არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ხათუნა თავდგირიძე

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 12:22 pm

ხათუნა თავდგირიძე Khatun10
Khatuna Tavdgiridze

ხათუნა თავდგირიძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

სასწავლო კურსი
მითოლოგია

სამეცნიერო გამოცდილება
არის 30 სამეცნიერო სტატიის, სამი მონოგრაფიის და ერთი რომანის ავტორი:
,,მითოლოგიური გადმოცემები აჭარაში“, სს.,,გამომცემლობა აჭარა“, ბათ.2002.
,,აჭარული სამონადირეო მითოსი“, სს.,,გამომცემლობა აჭარა“, ბათ.2004.
,,მითოსური სიმულაციები. გაუჩინარებულნი და გამაუჩინარებელნი“, ,,დიოგენე“თ.2011.
,,HOMO TOTUS’’(რომანი), ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ.2008.

მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროექტის ,,ხალხური პროზაული შემოქმედება“(მრავალტომეულის მომზადება) ძირითადი შემსრულებელი(2009–2011).

სამუშაო გამოცდილება
2000 წლიდან შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 2006–2009 წლებში ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფოლკლორისტიკის მოდულის ხელმძღვანელი.
2006–2009 წლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
2011 წლიდან – დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2011 წლიდან – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

ბიბლიოგრაფია
* „თევზი ორი ჩრდილით“, გამომცემლობა პეგასი, 2017 - თანამედროვე ქართული ფილოსოფიური ფენტეზი, მაგიური რეალიზმით გადმოცემული შუა საუკუნეების აპოკალიფსური ისტერია.
ტაძრის ნანგრევებში ნაპოვნ უძველეს ხელნაწერში, - ,,მეფეთა სიზმრებში’’ შემონახული სიბრძნე, წინასწარმეტყველებები და ერთი არისტოკრატიული გვარის - ბერელების მისტიკური ქრონიკა, მეტაფორებით მოგვითხრობს კოსმოსის ისტორიას, სამყაროს შექმნიდან, მის აღსასრულამდე:
1088 წელი - სამყაროს აღსასრული გარდაუვალია, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კაცობრიობის სიცოცხლე ბოლო ჟამის შემდეგ? ბერელების სასახლეში მოულოდნელად გამოჩენილი გრძნეული ქალის ძალისხმევით ტყუპების მითი ცოცხლდება და დასაღუპად განწირული კაცობრიობის მომავალი, ბერელთა ბედისწერასთან ერთად იცვლება. რთული, მეტაფორული რომანი ყველასთვის.


ხათუნა თავდგირიძის რომანი - ,,თევზი ორი ჩრდილით"
გამოქვეყნდა 20 იან. 2016-ში
ვიდეო-რგოლის ავტორი - ვასილ სახვაძე

ბმულები:
* http://book.gov.ge/en/author/tavdgiridze-khatuna/151/
* http://old.gruni.edu.ge/menu_id/389/lang/1/ხათუნა_თავდგირიძე
* http://www.literatursalon-euterpe.de/ChatunaTavdgiridze.php
* https://www.facebook.com/profile.php?id=100002950277017
* http://old.gruni.edu.ge/menu_id/107/id/986/lang/1


ხათუნა თავდგირიძის “თევზი ორი ჩრდილით”

შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Feb 18, 2016
ავტორი რომლისთვისაც სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გადაკვეთა ამოსავალი წერტილია. ფოლკლორისტი და ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა თავდგირიძე ახალ და განსხვავებულ საგანს პოლიტიკის მითოლოგიას ასწავლის.

მწერალი ხათუნა თავდგირიძე სტუმრად ,,შუადღე GDS"-ზე.

18.02.2016
©️ GDS


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 08, 2019 12:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 12:27 pm

ხათუნა თავდგირიძე Khatun11

ხათუნა თავდგირიძე

ნიბელუნგების ბეჭედი

ეძღვნება არტურ შოპენჰაუერს

“ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე მეტყველებს,
რომ ადამიანს დაებედა მიწიერ ბედნიერებაში შეიცნოს
რაღაც გამაცრუებელი, უბრალო ილუზია,
რისი წინაპირობებიც ღრმად ძევს საგანთა არსში.
როგორ შეიძლება დავიჯეროთ,
თითქოს, ადამიანი იმისთვის არსებობდეს, რომ ბედნიერი იყოს?!
თუ კი ცხოვრება რაიმეს იძლევა, მხოლოდ იმისთვის, რომ წაგვართვას.
ბედნიერება ყოველთვის ძევს მომავალში, ან წარსულში,
ხოლო აწმყო, ჰგავს პატარა, პირქუშ ღრუბელს,
რომელსაც ქარი მიდენის მზის სხივებით თანაბრად განათებულ სივრცეში:
მის წინ და უკან სინათლეა, მხოლოდ თავად ის,
თავისთავისაგან გამუდმებით განაგდებს შუქ-ჩრდილებს.
ამიტომ, აწმყო ვერასოდეს დაგვაკმაყოფილებს,
მომავალი არასაიმედოა, ხოლო წარსული – დაუბრუნებელი.
ჭეშმარიტება ასეთია: ჩვენ უნდა ვიყოთ უბედურნი და ჩვენ ვართ უბედურნი.”




ხათუნა თავდგირიძე ელიადეს ,,მარადიული დაბრუნების მითის" შესახებ
Published on Jun 7, 2017
მითოლოგიის მკვლევარი, პროფესორი ხათუნა თავდგირიძე საქართველოს მწერალთა სახლში წარადგენს მირჩა ელიადეს წიგნს ,,მარადიული დაბრუნების მითი", გამომცემლობა ,,ალეფი", თბ.2017.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 12:30 pm

ხათუნა თავდგირიძე Khatun12

ხათუნა თავდგირიძე

თევზი ორი ჩრდილით
Novel
Pegasi Publishing 2015
12X18
240 pages
ISBN: 9789941920660

THE FISH WITH TWO SHADOWS
TAVDGIRIDZE KHATUNA
The fish with two shadows is a modern Georgian Philosophical novel, which belongs to magic-realism genre. The plot of the novel is developing on the one hand in the invented mystical country – seaside Uman and the other hand historical West and East of early middle ages at the crossing of Christianity and Islam. You can see invented personages as well as world folklore-mythical characters, religious and mythological universal archetypes. The main cosmogonic – eschatological conception of the novel is realized by intricate and intriguing magical-realistic stories, the background of which alongside with constant apocalyptic hysteria of the Middle Ages. Wisdom, predictions and the mystical chronicle of Barrel’s family preserved in an ancient manuscript 'The Kings Dreams' by means of metaphors tell us the history of cosmos from the creation of the Universe up to its end. 1088 – the end of the Universe is inevitable, but will mankind’s life go on after the end? In the Barrel’s palace a witch woman – Dzerasa appears and she makes alive the myth of totem twins; 'a new human' is born and then the future of the Barrel’s family and the Universe predestined to be ruined changes.

‘The purpose of the novel is not to rationalize Unconscious, or technical and fabulous using of myth; it does not invent alternative history for the West and East. The novel makes us think about the fusing the nature and logos, rather than making the choice between them. This basic point in the novel creates a possibility to give a birth of a new human being, a new Universe, new time, the noon of which has two shadows: the past (forgotten knowledge, logos) and the future (forgotten nature).’
Nana Trapaidze, critic

* http://book.gov.ge/en/book/the-fish-with-two-shadows/206


ხათუნა თავდგირიძის „თევზი ორი ჩრდილით“ – რომანის წარდგენა ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

Ilia State University
Published on Oct 11, 2017

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 12:34 pm

ხათუნა თავდგირიძე

დონ მანუელი და ოქროს თევზი


ერთხელ ოქროს თევზმა და დონ მანუელმა ადგილები გაცვალეს.

როცა მანუელმა ციცქნა და დახავსებულ აკვარიუმში ამოჰყო თავი, თავდაპირველად არც დაიჯერა. თავისი უცნაური მდგომარეობა, ჯერ ხანგრძლივი ლოთობის შემდგომ პახმელიას მიაწერა, მერე კი, იფიქრა, „ყველაფერი ჩემი ალ-ქაჯი ცოლის ბრალია, ყოველ დილით, რომ სახლიდან ვრცელი პათეტიკური წყევლით მისტუმრებს, „სასმელში დამხრჩვალი მენახეო“, ვგონებ, სრულად ციტირება არც არის საჭირო, აკვარიუმში კი არადა, ადვილი შესაძლებელი იყო „მარიამის ღრმულშიც“ ამომეყო თავი. აჰა, აღსრულდა კიდეც მისი სიტყვები, ვიხრჩვები! ვიხრჩვები და ეგ არი!“

მაგრამ არა, მანუელი სულაც არ იხრჩობოდა. პირიქით, დამყაყებული წყლით სავსე ახალ სამკვიდროში თითქოს უკეთესადაც სუნთქავდა. ამ მხრივ, თავს საუცხოოდ გძნობდა. ზუსტად ისე, როგორც თევზი წყალში. დიახ, როგორც თევზი წყალში! უბრალოდ, მოულოდნელი ცვლილებით გამოწვეული უხერხულობისა და დაბნეულობის განცდა უნდა დაეძლია.

თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ის მზად არ აღმოჩნდა ამ უცაბედი მეტამორფოზისთვის. როცა არსებული ვითარება ნაწილობრივ გააცნობიერა, ანუ დარწმუნდა, რომ ნამდვილად წყლით სავსე აკვარიუმში იჯდა, შეეცადა კეფა მოეფხანა. ჩვევად ჰქონდა, მნიშვნელოვანი აღმოჩენების მიჯნაზე კეფაზე ხელის შევლება, მაგრამ ხელი რომ ვერ გაანძრია და თავისი გაბანჯგვლული სხეულის ნაცვლად, ქერცლიანი ლაყუჩები შეუცანცარდა, შიშისგან გული კინაღამ გაუსკდა. მიხვდა, ყველაფერი იმაზე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე წარმოედგინა. არ ვიცით, იქნებ, დონ მანუელი იმედოვნებდა, რომ აკვარიუმში თევზის კი არა, ადამიანის ფორმით გამოცხადდებოდა, მაგრამ ასეთი დეტალების გარკვევით თავიდანვე, შეთანხმების დადების მომენტში თავი არ შეუწუხებია. მაშინ მხოლოდ ცოლის ხელშეუხებლობის პრეზუმფციის დაზუსტებით იყო დაკავებული. ამიტომ, ახლა, კიდევ ერთი მოულოდნელი და ფრიად უსიამო ფაქტისთვის მოუხდა თვალის გასწორება: „მანუელ! დონ მანუელ! შენ თევზი ხარ, გესმის, თევზიიიიიი!!!!

მანუელმა ისევ ლაყუჩები შეაცანცარა და წონასწორობადაკარგულმა მთელ ხმაზე იღრიალა:

- მარგოოოოო . . . . .

კუდიანმა, მაგრამ კეთილმა მარგომ ვერაფერი გაიგონა. თუმცა, სწორედ იმ დროს მისდაუნებურად აკვარიუმისკენ მიიხედა (ქალური ინტუიციით, რათქმაუნდა!) და დიდზე პირდაღებული თევზი რომ შეამჩნია, ნაზად მიუალერსა: „ისევ მე, ჩემო წითელქუდავ, თორემ იმ ლოთს სად ახსოვს შენი ჭამა-სმა, რა იცის, თევზებსაც რომ სჭირდებათ ჯანსაღი კვება!“

და რაღაც სპეციფიური სუნით გაჟღენთილი ფხვიერი მასა მანუელის თავზე დაუშვა.

- მარგოოოოო . . . .

ახლა სასოწარკვეთილი ხმით ამოიხრიალა მანუელმა. უფრო სწორად, მას ეგონა, ასე. მას ეგონა, რომ ხმა გაიღო, თორემ პირიდან სიტყვები კი არა, მხოლოდ ჟანგბადის ბუშტუკები დასცვივდა ერთმანეთის მიყოლებით. რეალობა ასეთი იყო: მანუელი აკვარიუმის წყალში იჯდა და პირშიც წყალი ჰქონდა დაგუბებული!

მალე კეთილმა, მზრუნველმა მარგომაც ზურგი შეაქცია და მიმხმარი კურტუმოს თამაშით სამზარეულოში გავიდა.

ასე დაიწყო მანუელის წამება.

* * *

დონ მანუელი (ასე უწოდებდა მანუელი საკუთარ თავს), ერთი ახალგაზრდა, უქნარა კაცი გახლდათ. მართალია, მშობლებმა პატარაობიდანვე კარგი განათლება მისცეს, თავი ათასი წვრილმანით და მსხვილმანით სულ ძალად გამოუტენეს, მაგრამ მანუელის განვითარება თეორიული ცოდნის მიღების სტადიაზე შეწყდა. ვერავინ და ვერაფერმა აიძულა თეორიებისა და იდეების კონკრეტულ საქმეში გამოყენება. ოკეანოლოგობა კი იმაში გამოადგა, რომ ქალაქის სახელმწიფო დელფინარიუმის დარაჯად მოეწყო. ესეც ისე, სათქმელად რომ ჰქონოდა, „ვმუშაობ, ღამეებს ვათევ, ბატონებო, მეტი რაღა გინდათო“. სინამდვილეში, კვირის ერთადერთ უძილო ღამეს თუ არ ჩავთვლით (იგი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მორიგეობდა), მანუელი მთელ დღეებს მეზობლებთან ჭადრაკის თამაშში, ლოთობასა და თავისი ერთადერთი ნუგეშის, მშვენიერი მარგოს წყევლა-კრულვის მოსმენაში ატარებდა. წყევლა, ეს საშიში, თანაც, უხამსი და მდაბიური ჩვევა, ვერაფრით მოაშლევინა მარგოს, მაგრამ, დონ მანუელი, ღრმად იყო დარწმუნებული ცოლის გულისხმიერებაში. კერძოდ იმაში, რომ წყევლის ამ უიშვიათეს ზეპირსიტყვიერ შედევრებს, მარგო გულში, ჩუმად ერთ მაგიურ სიტყვასაც - „აღარა“-ს აუცილებლად აყოლებდა. ჰოდა მანუელი, უეცრად აკვარიუმის დამყაყებულ წყალში რომ აღმოჩნდა, პირველად მაშინ დაეჭვდა მარგოს გულწრფელობაში, ან, „აღარას“ თქმა თუ დაავიწყდებოდაო.

აკვარიუმში კი თავი ფრიად უჩვეულო და მეტად საგულისხმო შემთხვევის წყალობით ამოჰყო.

საქმე იმაში გახლდათ, რომ დონ მანუელი, ეს ზარმაცი და ყოვლად გამოუსადეგარი კაცი, არშემდგარი ოკეანოლოგი და დელფინარიუმის დარაჯი, მეოცნებე პოეტად, ნამდვილ ლირიკოსად იყო დაბადებული. ოცნებაში ბადალი არ ჰყავდა დონ მანუელს. ამ საქმეში ისევე იყო გაწაფული, როგორც მარგო წევლა-კრულვის იმპროვიზირებაში. მერედა, როგორი განაბული და შთაგონებული გამომეტყველება ჰქონდა ამ დროს მანუელს! რა ხიბლი ჰქონდა ასეთ დროს! მარგოსაც როგორ უყვარდა და აღაფრთოვანებდა ასეთი მანუელი! აი, ამ წუთებში, მისი ქმარი დელფინარიუმის უბრალო დარაჯი, ვინმე მანუელი, კი არა, დიდი ოკეანოლოგი და ნამდვილი ჯეელი, დონ მანუელი გახლდათ. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ დონ მანუელი! ხანდახან, საქმით ქანცგაწყვეტილი ქალი, უკმაყოფილოდაც შეაქანებდა მანუელს და ფიქრებში წასულს, იმ ვარდისფერ გზებზე მიაწევდა: „მაგ ოცნებისთვის შემიყვარდით, ძვირფასო დონ მანუელ, და თქვენც ოცნებაში ამომხადეთ სული!“. მაგრამ ეს მთლად საყვედურიც არა, უფრო, ნოსტალგიანარევი და ვნებაშეპარებული, რაღაც, მარგოსეული უღიმღამო ფლირტი გახლდათ. თანაც, მარგოს ერჩივნა, მანუელს ოღონდ არ დაელია და ეოცნება იმდენი, რამდენიც უნდოდა. მანუელიც ოცნებობდა და ოცნებობდა. თავისივე შემუშავებული, რაციონალურ (ნაწილობრივ, ირაციონალურ) მოთხოვნილებებს დაქვემდებარებული, თანმიმდევრული და სტრუქტურულად გამართული „ოცნებების სისტემაც“ კი გააჩნდა. „ოცნებების სისტემა“ მანუელს სქემატურად სპეციალურ ცხრილში - „ოცნებების ტაბულაში“ ჰქონდა ასახული. ამ ტაბულაში ოცნებათა რაოდენობა და თანმიმდევრობა მკვეთრად იყო განსაზღვრული. მანუელს ისინი ხარისხის, შინაარსობრივი ტევადობისა და დროის შესაბამისობის მიხედვით ჰქონდა დალაგებული. ერთი სიტყვით, მანუელს ოცნებების სფეროში საკმაოდ შრომატევადი სამეცნიერო სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული. თეორიული კვლევის შედეგებითაც კმაყოფილი იყო. ერთადერთ დაბრკოლებად, ამ მეცნიერული მიღწევების ტრანსცედენტურიდან ემპირიულ ჭრილში გადატანა რჩებოდა. არ არსებობდნენ „ცდის ობიექტები“, „ექსპერიმენტული საგნები“ და ა. შ. აქ მანუელი უდაოდ ჩიხში იყო შესული.

მანუელი თუმცა ყოველთვის მარტო რჩებოდა თავის კვლევით ლაბორატორიაში, იქედან გამოსული პირდაპირ აუდიტორიას მიაშურებდა. ძნელია, დონ მანუელის ვერბალურად გამოხატულ ოცნებათა ადრესატების დადგენა. თუმცა, გამორიცხვის მეთოდით თუ, ვიმსჯელებთ, იგი ყველაზე ხშირად და მიზნობრივად, მაინც გამჩენელ ღმერთს და სახელმწიფო დელფინარიუმის უზარმაზარი აკვარიუმიდან წამოყვანილ, ერთ პატარა, წითელქუდას ჯიშის თევზს მიმართავდა. საკუთრივ მათთვის, რთულ ტერმინოლოგიურ მონაკვეთებს ამარტივებდა და შედარებით უბრალო, ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოსცემდა. ჯერ უწყინარ, მსუბუქ ოცნებებს მოჰყვებოდა, მერე კი, თანდათან, რომ გახურდებოდა, მთავარ, საკვანძო საკითხებსაც გადასწვდებოდა. გზა და გზა ხმასაც უმატებდა, იქნებ, ასე ხმამაღლა ნათქვამი, უფრო გაიგონოს და გაითვალისწინოს გამჩენელმა ღმერთმაო.

წითელქუდასთან უფრო შინაურული და გახსნილი საუბრები ჰქონდა:

„ეჰ, ჩემო წითელქუდავ, რატომ არ ხარ შენ ოქროს თევზი, რამდენ სურვილს ამისრულებდი!...“ - ღრმად ამოიღვნეშებდა დონ მანუელი და მოჰყვებოდა და მოჰყვებოდა თავის ბითურ და ბითურ ოცნებებს. ძალიან შორს რომ გაუტევდა და ცოტა ინტიმურ საკითხებშიც რომ შეტოპავდა, მაშინღა მოაგონდებოდა, ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობ, მარგომ არ გაიგონოსო და ახლა ჩუმად მიუბრუნდებოდა თავის პატარა, თევზს:

„კიდევ კარგი რომ არ გესმის, შე ჩემა, კიდევ კარგი! აბა, ახლა შენ რომ გესმოდეს, როგორ ვოცნებობ ჩემი მარგოს ძუძუების გაზრდასა და მიმხმარი ტრაკის გამოვსებაზე, ხომ დამცინებდი, მაგას ოქროს თევზი რად უნდაო?!“

ოქროს თევზს კი ყველაფერი ესმოდა და დასცინოდა.

* * *

ოქროს თევზი ძალიან შეაწუხა მანუელის სისულელეების ჩმახვამ. მოთმინების ფიალა ევსებოდა. პატარა ამბავი არ გახლდათ, ყოველდღიურად, მანუელის მთვრალი ნარატივისა და დაბიჟინებული სიფათის ატანა. თანაც დამყაყებულ წყალში ყურყუტი სულაც არ ეპიტნავებოდა და ეკადრისებოდა. ოქროს თევზი იყო ბოლოს და ბოლოს, უბრალო კი არა! თითქოს ის არ კმაროდა, საკვების ჩაყრა და წყლის გამოცვლა რომ ავიწყდებოდათ, გულაჩვილებული მანუელი თევზს საალერსოდ აკვარიუმში ხელით რომ დასდევდა, ან გაბრაზებულზე უფერფლავდა, ახლა ეს საზიზღარი, დაშტამპული ოცნებების თხრობაც რომ დასჩემდა! მანუელის ოცნებები თევზს ისე ჰქონდა გაზუთხული, რომ მძინარესაც შეეძლო მათი ზუსტი თანმიმდევრობით ჩამორაკრაკება.

„ეს რა დღეში ჩავცვივდით მე და მარგო!“ - შფოთავდა ოქროს თევზი და გამოსავალს ეძებდა. ერთხელაც, მანუელის მორიგ გულის გამაწვრილებელ მონოლოგს რომ ისმენდა, გონება გაუნათდა:

„ეს კაცი მთლად იდიოტია და ამის მოტყუებას კი, რა უნდა!“

და აკვარიუმის მომწვანო ბლანტი სითხედან მაცდურად გამოსძახა:

- დონ მანუელ, დონ მანუელ, ჩემო ბატონო!

- ეს რა ამბავია!

- მე ვარ, დონ მანუელ, შენი წითელქუდა!

- შენ ლაპარაკობ??????

- როგორც თავად შეამჩნიეთ . . .

- ჰმმმმმმმ . . . და შენ, ყველაფერი გაიგონე, წითელქუდავ?

- დიახ, ჩემო ბატონო.

- მარგოს ხომ არ ეტყვი? - შეევედრა მანუელი.

- მე მხოლოდ შენ გემსახურები, ბატონო!

- მაშ, შენ მართლა ოქროს თევზი ხარ?

- ოქროს თევზი ვარ და ყველა შენს სურვილს ავასრულებ!

ბედნიერებისგან გაოგნებული მანუელი ადგილზე ხტოდა და გაზეპირებულ სურვილებს მოულოდნელი ბედნიერებისაგან დაბნეული თავს ვეღარ უყრიდა. პროფესიული აღტყინებაც ერთიორად გაუმძაფრდა: „აჰა, ცდის ობიექტიც გამოჩნდა!...“ მერე, ცოტა რომ დამშვიდდა, გადაწყვიტა: „მის ძალას ჯერ მარტივ სურვილებზე გამოვცდი, სად მეჩქარება, ძირითადი და საკვანძო ოცნებები შემდეგისთვის იყოსო.“

- აბა, წითელქუდავ, ერთი კარგი პურმარილი გაჩარხე, რა ხანია, ჩემებურად არ მომილხენიაო!

მანუელს წინადადება დამთავრებული არც ჰქონდა, რომ მარგომ ჩვეულებრივზე გრძელი წყევლა-კრულვა მიაყარა სასმლითა და სურსათ-სანოვაგით დატვირთულ მოულოდნელ სტუმრებს, სასტუმრო ოთახში რომ უკითხავად შელაგდნენ. ბავშვობის მეგობრებს მანუელი ახლა ნამდვილად არ ელოდა და აკვარიუმში პატიოსნად განაბულ წითელქუდას საჩვენებელი თითი ეშმაკურად დაუქნია - „ეგ, სულ შენი ოინებიაო.“

სმა-ჭამასა და მოლხენას რომ მორჩა, ღრიალი და უჩვეულო ცეკვა-თამაში წამოიწყო. თან, სულ მაღალ ხმაზე გაჰკიოდა, „შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე, ჩემო წითელქუდავ!“

მეგობრები წამოიშალნენ, „დათვრა ეგ კაცი და დროზე გავასწროთ, პათოლოგიურიაო“. მის პათოლოგობას მიჩვეულნი იყვნენ, ახლა მხოლოდ ის უკვირდათ, „ეგ წითელქუდა ვინღაა, ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ მის სადღეგრძელოს რომ გვასმევდა, ადრე მარგოზე იყო ჩაციკლული, ახლა ეტყობა ვიღაც პაწია ჩიტუნა - „წითელქუდა“ გამოუჭერიაო „.

* * *

მეორე დილით, ღრმა პახმელიაზე მყოფ მანუელს თავისი ოქროს თევზი არ შეუწუხებია ლუდისა და მინერალური წყლის ამოტანით:

„ეგ, მის სტატუსს არ შეეფერება!“ - დაასკვნა მანუელმა თავისთვის და ამიტომ, ისევ მარგო დაასაქმა. თანაც, უნდოდა, სულ ცოტა ხნით მაინც, დამტკბარიყო წითელქუდასთან მარტო ყოფნით. რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოლაპარაკებოდა.

- წითელქუდა!

- გისმენ, ბატონო!

- შენ ოქროს თევზი ხარ და მე რომც არ გითხრა, ისედაც იცი ყველაფერი. ისედაც იცი რა მინდა. შენ იცი რა მინდა ახლა და საერთოდ, ზოგადად როგორ მინდა რომ იყოს ყველაფერი, ხომ იცი?!

- ვიცი, ყველაფერი ზეპირად მაქვს ნასწავლი!

- მერე და, რაღას მალაპარაკებ, შე ოქროს თევზო, მიდი და გააკეთე შენი საქმე!

- არ გომოვა ეგ ამბავი, მანუელ!

- როგორ თუ არ გამოვა, მეკაიფები, თუ რა არი?! - გაცოფდა მანუელი.

- გამოვა, მაგრამ მანამდე შენც ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო!

- რააა?!

- მეც ჩემი პირობები მაქვს, მანუელ!

- ახ, აი, როგორ ყოფილა საქმე!

- აბა შენ რა გეგონა, ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს!

- ეს რა დროში ვცხოვრობთ, ყველა გაფუჭდა, ოქროს თევზებიც კი! ყველა გამორჩენაზეა! სადღაა ის დრო, ოქროს თევზები და ჯინები უანგაროდ რომ გემსახურებოდნენ! მაინც რა გინდა?!

- რამდენიმე დღით ადგილები უნდა გავცვალოთ, მერე კი რასაც მთხოვ სუყველაფერს აგისრულებ!

- რააა? როგორ თუ გავცვალოთ? შენ თავში წყალი გაქვს, ძმაო! ეტყობა რაც პირიდან გამოუშვი თავში დაიგუბე! მომინდომა ბიჭმა მარგოსთან ჟიმავი! ეგ ოჯახის ქალია და პატივი ეცი!

- ავადმყოფობას მოვიმიზეზებ და საწოლში ზურგს შევაქცევ!

- ვითომ არ იცნობდე მარგოს, მაგას რამე თუ უნდა, ავადმყოფობაც და მორიდებაც ფეხზე ჰკიდია! თუ გახსოვს, მაინც რამდენჯერ, სულ ძალად გამჟიმა შენს თვალწინ!

- აუ, მაგას რა დამავიწყებს! ზუსტად ოცდაცხრაჯერ! ოცდამეათეზე მეზობელი შემოგესწროთ, თორემ დამრგვალდებოდა!

- თვალები დახუჭული თუ გქონდა, მაინც?!

- აბა რა, სხვის ცოლზე ყურებას როგორ ვიკადრებდი!

- წესიერი კაცივით ლაპარაკობ, მაგრამ მაინც არ გენდობი. გულში სხვა გაქვს ჩადებული, შენ ჩემს მარგოს ეხუტებოდე და მე აკვარიუმში ვიჯდე, არ გამოგივა! აი, გამომიჩნდა ჭკუის კოლოფი! ეგ არ მოხდება, ძმაო!

- მარგო რაში მჭირდება, ადამიანობა მინდა გამოვცადო, სულ ცოტა ხნით!

- ჰმ! დიდი ვერაფერია!

- მოკლედ, საბოლოო სიტყვა მითხარი მანუელ, ახლავე გადწყვიტე!

- „მანუელ“ კი არა, „დონ მანუელ''! კარგად დაიმახსოვრე, „დონ მანუელ“!

- საბოლოო პასუხი მითხარით, დონ მანუელ!

- არა-მეთქი! არა-მეთქი, შე ჩემა!

- კარგი, როგორც იტყვი, ოღონდ ჩემთან წუწუნს აღარ მოჰყვე, მაინც აღარ მოგისმენ, სხვა ოქროს თევზი იპოვე!

(გაგრძელება ქვემოთ)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 08, 2019 12:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 12:35 pm

ხათუნა თავდგირიძე

დონ მანუელი და ოქროს თევზი

(გაგრძელება)

მანუელი სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და ორივე ხელი თავზე შემოიწყო. აი, ახლა, ამ გამომძალველი ოქროს თევზის წყალობით, ოცნებების სფეროში გაწეული მთელი შრომა და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, სულ წყალში ეყრებოდა. სასოწარკვეთილმა, ერთ წუთს თავის მოკვლაც იფიქრა, მაგრამ რაკი ვერც თავი მოიკლა და ვერც თითქმის ხორცშესხმულ ქიმერებს შეელია, მთელი თავისი ბრწყინვალებით, მაცდურად რომ უღიმოდნენ დროისა და სივრცის სულ სხვა განზომილებიდან, ოქროს თევზის წაყენებული პირობების გადასინჯვას შეუდგა:

„მხოლოდ რამდენიმე დღე! რამდენიმე დღეს ფეხებდაკიდებულიც გაძლებს კაცი, თუ იცის, რომ მერე სამოთხე ელოდება. აი, ეგ ოქროს თევზი, ოქროსია, უბრალო კი არ არი! ხო ძლებს იმ აშმორებულ აკვარიუმში და მე ვიღაც უბადრუკი მანუელი, თუნდაც, დონ მანუელი, ვინ ვაგდივარ, რომ იქ ჩასვლა არ ვიკადრო?! “

მანუელმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და აკვარიუმის დახავსებულ კედლებთან, ოქროს თევზის წინაშე გამოცხადდა. ტუჩები ვნებიანად, ძალიან ახლოს მიუტანა და უჩურჩულა:

- თანახმა ვარ! მხოლოდ იცოდე, ჩემი ცოლისთვის თუ თითიც დაგიკარებია... ისევ თევზი რომ გახდები, ჩემი ხელით ჩაგახრჩობ მაგ შმორიან აკვარიუმში!

- კარგი, შევთანხმდით! - თქვა ეშმაკური ღიმილით ოქროს თევზმა, თან გულში ცინიკურად ჩაიქირქილა, „ხომ ვამბობდი ეგ კაცი იდიოტია-თქო!“ და ისევ მანუელს მიუბრუნდა:

- ახლა კი საქმეს შევუდგეთ. ჩვენი შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როცა შენს სურვილს დამიკონკრეტებ, ანუ, ოფიციალური თხოვნით მომმართავ, ხმამაღლა ან გულში, აი ასე: „ოქროს თევზო, შენი ადგილი - მე, ჩემი ადგილი - შენ!“ გახსოვდეს, მანუელ, ტექსტობრივ სიზუსტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთმა გადაცდომამაც, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს“ - და ოქროს თევზმა, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე დამარცვლით, გაიმეორა ჯადოსნური სიტყვები: „ო-ქრ-ო-ს თ-ევ-ზ-ო, შ-ე-ნი ად-გ-ი-ლი - მ-ე, ჩ-ე-მი ად-გ-ი-ლი - შ-ენ!

მანუელმა პირადად, ზედიზედ სამჯერ, დაადასტურა აკვარიუმში გადაბარგების დაუოკებელი სურვილი და როცა, მისდაგასაოცრად, თავი აკვარიუმის დამყაყებულ წყალში მართლა ამოჰყო, საკუთარი უბედურება, მაინც კეთილ და გულისხმიერ მარგოს დააბრალა: „მაგ ეშმამ მომიშორა თავიდან, მაგის წყევლა რომ არა, არც ამ ყალთაბანდ ოქროს თევზს გადავეყრებოდი და არც აკვარიუმში ვიჯდებოდი ახლა!.“

* * *

აკვარიუმში მოყუჟული დონ მანუელი თავის ახალ სამყოფელთან ადაპტაციას გადიოდა. „სულ რამდენიმე დღე! მხოლოდ რამდენიმე დღე!“ - ამაოდ ამშვიდებდა საკუთარ თავს. გზადაგზა ოქროს თევზიც მეგობრულად ეხმიანებოდა, როცა მეტისმეტ შფოთს შეამჩნევდა: „ბიჭო, თავი თუ მოიკალი, სულ ოხრად დაგრჩება ახდენილი ოცნებები. მაინც რა გაღელვებს, საკუთარ ოჯახში ხარ, შინაურულ გარემოში, ახლობლებით გარემოცული?! აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე, რაიმე შეცდომა რომ მომხდარიყო, ხომ იცი, ასეთ საჩოთირო საქმეებში, სრული გარანტიები არ არსებობს და შენც, აქაურობის ნაცვლად, სახელმწიფო დელფინარიუმის უზარმაზარ აკვარიუმში, ათასობით შენნაირ წითელქუდას შორის რომ ამოგეყო თავი, მაშინ რა დღეში იქნებოდი!“

ოქროს თევზი მანუელს ერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევდა: „სანამ მაქ ზიხარ, დრო თავზე საყრელად გაქვს, იოცნებე! იოცნებე, მანუელ! ახალ-ახალი ოცნებები მოამზადე!“

მანუელი კი ვეღარ ოცნებობდა. მხოლოდ ბრაზობდა და ხმამაღლა უხამსად იგინებოდა. ეს მას ეგონა, რომ იგინებოდა, სინამდვილეში, პირში დაგუბებული წყლიდან, სიტყვების ნაცვლად მხოლოდ ჟანგბადის ბუშტუკები სცვიოდა ერთმანეთის მიყოლებით.

ასეთ წამებაში გაატარა სამი დღე და ღამე. მეოთხე დილას აღგზნებულმა გამოიღვიძა, „ახლა კი დაიწყება ჩემი დაუსრულებელი ბედნიერებაო“ და ოქროს თევზი თვალებით მოძებნა. მაგრამ ოქროს თევზს, მანუელივით, სულ შუადღემდე ეძინა. მარგოს კი ამ დროისთვის, მთელი სახლი უკვე გალაგებულ-გადმოლაგებული და სადილიც მომზადებული ჰქონდა.

„ცოტაც მოითმინე და აქედან სულ სხვანაირი მანუელი გამოვალ! ნამდვილი დონ მანუელი გეყოლები, ჩემო მარგო! სულ ცოტაც მოითმინე! ათ მსახურს და ამაზე ორჯერ მეტ სეფე-ქალს დაგახვევ თავზე, ჩემო მარგუშა!“

ამას ფიქრობდა მანუელი, უცებ ოთახში შემოსული ოქროს თევზი რომ დალანდა. აღშფოთებულმა, მაშინვე მიაძახა:

- წითელქუდავ! სად ხარ ამდენ ხანს?! დროა, შენს ადგილას დაბრუნდე!

- რაო?! უკაცრავად?! „წითელქუდა“?! ეხლავე შეწყვიტეთ ეგ მდაბიური ფამილარობა და ღირსეულად მომმართეთ: „დონ მანუელი!“ არ დაგავიწყდეთ, „დონ მანუელი!“ ახლა კი, მომახსენეთ რა გნებავთ!

- ერთი შენ, შენს ადგილას დაბრუნდი, „დონ მანუელი“ ხარ, თუ ვიღაცა ხარ!

ოქროს თევზმა ირონიული ღიმილი სტყორცნა აკვარიუმს და მანუელის ჭკუის სასწავლებლად სამი დღე აღარ გამოჩენილა.

მეოთხე დილით, მანუელმა, ოქროს თევზის მუხლებზე ჩამომჯდარი თავისი ცოლი დაინახა, აღრიალდა და გაცოფებული, აკვარიუმიდან კინაღამ ამოხტა:

- მოდი, ვილაპარაკოთ! კაცურად ვილაპარაკოთ! გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ! - ბზრიალებდა მანუელი აკვარიუმში, პირიდან ჟანგბადის პუშტუკებს ყრიდა და ლაყუჩებში ოხრავდა.

- რაზე გელაპარაკო, შე ჩემა! - მიუბრუნდა ოქროს თევზი მანუელს, მარგო რომ ოთახიდან გავიდა.

- რაზე და, ჩვენს შეთანხმებაზე! დამაბრუნე! შენ - თევზი, მე - ადამიანი!

- არ შემიძლია მანუელ, ოქროს თევზი ხომ აღარ ვარ, სასწაული მოვახდინო, ახლა დონ მანუელი ვარ!

ბრაზისაგან გაგიჟებული მანუელი, ერთმანეთის მონაცვლეობით, მიენარცხა აკვარიუმის ოთხივე კედელს.

- დამშვიდდი წითელქუდავ, რა დღეში ხარ, ასე ნერვებს გაიფუჭებ!

- დამაბრუნე-მეთქი!

- აჰა, როგორი ყოფილა დამყაყებულ წყალში ყურყუტი?! - ახლა ოქროს თევზი გადავიდა შეტევაზე და ყველა ცოდვა გაუხსენა მანუელს.

- დამაბრუნე და გპირდები, ყოველ დღე გამოგიცვლი წყალს! - ევედრებოდა საწყალი მანუელი.

- როგორი იყო, დღეჩაგდებით რომ მაჭმევდი და მაშიმშილებდი?!

- ეს აღარ განმეორდება!

- „წითელქუდას“ რომ მეძახდი, ამ ოქროს თევზს, ხო იცი, რო მაგრა მიქარავდი!

- განსაკუთრებული სიყვარულის გამო გეძახდი, აბა საიდან უნდა მცოდნოდა, თუ გწყინდა!

- ერთ საღამოს რომ კინაღამ შემწვი, გახსოვს?!

- პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, თვითონ იცი!

- აი, მაშინ მარგოს რომ არ გადავერჩინე, ჩემი ერთი ფხაც არ იქნებოდა ამქვეყნად! მაგ ამაგს არ დავუკარგავ მარგოს! ყველა სურვილს ავუსრულებ! სულ ხელისგულზე ვატარებ!

ამ გაცხარებულ კამათში იყვნენ, მარგო რომ ოთახში შემონარნარდა და ქმარს მაცდური ღიმილი ესროლა. მერე მიუახლოვდა, პერანგში ხელი ნაზად შეუცურა და ღილები დაუხსნა. ოქროს თევზიც წამოენთო, აღეგზნო და ვნებამორეულმა, მშვენიერი მარგო, პირდაპირ მანუელის თვალწინ ზედიზედ სამჯერ გაჟიმა.

- შე, კახპავ! შე, კახპავ! ოჯახის შემარცხვენელო! თავსლაფდამსხმელო!

ღრიალებდა და იფურთხებოდა მანუელი. პირიდან ჟანგბადის ბუშტუკებს ყრიდა და ლაყუჩებში ოხრავდა.

თითქმის ერთი კვირა დასჭირდა მანუელს ამ შოკიდან გამოსასვლელად. მერე კი, ცოტა რომ დამშვიდდა, სამუდამოდ შეიზიზღა მარგო. ზედაც აღარ უყურებდა. თითქოს მათ სახლში საერთოდ არ ცხოვრობდა ქალი. ამ შურისძიებამ შვება მოჰგვარა. თანაც, თავის გასაჭირთან მარგო სადღა ახსოვდა! მიხვდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოატყუეს! გააცურეს! „ახია ჩემზე!“ - ფიქრობდა აკვარიუმის აშმორებულ ფსკერზე მიგდებული მანუელი, - „ოკეანოლოგს რომ ერთი ლიფსიტა წითელქუდა თევზი მოგატყებს, უარესის ღირსი ხარ! სწორედაც აკვარიუმში უნდა იჯდე, აბა გარეთ თავი როგორ გამოგეყოფა! ისე, მაინც რა მრჯიდა, საქმე დალეული მქონდა, თუ რა იყო, ეგ თევზი რო სახლში მოვათრიე?! კეთილშობილი ცხოველები დაილია ამქვეყნად?! ძაღლი, კატა, თუთიყუში ან უკიდურეს შემთხვევაში, კუ, მაინც მომეყვანა, ამათ ხო ნამდვილად არ ექნებოდათ „სურვილების ასრულების“ ამბიცია და თუ ექნებოდათ, ასე ადვილად ვერ დამაბოლებდნენ!“ - და მანუელი, ვინ იცის უკვე მერამდენედ, ასხამდა ტვინს აკვარიუმის დახავსებულ შუშის კედლებს.

- ეს თევზი სულ გადაირია! - იძახდა მარგო.

- დეპრესია აქვს, საყვარელო! ჰო, ასეა, ნუ გიკვირს, თევზებსაც აქვთ პერიოდული დეპრესია - დამაჯერებლად და ვრცლად უხსნიდა დიდი ოკეანოლოგი დონ მანუელი თავის ძვირფას მარგოს თევზების ფსიქიკური აშლილობების უცნაურ დეტალებს.

- ამას ახლა ფსიქოანალიტიკოსი სჭირდება! რა სამწუხაროა, რომ თევზების ფსიქოანალიტიკოსები ჯერაც არ არსებობენ, ახლა ვერაფრით ვეხმარებით ჩვენს წითელქუდას! - გულწრფელ სინანულს გამოთქვამდა ოკეანოლოგი.

* * *

სანამ აკვარიუმის ბინძურ ფსკერზე დონ მანუელი „თევზის დეპრესიით“ იტანჯებოდა, მის ოჯახში გადმობარგებული ოქროს თევზი, თავისი ყოფილი პატრონის დანატოვარი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. დროს ტყუილად არ ფლანგავდა. საქმე მართლაც თავზე საყრელად ჰქონდა. ახალ ცხოვრებას იწყებდა და ოჯახის კეთილდღეობაზე უნდა ეზრუნა. თანაც, ალ-ქაჯი მარგოს ეჭვების გაფანტვა იოლი საქმე არ გახლდათ. ამიტომ, ერთ-ერთ უახლოეს ვნებიან ღამეს, ცოლს, სრულიად საიდუმლოდ, ჩურჩულით გაუმხილა: „საყვარელო, უცხოეთში მცხოვრები შორეული ნათესავისაგან დიდი მემკვიდრეობა მხვდა წილად, აწი აღარაფერი მოგაკლდება, ყველაფერი გექნება, რასაც კი ისურვებ . . .“

ის დღე იყო და, მართლაც, მარგოს აღარაფერი მოჰკლებია. ყველაფერი ჰქონდა, რაზეც თუ ოდესმე უოცნებია. ისიც ჰქონდა, ფიქრადაც რომ არ გაუვლია არასოდეს. ყველაზე მეტად კი, მაინც, თავისი საყვარელი მანუელის უეცარი ფერიცვალება აბედნიერებდა. ოქროს თევზი, ახლა უკვე, დონ მანუელი, მართლაც თითით საჩვენებელი მეოჯახე კაცი გამოდგა. ლოთობასაც თავი დაანება და შუადღემდე ძილსაც. მარგოსაც სულ უფრო და უფრო ცხელ, ვნებიან ღამეებს უძღვნიდა. ზუსტად ისეთი ცხოვრება მოიწყო, როგორიც მანუელს ჰქონდა წარმოდგენილი და დაგეგმილი. მისი ყველა ოცნება ხომ ზეპირად იცოდა! გულითად მადლობასაც სწირავდა მანუელს, თავის დროზე გაწეული მტანჯველი, მონოტონური გაკვეთილებისთვის, რომლის წყალობითაც მისი ოცნების თითოეული პუნქტი და თითოეული ქვეპუნქტიც კი, უზუსტესად ახსოვდა. ამიტომ ფიქრით ზედმეტად თავს არ იწუხებდა, სულ მანუელის ოცნებების ასრულებაში იყო!

- საუცხოო ადამიანი ყოფილხარ, ჩემო მანუელ, საუცხოო! სულ შენი დამსახურებაა ჩემი კეთილდღეობა! - ესიტყვებოდა ოქროს თევზი აკვარიუმის წამებულს.

- ახლა, რას მემლიქვნელები, თვითმარქვიავ, კიდევ რას გინდა გამომრჩე, ოცნებები ხომ არ გაგითავდა?!

- თუ რაიმე ახალი და საინტერესო ოცნება გაქვს, მითხარი, სიამოვნებით ავასრულებ!

- ასეც ვიცოდი! თქვენ, ოქროს თევზებს, ერთი სერიოზული და გადაუჭრელი პრობლემა გაქვთ. სურვილების მხოლოდ ასრულება შეგიძლიათ, გამოგონება კი არა! თქვენ შთაგონებასა და Fფანტაზიას ხართ მოკლებულნი და ეგ ჯადოქრული უნარი საკუთარი თავისთვის არაფერში გარგიათ! ადამიანებიც ამიტომ გჭირდებათ! ადამიანები იმისთვის გჭირდებათ, რომ მათი ოცნებები, სურვილები, ცხოვრება მოიპაროთ!

- ა-ჰაა! უყურე! შენ მთლად ისეთი იდიოტი არ ყოფილხარ, როგორიც მეგონე, თუ მანდ ყოფნამ გამოგაჭკვიანა?!

- იდიოტი თვითონ ხარ. მე ყოველთვის მოაზროვნე იდეალისტი ვიყავი, მაგრამ ვერავინ მიგებდა!

- რაც მართალი, მართალია, ძმაო! არ ვუარყოფ! ჩვენ, ოქროს თევზებს, ჩვეულებრივი თევზებივით პრიმიტიული ოცნებები და მისწრაფებები გვაქვს, რას იზამ, თევზის ბუნებას ვერსად გაექცევი. მაგრამ, რაკი ოქროსი, ანუ, განსაკუთრებულნი ვართ, უფრო დიდი ამბიციები გაგვაჩნია, უბრალო თევზების მსოფლხედვა არ გვაკმაყოფილებს, ჩვენი თვალსაწიერის გაფართოებას ვცდილობთ. ამ დროს გამოჩნდი შენც, შენი ოცნებებით და იდეებით! არ დაგიმალავ, მანუელ, მაშინ თევზის ალერგია მჭირდა შენს პათეტიკურ აღსარებებზე, მაგრამ ახლა, წარმოუდგენლად მადლიერი ვარ იმ დღეების! შენი ოცნებებით და აზრებით, ზედ გამოჭრილი ხარ ჩემთვის!

- ახლა ჭკუა ნასწავლი მაქვს, ჩემგან ერთ ოცნებასაც ვეღარ ეღირსები, სანამ ამ ბინძური აკვარიუმიდან არ გამიყვან! აქედან გამიყვანე, ოქროს თევზო, მეტი აღარ შემიძლია, აქ ყურყუტი!

- კარგი რა, რა არ შეგიძლია! მთელი ცხოვრება აკვარიუმში არ ზიხარ?! სულ დამყაყებულში არ ცხოვრობ?! მთელი სიცოცხლე აშმორებულ ოთხ კედელს არ გაშორებიხარ! მთელი ცხოვრება პირში წყალი გაქვს დაგუბებული და ახლა აღარ შეგიძლია?! გამოფხიზლდი ამ ბოლოს, თუ როგორ არი?!

მანუელი გაჩუმდა. არაფერი უპასუხა. აკვარიუმის ფსკერზე ჩაეშვა და პირში ისევ წყალი ჩაიგუბა.

- მანუელ, მანუელ, წითელქუდავ! - ამაოდ იხმობდა ზემოდან ოქროს თევზი, - ამოდი, ნუ იბუტები, ბიჭო, ჟანგბადის ბუშტუკებით თამაში უნდა გასწავლო, თევზების საყვარელი თამაშია, მოგეწონება . . .

მანუელი კი აკვარიუმის ფსკერზე ეგდო და ლაყუჩებში ოხრავდა.

აკვარიუმის ფსკერზე ჩაძირული მანუელი, პროტესტის ნიშნად აღარასოდეს აპირებდა ხმის გაღებას. მართლაც ასე მოიქცეოდა, რომ არა, კიდევ ერთი მოულოდნელი, მანუელისთვის შოკისმომგვრელი ამბავი. ერთ ჩვეულებრივ დილას, მან მარგოს ათქვიფინებული ძუძუები, ამოვსებული საჯდომი და გამოზნექილი მუცელი შეემჩნია.

- რა სჭირს მარგოს, რა უცნაურადაა გავსებული, რა უქენი?! - შესძახა შეშფოთებულმა მანუელმა ოქროს თევზს, როგორც კი ამის საშუალება მიეცა.

- რა უნდა ჭირდეს, ორსულადაა, შე ჩემა! შენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულე, მანუელ!

მანუელი კიდევ ერთხელ დაენარცხა აკვარიუმის ფსკერს. მერე კი, ცოტა გონს რომ მოეგო, ისევ ამოცურდა და თევზს მიახალა:

- თვითმარქვიავ! როგორ ბედავ! ცოლი ხომ წამართვი, ახლა ჩემი შვილიც გინდა მიითვისო?

- შენი შვილი?! საიდან?!

- ჩემი! ჩემი შვილი! - ღრიალებდა მანუელი.

- ბავშვი ვისია, ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ეგ ექსპერტიზის საქმეა!

მანუელს აღარ ესმოდა რას უმტკიცებდა ოქროს თევზი. თავს ისე გამალებით და დაუნდობლად ურტყამდა აკვარიუმის კედლებს, რომ საბოლოოდ დაებინდა გონება.

- მოკვდები! მოკვდები! ასე გული გაგისკდება, შე ჩემა! - ახლა ოქროს თევზი ბზრიალებდა აკვარიუმის გარშემო და სიტყვებთან ერთად, პირიდან, ფურთხის ნაფლეთებს ისროდა.

* * *

თითქმის ერთი კვირა ეგდო მშიერ-მწყურვალი მანუელი აკვარიუმის ფსკერზე. რამდენიმე დღე კი ემუდარა ოქროს თევზი, „არ გინდა, მანუელ, შენს ცოდვას ნუ მაყურებინებ, თავს ძალით ნუ მოიკლავო“, მაგრამ ბოლოს მობეზრდა და შეეშვა. კვირის თავზე კი, მარგომ აკვარიუმის ზედაპირზე ამოტივტივებული, მკვდარი წითელქუდა რომ ნახა, ერთი შეჰკივლა: „მომკვდარხარ, შე უბედუროოოოო…“ გულწრფელად უკვირდა დაღვრემილ მარგოს: „დეპრესია თევზს რატომ უნდა სჭირდეს?! არის რა, თავისთვის აკვარიუმში, უშრომლად ჭამს და სვამს, დარდი არ აწუხებს და იდეები, ცოლ-შვილი და საყოფაცხოვრებო პრობლემები, ნეტა, რაღა ეგ დეპრესია აიჩემაო.“ მერე, ისე, რომ ქმრის სახლში დაბრუნებას არ დალოდებია, მკვდარი თევზი აკვარიუმიდან მოოქროვილი სასაუზმე კოვზით ამოიყვანა და უნიტაზში ჩარეცხა. ერთი მსხვილი და მარილიანი ცრემლიც თან მიაყოლა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

სახლში გვიან დაბრუნებულმა მანუელმა სამზარეულოში გასარეცხად გამოტანილი ცარიელი აკვარიუმი რომ ნახა, იქვე სკამზე მძიმედ დაეშვა.

არაფერი უთქვამს. ასე მას ეგონა. მას ეგონა, რომ არაფერი უთქვამს. სინამდვილეში კი პირიდან ჟანგბადის ბუშტუკების ნაცვლად უსაშველო, ადამიანური სევდა გადმოაფრქვია, ფილტვებიდან კი ღრმა ოხვრა აღმოხდა. ახლა ის არც დამყაყებული აკვარიუმის წითელქუდა თევზი იყო, არც პირში წყალჩაგუბებული მანუელი. ის, ახლა, დონ მანუელი იყო, ნამდვილი დონ მანუელი!

- დავბრუნდი მარგო! ისევ ჩემს სახლში ვარ, ისევ შენს გვერდით ვარ, ჩემო მარგო! შენ რომ ოცნებობდი, ისეთი მანუელი დავბრუნდი! - ეხვეოდა მანუელი მონატრებულ ცოლს და ბოლომდე ვერც გარკვეულიყო, როგორ მოხდა, რომ ისევ აკვარიუმში არ იჯდა. არც ოქროს თევზი იჯდა აკვარიუმში, ისიც გათავისუფლებულიყო და ოკეანის მლაშე წყლებში ლაღად მიცურავდა. ისიც ბედნიერი იყო და თავისუფლებით ტკბებოდა. მასაც ჰქონდა თავისი წილი ცხოვრება და თავისი წილი ოცნება, თუმცა, უზარმაზარ, უკიდეგანო ოკეანეში ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ პატარასა და უსუსურს, ამქვეყნად ყველა სურვილის ასრულება შეეძლო…

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 1:04 pm

ხათუნა თავდგირიძე

გა­უჩ­ინა­რე­ბუ­ლი ღმერ­თე­ბის კვალ­დაკ­ვალ

გა­მო­ვი­და ხა­თუ­ნა თავ­დ­გი­რი­ძის "მი­თო­სუ­რი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ­ნი და გა­მა­უ­ჩი­ნა­რე­ბელ­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ყო­ვე­ლი წა­მი ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბია, არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი უხი­ლა­ვი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამა­ვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ქმნის - ეს მი­თე­ბის სამ­ყა­რო გახ­ლავთ. "კა­ცობ­რი­ო­ბას მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე არ უცხოვ­რია მი­თი­სა­გან მოწყ­ვე­ტით, მი­თი­სა­გან გან­ყე­ნე­ბულ პა­რა­დიგ­მა­ში. მი­თი ის მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ტრან­ს­ცენ­დენ­ტუ­რი წრეა, რომ­ლის­გან გან­ჯა­დო­ე­ბაც კა­ცობ­რი­ო­ბას არ უწე­რია", - წერს ფოლ­კ­ლო­რის­ტი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ხა­თუ­ნა თავ­დ­გი­რი­ძე, ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა "მი­თო­სუ­რი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ­ნი და გა­მა­უ­ჩი­ნა­რე­ბელ­ნი", რო­მე­ლიც მკითხ­ველს მი­თე­ბის ლა­ბი­რინ­თ­ში შე­მა­ვალ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე იდუ­მალ კარს უხ­ს­ნისს და იმას, რაც ჩვენ მხო­ლოდ ზღაპ­რე­ბის დო­ნე­ზე გან­ვი­ხი­ლავთ, უნი­კა­ლურ მეც­ნი­ე­რულ ახ­ს­ნას აძ­ლევს.

"მი­თო­სუ­რი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი", ავ­ტო­რის თქმით, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი წიგ­ნია, რად­გან მრა­ვალ პა­რა­ლე­ლურ სფე­როს მო­ი­ცავს და მხო­ლოდ მი­თო­ლო­გი­ის გარ­ჩე­ვი­თა და ახ­ს­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, მი­თი მის მი­ერ მხო­ლოდ წმინ­და ფო­ლოკ­ლო­რუ­ლი ან კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­ს­წაზ­რი­სი­თა არაა შეს­წავ­ლი­ლი, არა­მედ ჩარ­თუ­ლი აქვს სხვა სფე­რო­ე­ბიც, მა­გა­ლი­თად ფი­ლო­სო­ფია, ფსი­ქო­ლო­გია, თე­ო­ლო­გია, ზო­გად­კულ­ტუ­ო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბიც, რაც წიგნს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რის სა­ხეს აძ­ლევს. "მი­თო­სუ­რი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი" ხა­თუ­ნა თავ­დ­გი­რი­ძის მე­სა­მე სა­მეც­ნი­ე­რო ხა­სი­ა­თის წიგ­ნია: 2004 წელს გა­მოს­ცა ნაშ­რო­მი "აჭა­რუ­ლი სა­მო­ნა­დი­ე­რო მი­თო­სი", 2002 წელს კი "მი­თო­ლო­გი­უ­რი გად­მო­ცე­მე­ბი აჭა­რა­ში", ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ბეჭ­დავს კვლე­ვებს ჟურ­ნალ "ფოლ­კ­ლორ­ში".

მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უფ­რო მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რო­ბით ცნო­ბი­ლი ხა­თუ­ნა თავ­დ­გი­რი­ძის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გუ­შინ "დი­ო­გე­ნეს" წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში გა­ი­მარ­თა. ავ­ტორ­საც აქ­ვე გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც ბევ­რის­თ­ვის ალ­ბათ უც­ნობ, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე თა­ვად მოგ­ვითხ­რო:

- მი­თო­ლო­გი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით იკ­ვ­ლევ­დ­ნენ, ამი­ტომ მსურ­და, ეს ტენ­დენ­ცია შე­მეც­ვა­ლა და სა­კითხი სხვა კუთხით შე­მეს­წავ­ლა, რაც მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც სი­ახ­ლე უნ­და იყოს. ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფია მი­თის ამ კუთხით კვლე­ვას დი­დი ხა­ნია იც­ნობს, ასე ხდე­ბო­და უძ­ვე­ლეს დრო­შიც, მა­გა­ლი­თად პლა­ტო­ნი თა­ვის ფი­ლო­სო­ფი­ა­ში მი­თო­სურ აზ­როვ­ნე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა. მეც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ავი­ღე, კონ­ცეფ­ცი­ად კი მა­რა­დი­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის, დრო­ის ციკ­ლუ­რი ბრუნ­ვის თე­მა ავირ­ჩიე. ეს კონ­ცეფ­ცია რა სა­ხის კვლე­ვებ­საც მო­ითხოვს, ყვე­ლა ჩავ­რ­თე. მა­გა­ლი­თად, გამ­ქ­რა­ლი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ღმერ­თე­ბი, ნიც­შე­სე­უ­ლი ღმერ­თის სიკ­ვ­დი­ლი, პლა­ტო­ი­ნი­სე­უ­ლი იდე­ის მა­რა­დი­სო­ბა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო მხო­ლოდ მი­სი აჩ­რ­დი­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გო­რაა მით­ში ასა­ხუ­ლი. შემ­დეგ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­და ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი არა ბუ­ნე­ბის არა­მედ ღმერ­თის შვი­ლია და სხვა. აქამ­დე ფოლ­კ­ლო­რულ წყა­რო­ებ­ში ვკითხუ­ლობ­დით, რომ ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლა­დაა შერ­წყ­მუ­ლი, მე კი ამის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოს ვწერ - რომ ადა­მი­ა­ნი ღვთის ხა­ტა­დაა შექ­მ­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად ის ვერ იქ­ნე­ბა ბუ­ნე­ბის შვი­ლი, რად­გან რაც ბუ­ნე­ბა­შია, ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სამ­ყა­რო­სე­უ­ი­ლია, ადა­მი­ა­ნი კი მხო­ლოდ ღმერთს შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს. გარ­და ამი­სა, ბევ­რი მი­თი გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ შე­ერ­წყა ერ­თ­მა­ნეთს ბუ­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნი (გვე­ლი­სა და ქა­ლის, მგე­ლი­სა და ქალ­ღ­მერ­თის ქორ­წი­ნე­ბით და სხვა), მაგ­რამ თუ ეს ჰარ­მო­ნი­უ­ლი შერ­წყ­მაა, მა­შინ ამ­ბა­ვი ჰარ­მო­ნი­უ­ლად­ვე უნ­და დამ­თავ­რ­დეს, მაგ­რამ ხდე­ბა პი­რი­ქით - ტრა­გი­კუ­ლად მთავ­რ­დე­ბა ანუ იღუ­პე­ბა ადა­მი­ა­ნი, რაც ნიშ­ნავს, რომ მათ შო­რის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ამ ყვე­ლა­ფე­რის ახ­ს­ნას კი მი­თე­ბის მა­გა­ლით­ზე ვახ­დენ.

- წიგ­ნ­ში დიდ ად­გილს უთ­მობთ ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ამ კუთხით კვლე­ვას.

- ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ას მთელ გან­ყო­ფი­ლე­ბას ვუთ­მობ და ძი­რი­თა­დად შე­საქ­მი­სე­ულ მი­თებს გან­ვი­ხი­ლავ. ზო­გა­დად ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ში შე­საქ­მეს მი­თე­ბის სიმ­ცი­რე არ­სე­ბობს, მას­ზე უფ­რო ალე­გო­რი­უ­ლა­დაა მოთხ­რო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად, გვე­ლე­შა­პი­სა და ხა­რის, მო­მაკ­ვ­და­ვი ქალ­ღ­მერ­თის, მე­ფე-დე­მი­ურ­გის და­ბა­დე­ბის მი­თო­სებ­ში და სხვა­გან. ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან ყვე­ლა შე­საქ­მეს მი­თე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამ კვლე­ვი­სას გა­მო­ვი­ყე­ნე სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად სვა­ნუ­რი და აჭა­რუ­ლი მი­თე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ამ წიგ­ნ­ში ქარ­თუ­ლი მი­თო­სის შე­სა­ხებ ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია იკითხე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ სუ­რათს ვხა­ტავ იმი­სა, თუ რო­გორ აისა­ხა ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში შე­საქ­მეს თე­მა.

- სან­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად კარ­გა­დაა გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია?

- პრაქ­ტი­კუ­ლად სრულ­ყო­ფი­ლად. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ხა­სი­ა­თის გა­მო­ცე­მა, ლექ­სი­კო­ნე­ბი, ასე­ვე არის ბევ­რი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნიც, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არაა - არ არ­სე­ბობს მი­თე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი, სრულ­ყო­ფი­ლი ციკ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. მე სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თე­მა­ზე მაქვს და­ცუ­ლი და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც ამ სა­განს ვას­წავ­ლი, სფე­როს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ და ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- ზღაპ­რე­ბი, მი­თო­ლო­გია - ზო­გა­დად ერის კულ­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტის ერთ-ერ­თი შტრი­ხია. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია სხვა ძვე­ლი ერე­ბის მი­თე­ბის ფონ­ზე?

- ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი უნი­კა­ლუ­რი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი მა­სა­ლაა და არც ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მი­თო­ლო­გი­ას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. ჯერ მარ­ტო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, თუშ-ფშავ-ხევ­სუ­რე­თის მი­თო­ლო­გია რომ ავი­ღოთ, ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სვა­ნურ, მეგ­რულ და აჭა­რულ სა­მო­ნა­დი­ე­რო მი­თებ­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცალ­კე­უ­ლი კუთხე­ე­ბის მი­თებს ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ, იგ­რ­ძ­ნო­ბა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და თვით­მ­ყო­ფა­დია. სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­თო­ლო­გი­ა­შიც ასეა, რად­გან ზო­გა­დად მი­თებ­ში სივ­რ­ცე არ არ­სე­ბობს, ერ­თი სო­ფე­ლი მთელ კოს­მო­სად აღიქ­მე­ბა, მი­თოსს ლო­კა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი გან­ზო­გა­დე­ბულს აღ­წერს. ანუ მიკ­რო­კოს­მი­უ­რი ხა­ტის და­ხატ­ვით მაკ­რო­კოს­მი­ურს აღ­წერს.

- თქვენ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რო­ბი­თაც ხართ ცნო­ბი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ აგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას?

- ამ წიგ­ნ­ზე ორი წე­ლი ვმუ­შა­ობ­დი, ახ­ლა კი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვი­საც მო­ვი­ცა­ლე. უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი მაქვს "მურ­მა­ნი­ა­ნი" - "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" პერ­სო­ნაჟ მურ­მა­ნის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ამ­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღ­წე­რა, რო­მელ­შიც მი­თო­ლო­გი­აც მრავ­ლად იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნი­მე თა­ვი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს, თუმ­ცა ეს ჯერ არა­ფე­რია - წინ უამ­რა­ვი სა­მუ­შაო მე­ლის.


გაზეთი „24 საათი“, 25 ივნისი, 2011


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 1:08 pm

ვასილ სახვაძე, ხათუნა თავდგირიძე

"რაც არ უნდა მირტყა ურო", ანუ ,,უროშემოკრულის” დაკარგული სიუჟეტი
(ქართული სკარბეზული გამონათქვამიდან ბერძნულ მითამდე)

კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის გათავისუფლება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა მჭედლები და მათ მიერ გრდემლზე დაკრული ურო. როდესაც ყურშას ერთწლიანი ლოკვის შემდეგ ამირანის ჯაჭვი ისე გაწვრილდება, რომ მისი გაწყვეტა შესაძლებელია, სწორედ იმ დროს(დიდ ხუთშაბათს) მჭედლები სამჯერ დაჰკრავენ გრდემლზე უროს და ამ მაგიური რიტუალის წყალობით გაწყვეტამდე მისული ჯაჭვი ისევ მთელდება. საქართველოში ბოლო დრომდე ჩვეულებად იყო, დიდ ხუთშაბათს ყველა მჭედელი გრდემლს უროს(ან კვერს) დაჰკრავდა ხოლმე, რომ ამირანის ჯაჭვი გამსხვილებულიყო და მიბმულ გმირს თავი არ გაეთავისუფლებინა, თორემ ,,მაშინ ვაი მჭედლებსაო, მჭედლებს ცოცხალს არ დატოვებსო” – ამბობს თუშური თქმულება.

მჭედლებისაგან გამოჭედილი მაგიური ჯაჭვით მიჯაჭვული ამირანის რისხვა უსაზღვროა, სწორედ ამიტომ ეშინიათ მჭედლებს გმირის აშვების. ამირანის ყოველწლიურ მოლოდინსა და მჭედლებისადმი მუქარაში ადვილად იკითხება იმედიანი ქვეტექსტი, რომ მიუხედავად მჭედლების მაგიური ქმედებებისა, მიუხედავად გრდემლზე უროს პერმანენტული დარტყმისა, ანუ ,,რაც არ უნდა ურტყან ურო . . .” ამირანი მაინც აიშვებს, ,,მოვა დრო და თავს აიშვებს იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა-გმირი”(ა.წერეთელი, ,,თორნიკე ერისთავი”). . .

როგორც ფოლკლორული კვლევები ცხადყოფენ, უროს გრდემლზე დაკვრის რიტუალი სრულიად დამოუკიდებელი მითოლოგემაა და იგი ამირანის ეპოსს მხოლოდ სიუჟეტური განვითარების გარკვეულ საფეხურზე დაუკავშირდა. ამდენად, გრდემლზე უროს დაკვრის რიტუალი და საკუთრივ ურო, როგორც მჭედელთა პროფესიულ-პრაქტიკული და მაგიური ატრიბუტის სემანტიკა მხოლოდ ამირანის მითით არ შემოიფარგლება, იგი მრავალ ნაცნობ თუ უცნობ კულტუროლოგიურ შრეს მოიცავს.

რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ამგვარი კულტუროლოგიური დანაშრევი შემოინახა საკმაოდ უხამსმა ქართულმა ფოლკლორულმა სკარბეზულმა ,,ფრთიანმა გამონათქვამმა”(როგორც ძველი ბერძნები და რომაელები უწოდებდნენ ფიგურალურ-იდეომურ გამონათქვამებს):

,,რაც არ უნდა მირტყა ურო,
მაინც უნდა ვიტყნაურო...”

პირველ კითხვათა წყება რაც ,,სკარბეზული ელდის” გადავლის შემდეგ გონებაში ბუნებრივად ჩნდება არის ლოგიკური და ,,ლიტერატურული ეჭვებით” სავსე: რა კავშირშია სამჭედლო იარაღი ურო სექსუალურ აქტთან? რატომ ურო და არა ნაკლებად მძიმე და მეტად შესაფერისი იარაღი? მხოლოდ პოეტური რითმა, ანუ გარითმვა(ურო/ვიტყნაურო) განსაზღვრავს ამ ,,ფრთიან გამონათქვამში” სამჭედლო იარაღის გაჩენას, თუ გაცილებით ღრმა ფესვები გააჩნია, რომელიც ისევ ფოლკლორულ წიაღშია საძიებელი.

სექსუალური მოტივებით თემატიზირებული ,,უროშემოკრულის” სიუჟეტი ქართულ ფოლკლორში დაკარგული ჩანს, თუმცა მისი მიახლოებითი წარმოდგენა-რეკონსტრუქცია შესაძლებელია მჭედლობის ღმერთ – ჰეფესტოსთან დაკავშირებული ბერძნული მითის ანალოგიით. კოლხურ-ბერძნული უძველესი კულტურული(ეკონომიკურ-პოლიტიკურიც) პარალელები რომ მრავლად არსებობს, ეს ისედაც ცნობილია და ამაზე აქ არ შევჩერდებით, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამირანის ბერძნული ორეული – პრომეთე სწორედ ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი მაგიური ჯაჭვითაა მიბმული კავკასიის ქედზე. წარმოვიდგინოთ ჰეფესტოს ღვთაებრივი სამჭედლო, ისეთი როგორადაც მას ბერძნული მითი აღწერს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბრწყინვალებით. სამჭედლოს კუთხეში – ქურა, საიდანაც ცეცხლის ალი ამოდის, მის გვერდით კი საკვირველი საბერვლები, რომლებიც მოძრაობენ ჰეფესტოს ბრძანებით. სამჭედლოს შუაში უზარმაზარი გრდემლი, რომელსაც ჰეფესტო თავისი ძლიერი ხელებით უროს დაჰკრავს ხოლმე.... სხვა მრავალ ღვთაებრივ ხელოვნების ქმნილებასთან ერთად, სწორედ ამ სამჭედლოში გამოიჭედა ის ჯაჭვი, რომლითაც ზევსმა პრომეთე კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა. ამიტომ, ამირანის მუქარა - ,,რაც არ უნდა ურტყათ/მირტყათ ურო... მაინც ავიშვებ და მჭედლებს სულ ერთიანად ამოგხოცავთ...” ჰეფესტოზეც ვრცელდება.

ამდენად, ,,უროშემოკრულის” დაკარგული სიუჟეტის ძიების ერთ-ერთ ხაზს ბერძნულ მითებთან მივყავართ, თუმცა არა იმდენად ამირან-პრომეთეს ამბავთან, რამდენადაც - ჰეფესტოს, აფროდიტესა და არესის სასიყვარულო სამკუთხედთან. ,,უროშემოკრულის” დაკარგული სიუჟეტის ძიების ეს ხაზი ამირან-პრომეთეს მითისაგან განსხვავებით მთლიანად სექსუალური მოტივებითაა თემატიზირებული, სადაც მახვილი იუმორით და ირონიით დაუფარავად იკითხება ოლიმპოელი ღმერთების ვნებათა დიდი ეპოპეა.

ერთხელ ბერძნულ ქალღვთაებათა შორის უმშვენიერესმა აფროდიტემ თავის მეუღლეს - მახინჯ, ორივე ფეხით კოჭლ, მაგრამ მჭედლობისა და ხელოვნების დიად ღმერთს ჰეფესტოს ომის ღმერთთან - არესთან უღალატა. სექსუალური ვნებააშლილობითა და აღვირახსნილობით ,,სახელგანთქმულ” ოლიმპოს ღმერთებს, ზევსის თამადობით, წესით არ უნდა გაჰკვირვებოდათ აფროდიტესა და არესის სასიყვარულო კავშირი. არც გაჰკვირვებიათ, მაგრამ ეს ამბავი, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, მაინც ღმერთთა კრებულის გარჩევის საგანი გახდა.

მას შემდეგ რაც ჰეფესტომ მშვენიერი მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა საყვარლები ,,ფაქტზე დაეჭირა”, რისთვისაც მან ბრინჯაოსაგან მაგიური ,,უხილავი მახე” გამოჭედა. თვალს არ ძალუძდა მისი ხილვა, ღვთაებრივ ძალას – მისი გაწყვეტა. ჰეფესტომ აფროდიტეს სარეცელს ობობას ქსელივით თხელი ბადე გარსშემოავლო და ჭერს მიამაგრა. შემდეგ ყველას თავი მოაჩვენა, თითქოს ლემნოსზე აპირებდა წასვლას. როდესაც დადარაჯებული არესი დარწმუნდა, რომ ჰეფესტომ ზეცა დატოვა, აფროდიტეს სარეცელს მიაშურა. აფროდიტემ ტანთ განიძარცვა და მასთან ერთად სარეცელზე მოიკალათა. როცა აფროდიტე და არესი სიყვარულისა და ვნების მორევში ჩაინთქნენ, ჰეფესტოს მზაკვრულმა ქმნილებამ – უხილავმა ბადემ, ისინი ისე მოიმწყვდია, რომ განძრევის საშუალებაც არ მისცა. ჰეფესტო თავს წაადგა საყვარლებს და განიზრახა საქვეყნოდ გაეცხადებინა აფროდიტესა და არესის მრუშობის ამბავი და თუ როგორი შეურაცხყოფილი იყო. ამ ამბის გაგებისთანავე, იმ წამს, ჰეფესტოს სასახლეში გაჩნდნენ სამყაროს მამრი მბრძანებლები(ქალღმერთებმა მისვლა იუკადრისეს!) – მათ ცნობისწადილი ჰკლავდათ, სურდათ საკუთარი თვალით ეხილათ აფროდიტეს მომაჯადოებელი შიშველი სხეული. პოსეიდონს და ჰერმესს შიშველი აფროდიტეს ხილვამ დიდი ვნება აღუძრა და გამოექომაგნენ კიდეც. ჰეფესტო კი ამაოდ ელოდა ღმერთების თანაგრძნობას. მან თავისი ქმედებით, თანაგრძნობის ნაცვლად დიდი ხალისი გამოიწვია. ოლიმპოს დიადმა ღმერთებმა როცა იხილეს ურცხვად მწოლი დატყვევებულნი, ჰეფესტოს მრისხანების მიუხედავად, დიდი ხარხარი მორთეს.

ადვილი წარმოსადგენია მჭედლობის ღმერთის – ჰეფესტოს მრისხანე და შეურაცხყოფილი სახე, მისი მუქარა, ფურთხი და გინება. ალბათ თავს ვერ შეიკავებდა რქადადგმული განრისხებული კოჭლი ქმარი და ერთიორს(თუ მეტს არა) შემოჰკრავდა კიდეც ხელს ან თავის რომელიმე სამჭედლო იარაღს(მაგალითისათვის უროს) მოღალატე ცოლს და მის ძლევამოსილ კუროს. რა თქმა უნდა, მიუხედავად დანაშაულისა, არც ,,ძლევამოსილი კურო” აიტანდა უსიტყვოდ ამ დამამცირებელ მდგომარეობას, ის უბრალო, ,,მცირე ღვთაება” კი არა, ომის დიდი ღმერთი იყო! და ესეც რომ არა, ბოლოს და ბოლოს, რომელ ოლომპოელ ღმერთს არ ჰქონია ,,უკანონო” სასიყვარულო თავგადასავალი! არესის თავის მართლებასა თუ შეპასუხებაზე მითი არაფერს გვეუბნება, თუმცა ალბათ, მისი გულისფიქრი შიშველი აფროდიტეს მშვენიერი სხეულის ხილვით ვნებააღძრულმა ჰერმესმა გაახმოვანა, იქვე მყოფი აპოლონის ირონიულ გადაჩურჩულებას - ,,მრავალი ამბის მცოდნე ჰერმესო, ნუთუ არ ისურვებდი აფროდიტესთან ერთად ასეთ ბადეში წოლას” – მსწრაფლ რომ უპასუხა - ,,სამგზის უფრო მაგარი საბლითაც რომ გავეთოკე ვინმეს, ღმერთებიცა და ქალღმერთებიც რომ მოსულიყვნენ ჩემს საჭვრეტად, არაფრად მივიჩნევდი, თუკი ოქროვან აფროდიტეს მოვეხვეოდი”. ბერძნულ მითში ჰერმესის მიერ დელიკატურად გამოხატული ურყევი და მსხვერპლგამღებლური ,,სექსუალური პოზიციიდან” უდაოდ გამოსჭვივის იმგვარი ქვეტექსტი, რაც ქართული ფოლკლორის დაკარგული ,,უროშემოკრულის სიუჟეტიდან” სკარბეზული გამონათქვამის სახით შემორჩა: ,,რაც არ უნდა მირტყა ურო, მაინც უნდა ვიტყნაურო....”(აქ ბუნებრივია ჰეფესტოს ურო იგულისმება).

რა თქმა უნდა, ბერძნული მითის ქვეტექსტისა და ქართული სკარბეზული გამონათქვამის დამთხვევა, სრულებითაც არ მიუთითებს ჰეფესტოს ბერძნული მითისა და ქართული ,,უროშემოკრულის სიუჟეტის” იდენტობაზე - ბერძნული მითის მიგრაციაზე ქართულ ფოლკლორულ სივრცეში(თუმც არც ამის გამორიცხვა შეიძლება). ჩვენ ამ შემთხვევაში, უფრო ,,თვითჩასახვის თეორიისაკენ” ვიხრებით, ანუ ვფიქრობთ, რომ ქართული სკარბეზული გამონათქვამის სახით, საქმე უნდა გვქონდეს, რომელიღაც დაკარგულ ადგილობრივ ქართულ ,,საღვთო პროსტიტუციის” მითთან, მჭედლობის ღმერთისა და სხვა ღვთაებების მონაწილეობით. ,,საღვთო როსკიპებით”(ეს ტერმინი პროფესორ მიხეილ ჩიქოვანს ეკუთვნის) ხომ სავსეა ქართული მითოლოგია. მრავალმა ხალხურმა ბალადამ შემოგვინახა ნადირობის ქალღმერთ დალის ინტიმური ურთიერთობების შესახებ მოკვდავ მონადირეებთან – ბეთქილთან, ივანე ქვაციხისელთან, ჩორლასთან, მეფისასთან, იაგორასთან, თეთრ მანგურთან და სხვებთან; ასევე ცნობილია ტყაშმაფას სასიყვარულო კავშირები მონადირე მახუტელასთან, ფილო გულუასთან, რაჟდენთან და სხვებთან ბეღლის თავზე... უჩვეულო სასიყვარულო თავგადასავლებითაა ცნობილი ღვთიშვილთა დობილი სამძივარიც, რომელიც ფშავ-ხევსურთა სარეცელში რომელიმე მოკვდავი მეზობელი ქალის სახედ გარდასახული წვებოდა და როცა ვნებით თავდავიწყებული ფშავ-ხევსური მას სრულად უნდა დაუფლებოდა, სწორედ იმ წუთისთვის უკვალოდ უჩინარდებოდა.

არცერთ ამ ზემოთთჩამოთვლილ და არც სხვა ქართულ მითებში არ გვხვდება სკარბეზული გამონათქვამები, რადგან ჩვეულებრივ, მითს არ ახასიათებს სხვა ფოლკლორული ჟანრებისთვის(მაგ. კაფიობა, შაირობა, სოციალური პოეზია და სხვა) ნიშანდობლივი მრუშსიტყვაობა. ,,უროსშემოკრულის” რომანტიული სიუჟეტი, თუკი იგი მართლა არსებობდა, ფრაზეოლოგიურად ისეთივე მოზომილი იქნებოდა, როგორც ბერძნული მითი. ამიტომ, ქართული სკარბეზული გამონათქვამი - ,,რაც არ უნდა მირტყა ურო, მაინც უნდა ვიტყნაურო...” - რომელიღაც დაკარგული ,,უროშემოკრულის” მითოლოგიური სიუჟეტის ერთ-ერთი ეფექტური პასაჟის გასკარბეზების ნიმუში შეიძლება იყოს, როგორც შედეგი მაგიურ-რიტუალური მითოლოგიური ტექსტის ფოლკლორული პროფანაციისა.

02.04.2011 - http://demo.ge/index.php?do=full&id=688

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 1:15 pm

ხათუნა თავდგირიძე

ქალაქი და გამოქვაბული
მითოპოლიტიკური ნარატივის დასაწყისი

ab urbe condita /,,მას შემდეგ, რაც ქალაქი დაარსდა’’ – რომაელი ისტორიკოსები ამ სიტყვებით აღნიშნავენ დროს, საიდანაც მათი ისტორია იწყება.

მითოსურ პარადიგმათა თამაში

,,In Illo Tempore’’/ ,,მას ჟამსა შინა’’ – ამ ფრაზით ლათინელებმა მითოსური სამყარო, მისი დრო და სივრცე შემოსაზღვრეს, როგორც წინარეისტორიული, ზედროული მოვლენა. იგივე ლათინელებმა ისტორიის დასაბამიც მონიშნეს, ის ათვლის წერტილი, საიდანაც ისტორია იწყებს თავის ლინეარულ, უსასრულო მდინარებას: ab urbe condita /,,მას შემდეგ, რაც ქალაქი დაარსდა,’’ – რომაელი ისტორიკოსები ამ სიტყვებით აღნიშნავენ დროს, საიდანაც მათი ისტორია იწყება. აქ ცხადად იკვეთება უმთავრესი საზრისი: მითოსი და ისტორია ერთმანეთს ქალაქური – ურბანული ცივილიზაციის მიჯნაზე კვეთს. ცხადია, მითოსი აქ არ ასრულებს თავის ცხოვრებას, იგი ახალ ფაზაში – ქალაქის პარადიგმაში განაგრძობს არსებობას, ახალი მორფოლოგიითა და თამაშის(პარადიგმათა თამაში) ახალი წესებით.

სამი დამო(უ)კიდებული ცნება – ქალაქი, სახელმწიფო(ქალაქ-სახელმწიფო) და პოლიტიკა ერთი საერთო ძველბერძნული სიტყვიდან – ,,პოლისიდან’’(πόλις) მომდინარეობს. ამით ენამ თავისთავად მონიშნა ქალაქისა და მასში(თუ მისით) განსხეულებული პოლიტიკის მთელი კონოტაციურ-სემანტიკური სივრცე, ,,პოლისის’’ არეალი, რომელმაც დასაბამი დაუდო პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი დისკურსის ტრადიციას. ,,პოლისი’’ არის საზოგადოებრივი, სამოქალაქო ნარატიული სივრცე, რომელიც დაუპირისპირდა წინარე საოჯახო-გვაროვნულ, არასამოქალაქო დისკურსს – ,,ოიკოსს,’’ სახლს. ,,ქალაქი – ეს ზე-სახლია, ეს სახლის გადალახვაა, ახალი და უფრო რთული სტრუქტურის შექმნაა ვიდრე ოჯახური ,,ოიკოსი’’(სახლი)’’ (გასეტი 1993) – წერს გასეტი ,,მასების ამბოხში’.’

ურბანული ცივილიზაციების დაარსების ეპოქა კლასიკური, განვითარებული მითოლოგიების ხანაზე მოდის. მიუხედავად არქაული მსოფლმხედველობის გადალახვისა და აზროვნების მაღალ საფეხურზე გადასვლისა, ურბანულ ცივილიზაციებშიც მითოლოგია ძლიერი წარმმართველი ძალაა და ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალური და პოლიტიკური სფეროების ფუნქციონირების ფორმა-შინაარსს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი განვითარებული ცივილიზაციების ურბანული მსოფლმხედველობაც, არსებითად, მითოლოგიურ პარადიგმას აგრძელებს.

როგორია ქალაქის მითოსური პარადიგმა?

მივყვეთ მითოსურ ქრონოლოგიას, რომელიც დაგვანახებს, რომ ქალაქის მითოხატი, მისი დაარსების მითოსური პარადიგმა, მითოსში ბუნების(ქაოსი, უდაბნო) ან ,,ბუნებრივი სახლის’’ – გამოქვაბულის მითოხატის ანტიპოდად შემოდის. ამასთან, ქალაქი-პოლისისა და მისი ანტიპოდების დაპირისპირება არის მითოპოლიტიკურ პარადიგმათა თამაშის განუმეორებელი ასპარეზი, სადაც მითოსი, მითორიტუალური სისტემა მის მონაწილეებს უმალ გადააქცევს ფუნქციურ ფიგურებად და მოქმედებათა წრეებად, რომელთა კონფიგურაცია(გადაადგილება, როლების შეცვლა), ინტერპრეტაციათა განუსაზღვრელი შესაძლებლობის მიუხედავად, საბოლოოდ ლაგდება სამჯერად კლასიფიკაციად.



პირველი: საწყისი პარადიგმა – უდაბნოდან ქალაქამდე

ორი ენქიდუ, ორი გილგამეში

კულტურის დაფუძნება ბუნებისა და ადამიანის(/კულტურის) დაპირისპირების მითოსური პარადიგმით იწყება. ბუნებასთან პარტიციპაციის(ტოტემიზმის) გადალახვის შემდეგ, ბუნებასთან გაჩაღებული კონფლიქტი – უეცარი ადამიანური ამბოხი, არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ადამიანმა გადადგა გარესამყაროში საკუთარი ადგილის(ტერიტორიის) დასამკვიდრებლად(მოსაპოვებლად). ადამიანმა სამუდამოდ მიატოვა ბუნება, უდაბნო და მოძებნა გამოქვაბული – პირველი ბუნებრივი სახლი, რომელშიც თავად გაბატონდა.

ბუნებისა და კულტურის კონფლიქტი მითოსში სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული, თუმცა საზრისი ყველგან ერთია: ქაოსი უნდა აილაგმოს, იგი უნდა გარდაიქმნას კოსმოსად და სოციალურ-პოლიტიკურ წესრიგად – პოლისად. ეს გარდაუვალია, რადგან, როგორც კარლ შმიტი ამბობს, ,,არ არსებობს არანაირი ნორმა, რომელიც ქაოსს მიესადაგება. წესრიგი უნდა დამყარდეს, რომ სამართლებრივ წესრიგს აზრი ჰქონდეს.’’(შმიტი 2000:9).

ქალაქი და უდაბნო – ასეთია დაპირისპირებულთა ორი მხარე შუამდინარულ ეპოსში ,,გილგამეშიანი.” ერთ მხარეს არის ურუქი, დიდი პოლისი და მისი მითიური მმართველი გილგამეში. ხოლო, მეორე მხარეს, – უდაბნო, ველური ბუნება და მისი მითიური არსება, ველური, ფაჩვნიერი ენქიდუ, რომელსაც ,,რძე ველურ ცხოველთა უწოვია, ქურციკის ჯოგთან ბალახი უძოვია.’’(გილგამეშიანი 2009, II-10). ერთადერთი მიზეზი/მოტივი, რის გამოც იქმნება ენქიდუ, მითოპოლიტიკურია: მან გილგამეშის, როგორც ქალაქის მმართველის გადაგვარებული ბუნება, ქაოსური ძალმომრეობა – ,,გულის გრიგალი’’(როგორც ამას მხატვრულად ამბობს ეპოსი) უნდა შეაჩეროს. მხოლოდ გილგამეშის ორეულს, გილგამეშის ქაოსური ძალის პროტოტიპს – ენქიდუს შეუძლია ამის გაკეთება: ამიტომ ეპოსი ენქიდუსა და გილგამეშს, ამ ჰეტეროგენულ წყვილს, ფიზიკურ და სულიერ ორეულებად სახავს. სწორედ აქ წარმოჩნდება მთელი სიცხადით საწყისი პარადიგმის არსი: უდაბნო(ქაოსი) ქალაქის ერთადერი სწორუპოვარი, ფარდი ანტიპოდია(და არა სახლი-ოიკოსი):

,,არურუ, შენი შექმნილია მამაცი მამრი,

შექმენი ახლა მისი ორეული,

მის გულის გრიგალს გაუტოლდეს !

დაწყვილდნენ, ურუქს შვება მოეცეს’’(გილგამეშიანი 2009: I-70).

ენქიდუ, მართალია ფაჩვნიერია, ველურია, მაგრამ იგი ადამიანად არის დასახული და მისი ადგილი პოლისშია, თავისი ტყუპისცალის – გილგამეშის გვერდით, ამიტომ ძალიან მალე ენქიდუ ზურგს შეაქცევს ბუნებას, ზოომორფულ სამყაროს და ურუქისაკენ – დიდი პოლისისასაკენ აიღებს გეზს. ასეთ დროს შეიძლებოდა მას წარმოეთქვა სიტყვები, რომლებიც სულ სხვა ცივილიზაციაში ითქვა: – ,,მე არაფერი მაქვს საერთო მინდვრის ბალახებთან და ხეებთან, არამედ ჩემი საერთო არის ადამიანებთან ქალაქში.’’(სოკრატე). აქ იწყება ენქიდუს დიდი მიგრაცია პოლისისაკენ, მისი გადაქცევა ჭეშმარიტ პოლისელად. ეპოსში ორი ენქიდუ – უდაბნოელი და ქალაქელი გადაიქცა ორ გილგამეშად – ორ ქალაქელად: უდაბნო ტრანსფორმირდა ქალაქად. თუმცა, ველური ბუნების მეტამორფოზა პოლისად მარტივი და უმტკივნეულო პროცესი არ არის. იგი დიდ კოსმოგონიურ ორთაბრძოლზე გადის. ამის შესახებ უკვე სხვა შუამდინარული ეპოსი, – ,,ენუმა ელიში’’ გვამცნობს. პოლისი კოსმოსია, რომელიც ქაოსის დაძლევის შემდეგ, მისი სტიქიების ალაგმვით იქმნება. ამიტომაც, დრენაჟისა და ირიგაციის სისტემაზე დაფუძნებული(შუამდინარული ცივილიზაციის ქვაკუთხედი), ჭაობიან მიწა-წყალზე ნაყოფიერი კულტურის, ურბანული ცივილიზაციის აღმოცენება, ,,ენუმა ელიშის’’ მითოსმა შესაქმის კოსმოგონიური აქტით – წყლის ქაოსის ურჩხულის – თიამათისა და კოსმოსის ღმერთის – მარდუქის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებით გააფორმა. პოლისი რომ წარმოიშვას, შედგეს როგორც ქალაქ-სახელმწიფო, ამისათვის ქაოსი, უწესრიგობა უნდა დაითრგუნოს ნებისმიერი გზით, თუნდაც ძალადობრივი, აგრესიული მეთოდებით, თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად. ქალაქ-სახელმწიფო რომ შედგეს, მას ჭირდება მსხვერპლი და ეს მსხვერპლი უცილობლად მისი ანტიპოდის, ზოომორფული სამყაროს ნიშნით უნდა იყოს აღბეჭდილი. ამიტომაც იმარჯვებს მარდუქი და არა თიამათი, ამიტომაც კვდება ენქიდუ და არა გილგამეში, ამიტომაც შთანთქავს უფსკრული(საკუთარი ნებით რომ გადაეშვება) ქალაქ თებეს შესასვლელთან დაბუდებულ ურჩხულ სფინქსს და არა ოიდიპოსს – პოლისის(თებეს) ჯერ გაუცხადებელ მეფეს, რომელიც გამოიცნობს სფინქსის მითოსურ გამოცანას ადამიანზე, მოქალაქაზე, პოლისის ,,პოლიტიკურ არსებაზე.’’ სწორედ ამ ოპოზიციაში(ბუნება – ქალაქი) იბადება ქალაქის თავდაპირველი მითოპოლიტიკური პარადიგმა, რომლის წიღშიც სიცოცხლის, კოსმოსის პირველი ბორცვივით(როგორც ხელახალი შესაქმე) ამოიმართება ურბანული ცივილიზაციის პირველი კერა –ბუნებაში გაუქმებული ბუნების მითოხატი.

ქალაქ-სახელმწიფოს კედლების შიგნით მოქცეული ბუნების/მიწის ნაწილზე ,,უქმდება ბუნება, ეს ,,პატარა მეამბოხე მიწა’’ და ,,გაუქმებული ბუნებაა,’’ – როგორც გასეტი ამბობს, ეს პატარა ,,მეამბოხე მიწა’’ ბუნებრივად გადადის ადამიანური კულტურის კატეგორიაში. ქალაქ-სახელმწიფოს შემოსაზღვრული კედლები აუქმებს ზოომორფული სამყაროს ორგანიზაციას – ინსტიქტებით მართვის მექანიზმს და აფუძნებს გონებით, სახელმწიფოებრივ-სამოქალაქო შეგნების მართვის პრინციპებს, რომელიც ადამიანს თავის ბუნებრივ ადგილს ქალაქის შიგნით მიუჩენს. ამიერიდან, ზოომორფულ სამყაროს გამიჯნული და პოლისს – ქალაქ-სახელმწიფოს შეფარებული ადამიანი გადაიქცევა ,,პოლიტიკურ ცხოველად’’(,,ძოონ პოლიტიკონ’’). ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ველური ბუნების ნაწილს – ცხოველურ ნიშნებსაც ატარებს, იგი პოლისის კუთვნილებაა, იგი ,,პოლისის ცხოველია‘’, იგი გაკულტურულებული და პოლისის საზღვრებში შემოყვანილი ენქიდუა, – თავდაპირველად ცხოველთა შორის მძოველი და შემდეგში მათგან ზურგშექცეული ურუქის დიადი მოქალაქე.



მეორე: მედიაციური პარადიგმა – ქალაქსა და ქალაქს შორის



ურუქსა და არათას შორის. ლუგალბანდას გამოსვლა გამოქვაბულიდან
შიშველი ბუნებიდან, უდაბნოდან პირდაპირ ქალაქში ვერ მოხვდები. ჯერ გამოქვაბულის – ,,ბუნებრივი სახლის’’ სტადია უნდა გაიარო. მეორე პარადიგმა აუქმებს დუალურ რადიკალიზმს(უდაბნო – ქალაქი) და შემოჰყავს შუა, მედიაციური რგოლი – გამოქვაბულის მითოხატი.

შუამდინარულ ეპოსში პირდაპირი სახით არ ჩანს გამოქვაბული, მაგრამ იგი ივარაუდება. ენქიდუ პირდაპირ უდაბნოდან და ზოომორფული სამყაროდან, შუამავლის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში მოხვდებოდა ურუქში. იგი პოლისში შესვლამდე ბუნებრივი ოიკოსის მკვიდრი გახდა. მისი გამოქვაბული იყო შამხათი და შამხათის მწიფე სხეული. იშთარის ტაძრის საღვთო როსკიპმა ველური კაცი საკუთარი სხეულის გავლით ადამიანურ კულტურას აზიარა:

,,სამოსი დაფინა, დააწვა ენქიდუ,

დიაცის საქმე აჩვენა ველურს’’(გილგამეშიანი 2009: I-170).

შემთხვევითი არ არის, რომ სახლის, ბუნებრივი გამოქვაბულის ფუნქცია მდედრის სხეულმა იტვირთა, სხეულიც ბუნებრივი სახლია, გამოქვაბულია და უპირისპირდება ადამიანის ხელით შექმნილ სახლს. ამასთან, მდედრული საწყისი კულტურაში ხთონური გამოქვაბულის, ბნელი სამყაროს არქეტიპია. ამგვარად, ენქიდუ ვიდრე ურუქელი, ქალაქელი გახდებოდა, იგი უწინარესად, შამხათის თანამეცხედრე – გამოქვაბულის მკვიდრი გახდა. მაგრამ ამით არსებითად არაფერი იცვლება: ქალის, ისევე როგორც გველეშაპის ხთონური წიაღი ქაოსის ეკვივალენტურია. შამხათის ეპიზოდშიც ქაოსისა და ქალაქის ოპოზიცია მეორდება. ეს ქაოსის გამოქვაბულია – თვითჩაკეტილი, შეუვალ-გაუვალი სივრცე. აქ ჯერ კიდევ არ დაბადებულა ახალი პარადიგმა.

ახალი პარადიგმა იბადება ქალაქსა და ქალაქს შორის არსებული გამოქვაბულის კვალდაკვალ. ამ ახალ პარადიგმაში საწყისი ქაოსი სრულიად ამოვარდნილია, გამოქვაბულიც ტრანსფორმირებულია – იგი ქალაქისკენ პირმიქცეული გახსნილი სივრცეა, რაც მთლიანად ცვლის თავდაპირველი პარადიგმის არსს: ეს ის გამოქვაბული აღარაა, რომელსაც ბუნებიდან, უდაბნოდან გაქცეულმა ადამიანმა შეაფარა თავი, არამედ, ის სივრცეა, სადაც ქალაქიდან გაქცეული, გარიყული, თუ სხვა იდუმალ გარემოებათა წყალობით მოხვედრილი მოქალაქე აფარებს თავს. იგი ანათემისა და გარიყულობის მეტაფიზიკური მითოხატია(ამიტომ ენქიდუსა და შამხათის ეპიზოდი ამ პარადიგმას აღარ შეესაბამება).

მედიაციური პარადიგმა გამოჩნდა ძველ, ენქიდუმდელი ურუქის ისტორიაში, გილგამეშის მითიური და ისტორიული წინამორბედის, ურუქის მესამე დინასტიის მეფის ლუგალბანდას მითოსურ თავგადასავალში.1 შუმერ მეფეთა – ენმერქარისა და ლუგალბანდას მეფობის პერიოდი ქალაქ ურუქის დაარსებისა(ენმერქარი ურუქის დამაარსებელია) და თვითდამკვიდრების(/ჰეგემონობის) საკრალურ ხანას მოიცავს. ლუგალბანდას ეპოსი მოგვითხრობს ორი დიდი ქალაქის – რეალური ურუქისა და მითოსური არათას მეტოქეობისა და მათ შორის გაჩაღებული სამხედრო დაპირისპირებების შესახებ. უკაცრიელ მთებში მიაბიჯებს ურუქის მეფის – ენმერქარის დიდძალი ლაშქარი, რომელსაც წინ მიუძღვის მისი ვაჟი – ლუგალბანდა, რვა ძმას შორის უმრწემესი(მომავალი მეფე). მას გზად განსაცდელი შეხვდება – ძლიერ ავად ხდება და მომაკვდავს ორ ქალაქს – ურუქსა და არათას შორის მოქცეულ, უდაბური მთების გამოქვაბულში ტოვებენ. ამ ეპიზოდში მთელი თავისი სისავსით იფეთქებს ქალაქის ახალი მითოპარადიგმა, როცა ეპოსი ლუგალბანდას ქალაქისაგან ფატალური მოკვეთილობისა და მშობლიურ ურუქში(იგივე ქულაბაში) დაბრუნების შეუძლებლობის სურათს დახატავს: ,,ნეტავ ურუქში წაიყვანდნენ, მაგრამ არ იციან როგორ წაიყვანონ. ნეტავ ქულაბაში წაიყვანდნენ, მაგრამ არ იციან როგორ წაიყვანონ…’’(შუამდინარული 2009).

სხვა ეპიზოდი(ეპოსში სულ ორია ასეთი ადგილი) კიდევ უფრო ამძაფრებს ქალაქში პარადიგმული დაბრუნების აუცილებლობის დრამატიზმს. ლუგალბანდა გამოქვაბულში ვერ დარჩება, ისევ ქალაქში უნდა დაბრუნდეს – ან ცოცხალი, ან მკვდარი. აქ არსებითი პარადიგმული მარშრუტის გავლაა, მისი მისტერიის აღსრულება: ქალაქი-გამოქვაბული-ქალაქი, რომლის ტრიქოტომიური საკრალური სამკუთხედის უკანასკნელ ფაზაში, გმირიც ფერნაცვალია(მასზე გადმოსულია სამეფო ღვთაებრივი დავლათი, შუმერულად ,,მელამი’’) და ქალაქიც. შუმერული ეპოსი ლუგალბანდას ძმებსა და მეგობრებს დააკისრებს პარადიგმის აღსრულებაზე ზრუნვას, ამიტომაც ბჭობენ ისინი ერთმანეთში ამგვარად: ,,თუ ჩვენი ძმა უთუსავით საწოლიდან წამოდგება . . . . მისი ფეხი მიწაზე მყარად დადგება, მთებიდან აგურნაშენ ქულაბამდე მიიყვანს. თუ უთუ ჩვენ ძმას წმინდა ადგილას, ძვირფას ადგილას მოუხმობს, სიცოცხლის ძალა დატოვებს მის სხეულს, მაშინ ჩვენ არათადან მობრუნებისას ჩვენი ძმის გვამს აგურნაშენ ქულაბასაკენ წავიღებთ’’(შუამდინარული 2009). აქ ერთი გარემოებაც იქცევს ყურადღებას – მრავალი ღვთაებიდან, რომლებიც ლუგალბანდას თავს დასტრიალებენ(სიზმრად) ლუგალბანდას ბედს, მის გამოჯანსაღებასა და გამოქვაბულიდან გამოსვლას მზის ღვთაება უთუ განაგებს. ეს უკვე პარადიგმის ონტოლოგიური ნაწილია: მზის ნათელისა და მისი უშუალო ანტიპოდის, გამოქვაბულის ბნელი წიაღის დაპირისპირება. გამოქვაბულში მოხვედრილი გმირები(არა მხოლოდ ლუგალბანდა) იქიდან მზის შუქს გამოჰყავს. ამ ოპოზიის მეტაფიზიკას ჩვენ პლატონის გამოქვაბულის მითიდან ვიცნობთ და ეს მეტაფიზიკა არ გულისხმობს ქაოსისა და კოსმოსის დაპირისპირებას, ამ პარადიგმაში გამოქვაბული ურბანული ცივილიზაციის სახლის(ოიკოსის) მითოსური პროტოტიპია. გავყვეთ ამ ხაზს.

გამოქვაბული უდაბურ ბუნებას, უდაბნოს აგრძელებს(ოღონდაც არ იმეორებს)- იგი ბუნებრივი სახლია(ბუნების მიერ შექმნილი), მის შექმნაში ადამიანს მონაწილება არ მიუღია. ამიტომ გამოქვაბულში მოხვედრილი ლუგალბანდა გარკვეული დროით ველურ ენქიდუს ემსგავსება, ენქიდუსავით ზოომორფული ნიშნებით აღიბეჭდება. გამოქვაბულიდან გამოსული აღარაფრით ჰგავს ურუქელ გმირს, ჩლიქოსანი გარეული ნადირივით მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოსისათვის ზოგადად დამახასიათებელია ზოომორფული მეტაფორიკა, რაც მითოსურ ტექსტებში იმთავითვე არქეტიპული საზრისის მატარებელია, ამ ეპიზოდში გამოკვეთილად ხაზგასმული მეტაფორიზება საკრალურ მეტაფორმოზამდე მიდის(ასეთ განცდას გვიტოვებს):

,,ნეტარი ლუგალბანდა გამოქვაბულიდან გამოვიდა. . .

მან ერთი ჩლიქი მიწაზე ჩამოდგა,

იმ ადგილიდან ჩქარობდა კანჯარივით,

მთებზე გადავიდა შაქანივით,

დატვირთული, დიდი, ძლიერი, სახედარივით,

სირბილი წყუროდა, გარშემო ხტოდა, მოხდენილი სახედარივით’’(ეპოსები 2009:69).

ლუგალბანდას ,,გაჩლიქოსნება’’ ეპიზოდური, წამიერი გაელვებაა და როგორც პრეისტორიული წარმავალი ხილვა მალევე ქრება. მაგრამ ამ ეპიზოდის ჩართვა, როგორც რაღაც ახლის დასაწყისის მიჯნა, აუცილებელი იყო. ლუგალბანდას ხანმოკლე გატყიურების მოტივი გამიზნულად შეგვახსენებს თავდაპირველ პარადიგმას, რომ ამის შემდგომ, ახალი პარადიგმა მისი უარყოფის გზით განვითარდეს.

განვითარების ეს ხაზი ბუნების, უდაბნოს, ქაოსის უარყოფამდე, სრულ გაუქმებამდე მიდის: მართალია გამოქვაბული უდაბურ ბუნებას აგრძელებს, მაგრამ იგი ბუნებაში გამოყოფილი შემოსაზღვრული სივრცეა და რაც მთავარია(ახალი პარადიგმის ნარატივისთვის), გამოქვაბული ზურგით უდგას უდაბნოს და პირი ქალაქისკენ აქვს მიქცეული. ახალი პარადიგმა გამოქვაბულს გამოაცლის ქაოსის, ხთონური სივრცის საზრისს და მას გადააქცევს სახლი-ოიკოსის მითოსურ ორეულად, რაც ,,ინიციაციის სახლს’’(//,,ტყის ქოხს’’) გულისხმობს და რაც ე.წ. ,,გარდამავალი’’ მითორიტუალების აღსრულების ადგილია. ამას საგანგებოდ ხაზს უსვამს შუმერული ეპოსი, როცა გამოქვაბულის ქვაურ, ბუნებრივ სიხისტეს, მის უდაბურობას ურბანული ცივილიზაციის ნიშნებით – საოჯახო-ყოფითი ინვენტარით გადაფარავს. ამ ეპიზოდში ეპოსი პირდაპირ მიუთითებს გამოქვაბულში სახლის მოწყობაზე: ,,თბილ ადგილას წაიყვანეს, ჩვრებისაგან ჩიტის ბუდესავით გაუკეთეს, ფინიკი, ლეღვი, ყველი, პური და ტკბილეული, რასაც სნეული კაცი შეჭამს, დაუწყვეს. პალმის რტოებისაგან სახლი აუშენეს. . .’’(შუამდინარული 2009). ამის შემდეგ ზედმიწევნითი სიზუსტით არის აღწერილი, თუ როგორ აავსებენ აუცილებელი სურსათ-სანოვაგითა და საჭირო ნივთებით გამოქვაბულს – ლუგალბანდას, ჯერაც გაუცხადებელი მეფის დროებით თავშესაფარს ურუქელი თანამებრძოლები.

ამგვარად, ახალ პარადიგმაში, გამოქვაბული ქალაქსა და ქალაქს შორის ჩნდება, არა როგორც ქაოსის, უდაბნოს ფრაგმენტი, არამედ როგორც ,,სტრუქტურირებული ბუნების’’ მითოხატი. ქალაქს, როგორც ადამიანის ხელით სტრუქტურირებულ სივრცეს გაუჩნდა შესაფერისი ანტიპოდი – ,,სტრუქტურირებული ბუნება.’’ ამიტომ, გამოქვაბული არის ანტიპოდიც, დაბრკოლება ქალაქისკენ მიმავალ გზაზე და ქალაქის მედიაციური ორეულიც, როგორც სტრუქტურირებული სივრცე, რომელიც ქალაქთან გვაახლოვებს. იგი თავის საკრალურ წიაღში, ინიციაციისა და გარდამავალი რიტუალის აღსრულების სახლში, ქალაქისთვის, მოქალაქეობისთვის, მმართველობისთვის ამზადებს ინიციაციის გმირს. სწორედ ამ გაორმაგების უნარით, გამოქვაბული ფიზიკურიდან სხვა, მეტაფიზიკურ არსებობაში გადადის. მეტაფიზიკურ განზომილებაში გადასვლა სიზმრის გზით ისხამს ხორცს: ქალღმერთ ინანასაგან ძილმოგვრილ ლუგალბანდას სხვადასხვა ღვთაებები ეცხადებიან, ისინი მის გამოჯანსაღებაში, როგორც რიტუალში, ისე არიან ჩართულნი, ოღონდაც რიტუალის უკანასკნელ გადამწყვეტ აქტს – ლუგალბანდას გამოჯანსაღებას და გამოქვაბულიდან გამოყვანას მზის ღვთაება უთუ განასრულებს, როგორც ეს თავიდანვე, ძმების ბჭობაში იყო გამოთქმული. ისევ სოლარული მითოსის მეტაფიზიკა: ,,ჭაბუკმა უთუმ თავისი ბრწყინვალე სხივი ციდან მოაფინა, მთის გამოქვაბული თავისი თავისი მელამით გაუნათა; ბრწყინვალე ლუგალბანდას მთის გამოქვაბულში უბოძა, მისი კეთილი უდუგი ციდან მოუვლინა; მისი კეთილი ლამა უკან გააყოლა.’’(შუამდინარული 2009).

მეტაფიზიკური სიზმარი უხილავი ბეწვის ხიდია გამოქვაბულსა და ქალაქს შორის, რომელმაც პარადიგმა უკანასკნელ, გადამწყვეტ ფაზაში უნდა გადაიყვანოს – საბოლოო მიზანი გამოქვაბულს შეფარებული მეფის გაცხადება, მისი ქალაქში შეყვანა და ინტრონიზაციაა.

შუმერულ ეპოსში გამოქვაბულიდან თავდაღწეული ლუგალბანდა ისევ ქალაქსა და ქალაქს – ურუქსა და არათას შორის მოძრაობს და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოაქვს თავისი ქალაქისთვის, რაც მის უზენაეს პოლიტიკურ მომავალს უყრის საფუძველს – მას მომავალი მეფის ლეგიტიმურ სტატუსს სძენს.

(გაგრძელება ქვემოთ)

2016 - https://semioticsjournal.wordpress.com/2016/02/29/ხათუნა-თავდგირიძე-ქალაქ/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 08, 2019 1:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 1:17 pm

ხათუნა თავდგირიძე

ქალაქი და გამოქვაბული
მითოპოლიტიკური ნარატივის დასაწყისი

ab urbe condita /,,მას შემდეგ, რაც ქალაქი დაარსდა’’ – რომაელი ისტორიკოსები ამ სიტყვებით აღნიშნავენ დროს, საიდანაც მათი ისტორია იწყება.

(გაგრძელება)


ფარნავაზის გამოსვლა გამოქვაბულიდან
ქართული მითოპოლიტიკური ნარატივის დასაწყისი

გამოქვაბულში, როგორც ინიციაციის სახლში მოხვედრილი ლუგალბანდას მითიური თავგადასავალი, მისი მეტაფიზიკური სიზმარი, სიზმრად მოვლენილი მნათობი, რომელიც გამოქვაბულიდან გამოსვლის, ქალაქში დაბრუნებისა და ინტრონიზაციის მომასწავებელია, მთელი თავისი მითოპარადიგმული სისავსით განმეორდება პირველი ქართველი მეფის – ფარნავაზის პოლიტიკურ მითოსში. ლეონტი მროველის(მე-11 ს.-ის მოღვაწე) ისტორიული მითონარატივის მთავარი გმირი ფარნავაზი, ურუქელი მეფის ლუგალბანდას გზას გაივლის(პარადიგმის დონეზე და არა ტექტობრივი სიზუსტით): ესაა მისტიური გზა და სახელმწიფოებრივ-სამეფო მისტერია სატახტო ქალაქიდან – მცხეთიდან გამოქვაბულამდე და გამოქვაბულიდან უკან მცხეთამდე.

პირველი ქართული მითოპოლიტიკური ნარატივი მეტაფიზიკური გამოქვაბულის პარადიგმას მიჰყვება კვალდაკვალ: ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ მითოსში ორი გამოქვაბულია – ფიზიკური და მეტაფიზიკური. ეს უკანასკნელი წინ უსწრებს, ნიადაგს უმზადებს ფიზიკურ გამოქვაბულს. სანამ ღვთაებრივ ირემს ადევნებული ფარნავაზი გამოქვაბულსა და მასში დაფლულ განძს იპოვის(მითოსი), იგი, თავდაპირველად, მეტაფიზიკურ გამოქვაბულში, ინიციაციის სახლში მოხვდება. ეს არის სიზმრის ეპიზოდი – მითოსი მითოსში. მხოლოდ ამგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო გადმოცემული ფიზიკური მითოსიდან მეტაფიზიკურ მითოსში გადასვლა(თუმც კი, ეს ცნებები მითოსში ერთმანეთს ემთხვევა): ,,მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულებოდა განსვლა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოჰხოცა ცუარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა’’(მროველი 2008).

ფარნავაზის პოლიტიკური მითოსი ზედმიწევნითი ტერმინოლოგიური სიზუსტით გააცხადებს ახალი პარადიგმის გამოქვაბულს მეტაფიზიკურ საზრისს – ,,უკაცური სახლი’’ გამოქვაბული–ოიკოსია, ურბანული ცივილიზაციის სახლი–ოიკოსის მითოსური პროტოტიპი.

ცხადია, ფარნავაზისთვისაც, ურუქელი ლუგალბანდას მსგავსად, გამოქვაბული, როგორც პოლისიდან მოკვეთილი გაუცხადებელი მეფისა და მოქალაქისთვის, დროებითი თავშესაფარია, ქალაქის ნოსტალგიის ადგილია და რაც მთავარია – ინიციაციის სახლია, სწორედ ამიტომაც, უკან ქალაქში დასაბრუნებელი ერთადერთი მეტაფიზიკური(და ფიზიკურიც) საშუალება. მცხეთიდან იძულებით გახიზნული ფარნავაზი(ამ დროისთვის იგი უკვე მეორედ, მცხეთიდან გაქცევასა და სპარსეთში – დედულეთში თავის შეფარებას გეგმავს), აქ, გამოქვაბულში გაივლის მეფისთვის(მეფე-ღვთაებისთვის) აუცილებელ ინიციაციის ორ ფაზას: პირველი – ნუმინოზური გამოცდილება მოდის მეტაფიზიკურ გამოქვაბულში, მზის შუქთან შეხვედრისას და მეორე, – ფიზიკურ გამოქვაბულში(ესეც მეტაფიზიკურის ნაწილია, როგორც მითიური თავგადასავალი) იგი, როგორც ქართლოსიანი, მცხეთოსის გვარიდან წამოსული, იძენს/იბრუნებს თავის კუთვნილ სამეფო დავლათსა და ძალაუფლებას. მხოლოდ გამოქვაბულის ინიციაციაში განიცდის ფარნავაზი მეფისთვის აუცილებელ მეტამორფოზას და მხოლოდ გამოქვაბულის ,,განძი’’(ხორცშესხმული ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ასპექტში) აძლევს მას საშუალებას უკან პოლისს დაუბრუნდეს ლეგიტიმური მეფე-მმართველის სტატუსით. ამ გზით, გამოქვაბული და მისი ,,განძი’’ – ფიზიკურად გაცხადებული სახელმწიფო საუნჯე(მეფე-ღვთაების სამეფო რეგალიების მითოხატი), საფუძველს უყრის ქართულ მონარქიულ ინსტიტუციონალიზმსა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ვინ არის პირველი ქართული პოლიტიკური მითოსის მთავარი გმირი – ფარნავაზი?

ფარნავაზმა, გაცხადებულმა მეფემ, გაუცხადებელი მეფის – ღვთაებრივ ირემს ადევნებული მითიური ამირანის გამოქვაბულისკენ მიმავალი გზა გაიარა: ,,ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირეს წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა’’(მროველი 2008).

,,ფარნავაზის ცხოვრების’’ ეს პასაჟი, წინდაწინ გამყარებული სიზმრის მითოსემანტიკით(უკაცური სახლი და მზის შუქი) უძველესი მითოლოგიური ეპოსის ,,ამირანიანის’’ ცნობილ სალექსო ეპიზოდს იმეორებს:

,,სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი. . ..

მთას ირემი წამოუხტათ, ოქრო იყო რქანი მისნი. . .

უცხო მთაზე კოშკი ნახეს, ანაგები ბროლის ქვისი

სადაც რომ მზემ პირი მოჰკრა, ამირანმა – მუხლი მგლისი,

კოშკმა პირი იქ გააღო, იქ შეება კარი მისი.‘’(,,ამირანიანი 1947).



რა მოხდა გამოქვაბულში შესვლის შემდეგ?

ფარნავაზი გამოქვაბულიდან გამოდის როგორც გაცხადებული მეფე, გამოდის სამეფო დავლადით(განძით), ამირანი კი, გაუცხადებელი მეფე, გაუცხადებელივე რჩება გამოქვაბულში მიჯაჭვული.

ამირანიც მეფეა და სახელმწიფოს მმართველი(თუნდაც გაუცხადებელი). ეს ეპოსის უკანასკნელი ეპიზოდიდან ჩანს. მიჯაჭვული გმირის გათავისუფლების ამაო მცდელობისას, ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დიალოგი შედგება მასსა და ვინმე მწყემსს(ან მონადირეს) შორის. სწორედ ეს ეპიზოდი გააცხადებს ამირანის მიჯაჭვის ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ აუჯანყდა, დაუპირისპირდა გმირი ღვთაებას, საკუთარ ნათლიას(საიდანც წარმოიშვა ამირანის ,,ღმერთმებრძოლეობის’’ ცრუ მითი), რომელიც სინამდვილეში მეფე-ღვთაება და მმართველი პოლიტიკური ძალაა.

გამოქვაბულს, რომელშიც ამირანია მიჯაჭვული, კარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეხსნება. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ვიღაც მეცხვარე ამირანის პირისპირ. ჩვენთვის საინტერესოა მათი დიალოგი: ,,ამირანი ეტყვის, რომ მე საწყლის და ღარიბის მოკეთე ვარ, რას მერიდები, მოდი ახლოო. თურმე იმ კაცს ზურგზე პურის გუდა ჰკიდებია. ახლო მისულა, ამირანს ამოუღია გუდიდან პური, მოუჭერია ხელი. ,,ემ პურს როგორ სჭამთ, თქვე საწყლებო, ასეთ შავ ოფლში არის მოზელილიო’’. შენ მაშ როგორ პურსღა ჭამო? – ეკითხნა თავისი მხრით გლეხსაც. აი როგორსაო, ეთქო ამირანს და მეეჭირებინა ხელი, რძე კი გასლოდა წურწურით. ,,მე რომ ავეშო ქვეყანაზედ სისხლის პურის ჭამა აღარ იქნებაო’’ – ეთქვა ამირანს დაღონებით. მე გიშველიო, დაეძახა გლეხს’’(ამირანიანი 1947:296-297). სწორედ ეს ეპიზოდი გააცხადებს მთლიანი ეპოსის მითოპოლიტიკურ პათოსსა და საზრისს – ამირანი არსებულ პოლიტიკურ რეჟიმთან დაპირისპირებული და გამოქვაბულში გამოკეტილი გმირია. პირველი ქართული მითოპოლიტიკური ნარატივიც გამოქვაბულში მიჯაჭვულ ამირანთან ერთად ჩაისახა, მაგრამ ვეღარ განვითარდა. ამ მითოპოლიტიკური ნარატივის განგრძობას უკვე ლეონტი მროველთან ,,ქართლის ცხოვრებაში’’ ვკითხულობთ. ,,ფარნავაზის ცხოვრების’’ პოლიტიკური მითოსი უშუალოდ აგრძელებს ამირანის ეპოსის პოლიტიკურ მითოსს, მის მითოპოლიტიკურ იდეას ასხამს ხორცს:

მიჯაჭვული ამირანი თავისუფლდება და გამოქვაბულიდან გამოდის, ოღონდაც გამოდის ფარნავაზის სახით, როგორც გაცხადებული მეფე, როგორც პირველი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი. არსებითად, აქ იწყება ქართული მითოპოლიტიკური ნარატივი.

ამდენად, გამოქვაბული ქაოსისა და პოლისის ნიშნებით აღბეჭდილი, მედიაციური კანონზომიერებით სტრუქტურირებული მეტაფიზიკური სივრცეა, ინიციაციის ადგილია, დროებითი თავშესაფარია, რომელმაც თავისივე განსაცდელში/ინიციაციაში უნდა ამყოფოს/შეიფაროს მომავალი მეფე. გამოქვაბული მეფეს გააცხადებს. გაცხადებული მეფე გამოქვაბულიდან მეტაფიზიკურ ძალას – სიზმრად მოვლენილ მნათობს(ღვთაების კორელატი), მზის შუქს, მის ნათელს გამოჰყავს და გზას უხსნის სატახტო ქალაქისაკენ, მისი ინტრონიზაციის საკრალური ადგილისაკენ.

ასეთია ქალაქის მედიაციური პარადიგმის მითოხატი, მისი ფუნქციონირების მითოსური ქარგა.

მესამე: სპირალური პარადიგმა – ქალაქი–გამოქვაბული

,,იდეალური ქალაქიდან’’ ,,გამოქვაბულამდე’’

ფარნავაზის სიზმარ-ცხადი, თავისი მეტაფიზიკურ-მითოსური მოტივებით(,,უკაცური სახლი’’ და მასში მზის შუქის შემოსვლა და ფარნავაზის გასვლა; გამოქვაბულში მოხვედრა და განძი პოვნა), არის მეტაფიზიკური გამოქვაბულის მითი, რომლის დეტალურ აღწერასა და ონტოლოგიურ ინტერპრეტაციას პლატონის ,,სახელმწიფოს’’ მეშვიდე წიგნში ვკითხულობთ. ესაა ,,გამოქვაბულის მითის’’ სახელით ცნობილი ვრცელი ეპიზოდი.

პლატონი გამოქვაბულის ონტოლოგიურ საზრისთან ზოგადად მითოსის გზით მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ მას გარს ეხვია მითების მთელი არსენალი(ელინურიც და არაელინურიც), ეს გზა თავად, საკუთარი მითოგრაფული მოღვაწეობით გაკვალა. ,,სახელმწიფოს’’ მესამე წიგნში, პლატონმა, ,,იდეალური ქალაქის’’ საყოველთაო სიკეთის უზრუნველსაყოფად, დაუშვა სახელმწიფოებრივი, ლეგიტიმური, ,,კეთილშობილი ტყუილი’’ როგორც მითოსი: ,,სიცრუე ღმერთებისთვის უსარგებლოა, ადამიანებისთვის კი სარგებლობა მოაქვს, როგორც ერთგვარ წამალს’’(პლატონი 2003:389ბ). იქვე გვიყვება სოციალურ-პოლიტიკური კონტროლის მითოიარაღად, პოლიტიკურ მითოსად გარდაქმნილ ფინიკიურ ანთროპოლოგიურ მითს, რომელმაც იდეალური სახელმწიფოს სამწახნაგოვან იერარქიაში სიმშვიდე და წესრიგი უნდა უზრუნველყოს:

,,ვეცდები დავარწმუნო ჯერ მმართველები და მცველები, შემდეგ კი – დანარჩენი მოქალაქეებიც, რომ ყველაფერი, რაც მათთვის გადაგვიცია და გვისწავლებია, სხვა არა არის რა, თუ არ სიზმარი, სინამდვილეში კი ისინი მიწის წიაღში ჩაისახნენ, იქვე იზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, – თვითონაც, მათი საჭურველიც და მთელი მათი აკაზმულობაც, – რის შემდეგაც დედამიწამ, მათმა მშობელმა, ამ ქვეყნად მოავლინა ისინი. ამიტომაც მართებთ, ისე ზრუნავდნენ თავიანთ სამშობლოზე, როგორც დედასა თუ ძიძაზე, – მომხვდურთაგან იცავდნენ მას და ისე ეპყრობოდნენ დანარჩენ მოქალაქეებს, როგორც მიწისგანვე შობილ ღვიძლ ძმებს. . . თქვენ, ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენო, ერთმანეთის ძმები ხართ, ასე ვიტყოდით ამ არაკის თანახმად, – მაგრამ ღმერთმა, რომელმაც გამოგძერწათ, ზოგიერთ თქვენგანს, ვისაც მმართველობის უნარი შესწევს ოქრო შეურია დაბადებისას, ამიტომაც მათი ფასი არავინაა ამქვეყნად; მცველებს – ვერცხლი, ხოლო მიწის მუშებსა და ხელოსნებს – სპილენძი და რკინა. დაბადებითვე ერთმანეთის თვისტომნი ხართ, მაგრამ უპირატესად თქვენსავე მსგავსთა ბადებთ, თუმცა, ზოგჯერ ისედაც ხდება, რომ ოქროს მოდგმა ვერცხლის ნაშიერთ აძლევს დასაბამს, ვერცხლისა კი – ოქროსას; იგივე ითქმის დანარჩენთა მიმართაც . . . ‘’(პლატონი 2003).

აქ გამოჩნდა პირველად პლატონის გატაცება ლითონური, როგორც კოსმოსისა და სხვადასხვა კაცობრიული მოდგმის სუბსტანციურ პირველელემენტთა მითოკლასიფიკაციით, რაც არა მხოლოდ ელინურ-ბერძნული(აქ პლატონის უშუალო წყარო ბერძნული მითების ერთ-ერთი სისტემატიზატორი ჰესიოდე იყო), არამედ აღმოსავლური მითოსური ტრადიციითაც იყო გამყარებული(მაგ.ინდური კლასიფიაცია ხუთ კოსმიურ დროზე). ,,სახელმწიფოს’’ მერვე წიგნში პლატონმა ოთხი მითოკოსმიური ციკლიდან/ეპოქიდან თავის ,,იდეალურ ქალაქს’’ ,,ოქროს ხანის’’ პარადიგმაში მიუჩინა ადგილი, თუმცა იქვე მისი ჰარმონიის რღვევაც იწინასწარმეტყველა: ,,ვერც ჰესიოდესეულ სხვადასხვა მოდგმას განასხვავებენ ერთმანეთისაგან და ვერც ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა თუ რკინის თქვენეულ მოდგმას. როცა რკინა ვერცხლი ჰგონიათ, სპილენძი კი ოქრო, ამას შედეგად მოსდევს თანასწორობის, სამართლიანობისა და ჰარმონიის რღვევა.’’(პლატონი 2003:VIII-577ა-562ა.). პლატონი თავისი იდეალური ქალაქის ,,ოქროს ხანის’’ აღსასრულს გარდაუვალი ონტოლოგიური კანონზომიერებით ხსნის: ,,ძნელია შეარყიო ამნაირი წყობილების მქონე სახელმწიფო, მაგრამ რაკი ყველაფერი, რაც იბადება, სასიკვდილოდ განწირულია, ვერც ეს სახელმწიფო გაძლებს სამარადისოდ.’’ ამდენად, იდეალური ქალაქ-სახელმწიფო, როგორც ,,ოქროს ხანა,’’ განუხორციელებელია(მყიფეა) თავად მითოსში და მის კვალზე, პლატონის ,,იდეალური ქალაქის’’ კონცეფციაშიც(რასაც, ნებით თუ უნებლიეთ, ყურადღების მიღმა ტოვებდნენ ცნობილი უტოპისტები)2. ოქროს ხანა საწყისი, ბედნიერი ეპოქაა, მაგრამ მისი სრულყოფილება(გადამეტების გზით) გადაგვარებადია და თანდათან სხვა, დაბალი რანგის ლითონების – ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კატეგორიებში გადადის, საბოლოოდ კი სრული კრახით – ექატოლოგიით სრულდება. აქ ნიშანდობლივია ,,სახელმწიფოს’’ ქრონოლოგია(,,სახელმწიფოს’’ თავების/წიგნების ქრონოლოგიას ვგულისხმობ), რომელშიც გარკვეულ კანონზომიერებას ვჭვრეტთ: პლატონის ორი მითი ქრონოლოგიური კანონზომიერებით ლაგდება, სადაც ,,იდეალური ქალაქის’’ მითი(წიგნი მესამე) წინ უსწრებს ,,გამოქვაბულის მითს’’(წიგნი მეშვიდე). მერვე წიგნი კი იდეალური ქალაქის კრახს გვამცნობს. მერვე წიგნი არის მხოლოდ შემაჯამებელი აქტი, განაჩენის გაფორმება, ის რაც იმთავითვე ნაგულისხმევი იყო გამოქვაბულის მითში.

პლატონი ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მითს გვიყვება. თავდაპირველად ქმნის ,,ოქროს ხანის’’ ქალაქ-სახელმწიფოს მითოხატს, გვარწმუნებს მის უნივერსალურობაში, მაგრამ იქვე, სულ რაღაც ოთხი თავის(წიგნის) შემდეგ იწყებს თვითმხილებას:

პატიმრები თავიანთ წინ გამოქვაბულის კედელზე მოციმციმე ლანდების გარდა ვერაფერს ხედავენ, რადგან გაჩენის დღიდან თავის უკან მიბრუნებაც არ შეუძლიათ. კედლის ამ ლანდებს ისინი ნამდვილ საგნებად მიიჩნევენ. ხოლო გამოქვაბული რომელიც ექოსავით იმეორებს მგზავრების სიტყვებს, ეს ექო პატიმრებს მოციმციმე ლანდების საუბარი ჰგონიათ. ამდენად, ისინი ნამდვილ საგნებად აღიქვამენ ნადვილი საგნების ჩრდილებს. რა მოხდება მაშინ, თუ პატიმრებს ბორკილებს აჰყრიან და გაათავისუფლებენ, დაიხსნიან ასეთი უმეცრებისაგან? . . .(პლატონი 2003).

მხოლოდ მითს შეუძლია მითისაგან განჯადოება, ამიტომაც პლატონს ,,სახელმწიფოს’’ მეშვიდე წიგნში შემოაქვს ,,იდეალური ქალაქისაგან’’ განჯადოების ,,გამოქვაბულის’’ მითი. მეშვიდე წიგნი არის ის ზღვარი, საიდანაც იწყება მითოსისა და მისი ფანტაზმების მხილება, ,,იდეალური ქალაქისა’’ და მისი მითოსის უარყოფა. ამგვარად, უხილავი ძაფები გაიბმება ქალაქსა და გამოქვაბულს შორის, სადაც ქრონოლოგია თავის სიტყვას ამბობს: პლატონი, თავდაპირველად, ქმნის ,,იდეალურ ქალაქს’’, ქალაქის საკელთილდღეოდ შემოაქვს და ამკვიდრებს ოქროს ხანის პოლიტიკურ მითოსს და შედეგად იღებს ,,იდეალური ქალაქის’’ მეტაფიზიკურ ორეულს – ,,გამოქვაბულს,’’ თავისი მოქალაქე–ტუსაღებითა და კედლის მითო–ჩრდილებით. პლატონი გვიჩვენებს, რომ ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკური მითოსი გამოქვაბულის კედლებით შემოსაზღვრავს პოლისის სივრცეს, რომელსაც გადააქცევს დიადი ფანტაზმის ,,იდეალურ ქალაქად,’’ ელინური ხანის ,,დისნეილენდად.’’3 ქალაქშიც და გამოქვაბულშიც ჭეშმარიტებას ფარავს მითოსური ,,ჩრდილები’’, უტოპიური ფანტაზმი. ,,იდეალურ ქალაქშიც’’ და ,,გამოქვაბულშიც’’ სიცრუე(მეტაფიზიკური) მეფობს, გაბატონებულია პლატონისეული ,,კეთილშობილი ტყუილი’’, როგორც მითოსი, როგორც ახალი სოციალურ-პოლიტიკური ხილვა. იდეალური ქალაქის ვითომ თავისუფალ მოქალაქეს გამოქვაბულში ხელბორკილები ადევს. სწორედ ხელბორკილები და გამოქვაბულის ბნელი, დახურული სივრცე უჩვენებს იდეალური ქალაქის მოქალაქეს თავის რეალურ მდგომარეობას: ის მიჯაჭვულია მითზე(ერთსა და იმავე დროს, პოლიტიკურ და მეტაფიზიკურ მითზე), იგი ტუსაღია და მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლია ცქერა – მითიური ფანტაზმის მიმართულებით.

ამდენად, პლატონის ,,სახელმწიფო’’ გარკვეულ მითოპარადიგმულ სისტემას გააცხადებს, რომელსაც აღარაფერი აკავშირებს ტრადიციულ მითოსთან, არამედ, მისი მითოგრაფოსი თავად პლატონია. იგი თავად ამკვიდრებს არატრადიციულ პოლიტიკურ–ონტოლოგიურ მითოსს და ,,იდეალური ქალაქი’’ მეტაფიზიკური გამოქვაბულის ჩიხში შეჰყავს: აქ პლატონი ,,ქალაქ–გამოქვაბულის’’ – სრულიად ახალი ონტოლოგიური პარადიგმის ფუძემდებლად გვევლინება. ეს არის ორი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ქალაქ–გამოქვაბულის სპირალური პარადიგმა, რომელშიც ქალაქი და გამოქვაბული ერთმანეთს კვეთს, ერთმანეთს ემთხვევა; რომელშიც ქალაქი გამოქვაბულში ითქვიფება, ისევე როგორც რეალური საგნები ქარწყლდება თავისსავე შუქჩრდილებში(გამოქვაბულის მითი).

თითქოს ეს ორი მითი თავისი პათოსით ერთმანეთის საპირისპიროა: თუკი ,,იდეალური ქალაქის’’ მითი ,,კეთილშობილ სიცრუეში’’ არსებობისაკენ გვიბიძგებს, გამოქვაბულის მითი, ამის საპირისპიროდ, ცდილობს გაგვათავისუფლოს მითოსური ფანტაზმისაგან. მაგრამ ორივე მითი, საბოლოოდ, მაინც ერთსა და იმავე შემოსაზღვრულ სივრცეში გვაბრუნებს,– ქალაქ-გამოქვაბულში, დიადი ფანტაზმების, მითოსური ხილვების პოლისში და მის ონტოლოგიურ პოლიტიკაში. ორივე მითი ერთად(და არა ცალ-ცალკე) ერთ საერთო სპირალურ პარადიგმას გამოხატავს: ქალაქისა და გამოქვაბულის სპირალური გადაკვეთის, თანხვედრის, შერწყმის პარადიგმას. ამიტომაც წერს ლეო შტრაუსი, პლატონის ინტერპრეტაციისას: ,,გამოქვაბულის დატოვებით ქალაქის მთელი ხედი და პოლიტიკური სფეროები ქრება თვალსაწიერიდან. თუკი ფილოსოფოსმა პოლიტიკური მმართველობა უნდა განახორციელოს, მას გამოქვაბულში დაბრუნება მოუწევს; ანუ მზის სინათლიდან ჩრდილების სამყაროში დაბრუნება.. . ‘’(შტრაუსი 2011:56).

გამოქვაბული პოლიტიკური ბუნაგია, მხოლოდ აქ, ამგვარად მოდელირებულ სივრცეშია შესაძლებელი პოლისის, ანუ ,,პოლიტიკის’’ განხორციელება. აქ არის ადამიანების, მოქალაქეების და მათი ფილოსოფოსი მმართველების(მეფე-ფილოსოფოსი) ადგილი. ამიტომაც აბრუნებს უკან, გამოქვაბულში იქიდან თავდაღწეულ უკვე ფილოსოფოსად ქცეულ ,,ყოფილ პატიმარს’’ თავად პლატონი, სახელმწიფო ინტერესებისა და უზენაესი სამართლიანობის სახელით. სწორედ ამ ეპიზოდში გააცხადა პლატონმა, რომ მესამე წიგნის ,,იდეალური ქალაქი’’ და მეშვიდე წიგნის ,,გამოქვაბული’’ და ერთი და იგივეა:

,,… მაგრამ როცა ამ სიმაღლეს მიაღწევენ და გულს იჯერებენ მისი ჭვრეტით, იმის ნებას კი აღარ მივცემთ, რაც დღეს ნებადართულია მათთვის. . . . ამ სიმაღლეზე დარჩენისას, თუკი აღარ ისურვებენ კვლავ დაუბრუნდნენ ჩვენს პატიმრებს, რათა, ავად თუ კარგად, მათი ჭირი და ლხინი გაიზიარონ. . . . კანონი ერთი რომელიმე ფენის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას. შეგონებით თუ იძულებით, ის უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის ერთიანობას, რათა ისინი ერთმანეთისათვის სასარგებლონი იყვნენ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ამით არგონ მთელ სახელმწიფოს. . . . . ჩვენ უსამართლონი კი არ ვიქნებით ჩვენივე აღზრდილ ფილოსოფოსთა მიმართ, არამედ სამართლიან მოთხოვნებს წავუყენებთ და ვაიძულებთ მათ, როგორც მცველებს, სხვებზე იზრუნონ’’(პლატონი 2003).

მაგრამ პლატონი მეფე-ფილოსოფოსს ქალაქ-გამოქვაბულში – ,,დიადი ფანტაზმების’’, პოლიტიკური მითის განსახორციელებლად აღარ აბრუნებს, არამედ პირიქით – გამოქვაბულის მითისაგან განსაჯადოებლად: პლატონის ქალაქ-გამოქვაბულის პარადიგმა რომელიც სპირალურად მოძრაობს ორი საპირისპირო მიმართულებით – ქალაქიდან გამოქვაბულისკენ და გამოქვაბულიდან ქალაქისკენ, – მათი საბოლოო ფატალური შეერწყმის მიზნისკენ, ქალაქ-გამოქვაბული უნდა განაჯადოვოს თავისივე მითოსისაგან. პლატონი იქვე გვიჩვენებს, რომ ამაოა მითოსისაგან გათავისუფლების მცდელობა – პოლიტიკური მითოსი სპირალური პარადიგმის ფუნდამენტური ნაწილია, იგი მთლიანად განსაზღვრავს პლატონისეული პარადიგმის არსს: ადამიანებს(გამოქვაბულის ტუსაღებს, მოქალაქეებს) არ სურთ ირწმუნონ ჭეშმარიტება მითიური ფანტაზმის მიღმა. გამოქვაბულში მიბრუნებულ გონებაგანათებულ ყოფილ პატიმარს ,,თუ მღვიმეში სამუდამოდ გამომწყვდეულ პატიმრებთან კვლავ მოუწევდა პაექრობა ამა თუ იმ ლანდისა და მისი მნიშვნელობის გამო, განა მასხრად არ აიგდებდნენ ამ სიტყვებით: რას მიეხეტებოდა იმ სიმაღლეზე, სულ ტყუილად დაკარგა თვალის ჩინიო? ასე რომ, თუ ვინმე შეეცდებოდა ტყვეობიდან დაეხსნა და მაღლა აეყვანა ისინი, განა იმწამსვე სულ არ გააფრთხობინებდნენ, ხელში რომ ჩავარდნოდათ?’’(პლატონი 2003).

გამოქვაბულის ფანტაზმი არის იდეალური პოლიტიკური მითოსი გამოქვაბულის მოქალაქეებისათვის. ისინი არჩევენ ,,ჩრდილების’’ სამყაროს ტყვეობაში – პოლის-გამოქვაბულში, პოლიტიკურ ბუნაგში დარჩენას. ამ ,,პოლიტიკური ბუნაგის’’ თავისებური ექო გაისმის არისტოტელესთან, რომელიც პოლისის მოქალაქეს გამოქვაბულის ზოომორფული ნიშნით აღბეჭდავს. არისტოტელეც პლატონის მსგავსად, ქალაქ-სახელმწიფოში, როგორც ერთგვარ ,,პოლიტიკურ ბუნაგში’’ აბრუნებს იქიდან წასულ ,,პოლიტიკურ ცხოველს’’: ,,ქალაქ-სახელმწიფო ბუნებრივი მოვლენაა და ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი. ხოლო ადამიანს, რომელსაც არსებობა სახელმწიფოს გარეთ უნდა, ან ცხოველია ან ღმერთი. როგორც ჰომეროსიც ამბობს განკიცხვით: ,,ის იყო ბოგანო, კანონგარეშე და უსახლკარო . . .’’(არისტოტელე 1983: I-1).

არისტოტელე სხვა მხრივაც აგრძელებს პლატონის დაწყებულ მითოპოლიტიკურ ნარატივს. მისთვისაც, სახელმწიფოს მართვის, პოლიტიკური და სოციალური კონტროლის, კანონთა განხორციელების ინსტრუმენტად მითოსი გვევლინება. ,,მეტაფიზიკის’’ მეთოთხმეტე წიგნის მერვე თავში არისტოტელე წერს: ,,მითის ფორმაში ძველ და უძველეს მოაზროვნეთა მიერ გაზიარებული შეხედულებით, ღმერთები ასეთნი არიან და ისინი მოიცავენ მთელ ბუნებას. დანარჩენი მითიური კი დამატება იქნება მასის დასარწმუნებლად, კანონების განსამტკიცებლად და სარგებლობის მიზნით.’’ არისტოტელე 1964:249.107-4ბ)). ოღონდაც, არისტოტელე გვერდს უვლის ,,კეთილშობილ ტყუილს.’’ როგორც კარლო გინძბურგი წერს, არისტოტელესთვის ,,მრავალთა ასალაგმავი იარაღი ჭეშმარიტების უარყოფა და სიცრუის შემოღება კი არა, მისი ანთროპომორფული შენიღბვაცაა.’’ სადაც ,,პირველადი შინაარსი ნარჩუნდება მითოსის სახით. . . პლატონმა ბევრად უფრო სასტიკი სურათი დახატა’’(გინძბურგი 2011:351).

მართლაც, პლატონი სასტიკ მითოსურათს ხატავს: იგი შექმნისა და შექმნილის უარყოფის გზით მიდის, ,,ოქროს ხანისა’’ და ესქატოლოგიის რადიკალიზმს მისდევს. არსებითად ასეთია სპირალური მითოპარადიგმა, ,,მარადიული ბრუნვის’’ მითი, სადაც საწყისი ყოველთვის აღსასრულთანაა და მას კვეთს.

როგორც ჩანს, პლატონი მაინც ტრადიციული მითოსის პარადიგმაში მოძრაობს.


შენიშვნები

1.ჩვეულებრივ მითოსში ისტორიული ქრონოლოგია დარღვეულია და იგი მითოსურ ქროლოგიას შეესაბამება. ამიტომაც ჩვენ პარადიგმებს მითოსური მსოფლმხედველობის ქრონოლოგიით ვალაგებთ. კაცობრიობის კულტურისა და აზროვნების(მსოფლმხედველობის) ისტორიამ იცის, რომ დუალური მსოფლმხედველობა და მოვლენათა ბინარული დაყოფა-აღქმა აზროვნების პირველადი ფორმაა, ამიტომაც პარადიგმულად გილგამეშისა და ენქიდუს ფილოსოფიურ-ონტოლოგიური მითოსი წინ უსწრებს შუმერ მეფეთა – ენმერქარისა და ლუგალბანდას ეპოსების ეთნო-პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, სადაც უმთავრესი მითოპოლიტიკური პათოსი ურუქის, როგორც უპირველესი ქალაქ-პოლისის ჰეგემონობაა. შუმერულ-აქადური ტექსტის მთარგმნელი პროფ. ზ.კიკნაძე ძალიან ზუსტად განსაზღვრავს ამ ეპოსის ჟანრს: ,,ენმერქარისა და ლუგალბანდას ეპიკური ციკლები ნაციონალური ხასიათისაა, შეგვიძლია მათ ნაციონალური ეპოსები ვუწოდოთ, რამდენადაც მათში აშკარად ჩანს ურუქის ინტერესები, მისი სწრაფვა დასახლებულ სამყაროზე ჰეგემონიისკენ’’(შუამდინარული 2009).

პლატონი პირველი ფილოსოფოსი იყო, რომელმაც თავისი დროის სამი წამყვანი დარგი – ფილოსოფია, მითოლოგია და პოლიტიკა ერთმანეთს შეუსაბამა. ეს იყო სისტემური და სტრუქტურული დაკავშირება, მითოსური მოდელების პოლიტიკის ფილოსოფიაში გადატანით. პლატონი პირველი ფილოსოფოსი იყო, რომელმაც კაცობრიობის მოდგმათა მითოლოგიური ლითონური კლასიფიკაცია პოლიტიკურ იდეოლოგიად აქცია და დასაბამი დაუდო უტოპისტურ თეორიებს. პლატონის იდეალური სახელმწიფო წყობის ,,ოქროს ხანის’’ უტოპისტური მითოსისტემა სულ სხვადასხვა ეპოქებსა და იდეოლოგიებში ცოცხლდებოდა, კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე.
ჟან ბოდრიარსა(წიგნი ,,სიმულაკრები და სიმულაცია’’1981წ.) და უმბერტო ეკოს(ესე – ,,მოგზაურობა ჰიპერრეალობაში’’ 1975წ.) პოსტმოდერნული სამყაროს ჰიპერრეალობის თვალსაჩინო სიმბოლოდ/ნიმუშად ,,დისნეილენდი’’ მიაჩნიათ.


ლიტერატურა :

ამირანიანი 1947: მ.ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, თბ.1947.

არისტოტელე 1983: Аристотель ПОЛИТИКА. ВКН. Аристотель. Сочинения: В 4 т. Т. 4. – М.: Мысль,1983.

არისტოტელე 1964: არისტოტელე, მეტაფიზიკა, მთარგმნელი – თ.კუკავა, თბ.1964.

გასეტი 1993: ხოსე ორტეგა ი. გასეტი, ,,მასების ამბოხი’’, თბ.1993.

გილგამეშიანი 2009: ,,გილგამეშიანი’’, ძველი შუამდინარული ეპოსი, აქადურიდან და შუმერულიდან თარგმნა ზურაბ კიკნაძემ, თბ.2009წ.

გინძბურგი 2011: კარლო გინძბურგი, ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია. ესსები ევროპის ისტორიისა და კულტურის შესახებ, თბ.2011.

მროველი: ლეონტი მროველი, ფარნავაზის ცხოვრება. წიგნში: ქართლის ცხოვრება, რედაქტორი როინ მეტრეველი, თბ.2008.

პლატონი 2003: პლატონი, ,,სახელმწიფო’’, თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა, ,,ნეკერი’’, თბ.2003.

შმიტი: Карл Шмитт, ПОЛИТИЧЕСКАЯ ТЕОЛОГИЯ. четыре главы к учению о суверенитете, 2000.

შტრაუსი 2011: ლეო შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? ,,საუნჯე’’, თბ.2011.

შუამდინარული 2009: შუამდინარული პოეზია, თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ზურაბ კიკნაძემ, თბ.2009.

ეპოსები 2009: შუმერ მეფეთა ეპოსები, თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნინო სამსონიამ, თბ.2009.


* https://semioticsjournal.wordpress.com/2016/02/29/ხათუნა-თავდგირიძე-ქალაქ/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე EmptyFri Mar 08, 2019 1:31 pm

ხათუნა თავდგირიძე Der_fi10

Khatuna Tavdgiridze

Der Fisch mit zwei Schatten

Die Träume der Könige
ca. 200 Seiten, gebunden, Lesebändchen
EUR 21,00

„Der Fisch mit zwei Schatten“ ist ein moderner, georgischer, philosophischer Roman, geschrieben im Stil des magischen Realismus. Die Handlung spielt einerseits in einem erfundenen mystischen Reich – dem am Meer gelegenen Umman – und andererseits spielt sich die Handlung im frühen Mittelalter ab, wo Westen und Osten, Christentum und Islam aufeinandertreffen, in dessen Hintergrund sich die apokalyptischen Szenen des Mittelalters abspielen. Zusammen mit den erfundenen Figuren dieses Buches treffen wir auf die Folklorewesen aus aller Welt, auf die universalen, religiösen und mythologischen Archetypen.
In der uralten Handschrift „Die Träume der Könige“ werden Weisheiten, Prophezeiungen und die Chroniken einer Familie aufbewahrt. Mithilfe einer metaphorischen Sprache wird sie uns erzählt, die Geschichte einer Person von Anbeginn der Zeit bis zu ihrem Ende.
Das Jahr 1008: Die Apokalypse ist unausweichlich, doch wird das Leben der Menschen weitergehen auch nach dem jüngsten Gericht? In diesem Roman wird der Mythos der totemischen Zwillinge zum Leben erweckt und die Zukunft der Menschheit wird neu geschrieben.
Khatuna Tavdgiridze, geboren am 15. August 1974 in Batumi. Sie ist Schriftstellerin, Folkloristin und Professorin für Mythologie an der Universität Batumi. Forschungsgegenstand ihrer interdisziplinären Forschung sind archaische Kulturen, Vergleichenden Mythenforschung, Politische Mythologie, Mittelalterforschung, Religionsforschung u. v. m. Zurzeit arbeitet sie als Professorin am Georgisch-Amerikanischen Institut und an der Grigol-Robakidze-Universität. Sie ist Autorin mehrerer Romane, Erzählungen und Gedichte, die sie im Stil des magischen Realismus schreibt.
Anastasia Kamarauli, geboren 1993 in Tbilissi. Seit ihrem siebenten Lebensjahr lebt sie in Deutschland. 2012 begann sie ihr Bachelorstudium der Politikwissenschaft mit dem Nebenfach Kaukasiologie an der Goethe-Universität Frankfurt am Main, das sie 2016 abschloss. Zurzeit studiert sie im Masterstudium Internationale Studien/Friedens- und Konfliktforschung ebenfalls in Frankfurt am Main. Seit 2009 ist sie Mitglied der Übersetzer-Assoziation beim Frankfurter Literatursalon EUTERPE.


Links:
* https://www.wieser-verlag.com/buch/der-fisch-mit-zwei-schatten/
* https://www.amazon.de/Fisch-mit-zwei-Schatten-Tr%C3%A4ume/dp/3990293095


Exclamation

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და ავსტრიული გამომცემლობის Wieser Verlag მიერ გამოიცა ხათუნა თავდგირიძის 'თევზი ორი ჩრდილით'. წიგნი გერმანულ ენაზე თარგმნა ანასტასია ყამარაულმა.

„თევზი ორი ჩრდილით“ მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი თანამედროვე ქართული ფილოსოფიური რომანია, რომლის სიუჟეტი, ერთი მხრივ, გამოგონილი მისტიკური ქვეყნის – ზღვისპირა უმმანის, მეორე მხრივ კი, ისტორიული ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ქრისტიანული და ისლამური სამყაროების გადაკვეთათა ზღვარზე ვითარდება. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით მსოფლიო ფოლკლორულ-მითოსურ სახეებს, რელიგიურ და მითოლოგიურ უნივერსალურ არქეტიპებს. რომანის მთავარი კოსმოგონიურ-ესქატოლოგიური კონცეფცია კი ხორცშესხმულია შუა საუკუნეების აპოკალიფსური ისტერიებით, რაც მუდმივ ფონად გასდევს ერთი უძველესი გვარის ბერელების მისტიკურ ქრონიკას.

'Fish with Two Shadows ' by Khatuna Tavdgiridze was translated and published by Austrian Publishing House Wieser Verlag with support of the Georgian National Book Center. The book was translated into German by Anastasia Kamarauli.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ხათუნა თავდგირიძე Empty
PostSubject: Re: ხათუნა თავდგირიძე   ხათუნა თავდგირიძე Empty

Back to top Go down
 
ხათუნა თავდგირიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: