არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დავით წერედიანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:42 am

დავით წერედიანი Davit_10
Davit Tserediani, 2016

ფრაგმენტი პოემისათვის

I
გზა ნაგზაურსა, შაბაშ, დასძარი,
მიმოვიმგზავროთ ძველი ქარგები.
არც – მოფარგლული წრე წინასწარი,
არც – სახვალზეგოდ მოსაფარგლელი.
ბნელდაბნელ მივალ, ჟიჟმატი მზუზავს,
თრთოლავს სანთური, კრთოლავს სანათი.
ვარ მინდობილი კლასიკურ მუზას
მცირეოდენი განდაგანათი.

II
ეპოსის ხანა აგრემც დამთავრდა,
მაგრამ, რა კაცი კუნაპეტს გარჩეს
და ღამით ღამე ჯდეს კელაპტართან,
ვერ ნახავს უფრო სამეფო სარჯელს.
შაბაშ, დასძარი, ბინდი გვეხუროს,
ამოვიფერთხოთ გულის ბუხარი,
გავმუხლოთ, ჩემო ბატიფეხურო,
ნურც მოგვცემია სხვა საწუხარი.

III
არადა, საით? – ნუ ხელებს დაყრი,
სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს,
გინდ სამიჯნუროდ გაიჭრას მაღრიბს,
გინდ ოდიშური ტალახი ზეპოს.
…არ ვიცი, რომელს გავასწარ ბეწვზე,
ბნელში საჩემოდ გასროლილ ტყვიას,
თუ ბროლის დარბაზს, ალისფერ ბეჭდებს,
მიმოშლილ ტევრთა ოქროვან წყვდიადს…


დავით წერედიანი
მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

დაბადების თარიღი: 12 აგვისტო, 1937
გარდაცვ. თარიღი: 30 დეკემბერი, 2019 (82 წლის ასაკში)
დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში; 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის "ანარეკლი" – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი; 2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული "ორიონი"; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის "დიდი" და "მცირე ანდერძის" თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 2018 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო ქართული თარგმანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" თარგმნისთვის
* 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
* 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო თარგმანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" თარგმანისთვის

ბიბლიოგრაფია
* ძმები გრიმების ზღაპრები (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 184გვ.. - ISBN: 9789941239953
* ოთხტაეპედი : სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 32გვ.. - ISBN: 9789941440182
* ფაუსტი (მთარგმნელი) // ნაწ. 1. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 271გვ.
ანარეკლი : ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2005. - 166გვ.. - ISBN: 9994080881

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001175/
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=433
* https://www.facebook.com/დავით-წერედიანი-Davit-Tserediani-316656351857046/


დავით წერედიანი
•Sep 3, 2016

TV ertsulovneba
22.3K subscribers

დავით წერედიანი - დროის ჩანაწერები

Arrow


Last edited by Admin on Sun Jan 26, 2020 12:31 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:44 am

დავით წერედიანი

კვირიკე

– შეკრთა, გაიპო, გაბრწყინდა, თვალთ მეხილება, დედავ,
მტრედისფერ საგალობლებში წმინდა კვირიკეს ვხედავ!
რა ლამაზია კვირიკე, ცრემლის ნათელში მდგარი!
როგორც ნიავის ალერსი, როგორც ჩონგურის ლარი!
ყვავილთა ყველა გვირგვინი, ყველა გაწვდილი ხელი,
ყველა ხმა, ყველა სანთელი თავის სასწაულს ელის,
სალბუნსა სასოებისა, ნარდის სურნელში ნაზელს.
ნეტავი მაცნედ მატარა, შენგან დასავლელ გზაზე...
ყველა სენს კურნავს კვირიკე, ყველა სატკივარს არჩენს,
ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს.
ირხევა ცრემლით, იმედით, ნათლით დაწნული ტანი,
მოდიან ცისადცისადნი, ბორგნეულნი და ბრმანი,
კაცნი ბოროტად გვემულნი, ქალნი დახშულნი შობად.
ქიტონის კალთა შემეხო! – მაკურნებელი ქობა!
გზად შინაბერებს გაუვლის, ყვავილს აჩუქებს თითოს...
ყველა ჩამქრალი სარკმელი ნეტავ შენს გზაზე იდოს...
მიდის, საკნებს და სენაკებს მადლის არილით ამკობს,
უჩინარ საგზალს გვიტოვებს, გაის-ამ-დღემდე სამყოფს.
წაიღებს ქენჯნის ფორეჯებს, კეთრის, ფილენჯის დაღებს,
ცისკენ, იქ, სადაც ბეთლემი ვერცხლის კარიბჭეს აღებს,
მიიტანს, როგორც ხარებას, გზებზე სალმობის ამბავს
და ხუთი წმინდა ჭრილობა ყველა სნებისგან განბანს...
სად მიკრთი, ივერთ-ნათელო, მზით, ვარსკვლავებით, მთვარით?
ნუთუ სიკვდილიც ფუჭია, არსად გვეღება კარი?
მაინც ზარზმა და გელათი, სამთავისი და მცხეთა,
ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან.
ნუ ტირი, ობლის საგზლითაც გავწევთ სამეფო ნადიმს,
რადგან სიმღერის ბილიკი უფლის წალკოტზე გადის.
– სუმბულის სურნელს მოვყევით, შენთან მოვიდა კვალი,
უფლის ლაჟვარდი გვაპკურე, ედემს ნაჟური წყალი...
რაჟამს დაიწყებს ივლისი ულოს გვირგვინთა ახდას,
კვლავ უბრუნდება კვირიკე თავის პატარა საყდარს,
საყდარში კედელს ნოტიოს, სადაც ზეგარდმო ნებით
დაუკეცია ანგელოზს ნელსევდიანი ფრთები...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:46 am

დავით წერედიანი

ძველი სიმღერა

„კარგად იბრძოდნენ
ჩვენი ვაჟები,
ყველაზე უფრო -
გურმაჩ და ჭოხან“.


რა ჩემი საქებარია,
რასაც აქებენ სხვანი...
შემოვლე მთელი ქვეყანა,
მთელი სიგრძე და განი...
კლდის ბზარში ჩაკიდებულო
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე.
რისთვის იბრძოდნენ ვაჟები,
არ გადიოდნენ ბერას,
რისთვის კიდებდნენ ციხეზე
სისხლით შეღებილ პერანგს,
რად ბრიალებდა ქონგურზე
ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...
- ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!
- მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა!
ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე
უფსკრულზე დაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე,
ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს...
ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი
მზის საგალობელს ერთვის:
„გაველ და გავხე, ვაჟებო,
ნურამც ყოფილა ჩემთვის“...
განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,
ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...
...რაც გულში ჯავრი დაგროვდა,
ბნელში დაიწყებს ვარვარს.
ნუ რჯულზე მელაქარდები,
შენი მოყვასი არ ვარ.
მთაგაღმეთს დავიკარგები,
ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,
ისლამურ მთვარეს ამოვჭრი
შენს ღალატიან გულზე.
ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:51 am

დავით წერედიანი

ორიონი

აქ ლაჟვარდია, სამერცხლური, ლურჯად მწვეთარი.
რაც დილას მოაქვს საზრუნავი, საღამოს მიაქვს.
მოწყენა ჩემი დობილია, ვცხოვრობ ნეტარი,
იმედებისგან თავდახსნილი ვაგროვებ ციაგს.

მოწყენა ჩემი დობილია საღამოს გზამდე,
და როცა მწუხრში, ბოლო ნიმბი, ჩაქრება შხარა,
ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს,
მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს.

მიარწევს ცხედრებს ვარსკვლავეთის შორი დინება.
რომელ მეჩეჩზე უნდა გავრჩეთ? რა ზღვრამდე ივლის?
ვცვლი მოკიაფე სახელებზე დღის მოთმინებას
და ფსკერისაკენ დავეხრები დანისლულ ბივრილს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:55 am

დავით წერედიანი

მიძღვნა
მამის ხსოვნას

მსუბუქი იყოს ფერფლი თქვენი, წლები გადიან,
ეონი გადის, ცა დაშაშრეს, მიწა დაშრიტეს…
საყდრის კედლიდან კენჭები და კირი მოცვივა
და მერცხლის ძველი ბუდეები. კვლავ გაზაფხულდა.
ვზივარ სიპ ლოდზე.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

დედა ევდოტი,
ჩემი ბავშვობის ერთადეთი მონაზონი,
თხას აძოვებდა ჯაგნარებში, ლანდადღა მახსოვს,
აქ, გაუქმებულ ამ საყდართან, ხუხულა ედგა,
დედაკაცები აკითხავდნენ შებინდებულზე
კაბა-ჯუბებში შემალული ჯამ-ტომსიკებით.
ერთხელაც გაქრა. თხა რატომღაც ტყვიით დაცხრილეს,
ხუხულა დაწვეს და მას აქეთ – ხმა, ჩამიჩუმი.
სად ხარ საწყალო, ვიშვიშებდნენ დედაკაცები.

ყველა მათ – ვისაც საფლავები არ დარჩენიათ,
ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს
ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა…
“აჰა, უფალო, კმა არს ჩვენდა! განსრულდა გვემა!
აწ აღარ გვინდა,
აწ აღარ გვინდა ხორციელი აღდგომა მკვდრეთით”!

ცად გაშვებული ბაბილონის ვეება ჩრდილი
ეცემა გუმბათს.
დასასრული ჯერ არ დამდგარა.

წმინდაო დედა ევდოკია, ხარ ცათა შინა,
სასძლო უფლისა საუკუნო ნათელში ბრწყინავ,
ზიხარ ნეტარი, სიხარულის ცრემლებით სველი,
ხუხულა ყვავის, თხა კიკინებს, ხასხასებს ჯაგი…
უთხარი უფალს, სანატრელო, უხრწნელი ბაგით,
უთხარი უფალს,
აღარავინ აქ აღარ ელის.

მთაში მძაფრია გაზაფხული, დიდხანს მოიბრძვის,
სანამ თესლიდან დაიძრება პირველი ღივი
და სამზეოზე გაოცებით მიმოიხედავს.
კვლავ ორთქლავს მიწა.
დასასრული ჯერ არ დამდგა.


მიძღვნა - დათო წერედიანი
•Aug 3, 2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 11:58 am

დავით წერედიანი

ზღვაოსნობა

ქაღალდის ნავი მაღალ წყალში შევაცურეთ, ძველი ტრირემი,
ხოფებს ვუსვამდით, სამხრეთისკენ მივყვებოდით შებინდულ ცისპირს,
მიმოვიხილეთ კუნძულები, ბეჭდის თვლებზე უფრო მცირენი,
სადაც სპეკალში შორეული ცრემლი ისმის, ვარსკვლავი ისმის.

სამშობლო მხრიდან ქარიშხალი დაგვეწია, შავად მღუარი,
შავი ხანძრებით, შავი, შავი ეონებით, ფერფლის ღრუბლებით.
დადექ, ილოცე! რა მერედა, ნავი იგი სიზმრის თუ არი,
თეთრი ფურცლისა! ქარიშხალი ნამდვილია – და ვიღუპებით…

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:00 pm

დავით წერედიანი

პირმზითი

რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…

წამიღე, რაც-რა მემართა, ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე, ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…

ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:02 pm

დავით წერედიანი

აპრილი

იმღვრევა ბროლი: გაზაფხულსაც დაეტყო ხანი.
მაინც გულდაგულ იმოსება სამეფო მწვანით,
არაფერს იმჩნევს, ყველა ეჭვი აქვს განდევნილი,
და ისე მოდის, თითქოს, რა და, შარშანდელივით
ლამაზი იყოს. ლანქერებად, ლეღმებად მოდის.
ხმა იგივეა…
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

უკუმიდგება და, ხელახლა, ფესვთა ჟრიალით,
ამ ეკლის ბარდით, ამ ბებერი ხით ნუჟრიანით
წუხანდელ ქუხილს, გადავლილი წვიმების ხასხასს
მიწიდან წვეთ-წვეთ ამოჟურავს, ფოთლებად გასხამს.
ზედ სარკმლის პირზე ალისფერი ასხლტება ტოტი,
დამეჟრჟოლება…
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:04 pm

სვანური პოეზიიდან

ბარბოლ დოლაშ:

დოლის წმინდა ბარბალე


შეგვეწიე, ბარბოლ დოლაშ,
სამსხვერპლოზე ძღვენი გვიდევს,
ხილვა გვინდა შენი სახის,
შენი ტვირთის ზიდვა გვინდა.
წვეთავს ირმის სავსე ძუძუ,
თეთრად რჩება ირმის კვალი,
კლდეებიდან გადმოადენ
რძის და თაფლის უშრეტ სარაგს.
მზე შემოაქვთ რქებით ხარებს,
მზე შენია ბარბოლ დოლაშ.

თარგმნა: დავით წერედიანმა.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:07 pm

დავით წერედიანი

***

ბინდზე ფიჭვიდან რაღაც ჩიტი უსტვენდა სკვერში,
ჰქონდა ცისპირთან საუბარი სრულიად კერძო,
ზილის მარცვლებად ქვაფენილზე ცვიოდა ვერცხლი,
არც სიხარული, არც ნაღველი მცირე რამ სკერცო.

არა, თქვა ცრემლმა, არა, არა, მომკითხეთ მერე,
მე ხომ არ ვიცი, ჯერ არ ვიცი, ვმღერი თუ ვტირი.
ნამდვილს ბაძავდა ხილიანის საბრუნთან ვერე
და მთელი წუთი ნამდვილს ჰგავდა მდინარის პირი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:08 pm

დავით წერედიანი

ლაზარე

I
ცხრა განწირული ძახილი
საბლად ჩავკიდე შავეთს,
ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი,
უკუნს მაფენდა ცხრავე.
რას ითვლი, მუხის მერქანო,
რამდენისა ვართ ხანად,
ხვალ თექვსმეტისა ვიქნები,
თუ გაზაფხულმა ბრძანა,
და ვიდრე ჟამი დაკრავდეს,
კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ ლაზარე,
ხნულში ვდგევარ და ვმღერი...
- სამი ასული მცილობდა,
როკვად მიწვევდა ყარიბს,
ერთი მათგანი მზის იყო,
ერთი მათგანი მთვარის,
ერთი სულ უცხო ერია,
ჩემთვის უვლია ცხრამთა,
შავ ცხენზე იჯდა, საღარზე,
შავი ეჯიბი ჰყავდა.
ცის ნათელს მღერის ლაზარე,
მთებზე დაფენილ ციაგს,
აპრილის ფერად კალთაზე
მღერის ქსანსა და ლიახვს,
თუ გაზაფხულმა ინება,
წილი თავიდან ვყარო,
შენი ვარ, მწვანე მერეხო,
ყვავილდასხმულო ღვარო,
ქართლის ნაზამთრალ გულისპირს
ნელი წვიმებით ნამავს,
ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...


II
მოზარე ქალთა კრებული
რისთვის დამსხდარა მცხეთას?
რისთვის მოარწევს მდინარე
წითლად შემოსილ ცხედარს?
რისთვის მოდიან მხედრები
ანანურით თუ არშით?
- შენი ღიმილი მიყვარდა,
წყვილი პეპელა ქარში.
- შენი გულმკერდი მიყვარდა,
მწიფე თავთუხის ხვავი.
- შენი ფერდები მიყვარდა,
მჟავე სურნელი ჭვავის.
მუხლებზე ხელებდაყრილი
ვზივარ ეკვდერის კარად.
აღმდგარა ყველა ლაზარე,
ჩემი ლაზარე - არა.
როგორ მოარხევს ბინდისფერს
ქარში ალვების წყება,
მზის გულზე მოვის პერანგი
როგორ თოვლივით დნება.
სხივთალხით განათებულა
სალაზარობო ნათლით,
ქართლი, გვირგვინი ეკლისა,
მწირის არგანი, ქართლი.
ამოდის მწუხრის ვარსკვლავი.
ვზივარ გზისპირას მარტო.
- არ ჩაქრე, მწარე სახმილო,
მაცოცხლებელო დარდო...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySat Jan 04, 2020 12:10 pm

დავით წერედიანი Davit_11

დავით წერედიანი

ზახილი

შავშამშე, მეფის მასხარა,
ხელგამხმარი და მარღი,
ვამბობ: რაც ქვეყნად ცრემლია,
ობოლ ღიმილად არ ღირს.
რჯული იცვალა ხელმწიფემ,
რაწამს უბრძანა შაჰმა,
წვერ-ულვაშს ინით ვიღებავთ,
თრიაქს ვუბოლებთ მაჰმადს.
სკივრში ჩაკეტა გვირგვინი,
ჩალმით შეიმკო თავი,
იქნებ კიდევაც ნაღვლობდეს,
არ კი ეტყობა, რა ვი...

დღეს უგუნებოდ ბრძანდება,
წარბებშეყრილი დადის:
წვიმს, ნაწვიმარზე ძაღლები
ვეღარ დაკვლევენ ნადირს.
აწვიმს ტახტსა და ტახტრევნებს,
ფარებს, ეტრატებს, ქნარებს,
სამეფო სარჩულ-საპირეს-
ჯვარს და ნახევარმთვარეს.
წავილექსებ და სირცხვილით,
შემეფარკლება ღაწვი,
აწვიმს შაირს და ქარაგმას,
ყველა ხუმრობას აწვიმს....
კვლა მიხმო ჩემმა პატრონმა
სალაღობოდ და საზმოდ,
ვთქვით ცრუ სოფელო, ძოწ-ლალნო,
შავო ინდოთა რაზმო.
კვლა წაუხდინე ხელობა
რქმის და მაჯამად მირქმის.
მითხრა: "ის დროა ხუმარო,
ჩაჩში გიცვლიდე გვირგვინს".
თუ ღმერთმა ჭკუა არ მომცა,
საქმეც არ მომცა დიდი,
ძველ-ძველ ხუმრობებს ვყიდულობ,
ცოტას ვფერავ და ვყიდი.
ვკადრე: "სხვა იყო გვირგვინი,
გარნა იცვალნენ დრონი,
დღეს ეგეც მასხრის ჩარჩია,
რომელს რომელი წონის"!
...გავასწარ, მაგრამ ზახილი,
ოთხი ზახილი მწარე,
მჯიღშემართულმა გაგზავნა
ქვეყნის ოთხივე მხარეს...

შავშამშე, მეფის მასხარა,
ბევრის მომსწრე და მთმენი,
ვთქვათ და ყველაზე სულელი,
ვთქვათ და ყველაზე ბრძენი,
ვამბობ: იმედი კვალია,
ცრემლი-ყორმალი სითხე.
თურმე რამდენი ფარული
სიბრძნე გჭირდება, იდგე!
ცრის... რა უღრანი ღამეა...
ღმერთო, გზას ავცდი მგონი...
ძახილის ძალა მომეცი,
ძალი წყვდიადში დგომის.
ამ ქვადქცეული ღამიდან,
ამ ბნელეთით და მკვდრეთით,
სხვა რა გააღწევს ნამდვილი,
მწარე ძახილის მეტი....

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptySun Jan 19, 2020 11:30 am

დავით წერედიანი

შერიგება

საით მიდიან მინდვრები?
რატომ აჭრელდნენ ასე?
სად ვნახე წყვილი სანთელი,
ნუთუ სულეთის გზაზე?
თეთრი ყვავილი შემომხვდა,
მაგრამ, რა სურდა, ვერ თქვა,
ტანთ შენი კაბა ემოსა,
შენი სახელი ერქვა.
ივსება ჯავრის ფურცელი,
ჟამი მოგვდის და მიგვდის.
არც იცი, თეთრო ყვავილო,
როგორ უხდები სიკვდილს.

მოვიდა, თავთით დამიჯდა,
ცისფრად დაფინა ჩრდილი,
შუბლზე თითები შემახო,
შვების ცრემლივით გრილი.
ვუთხარ: შენს კარად მოსული,
შენი სინათლის მჭვრეტი.
რისთვის რა ნატვრას ინატრებს,
რისთვის აღდგება მკვდრეთით...

თალხებს ჩაიცვამ, ლამაზო,
ისეც გშვენოდა შავი,
მოხვალ, დამხედავ, დამირგავ
კართან ღვთისმშობლის ყვავილს.
მერე შენს დღეებს, შეხვედრებს
ახლობელთან თუ სწორთან,
ცრემლს, სანთიობოს, გულისპირს
ჩემი არყოფნით მორთავ.
შიგ მაინც სევდა ჩადგება,
მოუხელთები სხვისთვის.
არც იცი, თეთრო ყვავილო,
როგორ ვუხდებით სიკვდილს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი EmptyMon Feb 17, 2020 2:06 pm

დავით წერედიანი

ძველი წარწერები

მეფემან ბაგრატ მპყრობელმან... ყოვლთა ქართველთა... ვესევ...
და აღვაშენე... წევნითა... ღმრთისა... ტაძარი ესე...
...ითა ჩემითა აღაგო მან მაღალმან და ბრძენმან
ოსტატმან ა... ე... (სახელი არ იკითხება) მრწემ ვარ...
და დავესვენე წმიდასა... ამას... უფლისა... ცხრამე...
ცოდვანი ჩემნი... ითა და... ისაითა და... ამენ.
კედელზე, ვირემ წმიდანნი, თვალს ეფეთება სხვა რამ:
ხელაპყრობილი ხატია ჩაბალხთ-ბატონი გვარამ.
მზერა ჰქონდა და ორბული, ხელი ჰქონდა და მძიმე,
ქართლის მეფეზე გაცაწყრა, სამგზის განაძო იმერს.
ჩაფით ჩაღლევდა ლომკაცი, ჯერზე ერკემალს ნთქავდა
(ეს ცნობაც შემოუნახავს საგვარეულო დავთარს).
შორ გზაზე უბით დაჰქონდა დედასამშობლოს მიწა.
სამთავეს ყადრი იცოდა, ცხენის, ქალის და ხმლისა...
საფლავის ლოდი გადარჩა, თვითონ საფლავი არა.
აქ: განისვენებს: – წერია – დიდი: მთავარი: გვარამ:
კაცნო: უბრძანეთ: შენდობა: მხნესა: მამაცსა: ქველსა:
გარდა: იცვალა: მაყრიონს: გრემის: დაქცევის: წელსა:
ამინ. ვახსენოთ. შევუნდოთ. წარსულია და გველმის.
ისე მამაცნი ყოფილან, უზაკველნი და ქველნი,
ისე ზარავდათ მომხდურებს მათი ძალი და სიმხნე,
რომ ზოგჯერ ეჭვიც გაკრთება: იყვნენ? არ იყვნენ? იყვნენ?
დღეს აქ ერთია სავსებით უეჭველი და ცხადი:
ფრთხილად დახაზა ეტრატზე ნათლის, სიმართლის ხატი,
უჭვრიტა, განბჭო, განზომა, რა განასრულა ხაზვა,
და ოქრომჭედლის სიზუსტით ხედის თვალედში ჩასვა
მან ბრძენმან, ვითარ უწოდებს მეფე ქართველთა, ბაგრატ,
ოსტატმან, ვისი სახელიც არ იკითხება, გაქრა...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




დავით წერედიანი Empty
PostSubject: Re: დავით წერედიანი   დავით წერედიანი Empty

Back to top Go down
 
დავით წერედიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: