არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მარიანა ნანობაშვილი

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 2:43 pm

მარიანა ნანობაშვილი Marian10
Marianna Nanobashvili - Photo by Natela Grigalashvili, 2011

მარიანა ნანობაშვილი
მწერალი და ჟურნალისტი.

დაიბადა 3 სექტემბერს, თბილისში.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა დაბეჭდა ჟურნალი „ცისკარში“ 2000 წელს.


წიგნები:
* ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი : [მოთხრობები] / მარიანა ნანობაშვილი. - 1-ლი გამოცემა. - [თბ.] : დიოგენე, 2007. - 132 გვ. ; 21 სმ.. - ISBN 978-99940-926-9-7
** ანოტაცია - მარიანა ნანობაშვილი, “ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი”. (მოთხრობები). თბ. “დიოგენე” 2007.
ყველა წიგნს ჰყავს თავისი მკითხველი, ისე, როგორც ყველა მკითხველს – თავისი ავტორი. თუ თქვენ მარიანა ნანობაშვილის პროზის მკითხველი ხართ, მაშინ კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება, ავტორის მოთხრობები ახლა უკვე ერთ წიგნად თავმოყრილი გადაიკითხოთ. კრებული “ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი” მარიანას მეორე წიგნია და მასში ბოლო წლებში დაწერილი ტექსტებია შესული. “ჩრდილების როკვა”, “მთვარის მეხუთე ფაზა”, “ლამაზი გოგო”, “მესიჯი არსაით”, “იდენტიფიკაცია” და სხვა მოთხრობები ალბათ უკვე ეცნობა მკითხველს სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდიკიდან თუ ელექტრონული გამოცემებიდან.

* არიადნას გორგალი: მოთხრობების კრებული. - თბილისი, მერანი, 2004. - 264 გვერდი.

ბმული:
* http://www.bu.org.ge/m1140?lang=geo
* http://mariannananobashvili.blogspot.com/
* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/proza/6018-Array.html
* https://www.facebook.com/marianna.nanobashvili

მარიანა ნანობაშვილი A_i-ea10
«ПРЕКРАСНАЯ ЕЛЕНА» рассказ. Марианна НАНОБАШВИЛИ, г. Тбилиси (Грузия) - Дипломант I Международного творческого конкурса «Вечная Память!», Федеральный журнал «СЕНАТОР», 2005

* http://www.konkurs.senat.org/konkurs-news/diplomant-1.html


sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Mar 09, 2019 5:02 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 2:48 pm

მარიანა ნანობაშვილი Marian11

წიგნის დასახელება – „არიადნას გორგალი“ (ნოველები, მინიატურები)
ავტორი - მარიანა ნანობაშვილი
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
მხატვარი - ვანო აბულაძე
გამომცემლობა - „მერანი“
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2004
გვერდების რაოდენობა – 264
წინათქმა - მაკა ჯოხაძე

მარიანა ნანობაშვილი Marian12

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 2:54 pm

მარიანა ნანობაშვილი

ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი

მოდი, მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ, ჩემო ლამაზო... ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაგივლია, პირზე რძე შეგშრობია, ფუთი მარილი გიჭამია, ჭიპი მოგიჭრია, საჩემო კბილი გამოგიცვლია, ათასი დამარხული ძაღლის თავისთვის მიგიგნია, რაღა გაშინებს? ახლა ამ ნისლის ფარდასაც გაგლეჯ და გაოგნებული თვალებით შემომაშტერდები. ოქროს სავარცხელი უკვე მოვიხსენი, წითელი თმა გავიშალე და ავმღერდი. ჩემი ხმა ოკეანის უკიდეგანო ლაჟვარდზე მისრიალებს, შენთვის უცნაური ექოთი ეფერება ლივლივა ზედაპირს. ჟრუანტელმოგვრილს უკვე ბუსუსებად დააყარა წვრილმა ტალღამ, გაირინდა ოკეანე, დამიყურადა შენსავით.
ახლა შეგნიშნავს და გეცემა დაგეშილი, ეჭვით გაგიჟებული, ნაფოტივით გათრევს, მერე კი უზარმაზარ ხახაში მოგიმწყვდევს და ჩაგყლაპავს... მე ჩემი კლდის ქიმიდან წყალში ვისკუპებ, ჩავყვინთავ, შენი გემის ნამსხვრევებში უცებ გიპოვი, გაოგნებული შუშის თვალებით რომ შემომხედავ, ერთს მძლავრად მოვიქნევ კუდს და სამუდამოდ გაგაყოლებ დინებას... მანამდე დამავიწყდები, სანამ მოგინელებს... უკანმოუხედავად ჩავუღრმავდები მკლავგაშლილ ოკეანეს, იქ, სადაც მზე ვეღარ აგდებს მახინჯი საგნების მახინჯ ჩრდილებს, სადაც ჩემი დები მელიან...
დაბრუნებულს, დები გამომცდელად შემომაკრიალებენ ნათელ თვალებს. გამომცდელად იმიტომ, რომ ეჭვი აქვთ – ახლა ჩემი ჯერია. ჰგონიათ, მიწა მიხმობს. მიწა კი მართლა მიხმობს, მაგრამ მე არ ვეპასუხები.
ვზივარ ზოგჯერ ჩემთვის კლდის ქიმზე და მიმომავალ გემებს ვძირავ. მიმომფრინავ თვითმფრინავებს ვამხობ. მხოლოდ გაშლილ წითელ თმას ვივარცხნი ოქროს სავარცხლით და ვმღერი, სხვა არაფერი...
ზოგჯერ კი ვდუმვარ და იქით ვიხედები, საიდანაც მიწა მეძახის. მისი ხმა ყურში მიბუბუნებს, მევედრება, რომ ვჭირდები, ვენატრები, რომ იქ, ახლა, ჩემთვის ადგილი აქვს. ვითომ მევედრება, თორემ უბატონოდ მიზიდავს თავისი მძლავრი მაგნიტური ველით. ასე წავიდნენ ჩემი დებიც. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე, მეათე...
საუკუნე ისე არ გავა, რამდენიმე არ გაიტყუოს ვერაგმა. გამოაბამს ანკესზე მორიგ სატყუარას და გვექაჩება…მერე...
...ერთი ძალაუფლებას წამოეგო. თვალები შავად შეიღება, ხელისგულები – წითლად. პატარა თავზე მძიმე გვირგვინი მოირგო. ვის აღარ გაუშალა კუდი მამალი ფარშევანგივით. რომ დააგემოვნა, როგორია, ჰქონდეს თავისი მიწა, სადაც სახლობს თავისი ხალხი, ვეღარ შეელია.
...ქალთევზას თვისებაა, ცივი სისხლით გაანაწილოს ფსონები.
ქალთევზამ იცის მოპოვების და შენარჩუნების ღირებულება.
იჯდა ჩემი და ოქროს სავარძელში, ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნიდა და მღეროდა. უმღეროდა ფთოლომეუსს, უმღეროდა იულიუს კეისარს, ანტონიუსსაც უმღეროდა... უმღეროდა და აჯადოებდა... მაგრამ მიწა უგრძნობია, იმიტომაც იტევს ბევრს... ჩემი დის ალაფად დათრევა განიზრახა, ამიტომ, როცა ის ოქტავიანეს უმღეროდა, ხმა წაართვა... აჯობა მიწამ, ქალთევზამ შხამიანი გველი მოატანინა და საკუთარი ნებით იქცა ქაფად...
...სხვა და მიწამ იდუმალებით გაიტყუა.
სხარტი გონება ჰქონდა, ნებისმიერ თავსატეხს წამში ხსნიდა. სიამოვნებდა სიძნელეთა დაძლევა. მიწის ბევრ საიდუმლოს ჩაუყო გულში ხელი, საგულდაგულოდ გადამალული გამოცანების ფრაგმენტებს ადვილად უმარჯვებდა ერთმანეთს. იმდენი პასუხი გამოსძალა, როგორც ვერავინ მანამდე. თავისი ცოდნა ჯადოსნურ მალამოებად აქცია, ყველაფრის განკურნება შეეძლო, საკუთარი ვნების გარდა. იჯდა ოქროს სავარძელში, ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნიდა, ფერხთით ოქროს საწმისი ეგო და მღეროდა. უმღეროდა კოლხებს, იასონს, მიწიდან ამოზრდილ ურჩხულებს, მერე გემში ჩაჯდა და თბილ დინებას გაჰყვა.
დინებამ ელადის ნაპირზე გამორიყა...
...ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, როგორც მიწის ქალებს არ შეუძლიათ.
ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, რომ მიწის ქალებმა ვერ გაუგონ...
რომ ვერც იმან გაუგოს, ვინც ასე ძალიან უყვართ...
...იდგა ჩემი და სისხლიანი ხელებით. ყველა მხრიდან წიხლავდნენ – ზურგიდან, სახიდან, მომავლიდან... თავზე სცვიოდა გაქვავებულ მიწის ბელტებად ნაქცევი ნაფეხურები... და ჩემი და ქაფად იქცა...
...ჩემი სხვა და მიწამ თავისუფალი ვარდნით მიიზიდა. კუდის მძლავრი მოქნევით ზეცისკენ აჭრა უყვარდა, ხელების გაშლა... პატარა იყო, კნაჭა, გამხდარი...
ერთხელ ქარბორბალამ აიტაცა და ორლეანის მიწაზე გადმოაგდო. უცებ გამოზრდილ ფეხებზე მყარად დადგა. პატარა ხომ იყო და კნაჭა, ოკეანის გული ჰქონდა, ცეცხლის თვალები და ჰაერით იყო მიწაზე მოსული. გადაისვა ოქროს სავარცხელი თმაზე, მერე შარვლის ჯიბეში ჩაიდო და ამღერდა. უსმენდა გახევებული დოფინი კარლოსი, უსმენდა ფრანგი ხალხი, და საითაც გასწია მყარი ფეხებით, ყველგან გაჰყვა. თავისი წილხვედრი მიწის ნაფეხურები მაშინ დაეყარა თავზე, როცა ბურგუნდიელებმა ინგლისელებს ოცდაათ ვერცხლად მიჰყიდეს, დილეგში გამოამწყვდიეს და სიმღერა შეაწყვეტინეს. მე და ჩემი დები აქედან ვეძახდით, ვამხნევებდით, ვეჩურჩულებოდით ღამის სიჩუმეში.
გვიყვარდა განსაკუთრებით, გამხდარი კისრითა და ხელის მტევნებით, მყარად რომ ჰქონდა მახვილი ჩაბღუჯული. ხმები ესმისო, გაუგეს, მამაკაცის სამოსი აცვია, ჯადოქარიაო, დაადაღეს და დიდი კოცონი დაანთეს... და ჩემი კნაჭა დაც ქაფად იქცა.
...სხვა დამ გრძელი თმა კისრამდე შეიკვეცა, ქერად შეიღება და მომნუსხველი ღიმილი წაიღო მიწაზე. ეს ღიმილი, ჰაეროვან კოცნაზე შესუნთქული, მსოფლიოს მამაკაცებს ურევდა ტვინს. ჩემს დას ეკრანზე მოსწონდა ცხოვრება, გარდასახვა და გარდასხეულება, მოსწონდა და შეეძლო კიდევაც, ძალიან კარგად შეეძლო... მაგრამ – თქვენ ახლა სექსზე ფიქრობთ? – დარწმუნებით ეკითხებოდნენ დიდი რეჟისორები და დიდი სცენური პარტნიორები.
არა, რა თქმა უნდა, – როლიდან უმალ ვარდებოდა ჩემი და. გასაოცარია, პირდაპირ გასაოცარი. თქვენგან მუდმივად ისეთი იმპულსები მოდის... პირდაპირ ეკრანზე... პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში... თითქოს სულ, განუწყვეტლივ ფიქრობთ სექსზე, – მხრებს იჩეჩავდნენ დიდი რეჟისორები და სცენური პარტნიორები. – თუმცა, იქნებ, ასე აჯობებს კიდეც...
მაშინ ჩემმა დამ ოქროსფერი სავარცხელი აიღო, ოქროსფერ თმაზე გადაისვა და ამღერდა.
უმღეროდა “პლეიბოის” მუშტრებს, უმღეროდა პატრიოტ ჯარისკაცებს და პრეზიდენტსაც უმღერა ერთხელ. ისე უმღერა, სივრცესა და დროში გააქვავა ეს ბგერები. ამ დასაც ბევრი მოხვდა ნაფეხური. კოცონზე არ დაუწვამთ. ისე ურტყამდნენ მტკივან ადგილებში, ლამაზ ცხვირ-პირზე არაფერი დასტყობოდა. ისიც იღიმებოდა და იღიმებოდა, სანამ ქაფად არ იქცა.
...ქალთევზების თვისებაა, ჰქონდეთ ჭარბი ქალური საწყისი.
ქალთევზების თვისებაა, ამას ვერ მალავდნენ.
ვერავისთან.
როგორ გადაარჩინოს სილამაზემ სამყარო, როცა სამყარო სილამაზეს ცელავს?
...ერთ დას კი პრინცი შეუყვარდა. პრინცს ტალღოვანი თმა და მგრძნობიარე გამოხედვა ჰქონდა.
როცა მოღიღინე დამ შუბლქვეშიდან ოკეანისფერი თვალები შეაფეთა, მონუსხულმა პრინცმა ოქროსფერ თავზე გვირგვინი დაადგა, მერე ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. გზად უამრავი ხალხი ეგებებოდათ ტაშითა და შეძახილებით, პრინცესა კი უმღეროდა მას, თანაც ყველა მხარეს პეშვებით აბნევდა სიყვარულს. თავი მორცხვად თუ თავმდაბლად ჰქონდა ჩაღუნული და ოკეანისფერ თვალებს შუბლქვეშიდან აკრიალებდა. მაგრამ მალე პრინცმა სხვა შეიყვარა და პრინცესას ხმა დაეკარგა...
...ქალთევზები ჩვეულებრივი ქალებივით რეაგირებენ გულგრილობაზე.
ქალთევზებს ჩვეულებრივ ქალებზე უფრო მეტად უჭირთ მოკვდავი პრინცის შენარჩუნება, ხვეული თმითა და მგრძნობიარე გამოხედვით. მათი სიყვარულის უნარის დიაპაზონი ძალზე უთანასწოროა...
ოთხ კედელში ნაშობი გული ოთხი კედლის სივრცის სიმძაფრით ცხოვრობს. სადაც ყველაზე დიდი ქარიშხალი ორპირი ქარია, ყველაზე საშინელი ურჩხული – სარდაფის თაგვი, ყველაზე საინტერესო მოვლენა – სხვისი პრობლემები. სადაც მოთხოვნილებებიც ოთხი კედლისაა და ვნებებიც. ეს გული გაწვრთნილია, აარიდოს ტკივილს თვალი, მუხრუჭებიც გააჩნია...

მისი განცდები ოთხი კედლის სწორხაზოვანი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. ამ ჩარჩოს სწორხაზოვანი, მართალი კანონებით.
...ქალთევზას გული ოკეანეშია ნაშობი.
სადაც გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. საიდანაც ყველაფრის წამლეკავი ცუნამი სწევს თავს. რომლის ბნელ სიღრმეში უამრავი ურჩხული და უამრავი მშვენიერება გალურსულა.
...ოთხ კედელში კი ოკეანის მასშტაბების ზიდვა, ოჰ, რა რთულია.
...ჩემი და სხვა პრინცის მოძებნას შეეცადა, მაგრამ ქალთევზები თითქმის არასდროს არიან ბედნიერები. ერთხელაც იგი ახალ პრინცთან ხელიხელჩაკიდებული ავტომობილში ჩაჯდა და გიჟურ რბოლაში იქცა ქაფად...
ასე, რიგრიგობით გადიოდნენ ნაპირზე, ფეხგამოსხმული სხეულის ნარნარით, და მიწაზე ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი დგებოდა. ზოგი ისე იქცა ქაფად, ბევრს ვერავის დაამახსოვრდა...

ისე, კაშკაშა კვალი დარჩა რომელიმე წიგნში, სურათში, აღმოჩენაში, ვიღაცის მადლიერებაში, წინაპარში თუ ზღაპარში...
ახლა, სიღრმეებში დაბრუნებულს, დები მე შემომაკრიალებენ ხოლმე გამომცდელად თვალებს. გამომცდელად იმიტომ, რომ ეჭვი აქვთ, მიწა მეძახის. ფსკერზე რომ ამასწინათ პრინცი დავმალე, ისიც იციან. შეიძლება, არც იყო პრინცი, უბრალოდ, მგრძნობიარე გამოხედვა ჰქონდა და ტალღოვანი თმა... ახლა ჩემია, მაგრამ რად მინდა. შუშის თვალები გაუხდა, მიყურებს და ვერ მხედავს, აღარც ჩემი ხმა ესმის...

ჩემი კუდის დგაფუნისა შეეშინდა თუ სიმღერის, ახლა რა მნიშვნელობა აქვს... არ უნდა ჩამომეთრია სიღრმეში ოთხი კედლის ნაშიერი... დავტრიალებ, თავს ვევლები, ცივს, უძრავს და მტკივა, მტკივა გული, როგორც მხოლოდ ქალთევზებს სტკივათ...
ჰოდა, მიწა მიხმობს, რათა ჩემი წილი ტკივილიანი ოკეანე გავიტანო ნაპირზე. მეჩურჩულება, რომ ვალდებული ვარ, მისი საიდუმლოებები აღვწერო იმ გულით, გრიგალივით რომ განიცდის ოთხი კედლის ორპირ ქარს, თაგვების გარდა სხვა ურჩხულებსაც ამჩნევს და სხვისი პრობლემები ნამცეც-ნამცეც აქცევს ქაფად... მეძახოს... მომიგდოს სატყუარად, რამდენი კალამიც უნდა...

თითქოს უკვე ცხადად მესმის ოთხი კედლის ქილიკი – ქალთევზას ხედვაა... ქალთევზა მაინც ქალთევზაა... სად შეუძლია უხეშად, კაცურად, “პიდ...ებით” და “დედამ...ებით” საცოდავი სივრცის საცოდავი ამბების გადმოცემა... რა იცის ქალთევზამ ნამდვილი ლიტერატურისა...
...ოქროს სავარცხელი მისრიალებს წითელ თმაში. “შერშეშერშეშერშე” – ბანს მაძლევს კლდის ქიმს ამომსკდარი ტალღები. “ლა-ფამ” – ჩავადგაფუნე წყალში კუდი. ვმღერი.

ვმღერი გამეტებით. ახლა ამ ნისლის ფარდას გაგლეჯ, თვალს მომკრავ. გაოგნებული შემომაშტერდები, და ეს შენი უკანასკნელი გამომეტყველება იქნება. კეთილი იყოს შენი ფეხი ბერმუდის სამკუთხედში!
მოდი, მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ, ჩემო ლამაზო... ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაგივლია, პირზე რძე შეგშრობია, ფუთი მარილი გიჭამია, ჭიპი მოგიჭრია, საჩემო კბილი გამოგიცვლია, ათასი დამარხული ძაღლის თავისთვის მიგიგნია, რაღა გაშინებს?..

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Mar 09, 2019 3:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 2:58 pm

მარიანა ნანობაშვილი

ერთხელ საქართველოში...

(ნამდვილი ამბავი)

ნატა ვარადას, რომლის მონათხრობის საფუძველზე დაიწერა ეს ნოველა

_კუსპარ... ეი, კუსპარ...
კუსპარა ძილში იშმუშნება, წვრილი თითებით ცხვირს ისრესს, მერე თვალებს.
_ადექი-მეთქი, ბიჭო!
_რა გინდა...
_ადე...
კუსპარა ზანტად ახელს თვალებს. წაწვეტებულ ნიკაპზე იფარებს ჭუჭყიან საბანს. გააკანკალა. ახლაღა იგრძნო დილის სიცივე.
_ადე-მეთქი, ბიჭო. პური ვჭამოთ.
ეგრევე გამოფხიზლდა. მიყურებს დიდრონი წირპლიანი თვალებით.
_რა ვჭამოთო?
_ადე, ნახავ, - დინჯად ვპასუხობ, მსიამოვნებს, რომ უხარია, მაგრამ არ ვიმჩნევ.
კუსპარამ საბნიდან რეიტუზებიანი ფეხები გამოყო, თითებთან გამოგლეჯილი. ჯერ პატარაა და რეიტუზის ტარებას არ თაკილობს. ღამეც მასე სძინავს, აბა, პიჟამოები მაგას არა აქვს და ტიტლიკანა ხომ გაიყინა... ჩემი ნაქონი მაისური აცვია, ისიც გახეულია იღლიებთან, სამაგიეროდ, გრძელი მკლავები აქვს და თბილია. იქვე სკამზე მიგდებულ ტანსაცმელს ვაწვდი, მალე რომ ჩაიცვას, კანკალებს, ცოდოა. ჩემი მაჯის სიმსხო კიდურები აქვს, მეტი კი არა, ცდილობს, ჩქარა გადაიცვას პერანგი და უფრო იხლართება. ვეხმარები.
_რაო, წეღან რა თქვი, პური ვჭამოთო? _ მახსენებს საქმიანად.
_ჰო, აგერ თამარაანთან თონე გაუხურებიათ და შემოგვაწოდეს ჩვენც.
ხმას არ იღებს. იცვამს.მხოლოდ მოზრდილი ნერწყვი გადაუვიდა მძიმედ ყელში.
_კარგი ქალია თამარა, - დიდი კაცივით ამბობს, აგემოვნებს წინასწარ ცხელ-ცხელი პურით საუზმეს.
_ჰო, კაი ქალია, - ვეთანხმები. ხომ არ ვეტყვი, ისეთი სახით გადმომიგდო ეს პურები, საკუთარი მოწყალებით გულაჩუყებულმა და თანაც რაღაცნაირად გაღიზიანებულმა, შიმშილით რომ სული არ სძვრებოდეთ კუსპარას და მამაჩემს, არც გამოავართმევდი.
რასა ჰგავს ეს მაიმუნი! ხომ ძმაა ჩემი, მაგრამ რაღაც ეგეთი ბავშვი იყო სულ, გულმიუსვლელი. ძალიან გამხდარი, შავი და ჭუჭყიანი. ეს სხვებისთვის, თორე... ისე ძალიანაც საყვარელია. თვალები აქვს უზარმაზარი და ბოჩოლასავით ნაღვლიანი. ალბათ, დედა რომ არ ახსოვს, იმიტომ. თუმცა, კი ახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. სამი წლისაც არ იყო, რომ მოგვიკვდა. მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა, თორემ მკერდში ისევ მომეწურა რაღაც. საერთოდ, ვცდილობ, არ ვიფიქრო დედაზე. თავიდან ვერ გამომდიოდა, მერე შევეჩვიე ნელ-ნელა. აგერ, კუსპარა მყავს გასაზრდელი. შვიდი წლითა ვარ უფროსი, კაცი ვარ მაგასთან შედარებით. თვალებში მიყურებს, ყველაფერში მბაძავს, მაიმუნი... თუ ცხვირი ჩამოვუშვი, ეგეც დარდიანდება და ცოდოა. დაჩაგრულია ისედაც. მე რაღაც მაინც მინახავს ცხოვრებაში, ეს კიდევ, რაც გაჩნდა, სულ მშიერი და გაყინულია. დედაც არ ახსოვს. ხოდა...
ორი შოთის პურიდან ერთი საღამოსთვის შევინახე, მეორე სამად გავყავი. შუა ნაწილი კუსპარას გავუწოდე, ერთი ყუა ჩავკბიჩე, მეორე კი მამაჩემს შევუტანე.
მამაჩემი ლოგინიდან მოსასაქმებლად თუ დგება, დგება რა, ვეხმარები და ძლივს ავაყენებ ხოლმე. ხომ როგორი გამხდარია, მაგრამ მძიმეა ძალიან. გულ-მუცელი ჩამწყედება ხოლმე. დედა რომ გარდაიცვალა, შაქარი დაემართა და მალევე დაბრმავდა. სიბრმავეს ვინ ჩივის, რაღაცეები მოეშალა ორგანიზმში და ცუდადაა. მაგას დიეტა უნდა და წამლები. დიეტა კი არა, ნეტა რამე იყოს საჭმელი. ხან რომელი მეზობელი მოგვაწვდის რამეს, ხან რომელი. წამლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ზოგჯერ ვინმეს საქმეში ვეხმარები და საჭმელს გვაძლევენ. ახლა ყველას უჭირს. შუქი არაა, გაზი არაა, საჭმელი არაა, ქვეყანა დაიქცა. არეულობაა, თბილისის ომის შემდეგ აქაც ძაღლი პატრონს ვერა ცნობს. ვიღაცეები დაძრწიან ქუჩებში, თავწაკრულები, იარაღს აჟღარუნებენ. კუსპარას მარტოს არ ვუშვებ ქალაქში. დაეტიოს სახლში და ითამაშოს მეზობლის ბავშვებთან. მაგაზე ყოველ დღე ჩხუბი გვაქვს, ისე, ბოლოს მაინც მიჯერებს. ცელქია ძალიან, ვერცხლისწყალივით მოძრავი. სულ ეძებს, რა გააფუჭოს, რომ გაერთოს. ხან რომელ ხეზეა ჩამოკონწიალებული, ხან რომელზე. ყველაფერი აინტერესებს, ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს. `ეს რა არის? და რატომ არის? და შიგნით რა აქვს?~ შემიკლო რა ამ ბავშვმა. ახლახანს, ზაფხულში, ტყეში გამეპარა, ბიჭებთან ერთად ვიყავი გასული და, რომ მოვედი, სახლში არ დამხვდა.. გვიანობამდე ვეძებე მთელ ქალაქში, კინაღამ გავგიჟდი. ყველგან იარაღიანი ტიპები დაძრწიან... ის კი მაყვალზე წაბრძანებულა ბავშვებთან ერთად. მაგრად ვცემე იმ საღამოს და იმის შემდეგ ჭკვიანადაა.
_დათუნას აჭამე უკვე? _ მკითხა მამაჩემმა, თბილი პურის ყუა რომ ჩავუდე ხელში.
_ჭამს კუსპარაც, მიდი-მიდი, ეს შენი წილია.
მამაჩემმა აკანკალებული ხელით პური პირთან მიიტანა და ნელა ჩაკბიჩა. ერთხანს ვუყურე, როგორ მძიმედ იქნევდა გასაპარს ყბებს, მერე სულ უფრო სწრაფად.
_აცივდა მაგრად. _ ვეუბნები. – დღეს სკოლაში არ წავალ, დიტო პაპას გავყვები ტყეში ფიჩხზე, იმასაც მივეხმარები და ჩვენთვისაც წამოვიღებ, კუსპარასაც გავიყოლებ, არაფერი უჭირს, გაატოკოს ხელი.
_კარგი, _ მხოლოდ ეს მითხრა.
კუსპარას გაუხარდა, სკოლას რომ აცდენდა. მართლა კუსპარაა, რა. გაწკვლიპული, პატარა. მესამე კლასელსაც არ ჰგავს. მამაჩემი მთასავით კაცი იყო თავის დროზე, მეც რა მიჭირს ვითომ, ეს ვის დაემსგავსა. ცუდი კვების ბრალიაო, ამბობენ... როგორ იღმურძლება, გაგეცინება კაცს. რაღაც შემეკუმშა გულთან, მოვეფერო მინდა წამოზრდილ რბილ თმაზე, ხელიც გავიწვდინე, მაგრამ უნებურად მსუბუქად წავუთაქე. სულ მასე მომდის.
_მიდი, დააბოლოვე, მე დიტოსთან გადავალ, ერთი რას აპირებს.
დიტო პაპას უკვე გაემზადებინა ურემი. ერთი ჯაგლაგი ცხენი ჰყავს, შეშას აზიდინებს ხოლმე ტყიდან. ურემში აბამდა.
_აბა, მოდიხართ? _ შორიდანვე იყვირა. ახლავე-მეთქი და კუსპარას დასაძახებლად გავიქეცი.
მე და კუსპარა ურემზე, უკან მოვთავსდით, დიტო პაპამ ცხენის სადავეები მოქაჩა და დავიძარით.
_ხო-ხო, ჯიბგირებო, რა ბევრი შეშით დავბრუნდებით! ასეთი კაცი მოგვყვება დასახმარებლად, - წაიჩიფჩიფა დიტო პაპამ, კუსპარას თვალი ჩაუკრა და ცხენს შეუძახა.
კარგი კაცია დიტო პაპა. ტყეში ისე არ წავა, არ მითხრას, თორემ ფეხით რა მაზიდინებს იმ სიშორიდან ფიჩხს. გავიყინებოდით ზამთარში... ჯერ ისედაც ვიყინებით, მაგრამ... მთელი გზა გველაზღანდარავება, გვაყოლებს ხოლმე რაღაცეებს, სკოლის ამბებს და ხითხითებს უკბილო პირით. განსაკუთრებით კუსპარას მოყოლილები უყვარს. კუსპარაც მოაღებს ხოლმე პირს და, რაც იქნება და რაც არ იქნება, ყველაფერს ფქვავს. პაპაც ხითხითებს გულიანად, ხალისობს.
დიტო პაპაზე ყველა ამბობს, ოქროს გული აქვსო. უყვართ სოფელში. მეც მიყვარს. დედა რომ გარდაიცვალა, არ ვტიროდი, ყველას ვუბღვერდი. მაინცდამაინც არ მაქცევდნენ ყურადღებას, შე საცოდავოო, შემომტირებდნენ შიგადაშიგ ვიღაც ქალები და ეგ იყო. უფრო კუსპარას ეფერებოდნენ. მე ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ვერავის ალერსს, დედის გარდა... თვალდახუჭულ დედას ვუყურებდი და ვერავის ვგრძნობდი გარშემო, მარტო ვიყავი თითქოს ამქვეყნად. მერე ცა და მიწა ერთმანეთში აირია და დატრიალდა. უცებ ვიღაცამ შემანჯღრია. დიტო პაპა დახრილიყო ჩემს თავზე და ყურადღებით შემომცქეროდა.
_ცუდად ხომ არა ხარ, ბიჭო, _ ხელი ლოყაზე გამკრა. ხმა რომ არ ამოვიღე, ხელი მომკიდა და ეზოში გამიყვანა. მორჩილად გავყევი. დამსვა და მითხრა:
_ბიჭო ლევანა, მე რომ შენხელა ვიყავი, აღარც დედა მყავდა და აღარც მამა. რომ გიყურებ ახლა, ისე ვარ, თითქოს შენი კბილა დიტო გედგე გვერდით და შენსავით გამჩხეროდეს ცრემლი ყელში. ეგრეა ცხოვრება, რას იზამ. ძმა გყავს პატარა, მამაშენს გვერდში უნდა ამოუდგე. როდისმე ყველას დაგვაყრიან თავზე მიწას, ჯერ მე, მერე მამაშენს, მერე შენ, მერე შენს შვილებს, შვილიშვილებს, და ასე, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს. სანამ აქა ვართ, მუხლი არ უნდა მოგვეკვეცოს, კაცები ვართ. ეგრეა. _ და თმაზე ხელისგული გადამისვა. საკვირველია, მაგრამ არ გამიწევია თავი, როგორც მჩვეოდა ხოლმე. მაშინ ავღრიალდი, გული ამომიჯდა, ის კი თმაზე მეფერებოდა უსიტყვოდ.
დიტო პაპას ეს აღარც ეხსომება, მე კი მახსოვს. იმასაც ვხვდები, რომ, მგონი, ერთადერთი ადამიანია ამ პატარა ქალაქში, ვინც ამრეზით და ზემოდან არ გვიყურებს, როგორც მათხოვრებსა და უპოვარებს. თუნდაც მისი ოჯახის სხვა წევრებივით. განსაკუთრებით, მისი სიძე მემტერება, ჩვენი ოლქის მილიციის უფროსი, ბიძინა. სულ მემუქრება, რომ აღრიცხვაზე ამიყვანს, ყველგან ჩემი დანაშაული ელანდება. მგონი, მამაჩემს ვერ იტანს და, შეიძლება, იმიტომ ვძულვარ მეც. ბიძინა აქ პატარა მეფესავითაა. ყველა წითელ კოჭს უგორებს, ყველა ემლიქვნელება. ისიც სიამოვნებისგან დნება. მე კი ფეხებზე მკიდია. გამარჯობასაც არ მეუბნება, შემომხედავს უხმოდ წვრილი გესლიანი თვალებით.თუ მივესალმე, თავს გადაიქნევს ხოლმე, თითქოს, დამაცადე შენ მეო. ახლა აღარც მე ვესალმები. მეტი საქმე არა მაქვს. ყველგან ქვეყნის მტრები ელანდება, და საკუთარი კიდევ. რაც გადატრიალება მოხდა, სულ აიწყვიტა, აქაურობის ბატონ-პატრონი ჰგონია თავი. გამიგონია, მხედრიონელებში ძმაკაცები ჰყოლია. მამამ მითხრა ერთხელ, ერიდე მაგას, შვილო, ძალიან ბნელი კაციაო. არ ვიცი, რატომაა ბნელი, მაგრამ ჩვენ რომ ვძულვართ, ვიცი. დიტოს კი არა ჰგავს... როგორ გააყოლა თავისი გოგო...
ქალაქს გავცდით... ბორბლები ქვა-ღორღიან გზაზე არახრახდა. კუსპარამ ურემის მოძრაობის მსგავსად ხტუნვა დაიწყო. წავუთაქე, მოისვენე-მეთქი. ამომხედა ეშმაკურად. გამეცინა. ერთხანს გაჩერდა, ცოტა ხანში ისევ დაიწყო ხტუნვა. ხელი ჩავიქნიე. რაც უნდა, ის უქნია. ეგეთია.
კუსპარას დიტო პაპამ შეარქვა კუსპარა. ერთხელ დაუძახა და მთელმა უბანმა აიტაცა. მართლა კუსპარაა რა, კნაჭა, ვერ მოუსვენია ახლაც, ზის, თვალებს აცეცებს, რა შეიძლება გააფუჭოს და რითი გაერთოს. ერთხანს იცმუკა, მერე იქვე ჭილობგადაფარებული ფუთისკენ წაიღო ხელი.
_ეს რა არის, დიტო პაპა?_ დაინტერესდა მაშინვე.
_ცულებია, შვილო, ხერხი. მანდ არაფერს მოჰკიდო ხელი, იცოდე. თოფიც მიდევს, რა ვიცი, ოხერი დროა, ათასი ნაძირალა დაწანწალებს...
_თოფი?_ თვალები გაუბრწყინდა კუსპარას. _ ნამდვილი? _ და ხელი ჭილობის ქვეშ შეაცურა.
_კუსპარ, _ ვეცი ხელებში...
თოფის გასროლამ ყურები დამიხშო და ექოდ გაიგრუხუნა სივრცეში.
ვერ ვხვდები, რა მოხდა. კუსპარას დაფეთებულ თვალებს ვხედავ ჯერ, მერე დიტო პაპას უეცრად მოშვებულ სხეულს, უცნაურად რომ გადაეკიდა გვერდზე.
ვიგრძენი, რომ რაღაც გამოუსწორებელი საშინელება მოხდა. ამ ძიძგილაობაში თოფმა გაისროლა. და პაპა...
კუსპარამ ერთხანს დამრგვალებული თვალებით უყურა დიტო პაპას მოშვებულ ზურგს და უცებ წვრილი ხმით ატირდა.
_რა ჰქენი, ბიჭო, _ ხმა მიწყდება.
სადავეებს გადავწვდი და ცხენი გავაჩერე.
_დიდო პაპა!.. დიტო პაპააა!!
მოხუცი ადგილზევე გათავებულიყო. სახეზე უდარდელი გამომეტყველება შერჩენია, თვითონვე მიკვირს, რომ ამას ვამჩნევ. რომ საერთოდ მიმუშავებს გონება. ბრაზმა და შიშმა ამავსო, ხელუკურმა გავუქანე კუსპარას. მან ტირილი შეწყვიტა და შეშინებული მორჩილად შემომაცქერდა.
ერთხანს ვუყურებთ ერთმანეთს. შიში უფრო და უფრო მეღვრება ყველა ძარღვში და სისხლს მიყინავს.
_წამოდი! – ვეუბნები უცებ, ხელში ჩავაფრინდი და უკანა გზაზე გავიქეცით.
_მოკვდა? _ მოფორთხიალობს კუსპარა.
_არ ვიცი. _ უცნაურია, მაგრამ ახლა დიტო პაპას სიბრალულის ნაცვლად მხოლოდ შიშს ვგრძნობ. სისხლი ბუყბუყით მაწვება მთელ თავში, ყურებში მიწივის.
კუსპარა აღარაფერს მეკითხება. ბოლომდე ვერც მიმხვდარა, რა მოხდა. მეც ვერ მიმხვდარვარ. გაოგნებულები მივრბივართ. ვიცი, რომ რაღაცა უნდა ვიღონოთ, ვიღაცას საშველად ვუხმოთ.
Dგზას ბოლო არ უჩანს, თუმცა ქალაქიდან შორს არ გავსულვართ. უცებ მოსახვევიდან ურემი გამოგორდა, კაცი ვიცანი _ მეზობელ უბანში ცხოვრობს.
გიჟივით მივრბივარ პირდაპირ მისკენ, კუსპარას მივაფორთხიალებ.
_ძია ლექსო,… იქ... _ სულს ვერ ვიბრუნებ... – იქ...
_რა იყო, რა გჭირთ, _ კაცი ცივად გვიყურებს. შეჩვეული ვერ ასეთ მზერას, მაგრამ ახლა ის ბრაზის ნაცვლად შიშს მგვრის.
_იქ... დიტო პაპაა ცუდად.
_რას ჰქვია, ცუდად, _ ეჭვით შემოგვხედა ლექსომ. _ აბა, დასხედით ერთი.
რამდენიმე წუთში ადგილზე ვართ. ლექსომ შორიდანვე შენიშნა დიტო პაპას უცნაურად გადახრილი სხეული, ცხენს შეუძახა...
დიტო პაპას ტუჩთან სისხლის პატარა ნაკადი ეღვრება, ღია თვალები უაზროდ ჩასცქერის რაღაც შორეულს.
_ეს რა არის? _ გაფითრდა ლექსო და დასისხლიანებულ ზურგზე უთითებს. _ მოკალით?!
თითქოს დავმუნჯდით. ყურებში ისევ მიწივის.
_მოკალით-მეთქი კაცი?! _ უკვე ყვირის ლექსო და როგორღაც შეშინებული გვიყურებს. თითქოს საკუთარი შიშის დასაფარად გვიყვირის.
_აბა, ჩასხედით ურემში! _ ამბობს მკაცრად, მაგრამ გაბზარული ხმით. მგონი, ეშინია, რომ ზურგით დაჯდეს ჩვენსკენ, შეიძლება იმედოვნებს, რომ არც დავუჯერებთ, მაგრამ ჩვენ მორჩილად ვსხდებით. შვებასაც კი ვგრძნობ, რომ ვიღაცა უფროსი წყვეტს, ახლა რა უნდა ვქნათ.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არც გვიკითხავს, სად მივყავართ. თუმცა ისედაც ვხვდებოდი.
მართლაც, მილიციის კორპუსთან გავჩერდით.
_მომყევით, _ უკვე რიხით თქვა ლექსომ.
როგორც ცუდ სიზმარში, ისე ვარ. კუსპარას ფერი არ ადევს. თვალები რაღაც ერთ საათში ჩასცვენია და ჩამუქებია.
_კუსპარ, - ვეუბნები, -_ ნურაფრის გეშინია.
_დიტო პაპა მოვკალი. _ მეუბნება ისე წყნარად, გული ყელში მებჯინება და ლამის ვიღრიალო.
_არ მოგიკლავს. შეიძლება, მე გამივარდა. თოფი დატენილი ყოფილა... საიდან უნდა გვცოდნოდა... _ ვამშვიდებ და უცებ ვგრძნობ, რომ თვითონაც ვმშვიდდები როგორღაც.
ბიძინას კაბინეტში ჯერ ლექსო შედის. გულზე ლოდი მაწევს, მაგრამ მაინც ვამჩნევ, როგორი საზეიმო და მრავალმნიშვნელოვანი სახე აქვს, როგორ ჩქარობს ბიძინას თანადგომა გაუწიოს. გამაცივა, ჩვეულებრივი საღებავაქერცლილი კედლებიც კი მტრულად შემოგვცქერიან. ახლა, ალბათ, კოლონიაში დამამწყვდევენ... კუსპარას სახლში გაუშვებენ, ცხადია, ვინ რას მოსთხოვს რვა წლის ბავშვს... როგორ უნდა იყვნენ მარტო... შიმშილით და სიცივით დაიხოცებიან... მაგრამ... ისე რომ ვუთხრათ... კუსპარას რომ გაუვარდა... ის მაინც არასრულწლოვანია, და მეც არ დამიჭერენ...
ორ წუთში ყველაფერი აირია. ბიძინა გიჟივით გამოვარდა კაბინეტიდან... ხან ერთს გვიყურებს, ხან მეორეს, ისეთი თვალები აქვს, გაგვლეჯს ალბათ. კუსპარა მკვდრისფერი გახდა. მეც ენა გადავყლაპე თითქოს.
_მოკალით, ნაბიჭვრებო?! ვინ დაგიქირავათ? გიყიდეს? მაშინებთ, ხომ? _ უცებ მომვარდა და საყელოში ჩამაფრინდა. – მითხარი, შენი დედაც, ვინ დაგავალა!.. ვინ დაგავალა-მეთქი, შენი!.. იცი, ვის ჩავრევ საქმეში? იცი, ვის?!
ვერაფერს ვხვდები, ვცდილობ, ხელი გავაშვებინო, ერთი რომ ძლიერად ავუკრა, გვერდზე მოვისვრი, მაგრამ არ მინდა, უარესად გავაგიჟო.
_ახლავე თქვი, ვინ დაგიკვეთა, თორემ აქვე ჩაგაძაღლებ! _და ხელი ქამარზე დაკიდებული პისტოლეტისკენ წაიღო.
ახლა ისეთი გაცოფებულია, მართლა შემეშინდა, არ მესროლოს. კუსპარა მთელი ხმით აღრიალდა. ირგვლივ რამდენიმე კაცი შეიკრიბა, თანამშრომლები, მაგრამ ხმას არავინ იღებს, არც ბიძინას დამშვიდებას ბედავს ვინმე. ვიგრძენი, რომ პანიკამ ამიტანა.
_ვის უნდა დაევალებინა, ბიძინა ბიძია, შემთხვევით გაგვივარდა... ურემზე ედო...
სახეში მაგრად მომხვდა სქელი მუშტი. სისხლი ამიდუღდა, ძლივს ვიკავებ თავს, არ ვეცე, მაგრამ კუსპარას შეშლილ სახეს ვხედავ და თავს ვიოკებ.
_შემთხვევით, არა?Mშემდეგი ვინ დაგავალეს? ვისი რიგია? ჩემი ცოლის? ჩემი შვილის? თუ ჩემი?! _ ხავის გიჟივით. პირიდან დორბლი სცვივა და საშინელი სანახავია. _ თქვენ მაჯობებთ? ვის? ბიძინას?! ახლა განახებთ სეირს! ყველას განახებთ! არავის აზრად რომ აღარ მოუვიდეს ბიძინას შეშინება, აქეთ შევაშინებ ყველას!..
_წამოიყვანეთ! – უბრძანა თავის ხელქვეითებს, _ სად მოკალით ის კაცი! გვამი მაჩვენეთ!
მე და კუსპარა თითქმის ძალით ჩაგვათრიეს კიბეზე და მანქანაში ჩაგვსვეს. კუსპარა აღარ ტირის. სახე წაშლია. ბრაზმა ლამის დამახრჩოს.. კუსპარას მხრებზე ხელი მოვხვიე და ჩავიხუტე. თვითონაც იმ წამსვე მომეკრო მოცახცახე პატარა სხეულით.
გზადაგზა ვიღაცეები ემატებიან. მთელ ქუჩაზე გადაძახილები და ქოქოლა ისმის. რამდენიმე მანქანა აივსო. ბიძინა ჩვენს მანქანაში ჩაჯდა, მძღოლის გვედით, მანქანა ღმუილით მოწყდა ადგილს.
_შეგაჩვენებთ, შეგაჩვენებთ ღმერთი... _ იწყევლება გზაზე ვიღაც ხანშიშესული ქალი და ცრემლად იღვრება. დიტო პაპას ნათესავია. _ რა კაცი მოკალით, თქვე უჯიშოებო, იმის ფრჩხილის ღირსი არა ხართ მთელი ოჯახი, ვენაცვალეეე...
კივილი სადღაც უკან რჩება და ქვა-ღორღიან გზაზე მანქანის რახრახში იძირება. მძღოლი ძალიან ჩქარობს, ბიძინას მრისხანების ეშინია...
მალე გზაზე დიტო პაპას ურემიც გამოჩნდა. მანქანის გაჩერებისთანავე ბიძინა გადმოხტა და ურემს ეცა. ნელ-ნელა დანარჩენი მანქანებიც მოვიდა. აქა-იქ შეძახილები ისმის. ჩვენ მანქანაში ვსხედვართ, ერთი მილიციელი გვდარაჯობს, სახე გაქვავებია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მამაჩემის სახლში უქეიფია ხშირად. ცდილობს, არ შეგვხედოს.
_ეს რა გიქნიათ, _ ამბობს მერე გამკიცხავად.
_ძია ნიკო, არ გვინდოდა... დიტო პაპას რომ ჩვენი შინებოდა, ხომ არც წაგვიყვანდა და არც თოფს დაგვიდებდა ცხვირწინ, - მომეცა იმედი.
Nნიკო აშკარად შემცბარია.
_არ ვიცი, არ ვიცი... _ გადასარევადაც იცის, მაგრამ ამასაც ბიძინასი ეშინია.
მერე გარეთ გადმოგვათრიეს.
ყველა აღშფოთებულია.
ყველა სიძულვილით გვიყურებს.
თითქოს ცუდ სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება. ნეტა მალე დამთავრდეს ეს დღე, ჩამსვან ციხეში და დამთავრდა..
მაგრამ, კუსპარა.. ბიძინა ისეთი გამხეცებულია, ესეც არ ჩასვას... არა, ვერ ჩასვამს... არასრულწლოვანია... არასრულწლოვანი კი არა, პატარა ბავშვია. თითებთან გამოხეული რეიტუზი აცვია... ხეებზე კონწიალის მეტი არაფერი იცის... `დედაენას~ სწავლობდა სულ ახლახანს... არა, ვერ ჩასვამს კუსპარას... ოღონდ მალე ჩაიაროს ამ საათებმა... მამამ ჯერ ალბათ არაფერი იცის... საწყალი, სულ გაგიჟდება...
ხმამაღალი გადაძახილები არ წყდება. აღგზნებული სახეები ნელ-ნელა სისხლით ივსება... თვალები გადმოცვენაზეა... ერთმანეთს ახელებენ ყოველი სიტყვით... ეს რეები ხდებაო... რა განუკითხაობააო... ყველას ამოგვხოცავენო მასე... ეს ლეკვები ახლა რომ ამას გააკეთებენ, მერე რაღაც იზამენო... საზოგადოებისთვის საშიშნიო... და კანონი დღეს არ კანონობსო... ისევ თავისუფლად ივლიანო... შვილები გვყავსო... ამათი დამკვეთები აღარ გაჩერდებიანო... `ლინჩი~, `ლინჩის წესითო~...
სადღაც გამიგია `ლინჩი~, მაგრამ აღარ მახსოვს, რას ნიშნავს...
რა ხდება... გარშემო წრეს გვარტყამენ... ჯერ ძალიან შორიდან... მერე წრე ვიწროვდება... მძიმე ოხშივარი მეცა, გონდაკარგული ხალხის...
გულმა რეჩხი მიყო... კუსპარას გავხედე _ პირი ნემსივით დაწვრილებია მოწრუპულ წაწვეტებულ ნიკაპზე. თვალები კი, _ ღმერთო, რა სჭირს ამ ბავშვს. ბავშვიც აღარ არის თითქოს. დაგეშილი პატარა ნადირია, მგლის ხროვაში მომწყვდეული.
ბრბო შეჩერდა. როგორღაც დაბნეულები ჩანან ყველანი. უცნაური სახეებით თვალს არ აცილებენ ბიძინას, მზად არიან მის ფეხქვეშ ქვები ლოკონ. უცებ ერთ-ერთი მართლაც დაიხარა, თითქოს ჩემს ფიქრს ასრულებსო, მაგრამ ქვა კი არ ალოკა, ხელში აიღო და შემომხედა.
გული კინაღამ გამიჩერდა, ისე... ყველას თვალებით შემომხედა. მხოლოდ მას ვუყურებდი, მაგრამ ყველას თვალებს ვხედავდი მასზე. კაცმა თვალმოუცილებლივ დამიმიზნა ქვა და მესროლა. განზე გაწევა მოვასწარი და ქვა ამცდა. უცებ ყველაფერს მივხვდი და ვიღრიალე. თითქოს გაიგებს და მიშველს ვინმე. სადღაც... ადამიანი...
ბავშვს ხელი ვტაცე და გაქცევა ვცადე. მაგრამ წრე ამასობაში შეკრულიყო. ჩემმა მოძრაობამ გამოაფხიზლათ... სათითაოდ დახრა და ქვების აღება დაიწყეს...
_ნახე, დედა... _ უცებ ბრბოსკენ თითი გაიშვირა კუსპარამ. უცნაურად მშვიდი ხმა აქვს.
_დათუნა, გაიქეცი, ტყეში დაიმალე, _ ვუყვირე, მაგრამ ამ დროს ჭახანი გავიგონე, თითქოს რაღაც გასკდაო ჩემს გვერდით, და დათუნა მოცელილივით დაეცა. შეშლილი თვალები ღია და უმოძრაო აქვს... საფეთქელიდან სისხლმა იჩქეფა.
ფეხებშორის შეუკავებლად წამომედინა ცხელი ნაკადი.
ეს ჩემი ხმაა.. თუ ვიღაც სხვა ბღავის ჩემი მკერდიდან...
საშინელი ტკივილი მხარში...
...ზურგში...
...ფერდში..
...მუცელში..
...ყველგან... განუწყვეტლივ...
...პირში სიმლაშე და ბლანტი სისველე...
...აუტანელი ტკივილისგან ჩავიკეცე...
...ყველა მხრიდან მოფრინავს ქვები...
...ხელებს ვიფარებ სახეზე...
...თავზე...
...კეფაში… საშინელი დარტყმა...…
სხვისი ხმა მკერდიდან ჩამიწყდა...
...ხავილი ამომდის...
...და უცებ ვხედავ დედას...

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:02 pm

მარიანა ნანობაშვილი Marian15

მარიანა ნანობაშვილი

იდენტიფიკაცია

...ნეტა, რაში გაინტერესებს?
შენ ამბობ, რომ მწერალი ხარ?
ნანუკას ისტორია გაცილებით საინტერესოა ჩემსაზე, იმისი ჩაწერე, მართლა გირჩევ... ცოტა ხანში შემოიყვანენ, ახლა ადვოკატი ჰყავს...
კი ბატონო...
არ ვიცი, რატომ გინდა მაინცდამაინც ჩემი აღსარება მოისმინო... არა, ისე კი არ გამიგო, სიამოვნებით მოგიყვები, საერთოდ ძალიან მიყვარს ლიტერატურა...
რამდენი ხნით შემოგიშვეს? აბა, თავზე საყრელად გვქონია დრო...
ჩემს სიგარეტს მოწევ?
...როგორც გინდა...
წეღან რომ თქვი, ჩემთვის ყველაზე რეალური მაშინაა ცხოვრება, როცა ვიგონებ მას და ვწერო, ეგ ფრაზა მომხვდა. მეც მასე ვარ თითქმის, ვიგონებ ცხოვრებას და ვწერ მერე ჩემებურად. მაგრამ თუ გამოგივა ამაზე მოთხრობა, მომიძღვენი, რა, კაი? მესიამოვნება ძალიან, მართლა.
...ათეთრებ ხოლმე ნაწერს? სანამ დაგიბეჭდავენ, ბევრს ასწორებ? მე ვერ ვამჩნევ ხოლმე შეცდომებს. ვზივარ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, სად რა არ უნდა დამეწერა... ეგეც არი, ერთბაშად არ გადავათეთრო აი...
აჰა...
ჰო, კომპიუტერით წერა უფრო მოსახერხებელია...
კომპიუტერით ყველაფერი ადვილდება... ადვილდება მუშაობა... მარტოობა... დროის მოკვლა...
გაცნობაც ადვილდება, მაგას ვამბობდი.
ნუ როგორც ხდება ხოლმე, შენ რა გქვია, რა ფერის თვალები გაქვს... ვერთობოდი ხოლმე სამსახურში, როგორც ბევრი... თვითონ არავისზე გავდიოდი, მხოლოდ იმათ ვპასუხობდი, ვინც თვითონ გამომელაპარაკებოდა.
ესეც რა სიმბოლურია, იცი, ჩემთვის? ცხოვრებაში ყოველთვის იმ კაცებიდან ვირჩევდი, რომლებიც მე მირჩევდნენ... მინდა გითხრა, ასეთი ბევრი იყო... ხომ მიყურებ, ალბათ, არ გიკვირს... შეიძლება ამიტომ, სურვილიც არ გამჩენია არასდროს, ვინმესთან მიმართებაში პირველი ნაბიჯი გადამედგა. პასიური ქალი ვარ ზოგადად...
...ახლა ძალიან ადრეც არა ჰქვია, ცხრამეტისა გავთხოვდი... რა ვიცი, რატომ გავცილდი...
რატომ ცილდებიან ხოლმე... ახლა მაგას ნუ მომაყოლებ, თუ და ხარ. ზოგჯერ ვფიქრობ... იქნებ, შვილი რომ გვყოლოდა... ძალიან კარგი კაცი იყო... არის... ჰა? ეცოდინება ალბათ, მაგრამ არ გამოჩენილა საერთოდ...
შეიძლება, არცაა ქალაქში. ქვეყანაში. დიდი ხანია, აქედან გაღწევა უნდოდა... კი, როგორ არა! ძალინ მიყვარდა, რამდენიმე წელი... მართლა მინდოდა, ერთად დავბერებულიყავით. მე თუ მიყვარს – მიყვარს, გადარეულად და უკანმოუხედავად.
ჰო, კომპიუტერი-მეთქი.
ცხოვრებაში ერთადერთხელ ამოვარჩიე კაცი, და ისიც ბრმად. იყო იქ რაღაც დამთხვევები, შენთვის უინტერესო, რის გამოც პირველი გამოველაპარაკე...
...ინტუიციის გჯერა? ბედისწერის?
ისიც ვერ იტანდა ასეთ ზოგად კვაზიფილოსოფიურ კითხვებს. საერთოდ, ზედმეტ, ცარიელ სიტყვებს ვერ იტანდა. ისედაც გარკვეულის ხარშვას... გამეორებას... თვითონ რასაც ამბობდა, თავს მოვიჭრიდი, წყალი არ გაუვიდოდა. ერთხელ მეკითხებოდა და ვიცოდი, აღარ დაავიწყდებოდა.
ყურადღებიანი იყო ძალიან.
ფსიქოლოგი დაბადებით.
არ მახსოვს, როგორ ჩამითრია ამ ვირტუალურ ნაცნობობაში. ხშირად მომმართავდა სახელით, ხშირად მიგზავნიდა მომღიმარ სმაილებს, მარწმუნებდა, რომ იშვიათად საინტერესო ქალი ვარ, რომ სხვებს არ ვგავარ, რომ არა ვარ ა-მო-წურ-ვა-დი... ფოტოზე ძალიან ახალგაზრდა და როგორღაც გულუბრყვილოც ჩანდა, ამიტომ, როცა ერთხელ რაღაცას მოაყოლა, ცინიკოსი ვარო, გულში გამეღიმა. მეც-მეთქი, რატომღაც დავიბრალე...
მემსუბუქებოდა მასთან ურთიერთობა, მეხალისებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არასდროს შევხვდებოდი.
იმ დროს მორიგი დეპრესია მქონდა, ახალი სერიოზული ურთიერთობების წამოწყებაზე ლაპარაკიც არ იყო, მით უმეტეს, ასეთი ფორმით... ცუდად ვიყავი ძალიან, კომპიუტერზეც იმიტომ ვერთობოდი. და, უცებ, წარმოიდგინე, ვიგრძენი, რომ ცხოვრების ხალისი მიბრუნდება, გოგო! ამ დროს, კაცს პრაქტიკულად არ ვიცნობ, და უცებ ვხვდები, რომ სულ მაგაზე მეფიქრება. ისე კი არა, სულელივით დავდიოდე და ვოცნებობდე, მაგრამ რაც გინდა მეკეთებინა, რაზეც უნდა მელაპარაკა, სამსახურშიც, სახლშიც, სულ მახსოვდა, რომ არსებობდა და მიხაროდა როგორღაც... წარმოდგენა არ მქონდა, რაში გადაიზრდებოდა ეს უცნაური ვირტუალური ფლირტი, არც ვფიქრობდი ამაზე, როცა ერთხელ პირდაპირ მომწერა, გატყობ, შენ დინებას მიყვები, დინება კი ჩემს მკლავებში მოგაცურებსო...
ჯერ ასეთი თავხედობისგან გავოგნდი. მერე კი, უცებ, ჩემდა გასაკვირად, ვიგრძენი, რომ სულაც არა ვარ, პრინციპში, ამ ნაოსნობის წინააღმდეგი... არ ვიცნობ, არ დაგავიწყდეს! ამ დროს მამაკაცებთან ჩემი ურთიერთობა საუკუნეები გრძელდებოდა ხოლმე, სანამ რამეს გადავწყვეტდი.
ჩემს ყოფილ ქმარს მეშვიდე კლასიდან ვუყვარდი... გაყრის შემდეგ რომ კაცი მყავდა, წელიწადი მდია... ამას იმიტომ გიყვები, რომ მიხვდე ჩემს მოუქნელობას ამ საკითხში. მშიშარა ვარ ძალიან. ასჯერ რომ გავზომავ, მაინც მეშინია ერთხელ მოჭრის...
ჰოდა, რას გეუბნებოდი.
გამაჟრჟოლა – იმ სიტუაციაში ეს სასხვათაშორისოდ, მოულოდნელად ნასროლი ფრაზა უფრო ეროტიკული იყო, ვიდრე პირველი შეხება...
როგორღაც, ძალიან კაცური, ხომ ხვდები? მწერალი ხარ ბოლო-ბოლო... მესიჯებით მიტევდა – გუკა, მაკლიხარ, რაღა დაგიმალო და... შენზე უკვე ბევრს ვფიქრობ, გუკა... არ გინდა, დამირეკო, და ეს ბევრჯერ გაიმეორო, მათემატიკოსების გამოგონილ ყველაზე დიდ რიცხვამდე, გუკა?
პირველად რომ დავურეკე, არ მომეწონა მისი ხმა – ხელოვნურად დაყენებული და ძველბიჭური მომეჩვენა. იმ გულუბრყვილო ფოტოს არ უხდებოდა რაღაცნაირად, კომპიუტერის ეკრანიდან რომ შევეჩვიე... ცოტათი გამოვფიხზლდი, როცა ეს პირველი რეალური კონტური გამოიკვეთა – ხმა. როგორც, წიგნს რომ წაიკითხავ და მერე მასზე გადაღებულ ფილმს ნახავ, ხომ ხვდები, ისეთი უკმარისობის გრძნობა დამრჩა.
ტელეფონით გავაგრძელეთ ურთიერთობა. მთელი ღამეც გვილაპარაკია, დილამდე.
არ მიყვარს საერთოდ ტელეფონით საუბარი, გული მიწუხს ხოლმე, ვინმემ დიდხანს თუ გამიბა. ამასთან დრო გარბოდა, ძილიც კი არ მეკარებოდა, გოგო!
არ დაგავიწყდეს, არ ვიცნობ... იმ მნიშვნელობით, რომ არ მყავს ნანახი...
ა? რა ვიცი, რაზე აღარ... სხვადასხვა თემაზე. დაწყებული ყოფითი ისტორიებით, მაღალი მატერიებით დამთავრებული. რაში გაინტერესებს, ეს ჩვენი პირადი საუბრებია...
რამე მოიგონე მოთხრობისთვის... მერე შეხვედრა მთხოვა, და მე უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ შევხვდებოდი, ადრე თუ გვიან.
ნეტა იცოდე, როგორ ვნერვიულობდი შეხვედრის წინ. მეშინოდა, რომ არ მომეწონებოდა და ისევ ჩავუღრმავდებოდი დეპრესიას, ძლივს რომ ამოვბობღდი. იმისიც მეშინოდა, რომ მომეწონებოდა და ისევ ჩამითრევდა ახალი გრძნობები, რომლებსაც შეიძლებოდა ახალი ტკივილი და ახალი დეპრესიები მოეტანა.
შეიძლება, დაციკლული ვარ, ან ცხოვრებაში სხვანაირად არ მქონია, ნუ არა მჯერა, რომ ბედნიერება აუნაზღაურებლად გეძლევა.
წავედი, ერთი სიტყვით.
პირტიტველა მაღალ ბიჭს ველოდი, როგორც გითხარი. გულუბრყვილო გამომეტყველებით.
ოდნავ წვერმოშვებული მამაკაცი აღმოჩნდა, მუქი მსხვილი წარბებით, წამოზრდილი, მბზინავი თმით, წამდაუწუმ რომ იწევდა შუბლიდან და ამ დროს ჩამოყრილი უფრო უხდებოდა, მგრძნობიარე ჭკვიანი გამოხედვით. უარესად დავიზაფრე, თავიდან იმასაც ვერ მივხვდი, მომეწონა თუ არა.
სურათთან განსხვავება აშკარა იყო, ცალკეულ ნაკვთებს არ ვგულისხმობ, უფრო მთლიანად ტიპაჟს... თითქოს ვიღაც უცხოს ვხედავდი, ამავე დროს ძალიან ნაცნობს. უცებ გამიელვა, რომ არ არმომეწონა. ანუ ქვეცნობიერი შეფასება უარყოფითი არ იყო, და ეს უკვე ბევრს ნიშნავდა... “მიდის იდენტიფიკაცია?” - მკითხა ჩემი მდგომარეობის შემჩნევისას.
მოვეწონე.
რა გულუბრყვილო გამომეტყველებაზეა ლაპარაკი. რომ გიყურებდა, მგონი წინასწარ იმასაც ხედავდა, რაც მეორე წამს უნდა გაგეფიქრა, ეცინებოდა ჩემს ნერვიულობაზე. დაჟინებით ცდილობდა, თვალებში ჩაეხედა.
ამის გამო უარესად გამირბოდა მზერა. აბსოლუტურად პარალიზებული ვიყავი.
მოულოდნელად გადმოიხარა და ხელი გულზე დამადო, ძალიან დელიკატურად. “რა დღეში გაქვს?” – გაეღიმა. “რამდენიც გამიხსენებ, ეს ჟესტიც გაიხსენე რა”, – ჩაილაპარაკა...
მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა სახლში გაცილებისას ბნელ კუთხეში ხელი დამიჭირა და მაკოცა. ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდა, ამას არც მალავდა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ძალიან დავფრთხი.
რაც გინდა თქვი, თუმცა თვეზე მეტია საკმაოდ დავახლოვდით, მაგრამ პრაქტიკულად უცხო კაცია, რომელ გრძნობებზე და ვნებაზეა ლაპარაკი, პირველად ვხედავ. მკოცნის და, მხოლოდ იმას ვფიქრობ პანიკურად, რომ უცხო გემო აქვს, უცხო სუნი, უცხო ხელებით ცდილობს მომეფეროს. ვდგავარ დაზაფრული, ყინულივით და სხვას ვერაფერს ვგრძნობ. მაგრად ეწყინა.
ჰო, წყენაზე.
ცინიკოსი მართლა იყო.
ისედაც, რთული იყო მასთან. მალე სწყინდა და შეეძლო, ძალიან უბრალოდ და მწარედ ეწყენინებინა თვითონაც. შეიქმნიდა რაღაცაზე საკუთარ აზრს და მერე ძნელი იყო მისი გადარწმუნება.
იმასაც არ გისმენდა, შენ რომ რაღაც თქვი, რატომ თქვი და რა იგულისხმე. თავისი ურყევი მოტივაცია ჰქონდა შენი ნათქვამის მოტივაციაზე. ამ დროს, წყნარი იყო ძალიან, ერთი შეხედვით ისეთი მშვიდი, თუმცა ცხოვრების აღქმის თავისებური უცნაური რაკურსი ჰქონდა. მაგრამ, რაზე წამოვეგე იცი? იმდენად დიდი განსხვავება იყო იმ ერთთვიან ნაცნობსა და რეალურ ადამიანს შორის, ინტერესი გამიორმაგდა – ვინ იყო ეს კაცი ბოლოსდაბოლოს. როგორ გითხრა... ზოგს ტკბილი უყვარს, ზოგს მსუბუქი, ან ალკოჰოლი, თავში რომ გირტყამს, მე კი, თუ ცხარე არაა, გემოს გასინჯვაც არ მინდა, ხომ გესმის?
ანუ, მუდო და ტკბილი ტიპები არ მომწონს, მე თვითონაც ქარიშხალივით ვარ და მიყვარს, როცა ვიღაცა ცდილობს, მომარჯულოს. დამითრიოს.
სხვისი მორჯულების მცდელობაც მიყვარს... რა იყო, რანაირად შემომხედე, ნამდვილი ქალი ვარ და ნამდვილი კაცები მომწონს... მცდელობა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში ყველა მაინც თავის ჭკუაზე დარჩება, მაგრამ შეიძლება ერთმანეთის გაგება შეძლოს. ეს კი ძალიან საინტერესო პროცესია თავისთავად. რას გეუბნები, შენც მაგით არა ხარ დაკავებული?!
მე რომ იგი თავიდანვე ყოფით ცხოვრებაში გამეცნო, არა მგონია, მისით დავინტერესებულიყავი, არ ტოვებდა ერთი შეხედვით ღრმა ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ერთი თვე ელექტრონული მიწერ-მოწერით სულში ხელები რომ ვუფათურე, ახლა სულ იმის ფონზე ვხედავდი რეალურსაც. იდენტიფიკაციამ გამიტაცა. კომბინაცია იყო საოცარი ინტელექტისა და სიხისტის, დამყოლობის და სიჯიუტის, ყურადღებიანობისა და აგდებულობის, სამართლიანობისა და თავისნათქვამობის, რა ვიცი კიდევ, ბევრი რამ...
რა იყო კიდევ, იცი? წერისას ხშირად მომმართავდა სახელით, ახლა კი, ვერ გამიხსენებია, როდისმე იგი წარმოეთქვას.
სიახლოვის დროსაც ასეთი იყო – ალერსის დროს შეიძლებოდა ოდნავ ეტკინებინა, წაეკბინა, წაეჩქმიტა... ჯერ მეუცხოვა ეს, მერე კი... მოდი, ამას აღარ მოგიყვები რა... რაღაც შენც აიჭერი.
ერთი ეგაა, გადასარევად იცოდა, ქალს როგორ მოფერებოდა ინტიმის დროს, მაგრამ ძალიან მოუხერხებლად ჩამიკრა მერე, როცა საქმე მხოლოდ სითბოს გამოხატვაზე მიდგა.
არც მალავდა, ბავშვობის მერე არავინ მყვარებიაო.
იცის, რა თქვას, ქალს რომ ინტერესი გაუმძაფროს.
გადავირიე, ერთი სიტყვით...
ხომ არ იყო კლასიკური გაგებით ლამაზი. გული მიჩერდებოდა ხოლმე, როცა ვხედავდი... მის გრუზა თმაში თითებს რომ ჩავძირავდი.
ვხვდებოდი, ცუდადაა ჩემი საქმე.
ერთხელ თქვა, ბავშვზე ვოცნებობო. ზოგადად თქვა, არა მგონია, ვეგულისხმე, მაგრამ მე არ მითქვამს მაშინ, რომ ბავშვი არასდროს მეყოლება.
ინტუიციის გჯერა? ბედისწერის? ა, ჰო. მაგაზე ხომ ვთქვით.
მაშინ, რა მაინტერესებს, ხომ ხარ მწერალი, ერთი მითხარი, მე, გურანდა ჯანდიერს, ჭკვიან ლამაზ ქალს, ამირევს ტვინს ნებისმიერი? და რითი? წარ-მო-დგენა არა მაქვს, საბოლოო ჯამში! არის რა, ვიღაცა, ვინც მარტო შენ აგირევს ტვინს და ასს სხვას ისე ჩაუვლის, რეაქცია არავის ექნება. კაცმა არ იცის, რატომ. შენ კიდევ, არ მიყვარს ისეთ კვაზიფილოსოფიურ კითხვებზე მსჯელობა, როგორც ინტუიცია და ბედისწერაო.
მაშინ, რა ჯანდაბად დაემთხვა ამდენი რამე, როგორ მივაგენი ჩემთვის ასეთ კაცს ასე ბრმად, – აქ რომ ავღმოჩენილიყავი?!
...სანამ დანამდვილებით მეცოდინებოდა, ვიგრძენი. არასოდეს იტყუებოდა.
წყნარად მითხრა, სხვა ქალი მყავსო ახლა...
...საერთოდ გამიქრა ყველაფრის ინტერესი. ღამ-ღამობით თვალღია ვიწექი და ვფიქრობდი, ნეტავ რა ჰქვია, რა სიმაღლისაა, რა ფერის თვალები აქვს, რითი მჯობია საერთოდ. რა აქვს ისეთი, განსაკუთრებული, რით დააინტერესა ასე, რის გამოც მიმატოვა... მიმატოვა ამოდენა სამყაროთი, ფიქრებით, გრძნობებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემში გააღვიძა.
გულთან მიდებული ხელი მახსოვდა მუდამ, ძალიან დელიკატურად მის ფეთქვას რომ სინჯავდა...
თანდათანობით ვიგრძენი, რომ ტკივილი იმხელა გახდა, ვეღარ ვიტევ. უბრალოდ რომ წარმოიდგინო, როგორ მძულს ის ქალი, ცუდად გახდები...
არადა, მაშინ შეიძლება არც იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.
რა ახლა, ცოლი არ ვიყავი და არაფერი... უბრალოდ იმის წარმოდგენაზე, რომ ჩემი კაცის გრუზა თმაში თითებს აცურებს და ეფერება, წნევა მივარდებოდა...
როგორღაც უცებ გადავწყვიტე, ის ქალი მენახა.
მომეჩვენა, რომ ამით შვებას ვიგრძნობდი. არ იყო ადვილი მისი მიგნება, ერთად არ ცხოვრობდნენ. დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ან მექნა, ისევე გამემწარებინა, როგორც თვითონ... რაღაც სიტყვებს ვამზადებდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს და ძლიერს, და ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ პასუხად დამცინავად გაიღიმებდა. ამის წარმოდგენაზე სულ გადავდიოდი ჭკუიდან..
ერთხელ მივხვდი - სულაც არ იყო საჭირო რამის თქმა. უთქმელადაც აგებდა პასუხს ჩემი კაცის თმაში შეცურებულ თითებზე და დამცინავ გაღიმებაზე...
როცა მისი სახლი დავადგინე, ნერვიულმა კანკალმა ამიტანა. ღამე თითქმის არ მეძინა, თუმცა მანამდეც კაი ხანს უკვე თეთრად ვათენებდი. სულ ვფიქრობდი, ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
არ მახსოვს, იმ დილით როგორ ავდექი, როგორ ჩავიცვი. მგონი, ყავაც კი მოვიდუღე. გქონია ასეთი შემთხვევა, როცა ყველაფერი თვალწინ მიცურავს, ყველაფერი სიზმარში ხდება თითქოს და არა შენს თავს... ეი, რა გჭირს, მისმენ? ხოდა, გეუბნებოდი, იმ წუთას ყველაფერი სულ ერთი იყო.
რამდენიმე ღერი მოვწიე ზედიზედ, მერე ავდექი... დასაკეცი გრძელი დანა იყო, ქვედა მუცელში ჩავარტყი, რომ არასოდეს, არასოდეს გაუჩნდეს შვილი, არც არავისგან, არც ჩემი კაცისგან, მით უმეტეს...
...ჩემი კაციც მაგასთან ერთად იყო, თავიდან ვერ მიცნო ბნელ სადარბაზოში, სადაც მათ მთელი დღე ველოდი ნაგვის ბუნკერთან, გულის კანკალით, რომ ახლა დამინახავს ვინმე და ყველაფერს ჩამიშლის...
...მეჩვენებოდა, ყველა მიხვდებოდა, რატომ ვიდექი აქ და ვის ველოდი...
...ცხოვრება ჩემს იქით ხდებოდა, გარშემო ცურავდა დრო, კიბეები, ხმები ეზოდან, ვიღაცეების ქუსლების ბაკუნი, ლიფტის ხმა...
...ბოლოს კი მათი სახეები გამოჩნდა...
სახეები რა, ჩემი კაცი რომ დავინახე, მივხვდი, გვერდზე ის მიყვებოდა... უცებ გამოვვარდი, უცებ ჩავარტყი... სირბილეში დანის საძაგელი ღრჭიალი გავიგე თუ ვიგრძენი...
...თვითონ მისი თვალები არ მახსოვს, მხოლოდ უსაზღვრო გაოგნება - შიშიც არა, - როცა მიხვდა, სასიკვდილოდ ვიმეტებდი... ვიღაც უცხო... ბნელი სადარბაზოდან გამოვარდნილი...
...ცუდი ისაა, ახლაც ღამღამობით ვწევარ, ვფიქრობ, რა გარეგნობა აქვს, რა სულიერი სამყარო, ნუ რითი მჯობია საერთოდ. სასამართლოზე არ იყო, ორი ოპერაცია გაუკეთეს. გავიგე, გადარჩებაო. ერთი დამანახა და მერე მომკლა. საერთოდ ვერ აღვიქვი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მაშინ... ეგაა, ღამღამობით აღარ მიღიმის დამცინავად...


* * *
“... ეგაა, ღამღამობით აღარ მიღიმის დამცინავად...”
კომპიუტერს ვცილდები, სიგარეტი მომინდა. ცოტას დავწყნარდები და მერე დავწერ ფინალს.
ზარი რეკავს.
შემოსასვლელში გავდივარ, კარს ვაღებ.
–შემო... სანამ შემოაბიჯებს, გული გამიჩერდება. კარს ფეხს ვკრავ, იმიტომ რომ ხელები დაკავებული მაქვს, უკვე მის კისერზე ვკიდივარ.
–რა იყო? – ეჭვით მეკითხება, იმიტომ რომ რაღაც ზედმეტად ხანგრძლივად ვუჩეჩავ თითებით გრუზა თმას.
–მომენატრე,– თვალს ვარიდებ. – წამო ოთახში. ყავა გინდა?
–კი, დავლევდი. მუცელი როგორა გაქვს, მაჩვენე?
–შემეკრა ჭრილობა საბოლოოდ.
ერთი სული მაქვს, კოსმეტიკურს როდის გავიკეთებ, საზიზღარი შრამები დამრჩა ოპერაციის შემდეგ.
–მაგას ჩივი?! ბეწვზე ხარ გადარჩენილი... – წელზე მხვევს ხელს და კისერზე ნაზად მკოცნის, მერე ოდნავ მჩქმეტს, ისე არა, რომ ძალიან მეტკინოს, მაგრამ რაღაც-რაღაც გრძნობები რომ გამეღვიძოს, ისე. – სად იყავი გუშინ მთელი დღე? გირეკავდი, მობილურიც გამორთული გქონდა.
–იდენტიფიკაცია უნდა მომეხდინა...
–რა იდენტიფიკაცია, მეკაიფები?!
–სხვანაირად არ შემეძლო... დაივიწყე... რა მინდა, იცი, გკითხო, – ვტრიალდები, რომ სახეში შევხედო. კითხვის გამომეტყველებით მიყურებს ჭკვიანი მგრძნობიარე თვალებით, სადღაც ძალიან ღრმად, ჯერ არგაფიქრებულ აზრებში.
–მიდი, – მოთმინება ელევა ბოლოს.
–რატომ არასდროს მომმართავ სახელით?
–არ მოგმართავ? არ ვიცი, არ დავკვირვებივარ... რა პრობლემაა... მარი! მშვენივრად ჟღერს! –თავისკენ მიზიდავს...
...ჭკვიანი თვალები სადღაც ძალიან სიღრმეში ეშმაკურად იღიმებიან...

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Mar 09, 2019 3:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:04 pm

მარიანა ნანობაშვილი

მახინჯები

...მოსახვევიდან პატარა, ოდესღაც ყვითელი ავტობუსი გამოჩნდა.
ხალხი ზანტად წამოიშალა ხის სკამებიდან. კარი ჯახანით გაიღო. ავტობუსმა ფშვინვით ამოიოხრა და მყრალი გამონაბოლქვით გააჯერა ჰაერი.
მახო თვალებად იქცა. ჩამომსვლელებზე ასრიალებული მზერა მოუთმენლად ცდილობდა სალონში შეღწევას.
...არა, დღესაც არ ჩამოვიდა...
ისევ აღარ მოუნდა ცხოვრება. რამდენიმე წამით ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხალხი ჩოჩქოლით ადიოდა და ჩამოდიოდა... ისე შორი იყო ხვალამდე...…ხვალინდელი ყვითელი ავტობუსის იმედისმომცემ გუგუნამდე...
პირგამშრალმა მახომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
– რაო, მახო, არ ჩამოვიდა? – მოესმა ზურგსუკან.
შეკრთა. თავისი დარდი ღრმად, გულის კუნჭულში ჩაჩურთა.
– არა, არ ჩამოვიდა...
– ვაა! – გადაიქნიეს თავები გრძელ სკამებზე ჩამომსხდარმა კაცებმა.
– მე თვითონ უნდა წავიდე... ჩამოვიყვანო... – ეს უკვე სოფელში ცნობილი ფრაზა ამწამს მოფიქრებულივით წარმოსთქვა.
– უნდა წახვიდე, მაშ! – კვერი დაუკრეს ჩვეულებრივ.
მახო მკვეთრად მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით სახლს გაუყვა. ზურგსუკან დარჩენილ სახეებზე ღიმილმა ახლა თამამად გამოჟონა და ხორხოცში გადმოიღვარა... შორს გასულ მახომდეც მიაღწია... ჭკუასუსტი კი იყო, მაგრამ მიხვდა, მას გამოჰყვა ეს ხმები...
შეეშინდა, უძიროდ შეეშინდა, როგორც ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში მარტო დარჩენის... ნაბიჯს აუჩქარა... თუ მას დასცინიან, სჯობს, არ იცოდეს, – უფრო იგრძნო, ვიდრე გაიფიქრა...

***
ოჯახს მახინჯიც გამოერევაო, იტყვიან...
სოფელს არ შეუძლია მახინჯის გარეშე. ბორცვი მხოლოდ უფსკრულთან მიმართებაშია მწვერვალი... მისთვის, ბორცვისთვის, აუცილებელია უფსკრული, რათა თავი უბრალო მიწად არ იგრძნოს...
მახოს გვერდით ბევრი განიცდიდა სასიამოვნო უპირატესობას... მოყვასის კეთილგანწყობა და შური – საჭირო ადამიანის ავგაროზები – მას არასოდეს მფარველობდა.
თვითონაც გრძნობდა, რომ სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ყოველთვის მხოლოდ მახოსთვის განკუთვნილი ინტონაციით მიმართავდნენ. არავის სურდა მასთან მსჯელობა, არავის უყვებოდა ახალ ამბებს, არ ახედებდა თავის აზრებში... იგი ზანტიც კი არ იყო... ისე... ცარიელი ადგილი... სიცარიელე კი ყოველთვის ავსებს რაღაცას...
მახო სოფლის პატივმოყვარეობას ავსებდა... და თუმცა ინსტიქტურად სულ ცდილობდა ყურადღების მიქცევას. მისი თვითდამკვიდრების მცდელობა სმენითაღუქმელ სიხშირეებზე მღაღადებელ ხმად რჩებოდა სოფელსა შინა...
რატომ იყო ასეთი, არავინ იცოდა. მშობლები ნორმალური ჰყავდა, ძმაც. ერთი შეხედვით სხვებისგან არც გამოირჩეოდა – სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. მისი გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებით მაშინ გახდა თვალშისაცემი, როცა ბავშვობიდან ფეხი გადმოდგა... ფეხი გადმოდგა და მეორეთი ჩარჩა, ჩაიჭედა...
როდესაც ბავშვობა ორ ათეულ წელს შეყოვნდა დიდ, წვერულვაშიან და მხარბეჭიან სხეულში, ცხადი გახდა, მან აქ სამუდამოდ დაისადგურა...
ერთი სიტყვით, მახო უწინდებურად დარბოდა ტყე-ღრეში, სადაც მონდომებით მღეროდა სიმღერებს ინდური ფილმებიდან. ერთგულ მეგობრებივით უყვარდა ცხოველები და გარშემომყოფი უსულო საგნებიც კი... წლებმა ვერ გამოუმუშავა ემოციების შედედების უნარი, მას ბავშვივით უკიდეგანოდ უხაროდა, უფრო ხშირად კი სწყინდა, სანამ ბოლო წვეთამდე არ დაიცლებოდა... სამყაროსაც ისევე სიღრმისეულად და მძაფრად აღიქვამდა, როგორც ოცი წლის წინათ...
ხალხთან ყოფნა უყვარდა, თუმცა უმეტესწილ დროს მარტოობაში ატარებდა. ზოგჯერ ისე ძალიან უნდოდა, სხვა კაცებთან ერთად მდგარიყო და ემსჯელა. ვთქვათ, პურის მოსავალზე, რომელიც მას არ მოჰყავდა, ქალებზე, რომელიც არასდროს ჰყოლია და მეზობლებზე, რომლებიც არად აგდებდნენ... მაგრამ როგორც კი თავყრილობას უახლოვდებოდა, საიდანღაც გაჩენილი მამისა და ძმის დაბრიალებული თვალები ეფეთებოდა.
ისიც მაშინვე ემორჩილებოდა მათ უსიტყვო ბრძანებებსა და სახლში მიდიოდა – დედის ფრთის ქვეშ...

***
პირმშოს პირველი დანახვისას დაკარგა თავი ნუნუმ. ლამის ფიზიკურად იგრძნო, როგორ დაიმონა მისი ნება და სიცოცხლე ამ პატარა არსებამ. ამიერიდან ნუნუ მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
რისი ბრალი იყო – ნუნუ წლების შემდეგაც ვერ მიმხვდარიყო – რატომ უყვარდა ასე მტკივნეულად, სუნთქვის შეკავებამდე ეს კეთილი ღიმილი, მაყვალივით შავი თვალები, გრუზა თმის გულისშემძვრელი სურნელი. მეორე ვაჟის მიმართ დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს. განა ის არ უყვარდა – “ენაცვალოს დედა” – მაგრამ მახო... პირმშოზე განცდილი პირველი დედობრივი გრძნობის ბრალი იყო, თუ ავადმყოფი ნაშიერის წამლეკავი სიყვარულის ფენომენი, მხოლოდ ადამიანს რომ ახასიათებს.. ასეა თუ ისე, ნუნუსთვის ჯერ მახო იყო და მერე დანარჩენი სამყარო...
ქალს არასოდეს თრგუნავდა შვილის მდგომარეობა.
რას იზამ, ყველაფერი ერთად ვისა აქვს... ჭკუა სულაც არაა ბედნიერების საწინდარი. სამაგიეროდ, მახოს ისეთი სრულყოფილი გარეგნობა მისცა ღმერთმა, ისეთი სუფთა გული... სადღაც გონების სიღრმეში ჩამალული უხილავი ტრანსფორმატორი დედური სიბრმავის ხარჯზე განადგურებისაგან იცავდა...
თუმცა ბოლო დროს ერთი საფიქრალი აკვიატებოდა – მახო დაკაცდა, ასაკი მოუვიდა. დრო იყო, თავისი ოჯახის ბედნიერებაც განეცადა. ნუნუ სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა ამაზე. იცოდა, ადვილი არ იქნებოდა მახოსთვის ცოლის მოყვანა, და მეორე ვაჟისაგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით უწუნებდა გოგოებს, იგი გულწრფელი კეთილგანწყობით მიიღებდა მახოს ცოლად გლახაკს, კოჭლს, ელამს თუ წლოვანს.
ყველაფერზე თვალს დახუჭავდა, ყველაფერზე თავს დაუხრიდა. ფეხებს დაუკოცნიდა... ოღონდაც სცოდნოდა, რომ მისი შვილი მოსიყვარულე ქალის მკლავებში ბედნიერი იძინებდა...
ერთი ეგაა, ბერიკაცს ვერაფერი მოუხერხა... რამდენჯერაც ჩამოაგდო ამ საკითხზე საუბარი, პასუხად მრისხანე ღრიალი მიიღო... თუმცა ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ აპირებდა... ერთხელაც ისეთი დრო შეარჩია, როცა ზურაბი განსაკუთრებით მშვიდი და კმაყოფილი ჩანდა...

***
... კაცმა მოსუფთავებულ ცარიელ თეფშს ბრაზიანად წაჰკრა ხელი.
ნუნუ გაჩუმდა. ქმრის დაწყნარებას დაელოდა.
– კარგი, ქალო, ნუ იცი რაღაცის აკვიატება – მეთქი! არა, ერთი, რად უნდა ცოლი, ამიხსენი!
– კაცი დაბერდი, არ იცი, ცოლი რად უნდათ ხოლმე? – შებედა ქალმა.
– კაი, ნუ იცი ხოლმე უაზრო ანგლობა. – დაიღრიჯა ზურაბი, – მართლა გეუბნები, რად უნდა ცოლი? ოჯახს ეგ ვერასოდეს შეინახავს... სანამ ჩვენ ვართ, ხომ კარგი, მერე თავისი ძმა აიკიდებს, ალბათ... ახლა ოჯახით აზიდინე... თავისიც ეყოფა...
ან რა შვილები უნდა ჰყავდეს თავისნაირები? – ქალი თუ მოუნდება, – თუ მოუნდება საერთოდ როდესმე, – სოფლის ბოლოში გაისეირნოს, მაშოსთან...
ცოლი!.. – ღვარძლიანად დაასრულა ზურაბმა.
– რაებს ბოდავ, თუ ატყობ! ქვა გაქვს მკერდში, ქვა! ჯერ ხომ სიტყვას ვერ ამოგაძრობს კაცი პირიდან, თუ ხმა ამოიღე ხომ შხამს ანთხევ მხოლოდ!
მოულოდნელად კაცმა გაშლილი ხელისგული მთელი ძალით მაგიდას დაჰკრა.
– მე კი არა მაქვს ქვა მკერდში, შენა გაქვს ტვინის ნაცვლად. ოღონდ ქვა კი არა, თივა! – თუ შხამს ვანთხევ იმის დარდით ვანთხევ! თუ დავმუნჯდი, იმის დარდმა დამამუნჯა! თუ სხვა ერთს ფიქრობს, მე ორის ნაცვლად მიწევს! თუ სხვა ერთ ვენახს უვლის, მე ორს ვაკვდები!.. ორი კაცისას მწყვეტ ჭაპანს.
ქალო, და მთელი სოფლის დარდი მაზის კუზივით!
– რას ამბობ, შვილი შენს გარდა არავის ჰყოლია, აი.. – წაიბურტყუნა ნუნუმ და მაშინვე ინანა. კაცი წამით გაშეშდა, თითქოს ვერ მიხვდაო, რას ეუბნებიან. სახე ნელ-ნელა დაუწყნარდა და ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა. ამოიხვნეშა და ხელი ჩაიქნია. სანამ ოთახიდან გავიდოდა ერთხელაც მოუტრიალდა ცოლს და უკვე ჩვეულებრივი ხმით უთხრა:
– განა შვილი არა ჰყოლიათ... მაგრამ ხომ დაუზრდიათ და დაუფრთიანებიათ...
ვალი მოუხდიათ... მე კი ეს ვალი სამარემდე უნდა მივათრიო, მერე კი დარდი წავიღო მისი... არ უთხოვნია ამ ქვეყნად მოსვლა... აქ კი მისი ადგილი არ ყოფილა... მე დიდი ბედნიერებით დავუთმობდი ჩემსას, მაგრამ შეუძლებელია... ყველას თავისი ადგილი აქვს... ხოდა, ვწვალობ მას შემდეგ, ორი კაცისას ვწვალობ...
ჩემო ნუნუ, შენ თუ აქამდე ამას ვერ მიხვდი, არც ახლა ხარ რამის გამგები. ჰქენი რაც გინდა. შერთე ცოლი, თუ შეძლებ... კაცმა რომ თქვას, შენც ჩემს დღეში ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, ბედნიერო.. – წელმოწყვეტილივით გავიდა ზურაბი. ნუნუ თვალდაჭყეტილი შესცქეროდა გახურულ კარს. სულ გაგიჟდაო, ბერიკაცი, წაიბურტყუნა...
ადგილს ვეძებო მახოსთვის... თავისთვის მოძებნოს ადგილი და მოინელოს, ორი ჭიქა დაულევია...
მძიმე გრძნობის მოსაცილებლად ნუნუმ ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ვინ შეიძლება ითხოვონ რძლად...

***
შეთვალიერებულ გოგონებთან რომ არაფერი გამოუვიდა, ნუნუმ თანამიმდევრულად სოფლის ყველა გასათხოვარ ქალზე დაიწყო მათ ნაცნობ მეგობრებთან გადაკრულად საუბარი...
...ზურგსუკან იყო ერთი ხორხოცი, ქილიკი და მორიგი კანდიდატურის გამოცნობა. ნიძლავებიც კი იდებოდა, ვის მიადგებოდა ნუნუ შემდეგ ჯერზე.
ქალი კი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ შეუმჩნევლად მოქმედებდა. კარგა ხანი იმედს არ ჰკარგავდა.ბოლოს შეფიქრიანდა.
რაღაცნაირად ბრაზი მოერია... კეთილი გულუბრყვილო სახე ნაღვლიანი გაუხდა. მერე კი, ერთხელ, მშობლებს ესტუმრა მეზობელ სოფელში და იქ შემთხვევით ლია გაიცნო...
...საღამო ძლივს მოვიდა. ნუნუს მთელი დღე მოუთმენლობისგან სული ელეოდა, ისე უნდოდა ქმრისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა... ცოტა ეშინოდა კიდეც. ვენახიდან დაბრუნებულს ისე ევლებოდა თავს, ისე მარდად გაუმზადა ვახშამი და დასაბანი წყალი, რომ კაცმა ბოლობოლო რაღაც იეჭვა.
– რაღაც ამბავია შენს თავს და, არ მომწონს...…
ნუნუ მის ყურთან დაიხარა და გაბრწყინებულმა ჩასჩურჩულა – ქალი მოვნახე...
ზურაბი მაშინვე მიხვდა, რა ქალზე იყო საუბარი. მობეზრებით დაიღრიჯა, ამა ხომ გული გააწყალაო, ხელი ჩაიქნია და ეზოში გავიდა...
...არაფრით ეგონა, სოფელში ერთი ქალიც თუ დათანხმდებოდა მისი უფროსი ვაჟის ცოლობას... აკანკალებული თითებით ძლივს მოუკიდა სიგარეტს... ნეტავ, ვინაა... გამოდის ნუნუ არ ყოფილა მთლად მტყუანი, მათი შვილი კი სულ წყალწაღებული... რაღაცნაირად, გული მოუბრუნდა ბერიკაცს.
თითქოს შვილი მის თვალში ამაღლდა კიდეც... ვიღაცა მზადაა მახოს გვერდით იაროს სოფელში, არ რცხვენოდეს მისი ცოლობის, მოეფეროს, უყვარდეს... დაუჯერებელია... მან, მამამისმა, ხომ კარგად იცის, რომ მახო სულელია... გული ეგლიჯება, მაგრამ ფაქტს ხომ ვერ გაექცევა... ნუნუსავით ხომ არ აბრმავებს შვილის ნაწამები სიყვარული... ამიტომაა გასაოცარი, რომ ვიღაცა მზადაა ნებაყოფლობით შეუშვიროს სუსტი ქალური ზურგი ამოდენა სიმძიმეს...
ვინც არ უნდა უყოს... რატომ?! უბრალო ოჯახი აქვთ... რითი “მოხიბლა” ნუნუმ ის ქალი... ნუთუ... ალბათ... კაცმა მძიმე აზრებიDარ მოუშვა, ნამწვი გადააგდო და სახლში შებრუნდა.
– ვინაა, აღარ იტყვი? – ვერ მოითმინა ბოლოს.
ნუნუს გული მიეცა.
– ჩვიდმეტი წლის გოგოა, ტანკენარი, ულამაზესი პირსახე აქვს.
ზურაბს გული ისე უძგერდა, შეეშინდა, ნუნუსაც არ გაეგო.
– როგორ, არც კოჭლია, არც კუზიანი?! – ძლივს ამოიღო ხმა, თუმცა სარკასტული ტონი არ გამოუვიდა.
– არა, მაგრამ... ისიც ცოტა... მახოსავით...
კაცს თითქოს რაღაც ჩაუწყდა მკერდში. სული შეეხუთა.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე... მაგრამ... რაც გინდა, ოღონდ არა ეს... ორი არანორმალური ერთ ჭერქვეშ...
... ცოლ-ქმრის ჩხუბი ნუნუს მოულოდნელმა ცრემლებმა შეწყვიტა. წამის წინ გალურჯებამდე მოღრიალე კაცი შეცბა...
თითქმის მეოთხედი საუკუნე იყვნენ ერთად და, მტირალი ნუნუ ჯერ არ ენახა. ის კი არადა, ხშირად ებრაზებოდა კიდეც მისი გულარხეინობის გამო. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ ეზიდებოდა მათ საერთო უბედურებას. ცოლი შეუფერებლად ხალისიანად მიაჩნდა ყოველთვის... ამიტომ რაღაც მწარე სიამოვნებით ახსენებდა დროდადრო, რომ დებილი შვილი ჰყავთ... ახლაც ვერ მოითმინა...
მუდამ შემართული ნუნუ ახლა ტახტზე გადაწოლილიყო და წლობით ჩაბრუნებული სისხლიანი ცრემლების ამოქვითინებას ცდილობდა – მოუხერხებლად, წვალებით, ხველით, თითქოს მათშივე იხრჩობოდა...
გულგახეთქილი ზურაბი დაბნეულად უყურებდა როგორ დაურღვია ცოლს მუდამ ასე ვაჟკაცურად შენარჩუნებული წონასწორობა. ნელ-ნელა მიუახლოვდა. მერე გაბედა და ფრთხილად მოეფერა თმაზე...

***
– ბესოს გაუმარჯოს!
ახალგაზრდა კაცმა გაბრწყინებული მახოს შემჩნევისას ნაბიჯი შეანელა.
– გაგიმარჯოს... რა ხდება ახალი და კარგი? – ბესომ ჯერ კიდევ ნაშუადღევს შეიტყო უცნაური ჭორი. იცინა კიდეც სხვებთან ერთად... ვითომ, მართალია?!
– ცოლი მოვიყვანე, – ბედნიერი თვალებით მახომ თავისი ეზოსკენ ანიშნა. გაოგნებულმა ბესომ მის მზერას თვალი გააყოლა. დაბალი ღობის მეორე მხარეს ახალგაზრდა ქალი ხიდან თუთას წყვეტდა და ჭამდა. ბესო ლამის დამუნჯდა – გოგონა ძალიან ლამაზი იყო... ბევრად ლამაზი ამ სოფლის გოგოებზე და თავად ბესოს ცოლზეც... უნებური პატივისცემით მზერა ისევ მახოზე გადმოიტანა. ორიოდე წამი სიტყვებს ეძებდა.
მერე მოძალებულ აღშფოთებას სძლია და მახოს მხარზე ხელი დაჰკრა.
– გილოცავ, ძმაო! როდის მოხდა ეგ ამბავი?!
სიტყვა “ძმაო” სასიამოვნოდ მოესალბუნა მახოს მიუჩვეველ ყურს, გულში სითბოდ ჩაეღვარა და ყოველ უჯრედში გაჟონა. პირველად მიმართეს ასე, თანასწორივით თავისიანივით. გაუცნობიერებლად ძალიან მოუნდა, მასაც ეთქვა რამე ისეთი, რაც მათ ერთ სიბრტყეზე ყოფნას გაამყარებდა, გაახანგრძლივებდა...
ამიტომ შეთქმულივით თვალი ჩაუკრა მეზობელს, მრავლისმეტყველად შეხედა და ჩუმად უთხრა:
– ოღონდ, ცოტა ვერ არის... – თითი საფეთქელთან დაიტრიალა და ალალად დაელოდა ბესოს გაცინებას...
ბესოს გულზე მოეშვა. აი, თურმე რა ყოფილა...
გამხიარულდა. მახოს მომლოდინე სახის შემჩნევისას მასავით შეთქმულივით ჩაიცინა, მუჯლუგუნი ჰკრა მხარში...
...გამორჩეული დიდსულოვნებაა საჭირო, აგრესიის გარეშე მიიღო მახინჯის პრეტენზია სივრცეზე...
... ბესო სწრაფი ნაბიჯით გაეცალა – სოფლად ახალი ამბის გავრცელებას ჩქარობდა...
მახო სახეზე შეციებული ღიმილით ერთხანს ჭიშკარტან დარჩა. ეზოსკენ გაიხედა.
ლია ისევ ჭამდა თუთას. ... ახლა მას ცოლი ჰყავს... ბესოსავით... გიასავით... ილოსავით... ახლა ის ყველასნაირია... თავში აღარ წამოარტყამენ... არც მამა დაუწყებს თვალების ბრიალს ხალხში... ახლა ყველაფერი კარგად იქნება.
ლია ისეთი კარგი გოგოა... მხიარული... თამამი... ისეთი ლამაზია... ხელისგულზე ატარებს მახო...
დაიცავს, თუკი ვინმე აწყენინებს... საკუთარი თავის დასაცავად თითიც არასოდეს გაუტოკებია, სიტყვაც არ უთქვამს... ახლა კი ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობდა... მდედრის მფარველობის არქაულმა ინსტიქტმა, ყველა ჭეშმარიტ მამაკაცს გენებით რომ ენიჭება, ნეტარებით აავსო... დიდ და ჭკვიან კაცად იგრძნო თავი. მოჭარბებული სიამაყისგან ცრემლიც კი მოადგა... უცებ გაახსენდა როგორ ცდილობდა ორიოდე წუთის წინ ლიას “დაქნეულობით” ბესოს გაცინებას.
ძალიან შერცხვა, აილეწა, ანერვიულდა და თავის ქექვას მოჰყვა...
ლიამ მისკენ მოიხედა და ხელი დაუქნია.
– მოდი, იცი, რა გემრიელი თუთაა?!
მახო აჩქარდა, ეზოში სირბილით შევიდა. ლიამ პირთან მიუტანა თუთა. მახომ მორჩილად ჩაღეჭა... რამდენი ზაფხული ჭამდა ამ თუთას, მაგრამ, რატომღაც, ასეთი გემრიელი არასოდეს მოსჩვენებია...
***
... ნუნუ მალულად უთვალთვალებდა წყვილს სახლიდან. ძალიან ღელავდა – რა ამბავიც ააგორა, ყველაფერზე ხომ ის იყო პასუხისმგებელი. მით უმეტეს, ქმარი და უმცროსი ვაჟი წინააღმდეგნი იყვნენ... მთელი დღეა, თითქმის არ უჭამია, არც არაფერი უკეთებია – მხოლოდ გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა მახოსა და ლიას... მანამდე ნუნუ სულ ორჯერ შეხვდა გოგონას. პირველად გაეცნო, დაელაპარაკა. ლია მაშინვე დათანხმდა მის შემოთავაზებას.
ჭკვიანი გამომეტყველებით მოუსმინა ქალის არეულ საუბარს, მერე ისე საქმიანად დაელაპარაკა, ნუნუს წამით ეჭვიც კი შეეპარა მის გონებაშეზღუდულობაში... მეორე შეხვედრაზე მახოც წაიყვანა... ლია თამამად მიუახლოვდა დამორცხვებულ ვაჟს და ხელი გაუწოდა.
– ლია! – თქვა ომახიანად.
გაწითლებულმა მახომ მუდარით შეხედა დედას. ნუნუმ თვალში ცრემლი შეამჩნია და გული გადაუტრიალდა. საბედნიეროდ ლიამ ვერაფერი შენიშნა.
– მართლა ლამაზი ბიჭია, – უთხრა ნუნუს. მერე თავისი მწირი ქონება თურქულ უჯრედებიან ჩანთაში მოათავსა და, წავედითო, მიუბრუნდა დედა-შვილს... ჩასხდნენ პატარა, ფერგადასულ ავტობუსში და ნახევარ საათში სახლში იყვნენ...
ლია იმდენად თავისუფლად იქცეოდა ახალ ოჯახში, ბოლოს მახოც გათამამდა. ორივე გახარებული იყო მოულოდნელი ურთიერთგაგებით. მხოლოდ თავისთვის გასაგებ სიბრტყეზე აღმოჩენილნი მთელი საღამო ლაპარაკობდნენ და ბავშვებივით ხითხითებდნენ...
ის ღამე ნუნუმ თეთრად გაათენა. თვალებდაჭყეტილი, გასუსული იწვა ლოგინში და შეძრწუნებული ელოდა, ვაითუ მოვარდებოდა მახო აკანკალებული, შეშინებული, თავის ნერვიული ქექვით... არა, შეუძლებელია, არაფერი სცოდნოდა...
ამ ასაკში... ბოლობოლო, ლია ორჯერ იყო გათხოვილი, ასე, რომ... მაგრამ ნუნუ მაინც გულის კანკალით ელოდა გათენებას.

***
მშობლები არ ახსოვდა ლიას. გონებასუსტ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მერე უფროსმა დამ წამოიყვანა. მამაპაპეულ სოფელში ერთად ცხოვრობდნენ, სანამ და თბილისელს გაჰყვა ცოლად. ლია მარტო დარჩა – დის ახალ ოჯახს ისე ეთაკილებოდა მასთან დამოყვრება, რომ საერთოდ აღკვეთა ყველანაირი ურთიერთობა.
ლიამ დის თბილისური მისამართიც კი არ იცოდა. თუმცა, რომც სცოდნოდა, მარტო ვერაფრის დიდებით მიაგნებდა, მისი დაპატიჟება კი არავის უფიქრია, არც უყვარდა ლიას ქალაქი. და პირველ ხანებში აკითხავდა სოფელში, მერე უფრო და უფრო იშვიათად... ბოლოს სულ გაქრა...
ლიას პირველი ქმარი მიწის მუშა იყო, უზომოდ ჩუმი, ზანგივით შავი და ბანჯგვლიანი. დილიდან საღამომდე ნაკვეთში შრომობდა. ცოტა ფულიც შეჰქონდა ოჯახში.
დედამთილი ლიას შემოსვლის დღიდან მოსთქვამდა, რა სჭირდა საამისო ჩემს შვილსო. ლია დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მთავარია, იცოდა, აქ შიმშილით არ მოკვდებოდა...
ქმარი მაშინ მიატოვა, როგორც კი შიმშილობის თვეები დაავიწყდა და სავსე კუჭმა მარადიული კეთილდღეობის ილუზია შეუქმნა...
მეორედ ახლო მეზობელს გაჰყვა. ეს ორმოციოდე წლის ქვრივი ჯმუხი, ბუღასავით მამაკაცი იყო. შუბლქვეშიდან უყურებდა ხოლმე ახალ ცოლს, რაღაც გაბოროტებით.
ცხოველური ნდომით. ლიას მასთან კიდევ უფრო ნაკლებად მოეწონა – კაცი ხშირად სვამდა, ზოგჯერ სცემდა კიდეც და სულ ერთი რამ ჰქონდა აზრად. ამიტომ, გამოიზამთრა თუ არა, თავის სახლში დაბრუნდა... იყო ერთი აყალმაყალი, მუქარა და კარზე ღამეული ბრახუნი. ლიას აქ უკვე აღარ ეცხოვრებოდა, მაგრამ არც ის იცოდა, რა ექნა. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს ნუნუც გამოჩნდა...
ასე რომ, ლიას არასოდეს არავინ ჰყვარებია მაინცდა-მაინც.
არც ყოფილი ქმრები... არ გააჩნდა ადამიანებთან მიჩვევის უნარი. გადარჩენისათვის მუდმივ ბრძოლას შეჩვეულს იმდენად გულუბრყვილოდ უყვარდა თავი, სხვებისთვის გულში ადგილი არ რჩებოდა. ბევრი ჭკვიანივით, სხვას მანამ ევლებოდა თავს, სანამ სჭირდებოდა. მთელი მისი ხანმოკლე არსებობა კი უორბიტო მეტეორის ბოდიალს ჰგავდა, ცივ კოსმოსში მიზიდულობის ძალის განწირული ძიებით.
მახო ერთი შეხედვით მოეწონა. ასეთი ლამაზი ქმარი ჯერ არა ჰყოლია. კეთილიც ჩანდა... მასთან ლაპარაკიც საინტერესო იყო...
... საღამოს კი, დასაძინებლად რომ წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მახომ არაფერი იცის... თუ არ შეუძლია... ლიამ თავიდან კინაღამ დასცინა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. გაიაზრა, რომ თუ ხმას არ ამოიღებდა, ღამღამობით თავს დაანებებდნენ და მხოლოდ გამოძინებას მოუნდებოდა. გოგონას უმწიფარი, ზრდადაუსრულებელი ორგანიზმი ზანტად პასუხობდა მამაკაცის ვნებას, უფრო სწორად, თითქმის სულ არ პასუხობდა.
მით უმეტეს, რომ ყოფილი ქმრები დიდი ალერსიანობით არ გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით მეორისგან იყო ძალზე შეწუხებული... ამიტომაც დააჭირა ენას კბილი ლიამ.

***
ახლა ერთად დარბოდნენ ტყე-ღრეში, მდინარეზე. მახო აღარ ატარებდა დღეს მარტოობაში.

აქამდე არავის მოუყოლია მისთვის ამდენი საინტერესო ისტორია... მახო უკვე აღმერთებდა ლიას თვალების გრძელ ჭრილს, პაწია ხალებს ლოყაზე, ხმას... აღარც ახსოვდა თითქოს როგორ ცხოვრობდა ადრე. მასთან არ ეთაკილებოდა თავის სისულელის.
ეს გოგო ერთადერთი ადამიანი იყო სოფელში, ვინც თანასწორივით ექცეოდა...
ლიას კი უკვე დაავიწყდა მშიერი დღეები, მოსულიერდა, მოსუქდა, მაძღარმა კუჭმა ისევ შეუქმნა მუდმივი კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ აქედან წასვლა აზრადაც არ მოსვლია. მეტიც, უკვე იცოდა, აქ სამუდამოდ დარჩებოდა... ახალი ოჯახი ძალიან მოსწონდა. მახოს გარეშე კი საათსაც ვეღარ ძლებდა – მაშინვე ნერვიული მოუსვენრობა იპყრობდა და მის ძებნას იწყებდა მთელ სოფელში. მოშინაურებული ლეკვის ერთგულებით დასდევდა კუდში, მახოც სიამოვნებისგან დნებოდა. ეს უცნაური სიყვარული ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევდა სოფელში...
მახო ახლა სხვა კაცებთან ერთად იდგა “ბირჟაზე”, ზოგჯერ ლაპარაკშიც ერთვებოდა, დინჯად, ღირსეულად. ამ დროს თავი ძალიან მოსწონდა და საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩასაფრებულ მოხეტიალე ღიმილს...
ვენახში სიარულიც სცადა. მართალია, იქ მხოლოდ ფეხებში ებლანდებოდა მამასა და ძმას, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი იყო. იმდენად შეიფერა ახალი მდგომარეობა, ბევრმა მართლაც შეიცვალა დამოკიდებულება მის მიმართ – შეფასება ძალიან ხშირადაა თვითშეფასების პროპორციული...
ნუნუც ბედნიერი იყო. თვალაციმციმებულს ახლა მუდამ გამარჯვებულის იერი დაჰკრავდა სახეზე, თითქოს გამვლელ-გამომვლელს უსიტყვოდ ნიშნს უგებდა...
ზურაბიც აღარ დადიოდა სულ მოქუფრული და ღვარძლიანი, აღარც მახოს უბრიალებდა თვალებს, “ბირჟაზე” რომ შეამჩნევდა... ოჯახი რაღაცნაირად წელში გაიშალა, გახალისდა...

***
... ლია არც დაუფიქრდა, რატომ თქვა ეს ყველაფერი...
მეზობელმა ქალმა გასაგები ცხოველი ინტერესით მოუსმინა...
სოფლისთვის სამი თვის საკამათო და სალაზღანდარო საიდუმლოს ფარდა იმ დღის ბოლომდე აეხადა. იყო ნიშნის მოგება მათი მხრიდან, ვინც ვარაუდობდა, მახოს მამაკაცობა არ ექნებაო. მახოს “კაცობის” მცირერიცხოვანი დამქაშები გაოცებით იჩეჩავდნენ მხრებს – აბა, მაშინ ამდენ ხანს რაღას უჩერდებაო ის გოგო...
ქალები ნახევარღიმილით ჩურჩულებდნენ, ასევე ნახევარღიმილით იცხადებდნენ და ურთიერთგამგებად ფხუკუნებდნენ. კაცები თავდაჯერებული გამკიცხველობით და ხაზგასმული გაოგნებით ხელებს შლიდნენ – რად უნდოდა ახლა მაგას ცოლიო... ქუჩაში გამოსულ ლიას ახლა სხვაგვარად ათვალიერებდნენ, მახოს კი უწინდელზე აგდებით ექცეოდნენ...
მაგრამ, რამდენიმე დღე გავიდა, და ახალი ამბავი გაჭიანურდა. არ შეიძლებოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ასე. მოვლენა ლოგიკურად დაუსრულებელი იყო და განვითარებას საჭიროებდა... სოფელს ახალი სენსაცია მოსწყურდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა – ლია წასვლას აპირებდა...
არც სოფლის კაცებს აგდებდა რადმე, რომლებიც ახლა ისე არ ჩაუვლიდნენ, რაღაც გადაკრული არ ეთქვათ ან თვალი მრავალმნიშვნელოვნად არ ჩაეკრათ... იგი უწინდებურად დასდევდა მახოს, თუმცა ეს ახლა ირონიულ კომენტარებსღა იწვევდა... სიტუაცია მოსაწყენი ხდებოდა და ვინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდებოდა, ვიღაცას წყაროდან მომავალი ლია რომ არ შეენიშნა მაზლთან ერთად... თავისთავად, ეს ბევრი არაფერი, მაგრამ მაზლმა ქურთუკი მოიხადა და ლიას მხრებზე მოახურა... შემოდგომის საღამო იყო, გრილოდა...
... წარ-მო-გიდ-გე-ნი-ათ!..
...ახლა ყველაფერი ნათელია...
...იმიტომ არ დადის ეს ჭკუასუსტი კაცებში...
...სხვა რად უნდა, ხარივით მაზლი ჰყავს სახლში...
... ორჯერ განათხოვარი... უზნეო...
... როგორ ვერ მიხვდნენ ადრე...
...ქურთუკს რომ მოაფარებს კაცი ქალს... ახალგაზრდა უცოლო კაცი ლამაზ სულელ ქალს... მოაფარებს და, ალბათ,
მოშიშვლებულ კისერზე შეეხება... კეფაზე შეასუნთქავს... სხეულის სითბოს გადასცემს...
ისიც ახედავს... შეუძლებელია... წარმოუდგენელი... ბუნება ისეთი რამაა... ბუნება, ბუნებაა... მაგისთანებს მოსვლიათ?! აქ კი – ჭკუასუსტი და მექალთანე... ჰმ...
ნამდვილად, ნამდვილად ასეა...
...
... სოფელი ნეტარებდა...

***
ლიას გონებამდე არა და არ დადიოდა გადაკრული ნათქვამი... მის შავ-თეთრ აზროვნებას ვერ სწვდებოდა ნიუანსები...
როცა ეკითხებოდნენ – რამ გაგასუქა ასე, რამ წამოგიზარდა მუცელიო – ვერაფერს ხვდებოდა;
როცა – თქვენი და ლადოს საძინებელი გვერდიგვერდ თუ არისო – ვერაფერს;
როცა – გვიან საღამოს ბაღჩაში რად მიდიოდიო – ვერაფერს...
მხოლოდ ინსტიქტურ, გაუცნობიერებულ შფოთს გრძნობდა, როგორც კატა მიწისძვრის წინ...
ერთხელაც მეზობელ ქალს მობეზრდა და პირდაპირ უთხრა – კაი, კაი, შენი და ლადოს ამბავი მთელმა სოფელმა იცის, რაღას მალავო...
ლიას ყელი მტკივნეულად შეეკუმშა, ისე, რომ ძლივს ჩაყლაპა ჰაერი. საფეთქლები, კისერი, გული ისე უძგერდა, თითქოს ყველგან პატარა ჩაქუჩებს ურტყამდნენ... უსუსურობამ თითქოს დაადამბლავა... სიტყვები აგონიაში აწყდებოდა ერთმანეთს ენის წვერზე და რაღაც საშინელის ნაცვლად, რაც თავით ფეხებამდე აბობოქრებდა, გაურკვეველი უაზრობა წაიბურტყუნა თავის გასამართლებლად...
ლიამ მხოლოდ დილისკენ ჩათვლიმა... ახალი განცდების კორიანტელში ბორგავდა საუკუნე... დილით ადგა დაღლილი, სხვანაირი და თავისი თურქული უჯრედებიანი ჩანთის ჩალაგებას შეუდგა.

***
შარაზე ჯგუფ-ჯგუფად ელოდნენ ავტობუსის გამოჩენას. ზოგი მიემგზავრებოდა, ზოგი დამხვდური იყო, ზოგიც უბრალოდ ახალ ამბებს ელოდა.
მახო და ლია განცალკევებით რაღაცაზე ჩურჩულებდნენ.იქვე დაბალი ბეტონის ღობეზე ზურაბი ჩამომჯდარიყო. და სიგარეტს აბოლებდა. სახეში ძველებური ღვარძლი ჩაღვროდა, დროდადრო იქვე მდგარ კაცებს ძუნწად უცვლიდა სიტყვას.
– ჩამოხვალ? ნამდვილად ჩამოხვალ? – მეათასედ ეკითხებოდა დაბნეული მახო. მის სახეზე საცოდავ ვედრებას სასოწარკვეთა სცვლიდა.
– ჩამოვალ – მეთქი... ხომ გითხარი, დას მოვინახულებ ... თბილისში დავრჩები ცოტა ხანს...
... ხომ კარგად ვცხოვრობთ, არა? – უცებ ხელში ჩააფრინდა მახო. ლიამ მის მზერას ვერ გაუძლო. მიწას დახედა.
– მისმინე ბიჭო... ახლა, ვის ვუმალავთ... მე და შენ ორივე სულელები ვართ..
თვითონ არაფერი შეგვიძლია... მამაშენი გვინახავს, ძმა... შენ, ხომ იცი, არაფერი გამოგდის... როდემდე ვიჯდე მათ კისერზე... შენ კიდევ ხო... შენ შვილი მაინც ხარ... მე აქ ადგილი არა მაქვს...
არა, არც სხვაგან მაქვს, მაგრამ ... ერთად კარგად ვართ... მაგრამ მარტო ჩვენა ვართ კარგად... სხვებს ეს არ მოსწონთ... ამიტომაც, არც დაგვაცლიან... არ იტირო, ბიჭო, ხომ გითხარი, დავბრუნდები – მეთქი... დას მოვენატრებოდი... სულ მეხვეწებოდნენ, ჩამოდიო...
ერთი ეს ფული გამომართვი, მამაშენმა მომცა... მე მარტო ლარიანებს ვცნობ... ლარიანებში გადამიცვალე, რა...
მახო სიკვდილმისჯილივით გალასლასდა კაცების ჯგუფისკენ.
– სად მიდიხარ? შეუღრინა ზურაბმა.
– ლია ათლარიანს ვერა ცნობს, ლარიანებად უნდა დავუხურდავო...
ზურაბი წამოდგა.
– მოიტა ერთი აქ, შენ რის დამხურდავებელი ხარ, – წაიბურტყუნა გაღიზიანებით და ფული გამოართვა.
... მახო გათიშულივით უყურებდა მიმავალ პატარა ავტობუსს. უზარმაზარი სიცარიელე იყო სამყაროს მაგივრად, ისეთი რეალური, თითქოს ხელით შეეხებოდა კაცი...
ლიამ წაიყოლა სამყარო... არა, ლია არ იყო მახოს ნახევარი... ისინი ერთად იყვნენ მთელი, ცალ – ცალკე კი სულ არაფერი... სოფლის შემავსებელი სიცარიელე...
– რაო, მახო, წაგივიდა ცოლი? – მოესმა საიდანღაც შორიდან... მოიხედა...
– ეგ სულ ასე დარბის... კიდევ დიდხანს დარჩა – ვერ მიხვდა, გაიგო თუ ვიღაცის ტუჩებზე წაიკითხა ბრბოში...
მახო უხმოდ შეტრიალდა და გზას გაუყვა ჩქარი ნაბიჯით. ჩამოვა ლია.
აუცილებლად ჩამოვა. და ხვალიდან ქვეყნის დასალიერამდე დაელოდება მახო აქ, გაჩერებაზე, პატარა, ოდესღაც ყვითელ ავტობუსს...

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:06 pm

18.06.2010

ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ქართული პროზისა და პოეზიის ანთოლოგიების პრეზენტაცია გაიმართება

საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საგამოფენო დარბაზში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია გაიმართება.
ანთოლოგიები პროექტის - ~ვიმეგობროთ უსინათლოებთან" ფარგლებში მომზადდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ პრეზენტაციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ანთოლოგია განკუთვნილია უსინათლოებისთვის და მოიცავს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდ 10 ტომს. მასში შესულია 40-მდე თანამედროვე მწერლის და 60-მდე პოეტის ნაწარმოები. ავტორების ძირითადი ნაწილი შერჩეულია უსინათლოებთან კონსულტაციის შედეგად. კრებულის შემდგენელი რედაქტორია პროზაიკოსი მარიანა ნანობაშვილი.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბრაილის შრიფტით თანამედროვეების მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები არ გამოცემულა. იბეჭდებოდა მხოლოდ სახელმღვანელოები და რამდენიმე პერიოდული გამოცემა. მხატვრული ლიტერატურა იწერებოდა აუდიო დისკებზე, რაც, უსინათლოების თქმით, ვერ ცვლიდა წიგნთან ურთიერთობას.
პრეზენტაციის პარალელურად მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც უსინათლოთა ყოფას ასახავს. გარდა ამისა, ექსპონირებული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული და უსინათლოთა კავშირის ფონიჭალის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული რარიტეტული მნიშვნელობის მქონე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები. უსინათლოთა თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ სიახლეებს, რომლებიც უსინათლოთა ყოფას გაადვილებს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს უსინათლოთა ფოლკლორული ანსამბლი.
ყველა საგამოფენო ექსპონატზე, აგრეთვე საინფორმაციო ბუკლეტებსა და პლაკატებზე დატანებული იქნება წარწერები ბრაილის შრიფტით. ღონისძიებას დაესწრებიან საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და საელჩოების წარმომადგენლები.
გამოფენა, რომელიც ეძღვნება ლუი ბრაილის ხსოვნას, 19-20 ივნისს გასტანს. მისი მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა უსინათლოთა პრობლემებისადმი, მათი სოციალური ინტეგრაციის გააქტიურება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია კრეატიული სტუდია iGeo.

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:09 pm

მარიანა ნანობაშვილი

ჩრდილების როკვა

...თუ მასეა...
...რადგან მასე ყოფილა ამბავი...
...კარგი, დამშვიდდი, კეთილო კაცო...
...მეც დავმშვიდდები... როგორ შემაშინე თავიდან... ერთი წამით გავალ, სახეზე წყალს შევისხამ... სულს მოვიბრუნებ...
შენი მოულოდნელი სტუმრობით ჩაძინებული იარები გადამიხსენი. იმდენს ვინახავ გულში, გასკდა ოხერი... რადგან კარზე ხარ მომდგარი... რადგან შენმა სატრფომ თუ ბედისწერამ ამ მიყრუებულ ადგილას გამოგგზავნა... მ ა ს თუ არ ჩავთვლით, პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ვხედავ დიდი, დიდი ხნის მანძილზე... კარგი კაცი ჩანხარ... შენმა ნაამბობმა გული ამიჩვილა.. შენმა ცრემლებმა... მე კი... აღარ შემიძლია ამდენის ტარება, მოგიყვები ყველაფერს დაუფარავად, და მერე ჯანდაბამდის გზა მქონია!
ასმათი მქვია.
...მკითხავ, როგორ ვატარებ დღეებს? არ მკითხავ? შენი ცნობისმოყვარეობა მხოლოდ მ ა ს ეხება? არა, არ გინდა თვალთმაქცობა, ვიცი, რომ ასეა.
მკითხავ, ვინა ვართ ერთმანეთის? რატომ ვცხოვრობთ ერთად ამ მიყრუებულ გამოქვაბულში? დაიჯერებ, რომ გითხრა, მეგობრები ვართ-მეთქი? ყველაფერს დაიჯერებ? ამქვეყნად ყველაფერი ხდება?
დღეებს კი ასე ვატარებ. დილაობით მ ა ს სანადიროდ ვაცილებ. ცხენს შევუკაზმავ, ძვირფასთვლებიან უნაგირს და უზანგს გავუპრიალებ. მერე აქ ვბრუნდები და...
და არაფერი. წუთი წუთს მისდევს, ფიქრი _ ფიქრს. წარსული სულ უფრო უცრაურ იერს იღებს ამდენი ხარშვით, სულ დაკარგა სიმკვრივე, ჩაფლავდა, ჩაიდღლიზა. უგემურ უსარგებლო მასად იქცა. პლატონი სანამ ცხოვრებას მზეზე ჩრდილების როკვას მიამსგავსებდა, _ რას გაოცდი, მეფის კარზე განათლება მაქვს მიღებული _ ისიც ალბათ კარგა ხანს ცხოვრობდა რაღაც თავის გამოქვაბულში... ზურგით გამოსასვლელისკენ... თუ გამოსავალისკენ...
გავალ, გამოვალ... ველოდები, როდის დაბრუნდება... ველოდები, მის შემდეგაც, როცა დაბრუნდება... ყველაზე დიდი ჩრდილია ამქვეყნად ლოდინი. ლოდინში გადის ყველაზე გულის გამაწვრილებლად დრო, მდორედ და ბლანტად...
წლებია, ტყუილუბრალოდ ველოდები.
ერთად შეგვყარა ბედმა, საერთო კი არაფერი გვაქვს, ერთი ადამიანის გარდა, ვის ძებნაშიც ვართ ამდენი ხანია, ვისი პოვნის იმედიც გვაბამს ერთმანეთთან ჩვევის თუ ვალდებულების მყარი თოკებით. თორემ, საერთო კი არა, სალაპარაკოც არ გვქონია არასდროს, თურმე, მე და მ ა ს. როცა ვნება გონებას გიბინდავს, ეს არც გაწუხებს, შეიძლება, ვერც შეამჩნიო. მაგრამ, მერე... თუ ერთ გამოქვაბულში მოხვდით... თანაც მყარი, ჩვევის თუ ვალდებულებების თოკებით დაბმულები...
უკვე კარგა ხანია, მინდა, ყველაფერი გადაწყდეს...…გაწყდეს _ იქ, სადაც წვრილია... ნეტავ ვიპოვოთ, ვისაც ვეძებთ, ვისი პოვნაც ასე მეშინოდა წლების წინ... დავისვენებთ მეც და ი ს ი ც. იმ სიკვდილმისჯილს ვგავარ, დღიდან დღემდე რომ გადაუვადებენ სასჯელს, და ისიც დღიდან დღემდე ყოველდღე ემზადება სიკვდილისთვის...
ახლა მზეს შესახებ მოგიყვები.
_
მზე მე დავარქვი.
პირველად რომ დავინახე, _ ბავშვები ვიყავით, _ აღტაცებით წამოვიძახე, რა ლამაზია, მზესავით ბრდღვიალა-მეთქი.
ყველას გაეცინა, მეფე კი მომიბრუნდა და მკითხა, გინდა, მისი სეფე-ქალი გახდეო?
გამიხარდა. ერთი შეხედვით შემიყვარდა, ისეთი უცნაური სილამაზისა იყო.
გარშემომყოფთა მთავარი მოვალეობა მისით აღტაცება და მასზე ზრუნვა იყო. მეც მის აღტაცებაში და მასზე ზრუნვაში ვიზრდებოდი, თავიც კი იმიტომ მიყვარდა, მგონი, პატივი რომ მეღირსა, მისთვის მემსახურა. ხშირად მიწოდებდა დას, და ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ბავშვობაში. ჩემს დანიშნულებას მისი სურვილების ხმამაღლა გაცხადება წარმოადგენდა, იმიტომ რომ მზე სამყაროსგან მოშორებით არსებობდა და პირდაპირ არ ეხებოდა მას. ამისთვის მე ვყავდი, პატარა დაუღალავი სხივი, უსაზღვროდ ამაყი ამით. იცოდა მზემ, რომ მზე იყო, რომ მის გარშემო ბრუნავდა კაცობრიობა...
მეფემ მზეს ულამაზესი კოშკი აუგო, ტახტი იაგუნდებით და ლალებით გააწყობინა. ეზოში შადრევნები ჩქეფდა, საბანად ვარდის წყალი გვქონდა. დილა-საღამოს ბაღში სეირნობა გვიყვარდა. ზოგჯერ მზე ცერად გადმომხედავდა და მეც ყურს ვუმარჯვებდი ჩასაჩურჩულებლად. `მზეს ხილი ნებავს~, _ ვიტყოდი წლობით ათვისებული ღირსეული სიდინჯით. მებაღეები ეცემოდნენ ხოლმე ნაირნაირ ხეებსა და ბუჩქებს ახალი ნაყოფის მოსაწყვეტად. ჩუმად მდგარი მზე მშვიდად ალივლივებდა გასაოცარ მელნისფერ თვალებს, მერე ჩუმადვე დააგემოვნებდა ოქროს ლარნაკზე მორთმეულ ხილს და მეტყველად გადმომხედავდა. `მზე კოშკში ბრუნდება~, წარბს ვწევდი მე და მონას ვანიშნებდი, ლარნაკი თან წამოეღო. კოშკის კიბეზე მონებს ოქროს საკაცით ავყავდით, გვერდიგვერდ ვისხედით, თანასწორებივით, დებივით.
თანასწორებივით, დებივით გვერდიგვერდ გვეძინა, ვჭამდით, ვთამაშობდით, ვქარგავდით. მერე მეფემ მზე თავის ქვრივ დას მიაბარა, რათა მას ერთადერთი ძმისწულისთვის სიბრძნე ესწავლებინა.
დავარის ძალიან მეშინოდა. ნიღაბივით არამეტყველი სახე ჰქონდა, თხელი ტუჩებიდან ძუნწად ცრიდა სიტყვებს. გასაოცარი ის იყო, რომ სრულიად განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, რაღაცით მზეს მაგონებდა. ერთნაირი გამოხედვა ჰქონდათ, მზეს გადაშლილ და მუქ, დავარს _ გაქუცულ წარბქვეშიდან, იდუმალი, გულის სიღრმეში მოფათურე გამოხედვა, ორივე აქვავებდა _ ერთი აღფრთოვანებით, მეორე შეძრწუნებით. არც იყო გასაკვირი, დავარს მთელი ცხოვრება ქაჯეთში ჰქონდა გატარებული. დაქვრივების შემდეგაც იქ განაგრძობდა ცხოვრებას, მიუხედავად უშვილობისა. დარწმუნებული ვარ, მეფეს დის შიშნარევი რიდი გააჩნდა, _ მის სიბრძნეზე არაკები დადიოდა. ამიტომაც მიაბარა აღსაზრდელად ტახტის ერთადერთი მემკვიდრე.
ახლა იმდენ დროს ვეღარ ვატარებდით მე და მზე ერთად. მამიდა თითქმის მთელი დღე თან იახლებდა, მხოლოდ ორი ერთგული მონა ემსახურებოდათ. შორიდან გეგონებოდა, თითქოს არც ლაპარაკობდნენ, მხოლოდ დავარი დროდადრო ძუნწად ცრიდა სიტყვებს სადღაც სივრცეში, მზეს არ უყურებდა, ისე. მზე კი დუმდა, დუმდა, დუმდა მელნისფერი თვალების მშვიდი ლივლივით. ვერ გაიგებდი, უსმენს, თუ არ უსმენს... დღე დღეს ისე დაემსგავსა, თვე _ თვეს, როგორც ცაზე ვარსკვლავები ზაფხულის ცხელ ღამეში... მერე, როგორც იქნა, სასახლეში დაგვაბრუნეს... და უეცრად გავარდა მეხი.
თითქოს ისეთი არაფერი, მეფემ ნადირობის შემდეგ მოგვინახულა, თან ნანადირევიც მოგვართვა. ბაღში მოწყობილ კარავში ვისვენებდით მზე და მე, ორი მონა უძრავად გარინდულიყო ფარდაგს იქით. მზეს გაუხარდა მამის დანახვა _ მელნისფერი თვალების კრიალზე შევატყე, მიუახლოვდა, შუბლი მიუშვირა საკოცნელად. მე თავდახრით ვეცი თაყვანი. მეფე კარგ გუნებაზე გახლდათ, დაბრძანდა და თავისი ქალი მოიკითხა. მზე მშვიდად სცემდა პასუხს, და მე შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს მოვალეობას ვერ ვასრულებდი, მაგრამ მეფე-მამასთან მზე უბრალო საყვარელი მოკვდავი იყო.
მეფე მომიბრუნდა და გარეთ მომლოდინე ამირბარისთვის ნანადირევი დურაჯების გამორთმევა მიბრძანა. მზეს გავხედე მალულად, თვითონაც თვალი მიყო _ ამირბარზე ბევრი გვქვონდა გაგონილი და დიდი ხანია, მისი ნახვა გვინდოდა. ფარდა გადავწიე და გავიხედე.
ველოდი, ერთი ძალიან ლამაზი ყმაწვილი დამხვდებოდა... სიმართლე ვთქვა, ლამაზი ყმაწვილები არასოდეს მომწონდნენ...
ეს სხვა იყო... ლამაზი კი არა... ვაჟკაცი კი არა... უფრო სწორად, როგორ არა, სწორედაც რომ იყო, მაგრამ... ათასიდან გამოარჩევდა თვალი. აი, რაღაც აუხსნელი ქალური გუმანით... ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველ მამაკაცს ვხედავდი, მიწიდან ახლად გამოძერწილს, სუფთას და სრულყოფილს. მის გვერდით ყველაფერი მამრობითი ხუნდებოდა. ვუცქერდი ასე, მოწიწებით და გაოგნებით, თვითონაც დაძაბული მიყურებდა. უცებ კარვიდან მეფის ხმა შემომესმა. გამოვერკვიე, ამ ღმერთკაცს მივუახლოვდი და დურაჯები გამოვართვი. უეცრად მან ჩემს თვალწინ ფერი დაკარგა და ჩაიკეცა...
ატყდა ერთი ამბავი. მეფე არასდროს მინახავს ასე შეშინებული. უყვარდა ძალიან, შვილივით ზრდიდა ამ ყმაწვილს. ხან წყალი ასხეს, ხან სახეში ურტყეს. მერე სასახლეში გადაიყვანეს, და ჩვენს, ქალების პატარა სამფლობელოში ისევ სიწყნარე ჩამოწვა.
მზეს მუხლებთან მოვიკალათე, შეშფოთებით ჩავხედე საოცარ თვალებში. და მრავალი წლის მანძილზე პირველად არ დავინახე მელნისფრად მოლივლივე განურჩეველი სიმშვიდე. იქ ახლა მოუსვენარი შფოთიანი ტალღები დარბოდა. შეხედე-მეთქი, მზეო, ამირბარს? გაეღიმა. იმნაირად, როცა გაახსენდებოდა, რომ მზეა და მის გარშემო ბრუნავდა მიწამრგვალი. მანაც დამინახა, შენ რომ ფარდა გადასწიე, _ იმიტომ დაემართა გულყრაო, მიჩურჩულა. გამწიწკნა გულში, გამწიწკნა. მზესთვის აღარაფერი მიკითხავს მელნისფერში აყალყულ ტალღებზე.
სამი დღე სიკვდილს ებრძოდა ამირბარი. ამბობდნენ, ეშმაკი შეუჩნდაო. მერე გონს მოვიდა, და მთელმა სასახლემ შვებით ამოისუნთქა.
სწორედ მაშინ მიბრძანა მზემ იმ წერილის დაწერა.
მთელი დღე ვიწვალე. სასიყვარულო წერილი ცხოვრებაში არ დამეწერა, მით უმეტეს, ღმერთკაცისათვის, რომელსაც ნებისმიერი ქალის მიწიერი სიყვარული შეურაცხყოფდა თითქოს... ალბათ, მზეს სიყვარულის გარდა... ცხადია, უბრალოდ ისე არ მიბრძანებდა ამ წერილის დაწერას... ბოლოს თავი მზედ წარმოვიდგინე. ეს არ გამჭვირვებია _ ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მალულად, ვითომ მზე ვიყავი მე და ის _ ასმათი. ბოლო-ბოლო, რაღაცა გამოვიდა, მზემ რომ წაიკითხა, კმაყოფილი დარჩა.
იმ ღამეს სიზმარი ვნახე.
ღმერთკაცს თავი ჩემს მუხლებზე ედო, მე თმაზე ვეალერსებოდი.
გეფიცებით, არც ცხადში, არც სიზმარში, არც მანამდე, არც მას შემდეგ მსგავსი ნეტარება არ განმიცდია. არც არსებობს ბუნებაში, ალბათ. უეცრად ღმერთკაცმა თავი ასწია და მაკოცა...
...შეხება ისეთი ცხადი იყო, გამოვფხიზლდი. ტუჩი მიხურდა. მაშინ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ სიზმრის დამწვრობა მივიღე _ უდრტვინველად ჩავიძინე და შეყვარებულს გამომეღვიძა.
რას არ ნახავ სიზმარში-მეთქი, არეულმა გავიფიქრე. გამოყოლილი განცდა ისეთი ძლიერი იყო, კარგა ხნით წამართვა თავი. თუმცა მოგვიანებით, როცა მზესთან ერთად ვსაუზმობდი, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა _ მე, ჩემი სათაყვანებელი მბრძანებელის დამ და მოახლემ, ღრმად გულში ჩავიჩურთე კადნიერი სიზმარი. ერთადერთი, რაც ახლა მინდოდა, საუკეთესოდ შემესრულებინა მზეს ჩანაფიქრი.
წერილი მონას გავატანე, თან გული საგულეს არა მქონდა _ ის ხომ ჩემი სახელით მიუვიდოდა. ღმერთკაცს რაღაც დროის მანძილზე ეგონებოდა, რომ მიყვარს...
ეგონებოდა თუ ეცოდინებოდა...
მონამ პასუხი მომიტანა _ იგი თანახმა იყო შეხვედრაზე.
მზეს უნებური ფარული ნიშნისგებით გავხედე და თავი შემეზიზღა. მან მშვიდად შემომალივლივა მელნისფერი თვალები და თავის დაწერილი წერილი ამოაცურა უბიდან. უხმოდ გამოვართვი და ჩემს ოთახში გასამზადებლად შევედი.
მარტოდ დარჩენილმა ერთხანს ვათვალიერე თავი სარკეში. რა სახის კანი მაქვს, რა თმა, რა თვალები! კარგი ვარ, ძალიან კარგი, ოღონდ... როცა თავზე დამდგარი მზე არ მჩრდილავს...
აკანკალებული ხელებით წავისვი ფერუმარილი, მოვიწესრიგე თმა და მზეს რომ ჩემი განსაკუთრებული მზადება თვალში არ მოხვედროდა, სახლშივე ჩავიფუთნე პირბადეში.
...მონა წინ გავუშვი. მე სასახლის ერთ მოფარებულ კუთხეში დაველოდე. დარბაზში ნადიმი გაემართათ, ნაავადმყოფარი ამირბარიც იქ იყო. მონა მალევე დაბრუნდა და ღმერთკაცის საძინებელში აღვმოჩნდი მისივე ბრძანებით. იქ როგორ შევედი, არ მახსოვს. შუა ოთახამდე მივედი და გავხევდი. გავიდა რაღაც დრო. ალბათ, საკმაოდ ცოტა ხანი, თუმცა მე საუკუნედ მეჩვენა. მერე გარედან ნაბიჯების ხმა შემომესმა და თავი მოვიყოჩაღე. ნელა შემოვიდა, დაკვირვებით შემომხედა. როგორც იქნა, გახევებული სხეული დავიმორჩილე და თაყვანი ვეცი. შევატყე, გაუკვირდა. თუ ჩემი სურვილი გკლავს, რატომ დგახარ მოშორებითო, გამეთამაშა თამამი ღიმილით და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა, როგორღაც მეწყინა, პირბადე მოვიხსენი. თავიდან ფეხებამდე მყისიერი მზერა მესროლა, აღფრთოვანება შევატყე... კარგი ვიყავი, ძალიან კარგი, მზე რომ არ მადგა თავზე...
ცივად ვუთხარი, რომ მხოლოდ ჩემი ქალბატონის ბრძანებით მოვედი მისთვის წერილის გადასაცემად. გაფითრდა. შეცვლილი გამომეტყველებით გამომართვა წერილი და ტკივილით შევამჩნიე, რომ მისთვის უცებ გავქრი. სულმოუთქმელად ჩაიკითხა, იქვე დაწერა პასუხი და მერეღა მომხედა.
_ქალბატონმა გადაწყვიტა, უმჯობესია, ყველას ეგონოს, რომ შენ... და მე... რომ...
_გასაგებია, _ მითხრა. მერე ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა გამოიტანა და გამომიწოდა. გაოცებით შევხედე. როგორღაც დარცხვენილი ჩანდა, ალბათ წეღანდელი გაუგებრობის გამო, და საერთოდ ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ ახლა მატკინა გული.
_მადლობა, თავზე საყრელად მაქვს ესენი, _ დავხარე თვალები, მათში ჩემი გული რომ არ წაეკითხა. სხვადასხვა თვლებით გაწყობილი ოქროს სამკაულები მზესავით ანათებდა სანთლების სუსტ ციალში. ღმერთკაცმა ამ ერთგვაროვანი გროვიდან ბეჭედი ამოიღო და უხმოდ გამომიწოდა. სიზმარეულივით გამოვართვი და თითზე გავიკეთე. ცალკე ის ულამაზესი და ნატიფი აღმოჩნდა... როცა ზარდახშის ბრდღვიალში არ იკარგებოდა... და მე საჩუქარი მივიღე.
მზემ მისწერა, რომ იცის _ მისი სიყვარულის გამო გახდა ავად ამირბარი, ისიც თანაუგრძნობს, მაგრამ უნდა, თავისი რჩეული ბრძოლის ველზე გამოსცადოს, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...
მზე უნდა იყო, რომ ასეთი წერილი გაუბედო ღმერთკაცს.
ორიოდე დღის შემდეგ თავისთან დაიბარა.
ბაღში მე შევეგებე, მანამდე ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ყველა
მონის და მსახურის იქიდან მოცილება მოვახერხე.
შორიდანვე რომ დავინახე, თითქოს მკერდში რაღაც ჩამწყდა. მაშინ ვუთხარი პირველად ჩემს თავს, რომ მიყვარს.
არ ვიცი, როგორ შევძელი მხიარული სიცილ-კისკისით მიგებება, საერთოდ ლაპარაკი. როგორ არ გამისკდა გული, მზესთან რომ შევიყვანე კარავში. ერთმანეთს როცა უყურებდნენ... ისე უყურებდნენ...
მერე მზემ ცერად გადმომხედა, მეც მივუახლოვდი და ჩვეულებისამებრ ყური მივუმარჯვე ჩასაჩურჩულებლად.
_ ახლა ვერაფერს გეტყვის, ჯობს წახვიდე, _ გავუბედე ღმერთკაცს.
ისიც წავიდა.
სასახლეში ომის სამზადისი დაიწყო. ამირბარმა ხატაელებს თავხედური წერილი მისწერა და სულ მალე თავხედური პასუხიც მიიღო. დაიწყო ენით აუწერელი ქაოსი, ჯარის შეგროვება, გეგმების შედგენა. კაციშვილი არ ეჭვობდა, რომ ამ ყველაფრის წამომწყები, სასახლის ამაოებას მშვენიერ ბაღში გარიდებული, მელნისფერი თვალების დაკვირვებული ლივლივით მშვიდად იჯდა და ახალ სუფრას ქარგავდა.
მთელი ის დრო, სანამ ლაშქარი გამარჯვებით დაბრუნდებოდა, თავაუღებლივ იმუშავა.
მერე ისევ გამგზავნა წერილით.
ღმერთკაცი რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა. თუკი შეიძლებოდა სრულყოფილების სრულყოფა, არ მეგონა. ბრძოლის ჟინმა და გამარჯვების სიამაყემ რაღაც სხვა კვალი დაამჩნია მთელ მის არსებას. თაყვანი მინდოდა მეცა, მაგრამ დამასწრო და შუბლზე მაკოცა. უხაროდა ხოლმე ჩემი დანახვა, ჩრდილი ყოველთვის გულისხმობს მზეს.
მზემ მასთან ძვირფასი სამკლავური გამატანა საჩუქრად, და როცა ღმერთკაცმა იგი რუდუნებით მოირგო, მივხვდი, რომ მთელი მისი ვაება შეფასებული და დაფასებულია, რომ იგი ათას ხატაეთს აიღებს ერთი ასეთი მზეს ნაქონი სამკლავურისთვის.
ნეტა, როდის დამეკიდა ეს მძიმე ლოდი გულზე, მოძრაობები რომ დამიბრკოლა, ცხოვრების ხალისის ნატამალი არ დამიტოვა?
მზე ჩემთვის მოიღრუბლა. მზე, რომელსაც ყველაზე მეტად ვეთაყვანებოდი ამქვეყნად. ორივე დავიძაბეთ, ორივე თითქოს პირველად ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ მზე მაინც მშვიდი, ძალიან მშვიდი იყო...
...სანამ თავზარდამცემ ამბავს შევიტყობდით _ მას ხვარაზმშას ვაჟზე ათხოვებენ.
მზემ მხოლოდ ერთი იკითხა _ ამირსპასალარმა თუ იცისო. ამით შევატყე მხოლოდ, რომ წყობიდან იყო გამოსული. სხვა შემთხვევაში ასეთ კითხვას გარეშეებთან არ დასვამდა.
კიო. ისიც იყოო თათბირზე.
მზეს რაღაც გაბმული დაბალი ღრენა აღმოხდა. რომ შევხედე, გამაცივა, ისეთი სახე ჰქონდა. ამირბარის მოსაყვანად გამგზავნა.
სანამ იგი მოვიდოდა, მზე ტახტზე წამოწვა, რაღაცას თვალი გაუშტერა, ალბათ, თავის ფიქრებს. მერე ჩვეულებრივი ქალივით მწარედ ამოიოხრა. გული დამეწვა, მივვარდი და ვაკოცე მშვენიერ შუბლზე. მოდისო, მანიშნა და რბილად მომიცილა, ტახტზე კეკლუცად წამოიწია, ტანისამოსზე დაიხედა, შეისწორა. მერე ცივი გამომეტყველება მიიღო.
ამირბარი ისედაც ნირწამხდარი ჩანდა, მძვინვარე ვეფხვივით წამოწოლილი ქალის დანახვაზე სულ მოიღვენთა.
საუბარი მძიმე იყო. მზემ მოღალატე უწოდა, ამირბარი თავს იმართლებდა, მეფის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის ნება არ მქონდაო. კუთხეში მიმჯდარი, ჩუმად ვუსმენდი. გული საგულეს არა მქონდა, თვითონაც აღარ ვიცოდი, რა მინდოდა, რასა ვგრძნობდი. ეს ქორწინება იყო ისეთი უბედურება, და ამავდროულად _ ო, ღმერთო, ისეთი ბედნიერება... საკუთარი თავი მძაგდა, მაგრამ ვგრძნობდი, _ საერთოდ ვეღარ ვუმკლავდებოდი თავსდამტყდარ გრძნობათა მორევს, ამიტომ აკანკალებულმა, სუმთლად სველმა და მისუსტებულმა თვალები დავხუჭე და თავი კედელს მივაყრდნე.
_ ...მაშინ სასიძო უნდა მოკლა, სხვა გზა არ არის, _ შემომესმა რაღაც ბურანიდან მზეს ხმა. ფეთიანივით წამოვჯექი. მე უწინდებურად არავინ მაქცევდა ყურადღებას.
შემომესმა თუ ეს მზემ თქვა... არა, არ შემომესმა... მზე არიგებდა ამირბარს, როგორ უნდა მოეკლა ხვარაზმშას ძე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დასთანხმდა მამამისის შემოთავაზებას, შეერთო მზე ცოლად... არიგებდა, როგორ უნდა ემართლა თავი ხელისუფლების წყურვილით და როგორ არ უნდა შეემჩნია მზეს მიმართ სიყვარული. მელნისფერი თვალების მშვიდი ლივლივით არიგებდა...
ამირბარი მორჩილად უსმენდა, ყველაფრისათვის მზადყოფნის გამომეტყველებით, და მე უცებ შემეზიზღა...
...მზე საბოლოოდ ჩამიქრა.
...ყოველთვის ყველაფერი ისე ნათელი იყო ჩემს ცხოვრებაში, ფეხი არსად მიცდებოდა. ახლა კი თითქოს სიბნელეში ხელის ცეცებით მივყვებოდი ჩემი განცდების მოულოდნელ ლაბირინთებს... როგორც უეცრად თვალახელილ ბრმას, ისე მიკვირდა ჩამოწოლილ ბნელში ნაცნობი საგნების და სახეების ახლებური წარმონაქმნები, ათრთოლებული თითებით რომ ვსინჯავდი... ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ სადღაც ჩემი თავი დავკარგე. დავკარგე თუ რატომღაც დამემალა, შეიძლება მოვბეზრდი ასეთი ჩრდილი... ზედმეტად ფერხთით გაწოლილი, ზედმეტად კუდში მდევნელი, ზედმეტად განაღდებული... და მეც რატომღაც აღარ მქონდა სურვილი მეძებნა ის, ჩემი თავი...
_
ასეთი განრისხებული მეფე მანამდე არ მენახა... რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი მილეწ-მოლეწა. მე თავჩაქინდრული ვიდექი და მხოლოდ იმას ვნანობდი, რომ ასე დავაგვიანე. ვხვდებოდი, რომ უკვე მეც ვძულდი, მხოლოდ მისი თავიდანვე მოცემული სიტყვა მიცავდა ახლა შუაზე გაგლეჯისაგან. მოკლულ უფლისწულს ვიღაცა რომ შეეწირებოდა, ცხადი იყო. ამირბარმა თავს უშველა, მზე ხელშეუხებელი იყო, და მეფეს უცებ თავისი და გაახსენდა. თითქოს მწარე შვება იგრძნო, როცა ჯავრის ამოსაყრელი ნახა. ნამდვილად კუდიანობა შეასწავლა ჩემს შვილსო და დაიფიცა, ცოცხალს არ დატოვებდა.
...მეფე ყოველთვის ასრულებდა ფიცს...
...საღამომდე სასახლიდან ვერ გამოვაღწიე. მერე როგორღაც გამოვიპარე. მივრბოდი, რაც შემეძლო. ფეხებში აბრეშუმი მებლანდებოდა. არ ვიცოდი, უკვე მიაღწია თუ არა დავარის ყურამდე მეფის ფიცმა, ასეთ შემთხვევაში კი კაცმა არ იცის, რას იმოქმედებდა. ძალიან, ძალიან მეშინოდა მისი... დარბაზებში არავინ დამხვდა. შორიდან მზეს კივილი გავიგონე. გული ყელში მიცემდა, ფრთხილად მივუახლოვდი მის საძინებელს და გამაცივა. გაგიჟებული დავარი მთელი ძალით ათრევდა თმებით მზეს, წიხლებს ურტყამდა `შე ბოზოს~ ძახილით. ფეხები დამიმძიმდა და თითქოს იატაკს შემეზარდა. ქალმა მზე ძირს დაანარცხა. სახე მოღრეცოდა და მძიმედ სუნთქავდა. `ახლა წაათრიეთ, როგორც გითხარით,~ _ უბრძანა მონებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოწიწებით გვემსახურებოდნენ ხოლმე. ისინი უცნაური სიხარულით მიუახლოვდნენ დამხობილ მზეს, მკლავებით ასწიეს.
ორნი იყვნენ. ჯერ ერთმა მკრა ხელი, მერე მეორემ და თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი უშველებელ ზურგებს უკან. შევკივლე, მუშტებიც ავაბგუნე მორებივით ხერხემლებსა და სქელკანიან ოფლიან ბეჭებზე. ყურადღებას არავინ მაქცევდა, არც გრძნობდნენ მაინცდამაინც ჩემს დარტყმებს, მაშინ იყო, ერთ-ერთს იდაყვთან რომ ვუკბინე. ერთი საშინელი ხმით იბღავლა, მოქნეულმა გაშლილმა მკლავმა კარგა მანძილზე მომისროლა, თავის გაუსაძლისა ტკივილი ვიგრძენი მაშინვე. ძლივს წამოვჯექი და ტკივილისა და უძლურებისგან ავტირდი. გატეხილი თავიდან თქრიალით მდიოდა სისხლი, ამის დანახვაზე უფრო შემიწუხდა გული. მერე რა ხდებოდა, ბუნდოვნად მახსოვს. ერთს ვხვდებოდი, ნაცემ-ნაბეგვი მზე წაიყვანეს, მე კი ცოცხალ-მკვდარი ვეგდე და ვერაფერს ვშველოდი.
...ქუჩას მთვრალივით მივუყვებოდი, ბანცალით... რამდენ ხანს მივდიოდი, არ მახსოვს. თვალწინ დავარის ბოლო გამომეტყველება მედგა _ ავად და ნიშნისგებით შემომხედა, სანამ მთელი ძალით დანას დაიცემდა მომჩვარულ ძუძუსქვეშ. ყურში მზეს კივილი მესმოდა ისევ. თავზე ჭრილობა მტკიოდა, და ამ ყველაფრის გამო გულამოსკვნით ვტიროდი. ნეტა სულ არაფერი მეთქვა მეფისთვის. უცებ ამირბარი დავინახე. ისე მზრუნველად და შეშფოთებით მომვარდა, გული ამიჩვილდა, ფეხებში ჩავუვარდი და ქვითინით დავიწყე პატიების თხოვნა. კინაღამ ყველაფერში გამოვუტყდი, ჩემი გული მუჭში მოგროვილი ჩაფშვნილი ბროლივით გადმოვუშალე, მაგრამ უცებ მან მზეზე მკითხა, და ვიგრძენი, როგორ გაიფანტა ბროლის ნატეხები მისი ხელნაკრავი ჩემი მუჭიდან.
უცებ დავმშვიდდი, წამომაყენა, და მე თითქმის დალაგებით მოვუყევი დავართან მომხდარის შესახებ.
ამოიოხრა.
მაგრად ჩაფიქრდა.
ბოლოს, ხომ დამეხმარებიო, მომიბრუნდა.
და თუმცა თავი და გული ძალიან მტკიოდა, მაინც ვიგრძენი, რომ ცხოვრებას აზრი ეძლევა.
შემდეგი დღეები, როცა ციებიანივით უკან მივყვებოდი, მის მონებთან ერთად, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ბედმა ერთი ცდა მომცა ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად, და დანარჩენზე მე უნდა მეზრუნა.
და ფასიც მე უნდა დამედო.
და მევე უნდა მეყიდა...
და გამეყიდა...
...მზე მენატრებოდა.
და მძულდა.
მომენატრებოდა, აბა რა იქნებოდა, რაც თავი მახსოვს, მზეც მახსოვს, და ერთი დღითაც არ დავცილებივართ არასდროს.
შემძულდებოდა, აბა რა იქნებოდა, ერთი კაცი გვიყვარდა, რომელიც მხოლოდ მისთვის სუნთქავდა.
თუმცა ზოგჯერ, საღამოობით, როცა მზეს ძებნაში დაღლილები, ღმერთკაცის ნანადირევით ვვახშმობდით, ისე ამომხედავდა შუბლქვეშიდან... თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობს და სულელურად დავიწყებულს იხსენებდა... თითქოს მაშინ მამჩნევდა მე, ქალს, ასმათს, და არა უკვე ჩვეულ ჩრდილს, მზისგან მის ფეხქვეშA გაგებულს...
შეიცვალა ძალიან. ხვარაზმშას ვაჟის მოკვლის შემდეგ ნელ-ნელა შფოთიანი, ავი გახდა, სახიდან უკვალოდ გაუქრა მიმნდობი ახალგაზრდული სიალალე, და მე ახლა უკვე მეშინოდა მისი. თუმცა ამის გამო უფრო თავდავიწყებით მიყვარდა, უფრო მონური მორჩილებით. აღარ იყო უწინდებურად მოწიწებული და ალერსიანი, მუდმივად გაღიზიანებული და უხეში დადიოდა.
ერთხელ მოკლული ვეფხვის ტყავისგან სამოსი დამამზადებინა და მას შემდეგ სულ ზედ ეცვა...
საღამოობით სულ უფრო რაღაც გაბოროტებით ამომხედავდა ხოლმე შუბლქვეშიდან, შიშით ვიბუზებოდი და თვალს ვარიდებდი... ზოგჯერ მეჩვენებოდა, ისიც იცოდა, რომ მეფეს მე ვუთხარი უფლისწულის მკვლელობის შესახებ.
ერთხელ კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, გვერდზე მომიჯდა, აკანკალებული ხელებით სახეზე ჩამოვარდნილი კულული გადამიწია და რა ლამაზი ხარო, მითხრა სხვანაირი ხმით.
მე ჯერ კიდევ ჩვენი ხეტიალის დასაწყისშივე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი კაცი ჩემს ცხოვრებაში, ათასი სხვაც რომ გამოჩენილიყო, და ათასს მზესაც რომ ვერ ეპატიებინა ჩემთვის ეს.
ისიც ვიცოდი, რომ მზეს ორ დღეში ვერ ვიპოვიდით.
და ისიც, რომ ერთხელაც იქნებოდა, გვერდზე მომიჯდებოდა ღმერთკაცი, აკანკალებული ხელით თმას გამისწორებდა და რა ლამაზი ხარო, მეტყოდა სხვანაირი ხმით...
მაშინ, ატატებული რომ წამიყვანა ტყის სიღრმეში, როცა ყურთან მისი მძიმე სუნთქვა მესმოდა, როცა გადარეული პირველად მეფერებოდა გაშიშვლებულ აყალყულ კანზე, მე მივხვდი, რა არის ედემი. როცა მოგვიანებით ის დამნაშავე და დაბნეული სახით თვალის არიდებას ცდილობდა კოცონთან, მონების მოქილიკე გამოხედვების უარეს ცეცხლქვეშ, ბოლოს უწინდებურად ჩემს შორიახლოს დაწვა და ეგრევე დაეძინა, მივხვდი, რა არის ჯოჯოხეთი.
...დროთა განვმალობაში მონები დაიხოცნენ, და ჩვენ ორნი დავრჩით.
...მაშინ იყო, ამ გამოქვაბულს რომ მივაგენით და აქ დავიდეთ ბინა.
ვცხოვრობთ ასე, სხვადასხვა მოლოდინში... მას მზეს ნაჩუქარი სამკლავური უკეთია ისევ მკლავზე, მე თითზე _ მისი ნაჩუქარი ბეჭედი...
ჰოდა, კეთილო მოყმეო, სულ ესაა ჩემი ამბავი... და-ძმობას, ავთანდილ, ნუ ეტყვი ჩემს მონათხრობზე ნურაფერს ღმერთკაცს...
არ შემეძლო, არ მომეყოლა, გასკდა გული, ოხერი...
დაგმალავ, და როცა დაბრუნდება, შევაპარებ შენს აქ ყოფნას... ძალიანაა გაველურებული, არც ის ვიცი, რას იმოქმედებს... თუ არ მოგკლა და მიგიღო, ხომ თვითონვე მოგიყვება თავის ამბავს...
თავისი გამოქვაბულის ჩრდილების როკვაზე...


2011


ბმული:
* http://mariannananobashvili.blogspot.com/2011/03/blog-post_6334.html

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:16 pm

მარიანა ნანობაშვილი Marian13

მარიანა ნანობაშვილი

...წყალი ხომ არ გინდა, შვილო...
(სააღდგომო _ ჩემი ერთადერთი ავტობიოგრაფიული ტექსტი...)

თვალწინ მიწის კედელი... კედელს ზემოთ _ ცა. არანაირი ემოცია. კარგად ვარ... მატერიის რბოლა ჩემს ირგვლივ... გიჟური სისწრაფე.
ბინდში მოკაშკაშე წერტილებიდან ორი რქა იზრდება. ბრწყინავს. შფოთი აიყალყა. „უფალო იესო ქრისტე... ძეო ღვთისაო...“ რქები უფრო მაღლდება, „ ...შემიწყალე მე ცოდვილი...“ რქები ქრება. მერე დარჩენილი წერტილებიდან ისევ იზრდება. ვცდილობ. ძალიან ვცდილობ. წამწამებს ვებრძვი. მეხსიერება უცებ იძრობს საბურველს. ორი კაშკაშა წერტილი საბოლოოდ მშვიდდება ჭერზე ჩასმულ ნათურებში.
ხელებს ვიღაც მიჭერს. არ მიშვებს, ისევ გავბრუნდე. ხელებით ჩემი მოფართხალე სული დაუჭერია არტახივით, მატერიის გიჟურ რბოლას რომ არ ჩაყვეს გიგანტურ ძაბრში... სული კი ლამობს, იმიტომ რომ ტკივილისგან დაბუჟებულია. არაფერი ესმის. უსასრულოდ უმადურია, რომ იჭერენ.
„ვწუხვარ, ჩემო კარგო“, _ ჩამჩურჩულებენ ხელები. მართლა წუხან. ვისრუტავ ამ წუხილს. „ოღონდ არ ინერვიულო... არაფრით შეიძლება ახლა შენთვის ნერვიულობა...“ _ თრთიან ისინი, როცა ხედავენ, როგორ ტირის სხეულში დაბუჟებული სული...
...არ შევხედე... ვერ შევხედე... ასე გადავწყვიტე რამდენიმე საათის თუ საუკუნის წინ, როცა ჯერ კიდევ მოსიარულე კუბო ვიყავი. დედამ არ უნდა ნახოს მკვდარი შვილი. დედას არ უნდა ჰყავდეს შვილი მკვდარი... არ უნდა... უმალ მდინარე აღმა უნდა წავიდეს... უმალ კვერცხი უნდა გაწითლდეს...
დერეფნის ცივი კედლები დამნაშავედ მაცილებენ გორგოლაჭიან საკაცით.
დარდს ჩემი გულის ფორმა აქვს.
გაუსაძლის სიმძიმედ დამწოლია ჩემი მუცლის სიცარიელე.


***
ტკივილი საკაციდან საწოლზეც გადმომყვა. ერთ ღია ჭრილობად მაქცია, რომელიც იძულებულია, ილაპარაკოს, პასუხი გასცეს და არ შეაწუხოს სხვები.
ისედაც ყველა შეწუხებულია.
ახლა ორი ადმიანია ამქვეყნად, ვინც ბოლომდე გრძნობს, რა ხდება ჩემს თავს ჩამონგრეულ სამყაროში.
დედა.
და დათო.
ორივე პალატის კარში დგას. ექიმი ელაპარაკებათ. თანხმდებიან, რომელი დარჩება ჩემთან ღამე. ყველანი ისედაც ვხვდებით, რომ დათო. დედა მერე, აქედან რომ გავაღწევ. მერე, როცა ცოტათი მაინც შევძლებ, ასე გასრესილი არ ვჩანდე. როცა შემწევს ძალა, ჩემი ხილვით ისიც არ გავსრისო...
თეთრი ღამე, თმაში ჩარჩენილი ნაადრევ ჭაღარად.
დათოს დიდი ხელები, ღუზასავით რომ ვებღაუჭები.
დილა.
დათო მიდის.
ექთნები. სანიტრები.
გუშინდელი თამრიკო დეიდა. შავ ქაოსში არიადნეს ძაფად მახსენდება მისი ზრუნვა. „გტკივა, შვილო?...“ „წყალი ხო მარ გინდა, შვილო?“ „მე უარესი დამემართა, ორმოცი წლის გოგო დავკარგე შარშან...“ „ვიცი, შვილო, რა სიმწარეშიც ხარ...“ „წყალი ხომ არ გინდა, შვილო?“
ვიღაც თავშეუკავებელი ჩემს სხეულში ვერ ბედავდა მაშინ თავის კედელზე რახუნს...
ექიმები... შემოწმება... ჩემთან სხვაა... სხვანაირად შემოდიან... სხვანაირად მკითხულობენ. ისევ ექთნები...
„ზუსტად ასე მომივიდა... ზუსტად შენსავით...“
„არა, დედა, არ იტირო... გეხვეწები... აქანე იმდენი იყო შენფერი... ვარესიც, დედა. პირველ ბოვშზეც მოსვლიათ... ეგ კი არა, დედა, გაზრდილი შვილი გამოსცლიათ ხელიდან...“
ვიცი.
ვიცი.
არ მრცხვენია.
ჩემი საწყაული პირთამდეა ახლა.
თვლემა. ტკბილი.
საშინელი გამოფხიზლება.
სადილი. საუზმეზე უარი ვთქვი.
მეორე დღეა, არ მიჭამია.
მეორე ლუკმაზე მოდის შიმშილი.
ზიზღი საკუთარი თავისა. საკუთარი შიმშილისა. ის აღარაა... მე კი...
...საყვარელი, მხიარული ქალი, მასაჟისტი. მესამედ ვხვდებით. ცხადია, ვერ მცნობს _ ბოლოს ექვსი წელი გავიდა და ათასი ჩემნაირი...
ვეცნაურები.... რატომღაც გაუხარდა, რომ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს.
მერე დარდიანდება. „შვილი მომიკვდა“. ვიცხადებ. მახსოვს, ორი შვილი ჰყავდა, ცოლშვილიანი.
დეტალებს მიყვება. სპეციალურად. მხოლოდ მე. ვითომ შემთხვევით.
ჩვილების უსასრულო ჭყიპინი დერეფნიდან. ხანჯლები გულში.
„ღმერთმა უცოცხლოთ... ღმერთმა სულ კარგად უმყოფოთ დედებს,“ _ თავს ვიმართლებ თავთან ხანჯლების გამო...
...ჩემი კი...
„მაპატიე, ღმერთო, სულ კარგად ამყოფე ესენი.“
მაგრამ...
ხანჯლები...
დათო.
ერთი ამბით შემოპარული.
ერთი ამბით დატოვებული.
მთელი ღამე გამაბრუებელი მონოლოგი.
არაფერზე.
ჩემთვის.
მძიმე ძილი დილის რვამდე, სანამ დათო წავა.
ახალი ექთნები... ახალი სანიტრები... ახალი ისტორიები. ერთი მეორეზე სამწუხარო.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ეს გამაძლებინებს.
თუ გამაძლებინებს?
„ყველას თავისი ჯვარი აქვს საზიდი... ისეთს ღმერთი არ მოგცემს, რომელსაც ვერ დაძრავ…“
ბედნიერებისგან განსხვავებით, რა ყოველწამიერად განიცდი უბედურებას...
„მთავარია, შენ გადარჩი...“
არ მესმის. მაღიზიანებს.
უსინდისოდ ვცოცხლობ...
...ჯერ არ მინახვას ჩემი შვილების დაფეთებული თვალები...
...ჯერ არ შემიმჩნევია, როგორ წაშლია სახე დედას.
ეს მერე იქნება, ორი კვირის თუ ორი საუკუნის შემდეგ. ახლა კი...
ახალი ექთნები...
ახალი სანიტრები...
ახალი ნაღვლიანი ისტორიები...
არ მესმის, რატომ მიყვებიან ასე სათითაოდ...
...პირველად ვხვდები სიტყვებს „სიცოცხლე გრძელდება“. იმოტომ, რომ ჩემი ახლა დგას. გაჩერებულა. იცდის...
_ალბათ, სიკვდილის არ შემეშინდება... იქ ხომ პაწუა...


***
ახალი ამბავი. აღშფოთებული, გესლიანი რეპლიკები _ ჩემს გვერდით პალატაში მელოგინე ბავშვს ტოვებს. მთელი დღე აღშფოთებაშია დერეფანი. „ეს აქ დარდით კვდება, ის კი...“
გული მტკივა, მაგრამ ლაპარაკის სურვილი არ მაქვს. პაწია ბიჭი მეცოდება, გაუცნობიერებლად სათითაოდ რომ ნანობს ყველა მის მოვლინებას...
მე უკვე ნაკლებად ვიწვევ ინტერესს.
მანკიერება ყოველთვის მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე უბედურება.
მოვახერხე მარტოობა. დარდით რომ ვარ სავსე, მხოლოდ ჩემი თავიც მყოფნის. მარტოობას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ სისავსეს.
დარდმა გული ამიმსუყა.
...ცრემლი სულის სისხლია...
ცრემლად ვიღვრები...


***
დღეს აღდგომაა.
ორი თვე გასულა.
ქერქმოკიდებულ ჭრილობას უხვად სდის სისხლი ძველ ასოცოაციაზე წამოდებისას.
დანარჩენი გულში შეიმსჭვალა ოთხი ლურსმნით...
„ყველას თავის ჯვარი აქვსო სატარები...“
თამრიკო დეიდა მახსენდება. ახალგაზრდა პრაქტიკანტის მთრთოლვარე ხელები. მხიარული, საყვარელი მასაჟისტი.
ახლა ვგრძნოობ, რატომ მიყვებოდნენ ამდენ უბედურებას. სიტყვა-სიტყვად მაყენებდნენ... ნუგეშ-ნუგეშ... მაგალით-მაგალითად...
...მიწა ყველაფერს ინელებსო...
...და თუკი ადამიანი მიწაა...
მოგონებების შავ ქაოსში ოდესმე არიადნეს ძაფივით გამახსენდება თამრიკო დეიდას „ ...შვილო... წყალი ხომ არ გინდა...“


***
რატომ მოეკვეცა ყოვლისშემძლე უფალს ფეხი გოლგოთას აღმართზე... რატომ უნდა აღნიშნულიყო ეს დეტალი ოთხივე სახარებაში...
„ჰყვარობდეთ ურთიერთას...“
დღეს აღდგომაა...
...სადღაც, გოლგოთას მტვრიან აღმარღზე, შემთხვევითი მგზავრი სიმონ კვირინელი ადამიანის ჯვარს მიათრევს ზურგით...


2004, აღდგომა

ბმული:
* https://www.facebook.com/notes/864761923540108/

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:20 pm

მარიანა ნანობაშვილი

აპექსი

მგზავრი შეჩერდა. უცნაური წყლისფერი თვალები ჰორიზონტს შეავლო, საიდანღაც გადმოხვეწილმა ნიავმა შეასუნთქა წითურ წვერ-ულვაშზე, ოფლიან სახეზე... კაცმა განიერი ნესტოები აამოძრავა, ჰაერი დაყნოსა...
პირმყრალმა ადგილმა ჩამოატარა თავის წიაღში ეს დაღლილი ნიავი, სანამ წითურს შეასუნთქავდა... იგრძნო, ახლოს იყო.
მწვერვალამდე რიჟრაჟთან ერთად მიაღწია. დილის ბინდბუნდში უკვე ჩანდა უკიდეგანო დაბლობზე ცხვრებივით მიმოფანტული რამდენიმე ქალაქი. გარშემო ბაღნარებს უხვად რწყავდა დაკლაკნილი იორდანე. შორს, ჰორიზონტზე, მლაშე ტბა გაშანდაკებული ხმალივით პრიალებდა.
უეცრად ყველაფერი შავ ბოლში ჩაინთქა. მიწამ ცა ცეცხლის სვეტებზე ჩამოიხია. ელდანაკრავმა წითურმა ადგილზევე ჩაიმუხლა, თვალები აახამხამა...
მთების ქვეშ გაფენილი სიმშვენიერე წეღანდელივით მშვიდად თვლემდა... ხილვა ამჯერადაც მყისიერი იყო.
....დაცარიელებული წყლის მათარა იორდანეში აავსო. უახლოესი ქალაქისკენ აიღო გეზი, კარიბჭესთან შეჩერდა. მიდამო მოათვალიერა... არა, მთავარი ნიშანი არ ჩანდა...
კარიბჭესთან, სავაჭრო დახლებისგან მოშორებით, ჭარმაგი კაცი იჯდა. წითური პირდაპირ მისკენ წავიდა, მისალმებისა და კეთილგანწყობის ნიშნად წყლით სავსე მათარა მიაწოდა. კაცი წამოდგა, წყალი მოსვა და მათარა პატრონს დაუბრუნა...
– მობრძანდი ჩვენს ქალაქში, მგზავრო, ჩემი სტუმარი იყავი.
წითური გაჰყვა.
მასპინძელმა ცოლ-შვილს გასძახა. ოთახში ორი ახალგაზრდა და ერთიც ხანდაზმული ქალი შემოვიდა. სტუმარს საუზმე მიართვეს...
– საით გაგიწევია, ჩემო ძმაო, – ჰკითხა მასპინძელმა.
– შორიდან მოვდივარ, კეთილო კაცო, ძალიან შორიდან. ქალაქს ვეძებ, კოშკებიანს, რომელსაც თავისივე ქვები ანგრევს... უცნაური თვალები უძრავად მიაჩერდა მასპინძელს, გზას გულისხედვით მივუყვები. აქ მომიყვანა...
ჭარმაგმა თავიდანვე შენიშნა წითურს უხილავი თვალი. ყოველთვის გრძნობდა ნიშნიან ადამიანს.
ნათქვამიც გაუგო ჭდედასმულის ცხოვრება ისე ევლება თავს ნაჭდევს, როგორც მიწამრგვალი მზეს.
– რატომ ეძებ, ძმაო, – მხოლოდ ეს ჰკითხა. წითური დაფიქრდა.
– ადამიანისა ჯერ თავია ცასთან ახლოს, მერე გული, მერე ვნებანი. ამ ქალაქში, მე რომ ვეძებ, ხალხი თავდაყირა ცხოვრობს. თავი და გული სისხლით დამძიმებიათ, სრულიად ვეღარ ხედავენ ცას. ათი გამართული კაცი უნდა შემხვდეს ამ ქალაქში, ათი სულია გამოთხოვილი აბრაამისგან. ათი გადაარჩენს ყველას. იმ მთის საძებრად ვარ წამოსული, კეთილო კაცო...
გზას გამიადვილებ, თუ ახლომახლო ქალაქებთან ქალის თეთრ ქანდაკებას მიმასწავლი... მხოლოდ ქანდაკებას ვხედავ იმ ქალაქთან, წითურმა წყლისფერი თვალები დახუჭა.
– ვერაფერს გეტყვი, მგზავრო... კიდევ მითხარი რამე ნიშანი.
– ეს ქალაქი თავადაა ნიშანი... უზარმაზარ საძირკველზე ფაშარ ქვებადაა დაგებული. მათზე კოშკი აშენდება, ბაბილონის გოდოლზე მაღალი... სიმაღლეზე ხალხს თავბრუ დაეხვევა, თუმცა, ღმერთს მაინც ასწვდება... ქალაქი, მე რომ ვეძებ, შეჩვენებად გაჰყვება კედლებს, ბოროტების ჭდედ...
და მერე, როცა წყლის ნაცვლად შეხვედრისას ერთმანეთს ცეცხლს მიაწვდიან, პირველ ბზარს კოშკის ნგრევაში ის შეიტანს...
– მიირთვი, მგზავრო, სანამ შენს გზას შეუდგები... – მხოლოდ ეს უთხრა ჭარმაგმა.
წითური ნელა გაუყვა ქვაფენილს. წყლისფერი თვალები მოავლო მდიდრულ სახლებს და კოხტა ბაღნარებს.
ერთ ასეთ ბაღში კაცს ეძინა. პირდაპირ ხავსზე იწვა, ჩუმპე მუცელი ხმაურით აუდი-ჩაუდიოდა. იქვე დაბმული აქლემი წრიალებდა, თავს ხრიდა, წინა ფეხების ქაჩაჩებს ჰაერში ასავსავებდა. მოშორებით მწყაზარი ქალები ჭასთან უძირო კასრებს ავსებდნენ.
წითურმა ერთხანს გაოგნებით უცქირა. ბოლოს, ხმადაბლა გასძახა მძინარეს:
– კეთილო კაცო, წყალს ხომ ვერ დამალევინებ...
ჩუმპემუცლიანმა ცალი თვალი გაახილა.
– რა თქმა უნდა, დაგალევინებ, მგზავრო. ცუდია, როცა კაცს გწყურია. იწყება წყაროს დაუსრულებელი ძიებანი... ფიქრი... თუ იფიქრე, არ დაგეძინება... დანაიდა, წყალი მეც და სტუმარსაც!..
– კეთილო კაცო, ეგ აქლემი რას შვრება? – ვერ მოითმინა წითურმა.
– ნემსის ყუნწში გაძვრომას ცდილობს.
ქალებს ორი გამოეყო და თავის სათლებიანად ქევქევით წამოვიდა. ხვრეტილებიდან მოთქრიალე წყალი გალუმპულ კალთაზე ეღვაფებოდათ...
ჩუმპემუცლიანმა პირი ფართოდ გააღო და ერთ-ერთმა ქალმა დაცარიელებულ სათლს შიგ ჩაუძახა. მეორე დანაიდა წითურისკენ წამოვიდა.
– სად გარბიხარ, მგზავრო?.. ჩვენ არ მოგვიკლავს ქმრები, მამამ დაგვარიგა... აღარ გწყურია?..
უძიროკასრიანი დანაიდები წყლის ღვარღვარით გამოეკიდნენ წითურს. მან ნაბიჯს უფრო აუჩქარა. უკან მაცქერალს ფეხი აუცდა და დიდ წუმპეში გაიშხლართა. ტკივილისაგან დაიკვნესა.
– დაგეხმარებოდი, მგზავრო, მაგრამ არის დღე იგი შაბათი, პატივი უნდა ვცეთ, – მოესმა გვერდიდან მშვიდი ხმა.
წითურმა აიხედა.
გზისპირას, სკამზე, გაუნძრევლად იჯდა კაცი. პირდაპირ იყურებოდა, ხელები დარბაისლურად დაეწყო მუხლებზე. თავს ზემოთ ცხენის ძუაზე გამობმული მახვილი ეკიდა.
– დამეხმარე, მეგობარო... ცხოვრება ისეთი პატარაა და მოკლე...
– და-მოკლე... მართალი ხარ... მაინც, საიდან მოდის ხოლმე საფრთხე, და როდის... -თქვა დაფიქრებით.
მარჯვნივ გაიხედა, მარცხნივ... უკანაც მიტრიალდა... მერე ისევ უძრავად გაირინდა. წითურისთვის არ შეუხედავს.
წითური როგორღაც წამოდგა. გასვრილ სხეულზე დაიხედა. ხეს მიუახლოვდა, ყველაზე დიდ ფოთოლს ხელი წაატანა ტანსაცმლის გასაწმენდად. წაატანა და გაუშეშდა, ხეზე ყმაწვილი იდგა, იმ ფოთლით სიშიშვლე ჰქონდა დაფარული...
დაბნეულმა წითურმა რამდენიმე ნაბიჯით დაიხია, ხეს დააკვირდა... ახლაღა შენიშნა ხის ქვეშ... უზარმაზარი, დამხობილი ფალოსის ქანდაკება.
ზემოდან დამცინავად მომზირალმა მამაკაცებმა უცებ საშინელი ღრიალი ატეხეს, ისე, რომ ცას სწვდებოდა. ზოგს ფოთოლი ჰქონდა აფარებული, ზოგს – ტრანსპარანტი, ზოგს სულაც არაფერი. რაღაც დაუნაწევრებელს სკანდირებდნენ და შუალედებში ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. კაკაფონიით დაბნეულ წითურს ვერ გაეგო მათი. გაიქცა, მაგრამ უკან მომზირალმა დამხობილ ფალოსის ქანდაკებას ფეხი წამოსდო და ვიღაცას შეეჯახა.
– მაპატიე, კეთილო კაცო, ძლივს გაახილა თვალი წითურმა.
დაჯახებული ახალგაზრდა ლამის ხელებზე მიესვენა. სირბილისაგან ძლივს ითქვამდა სულს.
– ძმაო... გთხოვ... ვეღარ მივრბივარ... ფეხზე დგომაც მიჭირს... გააგრძელე ჩემი გზა...
წითური გაოცდა. ახალგაზრდამ ძლივს მოითქვა სული.
აზრამღვრეული, ბედნიერი თვალებით შეხედა.
– საით გაგიწევია, რა გზაზე? – ჰკითხა წითურმა.
– ათენში...
გამეგზავნე... უთხარი... გამარჯვება... ჩვენია... ჩვენია!.. გთხოვ...
– მხოლოდ ამიტომ დამშვრალხარ, ძმაო, რათა ხალხს ახარო?!
– მხოლოდ...
ამიტომ... გაუღიმა ბედნიერი თვალებით...
წითური წამით დაფიქრდა.
– მაპატიე, ვერ დაგეხმარები... მე ჩემს გზას უნდა ვეცადო. საიდან მოდიხარ?
– მარათონიდან... კარგი... მეჩქარება... ძალიან... ასე... მოკლეზე... მოვჭრი...
წითურმა თვალი გააყოლა. უცებ იქვე, კოხტა ბაღში, ქალი შენიშნა. მძიმე საწყაული ეჭირა და ყვავილებს რწყავდა. წითური მიუახლოვდა.
– დედაშვილობამ, წყალი დამალევინე...
ქალმა საწყაული გააქნია და პირისახეზე მიასხა წითურს. გაოგნებულმა წითურმა სახე ხელისგულებით მოიწინდა.
ქალმა საწყაული ყვავილებს მიუბრუნა.
– აქ ბავშვები არ გვყავს. არც დედ-მამა იცის ვინმემ. არაა შეჩვევა. არც სიყვარული. არც ვალდებულება. არც პატივისცემა. ყველაფერ ამით არ ვიტვირთებით, თავისუფლება გვიყვარს.
მგზავრო, საიდან მოდიხარ?! მყუდროებას ნუ გვირღვევ!
წითურმა ერთხანს უყურა.
– რა ყვავილებია, ასეთი მძიმე საწყაული რომ სჭირდება?
– ეფემერები... ჩემი სახლი ზღვარზე დგას, მზემ ეზო უდაბნოდ მიქცია. როცა ვრწყავ, ყვავილობს, არ ვრწყავ სძინავს... – ქალმა საწყაული ოხვრით დადგა მიწაზე.
წითურს ციდან უცნაური შხუილი მოესმა. აიხედა. ცაში გრძელ ფრთებზე ჭაბუკი ლივლივებდა.
– იკაროსია, – თქვა ქალმა, ყოველდღე მზის კენ მიფრინავს და ფრთებს იწვავს. ვერ ეგუება, სულელი, ვარდნას...
ქალმა შეშფოთებით გადახედა ყვავილებს.
მერე ერთი გვირილა მოწყვიტა და თეთრი ფურცლების დაცლა დაიწყო: იხარებს... არ იხარებს... იხარებს... არ იხარებს...
საიდანღაც უშველებელი სამთავიანი ძაღლი გამოჩნდა. წითურმა შეშინებაც ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა ქუჩის ბოლოს.
– ცერბერია, მშვიდად თქვა ქალმა, სულ ასე, გაუჩერებლად დარბის ქუჩებში. ხან საშინლად ყეფს, მაგრამ ზედ არავის უყურებს, თითქოს ვერც ხედავს.
კაციშვილს არ ეშინია მისი.
წითური გალავანს მოსცილდა. ნელა გაუყვა ქუჩას. უცებ ზურგიდან ვიღაც წამოეწია, მხარზე ხელი დაადო.
– მგზავრო, გავიგე, გწყურია, წამოდი, დაგალევინებ.
წითურის წყლისფერ თვალებში ლურჯად იკვესა სიხარულმა.
– წამოვალ, კეთილო კაცო.
– აქვეა, სულ ახლოს. მოსახვევის ბოლოს...
იარეს.
– არა, ქუჩის ბოლოს...
იარეს.
– არა, გზის ბოლოს...
– სადაა წყარო, ძმაო, უკვე ქალაქის ბოლოა.
– ნუ ღელავ, მგზავრო, ნუ გეჩქარება. ერთ ადგილზეც რომ დარჩე, დრო მაინც შემოგეშხეფება. ნელ-ნელა აგილოკავს ცხვირ-პირს, თვალის უპეებში დაგელექება. თმაზე გადაგისვამს თეთრ ხელისგულს.
აი, წყაროც.
თანამგზავრმა უზარმაზარ კლეფსიდრაზე ანიშნა, კონუსს მიაუხლოვდა და ჩამოშვებული წვეროდან მწვეთავ წყალს პირი შეუშვირა. წყლის საათის წვეთები ნაკადად იქცა და პირში ჩაეღვარა. მერე კაცი ზურგით შეტრიალდა და წითური შეკრთა, კეფაზე მეორე სახეც ჰქონდა. კაცმა მეორე სახესაც დაალევინა. წითურს მიუბრუნდა.
– დალიე.
წითური შეყოვნდა.
– ეს ამქვეყნად უდიდესი განძია. ყველას თავისი წილი ეძლევა და, როგორც ყველა განძი, უკმარისობას ტოვებს...
არ ჰყოფნით, მაგრამ რაც აქვთ, ვერ იყენებენ... კლავენ.. წელავენ... გაჰყავთ... ატარებენ... ერგებიან... კარგავენ...
ამიტომ უდიდესი მპარავი ვარ ამქვეყნად, – წამოიძახა მეორე სახემ.
– ამაოება მყარადაა ჩამიჯნული დასაწყისითა და დასასრულით... დალიე, მგზავრო... დროის ქურდი ქურდი არ არისო...
წითურმა პირი შეუშვირა საათს. მას ნაკადი შეუწყდა, წვეთებმა რიტმულად განაგრძეს წამების ათვლა. პირი რომ ოდნავ გაისველა, გასწორდა. იანუსი აღარსად ჩანდა.
წითურმა ჭაღარაშერეულ თმაზე ხელი გადაისვა და ისევ გაუყვა გზას. პატარა გორაკს მიადგა.
იქ აბჯარასხმული კაცი ნანგრევებზე ტახტის დადგმას ცდილობდა. ხან აქედან მოუარა, ხან იქიდან. ოფლს იწმენდდა სახიდან.
– ხომ არ დაგეხმარო, მეგობარო.
– არა!.. მე თვითონ.
– ხომ არ ჯობს, სწორ ადგილას დადო.
– რას ამბობ, მგზავრო, სწორ ადგილას ტახტი სად გინახავს.
– ეს ტახტი ვიღასია?
აბჯრიანმა ხმალი იშიშვლა და იმით მიაწვა ტახტს.
– თავისუფლების, ცხადია, აღმოხდა ქოშინით. ხმალი ნელ-ნელა წითლად შეიღება, მაგრამ, რადგან ადამიანი საწყისშივე არაა თავისუფალი, იმიტომ, რომ არ იყო თავისუფალი თავის გაჩენაში, მისი თავისუფლება ოთახში ჩაკეტილის თავისუფლებაა და მთელი სიცოცხლე მიილტვის მონობისკენ... ნაირ-ნაირი ტახტების მონობისკენ...
ტახტმა ერთიც დაიხრიგინა და ნანგრევებზე დადგა. აბჯრიანი ფრთხილად ჩამოჯდა.
ნანგრევები უფრო დაქუცმაცდა და დაიშალა.
– შენცა, ბრუტუს, – ამოიგმინეს ნანგრევებმა.
– ...ნაირ-ნაირი ტახტების მონობისკენ, განაგრძო აბჯრიანმა, – ვაი იმას, ვისაც კლაუსტროფობია სჭირს.
სადღაც შორს ღრიალი გაისმა. აბჯრიანმა მიაყურადა.
– იკაროსია. ისევ ჩამოვარდა. ჭკუა ვერ ისწავლა. ფრენა ნებავს... საკუთარი ნიჭის მწვერვალების დაპყრობა არ კმარა. რომც გაიმარჯვო, ისე დაიღლები, არაფერი მოგინდება...
– შენცა, ბრუტუს! – ამოიგმინეს ისევ კეისრის ძეგლის ნანგრევებმა.
უცებ აბჯრიანი გავეშდა.
– გაჩუმდი...
აღარაფერი მინდა... აღარაფერი... გაჩუმდი-მეთქი... აჰა, თქვენი ტახტი... აჰა, თქვენი ოცდაათი ვერცხლიც... დამანებეთ თავი!..
წითური საჩქაროდ დაეშვა გორაკიდან. შარაზე ხელჯოხიანი ბრმა მიბანცალებდა.
წითური მიუახლოვდა.
– ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?!
ბრმამ ხელით თმა მოუძებნა, ფრთხილად აუბურძგნა.
– შიში ვარ და იმიტომ.
წითური გზაზე გაიქცა.
– სად მირბიხარ... დაიცადე... აქ არავის ვუნდივარ... გამოგადგები.
უკან მომზირალი წითური ვიღაცას შეასკდა.
– მაპატიე, ჩემო ძმაო, – ძლივს გაახილა წყლისფერი თვალები.
– მგზავრო, გთხოვ, ვეღარ მივრბივარ... გააგრძელე ჩემი გზა...
– ისევ შენა ხარ?
მარათონიდან მორბენალმა ბედნიერად გაიღიმა.
– მალე შინ ვიქნები... ყველას ვამცნობ... გამარჯვებას...
ის ბრმაც... ჩემთან ერთად... მორბოდა და... გავუსწარი...
– შიში?
– არა... სიყვარული... დრო... მეპარება...
გავიქეცი... ასე მოკლეზე... მოვჭრი... ქალაქს...
...ქუჩაში ყეფით გაიელვა სამთავიანმა ცერბერმა და გაქრა.
...წითური მზის გულზე მჯდარ სამ კაცს მიუახლოვდა. ისინიც მგზავრები ჩანდნენ. ორი ცხარედ კამათობდა, მესამე ხან ერთს ეგლისებოდა, ხან მეორეს...
– შენ დაბადებულიც არ იყავი, მე რომ ვთქვი და გადავჭერი!
– მერე რა! მე გავამარტივე. უფრო მოხერხებული გავხადე!
– მშვიდობა თქვენდა, ძმებო.
სამივემ წითურს შეხედა.
– შეხედე, წითურო! – მწვანეპერანგიანმა ცეცხლზე მოთუხთუხე კასრზე მიუთითა, – ეს წყალია.
ცელსიუსი ამბობს, ას გრადუსზე დუღსო.
ვერ დავარწმუნე, რომ ორას თორმეტზე!
– წყალი ნულ გრადუსზე იყინება, ფარენჰაიტ! – იფეთქა ისევ წითელპერანგიანმა, – და არა ოცდათორმეტზე!
– ეგ შენთვისაა ოცდათორმეტი! ღმერთს ვფიცავ!
– ეს მე ვფიცავ, რომ ნულზე იყინება! ღმერთმა მე მომცა კურთხევა!
– მე უფრო ადრე მომცა.
წითური გზას გაუყვა. მესამე წამოეწია.
– ნუ მიაქცევ ყურადღებას, წითურო. აქ გავლით არიან. დიდ გონებას ასვენებენ.
– წყალი ხომ მაინც იდუღებს, მიუხედავად იმისა, რას დაარქმევენ წითელ და მწვანეპერანგიანი.
– როგორ, სხვადასხვა ფერის პერანგები ეცვათ? – გაოცდა მესამე.
– ფერებს ვერ არჩევ?
– არა. ფერს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი მხარეა, ვისაც მარჯვნიდან ვუდგები, ათჯერ ვამრავლებ...
მარცხნიდან ხელმოცარულებს ვუდგები, მათ ფაფხურს რომ ხაზი გაესვას. მარცხენას მარჯვენის შეშურდება. რომ შეშურდება, მოუნდება. მოუნდება ჯერ იღბალი, მერე სახლი, მერე ყანა, მერე კარაული, მერე ცოლი...
– მერე და, შენ ვინა ხარ?
– ნული. არაფერი... გინდა, მარჯვნიდან მოგიდგე?
საიდანღაც კივილი მოისმა.
– იკაროსი დაიმტვრა ისევ? – იკითხა წითურმა.
– არა, იმ სახლიდან ისმოდა, – ხელი გაიშვირა ნულმა.
...წითურმა ეზოს ჭიშკარს ხელი ჰკრა, ეზოში შევარდა და სახლის კარის სახელური ჩამოქაჩა.
ოთახში ძონძებში გახვეული თემიდა იდგა. მსჯავრდადებულის სკამზე მედეა იჯდა, გარშემო კი ქალები წიოდნენ.
წელსქვემოთ ყველა სისხლში იყო ამოსვრილი. იატაკზე ემბრიონები ეყარა. წითურმა ერთს კინაღამ ფეხი დააბიჯა.
– არ მომიკლავს ჩემი შვილები! – კიოდა მედეა.
– მოკლა! მოკლა! ყველამ იცის, რომ მოკლა, – აკივლდა ოთახი.
– ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, – წაიბურტყუნა თემიდამ.
– მოკალი! მკვლელო! მკვლელო! – წიოდნენ ქალები.
– თან მკვლელია, თან არ არის მკვლელი, წაიბურტყუნა თემიდამ.
– სამშობლო გაყიდა! მოღალატე! მოღალატე!
– ვისთვის მოღალატეა, ვისთვის – არა, – წაიბურტყუნა თემიდამ.
– მე ნემსი მომპარა და აქლემი, – ფანჯრიდან თავი შემოყო ჩუმპემუცლიანმა.
– ტყუილია, ტყუილია, – ყვიროდა მედეა.
– არ დაუჯერო ქალს მაშინაც, როცა სიმართლეს ამბობს, – თავი შემოყო ევრიპიდემ.
– ტყუილია!
– ეს ვინღაა! – თემიდამ თვალახვეული თავი წითურისკენ მოაბრუნა.
ქალები უარესად აკივლდნენ. წითური გარეთ გამოვარდა.
უკან მომზირალი ვიღაცას შეეჯახა.
– მაპატიე! უფალი იყოს შენთან, კეთილო კაცო, – მაჯაზე შეეხო წითური, მორჩა, ამ ქალაქში აღარასოდეს მივიხედავ უკან...
– რა უფალი, მგზავრო, საიდან მოდიხარ? ჯერ არ გაგიგია, რომ ადამიანი მაიმუნისგან შეიქმნა? – ჭკვიანი თვალებით შეხედა უცნობმა.
უცებ საიდანღაც მოვარდნილმა ბრბომ წითური გაიყოლა... მან დილანდელი მასპინძლის კარ-მიდამო იცნო.
აივანზე გამოსული ჭარმაგი სახლის კარს ეყრდნობოდა ზურგით. სახეზე ფერი არ ედო.
შუბლიდან მალიმალ იწმენდდა ოფლს.
– ძმებო! დაიწყო ხმის კანკალით, – ნუ ჩაიდენთ ბოროტებას...
ბრბო უფრო ახმაურდა. ჭარმაგმა ხელი ასწია.
– მისმინეთ, რა გითხრათ! ორი ქალიშვილი მყავს. კაცი არ უნახავთ. გამოგიყვანთ და რაც გინდოდეთ, ის უყავით, ოღონდაც ჩემს ჭერქვეშ შეფარებულ სტუმრებს ნუ ახლებთ ხელს...
– ვიღაც გადამთიელი ლოტი ჭუასაც გვასწავლის, – აღშფოთდა ბრბო.
– ისედაც დიდხანს ვუთმინეთ...
– გადმოგვეცი ის ორი ყმაწვილი. ამბობენ, ძალიან ლამაზები არიანო. გავერთობით.
– იცოდე, შენ ახლა უარესს გიზამთ!
ბრბომ წინ წაიწია, ჭიშკარი გამოგლიჯა, კიბეზე აღოღდა ცოცხალ ტალღად და ის იყო, ჭარმაგს უნდა სწვდომოდა, რომ იგი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. აივნიდან გმინვა წამოედინა და ბრბოში ჩაიღვარა.
ხალხი ბრმასავით გაწვდილი ხელებით ცდილობდა უკან გზის გაგნებას. იქაურობა წუთში დაცარიელდა. წითური ყოყმანით მიუახლოვდა ლოტის სახლს, კიბეზე ავიდა. იმის ფიქრში იყო, დაეკაკუნებინა თუ არა, რომ ოთახიდან მასპინძლის დაბნეული საუბარი მოესმა და მერე ახალგაზრდა მამაკაცის ხმა:
– წაიყვანე ცოლი, შვილები და მოსცილდი ქალაქს... არსად გაჩერდეთ და არ მოიხედოთ უკან. გადაირჩინეთ თავი...
...გზაზე ყმუილით დაჯდა ცერბერი...
გამთენიისას წითური მთის მწვერვალს მიუახლოვდა. უცებ ციდან საშინელი გრუხუნი მოესმა.
ერთადერთი, რის დანახვაც მოასწრო, გიგანტური ცეცხლის ალები იყო. ციდან რაღაც უზარმაზარი ჩამოვარდა. მიწამ ცა ცეცხლის სვეტებზე ჩამოიხია და ყველაფერი შავმა ბოლმა შთანთქა. ირგვლივ გოგირდის მძაფრი სუნი დატრიალდა.
...წითურმა მიწიდან თავის აწევა რომ გაბედა, ბოლი იფანტებოდა, იორდანეს აყვავებული ბაღნარები შავ ფერფლად ქცეულიყო. შორს მოლივლივე მარილიანი ტბა, ზღვად ქცეული, სველი საცეცებით ეპარებოდა ნაქალა ქარებს. წითურმა თვალებით მოძებნა ნაცნობი ადგილები. ადამიანის ჭაჭანება არ იყო.
მხოლოდ უკან მიმზირალი ქალის ქვამარილის სვეტი იდგა ქანდაკებასავით, ზუსტად ისეთი, ხილვებში რომ ენახა წითურს... გულისხედვით იცნო ლოტის ცოლი... სოდომი ერთ შავ გიგანტურ ფუღუროს დამსგავსებოდა. აქ ისე ცდილობდნენ თავისუფლების გადაძერწვას, რომ სიცარიელეღა შემორჩათ.
წითურმა ქალაქს ზურგი აქცია.
წინ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი...


sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Mar 09, 2019 3:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 412
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი EmptySat Mar 09, 2019 3:22 pm

მარიანა ნანობაშვილი Marian14

მარიანა ნანობაშვილი

მარგარიტა და ოსტატი

საკუთარი დანიშნულება ზოგს ლოდივით აწევს. ზოგიც თვითონ აწევს დანიშნულებას...
მარგარიტას თავისი მსუბუქი შალივით მოეგდო მხრებ ზე, კიდეც ათბობდა, მომხიბვლელობასაც მატებდა, იმიტ ომ, რომ მისი დანიშნულება ხალხისთვის სიამოვნების მოტანა იყო. თვითონ ასე ეგონა და, ალბათ, არ ცდებოდა.
თავმომწონე სიზანტით მოძრაობდა. კატასავით ფეხის წვერებიდან იწყებდა ნაბიჯს.
საერთოდაც, იყო მასში რაღაც კატისებრი. თვალების უეცარი შეფეთება იცოდა, გამჭოლი, მოთავხედო დამფრთხალი მზერით. მოძრაობები რბილი და გრაციოზული ჰქონდა, ხმა ბავშვური და შემპარავი. შავი, წყლიანი თვალები ზომაზე გრძელ აპრეხილ წამწამებს შემოერკალა. მიუხედავად მკვრივი აღნაგობისა, სცენაზე მსუბუქად დაფარფატებდა. ეს პარადოქსი კიდევ უფრო აძლიერებდა მის ეფექტს. მარგარიტა არც დიდი მოცეკვავე იყო, არც დიდი მომღერალი, თუმცა შნოიანი იცოდა სიმღერაცა და ცეკვაც.
მართალია, იგი ისე ცნობილი არ გახდა, როგორც ხშირად ოცნებობდა, მაგრამ მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ბევრად აღემატებოდა მისივე ტალანტს კატებს ეხერხებათ თავზე მაღლა ახტომა.
დროდადრო მარგარიტა რომელიმე ბედნიერს ნებას აძლევდა, ჰყვარებოდა. ალერსსაც აცლიდა და კრუტუნიც იცოდა. თუმცა ნებისმიერ წუთს შეეძლო გამთბარი მუხლებიდან ჩამოხტომა. ადაპტაციის საოცარი უნარის გამო არ იცოდა, რა არის შეჩვევა... ამას ისე გრაციოზულად, ისეთი დამოუკიდებელი გამომეტყველებით იზამდა, საყვედურსაც ვერ უბედავდნენ.
ასე რომ, ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა, მოიშინაურა მარგარიტა თუ არა, ის ნებისმიერი სიმაღლიდან ხტებოდა და ყოველთვის თათებზე ეცემოდა.
ფიქრი არ უყვარდა მარგარიტას. შთაბეჭდილებები ფერადი პეპლებივით ჩამორიგდებოდნენ მის ლამაზ თავში, ერთხანს ფრთების რხევით გაირინდებოდნენ და მალევე ქრებოდნენ.
ისე, იშვიათად სიკვდილზე თუ დაფიქ რ დებოდა, ისიც მხოლოდ იმის წარმოსადგენად, რა ლამაზი იქნებოდა უსულოც... როგორ დაენანებოდა ყველას... იმიტომ, რომ მარგარიტა, ალბათ, ახალგაზრდა მოკვდებოდა, რატომღაც ასე სჯეროდა. სანამ გადაღრძუვდებოდა... სანამ ლამაზი სახე მოემჩვარებოდა. მიწას არ უნდა ენახა იგი ბებერი. მარად ახალგაზრდად უნდოდა დარჩენა.
რაც თავი ახსოვდა, სულ ყურადღების ცენტრში იყო.
თუ არ იყო, მოხვედრას ცდილობდა. უყვარდა ყურადღება. სჭირდებოდა წყალივით, გამშრალი ლამაზი ზღვის კენჭივით უფერულდებოდა ყურადღების გარეშე. მის სხეულზე შთანთქმული აღტაცება და არეკლილი სურვილი ენერგიით მუხტავდა. სცენაზე მდგომს ეჩვენებოდა, რომ სამყაროს ჭიპი იყო. როცა ის გადაჭარბებული ემოციებით დარბოდა, დახტოდა, ცეკვავდა, ჟესტიკულირებდა და ქარაფშუტულ სიმღერებს მღეროდა, რესტორნის სტუმრები აპლოდისმენტებად იღვრებოდნენ. პროგრამის ბოლოს საკუთარი თავით გაბრუებული, წარმატებისგან მთვრალი თვალებით დედოფლურად გადახედავდა მის ფეხთით მოგნიასე დარბაზს და, აი, ამ წუთებისთვის ღირდა სიცოცხლე...
თუ ემოციაა ცხოვრება და არა რეალობა, რაც გგონია, და არა რაც არის, მაშინ მარგარიტა მართლა იყო სამყაროს ჭიპი.

* * *
სცენა პირდაპირ ღია ბაღში მოემზადებინათ. ახლომახლო ხეებზეც კი განათება იყო მოწყობილი. სცენის წინ გრძელი, უზურგო სკამები ჩაემწკრივებინათ.
გვიანი გაზაფხული უხვად აფრქვევდა თავის სურნელს და უმიზეზოდ კარგ ხასიათზე აყენებდა მარგარიტას. ყველაფერი ძალიან მოსწონდა ამ პატარა ქვეყანაში. მშვენიერია, ზღაპრულია! საუკეთესო გასტროლებია ჩემს ცხოვრებაში! წაუკრუტუნა კმაყოფილებით მასპინძლებს.
კონცერტი საღამოხანს დაიწყო. ქალები კავალრებთან ერთად წინა რიგებში მოეწყვნენ. მარტოკაცები შედარებით უკან სხდებოდნენ.
ადგილები შეივსო და ბევრიც ფეხზე იდგა.
კულისებიდან მოთვალთვალე მარგარიტას ნაცნობმა შიშნარევმა ბედნიერებამ სისხლი აუდუღა. ფარდა რომ გადასწიეს, ფართო ღიმილით და თავზემოთ აწეული ხელებით გაქვავდა. ბალერინის თუ კატის ნაბიჯებით შუა სცენაზე გამოვიდა. ხალხის ჩოჩქოლი, აღტაცებული შეძახილები აპლოდისმენტებად გადმოიღვარა. მარგარიტას ლოყები აეტკიცა, ზღვას დაბრუნებული ლამაზი კენჭივით აიყარა ფერები... აჟღერდა მხიარული მუსიკა...
რეპერტუარი მოძველებული გახლდათ, მაგრამ არა უჭირდა, აქ ხომ პარიზი არ იყო. მაყურებელს, ალბათ, არც ესმოდა ფრანგული თამამი, ქარაფშუტული სიმღერების მარილი.
ამიტომ მარგარიტა ორჯერ მეტს დარბოდა, დახტოდა და ჟესტიკულირებდა.
კონცერტის შემდეგ ყვავილები მიართვეს. თვალ მთვრალი, ბედნიერი მარგარიტა რევერანსებით ემადლიერებოდა მაყურებლის ტაშს. ოფლისგან უპრიალებდა სახე და მოღიავებული გულმკერდი. გაშლილ თმას მალიმალ იყრიდა სავსე მხრებიდან...
მასპინძლებმა ფრანგი სტუმრების პატივსაცემად სუფრა გაშალეს. მარგარიტამ ცოტა დალია, ბევრი იკისკისა. მიჩენილ ბინამდე გვიან ღამით მიაცილეს.
დილით არაფრით უნდოდა გაღვიძება. ძალიან უყვარდა ძილი.
დილა კი არ უყვარდა მარგარიტას, იგი ზედმეტად კაშკაშა იყო, ზედმეტად რეალური. დილა იყო სამუშაო ადგილის უთავბოლო ძიება, იმპრესარიოების კუდში დევნა, დილა იყო პირველი კაცის წასვლა, დედის სიკვდილი, მარტოობა... შემდეგ რეპეტიციები, ფეხების მტვრევა...
საღამო კი, ხელოვნური შუქით გაჩირაღდნებული, წარმატება იყო, ხალხმრავლობა და ტრიუმფი. საღამო პატარა კაფე-შანტანს მთელ სამყაროდ აქცევდა, მარგარიტას კი, ერთ ჩვეულებრივ შანსონიეს პრიმადონად... ასე რომ, არ უყვარდა დილა მარგარიტას...
...ხალათი მოისხა და ამინდის გასაგებად მთქნარებით გავიდა აივანზე... უცბად ნახევრად შეწებებული თვალები დააჭყიტა... რამდენიმე წამი გაოგნებული შესცქეროდა ვარდებით მოფენილ მიწას...
კიბეზე სამიოდე რბილი ნახტომით დაეშვა...
ღმერთო, რა რომანტიკაა! კარის ურდული ძლივს გახსნა აკანკალებული ხელებით... რა სიგიჟეა! ყველგან ვარდები... მთელი ეზო... ქუჩა... სადამდეც თვალი გასწვდება... ყველა გამვლელი მას უყურებდა... შორიახლო ხალხი შეკრებილიყო, თან მისკენ იხედებოდა...
ის კი იდგა ხალათიანი, გაბურძგნილი, შეუღებავი და ნეტარებისაგან ლამის ეკნავლა. არასოდეს არავისთვის მიუძღვნიათ ასეთი საჩუქარი, არ გაუგია მარგარიტას მსგავსი რამ... ის ერთადერთია... ღმერთო, ახლა გული გაუსკდება... ჯერ ერთი ფეხი დაადგა ქორფა, ლამაზ ყვავილებს, მერე მეორე; ცოტა გაიარა თითის წვერებიდან დაწყებული ნაბიჯებით... მიწა არ ჩანდა, ყველგან ვარდები იყო მოფენილი... მის, მარგარიტას, ფეხქვეშ დაგებული...
ახალი ამბავი მყისიერად მოედო პატარა ქალაქს.
ხალხი მთელი დღე მოდიოდა ყვავილების ზღვის სანახავად. მარგარიტა მალევე დაწყნარდა და საჩუქარიც შეიფერა. უჩვეულო თაყვანისმცემელიც სიამოვნებით მიიღო...
ეს მამაკაცი მხატვარი აღმოჩნდა და არა მდიდარი თავადი, როგორც მარგარიტამ თავიდან დაასკვნა. ქალმა შეათვალიერა. მხატვარი ორმოციოდე წლისა იქნებოდა, მაღალი და სიმპათიური. კარგი ჩაცმული იყო, ოქროს ძეწკვზე მდიდრული საათი ეკიდა. აღფრთოვანებით და მოწიწებით შესცქეროდა ქალს.
მარგარიტამ ჩაიკრუტუნ-ჩაიცინა, ხელით სავარძელზე ანიშნა...
ნიკოლა, როგორც მარგარიტა ეძახდა, ძალზე გალანტური კავალერი აღმოჩნდა. სულ თვალებში შესცქეროდა, ქალს კი ძალიან უყვარდა პატარ-პატარა კაპრიზები... მარგარიტა ამჯერადაც იოლად მიეგლისა ფუმფულა გვერდით ახალ მამაკაცს, ისე ჩაუთბა და მიეკრა, როგორც თითქოს არავის მანამდე... საღამოობით ნიკოლა აუცილებლად ესწრებოდა მის კონცერტს, იჯდა ბოლო რიგებში და სუნთქვაშეკრული შესცქეროდა ქალს. მერე ელოდა. ხან დიდხანს, ხან უშედეგოდ. ღამე მარგარიტას მის მხარზე მიმყუდროებულს ეძინა.
მთელი სხეულით, კნუტივით ეკვროდა, სუნთქვისას რბილი მუცელი უთრთოდა... კაცი მძინარეს თავზე ეფერებოდა და ღია ფანჯრიდან ვარსკვლავიან ცას ასჩერებოდა. ფიქრობდა მარგარიტაზე, თავს დამტყდარ უეცარ, მყიფე ბედნიერებაზე. მომავალზე არ ფიქრობდა, იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინა იგი მარგარიტას გარეშე.
ციებიანივით ცხოვრობდა თითქოს. ყველაფერი მოისროლა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა... ყოველთვის ყველაფერი იგვიანებდა მის ცხოვრებაში, დაიღალა ლოდინით მისი ტალანტიც და მისი გულიც...
ეს ბედნიერება ხატვაზე მეტი იყო...
დანიშნულება ლოდივით აწვა ყოველთვის, მართავდა მის სურვილებს, მთელ ცხოვრებას, ახლა გათავისუფლებული ჯინივით გრძნობდა თავს, გენიის ბორკილებიდან თავდაღწეული, გაუწონასწორებლად ეძლეოდა სიყვარულს...
შლეგივით ხარჯავდა გრძნობას და სიმწრით ნაკოწიწებ ფულს, სიცოცხლეში ერთადერთხელ რომ მოაგროვა რძის ნაწარმით ორწლიანი ვაჭრობით. მთელი სიცოცხლის ოცნება სახელოსნო, მრგვალი მაგიდითა და სამოვრით, მხატვრებითა და მუზებით სავსე მზეზე დაგდებული ძველი სურათივით გახუნდა, გაუფერულდა... მარგარიტა არ იყო ანგარებიანი და მომთხოვნი, არ სთხოვდა ძვირფას საჩუქრებს, მაგრამ კაცი უსაზღვრო ნეტარებით ახარჯავდა ფულს. მარგარიტამ ბევრად დიდი, შეუფასებელი რამ განაცდევინა ნამდვილი ბედნიერება...

* * *
მარგარიტა ხალისით დათანხმდა პოზირებას. მორჩილად ჩაიცვა ის კოსტიუმი, პირველ წარმოდგენაზე რომ ეცვა. დამჯერად დადგა, როგორც ნიკოლამ დააყენა.
ეს მისი წინასარევერანსო პოზა იყო. მარგარიტა ზამბარასავით მოიმართა, მოთავხედო, დამფრთხალი მზერა ველურ კატასავით მიელულა.
სავსე ტუჩები განგებ გააპო... შინაგანი ხედვით ათვალიერებდა საკუთარ თავს, ასე ვნებიანსა და მიმზიდველს. კმაყოფილებისაგან გააჟრჟოლა.
ნიკოლა დაიხურა გარე სამყაროსათვის. მოლბერტის უკან, მთვარეულივით მომზირალი, ნელ-ნელა ამოძრავებდა მკლავს. იდგა მარგარიტა და ცდილობდა, გამოეცნო, სხეულის რომელ ნაწილს ხატავდა ახლა კაცი. სიამოვნებდა იმის წარმოდგენა, რომ მისი მშვენება ნელ-ნელა გადადიოდა ტილოზე...
ერთი საათის შემდეგ დაიღალა. წამოწვა.
ნიკოლა მაინც აგრძელებდა ხატვას. დროდადრო ქალს თვალს შეავლებდა ხოლმე. მარგარიტამ ნამუშევრის ნახვა მოისურვა, მაგრამ როცა კაცმა უარი უთხრა, იქვე დაეთანხმა. რბილი ქალი იყო მარგარიტა, კატასავით რბილი და ფუმფულა...
მეორე დღეს პორტრეტი მზად იყო. ნიკოლა კმაყოფილი ჩანდა. რაღაცას უხსნიდა თავის ხორხისმიერ ენაზე და იღიმებოდა. მარგარიტა მიხვდა, რომ პორტრეტი კარგი გამოვიდა.
გაუხარდა, პორტრეტს მიუახლოვდა.
უცებ ღიმილი სახეზე შეეყინა. ეს... ეს... ღმერთო ჩემო!.. ბავშვის ნათითხნი თუ კარიკატურა... ეს უფორმო, უკისრო სხეული.. გროტესკული კიდურები...
უშნო პირისახე... გამუქებულ-გასქელებული წარბები... წაგრძელებული ცხვირი... დაბალი შუბლი... ღაბაბი?! განა ამხელა ღაბაბი აქვს?! და ამ სიმახინჯის ფონზე კეკლუცად გაბუტული ტუჩები...
მარგარიტას თვალებში სიავე ჩაუდგა. სახე აელეწა, პატარა რბილი მუშტებიდან ბრჭყალებივით იელვა გრძელმა ფრჩხილებმა.
...მარგარიტას კაპრიზებს შეჩვეული იმპრესარიო ბუზღუნით ალაგებდა ბარგს. გასტროლები წარმატებული იყო...
თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ დარჩენა... მთელი საღამო მოუნდნენ ფრანგები გამზადებას. ღამე კი მარგარიტა უკვე მატარებლის ვაგონში იჯდა და ახალ ადგილას მიიჩქაროდა. ამჯერადაც უცაბედად ჩამოხტა გამთბარი მუხლებიდან, ალერსით გულამსუყებული, უდრტვინველი და დამოუკიდებელი... ძნელია კატის მოშინაურება... მისი მინდობაც არ შეიძლება... წარსული იოლად და უმტკივნეულოდ მოისროლა, როგორც ყოველთვის...
უცებ გადაწყვიტა, უცებვე მოისროლა...
...კატები ზურგზე არ ეცემიან...

* * *
მარგარიტა თითქოს გაქვავებულიყო. ხალხის ჩოჩქოლი, აღტაცებული შეძახილები აპლოდისმენტებად გადმოიღვარა. ქალს ლოყები აეტკიცა... შიშნარევმა ბედნიერებამ სისხლი აუდუღა. ბალერინის თუ კატის ნაბიჯებით წინ წაიწია...
გაორებული იყო მარგარიტა. ეს ხმები მას ეკუთვნოდა და არც ეკუთვნოდა...
დროდადრო მუჯლუგუნებით სწევდნენ განზე... ის კი ერთ ადგილზე ღელავდა ხალხის დინებაში. იდგა მარგარიტა და საკუთარ ორეულს თვალებში ჩასცქეროდა. ცრემლით ავსებოდა მიმქრალი მზერა. მომჩვარული ნიკაპი ძლივს შესამჩნევად უცახცახებდა. რამდენჯერმე უნებურად ასწია დაძარღვული ხელი, შორიდან მიუალერსა პორტრეტს, რომელმაც თითქოს მიტოვებული ბავშვივით მოძებნა ნახევარი საუკუნის შემდეგ... თითქოს აქ, ახლა, მხოლოდ მის სანახავად გაჩნდა...
ქარაფშუტული და ნამდვილი სიყვარულის უნებური ნაყოფი...
ახლა უხმო საყვედურივით შესცქეროდა მუზეუმის კედლიდან... რა უცნაურად ასრულდა მარგარიტას ოცნება, უკვდავება და ახალგაზრდობა შეეხო უხრწნადი კიდით... ბებერი გული აუჩქროლდა. რა ზუსტად დაუხატავს ნიკოლას... რა კარგი იყო, სავსე გულ-მკერდით და წვრილი წელით... რა საოცარი თვალები ჰქონდა, რა ტუჩები... რატომ არ მოეწონა მაშინ...
ალბათ, იგი კატას ელოდა და ნიკოლამ ქალი დახატა... ნეტავ რა იცოდა ამ უცნაურმა კაცმა, მარგარიტა რომ სოფელში წამოჩიტდა და გულიც იქ დატოვა? როგორ მიხვდა ნიკოლა, რა ტკივილამდე უყვარდა სივრცე?.. ვინ ასწავლა ტრიალი მინდვრის სურნელის ხატვა, ან სად შენიშნა, რომ ცა მხოლოდ დილაობითაა ასე გულშემძვრელად ლურჯი?.. ნამდვილად იცოდა ნიკოლამ, დილა მას შემდეგ შესძულდა, როცა პირველად მამლის ყივილის ნაცვლად ავტომობილის საყვირებმა გააღვიძა... და ეს თაიგული ხელში, თითქოს დაბევებული ზურგს უკან მოტოვებული სივრცეებისგან.. ახლაღა იგრძნო მარგარიტამ, რატომ მოუფინა ნიკოლამ ვარდებით გზა... ის ამ სურათიდან ახლა სცენაზე გადახტება, რევერანსს გააკეთებს და ისევ კატად იქცევა...
მთელ ცხოვრებასაც თითის წვერებზე გაივლის... ეს საცეკვაო კოსტიუმი ნებაყოფლობით ბორკილად ადევს... ჰო, უყვარდა სცენას მარგარიტა... ათამამებდა და ეალერსებოდა ფაფუკ ზურგზე, თუმცა მანაც ვერ მოიშინაურა ბოლომდე...
ხალხის ჩოჩქოლმა გამოაფხიზლა. გამოფენაზე ბევრი იყო ნიკოლას სურათები.
გენია...
საოცრება...
მარგარიტას პორტრეტთან განსაკუთრებით დიდხანს ჩერდებოდნენ.
ხომ იცით, ეს ქალი ფრანგი ყოფილა...
მხატვარმა ყვავილების ზღვა აჩუქა, მან კი საჩუქრებით გააკოტრა და მიატოვა...
მოხუცი ხალხს შეერია, გამვლელებს სახელოში მსუბუქად ებღაუჭებოდა, თუმცა, ყურადღებას არავინ აქცევდა...
მარგარიტას თვალები უბრწყინავდა: ეს, იცით, მე ვარ... ეს მე ვარ , ჩურჩულებდა სადღაც სივრცეში..

sunny

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




მარიანა ნანობაშვილი Empty
PostSubject: Re: მარიანა ნანობაშვილი   მარიანა ნანობაშვილი Empty

Back to top Go down
 
მარიანა ნანობაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: