არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ეკატერინე ტოგონიძე

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:11 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater10
Ekaterine Togonidze

ეკატერინე ტოგონიძე
მწერალი, ჟურნალისტი

დაიბადა 1981 წლის 16 მარტს. დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის'' წამყვანად, 2009-დან 2011 წლამდე კი უძღვებოდა დილის გადაცემა „ალიონს''. სატელევიზიო კარიერის პარალელურად ის ჟურნალისტიკაში ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა. 2011 წელს გამოვიდა ეკატერინე ტოგონიძის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „ანესთეზია'', რომელიც ლიტერატურული პრემია „საბა 2012-ის'' ლაურეატი გახდა. მისი მოთხრობები ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე, შევიდა გერმანულ და ამერიკულ გამოცემებში, მიიღო არაერთი ლიტერატურული ჯილდო. ეკატერინე ტოგონიძის სცენარმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის სცენარების განვითარების კონკურსში (2013 წ).
ეკატერინე ტოგონიძე არის პროექტ „კვირის აზრების'' ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს'' ეთერში ვიდეობლოგის სახით გადის. ეკატერინე ტოგონიძე ჩართულია რამდენიმე სოციალურ პროექტში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად.
ეკატერინე ტოგონიძის, როგორც პიარ მენეჯერის, საქმიანობა საქართველოში ლიტველების მიერ დაარსებულ კომპანია „free time-ში” დაიწყო, შემდეგ მან გაიარა გაუ თბილისის PR სკოლის სასერტიფიკატო კურსი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - გახდა საუკეთესო სტუდენტი და ამავე კურსის ერთ-ერთი ლექტორი.
2014 წლის სექტემბრიდან ეკატერინე ტოგონიძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელია.

ბმული:
* http://gau.ge/ge/node/274
* https://www.facebook.com/EkaterineTogonidze
* http://book.gov.ge/en/author/togonidze-ekaterine/19/
* https://en.wikipedia.org/wiki/Ekaterine_Togonidze
* https://ru.wikipedia.org/wiki/Тогонидзе,_Екатерина
* https://www.imdb.com/name/nm7117004/


ეკატერინე ტოგონიძე - ჟურნალისტიკიდან პროზაში
Georgian Broadcaster
გამოქვეყნდა 20 ნოე. 2014-ში

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:16 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater12
ეკატერინე ტოგონიძე

პირადი ჩანაწერები

ის ჩემთვის ქალის ფენომენია. მის მეტყველ და შთამბეჭდავ თვალებში ცხოვრების ხიბლი სრულად იხატება. მასში ერთდროულად შერწყმულა პირველყოფილი სილამაზის და ქალური ხიბლის ღვთაებრივი ხელოვნება. მისი ხმის ტემბრი მუდამ მშვიდი და ხავერდოვანია. საკუთარი თავი, ალბათ, საოცრად მალე შეიცნო და ჩვენც მალევე გაგვაცნო, უამრავი საინტერესო ჩარჩოდან. არიან ადამიანები, რომელთა შესახებ უბრალოდ შეუძლებელია სიტყვით გამოხატო დამოკიდებულება, შეაფასო და წარადგინო. მას უნდა უბრალოდ იცნობდეთ, რათა ყველაფრის დანახვა და შეფასება შეძლოთ… – ეკატერინე ტოგონიძე, საკუთარი პირადი ჩანაწერებით.
მე მიხარია, რომ მას ვიცნობ, გაიცანით თქვენც…
„შეუძლებელია ბედნიერების ფორმულებით განსაზღვრა, თუმცა ადამიანები მაინც ვცდილობთ, აბსტრაქტული ცნებები კონკრეტულ სიტყვებში მოვაქციოთ და უფრო ხელშესახები გავხადოთ. ერთ-ერთი ასეთი მარტივი და რაციონალური დეფინიციის მიხედვით, ბედნიერია ის, ვისაც დილით სამსახურში წასვლა უხარია და საღამოს – შინ დაბრუნება. ჩვენი 24 საათი, ძირითადად, ხომ სწორედ ამ ორ სფეროს – პირადსა და სამსახურებრივს – შორის ნაწილდება… დილით გულწრფელად მიხარია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მისვლა, სადაც ცოტა ხნის წინ პიარის, მარკეტინგისა და დასაქმების ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველდღე მხვდებიან კეთილგანწყობილი, მოტივირებული ადამიანები და იდეების განსახორციელებელად დიდი ხელშეწყობა, უამრავი შესაძლებლობა არსებობს. საღამოს კი მიხარია შინ დაბრუნება, ბავშვთან თამაში, ოჯახთან დროის გატარება, მეგობრების ნახვა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთება – წიგნების კითხვა და წერა. მიხარია ტელეკომპანია „მაესტროში“ მისვლა, სადაც „კვირის აზრების“ ვიდეობლოგის ჩაწერა მაქვს ხოლმე.
მიხარია სცენარის კონსტრუქციული ანალიზის სემინარში მონაწილეობა, რომელიც კინორეჟისორისა და სცენარისტის არიკ კაპლუნის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მიხარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდამჭერ სოციალურ პროექტებში ჩართვა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც სასარგებლო მგონია სხვებისთვისაც და ჩემთვისაც… თუმცა ბედნიერების შეგრძნების რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევა მაინც ძალიან რთულია და ზოგჯერ მიფიქრია, რომ გიხაროდეს და აფასებდე კონკრეტულ წუთს – აი აქ და ახლა – ეს დიდი ნიჭია. იქნებ ბედნიერება მადლიერებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ასევე ადამიანის ფასდაუდებელ უნარად მიმაჩნია: იყო მადლიერი თითოეული ახალი დღის, რომელიც მზიანი, წვიმიანი ან თოვლიანი გათენდა; შვილის და მშობლების, რომლებიც შენ არ აგირჩევია და უნდა მიიღო ისეთები, როგორებიც არიან; მეუღლის, რომელიც თავად აირჩიე, მაგრამ მაინც სწორედ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის; ქალაქის, რომელშიც დაიბადე, ცხოვრობ და ბევრი რამ არ მოგწონს, მაგრამ გიყვარს და ბევრიც გისწავლია აქ; მეგობრების, რომლებმაც ძალიან გაგიმართლეს – ყოველთვის ბოლომდე გიდგანან გვერდში; ადამიანების, რომლებმაც უსამართლოდ ან შენივე მიზეზით გული გატკინეს და ამ გულისტკენასთან გამკლავების გამოცდილება შეგძინეს; მოულოდნელობების, რომლებსაც უბრალოდ გულის კარი უნდა გაუღო… და მთლიანად სამყაროსი, რომელშიც არსებობ და ყოველდღე გეძლევა ახალი შანსი, ცვლილებები, პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დაიწყო, გახდე გუშინდელზე თუნდაც ოდნავ, სულ ოდნავ უკეთესი…“

10/10/2014

ბმული:
* http://kvira.ge/99252

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:25 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater11

ეკატერინე ტოგონიძე

მზეთუნახავი

ვერცხლისფერ დაფაზე სიმეტრიულად განლაგებულ ოთხ ნათურას უყურებდა, როცა ანესთეზიოლოგმა ხელით ანიშნა, იძინებო. ამაზე წინასწარ შეუთანხმდა ექიმს. არ მოსწონდა, სიტყვას გაუფრთხილებლად რომ აწყვეტინებდნენ და ნარკოზიდან გამოსვლისას დაუმთავრებელი აზრი არ ასვენებდა, მის გახსენებას და გაგრძელებას უშედეგოდ ცდილობდა.
საავადმყოფოს და თეთრხალათიანებს შეეჩვია. ყველაფერს დაწვრილებით ეკითხებოდა, ბევრ რამეში გაერკვა. შეეგუა ტკივილებსაც. შიშით თითქმის აღარ ეშინოდა. ფიქრობდა, რომ შედეგი არსებულზე უარესი ვერ იქნებოდა, უკეთესის იმედი კი ჰქონდა. ნაწიბურების გაქრობის გარანტია არ მიუციათ, თუმცა კომპიუტერში შექმნილი მოდელის მიხედვით მისი გარეგნობა ოთხმოცი პროცენტით უნდა გაუმჯობესებულიყო. ძველი სახის აღდგენაზე აღარ უფიქრია. აირჩია ახალი და განსხვავებული შტრიხები.
ავარიის შემდეგ გაუჭირდა საკუთარი თავის აღქმა. ძველ გარეგნობას ვერ ივიწყებდა, სიზმარშიც და ცხადშიც ხედავდა იმას, რაც სარკიდან თუ ფოტოებიდან ახსოვდა. მოგვიანებით, როგორც იქნა, მიიღო და გაითავისა ანარეკლის ახალი, უჩვეულო ვერსია და ტვინში ჩაიბეჭდა თითოეული ნაწიბური თუ მორღვეული ხაზი, არაპროპორციულად განლაგებული, დაზიანებული ნაკვთები.
ქუჩაში ვერავინ ცნობდა, რაც უსიამოვნებას ნაწილობრივ არიდებდა. გახდა უცხო და თავად აირჩია, ვისთან გაეგრძელებინა ურთიერთობა. ასეთი კი ძალიან ცოტა აღმოჩნდა.
დედამ რომ პირველად დაინახა, სახეზე ხელები აიფარა. ეს საოპერაციოში შეყვანამდე იყო. მერე თავი ხელში აიყვანა და ისწავლა იმით სიხარული, რომ ის გადარჩა.
სამი ოპერაცია გაუკეთეს, სამივე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მეოთხე, უკვე პლასტიკურის ნებართვა ერთწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო. ამ შუალედში კი ბევრი რამ მოხდა, მოულოდნელიც და მოსალოდნელიც…
ფეხზე რომ დადგა, სათვალეც გაიკეთა. შვება მოჰგვარა. სამყარომ უწინდებური ფორმა ვეღარ დაიბრუნა, მაგრამ შორი ხედები საგრძნობლად გამოიკვეთა; სახლის ფანჯრიდან ისევ გამოჩნდა მთა, რომელიც სეზონურად იფერებოდა და შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზად ჭრელდებოდა; დაინახა კორპუსებს შორის მომწყვდეული ერთი ხე, წყნარ ამინდშიც რომ შრიალებდა და უძრავ ნატურმორტში ცოცხალი არსებასავით არხევდა მოვერცხლისფრო ფოთლებს. გაარჩია რეკლამები, რომლებიც მოშორებით მიუყვებოდა მთავარ გამზირს, შეძლო ეზოში გაჩერებული მანქანების ნომრების წაკითხვა. სათვალის ჩარჩო კი ვერაფრით დაივიწყა. ყველაფერს, რასაც ხედავდა – ცას, ადამიანებს, წიგნს, კომპიუტერს, პირსაბანს, საჭმელს, ჭერს, სარკეს თუ საკუთარ დასახიჩრებულ სახეს – გასდევდა სწორხაზოვანი ზღვრები. გაახსენდა ბავშვობაში მამას იპოდრომზე რომ დაჰყავდა და ცხენებს თვალებზე შორებს აფარებდნენ, მათ მზერას კალაპოტში აქცევდნენ, კონკრეტულ მიმართულებას აძლევდნენ და არეალს უვიწროვებდნენ. გეზი მხოლოდ მიზნისკენ უნდა ჰქონოდათ. სწორედ ასე შეიზღუდა მისი ცხოვრება და ჩარჩოში მოექცა შესაძლებლობები, შემცირდა ფუნქციები, შეიკვეცა სურვილები და თავისუფლება. მიზნები კი უბრალოდ გაქრა…
სამსახურში არ გასულა, სამედიცინო ცნობითა და ხელმძღვანელის კეთილგანწყობით ისარგებლა და დაბრუნება შორეული მომავლისთვის, თუნდაც პლასტიკურ ოპერაციამდე გადადო.
ჰაერში დარჩენის განცდა შემზარავი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად მაშინ შეშინდა, როცა ბორბლები მიწას მოწყდა, მიზიდულობის ძალა დაიკარგა და მანქანა ბრმა ტყვიასავით გავარდა სივრცეში. არ უყვირია, კბილს კბილზე ისე აჭერდა, თითქოს ეშინოდა, ხმას სულიც არ ამოყოლოდა…
შემდეგ იყო უჰაერობა. იხრჩობოდა, ჩასუნთქვის ინსტინქტმა გამოაფხიზლა. მიწაზე დაგდებულს ყელში საკუთარი სისხლი იმდენი და ისე სწრაფად უგროვდებოდა, ყლაპვას ვეღარ ასწრებდა. ხელი რომ სახისკენ წაიღო, უცხო, გლუვ მასას შეეხო. შეშუპებულ, სისხლიან ცხვირ-პირზე ნაკვთები აღარ იკვეთებოდა… ტკვილი მოგვიანებით ეწვია და დიდ ხანს აღარ დაუტოვებია დაზიანებული სხეული.
პალატაში სარკე არ იყო. ტუმბოზე სანდროს მოტანილი ყვავილები ეწყო. ნარკოზიდან გამოსვლისას პირველი სწორედ თაიგული დაინახა და თავში გაუელვა ერთადერთმა სიტყვამ: „პანაშვიდი“. შემდეგ ბუნდოვნად გაარჩია თეთრხალათიანები, ახლობლები. გადარჩა. გადარჩა ინვალიდის ეტლსაც. ცხოვრება გაგრძელდა, მხოლოდ სახის გარეშე.
საავადმყოფოდან რომ გაეწერა და სახლში ექთანიც აღარ დასჭირდა, განმარტოება გადაწყვიტა. მშობლები ამ სურვილს შეშფოთებული დუმილით შეხვდნენ. ვებგვერდზე კურორტები დაძებნა და ერთ მიყრუებულ ადგილზე ახალი სასტუმრო აღმოაჩინა. შენობა, რომლის ორი კორპუსიც უკვე დაესრულებინათ, ტბის პირზე მდებარეობდა და სტუმრებს ძირითადად გაზაფხულიდან ელოდა. სანდრომ წაყოლა შესთავაზა. მხოლოდ წაყვანას დათანხმდა. ოთახი წინასწარ დაჯავშნა.
– ერთადგილიანი ნომერი მინდა, საღამოს ჩამოვალ. – დარეკა სასტუმროში.
– ერთადგილიანი? – გაიკვირვა გოგომ.
– დიახ.
– მარტო იქნებით? – გაჯიუტდა მენეჯერი.
– დიახ. – უპასუხა მოთმინებით. ამის გამეორება კიდევ ორჯერ მოუხდა. – ავიღებ არასრულ პაკეტს, სადილისა და ვახშმის გარეშე – თქვა ბოლოს და ყურმილი დაკიდა.
წამლებისა და წოლისგან თითქმის ათი კილო მოიმატა. ტანსაცმლიდან ვეღარაფერი მოირგო თავისი დის ძველი შარვლების გარდა. ზურგჩანთაში წიგნები, სიგარეტი, ორცხობილა და თხილი ჩაყარა. ლეპტოპი გადაიკიდა და სანდროს მანქანაში ჩაჯდა.
ორ საათში უკვე ადგილზე იყვნენ. მეგობრის გაფაციცებული სახე და უჩვეულო მზრუნველობა ხელოვნური ეჩვენებოდა.
– აქ გამიჩერე და წადი! – უთხრა ტბას რომ მიუახლოვდნენ. გზაში სიჩუმეს მხოლოდ რადიო არღვევდა.
– სად გაგიჩერო? მოიცა, გადმოგყები! – გზა განაგრძო სანდრომ.
– არ მინდა.
– ჩანთას აგატანინებ…
– ინვალიდი კი არ ვარ! – შეუღრინა და კარის სახელურს ხელი გამოკრა.
სანდრომ მკვეთრად დაამუხრუჭა.
– წადი, დაგირეკავ. – უთხრა მტკიცედ.
მანქანა ერთ ხანს იდგა. ფარების შუქი ხალიჩასავით გაწვა სასტუმროს ჭიშკრამდე.
– თქვენ გასვლით ხართ? – შეეგება ფანრიანი გოგო.
– ეგ რას ნიშნავს? – მიხვდა, რომ მენეჯერს ელაპარაკებოდა.
– საუზმე რომ აიღეთ მარტო… ვიფიქრე ეტყობა, გასვლით არის-მეთქი… აქ მარტო დასაძინებლად მოხვალთ?
უკმაყოფილოდ გააქნია თავი. სახეს ქუდი და კაშნე უფარავდა.
მენეჯერმა ცარიელი სასადილო, საბილიარდო და ბარი დაათვალიერებინა. უინეტერესოდ მოიარა კორპუსები. ნომერში ავიდნენ. კარი მიკეტა და ოთახს თვალი მოავლო. რამდენიმე წუთში იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად დარჩა მარტო. თითქოს აქამდე მუდამ ვიღაც ახლდა, ვიღაც უთვალთვალებდა, მის დახმარებას ცდილობდა, ამხნევებდა, ამშვიდებდა და საბოლოო ჯამში საოცრად ღლიდა. გარშემომყოფები თავს ვალდებულად თვლიდნენ, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოეჩინათ, რაიმე გაეღოთ, გამოეხატათ. მნახველები ზოგჯერ შეუთანხმებლად სტუმრობდნენ, სტუმრობისას ძალითაც ხუმრობდნენ, მიჰქონდათ საკვები, რომელიც მისთვის არ შეიძლებოდა, უყვებოდნენ ამბებს, რომლებიც არ აინტერესებდა. ეს ნაკადი თვე-ნახევარში შეთხელდა და მერე საერთოდ შეწყდა, მაგრამ იმ პერიოდმა ძალიან დათრგუნა. ტკივილთან მარტო დარჩენის საშუალება ერთხელ არ მისცემია.
ყველაზე ბუნებრივი მისი პატარა დიშვილი იყო. თათია დეიდის დაბრუნებას ყოველდღე ელოდა. რომ დაინახა, გახარებულმა მიირბინა:
– ძალიან გეტკინა? როდის მოგირჩება? როდის გაგივლის ეს რაღაცეები? არ მომწონს… იცოდე, წამლები დალიე, ექიმებს დაუჯერე… – მიაყარა თვალებგაფართოებულმა.
– დავუჯერებ, თათუკა… შეიძლება სულ ბოლომდე არ მომირჩეს… – ბავშვს უნებურად სახე აარიდა.
დედა თვალცრემლიანი უყურებდა, დაც იქვე იდგა კარს მიყრდნობილი.
საღამოს ძილის წინ გოგონამ ფრთხილად შეუღო კარი და უთხრა:
– მე ვიცი! შენ ბოროტმა ჯადოქარმა მოგაჯადოვა! ნუ გეშინია, მოგირჩება… სირინოზიც მოაჯადოვა, ფიფქიაც, მძინარე მზეთუნახავიც… ყველა… ხო გახსოვს, შენ რომ მიკითხავდი… ყველა ბედნიერი გახდა.
ბავშვი ჩაიხუტა.
– მახსოვს, თათუკა…
– შენც ბედნიერი გახდები… – უთხრა თათიამ და დასაძინებლად გაიქცა.
…სასტუმროს ნომერში კედელზე დიდი სარკე ეკიდა. ქუდი მოიხსნა, კისრიდან კაშნე ჩამოიცურა. გაიხადა სვიტერი. გაყუჩდა. თმა აიკეცა. აუჩქარებლად მოქმედებდა. შარვალი ჩაიძრო, გადააბიჯა და სარკეს მიუახლოვდა. საცვლისამარა იდგა. ოთახში თბილოდა. დარაბები დახურული იყო. გაიხადა საცვლები. საკუთარ სიშიშვლეს გადაჩვეულს სარკეში არეკლილი სხეული ეხამუშა. ტანის ფორმა შეცვლილი ეჩვენა, ფეხი, რომელიც თვეობით თაბაშირში ჰქონდა, – საგრძნობლად დაწვრილებული. მოშვებულ მუცელზე ორი გრძელი ნაკერი კვეთდა ერთმანეთს. მკერდი წონის მატებასთან ერთად გაზრდილიყო. სახეზე შუქი ცალი მხრიდან ეცემოდა და მუქი ჩრდილები იარებს ამკვეთრებდა. მარჯვენა თვალი დაბლა იყო დაქაჩული, წარბი ნახევარზე გაწყვეტილი, ცხვირიც ასიმეტრიული, ლოყები და შუბლი დასერილი. სათვალე მოიხსნა. თავი საკუთარ ორეულს მიაბჯინა. სარკე სახესთან მრგვალად დაიორთქლა. უცებ სხეული დაეჭიმა და ტირილი წასკდა, ავარიის შემდეგ პირველად…
გარეთ მგლების ყმუილი გაისმა. ტბა ტყის პირზე იყო. ჩაიმუხლა. გულიდან უნებლიე ხმა აღმოხდა. ცრემლები კისერს ჩაუყვა და მკერდი დაუსველა. სათვალეს ხელი გაუშვა, ყურებზე მიიჭირა, მოიკუნტა და დაპატარავდა. დიდ ხანს იტირა.
მგლების პოლიფონია მიწყნარდა. შენობაში შუქი გამორთეს და მცირედი ფაცი-ფუციც მიწყდა. დაღლილსა და დაცლილს ძილი მოერია. სიფხიზლის ბოლო წუთებში სანდროს სხეულის სითბო გაახსენდა. ავარიის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხებიან, აღარც მოსურვებია. ბალიში გულში ჩაიკრა და სიზმარს მიეცა.
საუზმე განაპირა შენობაში იყო. სარკესავით დამდგარ ტბას ჩაუარა. გედისა და იხვების მშვიდი გადაადგილება წყალს ფაქიზად სერავდა. სასადილოში ერთადერთი მაგიდა იყო გაშლილი. ბუხარი გიზგიზებდა. ქუდი არ მოუხდია. სამზარეულოდან მიმტანი გამოვიდა და მის დანახვაზე დაბნეული შედგა. მერე მისალმების ნიშნად მორიდებით დაუკრა თავი. მზარეულიც გამოყვა. მენიუდან ყველის პელმენი და ყავა აირჩია. მიმტანი თავდახრილი იდგა. მზარეული კი მოურიდებლად აკვირდებოდა და ულუფაც თავისი ხელით გამოუტანა, რომ კიდევ ერთხელ შეევლო თვალი.
– თქვენ მარტო ჩამოხვედით? – დოინჯი შემოირტყა ქალმა.
– დიახ. – მიუგო უხალისოდ.
სასადილოში მენეჯერიც შევიდა.
– აბა როგორ გეძინა? – ჰკითხა ზუსტად იმ დროს, როცა ლუკმა ჩაიდო.
– გმადლობთ… კარგად.
– შენ პირველი ხარ, ვინც მარტო ჩამოვიდა. ეტყობა, გადაიღალე ხო ძაან? დასვენება გინდა… – მიმართა შინაურულად.
– დიახ. – თქვა და ჭამა განაგრძო.
მენეჯერმა ბუხარს შეუკეთა და ისევ მოუტრიალდა.
– კაცო, გუშინ შენი ოთახიდან ტირილის ხმა მომესმა!
ყურებს არ დაუჯერა. ჩანგალს ხელი გაუშვა და გოგოს შეხედა.
– ვიფიქრე, რა ვქნა-თქო…
სიბრაზისგან ყელში ლუკმა აღარ დაგაუვიდა.
– მერე კარგად რომ დავაკვირდი, ვიფიქრე იცინის-თქო… მეთქი ეტყობა, ტელეფონზე დაურეკეს და იცინის-თქო… აბა აქ სატირლად ხო არ ჩამოხვიდოდი?! – თქვა და გაიღრიჯა – დასასვენებლად ჩამოხვედი… თან ვინერვიულე, თუ მართლა ტირის-თქო… მეთქი ხო არ შევიდე… – გაუჩერებლად ლაპარაკობდა.
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მიხვდა, საქმე ჰქონდა ადამიანთან, რომელიც კითხვებს სვამს და თვითონვე პასუხობს. საუზმეს მიუბრუნდა. შეგრილებული ყავა უგემურად მოსვა.
– კაი აბა… თუ რამე დაგჭირდა, მე სუ აქა ვარ… – თქვა ბოლოს მენეჯერმა და ისევ გაიცინა.
მოქუფრული ღრუბლები ნაცრისფრად ირეკლებოდა ტბაში. ცა ისე იყო დამძიმებული, თითქოს შემოჯარულ მთებს ეჭირათ, რომ არ ჩამოქცეულიყო. მის დანახვაზე გედი და იხვები ნაპირს მისცვივდნენ და ნისკარტები დააფჩინეს.
მიმტანმა პური გამოიტანა. ფრინველები აფართხალდნენ. იხვებმა ლუკმა ვერ გაიყვეს. გედმა კი გრძელი კისერი გამართა და ნისკარტი პირდაპირ ხელთან მიუტანა.
– სულ შიათ… – პირველად დაილაპარაკა ბიჭმა. ხმა ჰქონდა მშვიდი და სავსე.
გაწვიმდა. ნომერში ავიდა. მობილურზე ოთხი გამოტოვებული ზარი დახვდა, დედის, თეკლასი და დანარჩენები – სანდროსი. ლოგინზე გადაწვა და ჭერს მიაშტერდა. ცოტა ხანში დედას დაურეკა, დაამშვიდა. მერე თათიამაც მოინდომა მასთან ლაპარაკი:
– მალე ჩამოხვალ?
– კი, მალე…
– რამდენჯერ დავიძინო და გავიღვიძო, რომ ჩამოხვიდე?
– ალბათ შვიდჯერ…
– შვიდი ბევრია. ჩამომიტან რამეს? – ჰკითხა ბავშვმა ყოყმანით.
– აქედან? რა ვიცი… რა გინდა? – ცოტა დაიბნა.
– თოჯინა მინდა, რბილი რომ იყოს, სულ რბილი! – პასუხი გამზადებული ჰქონდა.
– კარგი, ჩამოგიტან. შენ ჭკვიანად მოიქეცი და მე ჩამოგიტან. მერე ზღაპრებსაც წაგიკითხავ…
– მინდა ზღაპრები! რომ ჩამოხვალ, სახე მოგირჩება?… მორჩენილი გექნება?
– არ ვიცი, თათუკა.
– მე მოგირჩენ სახეს. ჩამოდი და მოგირჩენ! – მტკიცედ თქვა თათიამ.
ყურმილი რომ დაკიდა, ღრმა ბავშოვიდან მოგონება წამოუტივტივდა. პატარამ ერთი ბალი ამოიჩემა, უყუნწო, თეთრი ბალი. პლასტმასის სათამაშოებით მობეზრებულმა მისი სირბილე მოიწონა და ადამიანს მიამსგავსა. ეთამაშა, დააძინა, უმღერა. თოჯინის ნაცვლად ბალი იშვილა. ორი დღე როგორც თოთო ბავშვზე, ისე ზრუნავდა, უფრთხილდებოდა. საღამოს წამით მიავიწყდა. ოთახში დაბრუნებულმა დაინახა, მისმა უფროსმა დამ ტელეფონზე ლაპარაკისას როგორ აიღო, ხელში შეათამაშა და შეჭამა. კურკას კი ორი თითი მოუჭირა და ღია ფანჯარას დაუმიზნა. გულამოსკვნით ატირდა. როგორი ბალი აღარ შესთავაზეს მშობლებმა, თეთრი, წითელი, წყვილი, ცალი, მწიფე, მკვახე… მოტყუებაც სცადეს და სხვა შეაძლიეს, ვითომ მისი შვილი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
ოჯახში ხშირად ამბობდნენ, რომ თათია დეიდას გავდა. ისეთივე თავისნათქვამა და მგრძნობიარე იზრდებოდა. არა მხოლოდ ხასიათით, გარეგნობითაც მისი ასლი იყო: სწორი, თხელი ცხვირი, მხიარული, ანთებული თვალები გრძელი წამწამებითა და უპეებზე მათი ჩრდილით. მაღალი, თაღივით შუბლი ურჩი, შავი კულულებით. მუქი ხორბლისფერი კანი და თხელი, გრძელი კიდურები. ღიმილის დროს სახე ერთიანად უნათდებოდა, უბრწყინავდა თვალები და თეთრად უელავდა სიმინდის მარცვლებივით კბილები.
თათია ახლა მისთვის საკუთარი გარეგნობის ხსოვნა იყო…
დღე სრულ სიჩუმეში გაატარა. ტირილი ერთხელ მოერია, ისიც სახეზე აიფარა ხელები და უხმოდ გადმოღვარა ცრემლები. საღამოს ორცხობილა შეჭამა, ტანზე გაიხადა და ის იყო, დასაძინებლად წვებოდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა:
– დიახ! – შეცბა და მკერდზე ხელი აიფარა.
– ხომ არაფერი გინდათ? – მენეჯერი იყო, რომელიც სახელურზე ჩამოკიდებულ წარწერას: „არ შემაწუხოთ“ არაფრად აგდებდა. – რატომ აღარ გამოჩნდი? – ისევ შენობით მიმართა.
– არაფერი არ მინდა… – თქვა გაშეშებულმა.
პაუზა გაჭიანურდა. ბოლოს მენეჯერის ფეხის ხმა გაიგო, როგორც იქნა, წავიდა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
შუქი ჩააქრო და მგლებს მიაყურადა. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ შეყმუოდნენ მხეცები მთვარეს. ძილი რომ შემოეპარა, მზესუმზირები დაინახა. მზეს მიფიცხებული, მზის ტრაექტორიას აყოლილი შავგულა ყვავილები. ყმუილი ნელ-ნელა მიწყდა, სივრცე ბოლომდე დაიცალა სიცხადისგან და გამოჩნდა გედი… თათიას დახატული ლურჯი გედი, რომლის კისერსაც ბავშვი ასე მონდომებით ამრგვალებდა და თან ამბობდა: ნახე, როგორ გავს ორიანს… ორიანზე უფრო ლამაზია… ორიანი… ორი მე… თათია გავს დეიდას. დეიდა?.. დეიდა აღარ გავს თათიას… ის აღარ გავს თავის თავს… მალე მოგირჩება, ნუ გეშინია… ღამე არ ჩანს იარები… ღამე არ ჩანს მზე… მზესუმზირები, მზეთუნახავი… სანდრო, სანდროს თაიგული… ვიღაც ბიჭი… დიდი ტბა… ისევ ბიჭი.
დილით სანდროს დაურეკა.
– ხო აგიხსენი, მარტო მინდა… – საუბარი იყო მოკლე და მშრალი.
საუზმეზე ისევ მზარეული შეეგება. ქალს ოდნავ შემცბარი და შეწუხებული სახე ჰქონდა. ამ მიმიკას ვერ იტანდა. ეჩვენებოდა, რომ ადამიანები მის დანახვაზე იღებდნენ მოღუშულ, სავალდებულო თანაგრძნობითა და ფარული ცნობისმოყვარეობით სავსე გამომეტყველებას.
– დღეს სადილს არ შეგვიკვეთავთ? არ გშივდებათ? – ჰკითხა აღშფოთებულმა.
მზარეულს ფქვილიანი წინსაფარი ფუმფულა მკერდსა და ჩასუქებულ წელზე შემოერტყა. მისი დამრგვალებული თვალები და შეკრული კოპები აღარ ეჩვენა უსიამოვნოდ და ოდნავ გაეღიმა.
– არა მგონია…
– იცით, წიწილა გვექნება, შეგვიძლია კარტოფილი შეგიწვათ. რასაც გვეტყვით… მწვადი…
– გმადლობთ, არ მინდა. – გააწყვეტინა ფრთხილად.
ისევ საუზმეზე შეთანხმდნენ. მიმტანმა სოსისიანი ტაფამწვარი, პური და ყავა მიართვა. ბიჭს თვალი გააყოლა და უცებ მიხვდა, წუხელ სიზმარში ნახა – მიმტანი გედს ეფერებოდა.
წამოწვიმა. სათვალეს ჯერ კარგად არ იყო შეჩვეული და არ იცოდა, წვიმაში როგორ მოეხმარა. მინა შხეფებით დაიწინწკლა. ზედ სვიტერის სახელო გადაუსვა. იხვები და გედი მის დანახვაზე ისევ წამოიშალნენ, მაგრამ მალევე უიმედოდ მოშორდნენ ნაპირს. იქვე ჯაჭვით დაბმული ძაღლი იწვა. წვიმამ რომ უმატა, ზლაზვნით წამოდგა და სახლისკენ გაემართა. ძაღლი კოჭლი აღმოჩდა, უკანა ფეხი მოტეხილი ჰქონდა და ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდებოდა.
ავარიის მერე გონებაში უცაბედად ამოუტივტივდებოდა ხოლმე რომელიმე არაფრითგამორჩეული მომენტი, ზოგიერთი მართლა მნიშვნელოვანი კი დავიწყებას მისცემოდა. ახლაც გაახსენდა, რომ ერთხელ ქუჩაში ნახა კოჭლი ძაღლი. ცალ ფეხს მიათრევდა საცოდავად და ისე მიდიოდა. კუთხეში მეორე ძაღლი დახვდა. ისიც კოჭლი. ერთმანეთს სველი ცხვირები შეახეს და გზა ერთად, კოჭლობით განაგრძეს. ეს კადრი ძალიან ცხადად დაუდგა თვალწინ.
სანდრო კინოკლუბში გაიცნო. მეგობარმა დააღალატა და ბოლოს მარტო მოუხდა კინოსეანსზე შესვლა. ფილმი დაწყებული დახვდა. კლუბი წიგნის მაღაზიაში მოეწყოთ. ჩამოკიდეს ეკრანი, დააწყვეს სკამები, აირჩიეს კინო და ჩააქრეს შუქი. სიბნელეში გზა ძლივს გაიკვლია. თავისუფალი ადგილი იპოვა და დაჯდა. ფილმმა გაამართლა. ფინალმა დაასევდიანა. ცრემლები ვერ შეიკავა. შუქი რომ აანთეს, გვერდზე მჯდომი ბიჭის მოერიდა და თვალები უხერხულად მოიწმინდა.
– ჩემზეც იმოქმედა… – თქვა უცნობმა მოულოდნელად და გაუღიმა.
მაღაზიიდან რომ გამოვიდნენ, ბიჭმა სიგარეტი შესთავაზა. ერთად მოწიეს. ხელისჩამორთმევით გამოემშვიდობნენ და მოგვიანებით ინტერნეტით განაგრძეს ურთიერთობა. მომდევნო კვირას ისევ შეხვდნენ კინოკლუბში. ვირტუალური დიალოგებით გაშინაურებულებმა ერთმანეთი თბილად გადაკოცნეს, გვერდიგვერდ დასხდნენ და ფილმის შემდეგ ფეხითაც გაისეირნეს. ერთხელ სანდრომ სამსახურში გაუარა და შინ მიიყვანა. სახლში აღმოაჩინა, რომ მობილური და სათვალე მანქანაში დარჩა. სანდროს ნომერი ზეპირად არ ახსოვდა. დის ტელეფონიდან დარეკა საკუთარ ნომერზე, მაგრამ უშედეგოდ. მესიჯი გაგზავნა, მე ვარ, აიღეო. სანდრომაც უპასუხა.
– სხვის მესიჯებს რატომ კითხულობ? – გამოიჭირა სიცილით.
– არა, მე არ ვკითხულობ… – დაიბნა სანდრო.
– აბა საიდან იცოდი, რომ უნდა აგეღო?
– არა… მივხვდი, რომ შენ იქნებოდი და იმიტომ გავხსენი – თავის მართლებას მოყვა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს შესვენებაზე დაუბრუნებდა ნივთებს, მაგრამ დილით ინტერნეტში დახვდა წერილი:
„სიცხე მაქვს, სამსახურში ვეღარ მივდივარ. მისამართს მოგწერ და თუ შეძლებ, გამოდი. შორს არ ვცხოვრობ  თან ავადმყოფს ინახულებ. ხილიდან მიყვარს ატამი და გარგარი )) გეხუმრები, უბრალოდ ამოდი და გაგატან. ისე თუ შეძლებ, მართლა წამომიღე გაციების წამალი. თუ არა და… არც უმაგისოდ მოვკვდები ))
P.S. შენს მესიჯებს არ ვკითხულობ, უნდა მენდო. არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს… უბრალოდ არ ვკითხულობ.“
პასუხი აღარ მიუწერია. სწრაფად ჩაიცვა, წამლების უჯრიდან შუშხუნა აბები ამოიღო და წავიდა. ქალაქში ცხელოდა. მღელვარებისგან თითები გაეყინა. მოუსვენრად აწვალებდა ჩამოშლილ თმას. ლიფტში ყოყმანით შევიდა. არ იცოდა, სახლში ვინ დახვდებოდა და საერთოდ რით დამთავრდებოდა ეს სტუმრობა. ზარის დარეკვამდეც შეყოვნდა და უცებ კარი თავისით გაიღო. სანდრო სპორტულ შარვალსა და მაისურში იდგა ფეხშიშველი. უღიმოდა.
– აქ ფეხზე იხდით? – იკითხა უხერხულად.
– ჰო, მე სახლში ასე ვარ. შენ რა ვიცი… თუ გინდა, გეცვას…
– არა უშავს… გავიხდი…
სანდლები გვერდზე მიაწყო და შიშველი ფეხით გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი.
– შემო, ჩაის დაგალევინებ. – სახლში არავინ იყო.
სამზარეულოში თავი მყუდროდ იგრძნო. ოდნავ ჩაბნელებული ფანჯრები, მოთუხთუხე ჩაიდანი, ძველებური საშაქრე და კედელზე მიკრული სურათები უწყინარ, სასიამოვნო გარემოს ქმნიდა. ჩანთიდან წამალი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
– მომიტანე? – გაუხარდა სანდროს – როგორ უნდა?
იქვე წყალი იდგა. თაროდან ჭიქა გადმოიღო, ნახევრამდე აავსო და შიგ აბი შააგდო. წყალი აშუშხუნდა. სანდრომ სწრაფად გამოსცალა სითხე თან ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია.
– მომარჩენს? – გაუღიმა ბოლოს.
– კი. – გაეცინა თვითონაც.
სიჩუმე ჩამოვარდა. უცბად ფეხქვეშ რაღაც გაეჭყლიტა. ძირს დავარდნილი ყურძენი ვერ შენიშნა და მარცვალი გასრისა. შეწუხებული ხელსახოცს დასწვდა და იატაკის წმენდა დაიწყო. სანდრომ სიცილით წამოაყენა და სააბაზანოში შეაცილა. ფეხები თბილ წყალს შეუშვირა. ორივეს გაეღიმა. სანდროს პირსახოცი არ მიუწოდებია, ხელში აიტაცა და სასტუმრო ოთახში დივანზე დასვა. სველი ტერფები კი თავისი მაისურით შეუმშრალა. სიჩუმე რომ ისევ დაიძაბა, ადგა, ნივთები წამოკრიფა და სანდროს გამოემშვიდობა.
ჩაი მომდევნო მისვლაზე დალიეს. მუსიკას მოუსმინეს და „ელგრეით“ გახურებული ტუჩები ერთმანეთს შეახეს. სანდრო მარტო ცხოვრობდა. მალე ჩაბნელებულ სამზარეულოში ჟალუზები გადასწია და სადილიც მოამზადა. სამსახურიდან სახლში მიიჩქაროდნენ, კინოკლუბიც იქვე მოიწყვეს. მერე ფილმებზე უფრო საინტერესოდ საკუთარი ურთიერთობა ეჩვენათ და თანაცხოვრების ძვირფას საათებს კინემატოგრაფიაზე აღარ ხარჯავდნენ.
ოჯახში სანდრო სიხარულით არ მიუღიათ. მის დასაწუნებლად მოგრძო თმაც საკმარისი აღმოჩნდა. მამა უკიდურესად გაღიზიანებული იყო უფროსი დის განქორწინებით. მშობლების შფოთი ახლა მთლიანად მას დაატყდა და დაგვიანების გამო არაერთი უსიამოვნებაც შეხვდა. ავარიის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. დედამ შენიშნა, რაოდენ თავაზიანია სანდრო. ორჯერ შეაქო მისი მოტანილი თაიგული. მამამ კი ოთახში მათი მარტო დატოვებაც დაიწყო. სანდრო შაბათს მიდიოდა, ზოგჯერ პარასკევობითაც. ხან კომპიუტერთან იჯდა, ხან თათიას ეთამაშებოდა. სალაპარაკო თემები ძირითადად საერთო ნაცნობებს ეხებოდა და სწრაფადვე იწურებოდა. ერთხელ, საკმაოდ შეღამებულზე, როცა სანდრო უკვე სახლში მიდიოდა, მამამ გააჩერა:
– კარგი ლუდი მაქვს… ლიგის ნახევარფინალია… დარჩი, ვუყუროთ… – კაცი უხერხულად შეეხო მხარზე.
ამის გაგონებაზე გული შეეკუმშა. სანდროს მორიდებულ ყოყმანს ვერ გაუძლო და ოთახიდან დაიძახა:
– მამა! ეჩქარება… დილით ადრე დგება…
ახალი, უსახო ცხოვრება სუსხიან უიმედო განთიადს გავდა.
…ნომერში ადგილი ვეღარ იპოვა. ორცხობილა მოტეხა და ფანჯარა გამოაღო. წვიმას გადაეღო. მზე სუსტად ანათებდა ცაშიც და ტბაშიც. ორცხობილის მოზრდილი ნატეხი ქვემოთ ჩაუვარდა. იხვები ფართხა-ფურთხით გამოცვივდნენ საკვებისკენ. რამდენიმე ნაჭერი კიდევ ჩაუგდო. ფრინველებმა წრე შეკრეს საჭმლის გარშემო და ზემოდან როგორც ერთი დიდი ყვავილი, ისე გამოჩნდნენ. გედი ტბის სიღრმისკენ მიცურავდა და უკან რელსებივით ტოვებდა პარალელურ კვალს.
ბოტები ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ტბის გასწვრივ ბილიკს გაყვა. ტალახში რბილად დააბიჯებდა. სავალი გზიდან ჭაობებისკენ გადაუხვია. ტყეს მიადგა.
– ალბათ აქედან ისმის მგლების ხმა. – გაიფიქრა და შეჩერდა. ხმაურს ყური დაუგდო. ტოტების ტკაცა-ტკუცი მოესმა. სწრაფად მოტრიალდა.
წინ მიმტანი ედგა ტყავის ჩექმებსა და თბილ ქურთუკში. მჭიდროდ მომდგარი შარვალი მის სპორტულ აღნაგობას უსვამდა ხაზს.
– ხომ არ შეგაშინეთ? – ჰკითხა ბოხი, მშვიდი ხმით.
– არ გელოდით…
– შეშა უნდა წავიღო. – თქვა და მოშორებით მოგროვებულ მორებს მიაუხლოვდა – ტყეში ნუ შეხვალთ! – დაუმატა.
– საშიშია?
– ჰო, მაინც…
– ჰო… გუშინაც მესმოდა მგლების ხმა. – დაეთანხმა თვითონაც.
– გუშინ ტურები იყვნენ.
– ა… როგორ არჩევთ? – დაიბნა უცებ.
– ხმაზე. ტურა წკავ-წკავებს… ძაღლივით. მგელს გულიდან ამოსდის ხმა…
– ა… – თავი დაუქნია გაკვირვებულმა.
მიმტანმა შეშა მოიკიდა და წავიდა. თვალი უაზროდ გააყოლა მის მტკიცე, დინჯ ნაბიჯებს. მალე თვითონაც სასტუმროში დაბრუნდა.
ტელეფონმა დარეკა. ისევ თეკლას ნომერი იყო. უპასუხა, მაგრამ მხოლოდ ქუჩისა და მანქანების ხმა ჩაესმა.
თეკლასთან ბავშვობიდან მეგობრობდა. პირველი ღერიც მასთან ერთად მოწია და პირველი სიყვარულის იმედგაცრუებაც მან გადაატანინა. თეკლამ ქალაქის ტყე–პარკში მიაკითხა. ხის ძირში მიყუჟული იპოვა, გვერდზე ჩამოუჯდა, მიეხუტა. ცრემლები შეუმშრალა, ფეხებზე აცოცებული ჭიანჭველები მოაცილა.
– ნუღარ ტირი, თორემ მეც ვიტირებ! – დაემუქრა ბოლოს.
მერე საიდუმლოდ ამოაძვრინა მაისურის ჯიბიდან ორი ღერი და სანთებელა. ხველებ-ხველებით გააბოლეს. რომ დამშვიდდნენ, ფეხით ჩაუყვნენ ტყის დაღმართს. იქ ჩასვლის ყოველთვის ეშინოდათ, ახლა კი თითქოს რაღაც ძალამ უბიძგათ. დაღმართი სირბილს აიძულებდათ. თავს ვერ იჭერდნენ და იცინოდნენ.
– იქნება სულ ტყუილია, რომ აქ მანიაკები დადიან?! გვაშინებენ უბრალოდ. – ამის თქმა იყო და თეკლას სახე შეეცვალა. მეგობარს ხელზე ხელი მოუჭირა და გაშეშედა.
მოშორებით კაცი დალანდეს. ხეს ამოეფარნენ. ორივეს სუნთქვა შეეკრა. თეკლამ ფრთხილად გაიხედა და ხელი უფრო მაგრად მოკიდა:
– აქეთ მოდის! რა ვქნათ?
– გავიქცეთ!
– საით? უკან ავბრუნდეთ? ამ აღმართზე უფრო მოგვეწე… – სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ქვევით დაეშვნენ. კაცმა რაღაც დაუძახა, ვერ გაარჩიეს. მერე კიდევ დაუძახა, მარტოებს აქ რა გინდათო.
ხელიხელჩაკიდებულ გოგოებს უკან მიხედვის ეშინოდათ. თავქუდმოგლეჯილები მიქროდნენ. დაღმართი ხევთან მთავრდებოდა. ქვემოთ მდინარე გადიოდა, ზემოდან კი ერთი ვიწრო მილი იყო გადებული.
ხეებს მოებღაუჭნენ შესაჩერებლად.
– რა ვქნათ? – იკითხა გულამოვარდნილმა თეკლამ.
– არ ვიცი… კიდევ მოგვსდეს? იქნებ აღარ მოგვსდეს? – ქოშინით მიმოიხედა ორივემ.
ის იყო, ოდნავ სული მოითქვეს, რომ კაცი კვლავ გამოჩნდა.
– ვაიმე… – დაიჩურჩულა თეკლამ. ისევ ჩაჭიდეს ხელები.
– უნდა გადავიდეთ.
– ჰო – უპასუხა თეკლამ.
– როგორმე უნდა გადავიდეთ… – გაიმეორა ორივემ.
– ეხლა მისმინე, ქვემოთ ხო ხედავ, ჩვენი ჩრდილი ჩანს. მე წინ წავალ. შენ კაბაზე მომკიდებ ხელს. ჩრდილზე ვხედავთ ერთმანეთს…
– ჰო – თავს უქნევდა თვალებგაფართოებული თეკლა.
– ჰოდა იცოდე, ორივეს ორი სიცოცხლე გვაბარია! შენ თუ ჩავარდები, მეც ჩამიყოლებ, მე თუ ჩავვარდები, შენ ჩაგიყოლებ…
– ჰო… – დაიჩურჩულა გულამომჯდარმა თეკლამ. ორივემ პირჯვარი გადაიწერა და მილზე ფრთხილად შედგა ფეხი.

(გაგრძელება ქვემოთ)


ბმული:
* https://ekaterinetogonidze.wordpress.com/tag/ეკატერინე-ტოგონიძე/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:29 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater11

ეკატერინე ტოგონიძე

მზეთუნახავი


(გაგრძელება)

გოგოების კაბით გადაბმული ჩრდილი ნელა, თანაბრად გაუყვა ხევს. მხოლოდ ბოლოში აჩქარდა და ნაპირზე მიიკარგა… სამშვიდობოს წივილით ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ხტუნავდნენ და ცრემლებამდე იცინოდნენ. ორივეს ღრმად სჯეროდა, რომ ეს მხოლოდ მათ შეძლეს და კაცი მილს ვერასოდეს გადმოლახავდა. გამარჯვებულები გადაძვრნენ ღობეზე და ცოტა ხანში ქუჩაზეც ამოყვეს თავი. ბედნიერად მიაბიჯებდნენ, ერთმანეთის იმედით გალაღებულები.
– მოგშივდა ხო? – თავზე დაადგა მენეჯერი მამხილებელი მზერით.
– არა…
– ჩვენთან ყველაფერს გემრიელად აკეთებენ. რასაც გინდა, შეუკვეთავ – არ დაიშალა თავისი.
– ვიცი.
– ინტერნეტიც არი… შეიყვან რვა ერთიანს და შეხვალ.
– გასაგებია…
რვა ერთიანი მართლაც აკრიფა. ლეპტოპში სიცოცხლესავით შევიდა ინტერნეტი. პირადი მეილის კოდი ვერაფრით გაიხსენა. სოციალური ქსელი კი მესამე ცდაზე გახსნა. თვალები აუჭრელდა. თავის გვერდზე უამრავი უსარგებლო კომენტარი თუ სარეკლამო განცხადება დახვდა. მათ შორის იყო თვეების წინანდელი რამდენიმე მილოცვა გადარჩენასთან დაკავშირებით. წაშალა. საფოსტო ყუთიც უაზრო წერილებით გამოტენილიყო: – საიდანღაც მეცნობით! ვიმეგობროთ! – რამდენიმე მსგავსი შინაარსის მესიჯითა და ათასნაირი ღონისძიების მოსაწვევით. სურათი, რომელიც ავატარად ეყენა, მთლიანად უცხო იყო ახლა მისთვის. მომღიმარე, გაპრიალებული სახე, გარუჯული კანი და დატუშული თვალები საკუთარ თავთან ვეღარაფრით დააკავშირა. გაუჩნდა განცდა, რომ სხვის პროფილში იყო შესული, სხვის სივრცეში აფათურებდა ხელებს. ძველ ალბომებს ჩამოუარა. პრობლემა მხოლოდ გარეგნობაში არ იყო. საკუთარ თავს განწყობებითაც ვეღარ ცნობდა. რამდენიმე ფოტოში ისეთი უდრტვინველი, მიამიტი, ზოგჯერ კი ცარიელი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს არასოდეს არაფერი სტკენია, არაფერი შეხებია.
სანდროს პროფილზეც შევიდა. ყურადღებით დაათვალიერა მისი სურათები. სანდრო იყო სიცოცხლით სავსე და სიმპათიური. თმა მოკლედ შეეკრიჭა და ასაკით უფრო პატარას დამსგავსებოდა. ახალი ფოტოებიც აღმოაჩინა, ახალ ფოტოებზე – ახალი ხალხი…
ეკრანზე მოდების ჟურნალის რეკლამა გამოჩნდა. შემოთავაზება წლიურად გამოწერის შემთხვევაში ფასის განახევრებას ითვალისწინებდა. გაახსენდა ბავშვობაში როგორ აგროვებდა მოდელების სურათებს. თეკლასთან ერთად სანტიმეტრით იზომავდა წელს, მკერდსა და თეძოებს. ატოლებდნენ ფეხებს, ერთხელ ცხვირებიც კი გაიზომეს. თვალებს თითებით იჭიმავდნენ, რომ უფრო აზიდული და ნუშისებრი ჰქონოდათ. ტუჩებს ნაზად ბურცავდნენ და სარკეში ყველაზე მიმზიდველ გამოხედვას ავარჯიშებდნენ. გაახსენდა დიდობაშიც რამდენი რამის შეცვლა უნდოდა საკუთარ გარეგნობაში.
– ნეტავ, ახალი გვერდი რომ გავხსნა ინტერნეტში და ჩემი ნამდვილი ფოტო დავაყენო, ვინმე თუ დამიმეგობრდება?! ნეტავი იმათ, ვისაც ვითომ ვეცნობი, ახლაც თუ მოუნდებათ ჩემთან ურთიერთობა?! – გაიფიქრა და სოციალური ქსელის პროფილი სამუდამოდ გააუქმა.
სანამ ლეპტოპს გამორთავდა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გადაათვალიერა. ”ლამაზი სახე არის უსიტყვო რეკომენდაცია” – ფრენსის ბეკონის სიტყვები ერთ-ერთი კლინიკის დევიზად გამოეყენებინათ.
– უსიტყვო რეკომენდაცია… – ჩაფიქრდა და შემოთავაზებებს ჩამოყვა.
”თქვენი ოცნება ფორმას იძენს” – წაიკითხა სხვა ბანერზე. ერთგან გრანდიოზულ ფასდაკლებასაც წააწყდა. სახის, შუბლისა და წარბების აწევა უფრო იაფი დაჯდებოდა თუ პაციენტები იჩქარებდნენ. ამ გვერდს გასცდა. ჩამოშლილ თმას ხელით აწვალებდა და სათაურებად დაყოფილ ინფორმაციას სწრაფად კითხულობდა: ტუჩის კორექცია, ნიკაპის ფორმის შეცვლა, რინოპლასტიკა, სახის იმპლანტები, კონტურული დეფექტების გასწორება, ნაწიბურის გაქრობა… ყურადღება კლინიკა ”The Beauty-ზე” შეაჩერა. კარგა ხანს უკირკიტა კორექციის შესაძლო ვარიანტებს, დაათვალიერა სურათები სახელწოდებით ”ოპერაციამდე” და ”ოპერაციის შემდეგ”. იმ ფოტოებზე, სადაც თვალის ჭრილის ცვლილება აისახებოდა, ქალებს ანონიმურობის დასაცავად გუგებზე მუქი კვადრატები ჰქონდათ აფარებული. უცნაური სანახავი იყო კაკლების გარეშე დარჩენილი ქუთუთოები. სათვალე მოიხსნა და სახე მოისრისა.
სეირნობა ღამით ერჩივნა, როცა არავინ იყო და თუ იყო, სიბნელე არ აძლევდა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას. სასადილოს რომ ჩაუარა, ქალების ლაპარაკი მოესმა:
– დიდი უჟმური ვინმეა… – მენეჯერის ხმა იცნო. წამით არ უფიქრია, რომ მასზე საუბრობდნენ, მაგრამ შემდეგ დაისვა კითხვა:
– და რა სჭირს ეს სახეზე? ეტყობა რაღაც ტრავმის გამოა… – შეწუხებული ჩანდა მზარეული.
– დამწვარია. – დიაგნოზი ისე უყოყმანოდ დაისვა, წყალი არ გაუვიდოდა.
ტბა სარკეს აღარ გავდა, მელნის უზარმაზარ გუბესავით ლივლივებდა. მგლები ყმუოდნენ, ხმა ჰქონდათ გულისმიერი და სავსე. წყლის ველოსიპედს თოკი მოხსნა და დაიძრა. ნელა, თანაბრად მიიწევდა წინ. დატვირთვას გადაჩვეული კუნთები ერთიანად დაეჭიმა. ტყისკენ სვლა გაძნელდა. წყალს გადაეკრა ყინულის ფენა, რომელიც შეხებისას კრაწა-კრუწით იმსხვრეოდა. შეჩერდა. ცივი ჰაერი ღმად ჩაისუნთქა, ფილტვებში ტკივილამდე გააჩერა და ხმაც ამოაყოლა. ოხვრა მხეცების ყმუილს შეუერთდა.
ჰაერში გადაშვების შეგრძნება, რომელიც ავარიისას ფიზიკურად განიცადა, ტალღებად უბრუნდებოდა მის ცნობიერებას. პერიოდულად ისეთი სიცარიელე ეუფლებოდა, თითქოს ყველა საყრდენი გამოაცალეს, ყველა ხელმოსაჭიდი წაართვეს და სამყარომ დაკარგა სიმყარე. უწონო საგანივით დატივტივებდა წყვდიადში. საკუთარ თავს დაეძებდა ყველგან: სარკეში, სურათებში, მოგონებებში, შინ, გარეთ, სამსახურში, შეყვარებულში, რაიმე საქმეში, რომელიმე გატაცებაში… ვერ პოულობდა ვერც წარსულსა და ვერც მომავალში. აწმყო კი საერთოდ განყენებულად, მის გარეშე არსებობდა.
– ჯერ თქვი ორი-სამი დღეო, მერე ერთი კვირაო… ვერ გავიგე, საცხოვრებლად გადახვედი მანდ? – დილით ნერვებმა უმტყუნა სანდროს.
– რამდენიმე დღე… ნუ ერთი კვირაა აქ ვარ, რა იყო?
– რაღა რა იყო? ან ყურმილს არ იღებ და ან წესიერად არ მელაპარაკები… ცოტა სხვებზეც იფიქრე რა… დავიღალე მეც… – პირველად შეუტია ბიჭმა.
– შენ ჩამოდი, თუ მოახერხებ… – უკან დაიხია შემცბარმა.
– ჩამოვალ და წამოგიყვან.
– ჯერ აქ უნდა ვიყო. – კვლავ გაჯიუტდა და მოკლედ მოუჭრა. – შენ თუ მოიცლი, ჩამოდი. როცა გინდა, ჩამოდი…
მოსაღამოვებულზე ისევ გაისეირნა ტყისა და ჭაობებისკენ. მიწა გამშრალიყო. ტბა ყინვას გაეშეშებინა. ბალახი დათრთვილულიყო, ფოთლები და წიწვები თითქოს შაქარყინულში ამოევლოთ. უნებურად მიმტანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად მოკრა თვალი. ჯიბეში თხილი ეყარა, გზადაგზა ახრამუნებდა. დის შარვალი იმ დილით უკვე დიდი ჰქონდა და წელში ქამარი წაეჭირა. თავს გაცილებით მსუბუქად გრძნობდა.
– პატრონი არ ყავს, ნეტა?.. – ისევ შემოესმა ბუხართან შეკრებილი ქალების ლაპარაკი.
– აბა… ან არ შივდება? ვერაფერი ვერ გავიგე… – ქოთქოთებდა მზარეული.
– მაგის ოთახიდან ტირილის ხმა გამოდის… ძაან უცნაური გოგოა. როგორ ვთქვა და… იმ დღეს ვიფიქრე… ამ ტბაში რას გადის ნეტა?!
– აი შარი… – ჩაერთო დამლაგებელიც.
– შუაღამისას მარტო გადის ნავით და იკარგება. ორი საათი აღარ ჩანს…
– მართლა რამე არ მოსწიოს თავს… – შეწუხდა მზარეული.
– რაღა აქ მოუნდა თავის მოკვლა?! – ირონიულად ჩაილაპარაკა მენეჯერმა.
ბოლო სიტყვებმა დენივით დაარტყა. იმ ადგილს, როგორც რაღაც სახიფათოს, ისე გაეცალა. სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა შენობებს. მერე წყლის ველოსიპედში ჩაჯდა და დაფიქრდა. ტელეფონი ამოიღო. სანდროს ჩამოსვლის სურვილმა შეიპყრო, დარეკვა დააპირა. იმის წარმოდგენამაც კი, რომ სასადილოში მარტო შესვლა, მენეჯერის კითხვების მოსმენა და ცნობისმოყვარეთა მზერის გაძლება აღარ მოუწევდა, შვება მოგვარა. დარეკვის სურვილმა ცოტა ხანში გაუარა. მექანიკურად თეკლას, მერე კი თავისი დის ნომერი აკრიფა, მაგრამ, ისიც გადაიფიქრა და ტელეფონი ჯიბეში შეინახა. პედლებს მაგრად აწვებოდა. ტბის შუაგულში ფეხები გააჩერა და ველოსიპედმა ინერციით განაგრძო მოძრაობა. ხელები სახეზე აიფარა, თვალები დახუჭა და მიხვდა, რომ ყველაფრის მიუხედავად თვითმკვლელობის აზრი ერთხელ არ მოსვლია. წამით არ უფიქრია იმის შეწყვეტა, რისი დაკარგვისაც ასე შეეშინდა; რის გამოც მიწასმოწყვეტილ მანქანაში კრინტი არ დაუძრავს, კბილს კბილზე აჭერდა, რომ სული როგორმე სხეულში ჩაემწყვდია. ჰაერში დარჩენილს ერთადერთი სურვილი ჰქონდა – მიწაზე დაბრუნება. აუსრულდა. დაბრუნდა, მაგრამ როგორც ყველაფერს ძალიან დიდსა და ძვირფასს, ამ სურვილსაც ჰქონდა საზღაური…
– რატომ უნდა მოვიკლა თავი? მე ხომ ერთხელ უკვე მოვკვდი… – დაიჩურჩულა ხელებში თავჩარგულმა.
სიკვდილი პირველს თეკლას შეეხო.
ფერადი შუქები ნაპერწკლებივით ცხრილავდა გაბუღულ სიბნელეს. სიფხიზლეს ნაირ–ნაირი, ცეცხლოვანი კოქტეილები უღებდა ბოლოს. კლუბის შესასვლელში იდგა, თეკლას და მის ქმარს ელოდა. უამრავი ხალხი ირეოდა. მელოდიისგან დაცლილი რიტმი დასაქოქი სათამაშოებივით იყოლიებდა ადამიანებს. ელექტრონული მუსიკის ვიბრაცია და ბასების გამჭოლი ხმა სხეულს მოსვენებას არ აძლევდა. თეკლა მარტო მივიდა, ფერმკრთალი და გადაღლილი. ალკოჰოლს დაეწაფა. სწრაფად გამოცალა ორი დიდი ჭიქა. მერე საცეკვაო მოედნისკენ გაიკვლია გზა. მისი მუდამ ლამაზი, მოქნილი მოძრაობები თანდათან გამომწვევ, უცნაურ როკვად გადაიქცა. მეგობარს ყურადღებით დააკვირდა. კოქტეილის წრუპვა შეწყვიტა, ბარის სკამიდან ჩამოხტა და თვითონაც სცენისკენ დაიძრა. თეკლას წინ უცნობი ედგა, რომელიც მისი ასხლეტილი, გაოფლილი სხეულით ტკბებოდა. ხალხი გაწი-გამოწია. მეგობარს ხელი დაავლო – რა გჭირს? – დაუყვირა, მაგრამ სიტყვები ხმაურმა შთანთქა. უკმაყოფილო უცნობმა პოზიციის დაბრუნება სცადა. კაცი მუჯლუგუნით მოიცილა. თეკლას გახურებულ სახეზე მოკიდა ხელები – ცუდად ხარ? ტუალეტში გავიდეთ! – გოგომ უსიცოცხლოდ გადაატრიალა თვალები. ვიწრო, ნეონის შუქით განათებულ, დახუთულ კაბინაში საათზე მეტი გაატარეს. მის მოვლაში მთლიანად გამოფხიზლდა. სახეს და გულ-მკერდს ცივი წყლით უზელდა. ფეხზე წამოყენებას ცდილობდა, ვერ ერეოდა. თეკლას ღებინება უჭირდა, პერიოდულად გონს მოდიოდა, ლაპარაკობდა და მერე ისევ სადღაც იკარგებოდა. ერთად ისხდნენ ცივ იატაკზე. თეკლა ცოტა რომ მომჯობინდა და თვითონაც ამოისუნთქა, კითხა:
– ზურა სადაა? იჩხუბეთ?
– ცუდად ვარ! – უცებ ხელები აიფარა გოგომ და მთელი ხმით ატირდა. კლუბის აურზაური ხმას ახშობდა.
ტუალეტის კარს პერიოდულად ეჯაჯგურებოდნენ გარედან, აბრახუნებდნენ, წიხლებს ურტყამდნენ და მერე თავს ანებებდნენ.
– კარგი, რა მოგივიდა? გაივლის… ხო იცი, გაივლის.
– არ გაივლის! არასოდეს არ გაივლის! – ძლივს ამოთქვა თეკლამ.
– ყველაფერი გაივლის! – მეგობრის ლაპარაკი არ ესმოდა და თავისას იმეორებდა.
კედლებს გუგუნი გაჰქონდა. ტუალეტის შავი კაფელი, წითელი კარი და დაბალი ჭერი დამთრგუნველად ზღუდავდა სივრცეს.
– ექიმთან ვიყავი. კიბო მაქვს. – თქვა ბოლოს თეკლამ.
– ვერ გავიგე… სად იყავი?
– ექიმთან… ექიმებთან…
თავდაპირველად ზურასთან ერთად თვითონაც დაყვებოდა ქიმიოთერაპიის კურსზე. შემდეგ გავიდა წლები, განელდა შიში და გაცვდა ემოცია. თეკლა გამორჩეულად ძლიერი აღმოჩნდა.
პარასკევს ღამით სანდრო ჩამოვიდა. დაღლილ-დაქანცულს მკვდარივით დაეძინა.
– აქ რა გაჩერებს, ვიცოდე ერთი… – ამოიოხრა ნასაუზმევს ნომერში დაბრუნებულმა – ერთი-ორი დღე ხო, კაი… ისიც ზაფხულში…
მტრულად გადახედა. არაფერი უპასუხია. სანდრომ ტელევიზორი ჩართო, ახალ ამბებს უყურა. მერე ლეპტოპი გამოართვა და ორ საათს აღარ მოსცილებია.
– არ მოგშივდა? – კითხა მოგვიანებით.
წვნიანი ორივემ გასინჯა. მწვადი კი მხოლოდ სანდრომ ჭამა და თან კარგია, გადაიღეო, სთავაზობდა. დღემ სრულიად უაზროდ ჩაიარა. თითქმის არაფერზე ულაპარაკიათ. სანდროს წამდაუწუმ ურეკავდა ტელეფონი. მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ძველებურად სისხლსავსე იყო და შეიძლება უფრო მეტადაც.
მას მხოლოდ თეკლამ დაურეკა და ისიც ხმა არ ამოუღია. ტელეფონში ისევ გაუგებარი, ყრუ ხმაური ისმოდა.
საღამოს მოსაწევად ვერანდაზე გავიდნენ. სანდროს სამსახურის ამბები გამოკითხა და გაიგო, რომ დააწინაურეს, რომ განყოფილების უფროსი გახდა, რომ მალე „თიმ-ბილდინგის“ გასვლითი ტური იგეგმებოდა. თანამშრომლები ერთ-ერთ კურორტზე სამ დღეს დაჰყოფდნენ, დროს რაღაც თამაშებში, შეჯიბრებებსა და საუბრებში გაატარებდნენ, რაც თურმე გუნდის განმტკიცებას უწყობს ხელს. კიდევ რაღაც პროექტის დაფინანსება მოუპოვებიათ და მოგვიანებით აღნიშვნას აპირებდნენ. დიდი კორპორატიული ქეიფი იგეგმებოდა, ყველა სტუმარი კორპორატიულ ფერებში უნდა ყოფილიყო გამოწყობილი. სიგარეტს რომ მორჩა, სული ეხუთებოდა. ამ ყველაფრის მოსმენა აღარ შეეძლო. წამით იმაზეც გაბრაზდა, რომ სანდრომ ერთხელაც არ შესთავაზა თან წაყვანა, მისი ადგილი არც ერთ შეკრებაზე არ მოიძებნა. მერე რა, რომ ვერაფრით დაითანხმებდა. ”შენც წამოდი, ცოტას გავერთობით… უშენოდ რა მინდა?!” ამ სიტყვების გაგონება მაინც ძალიან სჭირდებოდა.
სანდრომ ძილის წინ წყლის ველოსიპედით გასეირნებაზეც უარი რომ უთხრა, ბოლომდე მოეშხამა გუნება.
– ეს რა პონტია? – წამოიძახა ბიჭმა ყმუილის გაგონებაზე და ლოგინზე წამოჯდა.
– არაფერი, აქვე ტყეა. ეს მგლების ხმაა… მოიცა, არა! ტურების.
– აუ ჩემი… – წამოხტა და ფანჯარაში გაიხედა – სად იპოვე ეს ადგილი?!.. – წაიბუზღუნა და ტელევიზორი ჩართო. რაღაც ფილმი მოძებნა და ყმუილის გადასაფარად ხმას ბოლომდე აუწია.
ბანაობისას გაიგო, როგორ გაჩუმდა ტელევიზორი. რომ გამოვიდა, სანდროს უკვე ეძინა. შუქი ჩააქრო, ფრთხილად მიუწვა და მიაყურადა. ბიჭი ზურგშექცევით იწვა და მშვიდად ფშვინავდა. სიბნელეში, სადაც არ არსებობდა სახეები, ფორმები, ფერები და მხოლოდ სუნთქვა, სხეულის სითბო, სურნელი და შეხება იყო, თავი უცნაურად მყუდროდ იგრძნო და რაღაც ძველი, ტკბილი განცდა დაუბრუნდა. მისი შეღვიძება მაინც ვერ გაბედა. ხელი უხილავმა კედელმა შეუშალა, რომელიც სულ უფრო იზრდებოდა მათ შორის.
დილით ერთად ისაუზმეს. გარეთ გამოვიდნენ და ისევ დადგა მომენტი, როცა არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.
– ავალ მე, ინტერნეტში ახალ ამბებს გადავხედავ. – თქვა სანდრომ და ნომრის გასაღები ჯიბიდან ამოაცალა.
სახტად დარჩა. ხელში სასადილოდან წამოღებული პური ეჭირა, რომ ფრინველებისთვის ეჭმია. რატომღაც წარმოედგინა, რომ ამას ერთად გააკეთებდნენ.
იხვები კისრისტეხით მისცვივდნენ. გედი მოთმინებით დაელოდა თავის რიგს.
– ცოტა დიდი ნაჭერი მოტეხე და ხელიდან მიეცი, არ შეგეშინდეს! – აღმოაჩინა, რომ მიმტანი გვერდში ედგა – თორემ ამათ ხელში მშიერი დარჩება. – გედს ნისკარტზე წაეთამაშა.
პირველ ცდაზე შეშინდა და პური ტბაში ჩაუვარდა. მეორეზე უკვე შეძლო და გედის ხერხივით ნისკარტში მოხერხებულად შეაცურა ერთი ნაჭერი. ამ პროცესში თან ცოტა გამხიარულდა.
– ადრე ორნი იყვნენ… – თქვა უცებ მიმტანმა – მერე ერთი მოგვიკვდა. – გედს ისევ მიეფერა – იქით თევზაობდნენ და… – მეორე ნაპირისკენ გაიშვირა ხელი – ანკესი გადაუყლაპია… ეს მერე გავიგე. – თვალებში სევდა ჩაუდგა.
მიმტანს შეხედა. ნათლად წარმოიდგინა მორკალულ თეთრ კისერში გაჩხერილი რკინის კაუჭი და გული მოეწურა.
– დროზე რომ გამეგო, ვუშველიდი. შეეშინდათ და არ გაამხილეს. გადაჭრეს ძუა, ანკესი ჩაუტოვეს… ასე დარჩა ცალის გარეშე.
– ეს როდის მოხდა?
– შარშან.
– თქვენ რამდენი ხანია აქ მუშაობთ?
აივანზე სანდრო გამოვიდა.
– რას შვები? – ჩამოსძახა პაუზის შემდეგ.
– არაფერს… ვაჭმევ… – სახე მოიჩრდილა. მოეჩვენა, რომ სანდროს ამ მზერას არ იცნობდა. რაღაც უცნაურად, დაკვირვებით და თან თითქოს მწყრალად დაჰყურებდა ზემოდან.
– თეკლა გირეკავდა.
– ჰო, ამოვალ. – ხელები დაიფერთხა და შენობაში შევიდა. სასადილოს ფანჯრიდან თვალი მოკრა მზარეულს, რომელიც ფარდის ღრიჭოდან უთვალთვალებდა.
– თეკლა ასე მირეკავს ყოველ დღე… ეჭირება ეტყობა, ავიღებ და ისმის შრაშუნი. გამიწყალა გული! ან სხვანაირად შეინახოს ეს ჩემი ნომერი ან საერთოდ წაშალოს და ზეპირად დაიმახსოვროს… – ბუზღუნით დახედა ტელეფონს.
სანდრო ისევ მწყრალად უყურებდა:
– ეგეთი რა გაგიწყალა გული?
– რაც აქ ვარ ოცჯერ მაინც დარეკა.
– მერე რა?.. რა ყველამ გული გაგიწყალა? – სანდრო აღარ უსმენდა, ემოციას მიყვებოდა.
ბრაზით შეხედა.
– შემთხვევით ეჭირება-მეთქი, რა ვერ გაიგე?
– წავიდეთ თბილისში! – თქვა უცებ ბიჭმა.
მოულოდნელობისგან გაჩუმდა. მერე ყელში რაღაც მოაწვა და წამოიძახა:
– შენ არაფერი არ გესმის…
– მე ყველაფერი მესმის. უბრალოდ ეს დამალვა არაა საჭირო!
– არ ვიმალები! მარტოობა მჭირდება! რით ვერ გაიგე? – ხმას აუწია განერვიულებულმა.
– რამდენ ხანს უნდა გელოდო? ყველა ცდილობს როგორმე გასიამოვნოს… ყველა შენს გარშემო ტრიალებს! სულ უკმაყოფილო ხარ… ყველაფრით… – სანდროს ეტყობოდა, დიდი ხნის სათქმელს მოხსნა პირი, მაგრამ თავს მაინც იკავებდა, სიტყვებს არჩევდა – მე თუ კიდევ რამე არ მესმის… აბა რა ჯანდაბას ვაკეთებ ამ ტყე-ღრეში?
სიჩუმე ჩამოვარდა. სათვალე მოიხსნა და ბიჭს ამღვრეული თვალებით მიაჩერდა.
– აქ მაგის გამო ხარ? – ხმა გაებზარა.
– აქ შენ გამო ვარ! – წამოიყვირა სანდრომ და კარი გაიჯახუნა.
ეზოდან მანქანის დაქოქვის ხმა მოესმა, მაგრამ დაძვრით არ დაძრულა. ერთ საათში ბიჭი უკან ამობრუნდა. კიბეებზე რომ ამოდიოდა, ტელეფონმა დაურეკა.
– სალამი, მერაბოვიჩ… დიახ… კი, კი კარგად ვართ… არ ვიცი ჯერ. კი, გზა ნორმალურია…
ლოგინზე იჯდა სახით კედლისკენ. კისერი მოკუნტულ მხრებში ჩაერგო.
– მამაჩემი როდის მერე გირეკავს? – არ მიტრიალებულა, ისე იკითხა.
სანდროც ლოგინზე გადაწვა. სიჩუმე ჩამოვარდა.
– ვახშამი წინასწარ უნდა შევუკვეთო აქ? – იკითხა ბოლოს დაღლილი ხმით.
საღამოს ორკაციან მაგიდაზე ხაჭაპური, ხორცი, სალათი და ღვინო ეწყო.
– ცოტა დალიე… წამლებს ხო მორჩი?! – უთხრა სანდრომ და ჭიქა შეუვსო.
სასადილოს ბუხარი და სანთლის შუქი ანათებდა. მიმტანი იქვე იდგა, კედელს ოდნავ მიყრდნობილი. წყვილს არ უყურებდა, თავჩახრილი ცეცხლს იყო მიშტერებული. ეზოში ძაღლი კოჭლობით მიდი-მოდიოდა და ჯაჭვს აჟღარუნებდა.
– გაგიმარჯოს! – ჭიქა მიუჭახუნა სანდრომ და ღვინო გამოსცალა.
– შენც… – თქვა ხმადაბლა და ერთი ყლუპი მოსვა.
სანდროს ტელეფონმა დაურეკა. არ აიღო, ხმას ჩაუწია და გადადო.
– დალიე, დალიე… – ჭიქაში მოკლებული ყლუპი ჩაუმატა – ყველაფერი გემრიელია – მადიანად მოკბიჩა ხაჭაპური – ქართულ სუფრაზე ხო იცი პირველი რატო მოაქვთ ხაჭაპური?! რო ხალხი ეგრევე დანაყრდეს. – თქვა და გაიღიმა.
ამ დროს მზარეულმა ფრთხილად გამოიჭყიტა. ეტყობა, სამზარეულოში შეკრებილ ქალებს მათი დიალოგი ცუდად ესმოდათ და ცნობისმოყვარეობა აწვალებდათ. მზერა საქმიანად მოავლო მაგიდებს და თავი ისევ შეყო.
– შენი მანქანა მთლად გადასაგდები არ ყოფილა. მამაშენმა იპოვა ერთი ხელოსანი და ნახევარ ფასში აკეთებინებს. – განაგრძობდა სანდრო.
– მე ალბათ აღარ დავჯდები… ვეღარ წარმომიდგენია… – უპასუხა გულგრილად და მხრები აიჩეჩა.
– შენ?.. ჰო… მაგრამ მაინც კარგია, რო მანქანა ხოდზე იქნება… შენ რა ვიცი… გაივლის რა, ყველაფერი გაივლის – თქვა ხმადამთბარმა და ბოთლი თავის ჭიქაში ჩაცალა. მერე მიმტანს ანიშნა, კიდევ მოგვიტანეო.
კიბეებზე ხელიხელგადახვეულები ავიდნენ. შეშველება სანდროს უფრო სჭირებოდა. მთელი ძალით დაეშვა ლოგინზე. ჯინსები რომ გახადა, სანდროც წამოიწია, ხელი შარვლის სათავეზე დაავლო და ნელი მოძრაობით ჩააძრო. წელზე მოეხვია და თავი მუცელზე მიაყრდნო. სიამოვნება ღრმა ნაფაზივით ჩაეშვა სხეულში და ყველა უჯრედს მოედო. გული გამალებით უცემდა. შუქი ჩააქრო. თრობის მივიწყებულმა ნეტარებამ და მოფერების მონატრებულმა განცდამ ფეხებში ძალა გამოაცალა. ლოგინზე მიესვენა. სანდრომ როლინგი გახადა. ქსოვილი თმისსამაგრს წამოედო და თან გაიყოლა. მკერდზე თმა ჩამოეშალა. მთვრალმა სუნთქვამ, გაუპარსავმა წვერმა და სულმოუთქმელმა, ხარბმა ამბორმა თავბრუ დაახვია. სანდრო მის ბაგეს მოსწყდა, მკერდიდან თმა გადაუყარა და კერტებს მიეალერსა. სიამოვნების ჟრუანტელი სწრაფად გაუფანტა უნებურად დაბადებულმა აზრმა, რომ სანდრო დასახიჩრებულ სახეს გაექცა, ნაიარევ ნაკვთებს უვნებელი, სავსე მკერდი ამჯობინა. თვალები დახუჭა. ამ ფიქრისგან გათავისუფლება სცადა. გონება დაძაბა. ის იყო, ეჭვს მოერია, რომ ბიჭი თითქოს ისევ შეყოყმანდა. მუცელთან მიტანილი ტუჩები მუხლებზე გადაანაცვლა. ჭიპთან ორი გრძელი ჰორიზონტალური ნაკერი კვეთდა ერთმანეთს. სიამოვნება უკვალოდ გაქრა. აზრები შავი ღრუბელივით მოიყარა გაბრუებულ ცნობიერებაში და მგრძნობელობა მთლიანად დაახშო. ვნება ჩაანაცვლა შიშმა, სანდროს თვალით დანახული და მისი კანით ნაგრძნობი იარების აუტანელმა სირცხვილმა. გაქვავდა. სანდროს ფართო ზურგზე მოხვეული ხელები ერთიანად გაუცივდა. სწრაფად გაუშვა. ბიჭი არ გაჩერებულა, თითქოს ვერაფერი იგრძნო.ზემოდან დააწვა…
სუნთქვაშეკრული დაელოდა სხეულების შერწყმის წამს. ეს წამი არ დადგა… სანდრომ რაღაც ჩაიბურტყუნა და ზურგზე გადაწვა.
– ძაან ბევრი დავლიე… – ამოილუღლუღა ბოლოს.
სიჩუმე გახდა აუტანელი. ძალა მოიკრიბა, ტუჩებს თავი მოუყარა და დაიჩურჩულა:
– არა უშავს…
უთენია მაღვიძარამ დარეკა. სუსხიანი დილა თენდებოდა. სანდრომ სწრაფად ჩაიცვა. აბაზანიდან თავისი ნივთები გამოიტანა და პატარა ჩანთაში ჩაყარა:
– უნდა წავიდე, თორე დამაგვიანდება. – თქვა და შუბლზე აკოცა.
მერე კარიდან მობრუნდა:
– თავის ტკივილის ხომ არ გაქვს რამე?
– კი, კარადაზე დევს. – ლოგინიდან წამოდგა. შუშხუნა აბი წყალში გახსნა და სანდროს გაუწოდა.
მდუმარედ მიადევნა თვალი მის თითოეულ მოქმედებას. ცარიელი ჭიქა გამოართვა. თმაზე ხელი ნელა გადაუსვა. მოეჩვენა, რომ ის ერთი წუთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში. სადღაც ძალიან ღრმად, ძლიერი ტკივილი იგრძნო. სანდროს თვალი ჩააყოლა, კარი მიხურა და ლოგინში შეწვა. მერე თვითონაც დალია წამალი და დაიძინა.
ლოგინიდან ღამით ადგა.
– წყლის ველოსიპედი დასველდა, ვეღარ მოვასწარი გადახურულში შეყენება… ნავი მშრალია. მითხარით და როცა დაგჭირდებათ, გამოგყვებით. მარტო გაგიჭირდებათ… – მოესმა ბოხი, მშვიდი ხმა.
მიმტანი სიბნელეში იდგა და მორჩილად უყურებდა. პასუხი არ ჰქონდა. ხელში ქუდი ეჭირა. კაშნე ქურთუკის ჯიბიდან ძირს ეთრეოდა. დამამშვიდებელით თუ ძილით გაბრუებული უაზროდ შეჰყურებდა ბიჭს და ხმას არ იღებდა. მიმტანმა უხერხულობისგან ისევ დაარღვია სიჩუმე:
– დღეს წვიმდა. წყლის ველოსიპედი გარეთ დამრჩა. იქით ვიყავი თავლაში და ეს დასველდა…
– აქ ცხენებია? – იკითხა ბოლოს ხმაჩახლეჩილმა.
– კი, იქით… ხუთი ცხენი გვყავს.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

(გაგრძელება ქვემოთ)


ბმული:
* https://ekaterinetogonidze.wordpress.com/tag/ეკატერინე-ტოგონიძე/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:32 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater11

ეკატერინე ტოგონიძე

მზეთუნახავი


(გაგრძელება)

– რატომ უნდა მოვიკლა თავი? მე ხომ ერთხელ უკვე მოვკვდი… – თქვა ისე, რომ თვითონვე მოსჭრა ყური საკუთარმა სიტყვებმა. არ იცოდა, რა ძალამ წამოაროშინა ეს ფრაზა.
– თქვენ… რას ამბობთ?.. – მიმტანი შეცბა.
გაჩუმდნენ.
– ერთხელ მეც მოვკვდი. – თქვა ბოლოს ბიჭმა მტკიცე ხმით და სწრაფადვე დაამატა – წამოდით, გამოგყვებით. ნავით მარტო გაგიჭირდებათ.
დაყვა. ნავის ერთ ბოლოში მიიყუჟა. სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმა არღვევდა.
– დავბრუნდეთ. – თქვა ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ.
ნომერში დაღლილი ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ძილში გალია, ტანსაცმლიანად მიწვა ლოგინზე და მალევე გაითშა.
– თქვენი ქმარი წავიდა? – ტრადიციულად საუზმეზე გამოეცხადა მენეჯერი. – არა, იმიტომ გეკითხებით, რო… ნომერი ისევ ერთ კაცზეა? და ისევ სადილის გარეშე?
– ჩემი მეგობარი წავიდა.
– ა… – თვალები დააჭყიტა გოგომ – ხო, მე უნდა ვიცოდე… – თქვა მერე საქმიანად და რატომღაც ისევ შენობით მიმართა – ისე როგორ შეგიძლია ასე? მაგარი ნებისყოფა გაქვს… აბა მე და დიეტა გამორიცხულია! შენ ყოჩაღ! ამდენი ხანია და…
ყავის ჭიქაში შაქარს ნელა ურევდა და გრძნობდა, რომ ადვილად ვერ დაიხსნიდა თავს. გოგო თვალს არ შორებდა.
– ჰმ… მე ვიფიქრე, ქმარი იყო… რატომღაც ასე ვიფიქრე… ესე იგი საქმროა?.. რა ბიჭია?! – თქვა და უტიფრად შეხედა – ძაან… ყოჩაღ რა! – თავის ქნევით უთხრა და დადუმდა. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ახალი თემა წამოიწყო – კაცო, იმ დღეს, უყურეთ ტელევიზორში? გოგო დამწვარა სოლარიუმში! ისეთ დღეშია… საავადმყოფოში გადაიყვანეს!
უსმენდა და თმას აწვალებდა.
– თურმე ლეღვის ფოთლების ნახარში წაუსვია სანამ შევიდოდა და… ვაიმე… ეს რა ვნახე! როგორ ქონდა კანი… ძვლამდე დამწვარი! ექიმი ალაპარაკეს…
მიმტანი იატაკს ჩაჰყურებდა.
– და თქვენ… თქვენ? – წაბორძიკდა მენეჯერი.
– მე არ მიყურებია ტელევიზორისთვის. – უპასუხა სწრაფად.
– შენ… თქვენ როგორ დაგემართათ? – გაბედა გოგომ.
მიმტანმა სასადილო დატოვა.
– არა, თუ არ გინდა, არ მითხრა… – მხრები აიჩეჩა მენეჯერმა და უკმაყოფილოდ შებრუნდა ბუხრისკენ.
სიჩუმე ტელეფონმა დაარღვია. თეკლა ისევ არ იღებდა ხმას. სასადილოდან სწრაფად გავიდა. გული აჩქარებით უცემდა. თვითონ აკრიფა ნომერი.
– თეკლა!
– ჰო, რას შვები? – ხმა გასცა მეგობარმა.
– რატო მირეკავ დღეში ათჯერ? – სათვალე უხეშად მოიხსნა.
– მე გირეკავ? – გაოცდა თეკლა.
– ხო, აბა მე გირეკავ? დავიღალე! ან დამელაპარაკე და ან რას მირეკავ და მასმენინებ ამ ხმებს? – მიაყარა გაბრაზებულმა.
– რა ხმებს გასმენინებ?… არ ვიცი… – თეკლას მოწყენილი, მოგუდული ხმა ჰქონდა.
– არც მე არ ვიცი… იდიოტივით ვიღებ ყოველ დღე ყურმილს და ვისმენ შრაშუნს…
– ა-ზე მიწერია შენი ნომერი და ეჭირება, ეტყობა…
– ჰოდა გადაიტანე ბ-ზე. ან წაშალე საერთოდ! ამოვიდა ყელში! – მეგობრის ინერტული თავისმართლება კიდევ უფრო აღიზიანებდა.
– კაი, რა დაგემართა? ეს ტელეფონი ურევს, ხო იცი… ”ქი ლოქი” მოშლილი აქვს… და მეჭირება ეტყობა.
– გავიგე, რო გეჭირება! ვიცი, რო გეჭირება! დღეში ათჯერ გეჭირება… – ვერა და ვერ დაცხრა.
– კაი, რას მეჩხუბები? – სუსტად გაისმა თეკლას ხმა.
– თუ დარეკვა გინდა, დამირეკე და დამელაპარაკე. თუ გაინტერესებს საერთოდ, როგორ ვარ…
თეკლა გაჩუმდა.
ხელები სახეზე აიფარა. ნომერში ავიდა და კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა. ყველაფერი უდიერად ჩატენა. ორივე ჩანთა შეკრა და კართან დადგა.
საღამოს ლოგინზე იჯდა და ტელეფონში სანდროს ნომერს დაჰყურებდა. – თუ მოდიოდი, წამოსულიყავი… მაგას გეხვეწები ამდენი ხანია. მოიცა, გუშინ არ გინდოდა და დღეს რა შეიცვალა? – წინასწარ ჩაესმოდა მისი პასუხები – მოხდა რამე? რა მოხდა, გამაგებინე! არა, როგორ არაფერი?! მითხარი, რა მოგივიდა…
ტელეფონი გადადო. ფანჯარა გამოაღო და დაბლა მიმტანი დაინახა. ხის მორზე ჩამომჯდარიყო. ისევ ტყავის ჩექმები და მომდგარი შარვალი ეცვა. ფანჯარას დაჟინებით უყურებდა. სათქმელი არაფერი ჰქონდა და შემობრუნება დააპირა.
– ცხენები გიყვართ? – შემოესმა ამ დროს.
– კი, მიყვარს. – თავი ისევ გაყო.
– ახლა უნდა გავასეირნო… ხუთნი არიან. გაგაცნობთ, ხუთივეს…
დაფიქრდა, უხმოდ დაეთანხმა და კიბეზე ჩაირბინა.
თავლის მძაფრმა სუნმა ბავშვობა გაახსენა.
– ბოდიში… აქ სუნამოს სუნი ნამდვილად არ დგას! – გაუღიმა მიმტანმა და ჯიბიდან დამჭკნარი სტაფილოები ამოიღო – მოდით, დენიკებს მივყვეთ – თქვა და პირველ სადგომთან შეჩერდა – ეს არაბოა, ცოტა ჯიუტი, მაგრამ შრომისმოყვარე. ეს – მარბი – დრუნჩზე მიეფერა თაფლა ცხენს – კეთილია, დამჯერი. ზანზალაკი ძალიან ამაყია, შენიშვნებს ვერ იტანს… სულ უნდა ეფერო – გაიცინა და ყორნისფერ ფაშატს ძლიერ კისერზე ჩამოუსვა ხელი – პეგასი ყველაზე ლამაზია, ყველაზე ეშხიანი… ტრიუმფი კაი ფიცხია, არც ერთთან არ მიიშვება, მამლებთან შეტევაზეა, დედლებთან… დედლებთანაც შეტევაზეა – გაიცინა და დიდ დაძარღვულ ყურზე თითები ჩამოკრა.
წაბლა ცხენმა დაიფრუტუნა და თავი უკმაყოფილოდა გააქნია.
– ესენი გავასეირნე. დარჩა ეს ორი – პეგასსა და ზანზალაკზე მიუთითა – ერთმანეთს არ ერჩიან, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შეგვიძლია ერთად გავატაროთ…
– კი ბატონო. – უპასუხა საქმიანად.
– აი, სტაფილო! დამეგობრების უმოკლესი გზა! ხომ არ გეშინიათ?
– არა. – გაიღიმა და შემჭკნარი ბოსტნეული გაშლილი ხელისგულით მშვიდად მისცა პეგასს. 27 –
ცხენმა ფართო ნესტოებიდან ცხელი ჰაერი მიაფრქვია და საკვები ხმაურიანად შეითრია. მიმტანი მის თამამ, მოხერხებულ მოძრაობებს ყურადღებით ადევნებდა თვალს. ზანზალაკის ჯერი რომ დადგა, სასწრაფოდ გააფრთხილა, ცხენს არასოდეს დაუდგეთ უკან, ყოველთვის წინიდან მოუარეთო.
– კარგი… – უპასუხა და სხვათაშორის დაამატა – მარბის ნალი აქვს გადასაჭედი.
– ნალი? – გაოგნებული მიმტანი ცხენს წინა ფლოქვებზე დააკვირდა – მართალია… მარჯვენა ნალი… მჭედელს ვეტყვი ხვალ. თქვენ საიდან მიხვდით? როგორ დაინახეთ?..
– ბავშვობაში დავდიოდი… ჩემს ცხენს მე თვითონ ვუვლიდი…
– რას ამბობთ?! მე კიდევ აქ წესებს გასწავლით… – სიცილით გააქნია თავი.
– არაფერია, მაინც მივიწყებული მაქვს…
– ე. ი. დღეს კორდით არ მოგვიწევს ცხენების გასეირნება? – სახე გაუბრწყინდა მიმტანს.
– მოგვიწევს. – თქვა და ცხენს ფაფარი თითებით ჩამოუვარცხნა.
– რატომ? თქვენ ხომ ასე კარგად იცით…
– მე ვერ დავჯდები. მაპატიეთ, მაგრამ… ავარიის შემდეგ უაზრო შიშები მაქვს. ცხენზე ვერ დავჯდები… თან მას მერე, რაც მე იპოდრომზე დავდიოდი, საუკუნე გავიდა…
– როგორც იტყვით, თქვენ როგორც იტყვით… – მიმტანი პეგასის შეკაზმვას შეუდგა. ზანზალაკს კი მხოლოდ კორდა გამოაბეს.
გარეთ ციოდა.
– ლევადაში ვარბენინოთ? – მომიოხედა და ზანზალაკს ბოლო სტაფილო შესთავაზა.
– არა, იქით გავიდეთ. – ბიჭმა ტყეს გახედა.
საუბარი ისევ ცხენებზე განაგრძეს. ძველი ამბები გაიხსენეს, ვინ როგორ ისწავლა ჯდომა, ვინ რამდენჯერ გადმოვარდა, ვის როგორ შეეძლო უუნაგიროდ ჭენება.
– გალოპს არაფერი შეედრება!
– ჰო, ქართულადაც კარგი სახელი ქვია: ნავარდი… მართლა ნავარდია…ნავარდი… – გაიმეორა მიმტანმა.
– ახლა მივხვდი, როგორ მომნატრებია… – ტყის ჰაერი ჩაისუნთქა და ცხენს მიეფერა.
– ნებისმიერ დროს… როცა მზად იქნებით… – თავი დაუკრა ბიჭმა.
შებინდდა. ხეებით დაბურულ ადგილებში შუქი ვეღარ აღწევდა.
– ხვალ ვისვენებ… თქვენც თუ… – წამოიწყო ბიჭმა.
– აბა სასადილო? – გააწყვეტინა უცებ.
– სასადილოში აქაური ბიჭი მოიყვანეს. მე ისედაც დროებით ვიყავი. ბარს რაც შეეხება, დამსვენებელი თქვენ გარდა არავინაა. თქვენც საერთოდ არ ჩამოდიხართ… ცხენებს მჭედელს გადავაბარებ. საღამოს მეც დავბრუნდები.
– სად მიდიხართ? – დაინტერესდა გულწრფელად.
– მთაზე ავდივარ, ამის თქმა მინდოდა, წამოდით თქვენც… თუ…
– რა ხდება მთაზე? – არ დააცადა გოგომ.
– ფოტოები უნდა გადავიღო, შეკვეთა მაქვს მომავალი წლის კალენდარზე.
– ფოტოებს იღებთ? – გაკვირვება ვერ დამალა.
– ვცდილობ… – გაუღიმა ბიჭმა.
– ახლა რომელ თვეს იღებთ?
– თებერვალს. ხვალინდელი პროგნოზი ვნახე, წესით იდეალური ამინდია.
– მთა უნდა გადაიღოთ?
– მთაც. მდინარეც. ამ დროს მთას განსაკუთრებული ფერი აქვს. იქ ნაძვები თითქმის არ იცის, ხეებს კიდევ სულ გაცვენილი აქვს ფოთლები, ბალახიც გამქრალია. სიმწვანე არსადაა და მთა არის შინდისფერი… მდინარე კიდევ განთიადზე უნდა გადაიღო. საოცარი სანახავია. მოდის, მოედინება და ორთქლი ასდის…
სულგანაბული უსმენდა.
– შეძლებთ ასე ადრე ადგომას? – კითხა ბოლოს.
– რომელ საათზე?
– ძალიან ადრე…
– მითხარით, რომელზე. ექვსზე? – ხმაში მზადყოფნა დაეტყო.
– ექვსზე შუა გადაღებაში უნდა ვიყოთ. – თვალები მოჭუტა ბიჭმა.
– აბა?.. ხუთზე?
– კარგი, კარგი… შვიდის ნახევარზე დაბლა დაგელოდებით – სიცილით უპასუხა – შეძლებთ?
– კი, როგორ არა… – ორივე კმაყოფილი დარჩა შეთანხმებით.
უეცრად მგლის ყმუილი გაისმა. ზანზალაკი დაფრთხა, ყალყზე დადგა. გოგოს კორდა გამოგლიჯა და მთელი სისწრაფით გაქუსლა.
პეგასმაც დაიჭიხვინა, მაგრამ ბიჭმა ის მალევე დაიმორჩილა და უკვე დამშვიდებული ხეზე მიაბა.
– ხომ კარგად ხართ? – მივარდა ჩამუხლულ გოგოს.
– კი… არაფერი მიტკენია. უბრალოდ… – მიწაზე ხელებს აფათურებდა.
– რამე დაკარგეთ? ნამდვილად არაფერი გეტკინათ?
– სათვალე დამეკარგა, სადღაც აქ უნდა იყოს.
– ახლავე! – ფანარი აანთო ბიჭმა – ახლავე ვიპოვით.
ცალი მინა ამოვარდნილიყო, მეორესგან კი მხოლოდ ნამსხვრევები დარჩენილიყო.
– რა დაეტაკა?! ასეთი რამე არასდროს უქნია… – დამნაშავესავით ბუტბუტებდა ბიჭი – ბოდიში… ეს რომ მცოდნოდა…
– არა, რისი ბოდიში?! წინასწარ როგორ გეცოდინებოდათ? თქვენი რა ბრალია?
– სათვალის გარეშე როგორ იქნებით?
– არ ვიცი… სიბნელეში საერთოდ ვეღარ ვხედავ. – თვალები მოისრისა გოგომ.
ბიჭმა ხელები მხრებში მოკიდა.
– ამ სიბნელეში მეც ცუდად ვხედავ… შემოგვაღამდა, უნდა წავიდეთ. ჩემი ბრალია… – გაიმეორა ისევ და ხელები მკლავებზე ჩამოაყოლა – თითები ყინულივით გაქვთ… აი, ამას მოგცემთ… – ჯიბიდან მხედრის ხელთათმანები ამოიღო.
მგლის ყმუილი კვლავ გაისმა. ტყე ოდნავი შუქისგანაც დაიცლა, კონტურები დაიკარგა და იქაურობა იდუმალი ხმებით აივსო.
– იქნებ, გაბედოთ. ჩემთან ერთად ნუ შეგეშინდებათ, ცხენს მე ვმართავ… თან პეგასი ჭკვიანია, ერთგული. ასე უფრო სწრაფად დავბრუნდებით. თქვენ ნურაფერზე იფიქრებთ, შეგიძლიათ, თვალები დახუჭოთ…
მშვიდად უსმენდა. ქუთუთოებს აღარ ძაბავდა, წყვდიადმა რეალობა მისი წარმოსახვისამარა დატოვა. მაშინ მიხვდა, რომ კარგად ახსოვდა ბიჭის ნაკვთები, ზუსტად შეეძლო მისი ჭკვიანი, თაფლისფერი თვალების, ოდნავ კეხიანი ცხვირის, მოკლე წვერით დაფარული უხეში ყბებისა და მაღალი შუბლის უსინათლოდ დანახვა.
ყმუილი უფრო ახლოდან გაისმა. ცხენი ადგილს ვეღარ პოულობდა. თითებზე ოდნავ ეხებოდა მიმტანის დიდი, მისი ხელის ფორმაზე გახევებული ხელთათმანები. იმ წუთას აღარაფრის ეშინოდა, უბრალოდ დათანხმებას არ ჩქარობდა.
– თუ შეგიძლიათ, მენდეთ… – განაგრძობდა თბილი, ხავერდოვანი ხმით.
– თქვენ სად ცხოვრობთ? – კითხა სრულიად მოულოდნელად.
პაუზა ჩამოვარდა.
– აქ სად ვრჩები? – დააზუსტა ბიჭმა.
– საერთოდ სად ცხოვრობთ?
– ჩემი ცხოვრება ორადაა გაყოფილი – აქ და ქალაქში. ქალაქში ვმუშაობ, დეიდაჩემთან ვცხოვრობ. მამაჩემი და ჩემი დაც იქით არიან… ოღონდ ერთად არ ვართ… აქ ბებია მყავს. ბოლო ერთი წელია აქაც ვმუშაობ…
– წავიდეთ.
მიმტანს მარცხენა ტერფი ჩაუდო ხელში და ოდნავ ბიძგზე მსუბუქად შეჯდა ცხენზე. ბიჭმა პეგასი აუშვა და თვითონაც შემოახტა, ისე, რომ გოგო წინ მოიქცია. უნაგირში ღრმად ჩაეშვნენ. მხედრის ბრძანებაზე ცხენი ადგილიდან მოწყდა. გული წამით აუჩქარდა, მერე მის სწრაფ რწევას ააყოლა ტანი, როგორც ბავშვობაში… გაახსენდა თავისუფლების სულისშემძვრელი განცდა, რომელიც მხოლოდ ნავარდისას შეიძლება შეიგრძნო. თვალები დახუჭა, ნელ-ნელა მოდუნდა. ყურებში ქარი უწუოდა, სახეს სუსხი უწვავდა. რიტმული თქარუნი თანაბარ ფაზებად ყოფდა სიამოვნებას. ზურგს ბიჭის სხეული უთბობდა. ვერც კი შენიშნა, როგორ მოექცა მიმტანის ხელი მის წელზე, მკერდქვეშ შემოეჭდო და უფრო მაგრად მიიკრა გულზე.
ფლოქვების ხმა თანდათან მიწყნარდა, ტემპი შეიცვალა. ნავარდი ჩორთში გადაიზარდა. ქარიც დამშვიდდა. თვალები გაახილა. ლამპიონებით განათებულ გზაზე ბუნდოვნად დაინახა თავლა. ზანზალაკიც იქვე იდგა და პატრონს ელოდა.
ცხენები დააბინავეს. თავლაში თბილოდა. ბიჭმა პეგასს უნაგირი მოხსნა და ზურგზე დარჩენილი ოფლის კვალი ჯაგრისით წაუშალა. ნელა აუყვა მის ძლიერ კუნთებს, გულმოდგინედ გაუპრიალა მოკლე ბეწვი.
თვალები მოისრისა და პატარა უზურგო სკამზე ჩამოჯდა. გამოსახულებას აღარ ჰქონდა ჩარჩო. სუსტად განათებული თავლა მთლიანად თაფლისფერი ეჩვენა. მკრთალი ხაზები და გადღაბნილი მოძრაობები თრობასავით უბინდავდა გონებას. თვალები დახუჭა. ჩარჩო თითქოს მის საქციელსაც მოეხსნა.
საერთო მშვიდი, მონოტონური ხმაური ნელ-ნელა დაიშალა ცალკეულ ელემენტებად: გამოარჩია ჯაგრისის ხახუნი პეგასის ზურგზე; ღამის პეპლების ფრიალი ანთებულ ნათურასთან; ცხენების ქშენა, კუდის ტყლაშუნი; მიმტანის რბილი, მსუბუქი ნაბიჯები; სავახშმოდ გამზადებული თივის ხრაშუნი, წყლის ჩხრიალი სათლებში; მიმტანის ნაბიჯები, ამჯერად დინჯი და მძიმე. ქურთუკის ელვის ზრიალი, სამოსის შრაშუნი; უცხო სუნთქვა, სხვისი გულისცემა. საკუთარი სუნთქვა და საკუთარი სწრაფი, ძლიერი გულისცემა…
თანმიმდევრობის გახსენება უჭირდა, ჯერ რომელი იარა დაუკოცნა თავლის სუნით გაჟღენთილმა ბიჭმა: მარჯვენა დაბლა დაქაჩული თვალი თუ დასერილი ლოყები, შუბლის უსწორ-მასწორო ხაზები თუ ტუჩის გაკერილი კუთხე, მუცლის დაზიანებული ნაწილი თუ მარცხენა დავიწროვებული ფეხი… დრო ისე აირია, წუთები გახურებული რკინასავით შეადნა ერთმანეთს. სხეულზე არც ერთი უჯრედი აღარ დარჩა მიუალერსებელი. მანამდე გამოტოვებული წამიც იმაზე მძაფრი აღმოჩნდა, ვიდრე იქამდე გამოეცადა.
თეკლა ჭიშკართან დახვდა შალის მოკლე კაბასა და ქურთუკში. სიბნელეში შორიდანვე შენიშნა. დაკარგულ ბავშვს გავდა.
– თეკო!… საიდან? სანდრომ გითხრა?.. რითი ჩამოხვედი? – მიირბინა და მეგობარს ჩაეხუტა.
– წამო, გავიაროთ… – თითქოს ოდნავ მოერიდა თეკლა.
– მოხდა რამე? – თვალებში ჩახედა შეშინებულმა.
– არაფერი, გავისეირნოთ.
ტბა მთლიანად გაყინულიყო. ფრინველები და ძაღლი არსად ჩანდნენ. გარშემო საერთოდ არავინ იყო. მხოლოდ ორი ყვავი ხტოდა გაქვავებულ წყალზე. ტყისკენ წავიდნენ. სუსხმა სახე აუწვათ. ნელა მიაბიჯებდნენ. ის იყო, თეკლასთვის უნდა შეეჩივლა, სათვალე გამიტყდაო, რომ უცბად მეგობარმა თვითონ უთხრა:
– რად გინდა სათვალე?! მაგის გარეშე უფრო მეტს ხედავ…
გაოგნებული მიაჩერდა. მერე მზერა უფოთლო ხეებსა და გამხმარ ნაძვებს მოავლო, მოშორებით თავლაც დაინახა. ყველაფერი იყო მკვეთრი, უჩვეულოდ მკაფიო.
თეკლა უცბად გაჩერდა, ეკალ-ბარდებმა დაიჭირა. კაბა ბუჩქს წამოედო და თვალი წავიდა. ძაფი ოდნავ განძრევაზეც გაწყვეტილი მძივივით ეცლებოდა ქსოვილს. გოგოები კაბის გამოხსნას ცდილობდნენ, სამოსი კი თვალსა და ხელსშუა იშლებოდა. გამხიარულდნენ. ძაფი უკვე გასართობად, განზრახ დაქაჩეს. თეკლას სწორი, ჩამოქნილი ფეხები გამოუჩნდა. სიცილით სულს ვეღარ ითქვამდნენ. ბოლოს სიგარეტით მოწვეს ძაფი და რღვევაც შეჩერდა.
– დავბრუნდეთ. – უთხრა თეკლას.
– ჰო, პირდაპირ გადავჭრათ. – უპასუხა მეგობარმა და ტბისკენ დაიძრა.
ყოყმანით გაყვა. ყინულის სქელ ფენაზე შედგნენ და რამდენიმე ნაბიჯის მერე თამამად გაუყვნენ ერთიან სითეთრეს.
– გახსოვს? – მხიარულად გახედა თეკლამ.
– რა?
უკან ამოუდგა, ხელი პალტოზე ჩაჭიდა და დაიჩურჩულა:
– აი ეს! წადი! მე მოგყვები… მილზე უნდა გადავიდეთ…
წარმოსახვით ზოლზე ფრთხილად დაიწყეს სიარული, ვითომ წონასწორობას ძლივს იცავდნენ. ისევ სიცილი აუტყდათ.
ამ დროს ქურთუკზე ძლიერი დაქაჩვა იგრძნო და მერე ისეთი აუტანელი სიმსუბუქე, რომელიც ჰაერში დარჩენას გავდა. მოიხედა. თეკლა აღარსად იყო. სრული სიცარიელე და სითეთრე დახვდა. საშველად მიმტანის დაძახება მოუნდა, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენა. უბრალოდ დაყვირება სცადა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. უცებ ტბაზე პატარა შავი ლაქა შენიშნა. ლაქა მის თვალწინ გაიზარდა. ეს იყო ჩამტვრეული ყინული, კუთხოვანი, ღრმა ორმო, ბნელი საშიში ორმო… შეძრწუნებულს გამოეღვიძა. კიდურები დაბუჟებული ჰქონდა, ვერ ინძრეოდა. პირჯვრის გადაწერა უნდოდა და ხელი არ ემორჩილებოდა.
გათენებულზე ისევ ჩათვლიმა. მალე ბრახუნმა გააღვიძა. გულამოვარდნილი წამოხტა და კარი გააღო. სანდრო თავდახრილი იდგა, სახეში არ უყურებდა.
– რა? თეკლა? – კითხა გაბზარული ხმით.
სანდრომ შემკრთალმა შეხედა.
– მოგეხმარები ჩალაგებაში! – თქვა და გაოგნებული დააჩერდა უკვე გამზადებულ ჩანთებს. – ა, დაგირეკეს? – კითხა და პასუხს აღარ დაელოდა, ისე წამოკრიფა ბარგი.
ტანზე სწრაფად გადაიცვა და ხელისცეცებით გაყვა კიბის სახელურს. უცებ მოწყვეტით ჩამოჯდა საფეხურზე და დაიყვირა – სანდრო!
ჩანთებაკიდებული ბიჭი გზიდან მობრუნდა. აქვითინებული ფრთხილად წამოაყენა და ქვემოთ ჩაიყვანა.
კოჭლმა ძაღლმა მანქანას შეუყეფა. გზაში სიტყვა არ დაუძრავთ.
– ბოლოს ხო უკეთ იყო… – თქვა ქალაქში შესვლისას და უცებ მიხვდა, რომ ავარიის მერე დრო მთლიანად გამორჩა. თვალი ვეღარაფერს გაადევნა, თითქოს მის გარშემო ყველაფერი შეწყდა, გაყინული მდინარესავით შეჩერდა.

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* https://ekaterinetogonidze.wordpress.com/tag/ეკატერინე-ტოგონიძე/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:33 pm

ეკატერინე ტოგონიძე Ekater11

ეკატერინე ტოგონიძე

მზეთუნახავი


(გაგრძელება)

თეკლას სამზარეულოში ისევ კრემისფერი ფარდები ეკიდა ზედ დაქარგული წითელი ჩაიდნებით. კუთხის გადაქექილი დივანი იმავე ადგილას იდგა. გაზის თავზე კედელი ოდნავ შეჭვარტლულიყო. მაცივარი მაგნიტიან ფიგურებს აეჭრელებინა. ყველაფერი ძველებურად დახვდა.
იმ დღეს შინ აღარ წასულა. თეკლას ოთახში, მის ლოგინზე მიწვა და დაიძინა. დილიდან ისევ ატყდა ფაცი-ფუცი. ყველა ოთახში ხალხი ირეოდა. ყრუ ქვითინი პერიოდულად არღვევდა საქმიან ფუსფუსს. ის დღეც იქ გაატარა. რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში თვითონაც ჩაერთო.
– წამო, სახლში წაგიყვან… ცოტა დაისვენე… – უთხრა საღამოს ზურამ და მაშინღა შენიშნა, რომ სპორტული, ტალახიანი შარვალი და გარემოსთვის სრულიად შეუფერებელი ფეხსაცმელი ეცვა.
სახლში თათიას ნახატები დახვდა. ბავშვი როცა ოჯახს ხატავდა, საკუთარ თავსა და დეიდას მუდამ ერთნაირ ფერად-ფერად კაბებს აცმევდა. სახეზეც შეძლებისდაგვარად ერთმანეთს ამსგავსებდა. ნახატებში ფიგურირებდა ყველა, მამის გარდა. დედას ხელში ბუშტები ეჭირა, ბებიას დიდი სათვალე ეკეთა, ბაბუა ტელევიზორს უყურებდა. დაღლილმა გადაათვალიერა ფურცლები და უაზროდ დააქცერდა გოგონას, რომელსაც გრძელი, ლამაზი კაბა ეცვა და სახე არ ჰქონდა. თავის ნაცვლად დიდი პეპელა ეხატა.
– ეს შენ ხარ! ნახე რა ლამაზი პეპელა დაგაჯდა! – უთხრა მხიარულად ბაღიდან დაბრუნებულმა ბავშვმა.
ის დღეები საოცარი სისწრაფით გავიდა. თეკლას გასვენებაში უღონოდ იჯდა სკამზე და მიცვალებულს თვალს არ აშორებდა. ვერავის ამჩნევდა, არავის ესალმებოდა. მერე ყური მოკრა საუბარს: ”ეს ის გოგოა, თეკლას მეჯვარე? დავიჯერო, მართლა ისაა?” ”ჰო, ჭირისუფლებში ზის და…”
ვერაფრით წარმოედგინა, რომ იმ დღეს და იმ ადგილას ვინმეს თეკლას გარდა კიდევ რამეზე შეეძლო ფიქრი.
ცვილის ფიგურასავით გაშეშებულ მეგობარს კიდევ ერთხელ დააკვირდა და მოეჩვენა, რომ თეკლა მიცვალებულიც ლამაზი იყო. თითქოს თხელი, აწეული ცხვირი, ნუშისებრი თვალები, მოყვანილი ტუჩები და აზიდული წარბები ვიღაცას ოსტატურად დაეხატა უსიცოცხლო, ფერდაკარგულ სახეზე. თეკლა მძინარე მზეთუნახავს გავდა.
– წამიკითხე! ხომ შემპირდი, რომ ჩამოვალ წაგიკითხავო! – თათიამ ზღაპრების დიდი წიგნი მიათრია ლოგინთან.
– არა, თათია… ახლა ვერა.
– შენ ხო შემპირდი! – ტუჩები დაებრიცა გოგოს.
– მაპატიე, გთხოვ… ახლა არ შემიძლია… თვალები მტკივა, სათვალე გამიფუჭდა, ხო ხედავ?
– თოჯინა ვერ ჩამომიტანე? – რამდენიმე დღის წყენა გაამხილა ბავშვმა.
– სულ ცოტაც მოიცადე. იქ არ იყო. მალე გიყიდი, ზუსტად ისეთს გიყიდი, როგორიც შენ გინდა!
რამდენიმე დღეში ოპტიკასა და სათამაშოების მაღაზიაში წავიდა. სახლში დაბრუნებულს დახვდა კონვერტი. შიგნით იდო პირადობის მოწმობა, რომელიც სასტუმროში დარჩენოდა და ერთწინადადებიანი წერილი:
”გახსოვს გედის კისერში ანკესი?… იგივე იყო ჩემთვის შენი ცარიელი ოთახი”
ხელები გაუშეშდა. ფურცელს დიდ ხანს უყურა. რამდენჯერმე გადაიკითხა. უცებ მოეჩვენა, რომ მიმტანს საერთოდ არ იცნობდა. წარმოდგენა მასზე წერილმა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. სრული სიახლოვისა და სიუცხოვის შეგრძნება ერთდოულად დაეუფლა. ფურცელი გადააბრუნა. არსად არაფერი იყო მინიშნებული. გული უცბად მოლოდინის, ინტერესისა და სიახლის განცდით აევსო.
საღამოს სახლის ტელეფონმა დარეკა. იპოდრომზე შეხვდნენ. ბიჭი ჯინსებში, პერანგსა და შავ პალტოში კიდევ უფრო მაღალი და სიმპათიური ჩანდა. ცხენებთან არ მისულან, უბრალოდ გაისეირნეს. ბიჭმა სიგარეტი ამოიღო.
– შენ ეწევი?
– ზოგჯერ – თქვა და მოუკიდა.
– გმადლობ! – ანთებული ღერი გამოსტაცა და გაუღიმა.
– შენც ეწევი?
– ზოგჯერ. – უპასუხა და ნაფაზი დაარტყა
იპოდრომს რამდენჯერმე შემოუარეს. მერე ტყისკენ გაუხვიეს.
– აქ მგლები არ არიან! – გაიცინა გოგომ.
– ჰო… აქ არც პეგასია… არც ტბა… არც გედი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– იქნებ ჯობდეს, არ გკითხო… მაგრამ რატომ წახვედი ასე? ზოგჯერ მართლა არ მესმის… თუ არ გინდა, ნუ ამიხსნი… რადგან წახვედი, ესეიგი მიზეზიც გქონდა. უბრალოდ ძალიან არ მინდა, ეს მიზეზი ჩემთან იყოს დაკავშირებული.
– შენთან არ არის! ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დასრულდა მაშინ… მაგრამ შენს თავში ნუ დაიწყებ მიზეზის ძებნას. შენ ძალიან კარგი ხარ…
ბიჭი გაჩერდა. გოგოს წყლიანი თვალებით მიაცქერდა. ერთ ხანს სიტყვა აღარ დაუძრავს. ხელები უთრთოდა. ხმა კი უწინდებურად მშვიდი და მტკიცე ჰქონდა.
– შენ უნდა იცოდე… რა მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის!.. სახელიც კი არ გითქვამს… მეგონა, ვეღარასოდეს გიპოვიდი. გესმის?
– არც მე ვიცი შენი სახელი. სიზმარში მინდოდა შენი დაძახება და აღმოვაჩინე, რომ სახელი არ ვიცი… – გაუღიმა თბილად.
– სიზმარში? – სახეზე სიხარული გაუკრთა.
– ჰო… სიზმარში…
– ისე არ გინდოდა? ცხადში არ გინდა? მითხარი! – ისევ ძალიან სერიოზულად, დაჟინებით კითხა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭმა სახე მოისრისა. ისევ სიგარეტი ამოიღო.
– მთა არ იყო იმ დღეს შინდისფერი… მდინარე გაყინული დამხვდა… – სანთებელა აანთო. დაწყობილი, პროპორციული ნაკვთები ალისგან გაუნათა – პეგასს ენატრები. – განაგრძო პაუზის შემდეგ – მარბის ნალი დავაჭედეთ შენი წყალობით და მადლობას გითვლის. ზანზალაკი ბოდიშს გიხდის. გედიც სულ გკითხულობს. იხვები უშენოდ აღარ ჭამენ… მგლებიც გაჩუმდნენ მგონი…
გოგოს გაეცინა. ხელი გამოსდო – მე უკვე მეგონა, საჩხუბრად ჩამოხვედი! – უთხრა მხიარულად და სიარული განაგრძეს. მთაზე ავიდნენ. იპოდრომს გადახედეს. ნათურები რკალად მიუყვებოდა გზას. ბიჭი ზურგიდან მოეხვია. ხელები მუცელზე შემოაჭდო. ის შეგრძნება გაახსენდა, რომელიც მხოლოდ ნავარდს მოაქვს და მოშვებული სხეულით მკლავებში ჩაეღვარა. ბიჭმა თითები ქურთუკში შეუცურა. შეატრიალა და სახე დაუკოცნა.
მიწაზე ჩამოსხდნენ.
– ეგრე არ გაცივდე! მოდი ჩემთან – წელზე მოკიდა ხელი და მუხლებზე ფრთხილად გადაისვა .
ვნებამ სიცივე დაავიწყათ. სიამოვნებას ბოლომდე აყვნენ. მერე ერთმანეთს გამხმარი ფოთლები და ტოტები ჩამოაცალეს, ტანსაცმლიდან მიწა ჩამოუბერტყეს და ჩახუტებულები ხის ძირში მიყუჩდნენ.
– აქ დეიდასთან ხარ? – კითხა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაცალა.
– ჰო.
– ვინ და ვინ ცხოვრობთ?
– დეიდა გაუთხოვარია. მარტოები. – სანთებელა თვითონ შეაშველა.
– დაც ხო გყავს? – ნაფაზი დაარტყა.
– ჰო… ნახევარდა.
სიგარეტით გამხმარ ფოთოლს შეეხო. შუაგულში პატარა ხვრელი გაჩნდა, რომელიც ალისფერმა კონტურმა ნელ-ნელა გააფართოვა. თამბაქოს არომატს დამწვარი ფოთლის სუნი შეერია.
– სად ცხოვრობს?
– ჩემი და? მამასთან.
– შენ რატომ არ ხარ იმათთან? – ფოთოლს შეეშვა და სახე მისკენ მიატრიალა.
– მე… მე დიდი ხანია კონტაქტი აღარ მაქვს…
– ერთმანეთს არ ელაპარაკებით? – ბავშვივით გაუკვირდა.
– ჰო. ასე მოხდა.
ისევ მოქაჩა და კვამლს სიტყვებიც ამოაყოლა – რა მოხდა ასე?
– მოხდა…
– რა? – გაჯიუტდა და თვალებში შეხედა.
– ახლა არ გვინდა ამაზე. ახლა ყველაზე კარგად ვარ. რად გინდა?..
– ჰო, მაგრამ ასეთი რა მოხდა? ან დასამალი რა გაქვს? მე ვერ მეუბნები? – მის მხარს მოშორდა და მუხლებზე წამოჯდა.
– შენ ყველაფერს გეტყვი… უბრალოდ სხვა დროს… ჩვენ ბევრი რამე უნდა გავიგოთ ერთმანეთზე. ყველაფერი წინაა… – ხელით გოგოს უკან დაბრუნება სცადა.
– ჰო, მაგრამ… მე ახლა მანტერესებს. რა მოხდება, რომ მითხრა? შენზე უფროსია თუ უმცროსი? – გაუძალიანდა.
– უმცროსი – უპასუხა უგემურად.
– ანუ დედაშენის მერე მოიყვანა მამამ სხვა ცოლი?
– დედა გარდაიცვალა და მოიყვანა.
– ა… – დადუმდა. სიგარეტი პირთან აღარ მიუტანია, ცოტა ხანს უყურებდა, სიბნელეში როგორ ღვიოდა თუთუნი – როდის გარდაიცვალა? – განაგრძო ცოტა ხანში შემდეგ.
– პატარა ვიყავი.
– გახსოვს დედა? – სახეზე დააკვირდა.
– ძალიან ბუნდოვნად.
მიწაზე მოკალათდა და ამბის აწყობას შეუდგა:
– და მერე მამამ სხვა ცოლი მოიყვანა. შენი და რამდენით პატარაა შენზე?
– სამი წლით.
– მერე რატომ არ გაქვს ურთიერთობა? რადგან სხვა ცოლისგანაა? – გამომცდელად შეხედა.
– არა, ეგ რა შუაშია? – თვალი აარიდა ბიჭმა.
– აბა?
სიჩუმე ჩამოვარდა. დაჟინებით უყურებდა.
– ბავშვობაში რაღაც მოხდა… – თქვა ბოლოს უხალისოდ.
კითხვა აღარ დაუსვამს. მოთმინებით დაელოდა.
– დედამისი მეზობელთან გავიდა… ბებიაც იქით იყო, თონეში… რად გინდა ახლა ამის მოსმენა? – ისევ მისკენ წაიღო ბიჭმა ხელები.
– და რა მოხდა? რამე ცუდი? – მუხლებზე წამოიწია, პირისპირ დაუჯდა და სახეში შეაჩერდა.
– ჰო… მე შვიდის ვიყავი. რაღაცას ვთამაშობდით. ბებია მურაბას ხარშავდა ეზოში. ცეცხლზე იდგა ქვაბით.
– მერე? – შეშინებული ჩააცქერდა.
– შემთხვევით ქვაბს დავეჯახე და შეესხა… მეც დამესხა, მაგრამ ფეხზე და ისიც აღარ მეტყობა… იმას – სახეზე… თან ის გოგოა…
– რაა?
სიჩუმე ჩამოვარდა.
– ნეტა პირიქით მომხდარიყო… ნეტა ის დღე არ ყოფილიყო საერთოდ. არასოდეს მომიყოლია ეს ამბავი. მას მერე ისინი ქალაქში გადმოვიდნენ. ისედაც ვაპირებდით ყველანი… მაგრამ მე ბებიასთან დავრჩი. ასე გადაწყდა…
გაჩუმდნენ. ორივე დაძაბული იჯდა.
– ძალიან ეტყობა? – ხმა აუკანკალდა გოგოს.
– ეტყობოდა. წლებია აღარ მინახავს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ქუჩაშიც აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. იქნებ ვერც ვიცნოთ… შეიძლება რამე გაიკეთა… ათასი რაღაც არსებობს… არ ვიცი.
ისევ დადუმდნენ. ძალიან მოუნდა, რაიმე დამამშვიდებელი ეთქვა. თავი ვალდებულადაც კი ჩათვალა. – შერიგდებით, დრო ყველაფერს შველის – ეს იყო ერთადერთი ბანალური ფრაზა, რომელიც თავში მოუვიდა და ხმამაღლა აღარ წარმოუთქვამს – არის რაღაცები, რასაც დრო ვერ კურნავს – არც მეორე აზრი გაუხმოვანებია. უხერხულობა იგრძნო. სხეულმა წამით ჩახუტებისკენ უბიძგა, მაგრამ რაღაცა ძალამ უკუღმა მიდებული მაგნიტივით განიზიდა მისგან. სუნთქვა შეეკრა. ხელში შერჩენილი ჩამქრალი ნამწვი მოისროლა და წამოდგა. ბიჭი ინერციით აყვა. გაჩერებამდე მდუმარედ მივიდნენ. გოგო სწრაფად მიაბიჯებდა და ოდნავ უსწრებდა.
– შენ რა მოგწონს ჩემში? – მიუტრიალდა უცბად თვალებანთებული, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა.
ცარიელ ქუჩას ლამპიონები ანათებდა. ტრანსპორტი აღარსად ჩანდა. შესახვევთან მთვრალი კაცი ირწეოდა. შორიდან ძაღლების ყეფა ისმოდა.
– მე რატომ მოგეწონე? როდის? რატომ მე? – მიაყარა სულმოუთქმელად.
– მე შენ… მაშინვე… – დაიბნა ბიჭი.
– როდის? სასადილოში?.. პირველად რომ მნახე? მითხარი, რა მოგეწონა? – სახე ახლოს მიუტანა.
– შენ! შენ… ნუთუ არ გესმის? – მკლავებში ხელები ღონივრად მოკიდა.
– ჩემი სახე… ჩემი სახე დამწვარს გავს?.. გთხოვ… – აღელვებისგან სიტყვა უწყდებოდა – აი სასტუმროში რომ მეკითხებოდნენ, შენც ასე გეგონა?
– ეგ რა შუაშია? შენ ისეთი არაფერი გჭირს… ეგ არაა მთავარი! – სიმტკიცე დაეკარგა ბიჭს.
– აბა რა? რა არის მთავარი? – ჰკითხა დაღლილმა.
– სახე ადრე ალბათ… სხვანაირი გქონდა… ახლა – სხვანაირი… – ფრთხილობდა ბიჭი – მაგრამ შენ შენ ხარ!
– და შენ რა იცი მე ვინ ვარ? მითხარი, რა მოგეწონა? – უკვე მექანიკურად გაიმეორა.
სახე ჩაუქრა. მიმოიხედა. ბიჭი დაბნეული უყურებდა. სწორი პასუხის ძიებაში პაუზა გაუგრძელდა. აღარ დაელოდა, ხელები გააშვებინა, ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, ცივად გატრიალდა და სწრაფად, თითქმის სირბილით გადაჭრა ქუჩა.
მეორე მხარეს ტაქსი გამოჩნდა, გააჩერა. დაძრული მანქანიდან გახედა. მიმტანი მარტო იდგა. მთვრალი კაცი შესახვევში გაუჩინარებულიყო. გაღეღილი შავი პალტოდან პაემანისთვის შერჩეული ღია ფერის პერანგი მოუჩანდა. მანქანას თვალს არ აშორებდა. ტაქსი ორასიოდე მეტრში შუქნიშანზე გაჩერდა. ბიჭი უცებ მათკენ დაიძრა. ფანჯრიდან დაინახა, როგორ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, ფეხს აუჩქარა. სათვალე მოიხსნა და ხელები სახეზე აიფარა. მწვანე აინთო და მანქანა წავიდა.
იმ ღამეს ძილი არ გაკარებია. ერთმანეთს ენაცვლებოდა უცნაური სურათები: თათიას დახატული უსახო გოგო; თეკლას ლამაზი უსიცოცხლო ნაკვთები; მიმტანის დამწვარი უმცროსი და; შავი ორმო გაყინულ ტბაში; თივით სავსე თაფლისფერი თავლა; სანდროს ახალი სურათები ახალ ხალხთან; თავისი თავი ცხენზე მიმტანთან; ორი ძაღლი – ორივე კოჭლი… კოჭლი ძაღლები გონებიდან ვეღარ მოიშორა.
“The Beauty” – ”იპოვეთ თქვენი თავი” – გარეგნობა ახალი აირჩია. პირვანდელი სახის აღდგენა იმთავითვე გამორიცხა. ცვლილების წყურვილმა უკან დაბრუნების სურვილი დაუკარგა. ფოტომოდელირებით შეადგინეს სახის ნაკვთები: პატარა, ოდნავ აწეული ცხვირი, აზიდული წარბები, ნუშისებრი თვალები, უნაოჭო შუბლი… სათვალის მოსახსნელად ლაზერული ოპერაცია დაინიშნა…
– რატომ გადაიქცა ურჩხული უფლისწულად? – ზღაპრის კითხვა გააწყვეტინა შუბლშეჭმუხნულმა თათიამ.
– თათუკა, ხომ იცი რატომაც?! ბოროტმა ჯადოქარმა ხო მოაჯადოვა?!.. ურჩხული ურჩხულად უნდა შეყვარებოდა მზეთუნახავს… მისი კეთილი გულის გამო… – სათვალე მოიხსნა და ბავშვს საბანი გაუსწორა.
– მერე ხო შეუყვარდა? რატომ გადაიქცა უფლისწულად? – კოპები შეკრა თათიამ – ეხლა უფლისწულიც ეყვარება? აბა ურჩხული შეუყვარდაო?.. – აბუზღუნდა და ჩამოშლილი თმის წვალება დაიწყო.
– შენ თუ დაძინება არ გინდა, ეგ სხვა საქმეა! – გაუწყრა და შავი კულულები შუბლიდან გადაუწია.
– მითხარი, ურჩხული შეუყვარდა და ეხლა უფლისწულიც ეყვარება?
ოთახის კარი დამ შეაღო.
– აბა რა ზღაპარია ამ სიგრძე? ხვალ ბაღში დაგაგვიანდება…
შუქი ჩააქრეს. საძინებლიდან გამოვიდნენ და ერთმანეთს შეხედეს.
– გინდა, ექიმთან გამოგყვე? – და კედელს მიეყრდნო.
– რა ვიცი… ჰო, გამომყევი.
– მართლა ყველაფრის შეცვლა გინდა? – დადარდიანებულმა შეხედა.
– კარგად მინდა ვიყო… – მხრები აიჩეჩა.
– ჰო… კარგად უნდა იყო… – ჩაფიქრებული და კედელს მოცილდა – ის მაგიდაზე რა წერილია?.. გჭირდებოდა? – დერეფანს სასტუმრო ოთახისკენ გაუყვა – ბავშვს სახატავი ფურცლები გაუთავდა და ზედ დაუხატია…
– რაა? – შეცბა უცებ.
– გჭიდებოდა? – შეჩერდა შეწუხებული.
– რა დახატა?
და წამით დაფიქრდა – რა და… მზეთუნახავი.
სევდიანად გაეღიმა. დერეფანში შუქი ჩააქრეს.
…ანესთეზიოლოგმა ხელით ანიშნა, ძილში ეშვებიო.
…………………………………..

(დასასრული)

ბმული:
* https://ekaterinetogonidze.wordpress.com/tag/ეკატერინე-ტოგონიძე/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:40 pm


პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე – მოთხრობა ,,მე ვარ". პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე – მისი მოთხრობა ,,მე ვარ" საუკეთესო ევროპულ მოთხობათა რიცხვში დასახელდა.
TV ertsulovneba
Published on Feb 9, 2015


ეკატერინე ტოგონიძე

მე ვარ

კარზე კაკუნია…ბრახუნი.

რომელი ხარ? - ხალათს ვიკრავ და საჭვრეტში გახედვამდე, ვიმეორებ: რომელი ხარ? - პასუხი არ არის. ვიყურები. თავდახრილი გოგო დგას. ვერ ვცნობ.

- ვინ არის? - ვკითხულობ ისევ. უცებ ვხედავ სახეს და შიშისგან მეღვიძება.

ეს სიზმარი ხშირად მეორდება. ვერაფერს ვუხერხებ. ზოგჯერ სიზმარშიც ვიცი, რომ სიზმარია, მაგრამ მაინც მეშინია. ძილის წამლებმა თავიდან მიშველა, მერე ისევ გაისმა კარზე კაკუნი, ისევ და ისევ...

კამერების მიღმა უზარმაზარი განათებებია. შემთხვევით თუ გაუსწორე თვალი, ცოტა ხნით გაბრმავებს. გადაცემას ჰქვია „Show must go on”. წამყვანი ლამაზი ქალია. თუმცა მე უკვე მიჭირს ამის გარჩევა, დამეკარგა ესთეტიკის, მშვენიერების, ზომიერების ზღვრები. მისი სხეულის იდეალური სილუეტი, ვარცხნილობა და ბოლო მოდის ჩაცმულობა შეფასების უნარს მართმევს, პირდაპირ და აგრესიულად მაჩეჩებს დასკვნას: სრულყოფილია - ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი.

გარშემო ხალხია. გამხდრები, მსუქნები, საშუალოები, მაღლები, დაბლები... სხედან ამფიტეატრში და ტაშს უკრავენ. თუ არ უკრავენ, რეჟისორი გადაღებას წყვეტს და აუდიტორიას გაღიზიანებული ახსენებს, რომ აპლოდისმენტები აუცილებელია, რომ ისინი ამისთვის არიან იქ. შუაში პატარა სცენაა, რომელზეც რამდენიმე სტუმარი ზის. წამყვანი იმსიმაღლე ქუსლებზე დგას, იატაკს მხოლოდ თითის წვერებით ეხება, როგორც ბალერინა - პუანტებით. მე განცალკევებით ვზივარ, არანაკლები სიმაღლის ქუსლები ერთმანეთზე მაქვს მიტყუპებული, ვიცი, ასე უფრო ლამაზად ჩანს კადრში ფეხები. მეჩვენება, რომ ყველაზე მეტი სანათი ჩემკენაა მომართული. თვალები არ უნდა მოვჭუტო, შუბლი არ შევჭმუხნო... თუმცა, რომც მომინდეს, ვეღარც შევჭმუხნი, კუნთი ატროფირებულია... პაუზებისას გრიმიორი მორბის, მე და წამყვანს პუდრს გვიმატებს - არ უნდა ვიპრიალოთ. ფუნჯით ღრმა დეკოლტეში მიძვრება. არ მერიდება. სირცხვილის გრძნობა დიდი ხანია დავკარგე. თითქოს სხეული ჩემი აღარცაა...

ბავშვობაში მწყინდა, როცა დედას ჩემზე ეუბნებოდნენ, სულ არა გგავსო. დედა ლამაზი მეგონა. გავიზარდე და მეწყინა, როცა უთხრეს, როგორ დაგემსგავსაო. გარდატეხის ასკში მართლა დამიგრძელდა ცხვირი, გამიხშირდა წარბები.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და დედაქალაქში გადმოვედი, აქ არავინ იცნობდა დედას და ვერც ჩვენს ნაკვთებს შეადარებდა ერთმანეთს. ეს მომწონდა, მაგრამ მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ხალხში ყოფნა - კიდევ უფრო. საღამოობით ცარიელ კედელს მიშტერებული ბუხარზე ვფიქრობდი და ყელში სევდა მაწვებოდა. სოფლიდან გამოგზავნილ ნობათსაც მოუთმენლად ველოდი. ხარბად შევექცეოდი დედაჩემის გაკეთებულ ტყემალს, ქათამსა და ჭყინტ ყველს. პირველ არდადეგებზეც სიხარულით გავიქეცი მანდაეთში. იქაურ ხილს განსაკუთრებული გემო ჰქონდა, იქაურ ჰაერს - სულ სხვა გამჭვირვალობა...

ერთხელ ლექციების მერე ჩემი თბილისელი ჯგუფელი წამოვიდა ჩემთან სამეცადინოდ. ყველა კონსპექტი მომარაგებული მქონდა, ყველა საჭირო წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოტანილი. ამიტომ კურსელებს გამოცდების მოახლოებისას ვახსენდებოდი. სახლის პატრონმა კალათა დამახვედრა, სოფლიდან გამოგიგზავნეს და ჩემთან დატოვესო. საიდან ხარო, იმ გოგომ მკითხა. უცებ ენა დამება. მივხვდი, რომ მანდაეთის თქმას ჭიათურა მერჩივნა. ცხოვრებაში პირველად გამიჭირდა ჩემი სოფლის დასახელება. მეცადინეობა რომ დავიწყეთ, ამ გოგომ უცებ შემაწყვეტინა, საჭმელებს გიგზავნიან ხოლმე სოფლიდანო (ჭიათურა ასე მოიხსენია), კისერი წაიგრძელა და ნაჭერგადაფარებულ კალათას დახედა. გინდა, ვისადილოთ-მეთქი, წამოვხტი. მიმოიხედა, ყავა არა გაქვსო, მკითხა და სიგარეტი გააბოლა. მერე შეყვარებულმა დაუმესიჯა. ვეღარ დავრჩები, ესენი გამატანე, გადავაქსეროქსებო. წაიღო კონსპექტები და წიგნები, დატოვა სუნამოში გაზავებული თამბაქოს ბუღი. კალათას დავხედე, მადა დამეკარგა.

- აბა ყურადღება! ყველანი ადგილებზე! - დაიყვრია რეჟისორმა.

დარბაზში უმეტესობა ახალგაზრდა იყო - მოხალისე სტუდენტები. მეც ვიყავი ადრე ასეთი... აი, ისეთი, შავგვრემანი გოგო რომ ზის სკამზე მოუხერხებლად და ქვედა ბოლოს დაბლა იქაჩავს. ან ისეთი, ჩოლკით რომ დაუფარავს ნახევარი სახე და შარფით - მოზრდილი მკერდი... გამახსენდა, რამდენჯერ დავრჩენილვარ იმედგაცრუებული სახლში მისვლისას სტიპენდიით ნაყიდი ფასდაკლებული კაბებითა თუ შარვლებით. გვიან მივხვდი, რომ გასახდელებში მატყუარა სარკეებია - ათხელებს. მაშინ არ ვოციდი სიტყვა „მარკეტინგი”... არ ვიცოდი, რამდენნაირი ტყუილით შეიძლება ასიამოვნო ადამიანი, რამდენჯერ აყიდინო თავდაჯერება. გახადო გაუმაძღარი, დამოკიდებული მყიდველი...

- მე-5 კამერა! ÿნა მომეცით მსხვილი ხედით!

დედაჩემმა იამზე დამარქვა, მე გადავირქვი ია. ჩემმა მეგობარმა კაცმა იანად გადამაკეთა. ბოლო რამდენიმე წელია ÿ-ნა ვარ და არა ია-ნა.

- ÿნაჩკა, მზადა ხარ? - დამიტკბა რეჟისორი.

მე სულ მზადა ვარ... ღიმილით, ცირკონის კბილებით, აქაჩული თვალებით, უნაოჭო სახითა და უდარდელი გამომეტყველებით... მე ყვრიმალებიც კი ტენდენციური მაქვს ანუ ჩვეულებრივზე გამობურცული (ეს მოდა ახლახანს შემოვიდა ბრიტანეთიდან)...

იამზედ ცოტას თუ ვახსოვარ, ძირითადად თანასოფლელებს. ზოგი აღარც კია ცოცხალი. ერთხელ ქუჩაში შემომესმა, იამზეო, მანუჩარი იყო. სასწრაფოდ ხალხს შევერიე, ვითომ ვერ გავიგე. ავტობუსში კი ნოდარას და კოჭოს გადავაწყდი, აზრზე არა ვარ, რა უნდოდათ თბილისში, ალბათ სამსახურის საშოვნელად ჩამოვიდნენ. დავემალე შემდეგ გაჩერებამდე.

უნივერსიტეტში ჯგუფხელობა უფრო იმიტომ მოვინდომე, რომ ჩემი ხელით შემევსო ჟურნალი. საკუთარი გვარის გასწვრივ ია ჩავწერე. ჯგუფელები ზოგჯერ მაინც იამზეს მეძახდნენ... იამზეს კი არა და მზექალასაც, მგონი, მზევინარსაც...

ქუჩის კუთხეში საცხობი იყო, პატარა კაფეტერიით. მუდამ გაბუღული და სტუდენტებით გაძეძგილი. ადგილი არასდროს იყო ჩემთვის. ბიჭები დილიდან საღამომდე სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ, ჩემს ჯგუფელ გოგოებს ადგილს უთმობდნენ. მე ვყიდულობდი ფენოვანს, პლასტმასის ჭიქიდან დაჭრილ მონაცრისფრო თაბახის ფურცელს ვიღებდი და იმით ვკიდებდი ხელს მაკარონისგემოიან ცხელ ხაჭაპურს. ჩქარ-ჩქარა ვჭამდი ფეხზე მდგარი. ბიჭებს ერთი ხაშურელი გოგო ამოეჩემებინათ. ჩუპა-ჩუპსას ეძახდნენ, ჩაიში მარილს უყრიდნენ და ზურგზე წარწერებს აწებებდნენ. ერთხელ დღიური წაართვეს და ლექსების საჯარო კითხვა მოაწყვეს: „უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია, ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი...” ხელიდან ხელში გადადიოდა გულებიანი ბლოკნოტი. ამ გოგოს სახელი დღემდე არ ვიცი. ვერც ატირებულის დამშვიდება გავბედე... პირიქით, მეც სხვებს ავყევი სიცილში...

წარბების ამოქნა რომ ვცადე, ვერ მოვზომე და ლამის აღარაფერი დავიტოვე. უკიდურესად გაოცებული იერი მიმეღო. სარკეში დიდხანს ყურება ისედაც არ მიყვარდა, ხასიათს მიფუჭებდა და ამ გამომეტყველებით საერთოდ შევიძულე თავი. მერე თვალის ფანქრით ვცადე გამქრალი წარბის მიხატვა. ზოგჯერ მავიწყდებოდა და ერთი ხელის მოსმით მეთხაპნებოდა სახე შავად.

- გრიმიორი გამოვიდეს სცენიდან! წავიდა სურათები ეკრანზე! - დინამიკებში გაისმა რეჟისორის ხმა ოდნავი ექოთი. თვითონ აღარსად ჩანდა. ყველამ მექანიკურად ზემოთ აიხედა.

უზარმაზარ მონიტორზე ექვსი გოგოს სურათი და წლების წინანდელი მე ვენაცვლებოდით ერთმანეთს... ეს ფოტო ცხვირის ოპერაციამდე კლინიკაში გადამიღეს. სხვა არც მქონდა. უნივერსიტეტის ბაღში გადაღებული ერთადერთი სურათი ჯერ კიდევ რინოპლასტიკამდე დავხიე. კადრში ჩემი ორი ჯგუფელი, ვიღაც უცხო ბიჭი, თემო და მე ვჩანდით. თმა მქონდა უცნაურ ფრად შეღებილი - გალამაზების ერთ-ერთი პირველი მცდელობა, შეკოწიწებული ფულით ნაყიდი საღებავი და სახლის პირობებში ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტი... ქერას ნაცვლად ჟანგისფერი, ალაგ-ალაგ წითური კიკინა...

პირველად რომ პომადა წავისვი, ავტობუსშივე მოვიშორე ცხვირსახოცით. რამდენჯერმე ასე წავიშალე წითელი ტუჩები ტრანსპორტის ფანჯარაში არეკლილი სახიდან. ბოლოს გავბედე და კაფეტერიაში ადგილიც დამითმეს. მარტო ცხოვრობო, პირველი ეს მკითხა. რამდენჯერმე ერთად ვჭამეთ ფენოვანი. ვღელავდი, ყელში ლუკმა ძლივს გადამდიოდა. სალაპარაკო დიდი არაფერი გვქონდა. მერე სახლში საკუთარ თავს დავაკვირდი ჭამის დროს. აღმოვაჩინე, რომ ღეჭვისას ყბებთან ერთად ცხვირიც მიმოძრავებდა, თითქოს უფრონ მიგრძელდებოდა კიდეც. შევშფოთდი. თემო ძირითადად მკერდზე დამჩერებოდა, მაგრამ ხაჭაპურზე მაინც უარი ვთქვი, ჩაიზე გადავედი. სახლში კარტოფილს ვიწვავდი, თუ ტაფასთან დგომა მეზარებოდა, ვიხარშავდი და ასე გამქონდა თავი. საჭმლის გამოგზავნა დედაჩემს სასტიკად ავუკრძალე...

თემოს ეშხით ეპილაციისთვისაც შევაგროვე ფული. ზედა ტუჩი და ბაკები გავიკეთე. მწარე იყო... სიწითლის ჩაცხრობას ორი დღე დასჭირდა, ლექციების გაცდენა მომიხდა. სამაგიეროდ მერე უფრო თამამად შევაბიჯე კაფეტერიაში. თემო სხვა გოგოსთან ერთად დამხვდა, ჩაის სვამდნენ და იცინოდნენ.

ნამტირალებს უკანა ეზოში გადამაწყდა, ხელი გადამხვია... არები არ დამიწერო, ჯიგრულადო, მთხოვა. სიხარულით დავუქნიე თავი. სახლში კონსპექტების მიზეზით წამომყვა. ხო მარტო ხარო, დააზუსტა და სანამ მაკოცებდა, პირდაპირ მკერდზე მეცა, ისე უხეშად, თითქოს მეჭიდებოდა. თვალები დახუჭა და სველი ტუჩები მომადო. ტირილი დავიწყე და საკუთარი ბინიდან გამოვიქეცი. სადარბაზოში დავიმალე. უცებ საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, დაბრუნება მომინდა... აღარ დამხვდა.

მას მერე აღარც მესალმებოდა. ისევ იმ გოგოს დაეწვია ჩაიზე და მე ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. ის ერთადერთი სურათიც გავანადგურე... „არებს” მაინც არ ვუწერდი. ინფორმატიკაში „არ გამოცხადებაც” „ჩათვლით” შევუცვალე... ყოველ დანახვაზე ვწითლდებოდი, გული მიჩქარდებოდა... მარტო მის გამოჩენაზე კი არა, მისი ძმაკაცებისაც...

სტუდიაში გადაცემის მონაწილენი ჩემი და სხვების სურათებს აკვირდებოდნენ. ისმოდა რიტმული, დამძაბველი მელოდია. რატომღაც ვიფიქრე, რომ ვინმე მიცნობდა, გამოიცნობდა მაინც... კამათი ორ ფოტოზე გაიმართა - არც ერთზე არ ვიყავი მე... ვერც ვიტყვი, სინამდვილეში რა მერჩივნა... იმაში კი დავრწმუნდი, რომ იამზეს კვალიც აღარსად იყო...

- ფანტასტიკურია! ბრავო! - აყვირდა წამყვანი. მონაწილეებს უცებ გაუხარდათ, მაგრამ შემდეგ შეძახილზე დაბნეულები მომაშტერდნენ - ბრავო პლასტიკურ ქირურგიას! თქვენ წინაშეა ესთეტიკური მედიცინის შედევრი- წამყვანმა ხელი ჩემკენ გამოიშვირა - რომელსაც თავის წარსულთან საერთო აღარაფერი აქვს! აი... ხომ ხედავთ? უკვე თქვენი თვალით ხედავთ, რომ შეუძლებელი არაფერია!

დარბაზში ტაშმა იქუხა. გაოგნებული გოგო-ბიჭები ეკრანზე გადიდებულ იამზეს შესქცეროდნენ. რეჟისორის ასისტენტმა ხელით მანიშნა, ადექიო. სცენაზე დამაყენეს. შუქები მომანათეს, სადღესასწაულო მელოდია ააჟღერეს, ხმას უფრო აუწიეს... ქერა დაგრძელებული თმა მხრებზე გადავიყარე. როგორ ვერ ვიტანდი საკუთარ შავ ძირებს. მეჩვენებოდა, რომ არანორმალური სისწრაფით იზრდებოდნენ, თითქოს ახალშეღებილზეც შეუჩერებლად მოცოცავდნენ კუპრივით ღერები, რომლებსაც ლინზებით ფერშეცვლილი თვალების არ იყოს, „ფანსასტიკური” ქირურგიაც კი ვერაფერს უხერხებდა.

რა შავი გაქვსო თვალები, მითხრა თემოს ძმაკაცმა. უარესად დამაბნია... მე მეგონა მარტო ლექსებში ჰქონდათ ქალებს თვალები გიშრისო, გაიცინა. პოეზიაზე ვილაპარაკეთ ზედაპირულად... სახლში რომ წამომყვა, ისე მიხაროდა, თითქოს თემოს შევურიგდი... ან უფრო მეტიც, თემოს ვაჯობე, დავამარცხე. ერთიანად აცეტებული ავრბოდი კიბეზე, ლიფტი არც გამოგვიძახია. უკან მომყვებოდა და ხელებს მხრებზე, წელზე მკიდებდა. გული ამომივარდა... გასაღები ძლივს მოვძებნე ჩანთაში. კარი ღია დამხვდა. ცარიელ ოთახში მიმოვიხედე. გაკვირვებულმა თემოს ძმაკაცს შევხედე. უცებ აივნიდან ხმაური შემომესმა. სამზარეულოში კალათას მოვკარი თვალი და გავხევდი. რაც დედას საჭმლის გამოგზავნა ავუკრძალე, ისე ხშირად აღარც ტელეფონზე ვურეკავდი და არც წერილებს ვატანდი ნათესავ მძღოლს... აბა რა მეგონა?.. სოფლის ხილითა და ციტრუსით სავსე ჩანთებს გულმოდგინედ ალაგებდა აივნის კარადაში. თავწაკრული და მგზავრობით დაღლილი საშინლად დაბერებული მეჩვენა, სამარცხვინოდ დაბერებული... ახლაც მახსოვს ის განცდა... ვიდექი და მძულდა.

- არა... არავინ... დამლაგებელია. - კარიდან გავაბრუნე თემოს ძმაკაცი და მთელი ღამე გაუჩერებლად ვიტირე.

გადაცემაში სპონსორი მეათედ მაინც ახსენეს - ალკოჰოლური სასმელების კომპანია მონაწილეებს სიურპრიზს სთავაზობდა! ყველას ღვინით უნდა გაგვმასპინძლებოდნენ. თამაში აქაც გაგრძელდა. სტუდიაში წითელკაბიანი გოგონები შემოფრიალდნენ ლანგრებით ხელში. თითო მონაწილეს სასმელი ხუთი სხვადასხვაგვარი ჭურჭლით მოგვართვეს: ბროლის მაღალფეხიანი ჭიქა, შუშის წელში გამოყვანილი სასმისი, თიხის ფიალა, პაწაწინა ყანწი და მინიატურული დოქი წითელი ღვითი იყო სავსე. ჩვენ ყველა მათგანი უნდა გაგვესინჯა და საუკეთესო გამოგვევლინა. ტუჩი ოდნავ შევახე. ძლიერი ანტიდეპრესანტების ფონზე დალევა არ შეიძლებოდა.

- ლელა, კამერისკენ ზურგით ნუ დგები! მილიონჯერ გითხრა?! - დაიქუხა რეჟისორმა.

წამყვანი შეხტა.

მონაწილეთაგან ზოგი თავდაჯერებული ატრიალდებდა ღვინოს ჭიქაში, პირში იგუბებდა გადაყლაპვამდე. ზოგი ხარბად ცლიდა სასმისს ერთი მეორის მიყოლებით. წითელკაბიანები დეგუსტაციის წესისამებრ პურის პატარა ნაჭრებსაც გვთავაზობდნენ, გემოს გასანეიტრალებლად. მონაწილეები ისე ახმაურდნენ, თითქოს იმ რამდენიმე ყლუპით ერთბაშად შეზარხოშდნენ. წამყვანი ღელავდა, მხიარულება ყაყანში არ გადაზრდილიყო. დროდადრო ხელით ყურსასმენს ისწორებდა, რომელშიც პროდიუსერის ხმა ესმოდა. ცდილობდა ზუსტად მიჰყოლოდა მითითებებს.

ექთანს ვუსმენ, ვემორჩილები. ბორბლებიან სკამში ვჯდები ცისფერ ხალათში გამოწყობილი, წესია ასეთი - პალატაში ეტლით გაკითხავენ. უკვე მერამდენედ მიმაგორებენ ამ კორიდორში. კედლებზე ნახატებია, ზეპირად ვიცი. რეპროდუქციებია, ძირითადად ქალები. ისინი ოპერაციაზე მიმაცილბენ... მიყურებენ, მიმაცილებენ... და თანდათან უფრო მელამაზებიან, უფრო და უფრო...

შედევრები მშვიდი განწყობისთვისაა კლინიკაში გამოფენილი...

მარკეტინგული შეცდომა: არც ერთი პორტრეტი თუ ნატურა არაა სრულყოფილი ესთეტიკური მედიცინის თვალსაზრისით.

ტანზე მახატია ზედმეტი ან პირიქით, დასამატებელი ფორმების გეგმა. ეს ნახატი ქირურგის მიერ ლურჯი ფლომასტრითაა შესრულებული, ზედ ბრილიანტის მწვანე აქვს გადასმული. რამდენიმე წუთში ექიმის გასტერილებულ თხელ მტევნებზე ექთნის დახმარებით რეზინის ხელთათმანები გაიტკაცუნებს... რომ გამომიყვანენ, ქალებს ვეღარ დავინახავ, პირდაპირ პალატაში გამეღვიძება.

ვცდილობ, მოვიშორო ფიქრები: რა უსაზღვროა სილამაზე მათ ასიმეტრიულ სახეებში, თხელ, სახასიათო ტუჩებსა და ცხვირის მოგრძო შტრიხებში. რამდენი სურვილი და ვნებაა მომცრო მკერდში, სავსე ბარძაყებსა თუ მრგვალ მუცლებში... რაოდენ უნიკალურია ღიმილი ნაოჭებშეპარულ თვალებში... ეს გადაბმული წარბებიც მშვენიერია, ის სიქერავისგან ფერდაკარგული წამწამებიც...

საოპერაციოსთან ბოლო სურათი პეიზაჟია. არ მიყვარს, სოფელს მაგონებს...

- მიყვარხარ, მამი! აბა მოვდუნდით... - ასე იწყება და მე, იოდისფერ ხსნარში ამოვლებული, გასტერილებულ ზეწარზე ვეშვები.

მონიტორზე დათვლილი მაჯისცემა თუ 90-ს გადააჭარბებს, მამი ანესთეზიოლოგს გადახედავს. წვეთოვანში უმალ ერევა ჯადოსნური სითხე, რომელსაც მაშინვე ვცნობ - თავბრუს მახვევს. წამით მეჩვენება, რომ გადმოვვარდები... მერე მოდიან ქალები, განუმეორებელი, გადაუკეთებელი ქალები... ერთხელ დახატული და ათასჯერ ცვალებადი გამოხედვით - სევდიანი, ჭკვიანი, შეყვარებული, გამტყდარი, ნაწყენი, მშვიდი, დაფიქრებული, მომლოდინე... მოდის ჩემი ეზო სოფლის სახლით... კალათები სავსე საჭმლით... ირევიან პირბადესა და ქუდს შორის მომზირალი გაფაციცებული თვალები.

- დაუმატე. - ანესთეზიოლოგი სწრაფად მოქმედებს... და მოდის სხვა.

კარზე კაკუნია... მე ვდგები, იმ ცისფერ, ფარღალალა ხალათს ვიცვამ და ვკითხულობ, ვინ არის? ვინ არის? ვინ?..

ცხვირის შეცვლა მაშინვე გადავწყვიტე, როგორც კი ამის საშუალება გამომიჩნდა. სამსახური უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დავიწყე და რინოპლასტიკის იდეით შეპყრობილი საუკეთესო თანამშრომელი გამოვდექი. მალევე დამაწინაურეს, ხელფასი მომიმატეს. ოპერაციის დღეს სარკეში რომ ჩავიხედე, უცნაური რამ მოხდა: მომეწონა საკუთარი პროფილი. ცხვირი სასწაულებრივად დაპატარავებულიყო, სახეს კოხტად მორგებოდა. ექიმების თქმით, ეს ნორმალური ფსიქოლოგიური მომენტია, პრეოპერაციული...

რინოპლასტიკაზე დედას არ გავაგებინე. სოფელში ზაფხულობითაც აღარ ჩავდიოდი. გაუცხოებამ რაღაცნაირად უმტკივნეულოდ ჩაიარა, ჩავჭერი და მორჩა! როგორც ქირურგმა ანესთეზირებულ ხორცი... იყუჩებ, ივიწყებ!

ნარკოზიდან გამოსულმა თეთრებში გამოწყობილი ქირურგის გაცისკროვნებულ ღიმილს ვერ მოვწყვიტე თვალი. საოცრად მზრუნველი მეჩვენა... (ახლა ვიცი, რომ ესეც პოსტოპერაციული კანონზომიერებიდანაა). სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, როცა ყველა ტკივილი და შეშუპება ჩაცხრა, იქამდე გამოუცდელი განცდა დამეუფლა - გული გადამევსო მადლიერებით. მიხაროდა შემოწმებაზე მისვლა, აღარ მინდოდა კილინიკიდან წამოსვლა. მომყვებოდა ექიმის ოდეკოლონის სუნი, ალერსიანი მზერა და ის ციური ღიმილი... ჩივილები გამოვიგონე დამატებითი ვიზიტისთვის. მადლიერება აღარ დამეტია სიტყვებში, თვალებში, ხელებში, სხეულში... დაუჯერებელი იყო - შეხვედრა შემომთავაზა. ვფიქრობდი, რატომ ამირჩია. რატომ მე? ასეთ მამაკაცზე არც მიოცნებია...

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* http://24blog.ge/weekend/story/38777-me-var

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Fri Mar 01, 2019 3:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:42 pm

ეკატერინე ტოგონიძე

მე ვარ

(გაგრძელება)

ცხვირი უნაკლოდ გამიკეთა, მაგრამ მაშინ ბოლომდე მაინც ვერ დავაფასე მისი პროფესიონალიზმი - ესთეტიკური ქირურგის უტყუარი ყნოსვა - ეს პაციენტი ჩემია... ადამიანი - პლასტელინი... ქალი - მასალა... ნამდვილი ქირურგი მას ალბათ პირველივე კონსულტაციაზე ამოიცნობს, არასდროს გაუშვებს ხელიდან... გარდაქმნის... უფრო ზუსტად კი შექმნის ხელახლა, ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ, გაყუჩებით... გამოთლის, გამოძერწავს, გამოცლის და აავსებს. შევა მის სხეულში, შევა მის სიზმრებში... ლანცეტის ნაცვლად ჯადოსნურ ჯოხს დაიჭერს. იდირიჟორებს, ირეჟისორებს... გახდება შემოქმედი, ავტორი... პირდაპირ ვიტყვი: ღმერთი.

ჩაწერა უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მამაკაცები კამათს აღარ ამთავრებდნენ. ქალებს სიტყვა არ ჩააგდებინეს, მეღვინეობა დაიჩემეს და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთზე ლამის გაბრაზდნენ. წამყვანმა წესები პროდიუსერის კარნახით გზადაგზა შეცვალა და მონაწილეებს სამი საუკეთესო სასმელის გამოვლენის უფლება მისცა.

ყველა სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა სცენაზე კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ სასმისებში ერთი და იგივე ღვინო ესხა. უხერხული სიჩუმე ჯერ საზეიმო მუსიკამ დაარღვია და მერე კაცების დაეჭვებულმა, შეურაცხყოფილმა, შემტევმა კომენტარებმა.

- Show must go on! - უმწეოდ ყვიროდა წამყვანი და უშედეგოდ ცდილობდა ხმაურის გადაეფარვა.

ბოლოს სტუდიაში ისევ ხელდამშვენებული წითელკაბიანები გამოჩნდნენ და გაბრაზებულ მონაწილეებს საჩუქრად სასმელით დატვირთული ყუთები შეაჩეჩეს.

- ხომ ხედავთ რამხელა მნიშვნელობა აქვს, რითი მოგართმევენ ღვინოს! თქვენ არჩევანი სასმისით გააკეთეთ - ახლიდან ააჯანყა წამყვანმა სუფლიორზე დაწერილი ტექსტით მამაკაცები - მთავარია, რომ მოგეწონათ! რა კარგია, რომ ასე მოგეწონათ! - იქვე უკან დაიხია პროდიუსერის კარნახით.

არ სვამს. ჭამისას კი ითვლის. აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? ითვლის რამდეჯერ ღეჭავს ლუკმას... ალბათ ლუკმებსაც ითვლის... საოცარია! თუმცა საოცარი არაფერია... არასდროს გაუჭრია პიჯაკებისა და პალტოებისთვის ჯიბეები. პირველად რომ მისი ფეხსაცმელები ვნახე, ყველა ახალი მეგონა, ჩაუცმელი. ძირებზე დავხედე და ნახმარი აღმოჩნდა. მაშინ მივხვდი, რატომ დადის ასე ნელა და უცნაურად - ფეხსაცმელს ცხვირი არ უნდა ჩაუტყდეს, ნაოჭიც კი არ უნდა გაუჩნდეს, არც ერთი.

ამ სახლში რომ გადმოვედი, გამაფრთხილა, მთავარი წესრიგაიო. მისი ენა მაშინ არ ვიცოდი... ეს ნიშნავდა: ჩემს ნივთებს არ შეეხო! იქ კი ყველაფერი მისი იყო... ახალ, პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით. ბოლომდე არც იყო დამთავრებული მშენებლობა. სახლიც მალევე იმტვერებოდა. ფანჯრებს ნუ აღებო, ბრაზობდა. მზის შუქს ჟალუზებით ფარავდა. დიდ ოთახებს ცივი ელექტროგანათება აჩახჩახებდა. მეზობლის რემონტს შაბათ-კვირას კლასიკური მუსიკით ახშობდა. სხვას ისედაც არაფერს უსმენდა. რამდენიმე თვე სტუმარივით ვიცხოვრე, კარგად ვერც ვიმახსოვრებდი, სად რა იყო. თან ძირითადად პოსტ ან პრეოპერაციულ რეჟიმში ვიყავი. მთავრდებოდა ლიპოსაქცია, იწყებოდა მკერდის აწევა, კერტების ცენტრში დაბრუნება. მთავრდებოდა თვალების აქაჩვა და შუბლის გადატკეცვა, იწყებოდა დუნდულების ინპლანტებით დამრგვალება და აზიდვა...

დამლაგებელი მთლიანად უმკლავდებოდა ტრიპლექსს. აწკრიალებდა ყველაფერს, კაბინეტის გარდა. ეს ერთადერთი კუთხე იყო, რომელსაც თავად ალაგებდა. ხის დიდ მაგიდაზე ლამაზი ქანდაკებები ედგა: საათი, ქირურგიაში აღებული პრიზები და უფუნქციო საფერფლე...

ერთ საღამოს უხეშად მითხრა, ჩემს მაგიდასთან რა გინდოდაო. გამიკვირდა, სულ რამდენიმე ნივთს შევეხე და ისიც თავის ადგილზე დავაბრუნე. კარგა ხანს ვფიქრობდი, საიდან მიხვდა-მეთქი. მერე ჩავთვალე, რომ მტვრის ოდნავ კვალს შეეძლო მილიმეტრებში გავეყიდე. ვერ მოვითმინე და ერთხელ კიდევ ავიღე ქალის ფორმის საფერფლე, ეს ნივთი რაღაცნაირად არ მასვენებდა... მტვრის ოდნავი ფენა სულის შებერვით გაფანტე და ჩასაფერფლებლად გამზადბული შიშველი სხეული ფრთხილად დავაბრუნე უკან. მიხვდა და გაბრაზდა. ახლა უკვე ვიცი, საიდან... მაგიდაზე ისეთი სიმეტრიით იყო ყველაფერი განლაგებული, როგორც იდეალურ ნახაზზე, კომპიუტერულ გრაფიკაში...

შვილი არასდროს უნდოდა. „მამის” მეძახდა - ჩემზე მხოლოდ ათი წლით უფროსი. თავიდანვე გამაფრთხილა, რომ მეც ასე უნდა მიმემართა, მე - მის საყვარელ ნივთსა და ყველაზე წარმატებულ პროექტს.

ია-დან ÿნამდე ჩემი სოფლის ამბებს საერთოდ აღარ ვიხსენებდი, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. თურმე სიზმრებში ჩამისახლდა წარსული და ბოტოქსის თუ ლიპოსაქციის მწარე ნემსივით მერჭობოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ბავშვობაში დედამ მითხრა, პირველად იყო კაციო. დედას არ უთქვამს, რომ პირველად იყო სიტყვა... მან თქვა, კაციო... ამ კაცის ნეკნიდან გაჩნდა ქალი.

იქნებ ამიტომ მესიზმრება მამი ხელში ლანცეტის, მაკრატლის ან ნემსის ნაცვლად ნეკნით. დიდი, სისხლიანი ნეკნით.

მეგონა გადაცემა დამთავრდა, მაგრამ სცენარში კიდევ ერთი რეკლამა ყოფილა ჩაჩრილი. დასაჩუქრებული მონაწილეები მიჩუმებულიყვნენ და დაღლილი, მოწყენილი სახეებით შეჰყურებდნენ წამყვანს, რომელიც ამჯერად უკვე ჭურჭლის კომპანიას წარადგენდა.

- როგორც დისკუსიამ აჩვენა, სასმისსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია... -ფრთხილად წარმოთქვა მან.

საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. წითელ სავარძელშიც ვეღარ ვპოულობდი ადგილს.

- ტაში, ხალხო, ტაში! - ბოლოჯერ დაიღრიალა რეჟისორმა.

ალკოჰოლური კოპმანიის საჩუქარი სახლში დამლაგებელმა ამოალაგა. ბოთლებს მოჰყვა მეღვინეობაზე გამოცემული პრიალა ჟურნალი. სანამ გადავაგდებდი, თვალი გადავავლე. ღვინოს ჭურჭლის მიხედვით თურმე მართლა ეცვლება გემო, შემადგენლობაც კი. გამიკვირდა. მერე გამახსენდა ორი ქვევრი ჩვენს დიდ ეზოში. როგორ უვლიდა და ეფერებოდა ბაბუა... პლასტმასის ბოთლში სული ეკარგებაო ღვინოს - ჟურნალში ეწერა. სუნი? დაეჭვებული დავუბრუნდი წინადადებას. სული! სული ეკარგებაო. ყდას კიდევ ერთხელ დავხედე, მერე ნაგვის ყუთში გადავუძახე, მაგრამ ეს აზრი ვეღარ მოვიცილე... „ჭურჭელი ცვლის შიგთავსსაც” - მელოდიასავით ამეკვიატა.

მამიმ შემაქო, გადაცემაში კარგად იყავიო. რომ ვერავინ მიცნო, ის გაუხარდა,. კლასიკური მუსიკა ჩართო. ფორტეპიანოს აკორდები თითქოს სიტყვებად ჩამესმა...

იცვლება თუ არ იცვლება?

იცლება... იქნებ ისვება?

ვნება... ჩემი ნება...

შიგთავსი, ფორმა, შიგთავსი...

არსი... არსი... შინაარსი...

აზრი... ჩემი აზრი...

რა გჭირსო, მკითხა, ანტიდეპრესანტის დალევა გადავიწყდაო... არა-მეთქი. ზედმეტი ხომ არ დალიეო? თავი გავაქნიე. კაბა ნელა გამხადა. ხომ არ დავუწიო, მუსიკასო, პირველად მკითხა ასეთი რამ.

სექსის დროს სინათლეს არასდროს აქრობდა. არც თვალებს ხუჭავდა. თუ პირისპირ იყო, ისე მიყურებდა, როგორც რეაბილიტაციის შემდეგ საბოლოო შედეგის შეფასებისას. სიამოვნება წამით თუ გამოეხატებოდა სახეზე და ისიც უფრო კმაყოფილება იყო ალბათ... ზურგიდანაც ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას. იქნებ, სწორედ ამ დროს მწიფდებოდა ახალი, მომდევნო ოპერაციის იდეა.

გადაჭიმულ მუცელზე ნაწიბური სანამ ბოლომდე არ გააქრო, არ მოეშვა. მერე უკვე თამამად მეალერსებოდა ჭიპის ირგვლივ... თავის თავს ეფერებოდა ჩემში. ვგრძნობდი, რომ არასდროს დათმობდა ამ გლუვ სიბრტყეს, არასდროს დაუშვებდა მუცლის გაბერვას. არ დატოვებდა ადგილს სულისთვის...

ზოგჯერ ანტიბიოტიკები და კონტრაცეპტივი ერთმანეთს არ ეთავსებოდა. გულმოდგინედ იგონებდა ახალ კომბინაციებს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სმა არაფრით შემეწყვიტა. მეც ვსვამდი, ვყლაპავდი ყველაფერს, რასაც მაძლევდა. მორჩილად ველოდი შინ... ვიხდიდი, ვწვებოდი. როცა საჭირო იყო, ექიმების შეკრებებსა და საერთაშორისო კონფერენციებზეც ვიხდიდი, როგორც ნიმუში.

კარზე კაკუნია… ბრახუნი. რომელი ხარ? - ხალათს ვიკრავ - ვინ არის? თავდახრილი გოგო დგას. სიზმარშივე ვცდილობ, არ გამეღვიძოს. მახსოვს, რომ არ უნდა შემეშინდეს, თორემ გამეღვიძება! არ უნდა გამეღვიძოს!

- ვინ ხარ? - ვამბობ ფრთხილად.

- მე ვარ! - მპასუხობს.

მეშინია. ხელ-ფეხი მიცახცახებს. კუნთებს ვერ ვიმორჩილებ, თავის ნებაზე ხტიან. სადაცაა გამეღვიძება... ცოტაც, ვფიქრობ, ცოტაც... თვალებს გახელის უფლებას არ ვაძლევ.

- მე ვარ! - ისე მკაფიოდ მესმის, ცხადი მგონია.

- ვინ? - კარს ვაღებ.

იამზეა.

იმდენი ვიარე, სანამ ფეხები არ დამიწყლულდა, დამისისხლიანდა... McQueen-ის გველის ტყავის ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, არ იყო ამ გზებზე გათვლილი. რა საშინელია სიბნელე, შეიძლება ისე აგირიოს თავგზა, ვეღარ მიხვდე, საით მიდიხარ... მიწაზე რომ დავჯექი და სული მოვითქვი, წამომდგარმა ორიენტაცია დავკარგე. ვაითუ, უკან გავუდექი გზას?! მთავარია უკან არა, ოღონდ უკან არა...

- საით მიდიხართ?

- ღმერთს მადლობა... - მანქანის კარი სწრაფად გამოვაღე.

- როგორ? საით? - მუსიკას დაუწია ბიჭმა. ჩემზე უმცროსი ჩანდა, ასეთები ჩემს სოფელში იყვნენ, ჯგუფშიც იყო ერთი-ორი, მამის სახლთან მშენებლობაზეც...

- თქვენ საით?... - არ ვიცოდი, რა მეთქვა - ფულს გადაგიხდით. - ესღა მოვიფიქრე.

- გომი! გაწყობს? - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე მანქანაში ვიჯექი. სანამ კარს მოვკეტავდი, შუქზე ჩემი შეთვალიერება მოასწრო.

კაბინაში მძაღე სუნი იდგა. ფანჯარა არ ჩამომიწევია. ჩახუთულ ჰაერში მიწის არომატი გავარჩიე და ღრმად შევისუნთქე.

მუსიკას ისევ აუწია და გადმომხედა. გავუღიმე.

ოღრო-ჩოღრო გზაზე მოდუნებული ვირწეოდი. ოფლიანი კაბა ალაგ-ალაგ მეკვროდა. ჩემს ფეხებთან რაღაც გორავდა, რამდენიმე კარტოფილი გადმოვარდნილიყო უკან შეკრული ბადეებიდან. კითხვებს არ ვპასუხობდი. ვიღიმებოდი... ვინჯღრეოდი და ვიღიმებოდი. ალბათ მთვრალი ვეგონე. რუსულადაც კი სცადა დალაპარაკება. სიგარეტი ვთხოვე, გაუხარდა. ისევ ქართულად მომმართა, სად მიდიხარო, იქ რას აკეთებდიო, ასეთი გოგოო, ისეთი გოგოო... რომ გაიგო, ÿნა მქვია, რუსული სიმღერები ჩამირთო, „ბლატნოები”... ბავშვობის მერე არ მომესმინა, ბიჭები სოფლის ბირჟაზე მანქანის მაგნიტოფონში ატრიალებდნენ ხოლმე ზაფხულობით. მუსიკას მხრებით ავყევი. გზა გასწორდა. მანქანა გაჩერდა და მე მაინც ვჯანჯღარებდი... გამოუცდელი იყო, მაგრამ თამამი, უხეშიც. მუსიკა დამთავრდა. მისი ხვნეშაღა ისმოდა. ჰაერი უფრო ჩაიხუთა, დამძიმდა. ხელები მოკლე ჰქონდა, სულ ესაა, რაც მასზე დამამახსოვრდა.

გომში ტელეფონი მთხოვა. მე ფული გავუწოდე. აღშფოთდა, იუკადრისა და თვალი კუპიურისკენ გაექცა. ფული სკამზე დავტოვე. მისიგნალა, ინა, ინაო, სახელი ვეღარ გაიხსენა. ბოლოს შემეშვა, წავიდა. საათს რომ დავხედე, გამიხარდა, რომ მალე ინათებდა. სიარული გავაგრძელე. ტანზე ნელ-ნელა ისევ გამოჟონა ოფლმა, ფეხებს შორის სისველე გამეგლისა და შემაშრა.

სოფლამდე კიდევ სამ კაცთან ვიყავი. აქედან ორი ერთი მანქანის მგზავრი იყო. ვგრძნობდი, როგორ დაეძებდა ჩემი „პლასტმასის” სხეული სულებს, ხარბად ისრუტავდა შემხვედრ სიცოცხლეებს.

არ მინდოდა, შვილის მამა მცოდნოდა. შვილი მარტო ჩემი უნდა ყოფილიყო, სულ ჩემი...

დედა რომ გარდაიცვალა, სახლიც მომკვდარა მასთან ერთად. წავიდა და წაიყოლა კედლების სიმყარე, ფიცრების სიმშრალე, სამზარეულოდან საჭმლის სუნი, ეზოდან ფერადი ბოსტეული, ხეებიდან ხილის გემო, ბუხრიდან ჰაერი... დედაჩემმა მეც წამიყოლა, ჩემი ნამდვილი სახელი, ბავშვობა, შიშები, მოლოდინი და სირცხვილიც.

სანამ მამისთან გადავიდოდი საცხოვრებლად, მეზობლებმა რამდენჯერმე შემოთვალეს, სახლს მიხედეთო. როგორღაც მომწვდნენ. მერე კი მყიდველიაო, მამის მდივანთან დარეკეს. ასეთ ზარებს ის ქალი წარმატებით იგერიებდა.

კიდევ კარგი, არ გავყიდე... რად მინდოდა ის კაპიკები? რა ძვირფასია ახლა ეს ნანგრევები... მერე რა, რომ წყალი ჩამოდის და კიბის მოაჯირი მრჩება ხელში... მთავარია, მაქვს სახლი... მთავრია, მე ვარ... მე ვარ...

შავტუხა გოგოს რომ გავაჩენ, სქელი წარბებითა და მოგრძო ცხვირით, ვეტყვი, რომ პირველად იყო სიტყვა. ღვინოს გავასინჯებ სოფლის ეკლესიაში, სადაც მხოლოდ დღესასწაულებზე ამოვა მღვდელი რამდენიმე მოსახლის საზიარებლად. ვეტყვი, რომ ჭურჭელს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ღვინო...

რომ გაიზრდება, ჭურჭლის მნიშვნელობაზე მერე ავუხსნი - მას ხომ დროთა განმავლობაში შიგთავსიც შეცვლაც შეუძლია.

- ჩემო ერთადერთო! - ასე მოვეფერები.

ყოველ დღე დავუვარცხნი კუპრივით თმას და ვეტყვი - ჩემო ერთადერთო! განუმეორებელო!- ისე ხშირად ვეტყვი, სანამ არ დაიჯერებს!

დაიჯერებს აუცილებლად.

და ეს რომ ეცოდინება, მერე გავუშვებ...

მშვიდად გავუშვებ.

კარზე კაკუნია, ბრახუნი. ხალათს ვიკრავ. ვაღებ. მეზობლის ქალია. ახალმოწველილ რძეს და ჭყინტ ყველ მაწვდის. აქაურებმა იამზეს ნათესავად მიმიღეს, მისი ამბავი გამომკითხე, საბერძნეთში ჰგონიათ...

- რაში მოგეშველო, შვილო? ცოდო ხარ ამხელა მუცლით... - წინსაფარზე ხელებს იმშრალებს ქალი.

არა ვარ-მეთქი ცოდო, ვიღიმები. მიყურებს. ცოტა ხანს არ მიდის. ალერსითა და სიბრალულით მომჩერებია. ნახატები მაგონდება კლინიკის კედლებიდან.

- ისე იამზეს კი გავხარ, შვილო... - კარიდან ტრიალდება უცებ - სულ სხვანაირი ხარ, მაგრამ რაღაცნაირად, იმასავით იყურები.

ცრემლები მადგება. თავს ვხრი. გადიდებული მკერდის ქვეშ მრგვალ მუცელს ვხედავ, იამზით სავსეს, მზით გაბერილს... ფეხებში სისველესა და სითბოს ვგრძნობ, თითქოს ცრემლები ამ სიცოცხლის ბორცვებს იატაკამდე ჩაუყვა. ძირს წყალი დგება.

- დღეს რა რიცხვია? - ვაჩერებ მიმავალ მეზობელს.

ქალი არ იბნევა, ხელებს იკაპიწებს.

- ნუ გეშინია! - ჩურჩულებს.

(დასასრული)

ბმული:
* http://24blog.ge/weekend/story/38777-me-var

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:49 pm




შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Jun 30, 2016
ჩვენი წამყვანი ალექს ჩიღვინაძე წიგნის თაროების დასათვალიერებლად ამჯერად მწერალ ეკა ტოგონიძეს ეწვია.
გავიგოთ როგორი ლიტერატურული გემოვნება აქვს ახალგაზრდა მწერალს.

ზურა მახარაშვილის სიუჟეტი.

30.06.2016
©️ GDS

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:55 pm

ეკატერინე ტოგონიძე

გაშეშობანა

– თავბრუ აღარ გეხვევათ? – მკითხა ნევროპათოლოგმა. გამიკვირდა, რომ ვახსოვდი. ამდენ ხალხს როგორ იმახსოვრებენ?

ადრე ეს კაცი მეუცნაურა.

მეცინება ადამიანებზე, რომლებიც ყველაფერს ფსიქოლოგიურ ახსნას უძებნიან. თავბრუ იმიტომ გეხვევათ, რომ მიწაზე მყარად არ დგახართო. ჩემი ფიზიკური პრობლემა პირდაპირ მე გადმომაბრალა, ჩემს მოფარფატე ბუნებას! თანაც ის კი არა, რომ სიგარეტს ნუ მოწევთ, სწორად იკვებეთ ან მეტი იძინეთო… არა, „უნდა დამიწდეთო!“ – გადმომხედა სათვალის ზემოდან.

ამ აბსტრაქტულმა რჩევამ ვერა, მაგრამ მისმა დანიშნულმა წამლებმა მიშველა… ამიტომაც დავბრუნდი ისევ აქ, ახალი პრობლემით.

რომ მსინჯავდა, კარი დაუკაკუნებლად გაიღო, ვიღაცამ შემოიხედა. დერეფანში ხალხი იცდიდა.

კადრი: ნახევრად გაღებული კარიდან ბიჭი ჩანს. სკამზე ზის, ფეხებს იატაკს ვერ აწვდენს. სათვალის მარჯვენა მინა ახვეული აქვს. დედაც მარჯვნიდან უზის, ყურადღებაგაფანტული სადღაც იყურება. ბავშვი თითქოს მარტოა, გაბუტული. სათამაშო კურდღელს აწვალებს, თეთრი გრძელი ყურით თვალს უფარავს. ფონად ფერადი, მოხატული კედელია.

კარის დაიხურვის ხმა გავიგე, მაგრამ თვალწინ ბავშვი და ქალი დამრჩა.

– აი, ახლაც გაჩერდა! – წამოვიძახე ისე, თითქოს ნევროპათოლოგიც შეძლებდა იმ სურათის დანახვას.

ოფთალმოლოგთანაც ვიყავი, იმავე სართულზე. თვალები წესრიგშიაო. დაავადება სახელწოდებით „სტოპ კადრი“ ნამდვილად არ არსებობს და ვერავინ მეტყვის ეს უცნაურობა როდის გამივლის ან თუ გამივლის საერთოდ.

ყველაფერი მოულოდნელად შეშდება, ცხოვრება ჩერდება და მერე ისევ ჩვეულებრივად გრძელდება. დიდად კი არ მაწუხებს, უბრალოდ დედაჩემი მაიძულებს გამოკვლევებზე სიარულს.

კარდეოლოგთანაც გამგზავნეს, რადგან იმ მომენტში, როცა მოძრაობა წყდება, აღარც გული მიცემს.

როდის დაგეწყოთ? – ეს შეკითხვა ყველა ექიმმა დამისვა… ვერც ერთმა ვერაფერი დამიდგინა. ნევროპათოლოგმა ისევ იფილოსოფოსა – ეს თქვენი მდიდარი ფანტაზიის ბრალიაო. ფოტოგრაფი რომ ვარ, გამოიცნო, როგორღაც მიხვდა! პროფესიულიაო… „შეჩერდი წამო“ – არტისტულად წარმოთქვა კაბინეტიდან გამოცილებისას, კარი ღიმილით გამიღო და დანიშნულების გარეშე გამომიშვა.

როდის დამეწყო, ნამდვილად არ მახსოვს… დიდი ხანია.

რაზეა დამოკიდებული, არც ეს ვიცი. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში შეჩერდეს დრო – ტკივილისას, ჩხუბისას, ტირილისას, სიყვარულისას… ან უბრალოდ ფანჯარაში გახედვისას გაშეშდეს ქარში აფრიალებული ოქროსფერი ფოთლები; ონკანინდან წამოსული წყალი ლოლუასავით ჩაერჭოს ნიჟარაში; ქუჩაში ველოსიპედიანი კაცი „ზებრა“ გადასასვლელზე გახევდეს; ერთ ქოლგაში მოქცეულ ორ ქალს ჰაერში გაუჩერდეთ ფეხები ნაბიჯის გადადგმისას; მაწანწალა, კოჭლი ძაღლი ხესთან შედგეს და უძრაობაში აღარ გამოჩნდეს მისი კოჭლობა… ზოგჯერ მთელი დღე ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე, მაგრამ მერე ისევ იწყება… შეშდება ლიფტის დაკეტილი კარი ზედ მიკრული რეკლამით; გაზზე შემოდგმული ქვაბიდან ჩამჩით ამოღებული წვნიანი; თასზე დაწყობილი პრიალა, მოყავისფრო კარალიოკები მომჭკნარი ყუნწებითა და ფოთლებით; ირაკლის მიყრილი ფეხსაცმელები, შიგნით ჩატოვებული წინდებით… ხანდახან მეშინია ამ მომენტების, სურათებად ქცეული და გამოტოვებული ცხოვრების.

ჯანმრთელობა რადგან წესრიგში მაქვს, ყველა დამშვიდდა. შევატყვე, რომ თითქმის აღარც სჯერათ ჩემი. ალბათ იფიქრეს, იგონებსო… ირაკლი თავიდანვე უგულისყუროდ მოეკიდა ჩემს ჩივილებს. დაახლოებით ისე მიიღო, გრძელ სიზმრებს რომ ვუყვები ხოლმე დილაობით ჩქარ-ჩქარა. არადა მუშაობაშიც მიშლის ხელს. მგონია, რომ კადრი გადაღებული მაქვს, ვეძებ აპარატში, მეხსიერების ბარათზე, კომპიუტერში… ბოლოს აღმოჩნდება, რომ მხოლოდ გონებაშია… ამ შეჩერებული მომენტებით მთელი ალბომები შეგროვდა ტვინში.

კადრი: კოპებშეკრულ დამლაგებელს ხელში ირაკლის გიტარა უჭირავს, იღლიაში ტილო ამოუდია. გულმოდგინედ ცდილობს ფრჩხილით ააფხიკოს სანთლის წვეთები.

ირაკლიმ ერთხელ სიმთვრალეში ამ წვეთებით ჩემი ინიციალი გამოხატა…

ქალს სპორტული შარვალი და კრემისფერი ჯემპრი აცვია. ჯემპრს ვიოლინოს გასაღები და ნოტები ახატია.

ბოლო დროს უფრო და უფრო მომიხშირდა. ეტყობა ის დღე რომ ახლოვდება, მეც ირაკლის გიტარის სიმივით ვიჭიმები… ვიჭიმები და ვშეშდები, რომ არ გავწყდე…

ერთი წელი ვემზადებოდი, მაგრამ ამისთვის როგორ უნდა მოემზადო? გული ისე მეკუმშება, თითქოს ახლა გამეგოს… ღამეები მათენდება. ირაკლის დავყურებ და ფრთხილად ვეფერები. ბავშვივით სძინავს. მის მიმართ ვნება თითქმის გამიქრა, თუმცა მაინც მთელი ტანით მიყვარს. ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე!

საძინებელში ისეთი სიბნელე იყო, ხელის ცეცებით შევედი. ირაკლი რამდენიმე თვეა აქ არის. მშობლებს დიდი ხანია ანგარიშს აღარ ვუწევ. რომ გაიგეს, ჩემთან რჩებოდა, თავს დამესხნენ, მაგისთვის იქირავეო ბინა?! მაგრამ წითელწიგნიანი ქალის მერე ამ წვრილმანებმა მნიშვნელობა დაკარგა. რაც მომავალი გავიგე, აწმყო სულ უფრო გაუფერულდა. ნათესავების თუ მეზობლების აზრი ისედაც არ მაღელვებდა და ახლა მითუმეტეს.

კადრი: საძინებელს სიბნელეში წამით ანათებს გარედან შემოსული შუქი – მანქანის ფარები. ვხედავ ირაკლის,წევს სახით ჩემკენ, ჩემი ცარიელი ადგილისკენ გადმოწეული. ხელით ჩემს საბანს იხუტებს. ლამის ვგრძნობ მისი თითების სითბოს. მეც რომ ვიწვე, ხელისგული მუცელზე დამედებოდა.

ქსენონის შუქი ცივია. ირაკლი ამ შუქზე – ფერმკრთალი.

ბოლო შეკვეთაზე რომ ვმუშაობდი, პირველად მომიხდა შიშველი სხეულის გადაღება. მოდელს ისეთი სრული და სრულყოფილი ფორმები ჰქონდა, გაოგნებული ვუყურებდი… შვილიც ჰყოლია, ოდნავი კვალი არ ეტყობოდა. ახლა ან ძალიან გამხდრები არიან ქალები და ან ზედმეტი ცხიმით დატალღულები. ის კი იყო გლუვი და სავსე, დახვეწილი… ვუყურებდი, ვუღებდი, ვუღებდი, ვუყურებდი და მე თვითონ გამიკვირდა, ისეთი რამე ვიფიქრე: ირაკლის მოეწონებოდა-მეთქი. წარმოვიდგინე კიდეც ეს გოგო მის მკლავებში. ოდნავ არ მიეჭვიანია, პირიქით… გულიც კი დამწყდა, რომ ამას ვერასდროს გამოცდის…

კადრი: ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ თერთმეტი ციფრია – ჩემი პირადი ნომერი – ეს ვარ მე სახელმწიფოსთვის. იმის გასწვრივ კიდევ სამი ციფრი წერია – ეს ჰონორარი დაჯდა ჩემი ფოტოპროექტი. ბოლო გრაფა ცარიელია. ხელს ვაწერ. ფრჩხილზე მუქი ნაცრისფერი ლაქი მაქვს ამძვრალი. ვერცხლის ბეჭედი მიკეთია, ნიკოს სახსოვარი. ჩემი ჩამოშლილი თმის ბოლოები ფურცელს სწევდება.

საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ ირაკლის ყველაფერს ვაპატიებდი. დაგვიანებას, უყურადღებობას, სმას, წვრილმან ტყუილებს მართლა ვეგუები, მაგრამ რომ ვურეკავ და, რა გინდაო, მეკითხება, მწყინს. მესმის, რომ საქმეები აქვს და ისიც მესმის, რომ თვითონ არაფერი იცის.

წამლებზე და ექიმებზე ისე მეწინააღმდეგებოდა, ლამის ყოველ ჯერზე ვჩხუბობდით. მერე მე ვტიროდი, ის მამშვიდებდა. ბოლოს გავანებე თავი… ბედს რას გაექცევი?!. ეჰ, არ ვიცი… რაღა ირაკლის უნდა მოსვლოდა?!

მე და თინამ ჩვენი მეგობრის მამის გასვენებაში ბავშვიც წავიყვანეთ, სხვა გზა არ გვქონდა. თინას დედამთილს არ ეცალა და ძიძა ორივეს ვერ უმკლავდება. რიგ-რიგობით ავედით სამძიმარზე, ბავშვი ჯერ მე დავიტოვე, მერე იმან. ძლივს მოვასწარით.

კატაფალკა რომ დაიძრა, ერთი გვირგვინი გადმოვარდა. ბავშვმა მიირბინა და ხელი სტაცა.



კადრი: ანასტასიას ლურჯი მოკლე კაბა აცვია, წითელი ქურთუკი აქვს გაღეღილი და თეთრი ქუდი – ჩამოფხატული. ვარდებისა და მინდვრის ყვავილების პატარა გვირგვინი ორივე ხელით ჩაუბღუჯია, გამარჯვებული იღიმება.

თინამ, რა თქმა, უნდა, სასწრაფოდ გააგდებინა, მაგრამ მე ის წამი გამიშეშდა, როცა ბავშვმა ყვავილები ხელში ჩაიგდო.

ვერ ვიტან, რასაც ვაკეთებ… ხან რაზე ჩავუთქვამ, ასე მოხდება თუ ისე-მეთქი და ხან რაზე… კიბეების საფეხურები არა-კი-არა-კის მონაცვლეობაა, ლიფტს გამოვიძახებ და თუ შიგნით ვინმე დამხვდება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვიჯერებ… ნაგვის მანქანას თუ ცარიელს გადავეყარე, ცუდის ნიშანია, ხასიათი მიფუჭდება. მაღაზიაში თუ ქერა გამყიდველის მორიგეობაა, მიხარია… ვაჯამებ ტელეფონის ნომრებს, ვაკვირდები მანქანის სერიებს… ტყუილად ვიტანჯები, ხომ ვიცი, რომ მოსახდენი მოხდება… ერთადერთი რამე უნდა გავაკეთო, ირაკლის რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო და მეტი სითბო მივცე.

ყველაფერი, რაც იმ ქალმა თქვა, ერთი ერთში ხდება. თინას ჯანმრთელობის პრობლემები ხომ შეექმნა და ცალი საკვერცხე ამოკვეთეს, მერე სასწაულებრივად დაორსულდა და მეორე შვილი ეყოლა. არც დავიჯერეთ მაშინ, როცა უთხრა… მაგრამ იქნებ ამ ერთხელ შეცდა ის ქალი? რა იქნება, რომ ირაკლიზე შემცდარიყო? ყველა ადამიანი ცდება… ნეტა საერთოდ არ მივსულიყავი!

კადრი: მონაზონივით ეცვა. მჭიდროდ გაკრული შავი თავსაფრიდან ლოყასთან ოდნავ მოუჩანდა კუპრივით თმა, ნაჭრის სიშავისგან რთულად გამოსარჩევი. ეტყობა, იღებავდა, თორემ სამოცდაათს იქნებოდა გადაცილებული. ხელი ედო უსქელეს წიგნზე შეყვითლებული ფურცლებით. ჩამოქნილი, დამჭკნარი მტევანი წითელ ყდას ოდნავ ეხებოდა. სახეში არ შემოუხედავს. თხელი კეხიანი ცხვირითა და მოყვითალო თვალებით მტაცებელ ფრინველს წააგავდა. რაღაცით ლამაზიც კი იყო, დამატყვევებელი.

ეს ის კადრია, რომელზეც ძალიან ვნანობ, რომ მხოლოდ მეხსიერებაში მაქვს…

მკითხავებს არასდროს ვაღიარებდი. ერთხელაც არ ავყოლილვარ მოხალისე მეგობრებს. ამ ქალთან რანაირად მოვხვდი, მე თვითონ არ ვიცი. ალბათ ორი რამის გამო: თინამ მითხრა, რომ ის ჩვეულებრივი მკითხავი არაა და მეორე, ყველაზე მთავარი – ყველაფრის პასუხი წიგნშიაო.

ეს თამაში ჩემს კლასელებთან ერთად ბავშვობაში წამოვიწყე, გადავშლიდით წიგნს რომელიმე გვერდზე, ბრმად ავირჩევდით წინადადებას და ვდილობდით ის აზრი ჩვენს ცხოვრებასთან დაგვეკავშირებინა. რაიმე მინიშნება, რჩევა ან წინასწარმეტყველება ამოგვეკითხა. რაღაც ნიუანსები გასაკვირად ემთხვეოდა… მოკლედ ვერთობოდით, განსაკუთრებით მე და თინა. მერე იმას მოსწყინდა… მე კი ჩვევად დამრჩა.

რაც ფოტოგრაფიას სერიოზულად მოვკიდე ხელი, ჩემს პროფილად რარიტეტული წიგნები იქცა. რამდენიმე პროექტი საჯარო ბიბლიოთეკასთან მქონდა, რამდენიმე კერძო ქართველ და უცხოელ კოლექციონერებთან. საუკუნოვანი მტვერით დაფარულ წიგნებს და ფოლიანტებს სხვადასხვა რაკურსით ვიღებდი. სივრცეებს და კომპოზიციებს ვურჩევდი… და არასდროს ვასრულებდი ფოტოსესიას ისე, რომ ბავშვობის ჩვევა არ გამეხსენებინა.

მართლა ბევრი რამ მითხრეს წიგნებმა, სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ფორმით.

ირაკლის გაცნობამდე შექსპირის უძველეს გამოცემას ვიღებდი.

„…სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,

მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა…“

იმ პერიოდში პარალელურად ნიკო მევლებოდა თავს.

ერთხელ სახლში ვრბუნდებოდი სამსახურიდან. ღამე გავათენეთ სურათების დამუშავებაში. დიზაინერმა ჯერ Mc Donald’s-ში შევირბინოთ და მერე წავიდეთ დასაძინებლადო. ნიკოს გაუგია ჩემი არანორმალური გრაფიკის ამბავი. ჯერ სამსახურში მისულა და რომ აღარ დავხვდი, სახლთან ჩასაფრებულა. დიზაინერის მანქანიდან უძილობით გაბრუებული გადმოვედი. მზე უკვე აჭერდა, ქალაქი დუღდა.

ნიკო ჩრდილით ვიცანი, თმაგაბურძგნული ჩრდილით. ყვავილებითა და Entrée-დან წამოღებული საუზმით იდგა. უსიტყვოდ გამიღიმა. თაიგულში კონვერტი დავინახე, სწრაფად გავხსენი, შიგნით წამალი იდო. გაკვირვებულმა შევხედე. გადააგდე ეგ შენი ვალიუმი, ეს ბალახეულიაო, მითხრა. ასეთ დაღლილზე, უარესად გაგიჭირდება დაძინება და ეს დალიე, ნახე როგორ გიშველოს… ან ეს ყვავილები დაიდგი საძინებელში, ძილის მომგვრელები შეგირჩიეო, გაიცინა ნიკომ.

მაშინ ჩემს ცხოვრებაში წამები არ ჩერდებოდა, თორემ პატარა კონვერტში წერილის ნაცვლად ჩადებულ მწვანე აბებს და ალისფერ ყვავილებს სამუდამოდ დავიმახსოვრებდი.

ირაკლი იმ ქალთან ლაპარაკის მერე ავირჩიე, დაუყოვნებლივ.

ორივეს უყვარხარო. გიტარიანი კვდებაო. ზუსტად ერთი წელი დარჩა, ათვლა დღეიდან იწყებაო.

რამდენს ვტიროდი… განა მაშინვე ბოლომდე დავიჯერე, მაგრამ მერე და მერე დავრწმუნდი, იმედი გადამეწურა… ირაკლისაც მალე დაეწყო პრობლემები.

ისე თინას სამსახური არ გამოუცვლია, არც პროფესია…

კადრი: მზეზე შავი კადილაკი ლაპლაპებს. ავტოსადგომის უფუნქციო მეთვალყურე დოინჯშემორტყმული აკვირდება მანქანას და ვერ ხედავს, რომ ჩამუქებული შუშების მიღმა ქურქში გახვეული ორი გოგო ზის მკვეთრი მაკიაჟითა და ბავშვური გამომეტყველებით.

ანასტასიას მე მივაკითხე. ძიძა ავად გაუხდათ და თინა პატარასთან დარჩა. ბაღს რომ ვუახლოვდებოდი, ბავშვმა დამინახა და გახარებული კარისკენ გამოიქცა, სახელურს ვერ მისწვდა და შუშაზე ცხვირი მოაჭყლიტა. უკან მასწავლებელი გამოეკიდა პატარა წითელი ქურთუკითა და თეთრი ქუდით ხელში.

კადრი. შუშის კარში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. თავზე ბერეტი მახურავს. ფერადი კაშნე მიკეთია და მოკლე პალტო მაცვია. ზუსტად ჩემს მუცელთან ანასტასიას თავი ჩანს, გეგონება ჩემშია. იღიმება. უცებ მახსენდება, რომ მე და ირაკლის შვილი ვერასდროს გვეყოლება.

ისევ უაზროდ ვითვლი ყველაფერს, რაც ითვლება. ვუთქვამ და ვცდილობ პასუხი მივიღო. დღეს ათი წუთი მაინც ვიყურებოდი ცაში, ველოდებოდი ერთი ღრუბელი შეუერთდებოდა თუ არა მეორეს… ამას უკვე მექანიკურად ვაკეთებ. ანასტასიასაც ჯერ ციფრი ვათქმევინე და არა-კის-არა-კის პრინციპით ვეცადე გამომეთვალა, ყველაფერი კარგად იქნება თუ არა. მერე პირდაპირ ვკითხე, შენი აზრით, ნატვრა თუ ამისრულდება-მეთქი. ”რაც გულით გინდა, ის აუცილებლად მოხდებაო” – სხაპასხუპით მიპასუხა თვალებგაბრწყინებულმა. ეს ფრაზა მისი ასაკითვის შეუფერებლად მეჩვენა, მაგრამ იმდენად მესიამოვნა, რომ თითქმის დავიჯერე…

კადრი: სარკეზე გრძელი მძივები კიდია, მიკრულია ფოტო ტრუფოს ფილმიდან „Jules et Jim„. მაგრამ კადრში ესენი ბუნდოვნად ჩანს. გამოკვეთილად ვარ მე, უფრო სწორად ჩემი ნამტირალევი ანარეკლი. დასიებული თვალებითა და დაწითლებული ცხვირით. სახის ჩრდილებში სასოწარკვეთა იკითხება. ირაკლიმ არ უნდა შემატყოს!



ამ ერთ წელიწადში ათ კილომდე დავიკელი. საჭმლის გაკეთება ვისწავლე, ჭამა კი გადამიყვარდა… რამდენი რამის პატიება შევძელი… გადავეჩვიე ეჭვიანობას. ადრე ამას ვერც წარმოვიდგენდი. ჩემს თავზე იმდენს აღარ ვფიქრობ, ზოგჯერ საერთოდ მავიწყდება საკუთარი არსებობა.

მე და თინა იმ თემას არ ვეხებით, ხმასაც არ ვიღებთ… თითქოს უსიტყვოდ შევთანხმდით ამაზე.

თინამ სახლის ნომერზე დამირეკა. აღელვებული მეჩვენა. ჩვეულებრივად მოგვიკითხა. ინტერნეტი თუ ჩართეო, დედაშენს თუ გადაეცი მადლობა ანასტასიათვის მოქსოვილი ხელთათმანებისთვისო… ბოლოს თქვა:

– სამსახურს ვიცვლი. სოსომ დამირეკა, მჭირდებიო. ჟურნალი არასდროს გამიკეთებია-მეთქი… გამოცდილება არა მაქვს. სოსომ მითხრა, შენ მასწავლი, რა შეგიძლია და რა არაო. არ ვაპირებდი, მაგრამ ხელფა…

– რატომ დათანხმდი? – ტირილი წამსკდა. ყურმილი დავკიდე.

კადრი: ტელევიზორთან ირაკლის წიგნი დევს. შუაში პულტია ჩაყოლებული. ეტყობა იქ გაჩერდა… ასე ჩანიშნა.

ნახევარი დარჩა. ჰგონია, რომ დაამთავრებს… გული მეწურება.

„ნიცშესთვის უპატივცემულობაა სივრცისა და დროის გაერთიანება, მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაჰირება მხოლოდ სივრცისაგან და არა დროისაგან.“ – ამოვიკითხე ბრმად გადაშლილი ადგილიდან და წიგნი ძველ მდგომარეობაში დავაბრუნე.

თინას ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა ვნახო ის ქალი. გავარკვევ, ისევ იქ თუა, ჩვენ რომ ვიყავით, მას მერე ერთი წელი გავიდაო, თქვა და ბოლო სიტყვებზე თვითონვე შეცბა.

ლოდინი არ შემიძლია. საქმე მეხმარება. სარეცხი ძლივს შევაკოწიწე. სანამ მანქანაში შევყრიდი, ირაკლის ტანსაცმლის ჯიბეები შევამოწმე და ფურცელი ვიპოვე. ახალი დიაგნოზი იყო. ვერ გავშიფრე. კომპიუტერს ვეცი. დავგუგლე. ვერაფერი გავიგე. ახლობელი ექიმიც არავინ მყავს. იმ კლინიკაში გავიქეცი, სადაც გამოკვლევები ჩამიტარეს. ფოიეში მივხვდი, რომ აზრზე არ ვიყავი, ვისთვის უნდა მიმემართა. ინერციით ნევროპათპლოგის რიგში ჩავდექი.

– ვიცი, ეს თქვენ არ გეხებათ. ჩემი მეგობრისაა. უნდა ვიცოდე აქ რა წერია! – აცახცახებულმა გავშალე ირაკლის დიაგნოზი.

– ”შეჩერდი წამო” აღარ გაწუხებთ? – დამაკვირდა კაცი.

– არა! – მოვიტყუე და მაშინვე გაშეშდა ნევროპათოლოგი.

კადრი: გაბურძგნული შეჭაღარავებული წარბები მაღლა აქვს აწეული. შუბლს ჰორიზონტალური ნაოჭები უსერავს. რადგან სათვალის ზემოდან იყურება, ერთი შეხედვით, მენტორული ჩანს, მაგრამ, თუ დაუკვირდებით, თაფლისფერ თვალებში სითბო აქვს. ცხვირიდან ბეწვები მოუჩანს. შევერცხლილ წვერში ღიმილი იმალება.

– მაშ აღარ არის თქვენი ცხოვრება ისეთი მშვენიერი, რომ შეჩერებად ღირდეს? – აშკარად გატაცებული ჩანდა ჩემი პათოლოგიით.

– იქნებ პირიქით! – ვეცადე გაღიზიანება დამეფარა – იქნებ იმას ვაჩერებთ, რაც აღარ გვინდა, რომ გაგრძელდეს?!.. იცით, ეს ფურც…

– ან დროს ვაჩერებთ იმიტომ, რომ წინ რაც გველის, იმის მოახლოება შევაჩეროთ… შევანელოთ მაინც… – გამაწყვეტინა და ფანჯარაში გაიხედა – მაგრამ სიკვდილი გარდაუვალია.

ენა ჩამივარდა. კაცმა იგრძნო და უხერხულობის განსამუხტად ხუმრობა სცადა.

– სიცოცხლე ხომ დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს. – რომელიღაც ფილოსოფოსის სიტყვებით მომიღო ბოლო.

– ე-ეს დიაგნოზი ჩე-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… – გავუწოდე ფურცელი – რა წერია? იქნებ დამეხმაროთ…

– დიაგნოზი არ არის, ანალიზია. – არც დაუხედავს, ისე გამომართვა. – დამიტოვეთ და დაგირეკავთ. ქვემოთ უთხარით, რომ განმეორებით ვიზიტზე იყავით, უფასოა..

(გაგრძელება ქემოთ)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptyFri Mar 01, 2019 3:56 pm

ეკატერინე ტოგონიძე

გაშეშობანა

(გაგრძელება)

კადრი: მიმღებში ორი გოგოა. ერთი გაღიზიანებული პასუხობს ასაკოვან ქალს. მოხუცი წელშია მოხრილი, დახლს ძლივს სწევდება. ხელში ფურცლები, საბუთები, საპენსიო ბარათი, დაზღვევის მოწმობა და შავ-თეთრი ფოტოები უჭირავს, დაბნეული დასცქერის. მეორე გოგოს სარკე და პომადა მოუმარჯვებია, მაგრამ თვალი ახალშემოსული კლიენტისკენ გაურბის. მოკლეკაბიანი ქალი მიმღების გვერდის ავლით მიემართება კიბისკენ. გოგო კოპებშეკრული უყურებს მის ჩამოქნილ ფეხებს.

თინაზე ისევ ვბრაზობ… ახალ სამსახურს რომ დათანხმდა, თითქოს, ირაკლის სიკვდილს მოაწერა ხელი… არადა ხომ ვიცი, რომ გარდაუვალია…

ამ მარტოობამ სულ გამაგიჟა. დედაჩემი მირეკავს, მაგრამ ყოფით თემებზე ლაპარაკი არ შემიძლია. ირაკლის კიდევ ვერაფრით გავაგებინე, რამდენად ძვირფასია ყოველი წამი. ძალიან მწყინს, რომ სახლში აგვიანებს. ნევროპათოლოგზეც ვბრაზობ. ხომ შემპირდა, რატომ არ მირეკავს?! თავი მისკდება.

ხვალ ყველაფერი დაკარგავს აზრს. გათენდება ერთიწლისთავი.

იმ ქალმა თქვა, უმტკივნეულოდ მოხდებაო, ძალიან სწრაფად… თუ ძილში იქნება, შეიძლება საერთოდ ვერც გაიგოს. ვალიუმები გავამზადე, მინდა მშვიდად იყოს, ღრმად ჩაიძინოს… მეც დავლევდი, მაგრამ აბა როგორ? მე ფხიზლად უნდა ვიყო, ბოლო წუთები შევუმსუბუქო. ვახშმის დროს წვენში ჩავუგდებ, აბა რანაირად დავალევინო?

კადრი: ხის ჭიქაში ფერადი ფანქრები დევს. ზემოდან დავყურებ. ყვავილივითაა გაშლილი.ზოგს წვერი აქვს მოტეხილი.

ირაკლის ყვავილები არასდროს მოურთმევია. სამაგიეროდ ფანქრები მომიტანა, ფერადი. რაღაც ფოტოსთვის მჭირდებოდა და იმიტომ… მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ მაინც ირაკლის ნაჩუქარია…

ღმერთო, არაფერი მინდა, ოღონდ იცოცხლოს!

ამ ერთ წელიწადში ისე შევეჩვიე ირაკლის ხვრინვას, ვერც წარმომიდგენია ამის გარეშე. თითქოს რიტმს მაძლევს, ჩემს სუნთქვას დირიჟორობს… ახლაც ვუსმენ და ვმშიდდები. ცოცხალია.

რამ დამაძინა? რომელი საათია? მთავარია, რომ ხვრინვა ისევ მესმის.

კადრი: ჭერი ცისფერია. ოთახს სუსტად ანათებს ზამთრის რიჟრაჟი. „Ikea–ს“ ქაღალდის სფერო-ჭაღი შეუფერებლად დიდია კომპაქტური საძინებლისთვის და ხაზს უსვამს ჩემი ნაქირავების სიმჭიდროვეს.

ჭერზე ნაპრალია, ადრე თითქოს არ იყო. ეტყობა ფიქრები და სიზმრები ვეღარ დაიტია – გაიბზარა.

ვცდილობ თავიდან მოვიშორო შეკითხვა: ირაკლი ამ სახლიდან ხომ არ უნდა გავასვენოთ?

მეშინია. დღეს კვირაა, ცივა. სახლიდან ალბათ არ გავა. ნეტა როდის მოხდება? რომელ საათზე? ღამის თორმეტამდე დროა… მირჩევნია წინასწარ ვიცოდე… როგორ მინდოდა, იმ ქალის ნახვა. თინა რატომ არ ჩანს? ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს.

ყველაზე რთულ მომენტში მაინც მარტო ხარ ადამიანი…

კადრი: ჩანს კარადა. კარი, როგორც ყოველთვის, ღია დაუტოვებია. ტანსაცმელი ზოგი დაკეცილია, ზოგი უდიერად შეყრილი. ჩემს ნაჩუქარ ჯემპრს სახელო აქვს ჩამოგდებული. სულ ალბათ ხუთჯერ ეცვა… მეტი ვერ მოასწრო. რითი უნდა დავკრძალოთ? ღმერთო რაზე ვფიქრობ?..

ირაკლი მთელი დღეა ბუზღუნებს, გეძახი და არ მპასუხობ, რაღაცას გეკითხები და ყურადღებას არ მაქცევო… რა ვქნა?.. დილიდან შეშდება წამები. ხან საათს შევხედავ და გაჩერდება, ხან ფანჯარაში გაიჭედება ფრინველების გუნდი, ხან ადუღებული ჩაიდნის ორთქლი გაქვავდება ჰაერში… მერე ისევ საათი ჩერდება და ასე შემდეგ…

ირაკლის მეორე ვალიუმს ვუგდებ ჩაიში. მალე ჩხუბის თავი აღარ ექნება.

იატაკზე ვზივარ. მეკითხება, ძირს რატომ დაჯექიო. ხმას ვერ ვიღებ. სიჩუმეა. ირაკლი სათანადოდ ვეღარ ბრაზობს, მაგრამ მაინც ცდილობს გაარკვიოს, რა მჭირს. სიტყვას არ ვძრავ. ისიც შენელებულად ლაპარაკობს… თვალწინ მხოლოდ სურათები მაქვს, ერთმანეთს ენაცვლება უძრავი წამები. ვფიქრობ, წინასწარ ხომ არ გამოვუძახო ექიმებს, იქნებ აქ რომ იქნებიან, უშველონ… ვხვდები, რომ აბსურდია.

ტელეფონი რეკავს. შიშისგან ვხტები. ნევროპათოლოგია. რაღაცას მიხსნის.

– მოკვდება? – ვაწყვეტინებ ცივად.

ირაკლი გაოგნებული მიყურებს.

– მერე რა, რომ ეგ დაავადება ბევრს აქვს?.. როგორ თუ, ასე ვერ იტყვით? – გაღიზიანებული ვკიდებ ყურმილს.

კადრი: მობილურის ეკრანი. საათი, თარიღი, ეს წყეული თარიღი.

შარშან ზუსტად ამ დროს ვიყავი წითელწიგნიან ქალთან. ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ შლიდა წიგნს ბრმად ყოველ შეკითხვაზე და პასუხებს გაყვითლებული ფურცლებიდან იღებდა. ვისმენდი, რამდენი პროფესიული წარმატება მელის და როგორ უცებ მოკვდება ირაკლი.

ისევ შევხტი. ამჯერად გიტარისგან. ჩემ გვერდით აყუდებულ ინსტრუმენტს სიმი გაუწყდა. გადავრჩი, რომ სახეში არ მომხვდა. ირაკლის უნდა, მეჩხუბოს, მაგრამ… „რას მიუჯექი მაგ გიტარას და საერთოდ, რა უცნაურად იქცევიო“ ამ სიტყვებს ისე რბილად მეუბნება, თითქოს მეფერება. თან ამთქნარებს. მერე გიტარის შეკეთებას იწყებს და თითქმის მთელი დღე უნდება. მეც იქვე ვზივარ, ვდარაჯობ. სურათ-სურათ ვხედავ მის ზანტ მოძრაობებს. სიმს ვერ ამაგრებს, ბრაზობს. ვალიუმს ვუმატებ. ბოლოს წარმატებით ჭიმავს და ხელახლა აწყობს.

მშვენიერ ხასიათზეა, ძილს თავს აღწევს და სიმღერას იწყებს:
„What a perfect day, weekenders on our own,

It’s such fun…

Such perfect day you made me forget myself!

I thought I was somebody else, someone good…“

ვტირი. მიყურებს. ჩუმდება.

– რა გატირებს, გოგო? ჯერ არ მოვმკვდარვარ.

ყურებს არ ვუჯერებ. თვალცრემლიანი მივშტერებივარ.

კადრი: ბუნდოვნად ჩანს ირაკლი. გიტარა უჭირავს და იღიმება. ყველაფერი გადღაბნილია. უკან თაროზე ნოტები დევს. მსხვილი ასოებით აწერია სიმღერის სათაური “Let it be”. წარწერას ვერ ვხედავ, უბრალოდ მახსოვს.

ვდგები და სადილს ვამზადებ. სუპს ცრემლები ჩავაყოლე. ირაკლის გავხედე. ვგრძნობ როგორ დავიღალე.

ირაკლი ყველიან მაკარონს იმატებს. სალათას პირდაპირ ჯამიდან ჭამს. ნელა მოქმედებს. მეჩვენება, რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ჭამაში. უცებ ვიფიქრე, რომ ყველაფერი უნდა მეთქვ. რა უსამართლობაა, როცა ასეთ რამეს გიმალავენ… რომ სცოდნოდა, ალბათ სულ სხვანაირად გაატარებდა ამ ერთ წელიწადს.

ღვინოს ხსნის. ორ ჭიქაში ასხამს. ვსვამთ.

– მიყვარხარ. – ვეუბნები, რადგან ასე მქონდა დაგეგმილი. გრძნობით კი ვეღარაფერს ვგრძნობ.

– მეც. ახალ წელს რა ვქნათ? – მეკითხება და სახეს იფშვნეტს.

– რა ვიცი… – ცრემლები აღარ მაქვს. რობოტივით ვპასუხობ. მაგიდას ვალაგებ.

ჭურჭელს ვრეცხავ. ხან ქაფიანი თეფში მაქვს კადრში გაჩხერილი, ხან ვარდისფერი რეზინის ხელთათმანები… დავიტანჯე.

ბრაგვანმა მიმახედა. ირაკლი ძირს გდია. ჭურჭელი დავყარე და ყვირილით მივვარდი.

– ირაკლი! ვაიმე, ირაკლი!..

ტირილით ვიხუტებ, ვანჯღრევ.

კადრი: ირაკლის თავი ჩემ კალთაშია. თვალები აქვს დახუჭული, პირი ოდნავ ღია. ჩანს მაგიდის და სკამის ფეხები. იატაკზე წითელი სითხე ასხია. ეტყობა გადმოვარდნისას, ღვინოს გაკრა ხელი…



– თავი გამანებე… – მესმის ირაკლის ხმა. ენას ძლივს ატრიალებს პირში. ტირილს ვწყვეტ. ირაკლის ვაკვირდები.

„ჯერ არ მომკვდარა“ ვფიქრობ და ვცდილობ ლოგინამდე მივიყვანო. მიჭირს. თითქმის არ მეხმარება. საძინებლის კართან ვართ უკვე. ხელს ვუშვებ, ვისვენებ. იატაკზე ვზივარ და ძალას ვიკრებ. ამ დროს მესმის ხვრინვა. ღრმად სძინავს.პირიდან ღვინის სუნი ამოსდის. გამახსენდა, რომ ვალიუმი ოთხჯერ დავალევინე. ვტოვებ იქვე, სხვა გზა არ მაქვს. ვამთავრებ ჭურჭლის რეცხვას, ვალაგებ სამზარეულოს. ვიხეხავ კბილებს და ახალი ძალით ვუტევ ირაკლის, რომელიც გაუჩერებლად ხვრინავს.

დილით გაბმული ზარი მაღვიძებს. გული მიჩქარდება. ირაკლის ვუყურებ, სძინავს. ცალ ჩუსტს ვერ ვპოულობ, ცალით გავრბივარ, ხტუნვა-ხტუნვით. დედაჩემია. რაც ირაკლი ჩემთანაა, გაუფრთხილებლად არასდროს მოსულა.

– რა მოხდა? – ვეკითხები გაოგნებული.

– არაფერი. ყურმილს რატომ არ იღებთ? ირაკლისაც კი დავურეკე.

– გვეძინა. რომელი საათია?

– თორმეტის წუთებია.

კარს ფართოდ ვაღებ. დედა შემოდის. საძინებლის კარს ვკეტავ და ვიცმევ.

– თინამ მითხრა, ვერ იყო ეს დღეები ხასიათზეო. რა მოგივიდა?

– თინამ გამოგგზავნა?

– გამომგზავნა რას ნიშნავს? მითხარი, რა მოხდა?

– არაფერი… რა მოგვიტანე? – პარკებში ვიყურები.

– ლობიანები, მანდარინი, ყველია ჭყინტი და კარალიოკი… ზეგ ანასტასიას ზეიმი ქონია. მოსასხამი მე შევუკერე. წახვალ?

მხრები ავიჩეჩე და თბილი ლობიანი გემრიელად მოვკბიჩე.

ირაკლის ორი დღე თითქმის გადაბმულად ეძინა. მარტო საჭმელად იღვიძებდა. მაცივარში ჩვეულებისამებრ წვენის ცარიელი ბოთლი შეუდგამს. რომ დალევს, რატომღაც უკანვე აბრუნებს… გადავაგდე. მაგიდა მივალაგე. სახლიდან გამოსვლისას კიდევ ერთხელ მომხვდა თვალში მის ფეხსაცმელებში ჩატოვებული წინდები. ყველაფერი ძველებურადაა.

ანასტასია კეთილი ფერიის როლში იყო. პარტერში მშობლები ღელავდნენ. ლამის სცენაზე მისწვდომოდნენ შვილებს ტანსაცმლის, ნიღბის, ქუდის გასასწორებლად. პერიოდულად ეძახდნენ, რაღაცას ანიშნებდნენ, ტექსტს ახსენებდნენ, კამერამომარჯვებულები ხელს უქნევდნენ. თინა შედარებით მშვიდად იჯდა. უხაროდა, რომ წავყევი. ანასტასიას გრძელი, ლამაზი კაბა ეცვა, ვარსკვლავებიანი მოსასხამით. მონდომებული ჩანდა. სპექტაკლში ერთადერთი წინადადება თქვა: ”რაც გულით გინდა, ის აუცილებლად მოხდება!”

გამეცინა…

წარმოდგენა რომ დასრულდა და ფეხზე წამოვდექით, თინას ის ვუთხარი, რაც ისედაც იცოდა:

– არ მოკვდა!

ყველა ტაშს უკრავდა, ჩვენც.

– ჰო, ვიცი. – არ შემოუხედავს, ისე მიპასუხა.

– არ კვდება. – დავაზუსტე, თითქოს არ მეყო მისი რეაქცია. თინამ მოიხედა. ერთმანეთს ჩავაკვირდით. ორივემ ვიცოდით, რომ დიდი და მძიმე საიდუმლო გაუფასურდა.

– აღარ გიყვარს? – უცებ მკითხა ტაშისშეუჩერებლად.

არაფერი ვუპასუხე. სახე ავარიდე.

– აღარ გიყვარს. – ჩაილაპარაკა.

ბავშვები ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ და მოთმინებით უსმენდნენ გრძელ ტაშს.

– იმ ქალთან რომ გინდოდა მისვლა… – წამოიწყო თინამ.

– აღარ მინდა! – მოკლედ მოვუჭერი.

– გარდაცვლილა. – თქვა და ტაშისკვრა შეწყვიტა.- უცებ.

ნახევრად ჩაბნელებულ პარტერში თინას თვალები უბრწყინავდა. მხრებით ოდნავ ვეხებოდით ერთმანეთს. ხმაური იყო. საახალწლო საჩუქრების დარიგება დაიწყეს. ბავშვებს უხაროდათ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბიჭებმა ნიღბები და ფრთები მოიგლიჯეს, გოგონები ჯერ კიდევ ტკბებოდნენ თავიანთი ჩაცმულობით. საჩუქრები იქვე დახსნეს და შედარება დაიწყეს.

რაღაც დავიწყებული გრძნობა დამიბრუნდა, ალბათ თავისუფლების… გარეთ რომ გამოვედით, ტელეფონმა დარეკა, ირაკლი იყო. არ ავიღე. უცებ ისეთი უცხო მეჩვენა… ღრმად ჩავისუნთქე სუსხიანი ჰაერი. მანქანაში ჩაჯდომა არ მომინდა. ანასტასიას იქვე დავემშვიდობე. ერთი ცალი კანფეტი მომცა თავისი საახალწლო საჩუქრის ყუთიდან. გულისაჩუყებამდე გამიხარდა.

რამდენ ხანს ვისეირნე, არ მახსოვს… გათოვდა. დავდიოდი და მიხაროდა ქალაქი. ქუჩები ისედაც ისეთი მოძრავი იყო, გადავეჩვიე კიდეც ასეთ შეუჩერებელ დინებას… სხვადასხვა მიმართულებით მობზრიალე პირველმა ფიფქებმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა ყველაფერი. მოლურჯო შუქი მოეფინა ქალაქს… როგორც ფოტოსთვის ვაყენებ ხოლმე მისტიკური განწყობის შესაქმნელად განათების ფილტრებს. ამ დროს დანაგვიანებული ქუჩაც კი შეიძლება ესთეტიკურად გამოაჩინო…

უცებ მივხვდი, რომ წამები აღარ ჩერდება! მივხვდი, რომ სურათებად აღარ ნაწევრდება ჩემი ცხოვრება. დრო რომ ისევ გაჩერებულიყო, რამდენიმე წამით გვიან დავინახავდი ალბათ პირველ ფიფქებს… იმ მომენტსაც გამოვტოვებდი, დაღმართზე კაცს რომ ფეხი დაუცდა და მსუქანმა ქალმა ღონივრად ამოსდო იღლიაში ხელი, მარჯვედ დაიჭირა. მეც იმათთან ერთად გამეცინა ქუჩის გადმოღმა მარტო მდგარს.

სიარული გავაგრძელე, თან ერთი ლექსის სიტყვებს ვიხსენებდი:

„ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი…

ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს“ – შუაში კიდევ იყო რაღაც… გაგრძელებაც ვეღარ გავიხსენე.

სახლში წასვლა არ მინდა. დედას დავურეკე და ვუთხარი:

– დღეს თქვენთან დავრჩები.

– იჩხუბეთ? – აღელდა დედა.

დავამშვიდე. მიხვდი, როგორ შეეჩვივნენ ირაკლის არსებობას.

წიგნის მაღაზიაში შევედი, უფრო გასათბობად. ახალი ფურცლების სუნი სიამოვნებით შევისუნთქე. წიგნები აღარ გადამიშლია. პოეზიის კუთხეს გავხედე და უცებვე ამომიტივტივდა ის სტროფი სრულად:

„ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა – სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!“

ვიტრინიდან ჩემი ავტობუსი დავინახე და მაღაზიიდან გავიქეცი… მამა იმდენი ხანი არ მენახა, რამდენჯერმე ჩამიკრა გულში.

ჩემს ძველ ლოგინში მშვიდად დამეძინა, უსიზმროდ.

(დასასრული)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptySat Mar 16, 2019 10:15 am


ავტორთა კითხვის თვე/Měsíc autorského čtení 2017:Ekaterine Togonidze/ეკატერინე ტოგონიძე (Brno)

VĚTRNÉ MLÝNY
Streamed live on Jul 26, 2017
(c) Větrné mlýny, 2011 (26. 7. 2017)
(c) Authors’ Reading Month, 2017
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi www.autorskecteni.cz/www.authorsreading.eu

Ekaterine Togonidze
Narozena v roce 1981. Působí jako novinářka (v televizi, tisku i pro PR), vyučuje na univerzitě a je aktivní spisovatelkou a blogerkou. Její prvotina, povídková sbírka Anestezie, získala nejprestižnější gruzínskou literární cenu Saba v kategorii debut roku. Na své novele Druhá C-E-S-T-A založila filmový scénář, se kterým v roce 2013 vyhrála scénáristickou soutěž pořádanou Národním filmovým centrem Gruzie. Řada jejích děl byla přeložena do německého a anglického jazyka. Ve své práci se autorka dotýká společenských témat a vystupuje proti netoleranci, nevědomí a absenci lásky. V čtenáři vyvolává empatii ke všemu odlišnému a „jinému“ a dotýká se ho jak dramatickými zápletkami, tak hloubkou propracovaných postav. Připomíná nám, že životní cesty jsou různé a že právě v rozdílnosti lidské povahy spočívá bohatství lidstva.

ეკატერინე ტოგონიძე
მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე 1981 წელს დაიბადა. ეკატერინე მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა მედიაში, დღეს იგი უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. მისი პირველი მოთხრობების კრებული „ანესთეზია“ საბას ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა დებიუტის ნომინაციაში. მწერლის რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ მიხედვით შექმნილმა სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარმა საქართველოს ევროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა 2013 წელს. მისი ტექსტები თარგმნილია გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ეკატერინე არაერთი ბლოგისა და სტატიის ავტორია.
ავტორი წერს სოციალურ თემებზე. მისი წიგნები მიმართულია გულგრილობის, არატოლერანტულობის, უსიყვარულობის წინააღმდეგ და მკითხველში განსხვავებული ადამიანების მიმართ თანაგანცდას იწვევს. დრამატული სიუჟეტების გმირების განცდები ყველასთვის ახლობელია, მათი სიმართლე ყველასთვის გასაგებია და კიდევ ერთხელ
გვახსენებს, რომ შემწყნარებლობა მნიშვნელოვანია, ცხოვრების გზა სხვადასხვაგვარია და მრავალფეროვანი ადამიანური ბუნება კაცობრიობის სიმდიდრეა.

Ekaterine Togonidze
Born in 1981, Ekaterine Togonidze is a multi-profile professional with experience in journalism (TV, print, PR); she is also a proactive writer and university lecturer. Her first short story collection Anaesthesia won the Debut of the Year category of the Saba literary award, the most prestigious literature award in Georgia. Her novella The Other W-A-Y became the basis for her script of a full-length film, which won the script competition organized by the Georgian National Film Centre in 2013. Her work has been translated into German and English.
Ekaterine writes blogs and articles and her writings cover social issues. Her narratives rise against intolerance, ignorance and lack of love, provoking empathy in readers – towards the different and the ‘other’. Dramatic plot and deepness of characters reaches the reader and reminds them that life paths are different and the variety of human nature is the wealth of mankind.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptySat Mar 16, 2019 10:19 am


REVIEW | Einsame Schwestern - Ekaterine Togonidze | Drama

TheFallingAlice
Published on Apr 4, 2018

This is the story of a shy butterfly
who fluttered from flower to flower
she dreamt and dreamt of reaching the sky.
dreaming from hour to hour.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე EmptySat Mar 16, 2019 10:22 am


Ekateriné Togonidze | Georgia Made by Characters

Georgia made by characters
Published on Jul 4, 2018

Ekaterine Togonidze spricht gemeinsam mit Jürgen Schütz vom Septime Verlag über die berührende Geschichte ihres Buches "Einsame Schwestern" und die Beweggründe der Autorin und des Verlags, sich mit dem besonderen Thema auseinanderzusetzen.
.....
Together with Jürgen Schütz from Septime Verlag, Ekaterine Togonidze talks about the touching story of her book "Lonely Sisters" and the motives for dealing with this special topic.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ეკატერინე ტოგონიძე Empty
PostSubject: Re: ეკატერინე ტოგონიძე   ეკატერინე ტოგონიძე Empty

Back to top Go down
 
ეკატერინე ტოგონიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: