არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ბექა ადამაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 10:53 am

ბექა ადამაშვილი Beka_a10
Beka Adamashvili - photo by Nata Sopromadze

ბექა ადამაშვილი
მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი

ბექა ადამაშვილი დაიბადა თბილისში 1990 წელს. 2007 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მისი ადრეული მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში. ერთ–ერთი მოთხრობა, სახელწოდებით "წვიმის წვეთი" შევიდა ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში.
2009–დან 2013 წლამდე ბექა მუდმივად აქვეყნებდა სატირულ–იუმორისტულ სტატიებს საკუთარ ბლოგზე (www.doin.ge), ცხოვრებისეულ და სოციალურ თემებთან დაკავშირებით. მისი ბლოგები განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში. როგორც ბლოგერმა, მან გაიმარჯვა მრავალ კონკურსში.
2013 წელს ბექა ადამაშვილმა მონაწილეობა მიიღო "შემოდგომის ლეგენდის" ლიტერატურულ კონკურსში, სადაც დაწერილმა მოთხრობამ "XXVIII: წერტილი", პირველი ჯილდოც მოუტანა. მისი სხვადასხვა მოთხრობა გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალებში, მათ შორის "ცისკარში" და "ანეულში".
2014 წელს ბექამ დაწერა პირველი რომანი – „ბესტსელერი“, რომელიც მისი თქმით არის "სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა" ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს.
ბესტსელერი, რომელიც არის სატირა ლიტერატურულ კლიშეებზე, მალევე გახდა პოპულარული ქართულ საზოგადოებაში და მოხვდა ისეთ ლიტერატურული პრემიების შორთლისტში, როგორებიცაა: "საბა" და "წინანდლის პრემია". ბექა ადამაშვილი დღესდღეობით სცენარისტად მუშაობს ცნობილ პოლიტიკურ–სატირულ შოუში სახელად "ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური ამბები".

წიგნები
* „ბესტსელერი“ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (2014) ISBN 978-9941-23-244-2
* „ამ რომანში ყველა კვდება“ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (2018) 978-9941-30-199-5

პრემიები:
* 2013 - ლიტერატურული პრემია "შემოდგომის ლეგენდა" მთავარი პრიზი სადებიუტო მოთხრობისთვის "XXVIII: წერტილი"
* ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი რომანისათვის „ამ რომანში ყველა კვდება“, 2019

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ბექა_ადამაშვილი
* http://book.gov.ge/en/author/adamashvili-beka/68/
* https://www.sulakauri.ge/authors/beka-adamashvili
* https://www.tsu.ge/ge/mainnews/kHftNhVqgDKIEWrtW/?p=5
* https://www.facebook.com/beqa.adamashvili
* http://doin.ge/
* https://www.marketer.ge/beqa-adamashvili-leavingstone-cd/
* http://www.litaffin.de/beka-adamaschwili-bestseller/

Exclamation


"თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვჭედავ" - ბექა ადამაშვილი პროექტში #თქვი


Georgian Broadcaster
Published on Feb 5, 2017

პროექტ #თქვის შემდეგი სტუმარი ახალგაზრდა მწერალი ბექა ადამაშვილია. მართალა ის საკუთარ თავს, არშემდგარ ჟურნალისტსა და ფსიქოლოგს უწოდებს, თუმცა უდავოდ საინტერესო პიროვნებაა. მისი ხელწერა უნიკალურია, სხვაში არ აგერევათ. ასეთია ჩვენი გადაცემის ახალი ვიდეოც. ის კვლავ ორიგინალური და საინტერესოა. მწერლობა, განათლება, ჟურნალისტიკა, თანამედროვე საზოგადოების პრობლემები, სოციალური ქსელი - ის თემებია, რომელზეც ბექა ადამაშვილთან შევჩერდით. მას ყველაზე ძლიერი იარაღი - წერა გამოვაცალეთ და კამერის პირისპირ დავსვით. ის ახლა ვერბალურად შეეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას. მაშ ასე, "ბესტსელერის" ავტორი ბექა ადამაშვილი.

study


Last edited by Admin on Thu May 23, 2019 12:59 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 11:06 am

ბექა ადამაშვილი Beka_a12
Beka Adamashvili©Natia Kekenadze

ბექა ადამაშვილი

ვინ ვარ მე

ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.

დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე, სარკისათვის - საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის - წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.

როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები – ნერვიულობისგან.

მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და იშვიათად – “მესიჯები”

ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო!

ეს იყო და ეს. That’s all folks!

მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა.

საკონტაქტო ინფორმაცია: badamashvili@gmail.com
FACEBOOK: https://www.facebook.com/beqa.adamashvili

Exclamation


ბესტსელერი - ბექა ადამაშვილი - წიგნის პრეზენტაცია

Ilia State University
Published on Oct 13, 2014
წიგნის სახლ ლიგამუსში ბექა ადამაშვილის წიგნის "ბესტსელერის" პრეზენტაცია გაიმართა.

study


Last edited by Admin on Thu May 23, 2019 1:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 11:20 am

ბექა ადამაშვილი Beka_a11
Beka Adamashvili ©Christof Wolff.

ბექა ადამაშვილი

XXVIII: წერტილი


„მე არ მიჩნდება იდეები პიესის დაწერამდე, მე ისინი მისი დასრულების შემდეგ მომდის თავში. მჯერა, რომ მხატვრული შემოქმედება სპონტანურია. ის ჩემთვისაა.“
- ეჟენ იონესკო


პროლოგი
დასაწყისიდანვე გეტყვით, რომ „ჰეფი ენდებზე“ მაინცდამაინც არ ვგიჟდები. მეტიც - „ჰეფი ენდი“ რაღაცით სანტა კლაუსს მაგონებს - ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე რომ გჯერა და მერე - აღარ.
სინამდვილეში „ჰეფი ენდი“ უბრალოდ წერტილის დროულად დასმის ხელოვნებაა. „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად.“ წერტილი. არადა, ისიც ხომ შეიძლება, რომ ქორწილიდან ერთ წელში დაუკმაყოფილებელმა პრინცესამ საყვარელი გაიჩინოს ან დეპრესიული პრინცი ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბის წევრი გახდეს. პრინციპში, რატომაც არა.

I
მე ჩემს ისტორიას უჩვეულოდ გიამბობთ. ანუ, დავიწყებ იქიდან, სადაც სხვები ამთავრებენ.
„და ცხოვრობდნენ ისინი, ტკბილად და ბედნიერად...“

II
რომი ყველა შესაძლო სიტუაციაში ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი უნივერსალური ფრაზები, რომლებიც ყველა შესაძლო სიტუაციაში შეიძლება ითქვას. რომი ჩემი ცოლია. მარადიული არ არის. ქალაქი, მით უმეტეს. თანაც, იმ რომისგან განსხვავებით, ჩემი რომის შესაფასებლად ორი ბორცვიც საკმარისია.
სახელი რომი შნაიდერის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ბაბუამისს ბებიამისზე მეტად უყვარდა და ალბათ, იმიტომ. ეს რომიც კარგი გოგოა, ისე.

III
მე რომანი ვარ. ბაბუაჩემს ლონგინოზი ერქვა, ამიტომ მთლად ბოლომდეც არ გამწირეს და რადგანაც წიგნების კითხვაც ჰყვარებია (საწყალს), რომანი დამარქვეს. „აბა მოთხრობა არ მოუხდება ბავშვსო“ - მამაჩემი გაჯიუტებულა თურმე. მე პირადად რომანების კითხვაზე მეტად, მათი წერა მიყვარს. ოდესმე, ალბათ, მემუარებსაც დავწერ, ორიგინალური სათაურით - „რომანი რომანზე“, მაგრამ რომი მეუბნება, ეგ სათაური ისეთივე გაცვეთილია, როგორც „ისეთივე“-თი დაწყებული ორიგინალური შედარებების გაკეთებაო. მეც ვუჯერებ. კომპეტენტური გოგოა რომი.

IV
რომი ამბობს, შემთხვევით არაფერი ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც შემთხვევით ხდებაო.
ჭკვიანი გოგოა რომი. ერთმანეთიც შემთხვევით გავიცანით. საერთო ნაცნობის სიდედრის პანაშვიდზე.
დანახვიდან 28-ე წამზე მივხვდი, რომ უსაშველოდ შემიყვარდა. რომი მიმტკიცებს, 28-ე კი არა, 30-ე იყო და საერთოდ, სიყვარული მარადიულია, მარადიულობა კიდევ წამებში არ იზომებაო. მეც ვჩუმდები. არ მინდა წამებით მოპოვებული სიყვარული, ორ წამში დავკარგო.

V
რომი ამბობს ა) რომანში ინტრიგაც თუ არ ჩადე, მარტო ბაბუაშენი ლონგინოზის ისტორია ბევრს არავის დააინტერესებს და ბებიაშენი კიდევ, შენს წიგნებს ისედაც კითხულობსო და ბ) ჯობია, ყველა თავი რამე ორიგინალური ფრაზით დაიწყო, ყურადღებას მაინც გადაატანინებს ხალხს რამეზე და იქნებ, რომანში აზრის ძებნა აღარ დაიწყონო. მეც ვეთანხმები. ამჯერად მართლა ვეთანხმები.

VI
„სისხლის გუბეში ცურავდა, როგორც ფარაონი რამზესი, წითელმა ზღვამ რომ უნდა შთანთქასო...“
ესეც დაპირებული ინტრიგა, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი ამასაც აქვს. პერსონაჟი მოთხრობაში სულ ორია: მე და რომი. მე ზუსტად ვიცი, რომ არავინ მომიკლავს. ასე რომ, ყველა გზა მაინც რომისკენ მიდის და ერთადერთი მკვდარი ამ საქმეში... ისევ ინტრიგაა.

VII
რომი განიცდის, ბოლო დროს ადამიანები ტექნოლოგიებმა ისე გააზარმაცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, არაფერი რომ არ გააკეთონო. მკითხველების მაგალითი მოაქვს. ისე ეზარება უკვე კითხვა ბევრს, ბუნების აღწერა და ადამიანის გარეგნობის შტრიხების აღნიშვნა ხომ დაივიწყეს უკვე და მალე პერსონაჟებსაც მინიმუმამდე დაიყვანენო. მერე უკვე სასვენ ნიშნებსაც მძიმე დღე ელოდებათ - სად აქვთ აბა საქმიან ადამიანებს იმის დრო, კითხვის დროს წამდაუწუმ რომ ისვენონო. საბოლოოდ, პატარა აბზაცებსაც თავებად გადააქცევენ და რომანი დარჩება რამდენიმე აბზაციო. მოკლედ, ისეთი შეკვეცა ელით წიგნებს, საპირფარეშოში შესვლისას ერთი წიგნის ნაცვლად, მთელი თაროს შეყოლება მოგვიწევსო. შორსმჭვრეტელი
გოგოა რომი.

VIII
რომი ამბობს, ისე რაღა დროს სქელტანიანი წიგნებია, უდროობის გამო, წიგნს კი არა, ნათესავებს ვეღარ კითხულობენ ნორმალურად ადამიანებიო. შენ ფამუქს და ეკოს რას უყურებ, მომავლის რომანები წერეო. თან ერთი დეტექტივის იდეასაც მკარნახობს, სადაც ერთი პერსონაჟი იქნება მარტო და დამნაშავეც ეგ რომ უნდა იყოს და მსხვერპლიც, სხვა გზა აღარ დარჩება - თავს მოიკლავსო.

IX
რომი ამბობს, თავის მოკვლას რა უნდა, ათას კაცს მაინც აქვს თავი მოკლულიო. სურვილს თვითონაც გამოთქვამს - ოღონდ 28 წლის ასაკში - „ეს 27 წელი ძალიან მეინსტრიმულიაო.“ - ამბობს. თან იმასაც დასძენს - „აბა ისე როგორ გინდათ ერთი, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო.“ ჯერჯერობით მარტო მუშაობით იკლავს თავს. მეტი არაფრით, მაგრამ ისეთი მიზანდასახული გოგოა რომი, მაგასაც მიაღწევს.

X
რომი წუხს, თანამედროვე ხელოვნება შენს რომანებს ჰგავს - „ერთადერთი ის აზრი დევს, რომ არანაირი აზრი არ დევსო“. თვითონაც თანამედროვე ინსტალაციას ქმნის. რაღაც გამოფენაზე უნდა გაიტანოს - მშვიდობას და ტერაკოტას არმიას ეძღვნებაო. ღამეებს ათენებს მუშაობაში, ოღონდ ნამუშევარს ჯერ არ მაჩვენებს. „სიურპრიზიაო“ - იღიმის. მე კიდევ სიურპრიზზე დღემდე რომის ბორცვები მახსენდება და მეშინია, თავთან ერთად, ეგეც მსხვერპლად არ შესწიროს... ხელოვნებას.

XI
მე რომანებს მხოლოდ მწერებზე ვწერ. ს ა მ წ ე რ ო ბ ო საქმიანობას ვეწევი, ასე ვთქვათ. კაფკას გავლენაა სერიოზული - რომანის ბოლოს ერთი მწერი მაინც რომ არ მოვკლა, არ შემიძლია ისე.

XII
რომი ამბობს, მშვიდობა ნიშნავს ცხოვრებას ისეთ ქვეყანაში, სადაც ტყვია მხოლოდ მენდელეევის პერიოდულობის სისტემაში გხვდებაო. ინსტალაციაც ჰქონდა ასეთი. პოლიგლოტი დააყენა პედესტალზე და ამ ფრაზას საჯაროდ, ყველა შესაძლო ენაზე ათარგმნინებდა. თუმცა, უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ იმ გამოფენაზე, არაბი ხელოვანის მიერ გამოგზავნილი ინსტალაცია - „ერთ წამზე შეჩერებული ბომბი“ - ისე არაჰოლივუდურად აფეთქდა უცებ, ყოვლისშემძლე ბრიუს უილისი უმწეობისგან დეპრესიაში ჩააგდო თურმე. ჰოდა, კი ჩაუვარდა იმ პოლიგლოტსაც ენა მუცელში, ნაწლავებთან ერთად რომ გადმოვარდნოდა მერე.

XIII
რომი ამბობს, პუნქტუაციის ცოდნა სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად - რაიმეს წერტილი როდის უნდა დაუსვაო. პუნქტუაციაში მე პირადად წყალწაღებული კითხვის ნიშანი ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ რომის წინ მძიმე იწერება.
,რომის კისერზე გადადის დანარჩენი.

XIV
რომი ამბობს, ისე წერ, ვიღაც იფიქრებს, მაგ რომანში აზრის ძებნას აზრი არა აქვსო. ჰოდა, ცოტა ისე ქენი, ნაწერში ღრმა აზრიც რომ გამოჩნდესო. სკრუპულოზური გოგოა რომი.

XV
ღრმა აზრი.

XVI
რომი დარდობს, შრომამ შექმნა ადამიანი და მერე ადამიანმა შექმნა ყველაფერი იმისათვის, რომ აღარ ეშრომაო. სხვებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, თორემ ჩვენ კი ვმუშაობთ ორივე. მე - ჩემს რომანზე, ის - თავის ახალ ინსტალაციაზე, „ტერაკოტულ გამოფენაზე“ რომ უნდა გაიტანოს. „ტერაკოტა“ რაღაცით ტარაკნებსა და ტერმიტებს მაგონებს. მომდევნო რომანს, ალბათ, მაგათზე დავწერ და ბოლოში ყველას დავხოცავ. მეზიზღებიან... ტერმიტები.

XVII – XVIII
რომიც ამბობს, „ერთი თავი კარგია, ორი - უკეთესიო“, ამიტომ ზოგჯერ ერთადაც ვშრომობთ. ის რომანის დასკვნითი, მეხუთე სტრიქონის დახვეწაში მეხმარება, მე - ინსტალაციის იდეის განვითარებაში.
ნამუშევარს ისევ არ მაჩვენებს. ალბათ, შედევრია.

XIX
რომი მირჩევს, სადმე ისიც ახსენე, რომ „წვიმს და ფანჯარასთან მჯდარი სევდიანი გოგო, მინაზე წვიმის წვეთის ბილიკს ამღვრეული მზერით მიუყვება“, ან რომ „შენი ფეხისგულები ისეთი დაღარულია, როგორც უდაბნოს გამოფიტული მიწაო.“ დიდი კი არაფერი, მაგრამ მოსწონთო. მეც ვპირდები, ვეცდები მეცხრამეტე თავში სადმე ჩავსვა - მეთქი.

XX
რომი ამბობს, რასაც ახლა ვკითხულობ, მგონი, ამ რომანში ორი პერსონაჟიც ნამეტანია, ერთი უნდა მოკვდესო. მე რატომ - მეთქი, წინასწარ მიკვირს. ჯერ ერთი, მთელი რომანი ჩემი ფრაზებით გაქვს აგებული და მერე მეორეც - დარვინის თეორიაა ასეთი, ბუნებრივი გადარჩევის გზით, უძლიერესი უნდა გადარჩესო.
მე მიხარია, დარვინის სახით მესამე პერსონაჟიც რომ ჩნდება და ვთავაზობ - თუ მაინცდამაინც მოკვლაა, ბარემ ეგ დარვინი მოვკლათ - მეთქი. რომი მეუბნება - ეგ უკვე დიდი ხნის მკვდარია და ნუ მაიმუნობო.
მერე თითს ბოლო აბზაცისკენ იშვერს და სამ თავს მაძლევს ვადას იმისათვის, რომ რომანიდან გავქრე.

XXI
ამასობაში რასაც ვწერდი, ის კი დავამთავრე:
„ღმერთი თუ არსებობს, ამდენი შრომა აღარ დამჭირდებოდა“, - ფიქრობდა ჭიანჭველა და შაქრის ნატეხს მიათრევდა - „რა მოხდება, რომ ერთხელ საკვები თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური ჩვენი არსობისა.“
ზემოდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო. „დედა, პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ“, - მხოლოდ ესღა მოესმა მწერს, გადაბრუნდა და მოკვდა.“

XXII
რომიმაც დაასრულა ინსტალაცია - „მაჰათმა განდი ისვენებს“. 28-ე ნომრად გაიტანეს გამოფენაზე.
თუმცა, იქ მისულს პედესტალი აბსოლუტურად ცარიელი დამხვდა. „მაჰათმა განდი სად არის“ - მეთქი, გამიკვირდა და „გასულია, ისვენებსო“. „მოიცადე, მთელი ეს თვეები ამ სიცარიელეს ქმნიდი“ - მეთქი და გაბრაზდა - „იდიოტო, მთელი სული ჩავდე ამ ინსტალაციის შექმნაში. ეს სიცარიელე კი არა, იმის სიმბოლოა, რომ შეუძლებელია ოდესმე მსოფლიოში აბსოლუტური მშვიდობა დამყარდესო.“ ვუყურე ცარიელ პედესტალს, ვუყურე და შემთხვევით შემოფრენილი თავადური გვარის კოღოს გარდა, ვერაფერი რომ ვერ შევამჩნიე, არამხოლოდ გამოფენიდან, კინაღამ რომანიდანაც წამოვედი.

XXIII
რომი ამბობს, აღარაფერს ვიტყვიო.

XXIV
- რომ...
პასუხი არ არის.
- რომ...
პასუხი არ არის.
- რომ...
სად დამეკარგე, მართლაცდა რომ.

XXV
რომი მემუქრება, გადასცდა უკვე დათქმულ ვადას, სასწრაფოდ წადი ამ რომანიდან, თორემ იცოდე, ბოლო კვანძსაც მე გავხსნიო...
ორივე ვდუმვართ. სიჩუმეა.
- ბუზის გაფრენის ხმა რატომ არ ისმის? - მეთქი, მიკვირს.
- ალბათ, იმიტომ, რომ წეღან ჩავარდა შენს ბორშში და იქ ჩაიხრჩოო, - მიღიმის რომი - თითქოს „სისხლის გუბეში ცურავდა, როგორც ფარაონი რამზესი, წითელმა ზღვამ რომ უნდა შთანთქასო...“
მაინც დამასწრო.

XXVI
წასვლა გადავწყვიტე. „ოცდამეშვიდეს კი ვხედავ, მაგრამ ოცდამერვე თავი სად გაქრა“ - მეთქი, რომის ვეკითხები. „სადაც დადე იქ იქნება. შენი ამბავი რომ ვიცი, სადმე რომანის თავში მიაგდებდიო“, - მპასუხობს. ირონიული გოგოა რომი.
ისე, რა მინდოდა. მეცხოვრა „ტკბილად და ბედნიერად“. მოვინდომე აქ ზღაპრული სტანდარტების მსხვრევა. კარგია, რომ ამ რომანში კიდევ მეთქმის რაღაც სიტყვა და შემიძლია, კალმის ერთი მოსმით ყველაფერი უკან დავაბრუნო.
ოცდამერვე თავიც იქვე ყოფილა...

XXVII
„მე ჩემს ისტორიას უჩვეულოდ გიამბობთ. ანუ, დავიწყებ იქიდან, სადაც სხვები ამთავრებენ.
და ცხოვრობდნენ ისინი, ტკბილად და ბედნიერად...“


ბმული:
* https://www.tsu.ge/ge/mainnews/kHftNhVqgDKIEWrtW/?p=5
* https://www.tsu.ge/data/file_db/PR/XXVIII%20wertili.pdf


Exclamation


„ამ რომანში ყველა კვდება“ - წიგნის ავტორი, ბექა ადამაშვილი „ახალ დღეში“

Georgian Broadcaster
Published on Nov 14, 2018

„ამ რომანში ყველა კვდება“ - კარგი, ცუდი და ბოროტი. სამი ამბავი ერთ რომანში, რომელშიც ყველა იხოცება. წიგნის ავტორი ბექა ადამაშვილი სტუმრად ახალ დღეში.

study


Last edited by Admin on Thu May 23, 2019 1:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 11:26 am

ბექა ადამაშვილი Adamashvili-620x388

Beka Adamashvili

geboren: 1990 in Tiflis (andere Schreibweise: Tbilissi, Georgien)
georgischer Drehbuchautor und Schriftsteller

Titel ist Programm

Nach seinem Schulabschluss studierte Beka Adamaschwili (auch diese Schreibweise ist im Deutschen möglich) Journalismus und Sozialwissenschaften an der Kaukasus Universität in Tiflis. Bereits früh begann er Kurzgeschichten für Magazine und Zeitungen zu schreiben, sie wurden teilweise in Literaturzeitschriften wie „Tsiskari“ und „Aneuli“ veröffentlicht, die Geschichte „Regentropfen“ wurde in ein Handbuch der der Chemieschule aufgenommen.1aa Auch als Blogger machte er sich zwischen 2009 und 2013 einen Namen, gewann dafür etliche Wettbewerbe.1ab Seine Beiträge waren satirisch-humoristisch, womit er die Aufmerksamkeit auf sich zog. 2013 nahm er mit der Kurzgeschichte „XXVIII: The Point“ am literarischen Wettbewerb Herbstlegende teil und gewann den ersten Platz.1ac
Darüber hinaus arbeitete er als Drehbuchautor für die populäre georgische Satire-Show „Vasiko Odishvili Daily News“.1ad Heute ist er Texter bei Leavingstone, einer der größten Werbeagenturen in Georgien.


Debütroman „Bestseller“
Sein Debütroman „Bestseller“ erschien 2014 in Georgien, dort wurde der Buchtitel schnell Realität. Das Genre beschreibt der georgische Verlag humorvoll als „satirisch-parodierend-detektivisch-kopfzerbrecherischfantastisch-fantasierend“. Der Roman erzählt von einer „literarischen Hölle“, in der berühmte Schriftsteller mit den Dingen gequält werden, die sie vor ihrem Ableben ihren Lesern abverlangten. Er stand auf der Shortlist für den besten Roman beim renommierten georgischen Literaturpreis SABA und dem Tsinandali-Preis. „„Bestseller“ ist eine Literaturbetriebspersiflage, die auch die großen Schriftsteller der Weltliteratur mit ihren Eigenheiten aufs Korn nimmt.“

MEHR ZUM THEMA:
> Literaturpreis: Bertolt-Brecht-Preis 2018 geht an die Autorin Nino Haratischwili
> Speaking-Corner: Georgia – Made by Characters
> Essay: Nino Haratischwili: Was ist Georgien?
Auf der Verlagsseite von Voland & Quist heißt es: 2a

„Pierre Sonnage, ein erfolgloser Schriftsteller, sieht seine einzige Chance auf Ruhm im Selbstmord und springt kurzerhand von einem Wolkenkratzer. Doch statt im Bestsellerhimmel landet er in der Literatenhölle. Hier trifft er nicht nur auf Dante, Kafka, Hemingway und all die anderen VIPs, sondern muss sich Rätseln stellen, so überfrachtet und verschlüsselt, wie er sie nur aus seinen eigenen Romanen kennt. Eine irrwitzige Reise beginnt.“

Das Aufbauhaus kommentiert den Roman mit folgenden Worten: 3a

„Man stelle sich vor, es gäbe eine »Literarische Hölle« – einen Ort, wo Schriftsteller mit den Dingen gequält werden, mit denen sie vor ihrem Ableben ihre Leser quälten, wo Orwell von einem TV-Sender namens Big Brother’s Channel ausstrahlt, wo man in Shakespeares Hotel Hothello absteigen kann, wo einem Conan Doyle beim Entschlüsseln von Symbolen hilft, wo de Saint-Exupery Mitglied der »Anonymen Selbstmörder« ist.“

© read MaryRead 2018


ბექა ადამაშვილი Adamaschwili_Bestseller

Beka Adamaschwili: Bestseller
Originaltitel:
Übersetzung aus dem Georgischen: Sybilla Heinze
Roman
gebunden
176 Seiten
Format (H x B x T): 205 x 146 x 18 mm
Gewicht: 327 g
erschien: 11.10.2017
Verlag: Voland & Quist
ISBN 978-3-86391-183-6
Preis: 18,00 € (D), 18,60 € (A)

E-Book (ePUB): 9,99 € (D, A)

27. Februar 2018

ბმული:
* http://www.read-maryread.de/index.php/biografie/beka-adamashvili_270243587051/
* https://www.amazon.de/Bestseller-Beka-Adamaschwili/dp/3863911830

Exclamation


Georigen will be Guest of Honour at the FBM 2018, what are you most looking forward to?

Georgia made by characters
Published on Nov 9, 2017

Beka Adamashvili, author of the novel "Bestseller" reveals what he is most looking forward to when Georgia will be the host country of the Frankfurter Buchmesse 2018.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 11:48 am

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ქართველი გამარჯვებული ბექა ადამაშვილი გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება და თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით.
შეგახსენებთ, კონკურსი ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით უკვე მეთერთმეტე წელია ხორციელდება და მასში საქართველო 2019 წელს პირველად ჩაერთო.

Exclamation

ბექა ადამაშვილი Beqa_a10
Beka Adamashvili photo by Nata Sopromadze

The European Union Prize for Literature (EUPL)
WINNING AUTHORS

Beka Adamashvili
Georgia, 2019

Famous Georgian blogger and advertising copywriter Beqa Adamashvili graduated from Caucasus University, faculty of journalism and social science. He made his literary debut in 2009 with short stories published on electronic platforms and with time his name became popular among young readers. In 2014 Adamashvili made his debut with the novel „Bestseller“ which eventually became a local bestseller.

Great sense of humor and deep knowledge of world literature combined with marketing and advertising skills makes Adamashvili’s prose hilarious and entertaining. He very often uses allusions from classic literature and sometimes even shifts the famous characters into his works.

Critics claim that Adamashvili is one of the most creative minded writers of contemporary Georgian literature. Apart from writing he works as creative director for Leavingstone - one of the most popular advertising companies which is a respected brand in Europe.

Winning book
პროლოგი
On day Mr. Memento Mori realizes that he is a character with the superpower of traveling into the books and decides to strike against the evil writers who sentence their characters to death. Mr. Mori persuades Romeo and Juliet that suicide is not a solution and in their adulthood they will remember these days with laughter. He goes to The Magic Mountain with a huge supply of penicillin. In reverse Mr. More pushes Professor Moriarty at Reichenbach Falls and kills him in order to save many other characters. But everything turns upside down when Mr. Mori discovers that in the book where he is the character the author decides to kill someone. He has no information about the victim so Mr. Mori gathers all the characters and with the help of H. G. Wells’s time-machine starts a journey to different epochs. As time changes, the genres vary so the power of the author becomes limited outside the post-modern world. Mr. Mori knows it and selects the direction where the characters have bigger chance to survive.


Publishing house

Email Address:
info@sulakauri.ge
Phone No.:
+995 322 91 09 54
Organisation:
Bakur Sulakauri Publishing LTD
Website:
https://www.sulakauri.ge



Agent/Rights director

Phone No.:
+995598158182
Email Address:
michael@sulakauri.ge
Represenative:
Mikheil Tsikhelashvili


Escerpt

სიკვდილმა მაღვიძარა ოთხ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე დააყენა.
რაც ინსომნია დაუძინებელ მტრად ექცა, ყველაფერს ითვლიდა. ჯერ - ცხვრებს (ათი ათას ას ათი!), მერე - თეთრად გათენებულ ღამეებს (შვიდი ათას შვიდას შვიდი!), მერე ცხვრებისა და თეთრად გათენებული ღამეების თვლისას დახარჯული წამების რაოდენობას (თვრამეტი ათას სამი!), მერე ცხვრებისა და თეთრად გათენებული ღამეების თვლისას დახარჯული წამების თვლისას დახარჯული წამების რაოდენობას... რა დროსაც მიხვდა, რომ რაღაცების უაზროდ თვლის გარდა, ჩაძინების კიდევ ექვსას ოცი (!) მეთოდი არსებობს და გადაწყვიტა, სხვა ხერხი ეღონა.
ჯერ იფიქრა, არაფერზე ვიფიქრებო, მაგრამ იქვე დაფიქრდა, ისიც ხომ ფიქრია, იმაზე რომ ფიქრობ, რომ არაფერზე უნდა იფიქროო და თავის ქალა ასტკივდა. მერე პრუსტის რომელიღაც ტომი გადმოიღო, იქნებ მოწყენილობისგან ჩამეძინოსო, მაგრამ პრუსტზე დროის დაკარგვა მალევე დაენანა. არც ყველა უსამართლობაზე თვალის დახუჭვამ გაჭრა და არც - ტოკიოს სატელეფონო წიგნების ტომეულის საჯაროდ წარდგენის წარმოდგენამ. ბოლოს მაჯის ძვლები და თითების ფალანგები ჩაიქნია, აბა ეშმაკმა რაღა უნდა თქვასო და ძილის მოლოდინში, მოპირდაპირე კედელს მიაშტერდა...
...მოპირდაპირე კედელი სიკვდილის მყუდრო, მაგრამ უსიცოცხლო კაბინეტის ნაწილს წარმოადგენდა. კედლის მარცხენა მხარეს კარი იყო, კარზე - უზარმაზარი პოსტერი, პოსტერზე - ჯიმ მორისონი - მისი ფავორიტი სოლისტი და ჯერ კიდევ შესავსები კოლექციის ერთ-ერთი ღირსეული წევრი. კოლექციაში სულ ოცდაშვიდი უნიკალური ექსპონატი უნდა შესულიყო, რის შემდეგაც სიკვდილი ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ჯგუფის შექმნას გეგმავდა. მყვირალა სახელების მქონე არანაკლებ მყვირალა შემსრულებლებითა და სხვადასხვა ეპოქის ჰიტების სიქველებით. მაგალითად, როგორიც იქნებოდა - “Also Like, Haha and Wow” ან „Five more months, Please” . თუმცა, ძვირფასი ექსპონატების შესარჩევად იუველირული სიზუსტე იყო საჭირო, რადგან კოლექციაში მოხვედრის მსურველთა მზარდი რიცხვი მომავალი ბენდის ხარისხს საფრთხეს უქმნიდა.
იქვე, კუთხესთან, სადაც პირველი კედელი მეორეს ხვდებოდა, უამრავი (რვა ათას შვიდას ორმოცდახუთი!) არაჩვეულებრივი ფოტოს გამოფენა იწყებოდა. ფოტოებზე თავად იყო გამოსახული. მისი რეზიუმე. სამუშაოზე გამოცხადებული სიკვდილის ერთგვარი ქრონიკა. კანტებზე კანტიკუნტად მიწერილი რემარკებით, რომელთა მეშვეობითაც იდეალურად იყო აღწერილი მთელი მისი ისტორია - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა:


მესამე კედელზე უზარმაზარი ცელი ეკიდა. დიაგონალურად. ორ ლურსმანზე. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ სიკვდილი მას უკვე ნაკლებად იყენებდა. უმეტესად - სელფის ჯოხად და ისიც - იმის გამო, რომ ყველგან ცელით ხატავდნენ. ის კი კაცობრიობის ამგვარ შეხედულებას ხათრს ვერ უტეხდა. კაცმა რომ თქვას, პატარა აღარ ეთქმოდა და ყველაფერზე ცელით წანწალი უკვე თვითონაც ესიკვდილებოდა. სამაგიეროდ, კურსორი ჰქონდა ცელის ფორმის. „ატროპოსის“ ფირმის სპეციალურ მოწყობილობაზე, სადაც „კაცობრიობის“ ერთ უზარმაზარ საერთო საქაღალდეში უთვალავი (შვიდი ათას ოთხას ოცი!) ქვესაქაღალდე („ომი“, „კატაკლიზმა“, „ავადმყოფობა“, „უბედური შემთხვევა“, „სიბერე“, „ტერორიზმი“, „ჯვარზე გაკვრა“, „დარვინის პრემია“ თუ სხვა) და შვიდი მილიარდ რვაასი მილიონ ხუთასი ათას სამას ოცი (ურცხვი ურიცხვი რიცხვი!!!) ფაილი იყო გაერთიანებული. სიკვდილის საქმეს კი მუდმივად განახლებადი ფაილების ქვესაქაღალდეებში გადანაწილება და პერიოდულად მათი წმინდად წმენდა წარმოადგენდა.
„ატროპოსის“ თავზე თაროები მოჩანდა, რომელთა ძირითადი ნაწილი ტერი პრეჩეტის წიგნებით იყო შევსებული. სიკვდილის აზრით, პრეჩეტი დაუვიწყარ წიგნებს წერდა იქამდე, ვიდრე მისი „ალცჰაიმერის“ ქვესაქაღალდეში ჩაგდება მოუწევდა. ნაკლები ოსტატობით არც სხვა რომანები იყო შესრულებული. თაროებზე ასევე ეწყო მანი, ზუზაკი, სარამაგუ, კრისტი... მოკლედ, ყველა, ვინც უკვდავების მოპოვებას სიკვდილზე წერით ცდილობდა და მისივე ნარცისული ბიბლიოთეკის გამოცოცხლებას უწყობდა ხელს.
...სიკვდილმა კედელს მიშტერებული თვალის ფოსოები ცერა და საჩვენებელი თითების ფალანგებით ამოისრისა. მისი უძილობა მთლიანად ფსიქოლოგიური ფაქტორებით იყო განპირობებული. ეშინოდა, დაღლილობისაგან ისე არ ჩასძინებოდა, რომ მაღვიძარას ვერაფერი გაეწყო. „დღე საც, და მერე აუცილებლად მივალ ფსიქოლოგთან“, – გაიფიქრა. ბოლო ფსიქოლოგი, რომელსაც კარზე მიადგა, ფროიდი იყო. ოცდაცხრამეტში. თუმცა, ეს უფრო სამუშაო ვიზიტი გახლდათ, რადგან ფაილი „Sigmund Freud – 1856“ დიდი ხანია „მძიმე ავადმყოფობის“ ქვესაქაღალდეში ეგდო და ფსიქოლოგიც ამჯერად უკვე თავად იწვა დივანზე. „არა უშავს. მაგას ძილზე საუბარი ბევრად უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე უძილობაზე“, – თავის ქალა დაიმშვიდა სიკვდილმა და იქვე გაახსენდა, რომ მისი ინსომნია ფროიდამდე ბევრად ადრე დაიწყო. კერძოდ, იმ რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, როცა განსაკუთრებით ფხიზლად უნდა ყოფილიყო. მას კი ჩაეძინა და ამის გამო, მსოფლიოს ისტორია რადიკალურად შეიცვალა:
ალოიზი ღამით, სექსის დროს უნდა მომკვდარიყო. აუცილებლად. უსიკვდილოდ. სხვა შემთხვევაში, ექსპერიმენტი არასწორი გზით წავიდოდა და სიკვდილს მოუწევდა, მკაცრად ეგო პასუხი საკუთარი შემქმნელების წინაშე.
იმ საღამოს ალოიზიმ სულის გარდა ყველაფერი დალია. იმდენად მთვრალი იყო, ერთი თითი ჯერ ორად ეჩვენებოდა, ის ორი – ოთხად, ოთხი – რვად, რასაც ისეთი ანატომიური ანომალია მოსდევდა, რომ იძულებული ხდებოდა, თვალები დაეხუჭა და თავის მსუბუქი გაქნევით რეალობაში დაბრუნებულიყო. ამავე მიზეზის გამო, შინ მისულმა ალოიზიმ, თექვსმეტიდან ერთი რეალური კარის პოვნის შემდეგ, ჯერ კლარა შენიშნა, შემდეგ – ორი კლარა, შემდეგ – ოთხი, შემდეგ – რვა, რის შემდეგაც თვალები დახუჭა, თავი მსუბუქად გააქნია და სანამ ის ერთი კლარა ისევ გამრავლდებოდა, გასამრავლებლად საძინებლისკენ წაიყვანა.
სექსი არ გახლდათ ისეთი, რომანტიკულ ფილმებში რომ ხატავენ. იყო ისეთი, როგორსაც დოკუმენტურ ფილმებში აჩვენებენ. კერძოდ, Animal Planets-ზე. ალოიზი ქშენდა, როგორც ბაქანზე შემომავალი ლუმიერების მატარებელი და კლარა იყო უტყვი, როგორც ლუმიერებისავე კინო.
სწორედ ამ დროს უნდა ყოფილიყო საგულდაგულოდ დაგეგმილი გულის შეტევა.
თუმცა, სიკვდილს ჩაეძინა.
საბედისწეროდ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ალოიზიმ თავისი საქმე გაათავა და მცირე ხვნეშის აკომპანემენტით, კლარადან საწოლზე გადაწვა. ერთი შეხედვით, სხვა ათასი ღამის მსგავსად, ეს ღამეც არაზღაპრული უნდა ყოფილიყო, მაგ - რამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – პატარა ადოლფმა კონკურენტები ადვილად დაამარცხა და დედის კვერცხუჯრედისაკენ ელვის სისწრაფით დაიძრა...
...უსიამოვნო მოგონებამ სიკვდილს არა მხოლოდ ძილის, ძილზე ფიქრის სურვილიც კი გაუქრო. წამოდგა, ლაბადა გაიხადა და თავი სარკეში შეათვალიერა. „ცოტა მომატება არ მაწყენდა. ცარიელი ძვლები ვარ დარჩენილი“, – გაიფიქრა, მოსასხამი ელექტროსკამზე გადაკიდა და ნანატრ შვებულებაზე ჩაფიქრდა. უფრო ადრეც იმსახურებდა. ამდენი მილიონი წელი ისე გავიდა, ერთ დღესაც არ გაჩერებულა. „იმას რა ენაღვლება! კვირას მაინც ისვენებს“, – ჩაიბუზღუნა და სიბნელეში ვიღაც შენიშნა. ჰალუცინაციებიღა აკლდა! თითების ფალანგებით თვალის ფოსოები ამოიფშვნიტა და უკეთესად დააკვირდა. აღარავინ ჩანდა. დამშვიდდა, წამოწვა და ფიქრი განაგრძო. რა მალე გავიდა დრო. საუკუნის წინანდელივით ახსოვდა აბელი. მაშინ უბრალო სტაჟიორი იყო და სამსახურთან შეგუება უზომოდ უჭირდა. ჯერ მარტო მათუსალას რამდენი სდია... მერე ის საშინელი წვიმა. ორმოცი დღე შეუსვენებლად მუშაობდა, მაგრამ ერთმა ლოთმა დურგალმა მთელი შრომა წყალში ჩაუყარა. წყალზე „ტიტანიკი“ გაახსენდა. საშინლად ციოდა იმ ღამეს – სულ ძვალში ატანდა... ბრრრ... გააჟრჟოლა. თუმცა, სიცხეც არანაკლები ახსოვდა. ერთხელ ლონდონში ისე ცხელოდა, მტრისას, იწვოდა ყველაფერი! ცეცხლზე რატომღაც არქიმედე ამოუტივტივდა გონებაში. ცხელი აბაზანა... მარატთან ერთად... თბილი წყალი სასიამოვნოდ ელამუნება სხეულზე. თხემის ძვლიდან ტერფის ძვლებამდე ჟრუანტელმა დაუარა. მოეშვა.
„არ უნდა ჩამეძინოს!“ – ამის გაფიქრებაღა მოასწრო და ჩაეძინა.
ოთხი ხდებოდა
მეორე პროლოგი
ერთ დილას მემენტო მორიმ აღმოაჩინა, რომ პერსონაჟია და საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ სამი რამ ახსოვს:
1. ის, რომ უცნაური სახელი – „მემენტო მორი“ – ჰქვია;
2. ის, რომ პერსონაჟია;
3. ის, რომ საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ სამი რამ ახსოვს.
ასეთ დროს კი პერსონაჟობა ცოტა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირ პროლოგში არსაიდან ჩნდები. არც საკუთარი წარსული იცი, არც – მომავალი და აწმყოზეც იმდენად ცოტა რამ გახსოვს, რომ სამი ფრაზა თავისუფლად გიტევს. გარშემო არაფერია. ფანჯარასთან თუ მიხვალ და გარეთ გაიხედავ, შეიძლება იქაც სრული სიცარიელე დაგხვდეს. ეგ კი არა, ვერც ფანჯარას შენიშნავ, სანამ ავტორი არ აღწერს, რომ ოთახს, რომელშიც შენ იმყოფები, ოთხი ფართო სარკმელი აქვს, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება კლდის პირას მდებარე ჭვავის ყანებზე, რომ ეს სივრცე განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომის მიწურულს, როცა ხეთა ტოტები გიგანტურ ფუნჯებს ემსგავსება, ფოთლები კი – საღებავებს, რომ ერთ რამედ ღირს სამხრეთის ფანჯრიდან მიმინოტავრების ან დიკოპოტამების გადაფრენის ცქერა და ასე დაუსრულებლად. ერთი ისაა, მემენტო მორი ფანჯარასთან არ მივა, რადგან ბუნების აღწერა არაბუნებრივად ეჩვენება. საერთოდაც, იგი ფიქრობს, რომ ერთი ცოცხალი ხე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტყეების აღმწერი ის მრავალი გვერდი, რომლისთვისაც ეს ხე მოიჭრა. თუმცა, მემენტო მორიმ ჯერ ისიც კი არ იცის, რა იცის, გარდა იმისა, რაც აქამდე მასზე ითქვა ან ამის შემდეგ მასზე დაიწერება.
ერთი კია, მისგან განსხვავებით, პერსონაჟთა უმეტესობა ვერასოდეს იაზრებს, რომ პერსონაჟია და რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება – თუნდაც ის, ვახშმად რა უნდა მიირთვან – სულ სხვა ადამიანის თავში იხარშება. ამგვარი გულუბრყვილობა გასაკვირი სულაც არ არის. წარმოიდგინეთ, ერთხელ თქვენთანაც რომ მოვიდეს უცხო ადამიანი და მტკიცე ტონით გითხრათ – დედამიწა სინამდვილეში კოკოშანზე მცხოვრები ავტორის ერთ წიგნში არსებული გამოგონილი პლანეტაა და რეალურად არც თქვენ არსებობთო, – დაიჯერებთ? ცხადია, არა.
მემენტო მორიმ კი ჯერ აღმოაჩინა და შემდეგ დაიჯერა, რომ პერსონაჟია. სამყაროში, სადაც ადამიანი ძილში დიდ მწერად შეიძლება გადაიქცეს და ორ ფეხზე მოსიარულე შავ კატას, რაღაც ეშმაკობით, ტრამვაიზე ჩამოკიდებულს შეუძლია იმგზავროს, არაფერია შეუძლებელი. „თუმცა, – ფიქრობს მემენტო მორი, – თუ პერსონაჟთა ფიქრებს ყოველთვის ავტორი წარმართავს, მაშინ იქნებ ისიც ავტორის გადაწყვეტილებაა, რომ მე დამოუკიდებლად მოქმედების ილუზია შემექმნას და, შესაბამისად, ეს აზრიც ამგვარი პერსონაჟის უაზრობაზე, სწორედ ავტორის შთაგონებული გამოდის…“ არადა, რა დროს ასეთ წვრილმანებზე დარდია, როცა პერსონაჟობის გათავისებით უდიდეს ლიტერატურულ ძალაუფლებას იძენ: შეგიძლია, მწერალს მისივე გმირები აუმხედრო, ავტორისეული სიტყვები გააბიაბრუო („იურული პერიოდის შემდეგ ამ ზმნას კიდევ თუ ვინმე იყენებდა, არ მეგონა“) ან სულაც წიგნებში იმოგზაურო. ჰოდა, ვინ ფიქრობს ასეთ დროს იმაზე, ავტორის ხელდასხმით ხდება ეს ყველაფერი თუ ხელაღებით? არავინ! არც მემენტო მორი იფიქრებს. ავტორი მოკვდა. ვინც ეგ თქვა, ისიც მოკვდა. გაუმარჯოს ახალ პერსონაჟს!

* * *
სამი ფიფქი ერთგვარი შემცვლელია ფრაზისა „გამოხდა ხანი“. ანუ, იმ ერთ არასრულ სტრიქონში, ამ აბზაცის დასაწყისს წინა აბზაცის დასასრულისგან რომ გამოყოფს, მემენტო მორის ცხოვრებაში უჩვეულო არაფერი მომხდარა. ძირითადად, ჭამდა ან ეძინა. და ვინაიდან აღარავინ კითხულობს ამბებს მაძღარ მძინარა პერსონაჟებზე, მემენტო მორიმ გადაწყვიტა, „წონა“ და „წოლა“ რამე უფრო წონიანი მიზნით ჩაენაცვლებინა. სხვა თუ არაფერი, ის უჩვეულო სუპერძალას ფლობდა. სუპერძალა კი მის გამოუყენებლად, იგივეა, საკუთარი Wi-Fi-ს პაროლი რომ დაგავიწყდეს. მით უფრო იმ სამყაროში, სადაც ბოროტი ავტორები ბოგინებენ და საკუთარ პერსონაჟებს კალმის ერთი მოსმით ხოცავენ. ასეთ უსამართლო სივრცეს უდავოდ სჭირდება ერთი სუპერგმირი – სუპერმენტო! მემენტომორიმენი!! ტერმიმენტომორი!!!...
ან მოდი, ისევ მემენტო მორი იყოს.
რამდენიმე წელს (რომელიც, თითქოსდა ბევრი ჩანს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ცამეტ ასოში შეიძლება ჩაეტიოს) ყველანაირი ტიპის ლიტერატურას ეცნობოდა. „დასასრულის განცდით“ დაწყებული, „მოკლე მოთხრობებით“ გაგრძელებული და „დაუსრულებელი ამბით“ დასრულებული. მერე უკვე ამ წიგნებში მოგზაურობასა და პროტაგონისტების გადარჩენასაც შეუდგა. ხან რომეოსა და ჯულიეტას არწმუნებდა, რომ ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა არ იყო საჭირო და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებდნენ, ხან ოსტაპ ბენდერს უწევდა პირველად დახმარებას, სანამ იპოლიტ მატვეევიჩი მდინარეში იხრჩობოდა (ბოლივარი ორს ვერ ზიდავს), ხანაც – მოგვიანებით შექმნილი ჯადოსნური პენიცილინით დატვირთული, ფარულად დავოსის ერთ სანატორიუმს ეწვეოდა ხოლმე. ზოგჯერ ახერხებდა, ავტორებზე გამარჯვება ეზეიმა, ზოგჯერ წიგნის სისქე აბრკოლებდა და, სანამ ტრაგედიის გვერდამდე მიაღწევდა, მთავარი გმირის მატარებელი უკვე ჩავლილი იყო. ერთხანს „ომსა და მშვიდობაშიც“ სცადა ბედი, მაგრამ ფარ-ხმალი მალევე დაყარა. ვერც თვითმკვლელი ქალწულები გადაარჩინა და ვერც – ***Spoiler Alert*** . რა ექნა, თვითონ ერთი იყო, დანარჩენი პერსონაჟები – მილიონი. ყველას ვერ იხსნიდა და არც იყო საჭირო. მორიარტის საერთოდაც თავადვე ჰკრა ხელი რაიხენბახის ჩანჩქერზე და ჯერაც ვერ ივიწყებდა ჰოლმსის გაოგნებულ სახეს, რომლის მანქანასავით გამართული გონება ამ Deus Ex Machina-ის გამოჩენას ვერაფრით ხსნიდა.
თუმცა, მოდი, გულწრფელად ვთქვათ – დიდად საინტერესო არც წიგნებში მოგზაურობა აღმოჩნდა. ცხადია, ჭამა-ძილის უწყვეტ პროცესს ბევრად სჯობდა, მაგრამ რამდენიმე აბზაციც და ამდენი ლიტერატურული ალუზიით შეწუხებული მკითხველი ისეთი ხმაურითა და მძვინვარებით დახურავდა წიგნს, რომ მემენტო მორის გვერდებს შორის გასრესვა ნამდვილად არ ასცდებოდა. მკითხველის შესაჩერებლად ამბავი იყო საჭირო და სწორედ ამ დროს გააკეთა მემენტო მორიმ ის აღმოჩენა, რომლის მეშვეობითაც დამოკლეს მახვილი მარტივად აირიდა თავიდან – სანამ თვითონ სხვა რომანებზე იყო გადართული, საკუთარ წიგნში ვიღაცის მკვლელობა დაიგეგმა. ზუსტად ოთხ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე. პროლოგში ყველაფერი დეტალურად ეწერა, გარდა ერთისა:
ვინ უნდა მოეკლათ?


ბმული:
* http://www.euprizeliterature.eu/authors/beqa-adamashvili


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი EmptyThu May 23, 2019 1:25 pm

ბექა ადამაშვილი Beka_a13

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა

სააგენტო Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და მწერალი ბექა ადამაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. ის პირველი ქართველი ავტორია, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

გამარჯვებულის გამოვლენამდე, სპეციალურმა ჟიურიმ, აპრილში, კონკურსის ფინალისტები დაასახელა. შერჩეული 9 ავტორიდან, „შორტ ლისტში“ მხოლოდ სამი მოხვდა: ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ლუკა ბაქანიძე – „სად ხარ ლაზარე“ (გამომცემლობა პალიტრა L) და ივა ფეზუაშვილი – „ფსკერის სახარება“, (გამომცემლობა „ინტელექტი“).

„ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მოპოვება (თუკი გამოვტოვებთ იმ ნაწილს, რამდენად სასიხარულო ამბავია ეს ჩემთვის, რაც, ალბათ, ამ წინადადების გარეშეც ნათელი იქნებოდა) რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი: ეს ნიშნავს წიგნის პოპულარიზაციას მთელს ევროპაში, მონაწილეობას სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე, თარგმანს ან ნაწილობრივ თარგმანს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ზოგადად, დაინტერესებას (იმედია) ევროპული გამომცემლობების მხრიდან. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან პირველი გამარჯვებული აღმოვჩნდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, წელს, პირველად ჩაერთო კონკურსში“, – ამბობს ბექა ადამაშვილი.

კონკურსი, 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის თებერვალში გამოცხადდა, ორგანიზატორები კი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისია იყვნენ.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს, ვისაც უკვე გამოქვეყნებული აქვს ერთი ან რამდენიმე წიგნი, მაგრამ, ორგანიზატორების თქმით, სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველთა ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).

2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად ავტორები 14 ქვეყნიდან იბრძოდნენ: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. წელს, კონკურსში, საქართველო და უკრაინა პირველად მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პრემია უკვე მეთერთმეტე წელია, გაიცემა.

კონკურსის წესების მიხედვით, ყველა ქვეყანაში გამარჯვებული ადგილობრივმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოში, ნამუშევრები მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა, პოეტმა და მთარგმნელმა პაატა შამუგიამ და მწერალმა და მთარგმნელმა დათო ბარბაქაძემ შეაფასეს.

გამარჯვებული კონკურსანტები თოთხმეტსავე მონაწილე ქვეყანაში გამოვლინდა, თითოეული ჯილდოს სახით, 5 000 ევროს მიიღებს. მათი ტექსტები, ერთ კრებულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცემა.

22 May, 2019

ბმული:
* https://www.marketer.ge/prize-in-literature-2019-beqa-adamashvili/?fbclid=IwAR1B6-pxARVh3hZe7soiL4eqb9YarXyp-t2A-9FKTL-j7Tzp9P419vFCTPU


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბექა ადამაშვილი Empty
PostSubject: Re: ბექა ადამაშვილი   ბექა ადამაშვილი Empty

Back to top Go down
 
ბექა ადამაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: