არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ლელა კოდალაშვილი

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:15 pm

ლელა კოდალაშვილი 58f9d55206005[/url]
Lela Kodalashvili

ლელა კოდალაშვილი
მწერალი, კრიტიკოსი, დრამატურგი, ჟურნალისტი

დაიბადა 1979 წლის 3 მარტს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტეტები.
წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში: "საქართველო", "მაცნე", "ახალი ვერსია","ხვალინდელი დღე", "მთავარი გაზეთი", "25 საათი" კორესპონდენტად, განყოფილების რედაქტორად, რედაქტორის მოადგილედ, მთავარრედაქტორად. ბოლო ათი წელი მუშაობს ლიტერატურის სფეროში - პროზა, დრამატურგია და ლიტერატურული კრიტიკა; ჟურნალ "ახალი საუნჯის" თანამშრომელი. არის ორი წიგნის(მოთხრობებისა და პიესების კრებულების) ავტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" კონკურსი "ახალი ტალღა"

ბიბლიოგრაფია
* ცოლები გეგმავენ ღალატს : პიესები (ავტორი). - თბილისი, "საუნჯის" გამ-ბა და სტ., 2013. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-451-29-4
* არა, ვამბობ მე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2011. - 176გვ.. - ISBN: 978-9941-9149-2-8

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005440/
* http://book.gov.ge/en/author/kodalashvili-lela-/140



Měsíc autorského čtení / Authors’ Reading Month 2017: Lela Kodalašvili / ლელა კოდალაშვილი (Brno)

VĚTRNÉ MLÝNY
პირდაპირ ეთერში გავიდა 27 ივლ. 2017-ში

(c) Větrné mlýny, 2011 (27. 7. 2017)
(c) Authors’ Reading Month, 2017
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi (www.autorskecteni.cz)

Lela Kodalašvili
Spisovatelka, dramatička a literární kritička. Narozena v roce 1969, vystudovala žurnalistiku a filosofii na Státní univerzitě v Tbilisi a v současnosti působí jako redaktorka v gruzínském literárním časopise Akhali Saunje. Její dílo se objevilo v celé řadě gruzínských literárních periodik a hru Manželky se chystají zradit uvedlo Národní divadlo Šoty Rustaveliho v Tbilisi. Účastní se projektu Živé knihy, organizovaného gruzínským Ministerstvem kultury a ochrany památek. V letošním roce byla také pozvána, aby přednesla příspěvek o post-sovětské gruzínské literární tvorbě na konferenci organizované Národním institutem pro orientální jazyky a civilizace v Paříži. Její povídky, hry a básně byly přeloženy do ruštiny, angličtiny, francouzštiny, češtiny, polštiny, slovenštiny a ukrajinštiny. Autorka své postavy „tvaruje odvážně a s mistrným umem. Odhaluje emoce a pojmenovává bolestivé pocity, které se buď táhnou časem, nebo se v krátkých okamžicích hrnou na jedno místo“.

Lela Kodalashvili
Born in 1969, Lela Kodalashvili is a contemporary Georgian writer, playwright and literary critic. She holds a master’s degree in journalism and philosophy from Tbilisi State University, and is currently a style editor for the Georgian literary journal Akhali Saunje. Her publications have appeared in number of Georgian literary journals and newspapers, and her play Wives Plan to Betray was staged at the Rustaveli National Theatre in Tbilisi. She takes part in Live Books, a project organized by the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, and was invited to the Authors’ Reading Month literary festival in Czech Republic, Slovakia, Poland and Ukraine. In 2017, she is invited to read a report about Georgian post-soviet literature at a conference organized by the National Institute for Oriental Languages and Civilizations in Paris, France. Her short stories, plays and poems have been translated into Russian, English, French, Czech, Polish, Slovak, and Ukrainian. Lela ‘moulds characters bravely, with mastery. She bares emotions and names painful feelings that spread through time or pile up in shorter periods.’

ლელა კოდალაშვილი
მწერალი, დრამატურგი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი დაიბადა 1969 წელს. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ფილოსოფიის ფაკულტეტები. ამჟამად არის ლიტერატურული ჟურნალის, ,,ახალი საუნჯე’’ ერთ-ერთი რედაქტორი. მისი პუბლიკაციები დაბეჭდილია რიგ ქართულ ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში. მისი პიესა ,,ცოლები გეგმავენ ღალატს’’ წარმატებით დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. 2017 წელს ავტორი მიწვეულია პარიზში „ორიენტალური ენების და ცივილიზაციების ნაციონალური
ინსტიტუტის“ კონფერენციაზე, პოსტ-საბჭოთა ლიტერატურის შესახებ მოხსენების წასაკითხად. მისი მოთხრობები, პიესები და ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ, სლოვაკურ და უკრაინულ ენებზე. ლელა „თამამად და ოსტატობით ძერწავს პერსონაჟებს, აშიშვლებს გრძნობებს, სახელს არქმევს დროში განფენილ და მჭიდროდ შეკრულ ტკივილიან განცდებს.”

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:19 pm

ლელა კოდალაშვილი

ალმანახი ,,თაობები” და ბოლო წლების ლიტერატურული კლიმატი საქართველოში

ის, რომ ბოლო წლებში ლიტერატურის მეცენატობა კარგ ტონად ითვლება, ის, რომ ამ საქმიანობას ბუნებრივად ებმის მისი რეკლამირება, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, საზოგადოებას ადექვატურ მოთხოვნილებებს უყალიბებს. ანუ პიარის ჯადოქრული შესაძლებლობა ეფექტურად მხოლოდ გასასაღებელ მედიკამენტებზე, პროდუქტებზე ან რესტორნების ქსელზე კი არ მუშაობს, არამედ ადამიანის მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე, სულიერ ფასეულობებზეც კი.
ამის კარგი მაგალითია ის, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დაწესებულმა კონკურსებმა, ინტერნეტ-სივრცეში გახსნილმა ელექტრონულმა საიტებმა და ა.შ. უფრო მეტად პოპულარული გახადა ლიტერატურა, ვიდრე თავად ავტორების ნიჭიერებამ. თუმცა აქ უნდა შეინიშნოს ერთი მომენტი – გნებავთ საბჭოთა და გნებავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ სფეროზე მოთხოვნა დაბალი სულაც არ იყო. ყველას ახსოვს ნაცნობობით მოპოვებული იშვიათი წიგნები, ანდა ტალონები, რომელსაც 20 კილო მაკულატურის ჩაბარების შემთხვევაში გაძლევდნენ. ასევე გვახსოვს ჟურნალების გამოწერა – თუ ვერ მოასწრებდი, მთელი წელი დარჩებოდი ,,ცისკრის”, მნათობის” , ჩვენი საუნჯის” ან ,,ლიტერატურული საქართველოს” გარეშე.
და მაინც, დღეს ლიტერატურას გაცილებით დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს სწორედ იმ რეკლამის მეშვეობით, რომელზეც ზემოთ აღვნიშნე. ანუ ჭეშმარიტ მომთხოვნელთა რიგებს მიემატა ფსევდომომხმარებელი, რომელიც მხოლოდ გაპიარებულ წიგნს ყიდულობს, ანდა უბრალოდ დაინტერესებას მოდის ნორმად აღიქვამს. ამ კრიტერიუმების მოძალების გამო სივრცე გაივსო ფსევდო მწერლებით და მათი ფანებით. მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდამ დააგდო მისივე ხარისხი და ამას ავტომატურად მოჰყვა ლიტერატურის შემქმნელთა ხარისხის დაცემაც. დაბალი მოთხოვნილების მკითხველს ლიტერატურულ ბაზარზე დახვდა მისთვის შეუფერებელი ლიტერატურა და ამიტომ იქვე გაჩნდა ასეთივე დაბალ მოთხოვნილებებზე გათვლილი მწერალიც. კლასიკურ ეკონომიკაშიც კი მოთხოვნის ძირითადი კანონი ასეთია – რაც უფრო მაღალია ფასი, მით ნაკლებს ყიდულობ. თუ ჩვენს შემთხვევაში ცნება ,,ფასს” ცნება ,,ფასეულობად” გადმოვათამაშებთ, აღმოჩნდება, რომ მაღალი ფასეულობის მატარებელ ლიტერატურას ცოტა მომხმარებელი ჰყავს და პირიქით. ესე იგი, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას და ეს სავსებით ლოგიკურია.
დღევანდელი პერიოდიკა და ინტერნეტსივრცე სავსეა ისეთი მასალით, რომელსაც ვერანაირად, ვერც ერთი რბილი კრიტერიუმით ვერ შეაფასებ, როგორც ლიტერატურას. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მას უწოდო, ეს არის პირადი დღიურის (პროზა) ან ე.წ. საოჯახო პოეზიის ნიმუში.
რაკი ლიტერატურის კითხვა აუცილებელ და საჭირო შემეცნებად კი არა, გართობად მიიჩნევა ამგვარი მომხმარებლისთვის, ამის გამო ბევრს ჰგონია, რომ ლიტერატურის შექმნაც გართობაა, ჰობია და პროფესიონალიზმს ნაკლებად მოითხოვს. ამ სენმა კომპეტენტურ ლიტერატორებზეც იმოქმედა და ნებით თუ უნებლიედ ისინი ხშირად მთელი სერიოზულობით ეკიდებიან ამგვარი “ლიტერატურული” ტექსტების განხილვას.
საშუალო ლიტერატურული დონის ამ დაცემას დღევანდელი ვერც ერთი პერიოდული გამოცემა ვერ გაურბის და მეტ-ნაკლებად ყველა მათგანის ფურცლებზე გადააწყდებით საშინლად მდარე ხარისხის ტექსტებს სხვა პროფესიონალური და ფასეული ნაწარმოებების გვერდით.
ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც არათუ ვერ აცდა ფასეულისა და უხარისხოს გვერდიგვერდ დაბეჭდვის მომენტს, პირიქით, იმის ერთგვარ ნიმუშადაც კი იქცა, თუ რამხელა ფორმატი შეიძლება დაეთმოს ე.წ. ანტილიტერატურულ ტექსტებს, გახლავთ ალმანახი ,,თაობები”, რომლის ორი ნომერი თითო წლის შუალედით გამოიცა და რომელმაც ფაქტობრივად ზუსტად ასახა დღეს ამ სფეროში შექმნილი რეალური სურათი.
ერთი შეხედვით თითქოს უმადურებაა, მეჩხერი გამოცემების ფონზე ახალს ტაშით არ შევეგებოთ და კიდევ ერთ აგურად არ მივიჩნიოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეფასების კრიტერიუმებზე არ უნდა მოქმედებდეს და რაკი, ვთქვათ, ციხე-სიმაგრეებს ვეღარ ვაშენებთ, ქოხს ციხე არ უნდა ვუწოდოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ისიც ნაგებობაა. თუმცა, ვერსად წაუვალთ თავად ფაქტს – ქვეყანაში, სადაც ციხეებს თითქმის არ აშენებენ, ქოხის აგება მნიშვნელობას იძენს. ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
“თაობები” ზუსტად ასახავს იმ სტუაციას, რომელიც გააჩინა ფსევდომკითხველის მომრავლებამ და ამავე დროს შეინარჩუნა მაღალი მოთხოვნების მქონე კონტინგენტიც. ამის გამოა, რომ ამ ალმანახში როგორც პირველ, ასევე მეორე ნომერში, ერთმანეთის გვერდით დაიბეჭდა საშუალოდ ნიჭიერი მწერლიდან დაწყებული, ლიტერატურაში, როგორც გაუგებრობაში მოხვედრილი ავტორებით დამთავრებული. “საშუალოდ ნიჭიერი” იმიტომ ვთქვი, რომ გენიალური მწერლები სამწუხაროდ ამ თაობას არ გამოუჩენია ჯერჯერობით და ღმერთმა ქნას, რომ აღნიშნულთა შორის არა ერთი და ორი გაიზარდოს აქამდე.
ალბათ პირველ რიგში სწორედ ამ საეჭვო კონტინგენტის დაბეჭდვამ განაპირობა, რომ ეს ალმანახი პროფესიულმა ლიტერატურულმა წრეებმა არ ჩათვალეს მაინცდამაინც დიდი ყურადღების ღირსად და ამიტომ არ მოიხსენიეს არც ავად და არც კარგად. თუმცა კი, როგორც ფაქტი, აშკარად ცნეს, რისი დადასტურებაა მაგალითად, “15 საუკეთესოს” კრებულში ამ გამოცემიდან მოხვედრილი ნაწარმოები.
ის, რომ ალმანახი წელიწადში ერთხელ გამოდის, საკმარისზე მეტად აგდებს მის რეიტინგს და სანამ მეორე ნომერი მზადდება, წინა მივიწყებას არის მიცემული. გამოცემის უფრო ხშირი ტემპი თუნდაც ხარისხის იგივე მაჩვენებლით, შედარებით გაზრდიდა მის პოპულარობას.
პირველი ნომრების შედგენისას, ცხადია, შემდგენლებმა გაითვალისწინეს ინტერნეტსივრცის კონტინგენტი, სადაც უმრავლესობა სწორედ შეფასების მიღმა მდგომი კატეგორიის ავტორია, რომელთა შორის საეჭვოა, მომავალში მწერალი მივიღოთ.
მე ცხადია, თავს ვიკავებ, მოვახდინო დიფერენციაცია და ცალ-ცალკე ბანაკებად დავყო “თაობებში” გამოქვეყნებული ტექსტები, მაგრამ იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ მეორე ნომერში აშკარად უფრო მეტი რაოდენობის ფასეული ნაწარმოები დაიბეჭდა, ვიდრე პირველში. წეღან ვახსენე, რომ არაერთი ცნობილი და საინტერესო სახე გამოჩნდა აქ, მაგრამ ამ ავტორიტეტმაც ვერ ამოქაჩა ალმანახის რეპუტაცია. არადა, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რამდენიმე კარგ ავტორს განეპირობებინა გამოცემის ხარისხი და ალმანახის გამომცემლებს დამატებითი ტირაჟის დაბეჭდვაც კი დაჭირვებოდათ.
მაშ რა მოხდა? იქნებ ნიჭიერთა და უნიჭოთა რაოდენობრივი ბალანსი სხვა გამოცემებთან შედარებით, აქ უფრო მეტად დაირღვა? აბა, გადავხედოთ იმ პერიოდიკას, რომელიც დღეს ლიტერატურულ ნაწარმოებებს ბეჭდავს, მერე გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, როცა ყიდვისას სარჩევს თვალს გადავავლებთ, განა ბევრია ხოლმე ჩამონათვალში ისეთი ავტორი ან ნაწარმოები, რომელიც ხელს საფულისკენ გაგვაწვდევინებს? ცხადია – არა. ხშირად ერთ ან ორ გვარს თუ წავაწყდებით, რომლის ხათრითაც ვყიდულობთ ჟურნალს. აბა, “თაობებში” რა ხდება? ცხადია, რომ აქ დიდი დოზითაა თავმოყრილი ე.წ. “ხლამი” და მხოლოდ ალაგ-ალაგ – საინტერესო გვარ-სახელები. მაგრამ აკი აღვნიშნე – ხშირად ერთი გვარი გვიღირს იმად, რომ ძვირადღირებული გამოცემაც კი შევიძინოთ. “თაობებისადმი” საზოგადოების ნაკლები ინტერესის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ აქ წარმოდგენილმა ცნობილმა და მეტ-ნაკლებად პროფესიონალმა ავტორებმა, იმის გამო, რომ ალმანახი ჰონორარს არ გასცემდა, თან ცნობილი იყო, რომ უამრავ არაპროფესიონალსაც დაბეჭდავდა, არ გაიმეტა ახალი ნაწარმოებები და ალმანახში მიიტანა მანამდე (ზოგმა რამდენიმეგზის) გამოქვეყნებული ტექსტები. მაინც არავინ წაიკითხავსო, ალბათ უფრო ამ მოტივით, თორემ არც სხვა გამოცემების ჰონორარები უხეთქავს მათ ჯიბეებს. ყველასათვის ნაცნობი, ძველისძველი ნაწარმოებები კი ალმანახს ვერანაირ ხიბლს ვერ მისცემდა.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ “თაობებს” ჰყავდეს რედაქტორთა ჯგუფი ან მართვის რომელიმე კომპეტენტური ორგანო. საუკეთესო შემთხვევაში, ცხადია, უკეთესია რედაქტორთა რამდენიმეკაციანი შემადგენლობა, რათა ნაწარმოებთა შერჩევა არ მოხდეს ერთი ადამიანის სუბიექტური გემონებით და ეს ჯგუფი აუცილებლად პროფესიონალი ლიტერატორებისგან უნდა შედგეს, რომლებიც მიუხედავად იმისა, თავად ქმნიან თუ არა ღირებულ პროდუქტს, კომპეტენტური შემფასებლები არიან.
ჩემი აზრით, თუ შემდეგ ნომერზე რედკოლეგია იმუშავებს, რომელიც, არ ვამბობ რომ მკაცრი საზომებით, მაგრამ რამდენადმე მაინც მოახდენს ავტორთა დიფერენციაციას, რაც საშუალებას მისცემს გამოცემას, პროფესიულობის რაღაც დონეზე იქონიოს პრეტენზია და რამდენამდე გაუძლოს კრიტიკას, ვფიქრობ, ეს ჩანაფიქრი, უფრო სწორად ასეთი მიდგომა, გამოასწორებს სიტუაციას.
რაც შეეხება ახალი ავტორების აღმოჩენას… რა თქმა უნდა, ლიტერატურულ სივრცეში მეტ-ნაკლებად საინტერესო ავტორები პერმანენტულად ჩნდებიან. ამ პროცესზე დაკვირვების საშუალებას უმეტესად ინტერნეტ-საიტები იძლევა, რადგან პერიოდიკა ძირითადად მაინც ცნობილ სახეებს ბეჭდავს და ზოგიერთ რედაქტორს ძალიან უმძიმს ყველასათვის უცნობი გვარის გამოქვეყნება, თუ ეს რომელიმე ლიტერატურულმა ავტორიტეტმა არ ურჩია, რადგან თვითონ არ ყოფნის კომპეტენცია, შეარჩიოს მისაღები და მიუღებელი ავტორი. ასე რომ, “თაობების” მორიგი ნომრის შედგენასაც ისევ და ისევ პროფესიონალი რედკოლეგია შეძლებს, იგი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი დამწყები მწერლის ნაწარმოები გამოაქვეყნოს, დაინახავს მის ნიჭიერებას და პერსპექტიულობას. ცხადია, სიტუაცია ერთბაშად ვერ გამოსწორდება და ეს გამოცემა შემდეგი ნომრიდანვე ვერ იქცევა სერიოზულ განაცხადად ლიტსამყაროში. პირველი ნომრების უარყოფითი მხარეები ასე უცებ ვერ ლიკვიდირდება. თუმცა, შეცდომებზეც და გამოსავალზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკე. სწორი მიმართულება ალმანახ “თაობებს” მნიშვნელოვან და საჭირო გამოცემად ჩამოაყალიბებს, რაც ასე სჭირდება დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეს და მის ხარისხის ფარგლებში განვითარებას.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:23 pm

ლელა კოდალაშვილი

ვესაუბრები ზაზა თვარაძეს

ისე მოხდა, რომ ლიტერატურული კრიტიკა აქამდე მხოლოდ ცოცხალ, ჩემს თანამედროვე ავტორთა, ან საუკუნეების წინათ გარდაცვლილ კლასიკოსთა შემოქმედებაზე თუ დამიწერია. პირველ შემთხვევაში საკუთარ თავთან ცოტაოდენი ბრძოლა გიწევს - შენში გააქტიურებულ უხერხულობას იგნორირებას უკეთებ, ცდილობ, პირუთვნელი იყო და თავს იმშვიდებ, რომ ლიტერატურას ემსახურები და არა მწერალს. მეორე შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა – ავტორი საუკუნეების წინ მიებარა მიწას და, შესაბამისად, მის თვალებში ჩახედვისაც არ გერიდება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იწყებ მუშაობას.

მაგრამ როცა შოთა იათაშვილმა ზაზა თვარაძის წიგნად გამოსული პოემა, ,,მხიარული ლანდები” მრავალმნიშვნელოვნად მაჩუქა (მრავალმნიშვნელოვნად იმიტომ, რომ ალბათ გულისგულში ელოდა, რომ ამ პოემაზე დაწერის სურვილი გამიჩნდებოდა და არც მოუტყუებია ინტუიციას), როცა წავიკითხე და ჩემში ნაცნობი განცდა - ტექსტზე საუბრის სურვილი გამოიკვეთა, ერთბაშად ვიგრძენი, რომ რაღაცამ შემბოჭა - ზაზა ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა. სამწუხაროდ, ის სულ ახლახან – რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, და მე უკვე აღარ ვიცოდი, იმ ადამიანის შემოქმედებაზე, რომლის წასვლით გამოწვეული სიმძიმე ჯერაც არსებობს, რა უნდა მეთქვა, თუკი, ვთქვათ, კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა მომინდებოდა; ხომ არ იყო ეს უხერხული მაშინ, როცა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჯერ კიდევ არ გაგვნელებია...
ბოლოს ისევ ზაზას პოემა დამეხმარა. კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ვიგრძენი, რომ ამ თავიდან ბოლომდე კონვენციური ტექსტის ავტორმა მკითხველის სათქმელიც კი წინასწარ იცოდა. სწორედ ამის მერე მივხვდი მთავარს, რომ წერილი ზაზას მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის კი არა, თავად ზაზასთვის უნდა დამეწერა. სათქმელსაც ყველაზე უკეთ ის გაიგებდა და აღიქვამდა.
“მხიარული ლანდები” ზაზა თვარაძის დაუსრულებელი პოემაა, რომელიც მისმა მეუღლემ ზაზას გარდაცვალების შემდეგ დაალაგა, რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა.
მთელი ამ ასგვერდიანი ეკლექტიკური ნაწარმოების კითხვისას, პერიოდულად გიჩნდებათ მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ადგილას პოემა უნდა დასრულდეს, რადგან სათქმელი ითქვა, რადგან ტექსტში მოცემულმა “არეულობამ” ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მაგრამ პოემა გრძელდება და მისი რიტმი, მისი ჭრელი დეკლამაცია შენში აგრძელებს რევერბერაციას, გიყოლიებს, ავტორის დაუმთავრებელ სათქმელებს გახმოვანებინებს, ერთი სიტყვით, დამთავრების პირი არა და არ ჩნდება. რადგან ის ყველაფერი, რაც იქ არის მოთხრობილი, სიცოცხლიდან სიკვდილში და პირიქით - სიკვდილიდან სიცოცხლეში უსასრულო გადადინება-გადმოდინებაა, სადაც ავტორთან ერთად, ყველა ჩვენგანმა საკუთარი შეგრძნებები უნდა გადმოვცეთ. აი, სწორედ ამიტომაა ასეთი მიმზიდველი ეს ტექსტი, რომ პოეტი შენც ამ მოყოლილი ამბების თანამონაწილედ გაქცევს, გაიძულებს, რომ იზრუნო მასზე, ხელი არ გაუშვა, რადგან ის “წერტილის დასმას” აპირებს.
“დასვი წერტილი” - ეს მინირეფრენი მთელი ტექსტის მანძილზე ერთდროულად გამშვიდებს და სასოწარკვეთილებაშიც გაგდებს: მუდმივი მოლოდინი სუიციდურ რემინისცენციას, რაღაც ბუნდოვან ისტერიას იწვევს და ამავდროულად გამოსავალსაც გთავაზობს დასასრულის სახით.
თუკი ფიზიკაში ფორმულის მეშვეობით გამოვსახავთ ელექტრობას, სითბოსა თუ მიზიდულობას, ლიტერატურაში ეს რთულია და კიდევ უფრო რთულია ამ პოემაში. როგორ უნდა განვიხილოთ ტექსტი, რომელშიც ერთმანეთშია არეული ლიტერატურული და ყოფითი ენა, ფაბულური და ირეალურ-მხატვრული დრო-სივრცე... თავად ტერმინი “ყოფითი ენაც” არაა ერთმნიშვნელოვანი ცნება. ის თავის თავში მოიცავს სასაუბრო ლექსიკას, ძველ თუ ახალ ჟარგონს და ა.შ. ასეთ დროს ფიქრობ, სჭირდება თუ არა მკითხველს “შუამავალი”, რომელიც ამ ავტორთან უფრო მიაახლოებს, მის “არეულ-დარეულ” ტექსტს მოწესრიგებულად მიაწვდის და გზის გაგნებაში დაეხმარება? იქნებ ეს ის ნაწარმოებია, სადაც “დალაგება” ყველაფერს ,,არევს”, გააფუჭებს... მაგრამ ასეთ ფიქრებს არათუ ამ მცირე წერილის, არამედ მთელი ლიტერატურული ესეისტიკის უარყოფამდე მივყავართ, თუმცა კი, გამოსავალს ისევ ვპოულობთ: გზამკვლევის ფუნქციაც ისეთივე მრავალაზროვანი შეიძლება იყოს, როგორიც თავად ნაწარმოებია; მეტიც, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად შეიძლება მიუდგეს სიტყვას და მხოლოდ თავისთვის ნიშანდობლივი, ინტროვერტული შეგრძნების პროდუქტი – ახალი ნაწარმოები აღმოგვაჩენინოს.
პირველივე სტროფებიდან შემოდის ექსპრესიული პოეტური სამყარო - ერთი შეხედვით აბსურდულად გადაჯაჭვული მოვლენები; იკვეთება ავტორი, რომელიც არ ექვემდებარება ხელოვნების გამოხატვის ე. წ. კორექტულ ფორმებს და სახლიდან გაქცეული ცელქი ბავშვივით აწყდება სამყაროს უცნობ თუ ნაცნობ ბარიერებს. დრო მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ქრონოლოგიას მხოლოდ შინაგანი ლოგიკით ალაგებს. სტრიქონიდან სტრიქონში განსხვავებულ ნახტომებს აკეთებს, ხანდახან მათ შორის შემაერთებელ ხიდსაც კი ამტვრევს, თითქოს უნდა, რომ მკითხველი თავიდან მოიცილოს და მარტო დარჩეს. მისი მცდელობა ამაოა, რადგან გამოსავალს მაინც ვერსად ხედავს: “წერტილი-მეთქი! რაც ხარ, ეგა ხარ: შეუსრულებლის ვერშემსრულები!”
თითოეული სტროფი პრობლემიდან მოწყდომა და დიდ, გაურკვეველ სივრცეში გადაშვებაა, თითქოს უხილავი კარის გაღების სურვილი, მაგრამ ესეც ამაოდ. “ეს სხვა ხალხია, შენს სულ სხვას ეძებ,” ამბობს და მუდამ განხიბლული, მუდამ მოტყუებული რჩება.
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ პოემის სახით მივადექით რაღაც ისეთ მოვლენას, რომელიც გამორიცხავს ჩვენს რელატივიზმს, რადგან საქმე გვაქვს მეტ-ნაკლებად ურთიერთსაპირისპირო ესთეტიკურ კრიტერიუმთა მონაცვლეობასთან. განწყობილებები, თამაში ესთეტიკით, იუმორით, სარკაზმით, პათეტიკიდან სასოწარკვეთამდე, მერე კი უკან - ამ ყველაფრის ხელახლა გასავლელად და კიდევ ერთხელ სათქმელად პერიოდულად გაისმის: “დასვი წერტილი!” ამ სიტყვებს ავტორი ხან მეტისმეტი სიმკაცრით ამბობს და დაუნდობლად იჭრის რეალობას, ხან სასოწარკვეთილი, სუსტი და თავის თავში ჩაკეტილია. დროდადრო მისი პირქუში, დარდით დამძიმებული მეტყველება პოეტური სახეებით, როგორც ბრჭყვიალა ნიჟარებით, ნათებას იწყებს. აი, მაგალითად, “დილამ ქალაქი გაასილაქა”, ამბობს და მკითხველიც სილაშემოლაწუნებულივით ცდილობს, გამოერკვეს და ახალი განწყობილებითა და მოლოდინით გააგრძელოს კითხვა.
ყველაფერი ერთადაა აგლესილი – ბავშვობა , სკოლა, მოხუცებულობა, მკვდართა სულები, ცოცხალი ადამიანების სახეები. ეს ნაკრები ერთი დიდი, მთლიანი სამყაროა. ავტორი სხვა განზომილებაშია გადასული და ამიტომაც ახერხებს, განზომილებრივი უკიდურესობების მფლობელი იყოს – სიკვდილი და სიცოცხლე, ბავშვობა და ასაკოვნება... და არ იცის, რა უყოს ამ არეულ ნაკრებს, რითი მართოს… თითქოს ნაადრევად დამწიფებული სული მის ხელთ არსებულ ინფორმაციას თავს ვერ ართმევს და დაბნეულობისგან წერტილის დასმას ამიტომ მიელტვის.
ქვეყნისგან ავტორის ძირითადი განხიბვლა კი ამ საკვანძო სტრიქონებში ჩანს:


“და დროის მიღმა, და რღვევის მიღმა
ქვეყანა ახალს არაფერს ამხელს.
და ყველაფერი ხდება დამღლელი,
და ყველაფერი ხდება უაზრო,
ისე ირღვევა ეს სინამდვილე,
რომ აშენება ვერც კი მოასწრო.”


პოეტის ერთ-ერთი მთავარი დარდი ისაა, რომ “არსებობს სადღაც ფარული ენა, სიტყვებს მიღმა რომ მიედინება.” და სწორედ ამ ენის ძებნის გზაზეა, რომ მას ამდენი ნაივურობა სდევს თან. ზაზას პოეზია იმ საწყისის ნახევრად პოვნაა და ალბათ ამიტომ გვესმის და თან არ გვესმის მისი სიტყვები.


“სხივმა აოტნა ბნელნი სრულებით,
გორის კორტოხზე დასცა კარავი,
ხედავ – მოგორავს გზაზე ურემი
და მის კოფოზე მღერის არავინ.”


აქ სამყაროს სისავსე უპირისპირდება მის განყენებულობას და სიცარიელეს. სწორედ ამიტომ, ხელახლა იჩენს თავს ეს განცდა. მაშინაც კი, როცა ნაცნობი სამყარო ძალიან მოსწონს, ის მაინც აგორაფობიით შეპყრობილივით გარბის, რომ რაც შეიძლება მალე მიაწყდეს შემაფერხებელ, ყველაფრის ჩამკეტავ კედელს. ნებისმიერი სტრიქონი სუიციდით სუნთქავს და უსაზრისობითაა განმსჭვალული. „მე წავალ მარტო, მე აღარ მართობს მშობლიურ ცისქვეშ ყოფნა წერტილად.”
პოეზიაში გამოყენებული მეტაფორების ვიზუალიზაცია რომ ვცადოთ, შეიძლება თავგზა აგვებნეს. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური საკითხია, რომელიც პოეტის მიერ შექმნილ მეტაფორებსა და კრეატიულ მკითხველს შორის კონტაქტის მოწესრიგებას უწყობს ხელს. რაც შემდეგ ლიტერატურის გარეთ, ზოგადინტელექტუალურ ფასეულობებში უნდა გადავიდეს და იქ გააგრძელოს ფარული თუ ღია ცხოვრება, დაიმკვიდროს ადგილი ჭეშმარიტებათა შორის. სხვა საკითხია, თუ ვინ რას მიიჩნევს მართებულ ფორმულირებად. მაგალითად, ელიოტი თვლის, რომ დანტეს მოსაზრებები შექსპირთან შედარებით გაცილებით მეტ ჭეშმარიტებას ატარებს. ხოლო ბოდლერი მიიჩნევს, რომ გარკვეული შესაბამისობაა უმთავრესი, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. რას გაუგებ ადამიანებს, და მით უფრო, პოეტ-ადამიანებს. ისინი ხომ ტექსტს ხშირად მყისიერად მოხელთებული შეგრძნებებისგან ქმნიან, რომელთა დახასიათება და შინაგანი ბუნება მათთვისაც არეული ძაფივითაა. და ხშირად ტყუილად ვწვალობთ ისინი, ვინც ვკითხულობთ და ვცდილობთ, ამ ემფატიკურ აბურდულობაში ჩვენ-ჩვენი ძაფის წვერი ვიპოვნოთ.
ზაზა თვარაძის პოეზია გარეგანი და შინაგანი სამყაროების გადაკვეთის წერტილია. ის დანის პირზე დადის და, ცხადია, ფეხიც უცდება. სწორედ ასეთ მომენტებში პოულობს ის საკუთარ თავს და ლექსიც „მშვიდდება”. სწორედ ასეთი, სახეებისა და განწყობის ერთდროულობის უიშვიათესი ნიმუშია:


,,უკვე თენდება, ცივი დღე არის, მოქალაქენი გარეთ გადიან,
ჰორიზონტიდან ქარი უბერავს, და ხანძარივით ანთებს განთიადს.”
ეს არის ქარის მოვალეობა, ეს არის სიზმრის ცივი სიმართლე,
ფრინავს ქალაქი, როგორც ხომალდი და აფრასავით მისდევს სინათლე”


უცნაურ ესთეტიკას ვაწყდებით ზაზა თვარაძის ამ პოემაში – როდესაც ყოველი მომდევნო სტრიქონი საზღვრებს სცილდება, ტრანსცენდენტურ ფორმაში გადადის და ავტორი ფილოსოფიურ უკიდეგანობაში გვკარგავს, უცებ, მოულოდნელად ამბობს ისეთ შეუსაბამო სიტყვებს: „ჭყვიში”, „გორი”, „მეზობელი ბუხუტი” და ა.შ. რომელიც გვაღიზიანებს, მიწაზე გვანარცხებს და ვიწყებთ ფიქრს, რატომ იქცევა ასე ავტორი, რატომ გვისხამს ღვინოში წყალს, რითიც რეალობაში გვაბრუნებს და პრაგმატულ სოციალურ ყოფაში გვიზავებს თავის ეგზისტენციალურ აპათიას. და მხოლოდ მერე, ტექსტის ხელახალი წაკითხვისას ხვდები, რომ გვიფრთხილდება, არ ვემეტებით იმ სამყაროში გადასაკარგად, სადაც თვითონაა გადახვეწილი და ერთგვარი კომიზმით გვაბრუნებს უკან – მიწაზე: „ფარისევლობას – რწმენა გვიქვია, თვით ,,ივერია” არის სასისკი, აქ კოსმოსს, ვარსკვლავს, ცას და ტელესკოპს ზედ არ აფურთხებს ერთი კაციც კი...”
პოემის სტროფებში ერთმანეთს ენაცვლება მარცვალთა სხვადასხვა რაოდენობა, მათი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით. ერთ ადგილას ზაზას შემოაქვს გამომწვევი რიტმი – ერთმარცვლიან სიტყვათა რეპი:


,,თუ ჩემს წინ მდგარ ძმას ვძენ ამ გზით მხნე სულს,
არც სხვა რამ მწადს და არც სხვა რამ არ მსურს”


მისი ენა ისეთივე ჭრელია, როგორც ის სამყარო, რომელსაც გვიხატავს. არის ჟარგონიც, ბარბარიზმებიც, სლენგიც – ეს ნორმები გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ. მაგალითად, ჯერ წერს: „ავი სულები ავად ბაზრობენ”. და იქვე ასეთი პათეტიკური აკადემიზმით აგრძელებს:


„სინამდვილე ხომ რაღაცას ფარავს,
როგორც ღამის ზღვა და ნისლი დილის,
და ბოდვაშიც ხომ მარად და მარად
გაკრთება უცნობ სიცხადის ჩრდილი.”


პოემაში არც თუ ისე სანთლით საძებარია ბანალურ რითმათა წყვილები, როგორიცაა, მაგალითად: „სიმართლე – სინათლე”, „თილისმას - თბილისმა” და სხვა. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმდენად, რამდენადაც ზაზამ ამ პოემის დასრულება ვერ შეძლო, ჩასასწორებელიც ბევრი დარჩა.
რენე უელეკი და ოსტინ ოურენი თავის ცნობილ წიგნში, „ლიტერატურის თეორია”, წერენ, რომ ლექსის ყოველი წაკითხვა უფრო მეტია, ვიდრე თვით ლექსი. და მართლაც, ჩვენ – სხვადასხვა მსოფლმხედველობის და ესთეტიკის მკითხველები - ახალი განცდით ვტვირთავთ, ვამდიდრებთ ნაწარმოებს, რომელიც თავის მხრივ არა როგორც ლიტერატურული ტექსტი, არამედ როგორც ცნობიერების დამატებითი ნაწილაკი, მკვიდრდება ჩვენს გონებაში. სწორედ ასეთ შეგრძნებას იწვევს ზაზა თვარაძის პოემა „მხიარული ლანდებიც”, რომელიც თავისი ღირსებებითა და ცოტ-ცოტა ლაფსუსებით სრულიად ახალ წყალში გვავლებს და გვავიწყებს ნიშნულს, შლის ზღვარს ხელოვნების ნიმუშსა და ადამიანს შორის. ამის მეტი მას, რაღა მოეთხოვება…

01.12.2018
„ახალი საუნჯე“
* http://newsaunje.ge/index.php?do=full&id=155

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:25 pm


შუადღე GDS-ზე / ლელა კოდალაშვილი

შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Mar 5, 2014
სექსი ლიტერატურაში
5.03.2014

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:30 pm

ლელა კოდალაშვილი

ცხვრების მწყემსი ქალის ველური ავსტრალიური ისტორიები


ევი ვაილდი, „ყველა ჩიტი გალობს“
გამომცემლობა აგორა
მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი


ევი ვაილდის სახელი ჩვენი მკითხველების უდიდეს ნაწილს ალბათ არაფერს ეუბნება და სწორედ ამიტომ, ვასიკო კეჟერაძესავით მინდა, მივულოცო მათ, რომ მისი გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვთ.

შენთვის სრულიად უცნობი ავტორის წიგნის წაკითხვის წინ ყოველთვის ღელავ. ბოლოს კი, თავი ხელში აგყავს და პირველ სტრიქონებს თვალს უსწორებ. ასეთ დროს ძალიან გინდა, რაღაც ახალ ჯადოქრობასთან გქონდეს საქმე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება – როგორც წესი, მწერლების უმეტესობა არ მოგვწონს. ვფიქრობ, ინგლისელი მწერალი ქალი, ევი ვაილდი ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდება ქართველი მკითხველისთვის. ის ინგლისში ცხოვრობს და ოცდათვრამეტი წლისაა. ლონდონის განაპირას აქვს წიგნების მაღაზია, ,,რევიუ’’. ,,ყველა ჩიტი გალობს’’ მისი მეორე რომანია, რომელმაც სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან ჯილდოსთან ერთად ევროკავშირის პრემიაც მიიღო ლიტერატურის დარგში.

,,ყველა ჩიტი გალობს’’ ახალგაზრდა ქალის შესახებაა, რომელიც სახლიდან კუნძულზე გაიქცა და ცხვრების ფერმაში დაიწყო მუშაობა. სწორედ ავსტრალიური პეიზაჟების, ბატკნებისა და მწყემსი კაცების საუნდტრეკის ფონზე გვიყვება მწერალი ამ მთავარი პერსონაჟი ქალის – ჯეიკის ახლანდელ თუ წარსულ ისტორიებს, მის თანაცხოვრებას ყველაფერ იმასთან, რაც დატოვა, რაც შეიძინა, რამაც ნაიარევი დაასვა სხეულსა თუ გულზე. ევი ვაილდის წიგნი ეგრეთ წოდებული რეალისტური რომანების სერიიდანაა, ალაგ-ალაგ საკმაოდ მძაფრი და მძიმე სცენებით სავსე. ასეთ პროზაზე უყვართ ხოლმე თქმა – არაქალური ტექსტიაო. მე ასე ვიტყოდი – აქაა მკვეთრი ხასიათები და თავისებური, გულგრილი ენა, ბევრი ამბავი და ცოტა აღწერა. რატომღაც ლიტერატორებს ხშირად ჰგონიათ, რომ ქალებს ასე წერა არ შეუძლიათ. ეს რომანი, მე მგონი, სწორედ ამ გავრცელებული აზრის გაბათილებაში დაეხმარება მათ.

ჯეიკის გაცნობასთან ერთად თქვენი შიში და ძრწოლაც თანდათან იზრდება. გაქვთ მოლოდინი, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც საშინელი, რომელიც ბედისწერის თემასავით გასდევს მთელ ტექსტს. საბოლოოდ კი, ალბათ ესაა არა რომელიმე ცხოველი ან ადამიანი, არამედ სწორედ ბედისწერა. მარადიული შიში, რომელიც არ გვტოვებს, შიში სიკვდილის, შიში თავდახსხმის, შიში დევნის, შიში წარსულის, რომელიც არ შორდება ჯეიკს. გამოუცნობი ნაიარევები მის სხეულზე, მითი ზღაპრული ცხოველის შესახებ – ხორცშეუსხმელი რჩება რომანში ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცხოვრების სიავეების მეტაფორაა, რომელიც თავს არ გვავიწყებს და სამუდამო კვალს ტოვებს ჩვენს სხეულზეც კი. პერიოდულად გვზაფრავს, დანახვით კი არაფრისდიდებით არ გვენახვება: ,,ქარის ბრალი იყო? იქნებ, უბრალოდ, სიბნელეში ყველა ცხვარი ჩემკენ იმიტომ შემოტრიალდა, რომ მე დავენახე. იქნებ, ზღვიდან რაღაც მოდიოდა, ჩემკენ ბილიკს მოუყვებოდა, მაგრამ არა. მხოლოდ და მხოლოდ ღამე იყო, რომელიც ათასჯერ მაინც მქონდა ნანახი’’…

ეს პერსონაჟი არცერთ სხვა პერსონაჟს არ ჰგავს, რომელსაც აქამდე შევხვედრივართ. ის აბსოლუტურად სხვა ქალია. რომელსაც მწერალმა თითქოს ფუნქცია დააკისრა, რომ მამაკაცზე მეტი ძალა ჰქონდეს. სხვაგვარად გაისრისება. მან მამაკაცზე უნდა გაიმარჯვოს. მამაკაცზე, როგორც მოძალადეზე. მის გარშემო ხომ უმეტესად მოძალადე კაცები არიან. ის კი პრაქტიკულად მარტოქალია ყველგან.

ევის პროზამ შეიძლება ჰარუკი მურაკამის ტექსტები მოგაგონოთ. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არაა მისი სტილის გამეორება. ევი უბრალოდ საუბრობს მძიმე თემებზე და არ აკეთებს ამ თემების რევიზიას, არა აქვს თვითრეფლექსიები, რომელსაც ხშირად მიმართავენ ქალი მწერლები. ის არ წუწუნებს, არ შემოგჩივის, არ გიმახვილებს ყურადღებას. უბრალოდ აღწერს, მოგითხრობს, და ეს ამბები იმდენად მძიმეა, რომ დამატებით განმარტებას აღარ საჭიროებს. თანამედროვე მწერლობა ვერ გუობს ვრცელ აღწერებს. ეს სტილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნემ და მე-20-ის დასაწყისმა ამოჭამა. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმიც დაჩქარებულია. მისი თვალი ელვის უსწრაფესად აღიქვამს ქვეყნიერებას. მას ინტერნეტ სამყარო აქვს და არ სჭირდება გარემოს თუ ამა თუ იმ ნივთის ვრცელი აღწერა.

აქვე არ მინდა გამომრჩეს ისიც, რომ მიუხედავად ე.წ. შავი რომანის ელემენტებისა, უბოდიშოდ რომ მიმართავს მწერალი, არცერთი წამით არ გიჩნდებათ განცდა, რომ კიჩურ ტექსტს კითხულობთ. აქ არის მსხვილი პლანით ნაჩვენები ეროტიკული სცენები, აქ არის ანტიესთეტიკური სამყაროც, სულ მუდამ მძიმე სუნით გაზავებული ჰაერი, მაგრამ ამ ჭუჭყსა და ცხვრის ცურცლებში, ამ მწვანე ბუზების ბზუილში და ვეებერთელა ობობების ჯოჯოხეთში, არცერთი წუთით არ ისვრება ჯეიკი. პირიქით, ასე უფრო ნათელია მისი ადამიანური ველი და მისი სამწყსოს კრავთა ბღავილიც უკეთესად ისმის, ასე უფრო სუნთქავს ტექსტი, საიდანღაც მონაბერი სუფთა ჰაერით.

ამ ქალს მძიმე და საზარელი წარსული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, და ამ წარსულსაა გამოქცეული, რომ ახლა მოძალადე აწმყოს ხელში არ აღმოჩნდეს, რომელმაც ან კაცის, ან ცხოველის, ან ამინდისა და კლიმატის, ან, უბრალოდ, გაურკვეველი ბედისწერის სახე შეიძლება მიიღოს და ისე გამოეცხადოს.

მოქმედება ძირითადად ავსტრალიის ცხელ მხარეში, ქალაქგარეთ განლაგებული ფერმების ტერიტორიაზეა, სადაც ცხვრების მოშენება-გაზრდის რთული პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, თხრობაც პერსონაჟის მშობლიური სახლიდან მის თავშესაფარ კუნძულამდეა გადაჭიმული. ევი ვაილდი ერთდროულად ჰყვება ახლანდელ და წარსულ ისტორიებს და ამ თხრობისას ნელ-ნელა მიდის უკან, ბოლოსკენ. ბავშვობისკენ, განწმენდისკენ.

წიგნი ხანდახან აგრესიულად ფემინისტურიც გეჩვენებათ; ისეთივე, როგორიც მისი მთავარი გმირი ქალი. მაგრამ ჯეიკი ფემინისტი არაა. ის უბრალოდ ველურიცაა და ნატიფიც. უშიშარიც და მფრთხალიც. მასთან ერთად თქვენც აქეთ-იქით იყურებით, რომ რამე არ შეემთხვას, ვიღაც არ დაესხას თავს ან არ აედევნოს. ის მარტოხელა მწყემსი ქალია, ცხვრების მწყემსი ქალი ჯეიკი, რომელიც შეეერია ველურ ავსტრალიურ ისტორიებს.

არსად არცერთი სენტიმენტი არ ეპარება ავტორს. და სწორედ გრძნობების გვერდის ავლით ახერხებს, იყოს მგრძნობიარე. მის ფეხქვეშ ყოველწამს ბუნებაა. ხეები, ბალახი, ძაღლი, ცხვრები, ფრინველები. მას ყველაფერი ეს უყვარს. ამჩნევს. გრძნობს, მაგრამ არსად არ გვიჩუყებს გულს. არ ურევს შაქარს. არ ხდის ქალურად გრძნობამოძალებულს. ეგ კი არა, რაღაცნაირი პირქუში იუმორიც კი გაიელვებს ალაგ-ალაგ.

ვაილდს საკუთარი ხმაც ესმის და ესმის ჯეიკისაც. ის ერთიანდება თავის პერსონაჟთან. გაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი, რაც აქაა მოთხრობილი, არის ფეიერვერკი, მაგრამ იმდენად შავი, რომ ერთი სული გაქვს, გააღწიო დღის სინათლეზე. ქვეყანა, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ცხელი და მზიანია. და ამ სიცხესა და მზეში ყველაფერი ტალახისფერია და ყარს. ჯეიკი კი ცივი და მიუკარებელია. მან რთული ცხოვრება გაიარა. მთელი წიგნის მანძილზე გგონია, რომ მისი სიცივე კლდესავითაა, მაგრამ შეცდებით. ის ადამიანურობის განსახიერებაა. ძნელია, არ გაგიტაცოს თვითრეფლექსებმა, როცა ქალი ხარ და ქალის პირით ჰყვები ამბავს, როცა გარშემო ამდენი კაცია, და ისინი სათითაოდ ძალაუნებურად სხვადასხვაგვარად გაფიქრებენ. ძნელია, არ გადაზარდო ეს ყველაფრი მელოდრამის ჟანრში და არც ნაძალადევად მასკულინური ქალი დახატო.

ცოტა არ იყოს, იმედს გიცრუებს წიგნის ფინალი. რადგან ტრივიალური ბედნიერებისა და ოპტიმიზმის ნათელი განცდა ამერიკულ Happy end-ს ამსგავსებს, მაგრამ ეს იმდენად შეუმჩნეველია იმ საერთო განწყობაში, რომელსაც წიგნი გიჩენთ, რომ ამ პატარა გადაცდომას პატიობთ მწერალს. ბოლოსდაბოლოს, მწერლის უფლებაა, იყოს ოპტიმისტი და ჰქონდეს იმედი, რომ ქალი და კაცი თანაცხოვრებას შეძლებენ. და მიუხედავად იმისა, რომ შიში, რომელიც ზემოთ ვახსენე, თან სდევს წიგნის ყოველ სტრიქონს, ის მაინც სიყვარულზეა.

პლატონის აზრით ტრაგედია და კომედია კვებავს და ასაზროდებს ჩვენს ემოციებს. ზოგიერთი ლიტერატურა კათარსისულია და ზოგი კი პროპაგანდისტული. ევი ვაილდი უმალ კათარსისულ ავტორად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა კი, აცილებლად იმ ნიშნით, რომ ის მკითხველთან ერთად ეძებს გამოსავალს. ერთი მხრივ, წიგნში აღმოჩენილი საკუთარი თავის ნაწილებით გამდიდრებული მისი პერსონაჟი სწორედ მკითხველში პოულობს საყრდენს.

ეს რომანი გამომცემლობა ,,აგორამ’’ ევროკომისიის მხარდაჭერით გამოსცა. ხოლო თამარ ხოსრუაშვილმა თარგმნა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ინგლისურენოვანი მწერლის, ევი ვაილდის ძალზე თავისებურ სინტაქსს, თითქოს ბალახებში და მატყლში ჩამალულ იუმორს, პერსონაჟის რთულ ხასიათს და კიდევ უამრავ უცნაურობას მთარგმნელმა საუკეთესოდ გაართვა თავი და ქართულ ენაზე წარმოგვიდგინა.

ძალიან საინტერესოა რომანის სტრუქტურა: ავტორი ჯეიკის პარალელურ რეალობას ჰყვება და უკან, ბავშვობისკენ მივყავართ. თან იმავდროულად იმ რეალობას ვეცნობით, რომელიც ამჟამად აქვს. ავტორს ასე მივყავართ მისი ტკივილებისკენ, უფრო სწორად, ტკივილების საწყისისკენ. ამ პარალელური თხრობის რეჟიმში ხანდახან ფიქრობ, უფრო მეტად მივიწევთ წინ თუ პირიქით – უკან ვიხევთ. წინ უფრო მიდის ამბავი თუ უკან მომხდარს მეტად უბრუნდება. რომელი ტემპი სძლევს, ან იქნებ სადმე შეერწყას კიდეც.

უცნაურია, ამ რეალისტურ ისტორიაში არ გტოვებთ განცდა, რომ კითხულობთ ლექსს. არა, ეს არ არის პოეტური პროზა, მაგრამ მთელი რომანი იმდენად პოეტურია, რომ იბნევით და ამ დაბნეულ განწყობაში ლივლივებთ და თან დეტალებამდე ზუსტად განიცდით თითოეულ ხმას, რომელიც ესმის ჯეიკს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ის გადაეყრება და არ იცით, ესა თუ ის სახე, რომელიც გამოჩნდა ავსტრალიის ცხელ ფარეხებში, რას მოუტანს მას.

ნაწარმოები იწყება სიკვდილით და მთავრდება სიცოცხლის გაგრძელებით, მარადიულობის და სიყვარულის განცდით.

ჯეიკი ცხვრების მწყემსია, როგორც იესოა მწყემსი თავისი სამწყსო ადამიანებით. ესაა რომანი ადამიანის მნიშვნელობაზე და უმნიშვნელობაზე, ესაა რომანი ტკივილზე, ადამიანის კრიზისზე. და როცა კრიზისი ასეთ ტექსტს აწერინებს ავტორს, ეს უკვე კრიზისი კი არა, რენესანსია, ახალი გზის გაჭრა, სუნთქვა და სიცოცხლე.

თებერვალი 20, 2019
* http://artnews.ge/?p=35100

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:32 pm

ლელა კოდალაშვილი

ლიტერატურული ფარისევლობანი

ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის მიმართ კი არ გვიყვარს მეტისმეტი მონდომების გამოჩენა - არაგულწრფელი ჰოტბა-დიდება, პანეგირიკი, უსაგნო, უსაფუძვლო ქება-ჟღურტული და ყალბი ღირებულებების შეთხზვა...

იგივეს ვაკეთებთ, როცა საქმე ლიტერატურას ეხება. ერთი მარტივი რამ არ გვესმის – არ არის აუცილებელი, კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების (თუნდაც შედევრის)დადებითი პერსონაჟი გავაიდეალოთ და მას არარსებული თვისებები მივაწეროთ. კარგად რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ტექსტის მოწონება გმირის დაუმსახურებელი ქების გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამისა, როცა საქმე საუკუნეების წინანდელ პერსონაჟს ეხება, ადვილი შესაძლებელია, მისი, როგორც ადამიანის უნაკლობას ყავლი გაუვიდეს, რადგან, დროთა განმავლობაში, თვისებათა გადაფასება, ფასეულობათა მეტამორფოზა ხდება. ხელოვნების ნაწარმოები მკვდარი სუბსტანცია არ არის. მისი საწყისი ცოცხლობს, სუნთქავს, ფერს იცვლის - ხან სიძველისგან ჟანგდება, საერთო ნიჰილიზმისა და დეკადანსის ნაკადს უერთდება, ხან კი ფასი ემატება, როგორც მუხის კასრში დავარგებულ ღვინოს. ჩვენც ვსუნთქავთ, აზრებსა და შეხედულებებს ვიცვლით, ახალი დამოკიდებულებები, თვალსაზრისები გვიჩნდება. და განა შესაძლებელია, ათი, ოცი, ოცდაათი და ორმოცდაათი წლის წინ დაწერილი სახელმძღვანელო, გმირის მასში გაანალიზებული თვისებები, ფსიქოლოგიური არსი დღესაც შეუცვლელი კანონი იყოს ჩვენთვის? განა შეიძლება, საუკუნეების წინანდელი მორალური ფასეულობები ინსტრუქცია იყოს დღევანდელი ადამიანისთვის?

თავის დროზე ამ ნაწარმოებების შესახებ დაწერილმა, ახლა უკვე კლასიკად ქცეულმა ლიტერატურულმა წერილებმა მთავარი გზამკვლევის ფუნქცია იკისრა უფრო მეტად პედაგოგებისთვის, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, რადგან ეს უკანასკნელი სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დოგმატურ შეხედულებათა და სქოლასტიკურ მსჯელობათა გისოსებში ნაკლებადაა მოქცეული და საკუთარ თავსაც მეტ თავისუფლებას აძლევს. მაგრამ არც ნეოფობიით განმსჭვალულ პედაგოგებს დაქვემდებარებული ადამიანების რიცხვია ხელწამოსაკრავი – მოსწავლეები, მათი მშობლები, და-ძმები და ახლობლები...

ჩვენს ქვეყანაში მთავრობები საკმაო სიხშირით იცვლებიან. პერესტროიკიდან მოყოლებული, ერთ პოლიტიკურ ძალას მეორე – რადიკალურად დაპირისპირებული მთავრობა ცვლის, მაგრამ ლიტერატურული ფარისევლობანი კვლავინდებურად უცვლელი რჩება, რადგან პროგრამა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ლიტერატურათმცოდნეობის ძველ სახელმძღვანელოებს მოიცავს, რომელთაგან ბევრი ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი რამ აშკარად საჭიროებს ლიტერატურულ რევიზიას.

მე არაერთხელ ვცადე, გავსაუბრებოდი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. ზოგიერთი ნაწარმოების პერსონაჟის უარყოფით თვისებებზე ყურადღებაც გავუმახვილე, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე, დაზუთხული პასუხი მივიღე. უფრო გასაგები რომ იყოს ეს ყველაფერი, რამდენიმე ლიტერატურულ მაგალითს განვიხილავ.

ჯერ ფოლკლორული ნიმუში აიღოთ, სადაც არანაირი პასუხისმგებლობა შემთხზველის წინაშე არ გვავალდებულებს, პერსონაჟები გავაიდეალოთ. თუმცა კი, დღემდე მიჩნეულია, რომ ხალხური ზღაპრის, ,,ეთერიანის” ფაბულა აგებულია კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების კლასიკურ შემთხვევაზე. ცხადია, გავრცელებული აზრით, ,,კეთილი” პერსონაჟები არიან აბესალომ და ეთერი, ხოლო მურმანი - ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც ამ სიკეთეს ასამარებს. არადა, გონების დაძაბვა არ სჭირდება, უბრალოდ, მივყვეთ ამბავს და ყველა გმირს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

მხოლოდ იმის გამო, რომ ეთერს მკბენარი ,,შეზდინდა ტანზედა, ხამსა და ხამსა უცვლიან, ბირნა ავიდა თავზედა”, აბესალომი გულგრილად თმობს საყვარელ ქალს და ამბობს, ,,ვის გინდათ ქალი ეთერი, მე სანადიროდ მივალო” (სხვათა შორის, ამ ნიუანსზე, თავის დროზე, ჩემმა შუათანა გოგონამ გამიმახვილა ყურადღება, რომელიც მაშინ 5 წლის იყო და არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა, პედაგოგის მიერ ნაკარნახევი მოსაზრება გაეზიარებინა. ასეთ ასაკში ბავშვები გაცილებით ნამდვილები არიან ხოლმე, რადგან ჯერ არ იციან ფარისევლობის და ამ თვისების მეშვეობით საზოგადოებაში დამკვიდრებული კონსენსუსის შესახებ. რამდენიმე წელიწადში იგივე ბავშვმა, ამჯერად უკვე სკოლიდან, სულ სხვა თვალსაზრისი მოიტანა და ვეღარ გარკვეულიყო, რატომ არწმუნებდა მასწავლებელი აბესალომის კეთილშობილებაში, როცა ასე არ იყო...). დავუბრუნდეთ აბესალომს. მის გულგრილობას ღვარძლიანობა, შური და ვერაგობაც ემატება, როდესაც ძმადნაფიც მურმანს სასიკვდილოდ აგზავნის (მან ხომ არ იცის, რომ ეთერის დაკარგვა მურმანის დაგეგმილია). სიკვდილის წინ კი კიდევ ერთხელ ავლენს ეგოიზმსა და ბოროტებას, როცა ეთერს მოუწოდებს: ,,ეთერო, დახსენ ძუძუნი, ჩემთან შენც დასთმე თავია”, რის შემდეგ ეთერი მართლაც ამბობს: ,,აბესალომის დანაო, ჯიბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ დ დაგიცემ მარჯვენა ძუძუსთანაო.” ბავშვები ხვდებიან, რომ აბესალომი მთელ ამ ისტორიაში ვერაგობით, კაცთმოძულეობით და ეგოიზმით გამორჩეული პერსონაჟია. მაგრამ ფოლკლორისტები, ფილოლოგები და სხვა ზრდასრული ადამიანები საკითხს ასე სვამენ: ,,როგორ, აბა, მურმანის გამართლება გინდათ?”, ,,კი, მაგრამ, ზღაპარში კეთილის და ბოროტის ჭიდილი უნდა იყოს აღწერილი, ასე კი ქარგა ირღვევა” ვფიქრობ, პედაგოგთა ამ არგუმენტებზე კომენტარიც კი ზედმეტია.

რაც შეეხება ეთერს, ის, ცხადია, მსხვერპლია, თუმცა, უბიწო მსხვერპლის ტიტულს არ იმსახურებს. პირველი – მას არ გააჩნია საკუთარი აზრი, გრძნობა, პროტესტი. ის მარიონეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. ჯერ აბესალომს მიჰყვება ცოლად, შემდეგ კი, როცა აბესალომი გაწირავს, ის უმტკივნეულოდ გადათამაშდება მურმანზე... ქმარსვე აძლევს პირობას, რომ არსად წავა მის ჩამოსვლამდე, თუმცა კი ამ პირობას მალევე არღვევს და აბესალომთან მიდის, სადაც ამჯერად უკვე მის ნებას დაჰყვება და თავს იკლავს.

საბოლოოდ დასკვნა ასეთია, რომ ,,ეთერიანის” პერსონაჟები ერთმანეთზე უფრო ნეგატიური თვისებების მატარებელნი არიან და ამ ნიშნით მხოლოდ მურმანის გამორჩევა უსამართლო და მიზანშეუწონელია.

იქნებ ბევრად უფრო მართებულია, რომ პერსონაჟებში ადამიანი დავინახოთ, რომელიც ღირსებებთან ერთად სისუსტეებს ატარებს? ავიღოთ იაკობ ხუცესის თხზულება, ,,წამებაი წმინდისა შუშანიკისი”. გასაგებია, რომ ძეგლი აგიოგრაფიულია, და ჟანრის კანონის თანახმად, მოთხრობილია შუშანიკ დედოფლის ეგზოტერიკული მოწამეობისა და სიკვდილის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიტერატურის მკვლევრებს, ფსიქოლოგებს, ან თუნდაც განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს არ ჰქონდეთ უფლება, გარკვეული კორექტივები შეიტანონ, გნებავთ, მთავარი გმირის დახასიათებაში, გნებავთ - თხზულების ჟანრში... და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, თითქოს ამით ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას, მის რელიგიურ-იდეალისტურ მიზანსწრაფვას რამე აკლდებოდეს. დაფიქრდეს ყველა ის პედაგოგი, ვინც შუშანიკის პიროვნებას, როგორც ქართველი ქრისტიანი ქალის იდეალს, ისე აწვდის თავის მოსწავლეებს, დაფიქრდეს იმაზე, თუ თავად რამდენად ემხრობა შუშანიკის გადაწყვეტილებას, მის ამა თუ იმ ქმედებას, თავად რამდენად თანაუგრძნობს მას.... ჩემ მიერ ჩატარებულ მცირე სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, რომელიც საშუალოდ ასიოდე პერსონას ითვლის, თითქმის ყველა გამოკითხული ადამიანი აღშფოთებულია შუშანიკ დედოფლის უკიდურესად აგრესიული ქმედებებით, რელიგიური ფანატიზმით, უაზრო და უმისამართო თავგანწირვით. ყველაზე მეტად კი ჩემს რესპონდენტებს აღელვებთ ის, რომ შუშანიკი ცუდი დედაა. გახსოვთ ალბათ: ,,და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელი-ცა მათი სძაგდა სმენად.” ისინი თვლიან, რომ ქალის მიერ შვილებისგან ზურგშექცევას არანაირი გამართლება არა აქვს, რადგან ამქვეყნიურ ცხოვრებაში დედის უპირველესი მოვალეობა სწორედ მათი სამსახურია, რაც თავის თავში სწორედ უფლისადმი სიყვარულს მოიცავს.

აღნიშნავენ იმასაც, რომ შუშანიკი უსამართლო და გაუწონასწორებელი ადამიანია. გავიხსენოთ, როგორ ექცევა ის უდანაშულო რძალს: ,,განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.”

ჩემს რესპონდენტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ღირსეული ქალის, მით უფრო, დედოფლის მიმართ სხვა მოთხოვნებიც აქვთ, რასაც შუშანიკი ვერ აკმაყოფილებს: ,,...დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლი-ცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: "ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების". და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. კუალად მრქუა მე რისხვით: "ხუცეს, რად

მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქა-ვე ამას ცხორებასა".

ალბათ არაერთი კანონიკური მორწმუნე შემომედავება და მეტყვის, რომ მარტვილობა თავის თავში მოიცავდა ხორციელ გვემას, მაგრამ ვინ დააწესა ეს წესი, ვის სჭირდებოდა ღვთისადმი სიყვარულის ამგვარი დასტური, რა ფასეულობა ფასდებოდა მატლებდასეული, ჩირქიანი, მყრალი სხეულის დემონსტრირებით, იქნებ აგვიხსნას ვინმემ? განა დედოფალს სარწმუნოების მიმართ ერთგულების გამოხატვა ქმრისგან უბრალო განდგომით და ლოცვით არ შეეძლო? განა ეკლესიის მსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეპატიება საერო პირს? გარდა ამისა, ნებით თუ უნებლიეთ, შუშანიკი სუიციდურ ფსიქოტიპად გვევლინება. ის უარს ამბობს ხუცესის დახმარებაზე – ჭრილობების მორჩენაზე, კვებაზე და ამით წინ აღუდგება როგორც ღმერთის, ასევე თავისი მოძღვრის ნებას - არ თქვას უარი ღვთით ბოძებულ სიცოცხლეზე... ის ყველას და ყველაფერს ეურჩება, თითქოს უნდა, აჩვენოს ვარსქენს, თუ რა უკიდურეს ზომებს იღებს მისი საქციელის პასუხად. შუშანიკის პროტესტი ისტერიაში მყოფი ჯიუტი ადამიანის ქმედებაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიაში საქმე გვაქვს ოჯახურ, სასიყვარულო დრამასთან და არა ქრისტიანობისთვის თავდადებული დედოფლის მარტვილობასთან. გავიხსენოთ მისი ნათქვამი ქმრის მიმართ: ,,მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რას-მე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე”. ამ სიტყვებით ერთგვარად ნიშნს უგებს ვარსქენს და ისიც ეჭვიანობისგან განრისხებული პასუხობს: "ნუუკუე მთავართაგანსა ვის-მე ეცოლოს"... და ამის მერე სადმე წასვლას აღარ სთავაზობს.

ასე რომ, იოლaდ სავარაუდოა, რომ სწორედ ვარსქენის მიერ სპარსთა მეფის ასულის ცოლად მოყვანაა მისი ოჯახის ტრაგედიის სათავე, რასაც, ბუნებრივია, თავმოყვარე დედოფალი არ აღიარებს და თავის განრისხებულ ქმედებებს ქმრის სარწმუნოების შეცვლით ხსნის. შუშანიკი სიყვარულის სიწმინდის, ღირსების დამცველი ტრაგიკული ქალია და არა სარწმუნოებას შეწირული წმინდანი. ცხადია, ეს მოსაზრება მის პერსონას კიდევ უფრო ამდიდრებს, კიდევ უფრო ხელშესახებს და ნამდვილს ხდის, რაც მთავარია, გაცილებით მეტ თანაგრძნობას იმსახურებს.

ერთგვარი რევიზია სჭირდებათ ,,ვეფხისტყაოსანის” პერსონაჟებსაც, რომლებიც გაიდეალიზებულნი არიან მკვლევრების მიერ. ვიცი, რომ შემომედავებით და მეტყვით, რომ ისინი გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ და უმართებულოა, განვიხილოთ მათი მიწიერი თვისებები.

მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს საფუძვლად დრამატული ამბავი უდევს, რაც შესაბამის გავლენას ახდენს გმირების მოქმედებებზე, თვისებებსა და სულიერ განწყობაზე. რუსთველოლოგიაში არსებული მოსაზრება პერსონაჟების, როგორც ლიტერატურულ-ფილოსოფიური სიმბოლოების შესახებ, საბოლოოდ მიწიერი, ხელშესახები ადამიანების სახით გამოისახება, რომელთა შორისაც მკითხველი სულიერ ნათესაობას ესწრაფვის და ცდილობს, მოახდინოს იდენტიფიცირება თავის თავში წარმოდგენილ ადამიანურ იდეალებსა და პოემაში დახატული პერსონაჟებს შორის. თუმცა, ,,ვეფხისტყაოსნის” დიდებული გმირები ხანდახან გაუმართლებელ მოქმედებას სჩადიან და დაბნეული მკითხველი ლამობს, გაერკვეს, საქმე რომელიმე მხატვრულ-ფილოსოფიურ ალეგორიასთან აქვს და ამიტომ შემწყნარებლობის გამოჩენა მართებს თუ გმირების ადამიანური ნიშან-თვისებების ტრანსკრიფცია მარტივად უნდა მოახდინოს და თავს განსჯის უფლება მისცეს. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაწარმოების მიმართ მოწიწება პერსონაჟებზეც გადააქვთ ხოლმე და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოემა კი არა, მისი მოქმედი პირებიც ,,ხელიხელ საგოგმანები” არიან. თუმცა კი, ისინი ყოველთვის არ იძლევიან ამის საშუალებას.

დავიწყოთ ტარიელით, რომელიც გარდა იმისა, რომ რაინდის კვალობაზე მეტისმეტად, კომიკურად ემოციურია, დაუნდობლობით და სისასტიკითაც გამოირჩევა:

,,მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.

მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:

ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,

ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.” ხოლო ნესტანის რჩევით, რომელიც ასევე უკადრისი საქციელისკენ – სასიძოს მიპარვით მოკვლისკენ უბიძგებს თავის მიჯნურს, ტარიელი უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას: ,,კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.” გარდა სისასტიკისა და მუხანათობისა, ტარიელი ფლიდი და მატყუარაცაა, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს საქციელი ნაკარნახევი. როცა მეფე უსაყვედურებს: ,,ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?” ტარიელი პასუხობს: ,,მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”იქვე: ,,შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!”

უცნაურია თინათინის უცხო მოყმის მიმართ ცნობისმოყვარეობაც. მხოლოდ და მხოლოდ ამ ახირების გამო, ის არ ინდობს თავის მიჯნურს – ავთანდილს და უბრძანებს მას: ,,სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი”, რასაც ავთანდილი მორჩილად ასრულებს. მართალია, პოემა სიყვარულისადმი მიძღვნილი ჰიმნია, რომლის შესრულება ნაწარმოების მთავარ გმირებს აკისრიათ, მათ გადაულახავი დაბრკოლებების დაძლევა მართებთ, რათა შეასრულონ უზენაესი მისია, მაგრამ პერსონაჟებს მოვლენების დრამატული განვითარება გამოუვალ სიტუაციებში აყენებს, საიდანაც ხანდახან უბიწოდ ვერ გამოდიან. ასე ემართება ავთანდილსაც, რომელსაც ფატმან-ხათუნი სასიყვარულო წერილს სწერს. მისი პირველი რეაქცია ასეთია: ,,რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!" მაგრამ როცა დაფიქრდება და გაიაზრებს, თუ რა სამსახური შეიძლება გაუწიოს ამ ქალთან ურთიერთობამ, წერს: ,,მიუწერა: "წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.”

გაქნილი და ,,შებერტყილი” ავთანდილი არც სისხლისღვრას გაურბის. ფატმანის მოწოდებით კლავს უცხო ყმას ისე, რომ მის შესახებ არაფერი იცის.

ერთი ჩემი ძველი მეგობრის დედა ამბობდა: რა საბრალო არსებები ვართ ეს ქალები. ჩვენზე ჯერ მამა ბატონობს, მერე ქმარი, მოგვიანებით კი შვილიო... გამოდის, რომ დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მე-XIX საუკუნის 80-იან წლებში კი ქართულ ლიტერატურაში გამოჩნდა ქალი პერსონაჟი, რომლის ემანსიპირებულობა, პატრიარქალური საზოგადოებისგან თავდაღწევა ავტორმა მხოლოდ მისი დაქვრივებით შეძლო. ისევე, როგორც ეკატერინე გაბაშვილის მაგდანა ან ნიკო ლომოურის დეიდა სიდონია, ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივიც ქმრის სიკვდილის შემდეგღა ხდება ბორკილახსნილი. მწერალიც თითქოს მმართველი მამაკაცის გაქრობის შემდეგღა აძლევს ქალს უფლებას, დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით. მე-19 საუკუნის ავტორი ჯერჯერობით ვერ ბედავს საზოგადოებასთან კონფლიქტს, არ თელავს მის ღირებულებებსა და ტრადიციებს.

და მიუხედავად ამისა, ოთარაანთ ქვრივი მაინც თვალშისაცემი, კაშკაშა პერსონაჟია. ის არაფრით არ ჩამოუვარდება ღირსეულ მამაკაცს და ამიტომ მწერლისგან თამამად ეძლევა ყველა ის ტვირთი, რაც კაცმა შეიძლება ამგვარივე ღირსებით ზიდოს. ავტორმა საზოგადოებას აჩვენა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია თუნდაც იმით, რომ საკუთარი ხელით შეუძლია ბარვა, თოხნა, მარგვლა, თესვა. ,,მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის?” - ამბობს ოთარაანთი.

მაგრამ მიუხედავად მთელი რიგი დადებითი თვისებებისა, ოთარაანთ ქვრივის დღემდე დედისა და ზოგადად ქალის იდეალად მიჩნევა გარკვეული გაგებით გაუმართლებელია. ეს ის შემთხვევაა, როცა ახალმა საუკუნემ ახალი ფასეულობები მოიტანა და ეს პერსონაჟი მხოლოდ იმ ეპოქის ძეგლად აქცია.

სავარაუდოდ ორმოცი-ორმოცდახუთი წლის ოთარაანთ ქვრივი სქესჩამქრალი, და ამიტომაც, ნაადრევად დაბერებული ადამიანია. აბა, დავფიქრდეთ, ბავშვობიდან მოყოლებული, მისი სახით ღრმად მოხუცი თუ არა, ხანშიშესული, ნაოჭებით დაღარული ქალი მაინც ხომ წარმოგვიდგება. მისი ქალურობა ქმრის სიკვდილის მერე დაიტკეპნა, გაისრისა. მის აღქმაში ერთადერთი ყურადღების ცენტრში მყოფი მამაკაცი გიორგიღაა, თუმცა ის შვილია და ოთარაანთ ქვრივიც ღრმად დამარხულ ქალურ თვისებებს – ეჭვიანობას, მესაკუთრულ გრძნობას, მისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობას – გიორგისთან ახორციელებს. მას ქალობის არეალი გაუქრა, ამიტომაც იძულებულია, მამაკაცად ,,იქცეს”. ამის გამოა თუნდაც, რომ საკმაოდ უკმეხია, და რიგ შემთხვევებში უზრდელიც კი (გავიხსენოთ კესოსთან მისი სტუმრობა და დიალოგი). თუმცა, ამ თვისებას სოფელიც პატიობს და ავტორიც. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენც ლოიალურ განწყობას ვინარჩუნებთ. გარდა ამისა, მას ზომიერების გრძნობა ღალატობს და გიორგის თავისუფლებას ლახავს, არ უთმობს პირველობას და თავის დაქვემდებარებაში ამყოფებს მას. “თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისი დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა...” რომ არა გიორგის წრეგადასულად დამთმობი ბუნება, რაც, როგორც წესი, ახალგაზრდებს ნაკლებად ახასიათებთ ხოლმე, აუცილებლად მოხდებოდა მძაფრი კონფლიქტი და ნაწარმოებიც სულ სხვა მიმართულებით – თაობათა მიერ ერთმანეთის უფლებების შელახვის თემაზე აიგებოდა.

ოთარაანთ ქვრივს სრულფასოვანი ოჯახი რომ ჰქონოდა, ან ქმრის სიკვდილის შემდეგ სოსია მეწისქვილეს შეყვარება და მასზე დაქორწინება შეძლებოდა, მისი წრეგადასული ფიქრები აღარ შეეხებოდა გიორგის: ,,ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქო თოკით ეწევიანო.— ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. — დაიკვნესა ხელახლად დედის გულმა.”

ქვრივი ცხოვრებისგან დაბეჩავებული, ქალობაგამოცლილი, ტრაგიკული ადამიანია და მისი შეცდომებიც ყოველივე ამ ზემოჩამოთვლილის ბუნებრივი შედეგია. მისაბაძია მისი უნარი, მედგრად გაუძლოს ყოფით გაჭირვებას და ოპტიმიზმის განცდით დაამკვიდროს სწორი და სამართლიანი აზრი, მისაბაძია მისი მცდელობა, ჩაწვდეს შვილის დარდს და ხელი არ შეუშალოს სურვილების შესრულებაში, მაგრამ მიუღებელია დედის ეგოცენტრიზმი ვაჟის მიმართ გრძნობებში, წვრილმან საკითხებში მისი დათრგუნვა და დამორჩილება; მიუღებელია, საკუთარი პიროვნებით ესოდენი გატაცება და თავისთვის მეტისმეტი უფლების მიცემა - აქაოდა, სამართლიანი ადამიანის სახელი მაქვს და ყველაფრის თქმა მეპატიებაო...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უეჭველია დასკვნა, რომ ინდივიდუაილზმი და თვითმყოფადობა დაბრკოლებაა საზოგადოებისთვის საკაცობრიო ღირებულებათა, ტრადიციათა და მორალურ ნორმათა დამკვიდრების გზაზე, მაგრამ სწორედ ინდივიდუალიზმია ცხოვრებაში თუ ლიტერატურაში მოცემული რეალობა, რომელსაც უმალ თვალის გასწორება სჭირდება და არა ნორმირებულ იდეალად მოქცევა, უნიფიკაცია, საყოველთაო-უნივერსალურობის კანონთა რიგში ჩასმა. სწორედ ამიტომაც, სჯობია, აღვიქვათ სამყარო, ლიტერატურული პერსონაჟები და ზოგადად, ადამიანები ინდივიდუალიზმის ხიბლით და არა - არარსებული საყოველთაო ღირებულებების ყალბ ბურუსში ჩაძირულები.

31.01.2013
* http://demo.ge/index.php?do=full&id=971

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:40 pm

ლელა კოდალაშვილი Shop_product_image_1687[/url]

"არა - ვამბობ მე"
ლელა კოდალაშვილი
გამომცემლობა "აგორა" 2011

ლელა კოდალაშვილი თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, თავის კრიტიკულ წერილებს, მოთხრობებსა და პიესებს სხვადასხვა მედია-გამოცემაში აქვეყნებს. არის ლიტერატურული ინტერნეტ-გვერდის "oxymoron.ge" რედაქტორი. მისი პიესის - "ქალები ღალატი" მიხედვით რეჟისორმა პაატა ციკოლიამ სპექტაკლი დადგა.

"არა - ვამბობ მე" ლელა კოდალაშვილის სადებიუტო პროზაული კრებულია, რომელიც გამომცემლობა "აგორამ" წარუდგინა მკითხველს. მწერლის ზურაბ ქარუმიძის აზრით, ლელას მოთხრობები "ერთობ გზნებიანი ეროტიზმითა და ქალის ფსიქოლოგიის წვდომითაა აღსავსე. საინტერესოა, რომ აქ ეროტიკა იაფფასიანი ეპატაჟისთვის არაა განკუთვნილი. ვფიქრობ, რომ ამ წიგნს მკითხველი უსათუოდ ეყოლება." უდავოდ ეყოლება, - მეც ასე ვფიქრობ!

კრებულში შესულ მოთხრობებში ავტორი დაუნდობლად ამხელს ადამიანის არამდგრად ხასიათს, მის ქვენა განცდებსა თუ ინსტიქტებს. "არა - ვამბობ მე" არა მხოლოდ წიგნის, ერთ-ერთი მოთხრობის სათაურიცაა. გამოითქვა აზრი, რომ ეს ყველაზე თამამი ეროტიკული ტექსტია ქართული ლიტერატურის ისტორიაში ქართველი მწერალი ქალების შექმნილ ტექსტებს შორის! თუმცა, საბოლოო განაჩენი მკითხველმა უნდა გამოიტანოს და ლელა კოდალაშვილის პროტესტის ხარისხიც სათანადოდ შეაფასოს. წიგნი გარეგნულად (სათაურით, მხატვარ თამარ მელიქიშვილის გაფორმებული ყდით) თუ შინაგანად (ექვსი მოთხრობით) მამაკაცის წინააღმდეგ პროტესტითაა სავსე, გმირები გაურბიან საყოველთაოდ დადგენილ მორალურ ნორმებს, რეალობას, სიცოცხლესაც კი. ასე რომ, წინ საინტერესო მოგზაურობა გელით ახალი ავტორის აღმოსაჩენად, მე კი დასასრულ ერთ ბრძნულ გამონათქვამს შეგახსენებთ: "თუ ქალი არ ნებდება - იმარჯვებს, ხოლო თუ ფარ-ხმალს ყრის - გამარჯვებულს საკუთარ პირობებს კარნახობს!"

* https://www.lit.ge/book/1687-ara,-vambob-me-lela-kodalashvili/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:43 pm


იფიქრე ხმამაღლა

GeolibTV
გამოქვეყნდა 6 სექ. 2012-ში

მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი საქართველოში ლიტერატურული კრიტიკის არარსებობასა და განვითარების უპერსპექტივობაზე საუბრობს

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptySun Mar 24, 2019 10:53 pm

ლელა კოდალაშვილი

ომარ თურმანაული

ხომ გაგისინჯავთ კონცენტრირებული, დაწნეხილი რამე პროდუქტი, მარცვალი, რომელიც დიდ ფინჯანზე ან თეფშზეა გათვლილი და ერთბაშად და გაუზავებლად გასინჯვა ისე მძაფრად გაგრძნობინებთ იმ პროდუქტის არომატს, რომ შეიძლება ცუდადაც კი გახდეთ.
ახლა ეს პაწაწინა მოდელი გადაიტანეთ ადამიანთან ურთიერთობაზე. წარმოიდგინეთ, როცა ასეთი კონცენტრირებული და დაწნეხილი სახით, ერთბაშად კითხულობთ მასთან 10 წლიან მიმოწერას, ამას დაუმატეთ მანამდელი ურთიერთობის 20 წელი, ზოგი მეხსიერებაში შემორჩენილი, ზოგი ამ მიმოწერებს შორის ლაივის შეხვედრები..
ბომბივითაა. ეგოისტურად გგონია, რომ მარტო შენს ასაფეთქებლადაა გათვლილი. შეიკუმშა, ქვასავით გახდა და არსად არ მიდის. აღარ ზავდება არც ცრემლებით, არც სხვებთან, შენს მსგავს მდგომარეობაში მყოფებთან საუბრით, რომ იქნებ ისევ ნელა და თანდათან დააგემოვნო, როგორც ამდენი წელი აგემოვნებდი ამ ადამიანს და ვერც კი გრძნობდი, უფრო სწორად , ისე კარგად ვერ გრძნობდი, რა არომატი ჰქონდა ამ ყველაფერს. ისეთი, როგორიც სხვას ვერასოდეს ექნება. თითქოს ერთი რომელიმე სახეობის ხე, ბალახი თუ ყვავილი გაქრა დედამიწიდანო.

2019 წლის 24 მარტი

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:22 pm

ლელა კოდალაშვილი

დრამატურგის მონოლოგი

რას ნიშნავს სიტყვა «დრამატურგი»? და რა საჭიროა ადამიანების ასეთი მკვეთრი
დაყოფა _ დრამატურგი, პოეტი, მხატვარი, მულტიპლიკატორი, რეჟისორი... ხომ
შეიძლება რეჟისორი საინტერესო მხატვრად წარმოდგეს თავის ფილმში, ან
დრამატურგი _ პოეტად თავის პიესაში. ეს სიტყვები და მის მიღმა ნაგულისხმევი
ადამიანები ხანდახან ისე იდღაბნებიან ერთმანეთში, როგორც გუაშის საღებავები
წყალში ჩაღვრისას. ყველაფერი კი საბოლოო ჯამში გამოხატვის ტექნიკის საქმეა.
ჩვენ ვირჩევთ გამოსახვის სხვადასხვა ფორმას, რაკი ამა თუ იმ სათქმელს ის უკეთ
ერგება და თან ტექნიკურად ვართ გაწაფული ამა თუ იმ საშუალებაში. ვცდილობთ,
ჩვენი თავი გამოვთქვათ იმდენად, რამდენადაც ეს ფორმა მოგვცემს საშუალებას.
ვარ თუ არა მე დრამატურგი იმის გამო, რომ რამდენიმე პიესა დავწერე? რა თქმა
უნდა - არა. ისევე, როგორც არ ვარ პოეტი ან მხატვარი იმის გამო, რომ ლექსებს ვწერ და
ხანდახან ვხატავ, ან დიზაინერი, რაკი ხანდახან კაბებს ვკერავ. მე უბრალოდ ვარ ვინმე
ლელა კოდალაშვილი, რომელიც სამყაროს ესაუბრება ამ ენებზე. ჩვენ ჩვენი ლექსებით
თუ პიესებით, ომებით თუ სამშვიდობო ხელშეკრულებებით, ჩვენი გამომცხვარი
ნამცხვრებით თუ შეკერილი ფეხსაცმელებით, მთაზე ასვლებით თუ გატანილი
გოლებით სამყაროს ვუყვებით ჩვენს შესახებ.
თუ არ ვცდები, არტურ შოპენჰაუერი ამბობს: ,,ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების
დიდ ნაწილზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.” ვერაფერს იზამ. ადამიანს აქვს სწრაფვა,
დაფაროს ყველაზე საინტერესო, რაც მასშია და რაც შეიძლება შეუმჩნევლად გაზავდეს
საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს კონტაქტები სხვა ადამიანებთან,
მაინც უწევს ძალისხმევა, წარმატებით შეასრულოს შავი ყვავის როლი, დაფაროს
თეთრი ან მწვანე ბუმბული. და იმ ყველაფერს, რასაც ხარშავს, რასაც დანარჩენებს
უმალავს, მერე ნება-ნება გვაწვდის იმ ფორმით, რომელიც მას ხელეწიფება და რაზეც
ზემოთ უკვე ვისაუბრე.
«ჩვენ ჩვენს უმეტეს ძალებს კი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში და
მოწყენილობისაგან თავის დაღწევის სურვილში ვდებთ» _ ასე იწყებს საუბარს ჩემი
ერთ-ერთი პერსონაჟი და აგრძელებს: ,,...ყოველი დილა იწყება ცნობისმოყვარეობით და
მოწყენილობისგან გაქცევის სურვილით. ეს ორი გრძნობა მომენტალურად ირთვება
ტვინში, როგორც კი მობილურის მაღვიძარა რეკავს და ადამიანს სამსახურში წასვლის
დროს ახსენებს. ხოლო სანამ ღამე დადგება, იგი უამრავ საქმეს, საკითხს, პერსონას
მიმართავს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და მოწყენილობისგან თავის
დაღწევის მიზნით. თვითონ ამ სწრაფვებს უძებნის ათას სახელს - სიყვარული, ოჯახი,
სამეგობრო, სამსახური, ახალი პროექტი, მივლინება, კარიერა, დისერტაციის დაცვა,
მატერიალური კეთილდღეობა. იშვიათად თუ გამოტყდება, რომ ცნობისმოყვარეობა
ამოძრავებს, ან მოწყენილია და ახალი გასართობი უნდა. იგი ცდილობს,
დაკმაყოფილდეს მის ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში მიღებული და ნებადართული
საშუალებებით. მაგრამ ყველა ადამიანი არ იჩენს ამ მხრივ აქტივობას. უმეტესობა სულ
უფრო ნაკლებად ეძებს მოწყენილობის წამალს და სულ უფრო ნაკლები რამ
აინტერესებს. ასეთი თავს დაბლა ხრის და ცდილობს, ძირითადი ძალები
ინსტინქტების დაკმაყოფილებისთვის დაზოგოს. ის ემსახურება რუტინას სამსახურის,
ოჯახისა და ყოველდღიური ჩვევების სახით. მისთვის მთავარია, რომ არ შიოდეს, არ
სციოდეს და ჯანმრთელად იყოს. ზოგიერთი კი მუდმივად ცდილობს,
დაიკმაყოფილოს მოღიტინე ცნობისმოყვარეობის გრძნობა და მოწყენილობის გაფანტვის სურვილი, რადგან ეს ღიტინი ნელ-ნელა შემაწუხებელ სახეს იღებს და კაწრავს,
სისხლს ადენს მის არსებობას. ასეთი ადამიანი სიმშვიდეს კარგავს და ისტერიულად
ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაიოკოს ეს ორი გრძნობა. ღმერთის არსებობაარარსებობის გამო ცნობისმოყვარეობაც დასაკმაყოფილებელია და ადამიანი ეტმასნება
ეკლესიას, მოძღვარს. იგი მარხულობს, ეგება და რა ნიშანს მომცემს ღმერთიო.
ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მიაყურადოს ლოცვებსაც და მოძღვრის ქადაგებასაც,
რომ მეტი სამხილი ეჭიროს ხელში, რომელიც სიკვდილისშემდგომი ცხოვრების
ვარაუდს უფრო გაუმყარებს. ადამიანი თვრება, რომ უფრო მეტად მოიხსნას
კომპლექსები და სხვა გრძნობებს მისცეს წარმოჩენის საშუალება. ასე მოწყენილობასაც
იქარვებს და ცნობისმოყვარეობასაც იკმაყოფილებს _ თავის თავში ჩაღრმავების,
სხვების აღმოჩენის ცნობისმოყვარეობას. შეუდარებლად იოლი გადასაწყვეტია
ინსტინქტი, რის შესახებ საუბარიც თითქმის უგულებელვყავით, რადგან იმ ორთან
შედარებით იგი იოლი დასაკმაყოფილებელია. თითქოსდა ტექნიკური ძალისხმევის
გამოჩენისთანავე წყვეტს ადამიანი ყველა ინსტინქტურ საკითხსა თუ პრობლემას. და ამ
სიიოლის ფონზე უფრო აქტუალური ხდება მოწყენილობისა და ცნობისმოყვარეობის
საკითხის გადაჭრა _ აი, ასეთ თეორიას აყალიბებს ეს პერსონაჟი და ეს სხვა არაფერია,
თუ არა ჩემი სურვილი, გავუმჟღავნო ადამიანებს ჩემი სიმართლის პაწაწინა ნაწილი,
ანუ ის, რაზეც რომ არა მისი უდიდებულესობა, ლიტერატურა, ალბათ ვერც
ვილაპარაკებდი.
პიესის წერას კი მაშინ ვიწყებ, როცა ჩემი პერსონაჟები ენას არ აჩერებენ. როცა მათ
ავიწყდებათ, რომ ძირითადად მოქმედებაა საჭირო და ცხოვრებას ლაპარაკად აქცევენ.
ისინი დაუსრულებლად საუბრობენ და ასე აპირებენ, გადაწყვიტონ თავიანთი
პრობლემები. ისინი მოქმედების მაგივრადაც საუბრობენ და მერე ვცდილობ,
დიალოგებს შორის ყავა მაინც დავალევინო ან სიგარეტი მაინც მოვაწევინო.
ერთ უდიდეს მათემატიკოსს, ოგიუსტენ ლუი კოშის, როცა ის დაუსრულებლად
აქვეყნებდა მათემატიკურ სტატიებს, მეორე არანაკლებ უდიდესმა მათემატიკოსმა,
კარლ ფრიდრიხ გაუსმა, რომელსაც ხანგრძლივი პაუზები ჰქონდა შემოქმედებაში,
უთხრა, შენ ნამდვილად მეცნიერული ფაღარათი გაქვსო. კოშიმ ამაზე უპასუხა,
სამაგიეროდ შენ მეცნიერული შეკრულობა გჭირსო. ჰოდა, ჩემი პიესების პერსონაჟებს
კი ვერბალური ფაღარათი აქვთ. რაც არ უნდა ჩავიდინო, ტანსაცმელიც რომ ჩამოვახიო,
ისინი მაინც ლაპარაკობენ. უჭირთ პრობლემების გადაწყვეტა. მეც მიჭირს. ამიტომაცაა,
რომ ადამიანებს შორის უდიდეს გამოგონებას, მსჯელობას მივმართავ და ისინიც
ცდილობენ, ჩემთან ერთად ამ გზით გადაჭრან საკითხი. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.
წინასწარ კი არასოდეს ვიცი, სად ვიპოვნით გამოსავალს.
თუ მოთხრობებს ზოგადადამიანურ საკითხებზე და ტაბუების გახსნა-ამოხსნის
მცდელობით ვწერ, ხოლო ლექსებში ვარ ყველაზე გულწრფელი და თემებსაც ინტიმის
სურნელი ასდით, ის, რასაც პიესებში ვიხილავ, რატომღაც მხოლოდ ქალური
პრობლემებია. თუმცა ქალური პრობლემებიც შეიძლება აიყვანო ისეთ რანგში, რომ
საყოველთაოდ საინტერესო გახდეს.
არ ვიცი, ვინ როგორ წერს პიესას, მაგრამ მე თავდაპირველად ერთი ადამიანის
მონოლოგით ვიწყებ და მერე ვშლი მას რამდენიმედ. უფრო სწორად, ერთ ადამიანში
ჩნდება ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე და ასე შემდეგ ფსიქო-ტიპი. ისინი კონფლიქტში
მოდიან ერთმანეთთან და იძულებული ვხდები, პერსონაჟი დავშალო რამოდენიმედ და
როცა თვალსაჩინონი გახდებიან, ერთმანეთთან დავაპირისპირო.
რა აწუხებთ «ჩემს» ქალებს? ალბათ ის, რაც კაცობრიობის ქალების უდიდეს ნაწილს.
უბრალოდ, სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვაგვარად წყდება ესა თუ ის საკითხი. მეც
თბილისურ სინამდვილეს ვითვალისწინებ და ვცდილობ, გადავურჩინო თითოეულ
მათგანს თავისი ჭეშმარიტება, რადგან მხოლოდ მაშინ გრძნობს ადამიანი თავს
ბედნიერად, როცა თავის მიერ არჩეული ფასეულობებით ცხოვრობს.
რისთვის ვირჯები მე? ალბათ, ამასაც თავისი ახსნა აქვს. იქნებ ყველა ის გზა,
რომელსაც ვირჩევ ამა თუ იმ სათქმელის გადმოსაცემად, ყალბი, გონჯი და უუნაროა...
იქნებ ჯობდა, მესაუბრა დიდ აუდიტორიასთან, მყოლოდა მოსწავლეები ან
სტუდენტები... რადგან ვატყობ, რომ ვერა და ვერ ვიცილებ დიდაქტიკურ ტონს.
ხათუნა თავდგირიძემ, როცა ჩემი პიესა «ისევ იქ, სადაც ვიყავით» წაიკითხა, მითხრა,
თითქოს ყურში ჩამესმოდა შენი გაწიწმატებული ხმა, ვხედავდი, აღელვებისგან როგორ
იფოთლებოდი კანზე წითლად, გებერებოდა ძარღვები. ჰოდა ჯობია, მოიცილო ეგ
ტონი, პერსონაჟებიც და რეალური ადამიანებიც მიიღო ისეთები, როგორებიც არიანო.
არ ვიცი, შეიძლება ეს შენიშვნა სწორია, მაგრამ ძნელია, გაუმკლავდე საკუთარ ფიცხ,
იმპულსურ ხასიათს. ამ თვისების გამოა, რომ გარშემომყოფები იმდენად დაიღალნენ
ჩემი დაუსრულებელი დიდაქტიკით, რომ გადაწყვიტეს, ყური აღარ დამიგდონ. ეგ კი
არა და, პერსონაჟებიც აღარ ისმენენ ჩემს შეგონებებს. თავის ჭკუაზე არიან. ლამისაა,
შევუვარდე ნაწარმოებში და თმები მოვწიწკნო. კიდევ კარგი, ჯერ არც ერთი პიესა არც
ერთ თეატრში არ მიმიტანია. ალბათ, რეპეტიციაზე წამოვუხტები რომელიმე გმირს და
ახალ შეგონებას წავუკითხავ (აქ სიცილის ღიმილაკი ან ღიმილის სიცილაკი
ვიგულისხმოთ). ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად ავტორები ძნელად
ვაღწევთ ხოლმე თავს საკუთარ პერსონას. როცა ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული
ხასიათის პერსონაჟს ვხატავთ, იქაც კი ვცდილობთ, ის როგორმე მივიმსგავსოთ ან მას
მივემსგავსოთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ თითოეული ჩვენთაგანი ყველგან და ყველაშია
ისევე, როგორც თავად ღმერთის იდეის ერთ-ერთი რაკურსის ბანალური გაგება _
ღმერთი ყველა ჩვენგანშია.

კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ლელა კოდალაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა კოდალაშვილი   ლელა კოდალაშვილი Empty

Back to top Go down
 
ლელა კოდალაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: