არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თამაზ ბიბილური

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:21 pm

თამაზ ბიბილური 504px-Tamaz_bibiluri
Tamaz Bibiluri

თამაზ ბიბილური
მწერალი, სცენარისტი, პუბლიცისტი

დაიბადა 1934 წლის 9 აპრილს, გურჯაანის რაიონის სოფელი ვაჩნაძიანში. 1956 წელს დაამთავრაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ (ბოლოს – რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – გაზეთ ”ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
თამაზ ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში ”ცისკარი”, სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა.
1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი – ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული: ”ნიღაბი”, რომანები: ”ჟამი კითხულისა”, ”მთვარის შვილი”, ”ჩივილი”, რომანი: ”შვიდი ხმისა და ტოროლასათვის”, ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: „წელიწადის დრონი“ (1989), რომელსაც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები.
თამაზ ბიბილური გარდაიცვალა 1992 წლის 10 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წიგნები:
* მწერლობა : წერილები, პორტრეტები, შტრიხები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2011. - 576გვ.. - ISBN: 978-9941-9224-6-6
* წელიწადის დრონი : უმცრ. სასკ. ასაკ. ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 341გვ.
* მცირე სარკმელი : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 302გვ.
* ჟამი კითხულისა; ჩივილი; შვიდი ხმისა და ტოროლასათვის (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 716გვ.
* მთვარის შვილი : რომანი და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1981. - 531გვ.

სცენარის ავტორი:
* ჟამი, 1996, რეჟისორი ზაზა ილურიძე, გადაღებულია რომანის „ჟამი კითხულისა“ მიხედვით. - https://www.imdb.com/title/tt0852561/?ref_=nm_ov_bio_lk1
* გზა ჩალაურისაკენ, 1994
* მენახირე, 1984
* ყველაწმინდა (ალავერდი), 1977

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
* 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, წიგნისათვის: „წელიწადის დრონი“ (1989)

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/თამაზ_ბიბილური
* http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=666
* https://www.imdb.com/name/nm0080905/
* https://mundusi.files.wordpress.com/2014/02/weliwadis-droni-1.pdf - თამაზ ბიბლური - „წელიწადის დრონი“
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000884/
* https://burusi.wordpress.com/2011/01/04/tamaz-bibiluri/
* https://www.facebook.com/თამაზ-ბიბილური-167784186624619/

study


Last edited by Admin on Tue Dec 24, 2019 5:05 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:28 pm

ნუგზარ რეხვიაშვილი

თამაზ ბიბილურის გახსენება

ალბათ, ცოტა ადამიანმა თუ იცის თამაზ ბიბილურის შესახებ, კიდევ უფრო ნაკლებმა-მის შემოქმედებაზე. თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მწერალთა იმ მცირე ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც თავისი პროფესიონალიზმითა და ნიჭით ქართული მწერლობა კიდევ უფრო გაალამაზეს. თამაზ ბიბილური ფილოსოფიური ღრმა ფიქრებით წერდა, რაც პირველ რიგში, მის მოთხრობებსა და რომანებში აისახა. თუ მის ნაწერებს ერთხელ მაინც გადახედავთ, მაშინვე იგრძნობთ, რომ თამაზი გამორჩეული მწერალი იყო, მისი წერის სტილი არ გავდა სხვისას. თამაზ ბიბილური "ნა­თელ­ხილ­ვის ოს­ტა­ტი" იყო, იგი წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. წერდა უჩვეულო დაფიქრებით და მისი ნაწერი მკითხველს შინაგანი ჩაღრმავებისკენ უბიძგებს. მართლაც, რომ განსხვავებული და დამაფიქრებელია მისი რომანები: "ჟამი კითხულისა" და "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის". ორივე ფსიქოლოგიურ ჟანრს მიეკუთვნება და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოებები მწერლის შემოქმედებითი წვის მწვერვალია. თამაზ ბიბილურმა შექმნა შედევრები, რომლებსაც მომავალი თაობები უფრო მეტად დააფასებენ. დღევანდელი გადასახედიდან კი, ორმაგად დასაფასებელია მწერლის შემოქმედება, რადგან დროსთან ერთად უფრო მეტად გვენატრება ის გულწრფელობა, რომელსაც თამაზ ბიბილური მთელი სიცოცხლე ატარებდა. რომანებში დასმული პრობლემები ეხმიანება დღევანდელობასაც და ბევრი მსგავსების დანახვაც შეიძლება. სულ უბრალო ეპიზოდები მოვიყვანოთ. "ჟამი კითხულისა" - „წარსული მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ასე ამთავრებს მწერალი რომანს, როგორი მშვენიერი დასასრულია არა, თითქოს ხაზგასმულია ის, რომ ადამიანებს არ უნდა აშინებდეთ ეს ხმა, რადგან იგი მათ წარსულს ახსენებს და ამავდროულად ცხოვრების გაგრძელების აზრს ანიჭებს. "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის" - "შეთხზული ამბის ავტორს თუ დავუჯერებთ, აბრია მახაურს, სიკვდილს რომ ხვდებოდა, ტოროლას გალობა ჩაესმოდა. იმ წამში კი მზის ერთ პლანეტა დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა". ასე დაამთავრა თამაზ ბიბილურმა ეს რომანი. თითქოს მწერალმა შეგვიქმნა ამაღლებულის განცდა, დაგვიხატა ცხოვრების ამაოება და რომ ადამიანმა მხოლოდ ამქვეყნიურზე არ უნდა იფიქროს, რომ ყველანი საბოლოოდ სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ მოკვდე ისე, რომ მართალი, პატიოსანი კაცის სახელი დატოვო - ეს ყველაზე მშვენიერია რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. დიახ, თამაზ ბიბილურის რომანები წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი დაფიქრებისა და ჩადენილის გააზრებისკენ მოგვიწოდებს. თითქოს მწერალმა მკითხველის სულში შეაღწია და ყველა ცხოვრებისეულ კითხვას გასცა პასუხი. ამ ორი ციტატიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი "ქართულით" წერდა ბიბილური და რომ იგი ერთგულია იმ ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების, რომლებიც მარად უცვლელია, და ვიდრე ერთი მკითხველი მაინც ეყოლება თამაზ ბიბილურის შემოქმედებას, მისი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

12 ივნისი, 2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:29 pm

თამაზ ბიბილური

გაზაფხულია

გაზაფხულია ყველაფრის დასაბამი. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება სიცოცხლე. გაზაფხულს მოჰყვება მზიანი დღეები და სითბო. ასე უნდა ვთქვათ, ასეა ოდითგანვე ნათქვამი, თორემ თვითონ გაზაფხული მოჰყვება მზეს, მზიდან მოდის სითბოც და ალერსიც. „მზე დედაა ჩვენიო“, ხალხური ლექსი ამბობს. ჩვენ, ყველანი, მზის შვილები ვართ, მზის სითბო გვათბობს, გვკვებავს და გვზრდის. მზე განაგებს მონაცვლეობას დროისას და თანაც მუდამ ზუსტად და შეუმცდარად.

აი, წელსაც დიდი ზამთარი იყო, დიდი ყინვები და სიცივეები გამოვიარეთ, და ჰა, თებერვალი მიიწურა, ზამთრის უკანასკნელი თვე, და გაზაფხულს ველით. საცაა მოვა, მოვა უჩინრად („თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“, — ამბობს ხალხური ლექსი). იქნებ უკვე მოსულა კიდეც და ჩვენ, ქალაქის მკვიდრნი, ჯერ ვერაფერს ვგრძნობთ, ჯერ ვერაფერს მივმხვდარვართ. იქნებ სოფლელები უკვე მიხვდნენ კი არა, კარგადაც ხედავენ გაზაფხულს... არა, ჯერ ქალაქამდე, ეტყობა, არ მოუღწევია... მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ წავიდეთ გაზაფხულის შესახვედრად. ის ხომ გზაშია, მოდის და ჩვენც ისე შევხვდეთ, როგორც მის მობრძანებას ეკადრება. შევხვდეთ სადმე ქალაქიდან შორს, ტყეში, ჭალაში ან მინდორში.

გაზაფხულის მოახლოებას ზოგი როგორ ხატავს, ზოგი როგორ. უმეტესობა გაზაფხულის მახარობლად ენძელებს და ყოჩივარდებს მიიჩნევს. თხელ თოვლზე, ოდნავ, ცისფერი რომ დასდებია (ხალხი ლილო-ჭრილოს ეძახის), ალაგ-ალაგ რომ უკვე გამქრალა და მიწიდან თავწამოყოფილი ბალახი მწვანედ ხასხასებს, ალაგ კი თეთრად შერჩენია, ხო, სწორედ ამ თეთრად თუ მოცისფროდ შემორჩენილ სიფრიფანა თოვლში, თავს ამოჰყოფენ ცისფერი, ყელმოღერებული ყვავილები, რომლებსაც ენძელა ჰქვიათ, ჩვეულებრივად კი გაზაფხულის მახარობლებს ვეძახით.

ზოგი გაზაფხულის მახარობლად შოშიების მოფრენას მიიჩნევს. აბა გავიხსენოთ ლექსი:

„რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა,
რა ვქნა, ვერ ვძლებდი უთქვენოდ,
ვიყავი დარდიანადა“.

ამას თქვენოდენა ყმაწვილებს ეუბნება ადრიან გაზაფხულზე თბილი ქვეყნიდან მობრძანებული შოშია. თბილ ქვეყანაში რად წავიდა? ზამთარს გაერიდა. ზოგი ფრთოსანი ზომ ზამთარს სხვა ქვეყანაში ატარებს, შემოდგომაზე გაფრინდება სხვებთან ერთად და გაზაფხულზე ისევ ჩამობრძანდება. მაგრამ ამაზე ცოტა მერე ვთქვათ, გაზაფხული რომ მართლა დადგება და თბილ ქვეყნებში წასული ფრინველებიც მარ-თლა ჩამობრძანდებიან. ჯერ გაზაფხული არ დამდგარა, ჯერ ბუნება და ჩვენც (ჩვენც ხომ ბუნების შვილები გვქვია) მხოლოდ გაზაფხულის მოლოდინში ვართ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:30 pm

თამაზ ბიბილური

მერცხლის ბუდე

გინახავთ მერცხლის ბუდე?

თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ.

თუ არ გინახავთ, ვერც ვერაფერს შევადარებთ, რომ ცხადად წარმოიდგინოთ.

მერცხლის ბუდე მხოლოდ მერცხლის ბუდეს ჰგავს და ამიტომაა, ლამაზი, სხვებისაგან გამორჩეული. ჯერ საერთოდ ჩიტის ბუდეზე ვთქვათ... არც ჩიტის ბუდე გინახავთ? ამისი დაჯერება კი აღარ შეიძლება. ტყეში ერთხელ მაინც არავის წაუყვა-ნიხართ, არც დედ-მამას, არც უფროს და-ძმებს, არც პაპა-ბებიებს? თუ არ წაუყვანი-ხართ, ახლავე გადადეთ ეს წიგნი და ხმამაღლა თქვით, რომ ხვალ ტყეში აპირებთ წას-ვლას, რომ, თუ გამოგყვებიან, ხომ კარგი, თუ არადა ვინმე ტოლ-მეგობარს გაიყო-ლებთ და მაინც წახვალთ, აუცილებლად წახვალთ, არ უნდა ლაპარაკი! და ვიდრე მართლა წახვიდოდეთ, ვილაპარაკოთ მერცხალზე, მერცხლის ბუდეზე, ჩიტის ბუდე-ზე. აბა, დააკვირდით, შემოდგომის გაშიშვლებულ ტყეში ხეზე დარჩენილ ბუდეს. კარგად დააკვირდით და შეიძლება სევდაც კი მოგერიოთ. მიტოვებულ სახლსა ჰგავს ჩიტის ბუდე, გამოკეტილ სახლს. ახლა იქ არავინ ცხოვრობს. ზაფხულში კი სიცოც-ხლე დუღდა და გადმოდუღდა. იყო ერთი ჟღურტული, სტვენა, გალობა, სხვა ბუდე-ებში გადაფრენ-გადმოფრენა. შემოდგომაზე ჩიტის ბუდე მიტოვებულ სოფელსაც ჰგავს. ერთი ბუდე, მეორე, მესამე და უკვე სოფელიც იქნება... ყველაფერი ერთად კი სიცოცხლის ხსოვნას ინახავს: აქ ცხოვრობდნენ, დაიზარდნენ, ფრენა ისწავლეს და გაფრინდნენ, რათა გაზაფხული რომ დადგება, კვლავ მობრუნდნენ, ან ახალი ბუდეე-ბი აშენონ. მჭიდროდაა ნაგები ეს ბუდეები... ვის როგორ ჭირდება... ზოგი ბუდე ნა-ზია და სათუთი, რბილი ჩალისაგან და ბუმბულისაგან ნაგები, ზოგი უფრო კაჭაჭები-დან და ეკალ-ბარდებიდან მოტანილი „მასალით“. დიდ, უხეშ ბუდეებში დიდი ფრინველები სახლობენ. პატარა ბუდეებში — წვრილ-წვრილი ჩიტები. მერცხლის ბუდე კი მაინც სულ სხვა არის. მერცხალი ტყეში არ ცხოვრობს, ადამიანის გვერდით უყვარს უმეტესად ყოფნა, სახლის სახურავებს, სახლის კედლებს ეტანება. სახურავ-ქვეშ, აივნის აქეთ რომ ცოტაზე გადმოშვერილა კოხტად ნათალი ფიცრები (კოჭებს რომ ეძახიან), სწორედ იმ კოჭებზე უყვარს მერცხალს „სამოსახლო ადგილის“ შერჩე-ვა.

აი, თბილი დღეები დაიჭირა და იმ ერთ მშვენიერ დღესა თუ საღამოს, მერ-ცხლებიც მოფრინდნენ. ზოგს შარშანდელი ბუდე ხელუხლებლად ხვდება. ზოგმა ახ-ლა უნდა ააშენოს, ოჯახი გამრავლდა და ახალი ბუდე გამხდარა საჭირო; ზოგი თავის ძველ პატრონს, ანუ სახლის მობინადრეს გაბუტვია, რაღაცა აწყენინეს, რაღაცით ატ-კინეს გული, ან ბუდე არ დახვდა იმგვარად, როგორადაც დატოვა, ან სულაც ჩამოუშ-ლიათ ონავარ ბავშვებს. ახლა სხვაგან უნდა იპოვოს ადგილი, სხვაგან უნდა ეძიოს კე-თილი ოჯახი.

მერცხალს კეთილი ხალხი უყვარს, ისეთი, სულ რომ არ შეეშინდება იმათი, ხელს რომ არ აუქშევენ, თავს რომ თვითონაც ოჯახის წევრად იგრძნობს. ჯერ რამდე-ნიმეჯერ მოფრთხიალდებიან დედალ-მამალი მერცხლები და იქაურობას კარგად დაზვერავენ. თუ მასპინძელს სიკეთე შეამჩნიეს, გაფრინდებიან, მაგრამ ისევ მალე მობრუნდებიან, მერე იქვე ჩამოჯდებიან და ჭიკჭიკს გააბამენ, ჩვენზე „საუბრობენ“, მასპინძლებზე — აბა, რა ხალხი ვართ, შეიძლება თუ არა ჩვენს გვერდით ყოფნა, ან



უკვე გეგმას აწყობენ, სად რა იშოვონ, საიდან რა მოიტანონ, რომ ბუდე მკვიდრადაც ააგონ და ლამაზადაც. მერცხლის ბუდე აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს.

მერე იწყება შენება.

მოაქვთ ბუმბული, ბალახის ღეროები, ნამჯა.

„უყრიან“ საძირკველს (ანუ მკვიდრად აშენებენ), ხისა და კედლის კუთხეში, მიყუჟულ ადგილზე ამოჰყავთ „კედლები“. კედლები თითქოს გვირისტადაა ნაგები, თითქოს უწვრილესი აგურით ამოუყვანიათ და მერე აყალო მიწით შეულესიათო. ამოდიან კედლები და ბუდე ნელ-ნელა ემსგავსება ძველისძველ ციხის გოდოლს. თუ აქვე, ბუდის წინ, ჩამოსაჯდომი ლურსმანი ან ჯოხია, ხომ მთლად კარგი, ჩამოსხდე-ბიან მერცხლები და ჭიკჭიკებენ, თვითონვე ტკბებიან თავიანთი ოსტატობით.

ბუდე მზად არის!

ღამღამობით ამ ბუდეში არხეინად სძინავთ და ვინ იცის, უთუოდ კვერცხებიც გაჩნდნენ ბუდის ბუმბულიან ძირში.

დედა-მერცხალი ბუდიდან ფეხს აღარ იცვლის.

და ერთ დღეს, როცა ჯერ კიდევ არავინ ელოდა, ბუდიდან ისმის ჭყიპინი.

ეს პატარა მერცხლების — ბარტყების ხმაა.

მერცხლებმა ბარტყები დაჩეკეს.

ორიოდე დღეც და ბარტყები ჭყიპინით იკლებენ იქაურობას. ჯერ ბუდიდან კარგად არც ჩანან, მარტო მათ ყვითელ ნისკარტსა და ფართოდ დაფჩენილ პირს ვხე-დავთ. მოფრინდება დედა მერცხალი და რაღაც „ნუგბარს“ აუცილებლად მოიტანს. ისინიც გააღებენ ყვითელ ნისკარტს და ჭყიპინებენ არა მე, არა მეო, ერთმანეთს ეცი-ლებიან; ცოტაც და ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამენ, დავასწრო და მე ჩავიკოკ-ლოზინო ყელიო. ამასობაში, ამ ჟივილ-ხივილში, ამ ჭყიპინში, ამ დატუქსვასა და ალერსში (მერცხლებიც მშობლები არიან და ალერსიც იციან და დატუქსვაც), ბარტყე-ბი იზრდებიან.

და რადგან მერცხალიც ფრინველია, ცხადია, თავდაპირველად ფრენა უნდა ის-წავლოს.

ჯერ გაუბედავად ტოვებენ პატარები ბუდეს.

მშობლებიც ღელავენ, როგორც ღელავს დედ-მამა, როცა პატარა პირველად გა-დადგამს ფეხს. რაღა თქმა უნდა, მარცხიც ხდება და ზოგჯერ სასაცილო ამბებიც. ბო-ლოს კი მაინც ყველაფერი კეთილად მთავრდება, ყველა წყენა და ფათერაკი, მღელვა-რება და ფიქრი ფერმკრთალდება და ბარტყებიც ფრენას სწავლობენ.

სახლის აივანზე მიკრული ბუდე და იქ ჩასახლებული მერცხლის ოჯახი მშვე-ნებაა მთელი კარ-მიდამოსი.

მახსოვს, ჩვენს სოფელში, ჩვენი სახლის გვერდით, ორი მეზობელი ცხოვრობ-და, ორი ოჯახი. ომის დრო იყო და დიდი გაჭირვება იდგა. ხალხს ლუკმა პურიც კი არ ჰქონდა ხშირად და ამ ორ ოჯახსაც ძალზე უჭირდა. ერთი ოჯახი დიდი იყო, რომ იტყვიან, წვრილ-შვილიანი — დედ-მამა და ხუთი მოზრდილი შვილი.

მეორე ოჯახი პატარა და უმწეო, — მოხუცი ცოლ-ქმარი, შვილი კი — ომში წა-სული და შინმოუსვლელი.

წლითიწლამდე თავი ძლივს გაჰქონდათ.

სარჩოს შოვნა უჭირდათ, მაგრამ ერთი დიდი სიმდიდრე ჰქონდათ: მთელს ჩვენს უბანში მერცხლები ბუდეს მხოლოდ იმათ მარანში და სახლის ერდოზე იშენებ-დნენ.

ამ სიმდიდრით ორივე ოჯახი დიდად ამაყობდა და, ალბათ, არჩევანზე რომ მიმდგარიყო საქმე სხვა სიმდიდრეზე ვერც გაცვლიდნენ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:32 pm

ლელა ჯიყაშვილი

„რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ“

ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი იყო. მისი პირველი წიგნი, "ჩქარა" (ნარკვევები და მინიატიურები) 1973 წელს დაიბეჭდა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები:

"ნიღაბი", "ჩივილი", "მთვარის შვილი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ლიტერატურული წერილები და საყმაწვილო წიგნი "წელიწადის დრონი". შინაგანად ესთეტი ხელოვანი უხმაუროდ ქმნიდა იმას, რასაც შთამომავლობა დროთა განმავლობაში უფრო დააფასებს. ქართული პროზის საგანძურის მომავალ ტომში თამაზ ბიბილურის შესანიშნავი რომანი "ჟამი კითხულისა" და ის მოთხრობები შევიდა, რომლებიც უკვე შეიყვარა მკითხველმა.

თამაზ ბიბილურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - არც სიმდიდრეს, არც თანამდებობას...
მშვიდად ფიქრობდა მომავალზე, მაშინაც კი, როცა გრძნობდა, ამქვეყნიური მომავალი საათებს ითვლიდა. ნანახი ბევრი ჰქონდა, თუმცა წლებს ბევრს ვერ დაითვლიდა - სულ 58-ისა იყო. თამაზ ბიბილური რაღაცნაირად ღრმად ხედავდა და ეს სიღრმე ტკივილთან ერთად სიბრძნესა და სიმშვიდესაც ანიჭებდა.

სულ უბრალო ეპიზოდს ვკითხულობ:

"ესეც სოფელი!
ქვევით, ხეობაში სოფელი გადაიშალა. აღარსად მიგვეჩქარებოდა. ვისხედით და ვისვენებდით. მერე ფერდობი სირბილით ჩავიარეთ და ბინდისას ბებრების სახლს მივადექით.

დავიძახეთ. პასუხი არავინ გაგვცა.
ახლა მეორე სახლს მივადექით და იქაც დავიძახეთ. პასუხი მაინც არავინ გაგვცა.
შუა სოფელში მეხნაკრავივით შევჩერდით.
- მიტოვებული სოფელი!!!

ბინდში ახლაღა შევნიშნეთ: ჭინჭარმოდებული ეზოები, მონგრეული ყორე, უკარ-ფანჯრო სახლები, უკრამიტო კავები, ჩატეხილი საყვავე, ბალახიანი ბაკი.
სოფელში არ ყეფდნენ ძაღლები. არ ყიოდა მამალი. ხმა აღარ ამოგვიღია.

მიტოვებული სოფელი სასაფლაოს ჰგავს და იქ ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლება".
თამაზ ბიბილურის ყოველი სტრიქონი იმ პირველსაწყისთან გაბრუნებს, რის გამოც ადამიანად ხარ გაჩენილი, რის გამოც უნდა ხედავდე და გტკიოდეს, მოკრძალებით ჩურჩულებდე და ხანაც ომახიანად იძახოდე სავაჟკაცოს.

"რა ყოფაშიც არ უნდა ჩავვარდეთ, რა მწვერვალზეც უნდა მოვექცეთ, ან რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ, რადგან ღმერთმა მხოლოდ ადამიანად გაგვაჩინა, რადგან არ ვიცით, ჩვენი გაჩენით, ამ უსაზღვრო სამყაროს რა მიზანი ამოძრავებდა, რა დიდი იმედი ჰქონდა ჩვენი, ან პირიქით, რაოდენ მცირედი მისია დაგვაკისრა", - წერდა ის ადამიანობაგამეჩხერებულ სამყაროში.

ვიდრე ადამიანებად დავიბადებით და ვიარსებებთ, მას სულ ეყოლება მკითხველი.


2010, 12 ივლისი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:53 pm

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

„იყო ამაყი და მორჩილი, ბოროტთაგან განშორებული სინათლე და სიწმინდის განსახიერება“

"შე­სულ­ხართ ოდეს­მე ძვე­ლი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში? გა­და­გი­ფურ­ცლავთ მრა­ვალ­გზის გა­და­ფურ­ცლუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ წა­უ­კი­თხავთ, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი დაჰკლე­ბია? პი­რი­ქით, დრო­ი­სა­გან უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გამ­ხდა­რა, უფრო მშობ­ლი­უ­რი, რო­გორც ძვე­ლი სახ­ლი, რო­გორც ძვე­ლი ქა­ლა­ქი, რო­გორც ძვე­ლი ტა­ძა­რი. გა­მო­გიც­დი­ათ სი­ხა­რუ­ლი დიდი ხნის ნა­ნატ­რი წიგ­ნის შე­ძე­ნი­სას, როცა ში­ნი­სა­კენ მო­უთ­მენ­ლად მი­დი­ხართ, რათა მალე გან­მარ­ტოვ­დეთ, მალე დარ­ჩეთ პი­რის­პირ წიგნ­თან, მალე ეზი­ა­როთ მის სიბ­რძნეს, გა­ნი­ცა­დოთ მას­თან შეხ­ვედ­რის სი­ხა­რუ­ლი, ეს იდუ­მა­ლი ძალა, რო­მე­ლიც ამ უბ­რა­ლოდ აკინ­ძუ­ლი ქა­ღალ­დე­ბი­დან, ამ გვი­რის­ტად ჩა­რი­გე­ბუ­ლი ასო­ე­ბი­დან მო­დის, მთელ შენს არ­სე­ბას იმორ­ჩი­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, სა­მუ­და­მოდ შენ­თან რჩე­ბა. ის მხო­ლოდ შე­ნია, თუნ­დაც წიგ­ნი მი­ლი­ო­ნებ­მა წა­ი­კი­თხონ...", - წერ­და თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რი, მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი; რამ­დე­ნი­მე ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და მო­ნა­წი­ლეც კი; "ნა­თელ­ხილ­ვის ოს­ტა­ტი", რომ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ათი­ა­თა­სო­ბით იბეჭ­დე­ბო­და და რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ; რო­მე­ლიც ყო­ფი­ლა მარ­თა­ლი, ზუს­ტი, გულ­ში ჩამ­წვდო­მი და ჰყვე­ბო­და ლა­ღად, თა­ვი­სუფ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ "მუხ­ლა­დი, ცო­ცხა­ლი სი­ტყვით"...

"ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი" ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად XX ტო­მად XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ამ სა­ინ­ტე­რე­სო მწერ­ლის რო­მანს - "ჟამი კი­თხუ­ლი­სა" - და რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბას წარ­მო­გიდ­გენთ. წიგ­ნის გა­მოს­ვლამ­დე კი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ავ­ტორ­ზე გი­ამ­ბობთ.


თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის მე­უღ­ლე, ფი­ლო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი თი­უ­რა ვა­შა­ძე იხ­სე­ნებს:

- მის სა­ხელ­სა და გვარს პირ­ვე­ლად 1957 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "შევ­ხვდი". მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტებს დო­ცენ­ტმა თა­მარ ბე­ლინ­სკა­ი­ამ ჟურ­ნალ "ცის­კრის" ივ­ლი­სის ნო­მე­რი შე­მოგ­ვი­ტა­ნა და წაგ­ვა­კი­თხა მა­ნამ­დე ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ავ­ტო­რის - თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის 3 ნო­ვე­ლა: "ჩემი და", "მრის­ხა­ნე კაცი", "გა­პარ­ვა" (ეს ნო­ვე­ლე­ბი თა­მაზს შემ­დგომ, არც ერთ გა­მო­ცე­მა­ში აღარ შე­უ­ტა­ნია) და მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტებს მათი თარ­გმნა დაგ­ვა­ვა­ლა... მე­ხუ­თე კურ­სზე კი მე და ჩემი ექ­ვსი­ო­დე თა­ნაჯ­გუ­ფე­ლი გა­ზეთ "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტში" მიგ­ვავ­ლი­ნეს პრაქ­ტი­კა­ზე.

60-იან წლებ­ში ქარ­თულ ახალ­გაზ­რდულ გა­ზეთ­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ჩვენ­თვის თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ზი­ა­რე­ბა მხატ­ვრულ თარ­გმან­თან მის სა­ხელ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თა­ნაც, ასა­კი­თაც ახ­ლოს იყო ჩვენ­თან... დამ­თავ­რდა პრაქ­ტი­კა. დას­რულ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის წლე­ბიც. ზა­ფხუ­ლის ერთ დღეს, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე მი­მა­ვალ­მა, შო­რი­დან თა­მაზ ბი­ბი­ლურ­სა და ნო­დარ ებ­რა­ლი­ძეს მოვ­კა­რი თვა­ლი. მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ვლას ვერ მო­ვას­წრებ­დი, არა­და, არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა - თავ­ჩა­ღუ­ნულს გა­მევ­ლო თუ მივ­სალ­მე­ბო­დი. მე ხომ ისიც არ ვი­ცო­დი, "და­ვა­მახ­სოვ­რდი" თუ არა მათ.

როცა გა­ვუს­წორ­დი, შე­ჩერ­დნენ, მო­მე­სალმნენ და მო­მი­კი­თხეს, თა­ნაც დას­ძი­ნეს - რა­ტომ აღარ შე­მო­ივ­ლი ჩვენ­თან რე­დაქ­ცი­ა­შიო? ფრთა­შეს­ხმუ­ლი ვი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რი - მათ შე­მამ­ჩნი­ეს! შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ თბი­ლი­სი­დან წა­ვე­დი. და აი, ოქ­ტომ­ბრის ორში (ამ დღეს რა და­მა­ვი­წყებს!) მი­რე­კავს ნორა ნო­რა­კი­ძე (გა­ზე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, რო­მელ­თა­ნაც გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კა და რო­მელ­საც დიდი წვა­ლე­ბით და­უდ­გე­ნია ჩემი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი) და მე­უბ­ნე­ბა: ფე­ხით რომ მო­გიხ­დეს ჩა­მოს­ვლა, ხვალ დი­ლით რე­დაქ­ცი­ა­ში უნდა გა­მო­ცხად­დე რე­დაქ­ტორ­თა­ნო... აი, ასე გავ­ხდი ამ დი­დე­ბუ­ლი "ოჯა­ხის" წევ­რი... 13 წელი ვი­მუ­შა­ვეთ მე და თა­მაზ­მა ერ­თად. შემ­დეგ, დიდ­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძემ გა­ზეთ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­იწ­ვია მო­ად­გი­ლედ. აქე­დან და­ი­წყო მისი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­წერ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბაც. და­ი­წყო და... რო­გორც ერთი კო­ლე­გა წერ­და, "სულ მალე თხემ­ზეც მო­ექ­ცა"...

თა­მაზს მკრე­ხე­ლო­ბად მი­აჩ­ნდა, ადა­მი­ანს მე­უღ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა თუ პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებ­ზე სა­ჯა­როდ აზრი გა­მო­ეთ­ქვა, საკ­მა­რი­სი იყო, თუნ­დაც ძალ­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ეპი­თე­ტი წა­მომ­ცდე­ნო­და რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბელ­თან (სხვებ­თან რო­გორ გავ­ბე­დავ­დი?!) მის ახალ­გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­სა თუ ბე­ლეტ­რის­ტი­კა­ზე, რომ აღ­შფო­თე­ბით შე­მა­ჩე­რებ­და: რა მო­გი­ვი­და, რო­გორ შე­იც­ვა­ლე, ეს არ გე­კად­რე­ბაო!.. მა­შინ, საქ­ცი­ელ­წამ­ხდარს, ვერ მშვე­ლო­და ვი­თომ ხუმ­რო­ბით მოხმო­ბი­ლი არ­გუ­მენ­ტი, - რომ მე ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ჩემი პრო­ფე­სია უფ­ლე­ბას მაძ­ლევს, ისე­ვე გა­მოვ­თქვა აზრი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, რო­გორც სხვი­სა­ზე. სწო­რედ ამ­გვა­რი "წვრილ-წვრი­ლი" ღირ­სე­ბე­ბი გა­მო­არ­ჩევ­და თა­მაზს სხვა­თა­გან. სწო­რედ ამ­გვარ "წვრილ-წვრილ" ღირ­სე­ბა­თა გამო, ერ­თობ­ლივ­მა ცხოვ­რე­ბა­მაც კი ვერა და­აკ­ლო რა იმ მშვე­ნი­ერ­სა და ამაღ­ლე­ბულს, რა­საც რო­მან­ტი­კო­სი და ამა­ვე დროს მაქ­სი­მა­ლის­ტი პერ­სო­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან მო­ი­თხო­ვენ...

წე­რილ­ში "სტი­ლი" თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რი წერ­და: "...თქვენ გინ­დათ, გა­ი­გოთ, თუ რას ვფიქ­რობ სა­კუ­თარ სტილ­სა და ენა­ზე... აბა, რა გი­პა­სუ­ხოთ? ასე მგო­ნია, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტად ვარ მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამას რომ გა­ვი­ფიქ­რებ, ჩემს ხელ­ნა­წერს და­უნ­დობ­ლად ვებ­რძვი ხოლ­მე. სურ­ვი­ლით კი ის მინ­და, რომ ჩემი სტი­ლი უაღ­რე­სად სადა და უბ­რა­ლო იყოს. ეზო­ში თუ მა­ღა­ლი ხე იდგა, უნდა ვთქვათ, რომ მა­ღა­ლი ხე იდგა, "ასო­ცი­ა­ცი­უ­რი" ხერ­ხე­ბით ამ ხის აღ­წე­რა დრო­ის და­კარ­გვა მგო­ნია. ნა­წარ­მო­ე­ბის სტი­ლი და ფორ­მა თა­ვი­სით იბა­დე­ბა. ყო­ველ სათ­ქმელს თა­ვი­სი ფორ­მა თა­ვი­სით მოჰ­ყვე­ბა. მთა­ვა­რია, ეს ფორ­მა მო­ი­ხელ­თო. როცა წე­რას ვი­წყებ, ფორ­მა უკვე არ­სე­ბობს. ისეც ხდე­ბა, რომ ზოგ­ჯერ ში­ნა­არ­სი ფორ­მა­მაც გი­კარ­ნა­ხოს, ფორ­მა იყოს პირ­ვე­ლა­დი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ნა­წარ­მო­ე­ბის ფორ­მაც ხომ ისე­ვე გვხიბ­ლავს, რო­გორც მისი ში­ნა­არ­სი?"

კრი­ტი­კო­სი გუ­რამ გვერდწი­თე­ლი თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის რო­მანს - "ჟამი კი­თხუ­ლი­სა" - გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მის" პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს: "ბო­რო­ტე­ბას სა­ერ­თოდ, თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბის ძი­რე­ბიც აქვს და გა­მო­ხატ­ვის მიმსგავ­სე­ბუ­ლი ფორ­მე­ბიც. მარ­კე­სის და ბი­ბი­ლუ­რის წიგ­ნებ­შიც ამ სე­ნის უპირ­ვე­ლეს თვი­სე­ბად დამ­თრგუნ­ვე­ლი ში­შია მიჩ­ნე­უ­ლი. ამ ორ­თა­ვე, მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი რო­მა­ნის სათ­ქმე­ლის მას­შტა­ბუ­რო­ბა ზო­გადსა­კა­ცობ­რი­ოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ერთი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნის, მე­ო­რე კი სუ­ლაც ქარ­თუ­ლი მთის ერთი თე­მის ცხოვ­რე­ბა­ზეა და­წე­რი­ლი.

როცა თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის რო­მა­ნი იწე­რე­ბო­და და, მგო­ნი, უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლიც იყო, მარ­კე­სის "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მას" ჩვენ­ში ჯერ არა­ვინ იც­ნობ­და და არც შე­ეძ­ლო მის შე­სა­ხებ რა­ი­მე სცოდ­ნო­და. თუ სი­მარ­თლე გინ­დათ (ამას გთხოვთ, მი­კერ­ძო­ე­ბა­ში ნუ ჩა­მით­ვლით), ამ ორი რო­მა­ნი­დან ჩემ­ზე უფრო დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "ჟამი კი­თხუ­ლი­სამ" მო­ახ­დი­ნა"... ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც ინ­ტე­რე­სით ეც­ნო­ბა გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის ნა­წარ­მო­ე­ბებს, ასე­ვე დიდი ინ­ტე­რე­სით წა­ი­კი­თხავს თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის ამ რო­მანს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­საც არ და­ი­ზა­რებს.

პო­ე­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, ბო­რე­ნა ჯაჭვლი­ა­ნი თა­მაზ ბი­ბი­ლურს "მა­ძი­ე­ბელ­სა და მე­ოც­ნე­ბეს, რო­მან­ტი­კოს­სა და სენ­ტი­მენ­ტა­ლურს უწო­დებს და და­ურ­თავს: "მის დახ­ვე­წილ სულს არა­ფე­რი გა­მო­ე­პა­რე­ბო­და: არც კარ­გი ლექ­სი, არც სუ­რა­თი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი; სპექ­ტაკ­ლი თუ ფილ­მი; რე­ჟი­სო­რი თუ დრა­მა­ტურ­გი". მწე­რალ ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძის აზ­რით, "მისი სტი­ქია მა­ინც მარ­ტო­ო­ბა იყო, რაც ალ­ბათ ჭეშ­მა­რი­ტი შე­მოქ­მე­დის ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი და სა­სურ­ვე­ლი თავ­შე­სა­ფა­რია". ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი კი წერს: "იყო ამა­ყი და მორ­ჩი­ლი, ბო­როტ­თა­გან გან­შო­რე­ბუ­ლი სი­ნათ­ლე და სიწ­მინ­დის გან­სა­ხი­ე­რე­ბა".

თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის ჩა­ნა­წერ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "მე მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვას­წავ­ლე. მაგ­რამ მთა­ვა­რი ვე­ღარ ვუ­თხა­რი, რომ ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი. რომ ამ მი­რი­ად ვარ­სკვლავ­თა შო­რის ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გა­და­ჯაჭ­ვია. მზე ჩაფ­რე­ნია თა­ვის პლა­ნე­ტებს და ხე­ლი­დან არც ერთს არ უშ­ვებს. პლა­ნე­ტე­ბი - თა­ვის უმრწე­მეს თა­ნამ­გზავ­რებს. თა­ვად მზე კი, თით­ქოს მძლავ­რი და თვით­მპყრო­ბე­ლი, არა­ვინ უწყის, რამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვის ნე­ბა­ზე დაძ­რწის ბნე­ლით მო­ცულ, ში­შით გა­თან­გულ, უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­ში".

თი­უ­რა ვა­შა­ძის მი­ნა­წე­რი: "ეს უთა­რი­ღო ჩა­ნა­წე­რი (თა­მა­ზის ჩა­ნა­წე­რებ­ში იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვდე­ბით თა­რიღს) ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე და სევ­დი­ა­ნი დღე­ე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბას აღ­მიდ­გენს. ზა­ფხუ­ლის ღა­მე­ე­ბი. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი. უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რე. მხო­ლოდ ჭრი­ჭი­ნო­ბე­ლე­ბის ხმა ის­მის. თა­მაზს, რა თქმა უნდა, არ სძი­ნავს. აი­ვან­ზე ზის და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ზე­ცას გას­ცქე­რის.

მე დაღ­ლი­ლო­ბის­გან ფეხ­ზე ძლივს ვდგა­ვარ - სამ­სა­ხუ­რი, ოჯა­ხის ტვირ­თი და გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მგო­ნია, რომ მის უჩუმ­რად ვა­ტა­რებ. შუ­ა­ღა­მეა. რა თქმა უნდა, ვერ ვი­ძი­ნებ. წა­მო­წო­ლა ალ­ბათ მიშ­ვე­ლი­და, მაგ­რამ არ მინ­და, თუნ­დაც ერთი წუთი დავ­კარ­გო მას­თან ყოფ­ნი­სა. შიშს ვყა­ვარ შეძ­რუ­ლი: ვა­ი­თუ ძალ­ზე ცოტა დარ­ჩა, ვა­ი­თუ მალე სა­ნატ­რე­ლი გა­მიხ­დეს თუნ­დაც ეს სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ღა­მე­ე­ბი. მეც გავ­დი­ვარ აი­ვან­ზე.

ვჯდე­ბი სა­ვარ­ძელ­ში, ერ­თად გავ­ცქე­რით ზე­ცას და სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო­ბა­ზე, იმ სა­ო­ცარ იდუ­მა­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა­საც ადა­მი­ან­ში სი­ჩუ­მე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ზეცა აღ­ძრავს. თა­მა­ზის სა­უ­ბა­რი ისე მშვი­დია, რო­გორც მა­რა­დი­უ­ლო­ბა. რიჟ­რა­ჟი­სას წავ­თვლემთ"...

თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რი 1992 წლის 10 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და დი­დუ­ბის პან­თე­ონ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.


ჟურ­ნა­ლი "გზა", 09-07-2010

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 4:55 pm

ლალი ავალიანი

არდავიწყება

"არდავიწყება მოყვრისა" - ქართველობის ერთ-ერთი ჩინებული ნიშან-თვისება, ბევრ სხვა, ჩვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაძევებულ ტრადიციულ სიკეთესა თუ ღირსებასთან ერთად, - ლამის წარსულს ჩაბარდეს.

განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძნობა ეს ქართული კულტურის იმ დიდებულ მოღვაწეთა მიმართებით, რომელნიც, იაპონელთაგან განსხვავებით, "ეროვნულ განძად" არ არიან სახელდებულნი, თუმცა, არსებითად, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეროვნული სიამაყის წყაროს; ქართული სულიერებისა და კულტურის, მისი საიმედო მომავლის ურყევ საძირკველს.

ზემოთქმული ქართველ მწერლებსაც ეხება, მათ შორის, - ე.წ. "ცოცხალ კლასიკოსებს" (დღეგრძელობა მათ!), რომელნიც სრულიადაც არ არიან ღირსებისამებრ დაფასებულნი არც მატერიალურად და არც მორალურად (რაც უმთავრესია).

მაშ, რაღა უნდა ითქვას იმ მწერლებზე, რომელნიც აღარ არიან სააქაოს; რომელთაც სიკვდილშიც არ გაუმართლათ, რადგან დიდი არეულობისა და "მძულვარების მძვინვარების" წლებში განეშორნენ წუთისოფელს.

მათ შორის იყო თამაზ ბიბილურიც. აღესრულა 1992 წლის 10 დეკემბერს. თითქოს სიმბოლურია, რომ ბრწყინვალე პუბლიცისტური ესეი, მძაფრი ტკივილითა და წინასწარმეტყველური პათოსით აღსავსე (მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ სამოქალაქო თუ კუთხურ, არც ვიცი რა ვუწოდო, - ომის ზღვარს ვუახლოვდებოდით) "მძულვარების მძვინვარება" მისი ბოლო,

მნიშვნელოვანი პუბლიკაცია გახლდათ: 1991 წლის მიწურულს დაწერილი ესეის გამოქვეყნება "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორის მოადგილემ თამაზ ბიბილურმა, "მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა", მხოლოდ 1992 წლის იანვარში მოახერხა.

საკმაოდ უჩვეულო იყო თამაზ ბიბილურის - შესანიშნავი პროზაიკოსის - შემოქმედებითი გზა: მის პირველ მოთხრობებს წარმატებულ დებიუტს ვერ ვუწოდებთ. საბედნიეროდ, კრიტიკის დროებით გულგრილობას და უნდობლობას მწერალი არ შეუშფოთებია. იგი აუჩქარებლად, დინჯად, შეუპოვრად მიჰყვებოდა თავისი შემოქმედებითი გზის სპირალს, სანამ, მისი ერთი

რომანის გმირისა არ იყოს - "ქედს არ მოექცა თავზე", სანამ მხატვრული სიმწიფის თხემს არ მიატანა.

ეს იმანაც განაპირობა, რომ თამაზ ბიბილური პროფესიონალი ჟურნალისტი გახლდათ. მისი, 1958 წელს გამოქვეყნებული პირველი მოთხრობები, რომელნიც აღარ დაბეჭდილა განმეორებით, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ავტორმა, პირველ კრებულში "ჩქარა!" (1973 წ.) არც კი შეიტანა. წიგნში, ძირითადად, მისი ჟურნალისტური ნაღვაწი იყო წარმოდგენილი. თამაზ ბიბილურმა მკითხველს შესთავაზა "საჭაშნიკო პატარა მინიატურებიც, საქართველოს გზებსა და ბილიკებზე, სოფლებსა და ქალაქებში ხეტიალის დროს

წამოკრეფილი". კონკრეტულ, ნამდვილ ამბებზე აგებულ ამ მინიატურებს ჟურნალისტური ელფერი ჰქონდა, ჟურნალისტი აქ ჯერ კიდევ სჯაბნიდა ბელეტრისტს. ავტორმა შემდეგშიც ჩინებული მხატვრული ალღო გაამჟღავნა, როცა მოთხრობების პირველ წიგნში "ნიღაბი" (1975 წ.) ზემოთხსენებულ თხზულებათაგან ერთადერთი და საუკეთესო - "დამშვიდობება" შეიტანა.

იმთავითვე გაცხადდა, რომ "ნიღბის" ავტორი ქართულ თანამედროვე პროზაშიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა. ასეც მოხდა: 1978 წელს გამოქვეყნდა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური რომანი "ჟამი კითხულისა", რომელიც უფრო ადრე დასტამბულ ვრცელ მოთხრობასთან - "ჩივილთან" ერთად, ავტორის აღმავლობის დასტური გახდა. იგივე ითქმის რომანზეც "შვიდი ხმისა და ტოროლისათვის" და ბრწყინვალე საბავშვო წიგნზე "წელიწადის დრონი" (1984 და 1989 წლები; 1992 წელს კი "წელიწადის დრონისათვის" ავტორს საქართველოს სახელმწიფო

პრემია მიენიჭა).

დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რჩეულთა იმ მცირე გუნდს, რომელიც XX საუკუნის ბოლო ორ-სამ ათწლეულში, ქართული მწერლობის დვრიტას ადუღაბებდა ჩინებული პროზით - მინიატურებით, მოთხრობებით, მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებებით, რომანებით, პუბლიცისტური თუ ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებითა და ესეებით - თამაზ ბიბილურიც მიეკუთვნებოდა.

...რჩეულთა იმ მცირე გუნდს, რომელიც მწერლის ნიჭიერებას, მაღალ პროფესიონალიზმს, შემოქმედებით ნაყოფიერებას, დაძაბულ სარედაქციო მუშაობას - სანიმუშო მოქალაქისა და უაღრესად პატიოსანი, სინდისიერი პიროვნების თვისებებს უხამებდა, - თამაზ ბიბილურიც მიეკუთვნებოდა.

ჩრდილში ყოფნას შეჩვეულმა, თავმდაბალმა და მშვიდმა, შესანიშნავად იცოდა თავისი შემოქმედების ჭეშმარიტი ფასი.

პირად ცხოვრებაში - გაწონასწორებულ და, თვალის ერთი შევლებით, - მშვიდ და ფრთხილ ადამიანს, შემოქმედებაში მძაფრი, ყოვლისმომცველი ვნებები იზიდავდა.

ხშირად უთქვამს, - პროზას თავისი კანონები აქვსო; - სიცოცხლის დასასრულამდე ცდილობდა ჩასწვდომოდა ამ კანონებს და თავის თხზულებათა სრულყოფისათვის გამოეყენებინა, თუმცა, გაუმართლებელ ექსპერიმენტებს მუდამ ერიდებოდა. ღრმად ერუდირებულ ავტორს, მსოფლიოს უახლესი პროზის ხერხების დაუფლება და "გაქართულება", მათი ეროვნულ სამოსში შებურვა და საკუთარი სტილისათვის მისადაგებაც უცდია.

კობა იმედაშვილს შენიშნული აქვს, რომ მისი თხზულებანი დიდი შინაგანი ტრაგიზმით არის დამუხტული, მაგრამ შეფარულ იუმორს სიმშვიდე და შვება შემოაქვს; რომ ავტორისა და პერსონაჟების მზერა უფრო სულშია ჩაბრუნებული, აქ მიმდინარე პროცესები კი იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ გარეგნულ ქმედებას ნაკლები ყურადღება ექცევა; მძაფრად არის წარმოჩენილი ადამიანის მარტოობა და მარტოობის დაძლევის გზაც - მოყვასის სიყვარულის გზა.

შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ პროზის "სიწმინდისა" და მისი კანონების დამცველი თამაზ ბიბილური პოეტური პროზის ოსტატია. პოეტურია მისი სტილი სხარტი დიალოგებით დაყურსულ მომცრო ჩანახატებში, "ეპიკური სიდარბაისლით" აღსავსე ვრცელ მოთხრობასა თუ რომანებში. პროზის პოეტურობას მრავალი კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს (რიტმულობა, მუსიკალურობა, ხატოვანი და ემოციური ენა, ამაღლებული განწყობილება, პოეტური სიუჟეტი და ა.შ.) და, რაღა თქმა უნდა, ავტორის სტილის

პოეტურობაც განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა მის თხზულებებში ზემოხსენგებულ ნიშნან-თვისებათაგან რამდენიმეა წარმოჩენილი.

თუ ვირწმუნებთ სომერსეტ მოემის სიტყვებს, - "გამძლეა ის, რაც პოეტურია", უნდა ვიწამოთ თამაზ ბიბილურის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამორჩეული ცხოველმყოფელობა.

საუბედუროდ, მწერლის "თხემზე ყოფნის" ჟამი სულ რაღაც ათიოდე წლით შემოიფარგლა, არსთა გამრიგემ, საბედნიეროდ, ეს ჟამი შემოქმედის შესაშური ნაყოფიერებით და უკვე მძიმედ დასნეულებული თამაზ ბიბილურის თავდაუზოგავი, გმირული შრომისუნარიანობით აღბეჭდა.

სხვა, მის ადგილას, წლობით მიეჯაჭვებოდა სარეცელს, ის კი მუშაობდა შინაც და გარეთაც; მუშაობდა ზოგჯერ იმედგადაწურული, ზოგჯერ შეურაცხყოფილი და გაწბილებული, მაგრამ იმისი ნათელი შეგნებით, რომ მუშაობდა - მომავლისათვის. ეს კი ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო.

სევდა და ნაღველი თან სდევდა სიცოცხლის მიმწუხრს; მხოლოდ ოჯახური სითბო და მეგობრების გულწრფელი თანადგომა თუ უმსუბუქებდა ხვედრს; ამაო მკურნალობით გატანჯული, კაეშნიანი თვალებით - იმჟამინდელი თბილისის აბსურდული ყოფის ფონზე, რასაც ძლიერ განიცდიდა, - ასეთი ჩამრჩა მეხსიერებაში უკანასკნელად ნანახი თამაზ ბიბილური.

უდროოდ წასული მწერლის შემოქმედება დღეს ისტორიის კუთვნილებაცაა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესის განუყოფელი ნაწილიც. ზოგი თხზულება, თითქოს რელიქტურად" რომ აღიქმება (მაგ. "ჟამი კითხულისა" ან "ჩივილი"), საოცრად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას. საყოველთაო გლობალიზაციის ფონზე, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის

დაკნინება-ნიველირების საფრთხის წინაშე, - განუზომელია "წელიწადის დრონის" მნიშვნელობა.

თამაზ ბიბილურის ლიტერატურული მემკვიდრეობის ღრმა სულიერება, ერთგულება ეროვნული ტრადიციებისა და მარადიული ფასეულობებისადმი, დახვეწილი ფსიქოლოგიზმი თუ შეფარული იუმორი, უზადო ქართული, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება დღეს ანალოგი, - ცხადჰყოფს მის თხზულებათა ძალმოსილებას.

კარგი იქნება, თუ ზოგი ახალბედა პროზაიკოსი, აგრერიგად რომ მიელტვის ქუჩური ჟარგონის "ესთეტიზაციას" და, საბოლოოდ, დედის გინებითა და უწმაწური სიტყვებით "შეზავებული", უფუნქციო ვულგარიზმებით და ბარბარიზმებით გადატვირთული ენით ცდილობს ფონს გასვლას, - დაკვირვებით გადაიკითხავდა მის ლაპიდარულ პროზას.

თამაზ ბიბილურსაც ხომ ჰყავდა დიდი მასწავლებლები - ნიკო ლორთქიფანიძე, რომლისგანაც დახვეწილი ლაკონიზმი აითვისა; "ნატვრის ხის" ავტორი გიორგი ლეონიძე, რომლის საგანგებო ინტერესი თავანკარა ქართულისადმი, "მუხლადი", "ბედაური" სიტყვებისადმი, პოეტური, ამაღლებული სიუჟეტისადმი, - სანიმუშოდ მიაჩნდა (სხვათა შორის, მწერალმა მშვენიერი, ვრცელი სტატია უძღვნა გიორგი ლეონიძეს - "დიდი ნატვრის ხე"); თამაზ ბიბილურის მოთხრობებში საცნაურია ქართული ზღაპრისა და ცინცხალი ხალხური

იუმორის კვალიც.

თამაზ ბიბიულური მთელი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა გაზეთების ("ახალგაზრდა კომუნისტი", "ლიტერატურული საქართველო") რედაქციებში; საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა მწერლებთან. შესანიშნავი რედაქტორი იყო (ამაში არაერთხელ თავად დავრწმუნებულვარ) და ახალგაზრდებიც მუდამ ეტანებოდნენ, ბევრ სასიკეთოს სწავლობდნენ მისგან.

ახლა, როცა შეუზღუდავად და ყოვლად გაუმართლებლად დავამკვიდრეთ უფუნქციო უცხო სიტყვები, - ჟურნალ-გაზეთებში, ნებისმიერ საჯარო გამოსვლებში, ტელევიზიაში,

პარლამენტში, თვით მწერლობაშიც კი, - ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო; უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე თამაზს ვრცელი სიტყვა წარმოუთქვამს, მრავალრიცხოვან შეკითხვებზეც ამომწურავი პასუხი გაუცია.

დასასრულს, უაღრესად განათლებულ და ლიტერატურაზე შეყვარებულ ქალბატონს, სტუდენტების უსაყვარლეს პროფესორს ვიოლეტა ცისკარიძეს ახალგაზრდების ყურადღება მიუპყრია იმ იშვიათი გარემოებისათვის, რომ ქართველ მწერალს, საათნახევრიან ზეპირ მოხსენებაში ერთი უცხო სიტყვაც კი არ დასჭირვებია...

უკვე მოგახსენეთ, რომ თამაზ ბიბილურმა კარგად იცოდა თავისი თხზულებების ჭეშმარიტი ღირებულება; თუმცა, მისდა სასახელოდ, დღემუდამ ცდილობდა, ახალი რამ შეეძინა თვითონაც და მკითხველისთვისაც გაეზიარებინა.

მიღწეულით მუდამ დაუკმაყოფილებელი, ახლისმაძიებელი შემოქმედი, კიდევ ბევრს რასმე მოიხელთებდა, რომ დასცლოდა.

ლიტერატურისადმი მიძღვნილი წერილების კრებულს ("მცირე სარკმელი", 1988 წ.) თამაზ ბიბილურმა ამგვარი წინათქმა წარუმძღვარა: "მივხვდი, რომ ლიტერატურას და იმ ცხოვრებას, რომელიც ლიტერატურას კვებავს, მხოლოდ ჩემეული მცირე სარკმელიდან ვუცქერდი, ვხედავდი იმას, რისი დანახვაც შემეძლო ან რისი დანახვაც ჯერჯერობით მოვასწარი.

ლიტერატურა ვრცელია, როგორც ჩვენი დედამიწა. მცირე სარკმლიდან კი ყველაფერი არ ჩანს..." მწერლის ობიექტივიზმსა და თავმდაბლობაზე მიგვანიშნებს ესეც: "ახლის, ჯერ ართქმულის თქმა, საერთოდ, უაღრესად ძნელია. ამას იშვიათად თუ ვინმე ახერხებს და იმათაც გენიოსებს უწოდებენ ხოლმე. მაგრამ მწერლობა მარტო გენიოსებით დასახლებული მატერიკი ხომ არ არის"... ("საუბარი კრიტიკოს როსტომ ჩხეიძესთან").

ახლა, როცა თვითრეკლამა და საკუთარი "ნიჭით" ტკბობა მწერალთა გარკვეული ფენისათვის ნორმად იქცა, - განსაკუთრებით გვხიბლავს თამაზ ბიბილურის თქმული, უპირატესად, მის მაღალ პროფესიონალიზმზე რომ მეტყველებს.

ახლა სხვა დროა, "ცაში ასახედად ვერავინ იცლის" (ესეც თამაზ ბიბილურის სიტყვებია); მაგრამ სწორედ მისი შემოქმედებაა ის პატარა სარკმელი, საიდანაც მუდამ მოჩანს ცა.

„ლიტერატურული საქართველო“, 2002-12-06

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 5:03 pm

თამაზ ბიბილური 000000010271-crop-c0-5__0-5-304x405-100

სერია „ქართული პროზის საგანძური“

ჟამი კითხულისა, ტ.20
თამაზ ბიბილური

ISBN: 9789941413841
გამოშვების წელი: 2010
გამომცემლობა: პალიტრა L
წიგნის ენა: ქართული
ყდის ტიპი: რბილი
გვერდების რ-ბა: 320

თამაზი ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალ "ცისკარში", სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა. მას დაწერილი აქვს ნარკვევები და მინიატურული კრებულები. მის საყმაწვილო წიგნს - "წელიწადის დრონი", კი 1992 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. წიგნში შესულია მოთხრობები: "ჟამი კითხულისა (რომანი)"; "საწყალი დედაბრისასა"; "ვენახი"; "მყუდროზე"; "ცხენი"; "სიცილი"; "ბოლოკეთილი"; "დამშვიდობება"; "დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი"; "მთვარის შვილი".

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 5:07 pm

თამაზ ბიბილური

ჩივილი
(ნაწყვეტი რომანიდან)

სანამ სვრელი არ გაიტანა, ჯიღაურს საქმეზე ხელი არ აუღია, მაგრამ იმ უცხო კაცის ხმის გაგონება მაინც გაუხარდა. მესამე დღე იყო უთამბაქოობა აწვალებდა. არც მგზავრს აუვლია ვინმეს და ვერც ბიჭი გაგზავნა ქვევით, თამბაქოს საშოვნელად. ისედაც არ უყვარდა ჯიღაურს ბიჭის სადმე გაგზავნა, ბიჭი თუ თვალში მოაკლდებოდა, რაღაც სიცარიელე ერეოდა. ჯიღაურმა არ იცოდა, რა ერქვა ამ სიცარიელეს. მარტო ის იცოდა, რომ ბიჭის თვალიდან მოშორება არ უყვარდა და თუ დიდი რამ საქმე არ ჰქონდათ, ან სკოლა არ უხმობდა, ბარში არასოდეს გაუშვებდა. თვითონ კი დაფიცებული იყო. ეს ფიცი გუნებაში, თავის თავთან დადო და შეასრულა კიდეც: ოცი წელიწადი ისე გავიდა, ბარში აღარ ჩასულა. ფიცით კი იმ დღიდან დაიფიცა, ომიდან რომ დაბრუნდა. იქ, ომში, პირველი დღიდანვე მიხვდა, რომ ადამიანი მიწის შვილი იყო და თავისი წილი მიწა ყველას ეკუთვნოდა. ადამიანი ვალდებული იყო სიყვარულით მოევლო ამ მიწისთვის და ჯიღაურმაც, როგორც კი ბეწვზე გადარჩენილი დაუბრუნდა თავის წილ მიწას, იფიქრა, კაცი მადლიერი უნდა იყოსო და აქედან ფეხი აღარ მოუცვლია.

ომის გახსენება არ უყვარდა ჯიღაურს და რაკი ისედაც მოლაპარაკე კაცი არ იყო, ცოლ-შვილმაც კი არ იცოდა, რა ტანჯვა-წამება გამოიარა, ვიდრე თავისი სოფლის დაკიდულ ბილიკზე ხელახლა ამოივლიდა.

შინ მობრუნებულს აღარც დედ-მამა დახვდა, აღარც საცოლე. იჯდა ჯიღაური მარტოკა სახლის ბანზე და სოფელს გასცქეროდა. სოფელი მშვიდად იყო. სახლებიდან კვამლი ამოდიოდა. ქალები ძროხებს წველიდნენ. ბოსლისა და რძის სუნი იდგა. ჯიღაურს რძე მოუნდა. მაშინ ბებერმა თოთიამ, ჯიღაურის პაპის ნაძმობმა, იქვე, ყორეს გადაღმა რომ ცხოვრობდა, ხელი დაუქნია და დაუძახა, აქეთ გადმოდი, აქ არა ვართო? მაგრამ ჯიღაურს არავისთან წასვლა არ უნდოდა, საკუთარ ეზოში, საკუთარ ბანზე ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. აქ ჯდომა და თბილი რძე უნდოდა, მაგრამ რძე კაცის სასმელი არ იყო და თოთიას ვერ ეტყოდა, რძე გადმომიტანეო. ბებერ თოთიასაც აღარაფერი უთქვამს და თვალს მოეფარა. ცოტა ხნის მერე კი ეზოში შემოიხედა, ცალ ხელში ხელადა ეჭირა, ცალში – ბოღჩაში გამოხვეული ჭამადი. ტაბლა იქვე, ბანზე გაუშალა ჯიღაურს და პირველი ჭიქაც თავისი ხელით დაუსხა...

მას შემდეგ ბევრი ხანი გაივლის. სოფელი აიყრება და ჯიღაური მარტო დარჩება. ჯიღაური სოფლის ფეხის ხმას არ აჰყვება, სოფელს ზურგს შეაქცევს, გატყიურდება და მარტო ხარივით მიწის მხვნელი და პურის მთესველი გახდება. მარტო შეშას მოზიდავს ტყიდან და საფქვავს ჩაიტანს ჭალაში ჩადგმულ პატარა წისქვილში. სალამი დაავიწყდება და სახეზე ყომრალი გადაედება, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს არც იმ ერთ ჭიქა ღვინოს და არც ბებერ თოთიას, რომელმაც სწორედ ის მოუტანა, რაც თურმე იმ წუთში ჯიღაურს სწყუროდა – ერთი ჭიქა ღვინო! მაგრამ ეს მარტო ჭიქა ღვინო კი არ იყო, კაცის მიწაზე დაბრუნებას, თვითონ დედამიწას გამოხატავდა, ბებერმა თოთიამ იმ ჭიქა ღვინით თითქოს მოძღვარივით აკურთხა ჯიღაურის მთელი ცხოვრება, მთელი გზა, კაცს რომ უნდა გაევლო ამ გაზაფხულის მშვიდი საღამოდან უკანასკნელ მზის ჩასვლამდე. იმ ერთი ჭიქა ღვინით თითქოს სამუდამოდ დაიწერა ჯიღაურის ცხოვრების წესი და ადათი. ბებერი თოთიას ხელები ძველ, დაღარულ პერგამენტს ჰგავდა, ბალღობისას, სოფლის ეკლესიაში, მღვდლის ხელში რომ ენახა ჯიღაურს, ტუჩმოტეხილი ხელადა – გუმბათმორღვეულ ეკლესიას; ხელადიდან გადმოღვრილი ღვინო კი ისე რეკდა, როგორც სამრეკლოს მრწემი ზარი ნიავის შემოქროლვაზე.

მაშინ ჯიღაურმა პირველად გაიფიქრა, რომ ბედნიერება სრულიად უბრალო რამ ყოფილა: აი, ეს ერთი ჭიქა ღვინო, ხმიადი, ხახვის ფოჩი, ეს მშვიდი, ბებერი თოთია, ბოსლის და რძის სუნი და, რაც მთავარია, სიჩუმე. ჯიღაურს სწორედ სიჩუმე ენატრებოდა, მშვიდი და მომთენთავი სიჩუმე; თბილი მზე, ლურჯი ცა, სახლის ერდოზე მიკრულ ბუდესთან აჭყლოპინებული მერცხლები. სწორედ იმ წამში გაიფიქრა ჯიღაურმა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ამ მშვიდ, ნეტარ თვლემაში ჩაძირული ეზოდან ფეხს არ მოიცვლიდა, აქ იცხოვრებდა, აქ მოკვდებოდა და აქვე, ორიოდე ნაბიჯს იქით დაიმარხებოდა.

გაივლის კვლავ დიდი ხანი და ჯიღაური ამ აღთქმას დაარღვევს. მაგრამ ეს იქნება დიდი ხნის მერე, როცა ცხოვრება თითქმის დასრულდება და უკვე აზრი აღარაფერს ექნება, როცა ჯიღაურს ყველაფრის იმედს წაართმევენ; როცა ჯიღაურის შეუპოვარი ცოლიც კარს გამოიკეტავს, აქაურობას მიატოვებს და სადღაც წავა, როცა დედაკაცი გაიფიქრებს, რომ მთელი დედამიწა ცოდვითაა დამძიმებული, რომ დედამიწაზე დასამალი ადგილი აღარსად დარჩენილა და ყვირილს დაიწყებს. დიახ, ეს მოხდება დიდი ხნის მერე, სწორედ იმ დღის კვირაძალზე, ვიდრე ჯიღაური სიკვდილს შეხვდება.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 5:12 pm

თამაზ ბიბილური

დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი

ბინდია. საცაა დაღამდება. ცივა. ცა მოკრიალდა. ცოტა ხნის შემდეგ სიცივე უფრო მოუჭერს. სოფლის კოოპერატივის წინ აღარავინ დარჩა, ყველა წავიდ-წამოვიდა. მარტო დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი დგანან, საქმე არაფერი აქვთ, დგანან და ლაპარაკობენ.

დიდ ბიჭს მოკლე, თბილი ჯუბა აცვია და უხეში ტყავის ჩექმები. არც ისე დიდია, მაგრამ პატარა ბიჭის გვერდით მთასავით მოჩანს. პატარა ბიჭი გრძელ ქურქში შეხიზნულა, ქურქი კოჭებამდე დასთრევს, თბილი ქუდი ყურებზე ჩამოუფხატავს, მაინცა სცივა და დიდი ბიჭის გვერდით ნიბლიასავით მობუზულა.

თუ მეგობრობაზე მიდგება საქმე, ამ ორში დიდი ბიჭი ულაყივით მიჭიხვინობს, პატარა ბიჭი ჯერ ისევ დაუნალავი კვიცივით, ალალბედად მისდევს უკან.

დაუბერა. ცივა.

_ შინ წავიდეთ, ბიჭო! _ ამბობს პატარა ბიჭი.

_ შინ არა, ის არ გინდა? ვერა ხედავ, როგორ მოკრიალდა!

_ რო მოკრიალდა, უფრო არა ცივა? ყინვამაც მოუჭირა!

_ მოუჭიროს, შენ რა გენაღვლება...

_ ზოგი მე მკითხე...

_ დედალი ხარ.

_ დედალი შენა ხარ.

_ დედალი ხარ, მაშ, რა ხარ, აბა, შენ თავზე დაიხედე...

დაღამდა. დიდი მთვარე ამოვიდა. ვარსკვლავებიც გამოჩნდა. მილიციელმა ჩაიარა და ბიჭები თავით ფეხამდე შეათვალიერა.

_ რას აკეთებთ, ბიჭო!

_ არაფერს, რას უნდა ვაკეთებდეთ? _ შეეშინდა პატარა ბიჭს

_ წადი, დაიკარგენით!

უფრო აცივდა. გარშემო ჭაჭანება აღარავისი ჩანს. აღარც შეშას ჭრიან, აღარც ძროხა ღმუის. სახლებში სინათლეები აინთო. საკვამურებიდან ბოლი ამოდის.

_ წამო, ღვინო დავლიოთ! _ რა თქმა უნდა, ამასაც დიდი ბიჭი ამბობს.

_ ღვინო არა, ის არ გინდა?

_ დედალი ხარ.

_ ჰო, რაკი შენ იტყვი.

_ აბა, როდისმე დამთვრალხარ?

პატარა ბიჭი არასოდეს დამთვრალა და ხმას არ იღებს.

_ ჰოო! _ ამბობს დიდი ბიჭი.

_ თორე შენ კი აი... _ ლუღლუღებს პატარა ბიჭი.

_ ამ წინებზე ვინ დალია ორი ბოთლი ღვინო?

_ ორი ბოთლი, მაშ... მოგართმევდნენ.

_ მაშ, მტყუნის... ვთქვა? არა, ვთქვა?

_ თქვი რა...

_ ხო იცი, რო არ ვიტყვი...

დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი სოფლის სასადილოში შედიან. სასადილო ცარიელია. ფეჩიც ჩამქრალია და ცივა. დახლიდარი კუთხეში მიმჯდარა და საანგარიშოს აჩხაკუნებს. დიდი ბიჭი პატარა ბიჭს ყოჩივით მიუძღვის და დახლთან ჩერდება.

_ ერთი ბოთლი საფერავი!

დახლიდარი ჯერ ეჭვით იცქირება, მერე ბოთლსა ხსნის, თეფშზე ყველსა და მწნილს ალაგებს:

_ მემრე მე არ დამბრალდეს... მამაშენმა ამ წინებზედაც ლანძღვა დამიწყო. მე რა ვქნა, უარ ხო ვერ გეტყვი? განაღა ბალღი ხარ... რამდენისა ხარ?

_ ოცისა. მემრე რა რო...

_ მემრე ისა, რო ფული ვინ მოგცა?

_ ვინ უნდა მომცეს? არა ვმუშაობ?.. მთელი შემოდგომა ტრაქტორებზე ვეგდე.

დახლიდარი ჩუმდება და ისევ კუთხეში მიიყუჟება. ბიჭები იქით, დარბაზის ბოლოში, დაბალ მაგიდას მიუსხდებიან. დიდი ბიჭი ჭიქას ავსებს. პატარა ბიჭი თავის ჭიქას გვერდზე გასწევს. დიდმა ბიჭმა იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა და აღარა ბრაზობს, მარტო თვითონ სვამს და სადღეგრძელოებსაც თვითონ იგონებს.

_ ეს ამ ჭიქით გაუმარჯოს მშობლებს... მშობლები რო არა ყოფილიყვნენ, არც ჩვენ ვიქნებოდით...

_ ამ ჭიქით ჯარში წასულ ბიჭებ გაუმარჯოთ, ვახტოსა და პაატას... გაზაფხულზე მეც წამიყვანენ.

_ მეც... _ ჩუმად ამბობს პატარა ბიჭი.

_ ვისაც ვინ უყვარს, იმათ გაუმარჯოს... _ განაგრძობს დიდი ბიჭი და უცებ სიცილი აუტყდება...

_ რა გაცინებს, ბიჭო! _ გამოსძახის დახლიდარი.

_ გოგოებ გაუმარჯოს!@_ ეძახის დიდი ბიჭი და ჭიქას მაღლა სწევს.

_ ნამდვილი მამაილა ხარ! _ ხითხითებს დახლიდარი.

დიდმა ბიჭმა ბოთლი გამოცალა. წაბლისფერ ლოყებზე სიმხურვალე მოერია. ტუჩები გაუწითლდა. წიწაკის მწნილი ეგრევე, მთელად გადაყლაპა და წამოდგა. პატარა ბიჭს იმედი მიეცა, მივდივართო და ისიც აჰყვა.

_ კარგად იყავი! _ კაცივით გასძახა დიდმა ბიჭმა დახლიდარს...

_ აბა, შენ იცი... კინოში არ წახვიდე, იცოდე, მთვრალი ხარ! _ გამოსძახა დახლიდარმა.

გარეთ მთვარე ანათებს. თოვლი თეთრად ქათქათებს. დღესავით ღამეა.

_ გოგოსთვის გიკოცნია? _ ჩურჩულებს დიდი ბიჭი და პატარა ბიჭს დასცქერის.

პატარა ბიჭს არასოდეს უკოცნია გოგოსთვის და ხმას არ იღებს.

_ ეგე!

დიდი ბიჭს თვალები უელავს, პატარა ბიჭი თვალს ვერ უსწორებს.

_ თორე შენ კი აი... _ ჩურჩულებს პატარა ბიჭი.

_ მაშ, ის რა იყო, იქა, როცა...

_ მე რა ვიცი, იქ ვიყავი?

_ როცა არ იცი, გაჩუმდი.

_ გაჩუმებული არა ვარ?

ცოტა ხანს ჩუმად არიან.

_ ცივა! _ ამბობს პატარა ბიჭი და ქურქში უფრო იბუზება.

_ წამო, ნათელა შევაშინოთ! _ ეუბნება დიდი ბიჭი.

_ თუ გამოგივარდნენ იმათები!

_ იმათები ქალაქში არიან.

_ არ ამოვიდოდნენ?

_ ვერ დაინახე, ავტობუსი ცარიელი ამოვიდა.

_ შინ უნდა წავიდე.

_ დედალი ხარ, მაშ, რა ხარ...

_ ხო, რაკი შენ იტყვი.

_ წამო, რაღაცა უნდა ვუთხრა.

_ როდის დაგპატიჟა?

_ თორემ არც კი, აი...

_ კალთები ჩამოგახია...

_ არ წამოხვალ და ნუ წამოხვალ! არ წამოხვალ და ამ ჩემ ფეხებ!

დიდი ბიჭი გზას დაადგება, ფიქრობს, პატარა ბიჭიც გამომყვებაო. პატარა ბიჭი არ მიჰყვება და დიდი ბიჭი გამოსძახებს:

_ არ მოხვალ?

_ შინ უნდა წავიდე!

_ აბა, ნუ წამოხვალ! _ იმუქრება დიდი ბიჭი და ისევ მობრუნდება.

დიდი ბიჭი გაბრაზებული ქოშინებს.

პატარა ბიჭი ქვემოდან შესცქერის.

_ არ წამოვალ! _ ამბობს პატარა ბიჭი და დიდმა ბიჭმა უკვე იცის, რაც უნდა უთხრას, ვეღარაფრით შეაშინებს.

უცებ დიდი ბიჭი სილას გააწნავს.

პატარა ბიჭი ხელს შეუბრუნებს, მაგრამ თოვლში წაიქცევა.

დიდი ბიჭი არც კი მოიხედავს, გზას დაადგება.

პატარა ბიჭი წამოდგება, თოვლს ჩამოიბერტყავს, ნაწყენია და ამ წუთში ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, დიდ ბიჭს აღარასოდეს დაელაპარაკება, უცებ სიცარიელე დაეუფლება და ცრემლებს მოიწმენდს.

დიდი ბიჭი შარაზე მიალაჯებს.

ცივა, უფრო მეტად ცივა.

დიდი ბიჭი მიდის და უკან აღარ იხედება.

წყაროსთან არავინაა.

არც ფოსტასთან ჭაჭანებს ვინმე.

კინო კარგა ხანია დაწყებულა. სიცივისაგან აძაგძაგებული უბილეთო ბალღები სარკმლებიდან დარბაზში იჭვრიტებიან.

დიდი ბიჭი გზიდან გადაუხვევს და ორღობეში მიდის.

ღობის გადაღმა ვიღაცა შეშას ჭრის.

დიდი ბიჭი აქეთა ღობესთან ჩერდება და სახლს გასცქერის.

სახლში სინათლე ანთია.

_ ნათელა შინ არი! _ ფიქრობს დიდი ბიჭი და ხეს მიეყრდნობა.

პაპიროსი მოუნდება, მაგრამ პაპიროსი არა აქვს.

ღვინისგან გახურებულ სხეულს აღარ სცივა.

დიდი ბიჭი ღრმად სუნთქავს და პირიდან ორთქლი გამოსდის.

ჩუმად ღიღინებს.

მერე ცოტა ხმასაც აუწევს.

სარკმლიდან არავინ იხედება.

გადმოღმა ეზოში ისევ შეშას ჭრის ვიღაცა.

ბიჭი ბრაზობს, რაღა დროს შეშის დაჭრაა, ეს ვიღაცაა, აქამდე სად იყოო და ხეს ეფარება. მერე ცნობისწადილი დასძლევს და ღობის იქით გადაიხედავს.

შეშას ჟუჟუნა ჩეხავს.

ბიჭს ეცინება და ახლა ჟუჟუნას გასცქერის.



* * *

ჟუჟუნა ქალაქში იყო გათხოვილი. ერთი-ორი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა _ ცარიელი, უქმრო და უშვილო. ცუდად არ იქცეოდა, კაცებს ახლოს არ იკარებდა. მარტო მხიარულება უყვარდა, სადაც კი საბაბს იშოვიდა, გიტარას აიღებდა და მღეროდა. სოფელმა მაინც აითვალწუნა. ერთხელ, შუაღამისას, კარზე კოლექტივის თავმჯდომარე მიადგა მთვრალი. ჟუჟუნა გამოვარდა და აგური ესროლა. მერე მთელი სოფელი ამ აგურზე ლაპარაკობდა. მარტო ერთი ზნე სჭირდა ჟუჟუნას: შაბათ-კვირას სოფელში გული არ უდგებოდა, ან თელავში წავიდოდა, ან გურჯაანში. ქალაქშიც ხშირად უნახავთ... ეს იყო და ეს...



* * *

ჟუჟუნა შეშას ჩეხავდა.

დიდი ბიჭი ნასვამი იყო, შეეცოდა ჟუჟუნა და ჩაახველა.

ჟუჟუნამ ეჭვით გამოხედა, ცული გადააგდო, იცნო ბიჭი და ღობისკენ წამოვიდა.

_ საღამო მშვიდობისა, ჟუჟუნა!

_ მანდ ვის ელოდები, ბიჭო...

_ ისე... არავის...

_ არავის... შენ მე რამეს გამომაპარებ?

_ რა უნდა გამოგაპარო?

_ არაფერი.

ჟუჟუნამ ცული აიღო და ბიჭს გამოსძახა:

_ იარე მასე, აქ რა, მოხვალ და შეშას დამიჭრი?

ბიჭმა ღობის მარგილი ჩაბღუჯა და თქვა:

_ რატომაც არ დაგიჭრი!

_ გადმოდი. აი, ცული და აი, შენ. წელი მომწყვიტა. ქალაქში ვიყავი. მოველ და სახლი გაყინული დამხვდა.

ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო და რაკი არავინ უყურებდა, აღარც ჭიშკრიდან მოუვლია, იქვე, ღობეზე გადაალაჯა და ეზოში გადავიდა.

ქალმა თავით ფეხამდე ახედ-დახედა, გაუცინა და ცული მიაწოდა.

_ რამსიმაღლე ხარ, ჩემ ხელში კი გაიზარდე.

ბიჭმა პასუხი არ გასცა, ნაჯახი აიღო და კუნძს მიადგა.

_ ეგ კუნძი დამიჩეხე და მეტი არც მინდა, ერთ-ორ დღეს მეყოფა.

ბიჭმა ცული მოიქნია და კუნძი გადახეთქა.

_ მე შენ გეტყვი, ღონე არა გაქ!

ბიჭმა ცული კუნძზე მიაგდო, ჯუბა გაიხადა და ქალს გადაუგდო.

ქალმა დაიჭირა, ფრთხილად მიიხედ-მოიხედა და მხრებზე მოიხურა.

ჯუბა თბილი იყო.

_ ცივა... _ გააკანკალა ქალს.

ბიჭი შავი, სქელი ჯემპრის ანაბარა დარჩა. ისევ ცული აიღო და კუნძს მიადგა. ქალს ზედაც არ უყურებდა, ღონივრად იქნევდა ცულს და დახეთქილ შეშას იქით, გაყინული თოვლისკენ ისროდა.

_ რა გეჩქარება ნეტა... _ ჩურჩულებდა ქალი.

ბიჭი ხმას არ სცემდა და ქალი განაგრძობდა:

_ ერთ-ორ დღეს მეყოფა, საცაა ზამთარიც გავა.

_ თუ არა და, აქ არა ვარ?

_ შენ სადა გდიო? მე შენ გეტყვი და, ყოველდღე გხედავ... რამდენი ხანია არ დამინახიხარ...

_ რავი, აბა...

_ მაგრე იყოს, მეტი აღარ დააწვრილო. წვრილი შეშა მალე აპრიალდება და მალე იცის ჩაქრობა.

ბიჭმა ცული თოვლზე მიაგდო, ღრმად ქშინავდა, ხვითქი გადასდიოდა.

_ ხო არ დაიღალე? _ იკითხა ქალმა.

_ რა დამღლიდა...

_ რა დაგღლის, შენთვის ეს რა არი? დევივითა ხარ...

იდგნენ და ერთმანეთს უცქერდნენ.

_ შეშა მკლავებზე დამიწყვე, საჩეხში ავიტან, _ თქვა ქალმა.

_ მე ავიტან! _ პირქუშად ჩაილაპარაკა ბიჭმა.

_ დღეს რა გუნებაზე ხარ? _ გაიცინა ქალმა.

ბიჭმა შეშა კოხტად დააწყო. ორივე ხელი მოხვია და წელში გასწორდა.

_ კიდევ დამიმატე, _ უთხრა ქალს.

ქალი აფუსფუსდა, რამდენიმე ნაჭერი კიდევ აიღო და აიღლიავებულ შეშას დაამატა. ბიჭი ნელა, მძიმედ, დათვივით წავიდა აივნისკენ.

ქალი ბიჭს გაჰყვა. მერე გადაუსწრო, აივნის კარი გააღო და დაელოდა.

ბიჭი ქშენით ამოდიოდა კიბეზე.

კიბე ჭრიალებდა.

ბიჭმა შეშა აივანზე დაყარა და სახლი შეზანზარდა.

_ ნელა, თავზე არ დამანგრიო, _ გაუცინა ქალმა.

პირისპირ იდგნენ.

ქალი უღიმოდა.

თავჩაქინდრული ბიჭი თვალს ვერ უსწორებდა.

_ განა არ ვიცი, ვისთვისაც იდექი, _ გაიცინა ქალმა.

_ რა იცი...

_ ვიცი... სხვა დროსაც დამინახიხარ.

ქალი უფრო მიუახლოვდა.

ბიჭი ღრმად სუნთქავდა.

_ იი, მთვრალი ყოფილხარ, _ თქვა ქალმა.

ბიჭს გაეცინა.

_ მეც არა ვთქვი...

ბიჭი ფიქრში წავიდა და უცებ შეეშინდა.

_ მთვრალი ყოფილხარ, _ გაიმეორა ქალმა.

ბიჭს ისევ გაეცინა.

_ არსად წახვიდე, გახსოვს, ამწინებზედაც რო იჩხუბე... მაშინაც მთვრალი იყავი... სხვა დროს შენი ჩხუბი არ გამიგია.

ქალის ხმა თითქოს საიდანღაც, შორეთიდან ისმოდა.

_ აჰა, შეგცივდება, _ თქვა ქალმა და ბიჭის ჯუბა გადაიძრო. ბიჭმა ხელი გაუწოდა, ქალმა უსიტყვოდ ანიშნა, _ მე თვითონ მოგახურავო, ბიჭის მხრებს შესწვდა და ჯუბა მოახურა... და ეგრევე დარჩა _ ბიჭის მხრებზე ჩამოკიდებული; მერე ზურგით მიაწვა ოთახის კარს და ბიჭიც თან გაიყოლა... ცახცახით უკოცნიდა თვალებს, ყვრიმალებს, ყურებს... მერე ტუჩები მოძებნა...

გარშემო სიბნელე იყო.

ბიჭი მიეცა სიბნელეს.



* * *

_ დაიღალე? _ დაიჩურჩულა ქალმა და ბიჭს შუბლზე ოფლი მოსწმინდა.

_ თავი დამანებე! _ შეუღრინა ბიჭმა.

_ რა გეწყინა?

_ არაფერი, რა უნდა მწყენოდა?

ბიჭმა შარვალში გაუყარა ფეხები და წამოდგა.

_ მიდიხარ?

ბიჭმა ხმა არ გასცა.

_ ცოტა ხანი მოგეცადა.

_ რა გინდა?

_ არაფერი, რა უნდა მინდოდეს...

_ ხვალ საღამოს...

_ რა ხვალ საღამოს?

_ მოვიდე?

_ ცუდი არაფერი იფიქრო... რა ჩემი ბრალია. ჯერ ბედნიერი არა ვყოფილვარ. ღმერთმა გამოგგზავნა. პირველად ვიყავი ბედნიერი. ყოველღამე მესიზმრებოდი... შენ რა გესმის... შენ ჯერ არაფერი არ გესმის...

ბიჭი კართან მივიდა.

ქალმა შეაჩერა.

_ არავის ეტყვი?

_ ვის უნდა ვუთხრა...

_ არა... მითხარი... არ იტყვი?

_ არ ვიტყვი.

_ ხო იცი, მეტიც არ უნდათ...

_ არ ვიტყვი.

_ თავს მოვიკლავ, იცოდე...

_ არ ვიტყვი.

ბიჭმა კარი გააღო და კიბეზე დაეშვა.

_ არავინ დაგინახოს.

_ ნუ გეშინია.

_ ხო იცი, რაღას არ იტყვიან.

_ რა უნდა თქვან?

_ რა ვიცი, ათასი რაღაცა...

ბიჭი ეზოში ჩამოვიდა.

ქალმა ჩურჩულით გადმოსძახა:

_ ღამე მშვიდობისა მაინც გეთქვა, ბიჭო!

_ ღამე მშვიდობისა...

ბიჭი ორღობეში გამოვიდა.

ცოტაზე გაიარა და ღობეს მიეყრდნო.

აგრე იდგა კარგა ხანს.

უცებ მთელ სხეულს სილაღე და სიმსუბუქე დაეუფლა.

გაეცინა.

მერე უფრო გაეცინა.

ორღობეში მირბოდა და იცინოდა.

მერე შეჩერდებოდა, ღობიდან მარგილს ამოაძრობდა, ღობესთან მომწყდარ ძაღლებს აცოფებდა და გარბოდა. მთელ ორღობეში ძაღლთა გნიასი და ყეფა მიაცილებდა. უცებ სიმღერა მოუნდა და სიმღერა დაიწყო. ასე ყმუის ხოლმე მგელი, ხროვას ჩამორჩენილი, უგზო-უკვლოდ ტყედ მიმავალი.



* * *

დიდი ბიჭი პატარა ბიჭის სახლთან დგას.

პატარა ბიჭის ოთახიდან სინათლე გამოდის. იქ მყუდროებაა, სითბო. პატარა ბიჭი ალბათ წიგნსა კითხულობს, ან რადიოს აწვალებს.

დიდი ბიჭი ღობეზე გადახტება და სარკმლის ქვეშ აიტუზება. კენჭს აიღებს და ფანჯარას ესვრის.

სარკმელი იღება.

_ მე ვარ, _ ჩურჩულებს დიდი ბიჭი, _ თქვენებს სძინავთ?

_ ხო!

_ ცოტა ხნით ჩამოდი, რაღაცა მაქ სათქმელი.

_ ჩამოვალ! _ ამბობს პატარა ბიჭი და სარკმელს ხურავს.

დიდი ბიჭი დგას და ელოდება.

პატარა ბიჭი მალე ჩამოდის და წინ მორჩილად გაუჩერდება.

_ არ შეგცივდეს, _ ეუბნება დიდი ბიჭი.

_ რა შემაცივებს...

დიდი ბიჭი ერთხანს შესცქერის, თითქოს დიდი რამ ამბავი უნდა გადაწყვიტოსო, ყოყმანობს და მერე ჩურჩულებს:

_ თუ გინდა, გამარტყი...

პატარა ბიჭი ზურგს შეაქცევს.

ხმას არ იღებენ.

_ რა გინდოდა? _ ჩაილაპარაკებს მერე პატარა ბიჭი.

_ არაფერი... _ იცინის დიდი ბიჭი.

_ იცინე... იცინე...

დიდი ბიჭი იცინის. ჯერ თოვლზე დადგება თავდაყირა, მერე მალაყებს გადადის, მერე და მერე სულ აიწყვეტს და გზაზე სრიალ-სრიალითა და ყმუილით დაეშვება. ძაღლები ყეფენ და ღობეებს აწყდებიან. აქა-იქ სახლის კარიც იღება და ვიღაცა გამოიხედავს. ვიღაცა ძაღლსა ტუქსავს და ისევ სიჩუმე ჩამოდგება. ახლა სიჩუმეში სულ შორიდან, ორღობის ბოლოდან ისმის დიდი ბიჭის ხმა.

«ხვალე გადმოხვალ? დილითვე გადმოდი!.. არ დაიგვიანო, იცოდე!..»

ასე მთავრდება ეს ზამთრის ღამის მოთხრობა... და რაღა თქმა უნდა, მთვარე ისევ ანათებს, ვარსკვლავები ისევ ჟიკჟიკებენ და ცივა, ცივა, ცივა...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 5:14 pm

თამაზ ბიბილური

დამშვიდობება

ხალხით გაჭედილი ავტობუსი მიქრის. ნაბდისქუდიანი, წარბებჩამოფხატული ბერიკაცი მოკუნტული დედაბრისკენ მიიწევს.

დედაბერი ჯინურა კალათებში მოკეცილა და აქეთ-იქით ცქვიტად იცქირება.

_ შენ მაგდანა არა ხარ? _ ეკითხება ბერიკაცი.

_ მაგდანა ვარ, მაგდანა...

_ გამარჯობა, მაგდან!

_ შენ მიხა არა ხარ?

_ მიხა ვარ, მაშ...

_ როგორა ხარ, მიხავ, როგორა ხარ, ბიჭო!

_ ხი-ხი-ხი-ხი... ბიჭიო... _ ხითხითებს იქვე მდგარი პატარა ბიჭი.

_ რა გაცინებს? ჩემთვის ისევ ბიჭია! _ ტუქსავს დედაბერი ბიჭს.

_ როგორა ხართ, ბიჭიო, როგორა?

_ აბა, როგორ ვიქნებით, არა გვიშავ რა...

_ თქვენები როგორ არიან? შვილიშვილები დაათხოვე?

_ კარგად არიან. დიდს კარგი ყისმათი შეხვდა, ქალაქშია, ეხლაც იქიდან მოვდივარ. შუათანა ახმეტაში გავათხოვეთ. ისინიც კარგად არიან. მარტო პატარაზე გვეთანაღრება გული.

_ იმ ნაბოლარაზე?

_ ვერ შეხვდა კარგი ბედი: სიფხიზლეში კიდევ არა უშავ რა, დათვრება და გაგიჟდება.

_ რად გაატანეთ?

_ ვინა გვკითხა? ალავერდში ვიყავით. მოვბრუნდით და შინ აღარ დაგვიხვდა: ფშაველში გაპარულიყვნენ, ბიჭის მამიდასთან.

_ შინ უნდა ჩაგეკეტნათ.

_ ჩავკეტეთ... ფანჯრიდან გადამძვრალიყო.

_ ეეხ, ეხლანდელები...

_ შენ? შენ როგორღა ხარ?

_ იი, შენ კი გაიხარე...

_ სადა ყოფილხარ?

_ ქალაქში. ვარიები მყვანდა გასაყიდად.

_ გაჰყიდევი?

_ მუქთად უნდოდათ! აბა, ერთი კრუხი თქვენ დასვით-მეთქი...

_ მაგათ იგრე ჰგონიათ...

_ ესეც ჩვენი სოფელი... _ ამბობს ბერიკაცი და ჩასასვლელად ემზადება, _ აბა, კარგად იყავი, მშვიდობით...

_ მშვიდობით, ვინ იცის, ვეღარცა გნახო.

_ აბა, რა ვიცი, ვინ იცის...

_ მშვიდობით, ბიჭო...

მიხა ჩადის. დედაბერი უცებ წამოხტება, ფანჯარას მივარდება და ეძახის...

_ ბიჭო! მიხავ!

_ ხოო!

_ აბა, ჩემზე თუ რამე გაიგოთ, გადმოდით, არ დაიზაროთ!

_ ნუ გეშინია!

_ გადმოდით... ჩემიანები ხართ... გეკუთვნით!

ბერიკაცი პასუხს აღარ იძლევა.

დედაბერი თვალს გააყოლებს.

_ ხი, ხი-ხი-ხი... ბიჭიო... _ ხითხითებს ბიჭი.

ბერიკაცი უკან აღარ იხედება.

დედაბერს გული სწყდება. მერე აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავს და ისევ პატარა ბიჭს მიუბრუნდება:

_ ხო, რა გაცინებს? ჩემთვის ისევ ბიჭია...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური EmptyTue Dec 24, 2019 5:42 pm

თამაზ ბიბილური Tamaz_11

წიგნის დასახელება – „მთვარის შვილი“
ავტორი - თამაზ ბიბილური
რედაქტორი - ირ. არაბული
მხატვარი - კ. ფაჩულია
გამომცემლობა – „საბჭოთა საქართველო“
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 1981
ფასი - 1 მან. 50 კაპ.

წიგნში შესულია მოთხრობები: "საწყალი დედაბრისასა"; "ვენახი"; "მყუდროზე"; "ცხენი"; "სიცილი"; "ბოლოკეთილი"; "დამშვიდობება"; "დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი"; "ქათმები", "დათო", "ყველაწმინდა", "ნიღაბი", "მთვარის შვილი", "ჩონგური", "ბერიკაობა", "ჩივილი" და "ჟამი კითხულისა" (რომანი).

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თამაზ ბიბილური Empty
PostSubject: Re: თამაზ ბიბილური   თამაზ ბიბილური Empty

Back to top Go down
 
თამაზ ბიბილური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: