვარხარ ის სიყვარული.
არც გადაბელვით დაგიწყია
შემპარავად და უტკივილოდ,
არც საძილე და მოტკბო შხამით,
ცრიატში სხივიც არ ამსხლტარა ცულის პირიდან
მერე გაბრწყნდა ნაპერწკალი...
დღეც თარსი იყო, პარასკევი, რიცხვი ცამეტი
ამინდიც ნავსი - ცრიდა დილიდან...

2017

study


Last edited by Admin on Sun Jan 21, 2018 9:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyTue Jun 13, 2017 8:01 am

მარიამ ხუცურაული

გამოიდაროს

დასავლეთით რომ მეწამული დაჩნდა ნათება,
ავტირდი, შენი თანაობის მქონდა ნიშანი.
მნათი სიმშვიდე ცის კიდურზე სვეტად იდექი,
ყველა ნიშნებში შეუცდომლად გამოგიცანი.
მოვედი, მუხლი მოგიყარე,
შენი ლოცვის მადლი მოვიხმარე,
ქადა და სანთელი - მოგიტანე,
ქედი მიწამდე მოგიხარე -
მეზობელ ქუჩიდან,
მეზობელ სახლიდან,
მეზობელ სოფლიდან
და ცხრა მთის გაღმიდან,
ომიდან,
საქმიდან,
დარიდან,
ავდრიდან
და თუნდაც წარღვნიდან -
შვილები სახლში მოგვიყვანე!

გამოიდაროს, გევედრები, გამოიდაროს!

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptySat Nov 25, 2017 5:00 pm

მარიამ ხუცურაული

***

„შენს სულს რაიმე შემოაცვი,
ხორცები უჩანს“.
ილო ფხოველი

ჟოლოსფერ-რუხი მეწამულად გიდგას თვალებში.
მხრები, უღონოდ ჩამოყრილი, ამხელს კაცური ტვირთის სიმძიმეს.
გაძლების ბოლო ნამცეცებით ალიონზე მტრედებს აპურებ.
ბეწვზე ჰკიდიხარ...
ნოემბრის სუსხი, - შემოდგომის მესაფლავე, - ქარით იმქვრევა.
იმარაგებს საავდროს და გაფუჭდება, ალბათ, ამინდი.
უხმოდ ეწევი.
საფლავზე ქარით მოსტეხია ნაძვს ის ტოტი,
დედის სულს და ხელს ნადარები.
უნდა ჩაკაფო.
დაწვავ იქვე.
შეინახავ პაწაწინა ნაფოტს სახსოვრად, ავგაროზად.
რისთვის არ იცი...
ცრის.
ქირსლავს კიდეც.
ცრიატდება უმზეო დილა.
ეგებ ჩაკეტოს გზები თოვლმა, დღეს-ხვალ დროულმა.
ვაშლის ქვეშ შეშა დაუჭრელი დარჩება თოვლქვეშ...
შეშა ჯანდაბას.
უგზოობით ეგებ მამა დაგრჩეს უწამლოდ,
ინსულტისგან ექვს წელიწადს ლოგინად მყოფი,
დედინაცვალი (კარგი ვინ სთქვა?) -
კარდიოსტრესით კლინიკაში უთავისოდ და უიმედოდ.
ცოლი (უშვილო) -
ნეტავ ან რის საშოვარზე შორს წასული სხვათა წაბაძვით.
ახლობლები და მეზობლები, -
მიდ-მოდის და ლაპარაკის დაუზარელნი,
დიდიც, პატარაც, ვინ რის მქონე,
მაგრამ ყველა ჭკუისდამრიგე და მოსეირე...
და შენ სულ მარტო,
მერამდენე სამსახურს ვერ შეგუებული
(არ ივარგე - ვერც იქურდე, ვერც მოიტყუე),
ეს მერამდენედ ღალატზე და ორპირ კაცზე ხელჩაქნეული,
გამუდმებით დაბადების აზრის მძებნელი,
ცა და მიწას შუა ასე გახერილი,
მხრებჩამოყრილი,
ბეწვზე ჰკიდიხარ.
ჩალის ღერს ეძებ, იმედი რომ ჩამოაყრდნო,
ეგება შენც ჩამოეყუდო.
ეგებ წამოდგე...

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyWed Dec 13, 2017 2:05 pm

მარიამ ხუცურაული - Page 7 Mariam10

მარიამ ხუცურაული

საფრანგეთის რივიერადან

სანტა, ეცადე არ გაგიკვირდეს,
ამ ნატვრის ბარათს საფრანგეთის რივიერადან,
ქართულად რომ გწერ.
რა ვქნა, თუ დღემდე ქართულია ჩემი ოცნება,
ქართულია ფიქრიც, სიზმარიც,
სადაც ძველ პანტას აკენკავენ ფითრებს ჩხართვები.
თოვს.
ნემსებივით იჩხვლიტება სუსხი ხელ-ფეხზე.
ვეება კოკით წყალი მიაქვს ხევიდან აღმა,
მშიერ ძაღლივით ეტუზება ზურგში სიცივე პატარა გოგოს,
ბალღობიდან ძლივს გადასულს გოგოობაში.
აბა, რა არის ათი წელი გოგოობისთვის,
ისიც ობოლგოგოობისთვის...
უმამობისთვის.
მერე უდედმამობისთვის,
უთავისო უპატრონოსთვის.
აბა, რა იცის, ვინ დასწყევლა,
ასე რისთვის აუჯანყდა ჯერ სოფელი,
მერე ქვეყანა, მთელ სამყაროც -
არ სცოდნოდა (ეგებ სადმე მონანიეც) გამჩენი დედა.
არც გამზრდელი შერჩენოდა, არც ამბის მთქმელი,
წვრილად გაეგო ყველაფერი ობლობის და კაცთა სიავის...
გაევლო ყველა გაკვეთილი, ყველა გამოცდა.
ეთქვა მიწისთვის, მზისთვის, წყლისთვის,
რომ უდედმამოს,
უდედობილ-მამობილოს,
უპატრონოს და უთავისოს
ყველაზე მეტად ეკუთვნის და...
ეპატრონოს და ესამშობლოს...
ვიდრე შორს, მთელი ათი წლით და ათი ქალაქით,
საფრანგეთის რივიერაზე ბედს იპოვნიდა!
ქართულადვეა ის სიზმარი,
სადაც მაყვლის ბარდში ხელებდაკაწრული,
ღანძილს კრეფს და იებისკენ გაურბის თვალი.
ულევად რომ აქვს სათიბის სუნი,
წყაროს წყალი და უმი რძე ძველისძველი თიხის ქოთნიდან.
არ ენატრება ხევის წყარო, ასკილები ნაკალოვრებზე,
მდინარის გასწვრივ ძახველები,
ტბის გადაღმა, მთების ჭრილში - შორი მყინვარი,
გზის პირას სახლი - ერთადერთი სუსტი ფესვი ამ ქვეყანაზე -
თავისი სახლი!
სანტა, ეცადე არ გაგიკვირდეს,
უნდა მოგიყვე იარებზე დაყრილ მარილის,
ნაგუბარში ვერჩამდგარი წყლის,
მთელ დღეს ნარჩევი ფეტვი-ბრინჯის,
გვიან გამომცხვარ კვერის ზღაპარი.
უნდა გაგანდო ჩემი თვალღია სიზმრების
და გულისგულში დამალული ერთი ამბის ანი და ჰოე...
პატარა გოგოდ დარჩენილ ქალს,
ბედიანს და პატრონიანს,
საფრანგეთის რივიერაზე,
კანშიც,
ნიცაშიც,
მოყირჭებულ სიმდიდრეშიც,
სილამაზეშიც
კვლავაც ქართულად ეფიქრება,
ენატრება, ეოცნებება ერთი ოცნება:
დედამ იპოვა...

2017

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyWed Jan 24, 2018 10:04 am

მარიამ ხუცურაული

ვით ნეფერტიტი
(ციკლიდან "დღიურები")

არა ბორკილით ანდა საბელით,
(ვით ნეფერტიტი ძველ პაპირუსზე),
მე შეგეუღლე უფლის სახელით,
დაგშვენდი როგორც ზეცას სილურჯე,

წყალს–სიანკარე, მზეს – სიმხურვალე,
ღალატს – ტკივილი ძნელდასათმენი,
მე შეგეფერე და შეგეუღლე
სიყვარულით და უფლის სახელით.

ამიტომ სულ არ მეცოტავება
ეს უღელი და ეს ბედისწერა –
მერქვას ცოლი და სული ვუბერო
ღვთიური ცეცხლით დანთებულ კერას.

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyFri Jan 26, 2018 8:19 pm

მარიამ ხუცურაული

მიჰყვებოდა ბილიკს კვალი
(მიხა ხელაშვილის ციკლი)

1. ისევ აქ მომკლან სიყვარულისთვის
(ანუ უარი ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში წაყოლაზე)

უამინდობით ნუ იავადებ,
მამულო, ერთი ხელის დადებავ,
შენს ერთგულებას დამაბრალებენ -
ქვეყნად ყველაზე წმინდა ბრალდებას.

გადასისხლული და ნატყვიარი
მე შენთან მომაქვს სულიც, სხეულიც.
ჩემგან ჩემს მერე ეს ხომ დარჩება –
ცხელი გული და ძველი რვეული...

ვერ ვიდავითე, ვერც ვიერეკლე,
ვერც რას ფერს გმატებ, ვერც სახელს ხმიანს,
მაგრამ ერთს მაინც ავეფარები
ღალატით შენკენ გასროლილ ტყვიას.

ჭირის წამლად და წყლულზე მალამოდ
დაგადნები და დაგენაყები
ოღონდაც შენ ნუ ნაქალაქარი,
ნაყანები და ნავენახები.

რა უფლება მაქვს, შენზე დალხენილს
გულით დამქონდეს შენი ხატება,
ისევ აქ მომკლან სიყვარულისთვის,
მამულო, ერთი ხელის დადებავ.


2. დის სიზმარი

შენ ხარ ძმაო?
აგრემც, შენი და გენაცვლოს!
შორით გივლავ,
თოვლი გადევს საყელოზე.
აქ ჩამოჯე, დის სიცლაღევ, დაისვენე,
ხინკალს ჩავყრი, ვიდრე კარგად გათბებოდე.

რად რას დუმხარ?
აგრემც, ეს და წერას მოგხდის.
გამჩნევ, გტკივა ნაჩეხი და ნატყვიარი.
შენთვის პანტის არაყიც მაქვს ემაგ ბოთლში,
ბუხრის თავზე თაფლ-ერბოან ჯამი არის.

შეგამცივნა.
მოდი ცეცხლთან, აქ ჩამოჯე.
ჩექმაც სველი გიჩანს, აგრემც, და დამარხე.
ბუხრისპირად გაგიშრება საღამომდე,
ამ წყლულებსაც მალივ სუფთად გადავახვევ.

სულ ეს იყო.
დის ხელიდან წამლად გექცეს,
თოვნას იწყებს.
გზა დაებნეთ ეგებ მდევრებს,
ჯერ ჭამე და მერე მოგთხოვ ახალ ლექსებს.
ისევ დუმხარ.
ჩაგეძინა შემოგევლე?!

* * *
ცხადშიც თოვდა.
მიჰყვებოდა ბილიკს კვალი.
ნავლდებოდა ბუხრის ცეცხლი თბილი ჯერაც.
არსად ჩანდა ვარსკვლავი ან შუქი მთვარის.
ცას ეხატა წყვილი შავი თვალის მზერა.


3. ჩემო სვებნელო
(სალომეს მიხა ხელაშვილის სხეულის ნაწილები მიაქვს ხურჯინით და თან ელაპარაკება)

ამღამ მეოთხე ღამე გადის, მთა-მთა მოვდივართ,
უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო,
უხიფათო გზა ღირდა კიდეც ამდენ ლოდინად,
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...

ტყე გამითავდა კუდოსთავს და გამიშრა ცრემლი.
საამდღეოდ თუ შემაჩვიე თოფ-იარაღი,
შიში აღარ მაქვს ნადირის და უფრო კი მდევრის,
სინამდვილეს ჰგავს ამ გზაძნელზე ჩემი არაკიც:

-- ვითომ შიმშილით დაემუქრა ჯალაფთ ზამთარი,
ჭავჭავაძიანთ მუქთად მივეც ორი ფარდაგი,
ოთხი დღე-ღამე ძილმღვიძარმა ვკვალე ნაქარი,
ბედად ნაცნობი დამემგზავრა ჩარგლისკართამდი... --

ჩარგალში ქალი დაგვიხვდება, მის თავს ნატრულო,
დღეს მგლოვიარე გიტირებს და ცრემლსაც დაგაყრის,
ხვალ სხვის კარ-ფუძეს გაალხინებს, (რა გავამტყუნო?!)
ბალღიც, უმამო, გაიზრდება, ვაი-ვაგლახით.

ფშავისხევს გარდა ასეთ თოვნას სადა ნახავდი?!
წელს გაზაფხულიც მარტის თვეში უშენოდ მოვა.
თოვლს რომ აიღებს, გზა რომ გავა მაღალახადში,
შენი სახლ-კარი უპატრონო შაიხდენს გლოვას.

მე გიპატრონებ, ეგრე ცრემლ და ხსოვნამისჯილი,
შიშს დაგიმალავ, აქამდე რომ დარდს გიმალავდი.
ეგებ სვავივით გაუძღები გაძღეს სიკვდილიც,
შენზე დამთავდრეს ეგებ ძმისგან ძმათა ღალატი.

მეჩვენა, ეხლა ჩემ წინ გკლავდნენ, - წამთვლიმა, ალბათ,
ხანჯალს მოვზიდე, შენ მკვლელს დღე რომ გავუმზეშავო,
ამათ საჩემოს ვინღა გახდის, ხვალ და ზეგ, აბა?!
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო ბედშავო.

აქ მეგულები ნატანჯი და მკერდშენგრეული,
ვაგლახ! -- ყვავ-ყორნის დაკორტნილი შენი მხარ-მკლავი...
ცოდვით მევსება გულ-ღვიძლი და მთელი სხეული,
ვერც დრო მიწამლებს, ვერც სიგრილე შენი საფლავის.

უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო,
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...


4. მიტირე მერე

(მიხა ხელაშვილი - თავის დას, სალომეს)
„მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება“
ვაჟა-ფშაველა
ჩამომაყოლე ხერხემალზე ფერმკრთალი ხელი...
მტკივნეულია... ყვავ-ყორანმა სამ კვირას ფლითა...
ერთ დიდ ხურჯინში ჩაგეტევა ძვალ-ხორცი მთელი,
გზად ჩემი სული გიმეგზურებს უჩინრად ცითა.
საგულდაგულოდ ამომკრიფე სისხლის გუბიდან,
თმიდან თოვლ-მიწა ჩამომყარე სულის შებერვით.
სისხლგაყინულს და სუნთქვაშეკრულს ცრემლი ნუ გინდა.
ნაცადი მყავხარ, ვერ დაგაფრთხობს ღამე თებერვლის.
გადამახვიე დედის ნაქსოვ რუხ-წითელ ფლასში.
მთა-მთა იარე, არ აჩქამდე, ეგ დროც მოგივა.
გუშინ ქარივით ჩიტ-პეპელა, დღეს ქვა-კლდის მსგავსი
მშობელ მიწას რომ ამომიგებ თბილად ლოგინად.
მიტირე მერე, ჩამოიმხე თავზე ცარგვალი...
ისე მიტირე, ცა და ხმელი ცოდვით შეიძრას.
ჭირისუფალი მეყოლება ხვალე ჩარგალი, --
ხვალე პოეტად დაბრუნდება ფშავში შენი ძმა...

მარიამ ხუცურაულის წიგნიდან: „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“, გამოცმელობა „საუნჯე“, 2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyMon Feb 19, 2018 8:23 pm

მარიამ ხუცურაული

ვინ ითამაშებს ჩემთან ერთად...

თუ რამ ფრთიანი სიტყვა ვიცი:
მიწა გრილია,
სული - ტკბილი,
ცა - უნაპირო
სიმართლე - მწარე,
ცრემლი - მწუთხე,
ცოდნა - სინათლე.
ზღვა უძიროა,
სტუმარი ღვთის,
ღმერთი მოწყალე...
გული კრულია კაცისა...
და კიდევ ბევრი,
მე რომ ახლა ლექსებად ვკინძავ
ან ამბებად ვაგვირისტებ,
სულ შენგანა მაქვს გაგონილი...

მაგრამ თითქოს ალაზანმა გადაუარა
და ერთბაშად სულ თან წაიღო ყველა სიტყვა...
და მას აქეთ, სამი წელია, შეიცვალა ჩვენი როლები.
თამაშები იგივეა, სახლობანა უპირატესად
და ახლა მე,
გახერილი ცის და მიწის პირშესაყარზე,
ვაკვირდები, თბილი სული რომელს დავბერო,
ვინ ითამაშებს ჩემთან ერთად
როლებგაცვლით:
სკოლობანას,
სახლობანას,
დედაშვილობას...

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyTue Jun 19, 2018 11:50 am

მარიამ ხუცურაული

მადლობა დარიჩინის სუნიან დილებისთვის

მადლობა დარიჩინის სუნიან დილებისთვის,
შეცდომის უფლებისთვის და გამოცდილებისთვის:
ცხოვრება არც ისე თაფლი და შაქარია,
მაგრამ ღმერთი მაღალია, "ესეც გაივლის".
დაჩეჩქვილ მუხლებზე (და გულზეც) რამდენჯერ
სულის შებერვისთვის,
სიტყვის და იოდის მარჯვედ ხმარებისთვის,
გულით და ფიქრით სიმდიდრისთვის,
რამდენჯერ ხელახლა ახელილ თვალებისთვის.
წყენის და ღალატის უსიტყვოდ თმენისთვის,
ღმერთის შენებურად სიყვარულისთვის და რწმენისთვის.
ჭირის გაძლებისთვის, ლხინის გაძღოლისთვის,
ზოგჯერ ქონისთვის და ხშირად არქონისთვის,
მაინც იმედისთვის, კეთილგანწყობისთვის,
ძნელად და მტრის ჯინაზე მაინც სიმღერისთვის,
დედაჩემის მშვიდი სიბერისთვის...
უშფოთველ ძილისთვის და მღვიძარ სინდისისთვის,
სულში მარტისთვის, სისხლში ივლისისთვის.
ჩემს და სიკვდილს შუა ჯიუტად დგომისთვის და
ბავშვობის აქამდე გახანგრძლივებისთვის -
ბერი კოპალესთვის, პეპისთვის, დაჩისთვის,
წითელქუდასთვის და ხარი წიქარასთვის,
მზისთვის, ცისთვის, ზღვისთვის, ვაზისთვის, პურისთვის,
ფერად სიზმრებისთვის, ფერად ღილებისთვის,
მადლობა დარიჩინისსუნიან დილებისთვის,
მა!

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyFri Aug 17, 2018 11:32 am

მარიამ ხუცურაული

სიზმრის გამოლოცვა

მთელი კვირაა რომ თან დამდევ და
გრძელ თუ მოკლე სიზმრად მესიზმრები.
ახალ ჩათვლემილზეც, გულისძილშიც,
შუაღამისას და გარიჟრაჟზე.
ზოგჯრ თუ ფიქრში ჩაგიყოლებ,
ხშირად მოულოდნელ-უცაბედად...
სიზმარი არც სადაგს დაგიდევს და
ერთხელ გამეჩვენე კვირაძალზეც.
თითქოს არც დიდი რამ თავისა ხარ,
ცხადში აქა-იქ თუ მახსენდები...
ან ეს სიზმრები რად გამიხშირდა,
ან რატომ ამსიეს შენი თავი?
რა ვიცი, შენ რატომ მესიზმრები,
ახლობლებიც მყავს და თავისებიც...
ან სიზმრების ენა მაცოდინა,
ანდა დამანებონ, ნეტავ, თავი...
სხვა დროს იქნებ ამბად მომეყოლა
ახლა დავალ ასე ძილფხიზელა,
ვერა გამიგია თავ და ბოლო
ხშირად რატომ გხედავ შინ და გარეთ,
მტირალ-მოწყენილს და ფეხშიშველას?
იქნებ არ ვიცი და გტკივა რამე,
გიჭირს იქნებ რამ და გინდა შველა...
წუხელ ლაშარღელეს ვიყავით და
აღმა მივყვებოდით ბილიკს ვიწროს.
მზეც იმ სანთლებისფრად ამოვიდა,
გზადაგზა მე რომ გიმარჯვებდი...
როგორ არ გითხრა და დავივიწყო?!

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyFri Nov 30, 2018 10:44 am

მარიამ ხუცურაული

ნატვრავ, მიწიდან მზემდე

ტყის პირს დაგლანდე წამით,
(გული ბალღივით ხარობს)
გზა გაქვს არც ისე შორი,
სახლ–საქონთაკე ჩქარობ.
აღმე ამოსდევ ბილიკს,
მიჰქსოვ ოცნების ფთილას,
გამიმზიანებ კვირის
ფიქრს და სუსხიან დილას.
აიკრიფება ნისლი,
მზე ჩამოხედავს არაგვს,
უხმოდ სიყვარულს გიხსნი
აქამდეც გულში ნანახს.
ვფიქრობ, დაგავლებ ხელს და
დაგკარგავ ცხრა მთას იქით,
შიში ექნება მდევარს
ჩემი ხმლისა და რიხის.
დუმხარ, მარიდებ თვალებს,
არ მირჩენ იმედს ხვალის,
არც სიხარულის ნალევს,
წყლულზე მიმატებ მარილს.
ოდნავ დაიტყობს ღიმილს
ჩემი სიმშვიდის მტერი
შენი ლამაზი ბაგე,
მწიფე ასკილის ფერი,
რომ კვლავ შენს ბილიკს ვდევდე,
სათქმელზე მდუმარ–მწყრალო,
ნატვრავ, მიწიდან მზემდე,
წყეულო ფშავლის ქალო!



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyTue Dec 25, 2018 3:35 pm

მარიამ ხუცურაული

***
შემოიცვამენ მთები სათოვლე
ღრუბლებს იისფერწამორეულებს,
გაუშაქრდებათ ძახველი შაშვებს
ეზოს ვაშლსა და მსხალზე ჩვეულებს.
წამოფიფქავს და თოვლით აკურთხებს,
მიწას სატაძრეს და საზედაშეს
და ჩაეფლობა ზამთარში ერწო,
ვიდრე მარტის მზე ჩამოხედავდეს...
ამოიხვნეშებს ვანათი ნისლებს,
ცას რომ აწვდინოს გულში ნამალი,
ჭალაში გდია იორი ლურჯი -
პაპის ნაქონი ვერცხლის ქამარი.

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyMon Jan 21, 2019 5:33 pm

მარიამ ხუცურაული

ჯერ არა, მარიამ...

ჯერ არა, მარიამ, ადრეა სიკვდილი,
გულმა თუ შეიხსნა შვებით არტახები,
ჯერ ხევში სადარო ნისლები წვებიან,
ჯერ აღმა მისდევენ არაგვს კალმახები,
ჯერ არა, ჯერ გული მხოლოდ თავს გახსენებს,
მესაიდუმლე და ავ-კარგის მნახველი,
ვინ უნდა უმზიროს ჯერ აის-დაისებს
ან ტყეში წითლად რომ გაკრთება ძახველი...
ვინ უნდა დათვალოს ცაში ვარსკვლავები,
გარითმოს სისხამზე ჩიტების ჟივჟივი,
ვინ უნდა ახადოს სამყაროს ჭერი და
სიხარულისაგან იცეკვოს გიჟივით?!
ვინ უნდა აჯობოს დეკემბრის ასკილებს
ფერით და ავდრებშიც აფეთქდეს ხალისად?
ვინ ინდა ანათოს სათოვლე წკვარამი
და გაამზიანოს ამინდი ხვალისა?
ო, არა, მარიამ, გული თუ თავს იშვებს,
კერპობს და ხანდახან ამოდის ყელამდეც,
მხოლოდ გახსენებს, რომ უშენოდ მრუმეა,
რომ ფერი აკლდება სამყაროს ფერადებს...

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyMon Feb 04, 2019 8:04 pm

მარიამ ხუცურაული

თოვს...

ძახველებში შაშვი ზის,
ჭახჭახებს და ქოთქოთებს,
რა იქნება, აქ მყავდე,
რა იქნება - მოთოვდეს...
ბეღურები ჟივჟივით
ბუმბლაობენ ბარდებში,
ახლა რომ გამეჩვენო,
ისე გამიხარდები,
ისე გამიხარდები...
ეჰ, ნეტავი ხვდებოდე,
ნეტავ, ვინ დაგვიბედა,
სულ მე მენატრებოდე?
თოვს. მინამქრა ქარბუქმა
ხომის გზა და ბილიკი.
მე წამოველ, შენ დარჩი, -
უჩვეულოდ, პირიქით...
მე მიყვარხარ, შენ - არა,
ბედმაც ასე ინდომა.
ზამთარს ბოლო არ უჩანს,
არც - ჩემს უამინდობას.
როგორ ცხოვრობ ქალაქში
ჩემი შორად გამშვები?!
ქოთქოთებენ ძახველზე
შემცივნული შაშვები...
თოვს. სიზმრის დარაჯებად
თეთრი მთები მარტყია,
მარტო გული, სულელი,
თითქოს შაშვის ბარტყია,
ხტის და ყირას გადადის.
ნეტავ რა ეჩვენება?
ნუთუ მოხვალ ხვალვე და
ორთავეს გვეშველება?..
თენდება და თოვს და ჰქრის,
სული ყელში გამჩრია
და ჩემს ბილიკს, უშენოს,
შაშვის ფეხი ატყვია...

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptySat Feb 09, 2019 9:32 pm

მარიამ ხუცურაული

იქიდან და აქამდე

გიორგი პატარაშვილს

როგორც თებერვლისაგან
გაკვირტული ტოტები,
ქარში გაკიდებული
სველი თოვლის ნოტებით...

ნისლი იწეწებოდეს,
როგორც ქარში მანდილი,
ცისპირს გაკრულ ქოხამდე
არცრა ჰქონდეს მანძილი.

თეთრად რთავდეს გომბორის
ლურჯი ბოლის ნახატებს,
ერთი ამოსუნთქვაა
იქიდან და აქამდე.

იმ ქოხელი ჭაბუკი,
წილნაყარი ლექსებთან,
დღე და ღამე ელოდეს
ნისლქალასთან შეხვედრას.

შენს ნაბიჯებს ითვლიდეს
მზის მოსვლას გამზერილი,
ჟამ-ჟამ იქვე დაგლანდოს
ლურჯად თვალახელილი.

როგორც თებერვლისაგან
გაკვირტული ტოტები,
შენს სახელს ჩურჩულებენ
სველი თოვლის ნოტებით...

ბილიკს რომ შეეჩვევი,
გაიმეორ-მესამებ,
ემაგ ქოხში დასახლდი,
გოგოშავო კესანევ!

2019

study



მარიამ ხუცურაული
Published on Dec 20, 2016

study


Last edited by Admin on Sun Feb 10, 2019 1:28 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptySat Feb 09, 2019 9:42 pm


მარიამ ხუცურაულის სამწიგნედის "სანათაი ვარ" წარდგინება

ავტორი – მარიამ ხუცურაული
რედაქტორი – მიხო მოსულიშვილი
მხატვარი – ანა ბიჩინაშვილი

გამომცემლობა "საუნჯე"

სამწიგნედი მოიცავს სამ კრებულს – "ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი" (პოეზია) "ცისპირ მთიბავები" (პროზა) და "ალმასთა სხივითა" (აუდიოწიგნი)
12.06.2016
©️ YouTube/AraGviani
©️ facebook/AraGviani.records

AraGviani
Published on Jul 9, 2016


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyMon Feb 18, 2019 2:01 pm

მარიამ ხუცურაული

***
შენზე ფიქრი ნაღვერდალში გავახვიე,
ღმერთმა არ ჰქნას, ქარმა შემოუბეროს,
ბისონივით აანთებს და გააცოცხლებს...
სახლში შემო, ფეხშიშვლა ღრუბელო.
ვიდრე ქარმა გაგწეწოს და აგაცრემლოს,
წიფლებსა და მუხის წვერებს დაგხვიოს,
გიჯობს, სახლში შემოხვიდე, ჩემს ბუხართან
გადნობა და დაქალება არჩიო...
ასე მაინც, ნეტავ, საით გეჩქარება,
ღმერთმა ნუ ჰქნას, ქარმაც შემოუბეროს,
ოღონდ ახლა არ ატირდე, მოვა მარტი,
ოღონდ ახლა არ ატირდე, ღრუბელო...

2019


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyFri Feb 22, 2019 5:12 pm

მარიამ ხუცურაული

* * *
(სიმღერა)

წუთი-წუთზე დღის ნათელი მიილევა,
ისევ ღამეს, თოვლს და ლოდინს მიმანდე.
კვირაძალზე სიზმრად წყურვილს ჩავიყოლებ,
ეგებ წყალი მომაწოდო დილამდე.

ქარი ისევ შენი თმების სუნს მომიტანს,
გაგიჟდება სუფსარქისი კვირადღეს,
ჩემს ფიქრებში ცისფერო და ცისთვალებავ,
სხვა და სხვისი როგორ უნდა მიყვარდე?

გაილევა ავდრიანი თებერვალი,
ქვეტექსტებში უცებ დაგაბინადრებს,
გაგიჟდება უშენობით სუფსარქისიც,
მორჩა, მორჩა, უნდა გადამიყვარდე!

ქროლვით ტოტებს იმტვრევს შინდი მა?გაკვირტული,
სული ჰხდება, როდის გადაიმარტებს,
შენით მთვრალი დაამშვიდე ყველა ქალი -
რა ხანია, თებერვლობა ჩავლილია,
რა ხანია, უკვე გადაგიდარდე...

17.02.2019


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptySat Mar 02, 2019 10:42 pm

მარიამ ხუცურაული

***
რაღაც წამიერად ასანთის გაკვრასავით,
ჭვალის გავლასავით თუ დენის დარტყმასავით,
სისველით კიდევ უფრო შავი მიწა - მარტოობა, -
უცებ ამოხეთქეს ზაფრანის
კოკრებივით ხასხასა ტკივილებმა:
ცხრა ცის, ცხრა მთისა და ცხრა საზღვრის იქით დარჩი...
აქაურ საქმესავით დარდს რომ გავიმუდმებ,
როლსაც რომ შევითვისებ მუდამ უამინდო თებერვალმისჯილის, -
რა ძალა ჰქონია საქმიან სიტყვას და
რა სიღრმე ჭეშმარიტ ტკივილებს, -
ვისწავლი.
და მაინც, ერთხელაც, მორჩება ყველაფერი -
უკვე ამ ივნისში, იქნებ დეკემბერში, რომელიმე მარტში
ანდა იმედებში -
სულაც თვითონ წავშლი...
ქარი რომ მარყევს და მაშიშვლებს, სამმხრივ ზღვით ნაბერი,
გამიუცხოვდება თავისი, დიდ-პატარა, შინაურ-გარეული
და გაშინაურდება უცხო ცის უცხო წვიმა,
ისე მჭვირვალდება აზრიც, მხედველობაც...
იქნება დაგლანდო, ხშირად ფეხისწვერზე ვდგები,
ხელსაც მოვიჩრდილავ!..

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 EmptyTue Mar 12, 2019 3:18 pm

მარიამ ხუცურაული

ღელე ვარ, უწყლო...

ილევა თებერვალი და
თოვლები დნება.
ცუდ სიზმრებს ვსინჯავ, უშენოს,
რა მეშველება?
წამიერ გამეჩვენები,
მამდიან ხმებიც,
მალევ თავდება სიზმარი
და მარტო ვრჩები.
ნაწნავიც ბევრი ჩავშალე,
სანთლებიც გინთე,
შენ არ ამოსდევ კიბეს და
წყალ-ღვარს სხვა ვინმე.
ყოველ ცისმარე ხევის პირს
მზეს ვეგებები,
ეგებ გაიხსნას საფშაო,
ნაზოვარ გზები.
სად ვის შავჩივლო, უშენოდ
ღელე ვარ უწყლო...
„არცა ლაღი ვარ, რომ ვმღერი“
და ცასთან ვურცხვობ.
მე სად მოვიდე, ქალშავი,
შორი მთით ბარსა;
რით რა ვეჯიბრო ქალაქელ
თეთრყირმიზ ქალსა?!
ერთ ლექსიღაა, ბეჩავი,
რაც ჩემგან დარჩა, -
ეგ არის ჩემი მზითევი
ოქრო და ფარჩა.
ისევ შენ უნდა მოხვიდე,
შორი და მწყრალი,
რომ აჩქამდება სითბოსგან
ხევებში წყალი...
გავიდა მარტი ახლით და
ილევა ძველით,
შენს შემოჩენას ბილიკზე
ამაოდ ველი...
და ვიდრე მოირთვებიან
ნაზამთრი მთები,
ხევ-ხევ ჩავდევ და ჩარგლისკარს
შენ გელოდები.

2019, საბერძნეთი, კალამატა


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 7 Empty

Back to top Go down
 
მარიამ ხუცურაული
Back to top 
Page 7 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: