არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თეონა დოლენჯაშვილი

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyMon Feb 25, 2019 5:34 pm

თეონა დოლენჯაშვილი  Teona_10
Teona Dolenjashvili

თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი (დ. 25 თებერვალი, 1975, ქუთაისი) - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

ბიოგრაფია
დაიბადა 1975 წლის 25 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 2010 წლიდან არის გაზეთ „24 საათი – Weekend-ის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ რედაქტორი; 2011 წელს იყო ქართული ლიტერატურული ჟურნალის „თავისუფალი დროის“ რედაქტორი; 2003 წლიდან დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება.

ჯილდოები
2009 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო რომანი „მემფისი“ / თეონა დოლენჯაშვილი.- თბილისი:ფოტო რადეკ პოლაკი. - 2008. - 247გვ.
2006 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო დებიუტი „იანვრის მდინარე“ : მოთხრობები/თეონა დოლენჯაშვილი. - თბილისი. : ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005. - 126გვ.
2003 - გაზეთ „პარნასი“-ს პრიზი, წლის საუკეთესო მოთხრობა „ფიდაი“
2002 - მკითხველის სიმპათიის პრიზი


ბიბლიოგრაფია
„15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2012 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012. - 256გვ.. - ISBN: 978-9941-15-566-6
„21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“: ანთოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 492გვ.. - ISBN: 978-9941-15-349-5
„Animal planet: მოთხრობები“ (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 272გვ.
„15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2010 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა , 2011. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-15-335-8
„ათი ქართული მოთხრობა“ (თანაავტორი). - თბილისი, ფონდი ტასო, 2010. - 127გვ.. - ISBN: 978-9941-0-2399-6
„39 რჩეული მოთხრობა“: ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ რჩეულ მოთხრობათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-413-52-0
„8909/ტექსტებში ასახული დრო = 8909 in Texten (1989/2009)“ : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, საქ. გოეთეს ინ-ტის გამოც., 2009. - 139გვ.. - ISBN: 978-9941-0-2077-3
„მემფისი“ (ავტორი). - თბილისი, 2008. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-9051-0-0
„იანვრის მდინარე“ (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 126გვ.. - ISBN: 99940-30-55-8
„15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2004: კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005. - 140გვ.. - ISBN: 99940-30-47-7


ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/თეონა_დოლენჯაშვილი
* http://www.bu.org.ge/m976?lang=geo


„მემფისი“- თეონა დოლენჯაშვილის რომანმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა
Georgian Broadcaster
Published on Feb 23, 2016

სტუმარი: თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Mar 06, 2019 11:43 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyMon Feb 25, 2019 5:36 pm

თეონა დოლენჯაშვილი

თავით კედელზე

(მოთხრობის პერსონაჟები და სიუჟეტი რეალურია)


მახსოვს, ნავთის სუნით გაჟღენთილ სამზარეულოში ვისხედით. ბექა იმ ღამით მიფრინავდა და მინდოდა მისი საყვარელი ნამცხვარი გამომეცხო. მაგრამ არ გამომივიდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სინათლე მთელი დღის განმავლობაში არ მოვიდა. უსინათლობის გამო მეთექვსმეტე სართულზე არც წყალი ამოდიოდა და ასე კიდევ რა შეიძლება გააკეთო. ისიც კი არ მეგონა, ამ სიმაღლეზე ფეხით თუ ამოვიდოდა, მაგრამ მოვიდა და მითხრა, წასვლის წინ ტელესკოპში მინდოდა გამეხედაო. ტელესკოპი ფანჯარასთან მედგა. ძველი, ვერცხლისფერი ტელესკოპი იყო, ჩაბნელებულ თბილისურ ღამეებში ცას ვუყურებდი ხოლმე. განა დიდი ასტრონომიული ინტერესები გამაჩნდა, ან რომელიმე ციურ სხეულს ვაკვირდებოდი. უბრალოდ, ვიჯექი და ცას მივშტერებოდი. დიდხანს, დიდხანს ვუყურებდი და მეჩვენებოდა, რომ ასე, თანდათან, სივრცის და დროის შეგრძნება ქრებოდა, იკარგებოდა. უსხეულო, უწონო არსებად ვიქცეოდი და თუ არ დავფრინავდი, იმ ბნელ ოთახში მაინც ხომ აღარ ვიჯექი.
ბექამ კიდევ ეს ტელესკოპი რომ ახსენა, ალბათ გამგზავრების წინ ქალაქს უნდა გადახედოს თქო, ვიფიქრე. საღამოვდებოდა და თბილისი შემოდგომის ოქროსფრად ჩამავალი მზის შუქზე ბრჭყვიალებდა. ჩვეულებრივი, შეიძლება, ცოტა სენტიმენტალური სურვილი იყო, მაგრამ ბექამ ტელესკოპი მოატრიალა და მეზობელი სახლის ფანჯრებს დაუმიზნა. ერთხანს უყურა, მერე თავი ასწია და ქალაქის ხედისკენ გადააპურჭყა. ”არ ჩანსო,” – ჩაილაპარაკა. “რა- თქო, – ვკითხე. “რა კი არა, ვინ. აქ ერთი გოგო ცხოვრობს, და იმის დანახვა მინდოდაო”.
მე გადარჩენილი წყლით ორი ჭიქა ყავა მოვადუღე და განჯინიდან კონიაკი გამოვაძვრინე. თემატური საღამო გამოგვივიდა… გარეთ ავტომატის უწყვეტი კაკანი ისმოდა და ელემენტებდაჭეჭყილ მაგნიტოფონშიც “აუტსაიდერის” სოლისტიც “დღეს ჩემს ქალაქში ბნელააა. ბნელააას”- გაჰყვიროდა..
– განა მარტო დღეს, – გაიცინა ბექამ – აქ ყოველდღე, ყოველთვის ბნელა და სულ ასე იქნება, ვიცი.
არ დავეთანხმე.
– აი ნახავ, თუ არა, – მითხრა – იქამდე ვიქნებით სინათლის და სუფთა ჰაერის მოლოდინში, ვიდრე სულები არ ამოგვხდება. მე რა… მე ჩემი ხვრელი ვიპოვე, გავძვერი და მივდივარ.
– კარგად თუ გესმის სად მიდიხარ და იქ რა უნდა აკეთო? – ვკითხე.
– არა, მაგრამ, მკიდია… რაც მთავარია, აქ აღარ ვიქნები, დილიდან საღამომდე სახლის სადარბაზოსთან არ ვიბირჟავებ და მეზობელი ბიჭების დეპრესიულ და გალოთებულ სიფათებს აღარ ვუყურებ… მთავარია, მივდივარ! იქ, სადაც არც ძმათამკვლელი ომები იმართება… არც სინათლის მოლოდინი არსებობს და არც ეს ბინძური სადარბაზოები!
ბექა იმ ღამით გერმანიაში გაფრინდა. თან მეგობრების მოგროვებული ფული წაიღო. ოთხი ათასამდე მარკა ერთი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის სასწავლებელში მშობლებმა გადაურიცხეს. მამამისს უნდოდა შვილიც მასსავით ფილოსოფოსი გამოსულიყო. მაგრამ ბექას მიზანი ხომ წასვლა იყო და არა განათლების მიღება, თანაც ის უკვე მუშაობდა სივრცის გარღვევის და აბსტრაგირების პრობლემებზე. მისი პირველი გასვლაც მისი პირველი ექსპერიმენტი იყო. ამიტომ სასწავლებელში მხოლოდ რამდენიმე მოსაწყენ ლექციას დაესწრო და იქაურობა მალევე მიატოვა. ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა და იმ თავისუფლებით ტკბებოდა, რომელიც ბავშვობიდან აქ ყველას გვაკლდა. თავისუფლება კი ნამდვილად უსაზღვრო იყო, თავზე საყრელი. თავისუფლება ისედაც უსაზღვროა, ის არ სრულდება. არ ილევა… უბრალოდ, ფული გამოილია, ბოლო მარკამდე ამოიწურა და მარკებთან ერთად, რა თქმა უნდა, ლეგალური ცხოვრების ვადაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბექა არასოდეს ეთანხმებოდა განსაზღვრებას “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”, კუჭმა მაინც ძალიან შეაწუხა და როგორც არალეგალები იტყვიან, ჩაბარდა. სამშობლოში დეპორტით, ცარიელი ჯიბეებით და სავსე თვალებით დაბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად, პირველმა ექსპერიმენტმა გაამართლა. მას უკვე ნანახი ჰქონდა დანგრეული კედელი.
ბექა რომ დაბრუნდა, იმ დროსთვის მე ტელესკოპი უკვე სხვენზე მქონდა ატანილი. ჩვენთან სინათლის შუალედები გაზრდილიყო და თან, ჩემი აზრით., სულის გადასახლების სხვა, უფრო ნამდვილი ხერხებისთვის მიმეგნო და ტელესკოპი ნაკლებად მჭირდებოდა. ბექა ამჯერად ლიფტით ამოხრიგინდა. მასპინძლობაც უფრო რიგიანი გამომივიდა. მან კედლებს თვალი მოავლო და სულ ერთი და იგივე სახლი არ გწყინდება, აქედან მაინც ვერ გადახვალო, მკითხა. მაგრამ მე ჩემი მიზეზები გამაჩნდა, რომელსაც ვერანაირ მრავალფეროვნებაზე ვერ გავცვლიდი.Aის თუ სივრცის გადალახვის პრობლემებზე მუშაობდა, მე დროის გარღვევა და მისი დავიწყება მსურდა. აქ, მეთექვსემეტე სართულზე დაკიდებულ ბინაში კი არც ქუჩის მტვერი შემოდიოდა და არც ძველითახალი და მოსალოდნელი ცვლილებების ხმა ისმოდა. ბავშვობა და სტუდენტობა უკვე გასულიყო, იდეალისტური ბურუსიც გაფანტულიყო და ჩემი თაობის ერთი ნაწილი უწარწერო საფლავებში ესვენა. აღარ მჯეროდა, რომ ამ ცვლილებებს სიკეთე მოჰქონდათ. რომ მნიშვნელოვანი ქარტეხილების მხოლოდ მოწმე კი არა, მონაწილეც ვიყავი, რომ სწორედ ჩემნაირებს შეეძლოთ მისი უკეთესობისკენ შეცვლა და სწორედ ჩვენ ვქმნიდით ისტორიას.
– უცნაურია, მაგრამ იმ ინფანტილობას, რომელიც მაშინ სკოლის მოსწავლეს მქონდა, დღემდე ჭარმაგ, ცხოვრებისგან დაღლილ ადამიანებში ვხედავ თქო – ბექას ვუთხარი.
– ისინი ისევ ბნელ ოთახში სხედან. თანაც თვალებახვეულები.…ხომ გითხარი, აქ კედლები არ ინგრევა, – მითხრა ნიშნისმოგებით.
– იქ? – ვკითხე ორაზროვნად, – თუ ეს მე ვიჯექი ლტოლვილთა ციხეში ექვსი თვე?
ბექას კითხვაზე არ უპასუხია. მოგვიანებით მივხვდი, რომ პასუხი არ ჰქონდა, რადგან მეორედ წავიდა და რადგან ერთხელ უკვე დეპორტირებულს წასვლის უფლება აღარ ჰქონდა, საზღვარზე არალეგალურად გადაიპარა.
საზღვარზე გადაპარვა მხოლოდ ფილმებში მინახავს. რეალურად ეს როგორ ხდება, არ ვიცი. უმოკლესი გზა თურმე უკრაინიდან სლოვაკეთამდე ყოფილა. ბექაც უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა და იქ მეგზურები იპოვა, რომელთაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისნაირებისთვის აღთქმული მიწისკენ გზა უნდა ეჩვენებინათ. მეგზურები უკრაინელი ბიჭები იყვნენ. ქართული “ტურისტული ჯგუფი” კი – მეტად ჭრელი. ჯგუფში შედიოდა ოთხი ახალგაზრდა გაურკვეველი მიზნებით, შუა ხნის ქალი, რომელიც, უცხოეთში, სავარაუდოდ, სამუშაოს მოსაძებნად მიდიოდა, ნარკომანი შეყვარებული წყვილი (ბანალურია, მაგრამ მათი მიზანი ამსტერდამი იყო) და ახალგაზრდა ქალი წლინახევრის ბავშვით, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ მეუღლესთან ცდილობდა გადასვლას.
ჯგუფი გზას ფეხით, ტყის გავლით დაადგა. გზა რთული და ხიფათით სავსე იყო. რამდენიმედღიანი დამქანცველი სიარულის შემდეგ სლოვაკეთის საზღვარს მიადგნენ. საზღვარზე ღამით უნდა გადაპარულიყვნენ. მაგრამ შიმშილისა და დაღლილობის გამო გადაადგილება უჭირდათ. ბავშვი შეუსვენებლად ტიროდა და ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. ბექამ ძალები მოიკრიბა, გზა მარტომ განაგრძო და სლოვაკეთის საზღვრის გადალახვა შეძლო. ტყის პირას დამალული ჯგუფი კი ბავშვის ტირილმა გასცა და სასაზღვრო პოლიციამ აიყვანა.
ბექა ბრატისლავაში ჩავიდა, საიდანაც ვენაში გადასვლას გეგმავდა. დაღლილმა სატვირთო მატარებელზე შეხტომა ვეღარ მოახერხა და ლიანდაგს ფეხით გაუყვა. მოსახლეობის გამოჩენისთანავე სიარულიდან ხოხვაზე გადადიოდა. მთავარი იყო რკინის ხაზი არ დაეკარგა. დარწმუნებული იყო, რომ ის ადრე თუ გვიან, ავსტრიის საზღვართან მიიყვანდა. ხოხვითა და მალვით 70 კილომეტრის გავლა რთული აღმოჩნდა. გამთენიისას აიყვანეს და უკან, სლოვაკეთში დააბრუნეს. ბექას გერმანიაში უკვე ჩაბარებული ჰქონდა ინტერვიუ და იცოდა, რომ მთავარი ამ დროს იმ ფსიქოლოგის დარწმუნებაა, რომელიც დაკითხვას სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გიწყობს. ბექამაც შექმნა ლეგენდა ლუკაშენკოს პოლიტიკური რეჟიმის გამო დევნილ ბელორუს ბიჭზე, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის გამო სამშობლოს დატოვება აიძულეს. ვერ გეტყვით, დაიჯერა თუ არა ფსიქოლოგმა ბექას ბელორუსული ლეგენდა და მისი პოლიტიკური დევნილობის ამბავი. ასე იყო, თუ ისე, ბექა ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა, საიდანაც ერთ ქართველ ბიჭთან ერთად რამდენიმე დღეში გაიპარა და ავსტრიისკენ მიმავალ გზას ახლიდან დაადგა.
დევნილებმა ამჯერად სხვა გზა აირჩიეს და ავსტიის საზღვრის გადალახვა ჭაობებისა და მდინარის გავლით სცადეს. გზა, რომელიც იქამდე ალბათ ცოტას თუ გაევლო, ურთულესი და საბოლოოდ, ტრაგიკული აღმოჩნდა. ჭაობის გადაცურვის დროს თანამგზავრი დაიღუპა. ღამე იყო და ბექამ ისიც კი ვერ გაიგო კარგად, სად და როდის ჩაყლაპა ჭაობის მწვანე სიღრმემ ბიჭი…
შემდეგ ავსტრიის საზღვარი, სამგზავრო მატარებლების ქვედა სართულებით, ეგრეთ წოდებული, ნარებით მგზავრობა, რამდენიმე მასსავით გზააბნეული თანამემამულის გაცნობა, რომლებიც მოპარულნომრიანი მანქანით საფრანგეთში მიდიოდნენ. ბექა მათ გაჰყვა. ბიჭებს სადღაც ალპებთან ფული და საწვავი გაუთავდათ და მანქანა დატოვეს. გზა მატარებლიდან მატარებელში ქურდულად გადასვლით განაგრძეს. ასე ჩააღწიეს ტულუზამდე, სადაც ვიღაც მილიონერს ერთ-ერთი დევნილისთვის თავისი საზაფხულო რეზიდენცია დაეთმო. სახლი იყო უზარმაზარი,Eრომელიც ქურდების, ნარკომანების და სხვადასხვა ჯურის კრიმინალების თავშესაფრად ქცეულიყო. ეს იყო რაღაც ბაბილონის გოდოლის მსგავსი საზარელი გეტო, სადაც ათასგვარ სახესა და ენასთან ერთად ძალიან ბევრი რამე იყო არეულ-აზელილი. გაუგებარი. აპოკალიფსური……
იქ გაჩერება წარმოუდგენელი იყო. ბექამ სახლი სწრაფად მიატოვა და რამდენიმე დღე პარიზში იხეტიალა. მაგრამ მარტოობა პარიზში ალბათ ყველაზე რთულია. თანაც საფრანგეთი უკვე აღმოჩენილი იყო და წინ ახალი მიწები ელოდა. შემდეგი ქვეყანა შვეიცარია გახლდათ. ბექამ ციურიხი და ჟენევაMდაათვალიერა და მშიერი და დაღლილი ლოზანაში ჩაბარდა. აქ კიდევ ერთი ლეგენდა შეთხზა, ჟანრი ამჯერად დეტექტური იყო. ის თურმე სასტიკი მკვლელობის უნებლიე მოწმე გახლდათ, რომელმაც პოლიციაში მკვლელები ამოიცნო და რომელსაც ახლა როგორც ერთადერთ მოწმეს, პოლიციაც ეძებდა და დამნაშავეთა სამყაროც. ქართული კრიმინალური ისტორია შვეიცარიელი პოლიციელებისთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და დევნილიც მოსასვენებლად და გონზე მოსასვლელად ლტოლვილთა ბანაკ კიასოში წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ კი ლოკაცია შეუცვალეს და ფრანგულ კანტონზე, ერთ კოხტა სასტუმროში მოათავსეს.
ბექა, ბუნებრივია, დიდი ხნით არც ამ სასტუმროში გაჩერებულა. გაიქცა და გერმანიისკენ აიღო გეზი. ბერლინში მამიდაშვილები მუშაობდნენ და სწავლობდნენ. ცოტა ხნით მათთან იცხოვრა, მაგრამ ვერც მათ დალაგებულ ემიგრანტულ ცხოვრებას აუწყო ფეხი. ნათესავებსაც რა გზა ჰქონდათ, რუკა გადმოუღეს და ამჯერად სად ისურვებ წასვლას თითი დაადეო, უთხრეს. მანაც თვალები დახუჭა და ისე აირჩა შემდეგი ქალაქი: კოპენჰაგენი…
ბექამ ოთხ წელიწადზე მეტი იხეტიალა. მგზავრობდა ავტოსტოპით, მატარებლით, გემით… საჭმელს ხან იპარავდა, ხანაც ლტოლვილთა ბანაკებში ითქვამდა სულს. ხუთჯერ მოახდინეს მისი კომფორტული დეპორტაცია სლოვაკეთში, ხუთჯერვე ისევ უკან დაბრუნდა და არალეგალურად გადალახა საზღვარი, თორმეტზე მეტ ქვეყანაში აუღეს თითის ანაბეჭდები,. ყოველი დაკავების, თუ ჩაბარების დროს ის იცვლიდა სახელს, სამშობლოს, წარსულს, თხზავდა ისტორიას თუ სად და რატომ მოხვდა აქ, სად მიდიოდა და რა მიზნით… ბოლოს კი ისე გაიხლართა საკუთარ ანარეკლებსა და მისტიფიკაციებში, რომ უკვე თავადაც აღარ იცოდა სად იყო, ვინ და რატომ.. ეს რაღაცით ჩემს ტელესკოპში ცქერას წააგავდა, როდესაც ცდილობ დაივიწყო ვინ ხარ და რისთვის, თანდათან კარგავ ყველაფერს, უწონო და უსხეულო, უწარსულო და უპიროვნო სუბსტანციად იქცევი და თუ ვერ დაფრინავ, ის მაინც გეჩვენება, რომ კედლებში გასვლა შეგიძლია.
ბექა როდესაც დაბრუნდა, მე ისევ იქ ვცხოვრობდი, მაგრამ რაღაცეებს უკვე მივხვედრილიყავი. ვფიქრობდი, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც ყველანი ბორბალში მორბენალი ციყვები ვართ. რადგან ვერ ვაფასებთ მარადისობის ნიჭს – დროს, რადგან არ შეგვიძლია ვიცხოვროთ დროით თანმიმდევრობაში. განვვითარდეთ თანმიმდევრულად. რომ ამ ოცი წლის მანძილზე ერთმანეთში გავაერთიანეთ და ტალახივით ავზილეთ წარსული, აწმყო და მომავალი, მისგან მყარი ქვითკირის კედლის აგება დავიწყეთ და ასე აღმოვჩნდით კიდევ უფრო ბნელ და ჩაკეტილ ოთახში. და ახლა, როდესაც ეს სიმძიმე გვსრესს, ვცდილობთ თავებით გავანგრიოთ ყოფიერების ოთხკედელში გამოკეტილი ეს არათანმიმდევრული, დაუნაწევრებელი, გაუაზრებელი დრო…
ბექა დაბრუნდა და ჩვენ ისევ შევხვდით… პრინციპში, ამჯერადაც თემატური საღამო გამოგვივიდა. გაცისკროვანებული ქუჩები ხალხით და მუსიკით იყო სავსე, მაგრამ ჩემთვის იმ ბნელი და მშიერი წლების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილიყო. 26 მაისის დღე იყო. ოპოზიციას უკვე მოეწყო გრანდიოზული შოუ სტადიონზე და ხელისუფლებაც ისევ მაღალი ტრიბუნიდან “ურბი ეტ ორბი” მიმართავდა ქვეყანას და ხალხს. მოსახლეობის მესამე – ნეიტრალური, თუ ობივატელური ნაწილიც, როგორც წესი, გულმოდგინედ შესეოდა კაფეებსა და რესტორნებს… მე ამ დამაფრთხობელ სიცარიელეში ყოფნას ისევ მეთექვსმეტე სართულზე შეკეტვა მერჩივნა, მაგრამ რატომღაც გზა განვაგრძეთ და შარდენის ქუჩაზე, ყველაზე სნობურ კაფეში დავსხედით.
ბექა საკუთარ თავგადასავალს მიყვებოდა და თან ცდილობდა იმ აბსურდული და უმიზნო ხეტიალის მიზეზები აეხსნა, მაგრამ მე უიმისოდაც ვხვდებოდი, რომ მას უბრალოდ, იმ კედლის დანგრევა სურდა, რომელიც შიგნით, სულში აუშენეს, იმ საზღვრების დავიწყება, იმ რკინის მავთულხლართების გადალახვა, რომელიც გარს შემოარტყეს. ისიც ვიცოდი, რომ ის, ადრე თუ გვიან, ისევ წასვლაზე იფიქრებდა. მეც ჩემს სხვენში გადანახულ ტელესკოპს ჩამოვიტანდი და ბავშვობის თამაშს გავიხსენებდი… ქუჩაში მუსიკა უკრავდა. სადღაც წყვილები ცეკვავდნენ. ჩვენ კი ვისხედით და ჩვენ-ჩვენს კედლებზე ვფიქრობდით. იმ კედლებზე, რომელიც ჩვენზე მაგარი აღმოჩნდა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ და რომელსაც 20 წლის მანძილზე ამაოდ ვურტყით ჩვენი პატარა, საცოდავი, დასისხლიანებული თავები.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyMon Feb 25, 2019 5:39 pm

თეონა დოლენჯაშვილი

განსაკუთრებული საქმე

სპეციალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მ-ი ყინვისგან გაცისფერებულ ქუჩაზე მიაბიჯებდა. თავი გრძელი, ლურჯი ლაბადის საყელოში ჩაერგო და იმ კაფეს დაეძებდა, სადაც მისი და საიდუმლო აგენტის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. ქუჩის კუთხეში მეყვავილე ქალი შროშანებს ყიდდა. ყვავილების სუსხისგან დამზრალი ფოთლები ხელის შეხებისთანავე იმსხვრეოდნენ, მყიფე თავები ერთმანეთს ეხლებოდნენ და ზარივით მწუხარე ხმას გამოსცემდნენ. მ-მ მეყვავილეს გვერდი აუარა და პატარა, კვერცხივით ოვალური ტავერნის კარი შეაღო. ტავერნაში თბილოდა, ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ჭიქებში ცხელი ბულიონი ესხათ. მ-მ თავისუფალი მაგიდა მოძებნა, ნაქსოვი ქუდი მოიხადა და თევზი და არაყი მოითხოვა. თევზი მწვანე იყო, არაყი - მწარე. გულ-მუცელი ნელ-ნელა რომ გაულღვა და თვალებში წყალი დაუბრუნდა, ამის შემდეგღა შეამჩნია მის წინ ჩამომჯდარი გრძელწვერა ბერი. ბერი ჩუმად ჭამდა თეთრ პურს. ხელებიც ამ პურივით თეთრი ჰქონდა. სული კი - რბილი თიხისაგან გამოძერწილი და რომელიღაც ცხელ უდაბნოში გამომწვარი. ბერს მზერა გაშეშებოდა, თითქოს გარეთ კი არა, შიგნით, საკუთარ არსებაში იყურებაო. ალბათ, ამის გამო იყო, მ-მ გვიან რომ შეამჩნია. როდესაც ვინმეს მზერა შენზე არ აირეკლება, მას შენც ბუნდოვნად აღიქვამ.
მოპირდაპირე მაგიდასთან ქერათმადახვეული გამხდარი ქალი ნელა, წარმოუდგენლად ნელა ამოძრავებდა გრძელ, დათრთვილულ წამწამებს. ოდნავ მოშორებით ერთნაირად ნაცრისფერსახიანი კაცები ფანჯრის მინაზე მონოტონურად მოზუზუნე ბუზს უცქერდნენ. ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეულებრივEცივი, უხეში და დაკბილული დღე, რომლის შუაგულშიც უხმოდ ტრიალებდა ქალაქის მთავარი მოედანი. და მ-მ იგრძნო, როგორი ფიქრით გადაიფურცლა ახალი საათი. აგენტს ელოდა, რომელიც შესაძლოა, თავად მიმტანი ყოფილიყო, ან იმ ნაცრისფერსახიანთთაგან - ერთ-ერთი, ან მეყვავილე, ქუჩაში რომ წაიქცა და თვალებით შეშინებული ცა აირეკლა...
"გამოუცნობ არს გზანი უფლისანი", - მოულოდნელად ჩაილაპარაკა ბერმა, ბოლო თეთრი ლუკმა წვერებში შემალა და სიღრმეში ჩაბრუნებული მზერა არყით სავსე ჭიქას მიაყრდნო. "ნუთუ ეს?"- გაიფიქრა მ-მ. ის აქამდეც ხვდებოდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმისთვის ამზადებდნენ, მაგრამ მეუდაბნოე ბერის ტყავში მოვლენილ აგენტთან შეხვედრამ მაინც გააოცა. დავალება კი ჩვეულებრივ ჟღერდა: მეორე დილისათვის ქალაქის თავი საკუთარ საწოლში მკვდარი უნდა ეპოვათ... "ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ობიექტი თავის ბინაში, ღრმა ძილში გადასახლების დროს უნდა აღესრულოს. ყველაფერი უფლის ნებაა. მათ შორის, ადამიანთა მოულოდნელი გარდაცვალებაც. იცოდე, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე დაგევალა. განსაკუთრებული..."- თქვა ბერმა მანამდე, სანამ მზერასაც ანაფორას კალთასავით აკეცავდა და შუადღის ჩრდილივით მოკლე ნაბიჯებით დატოვებდა შეხვედრის ადგილს. მ-ი კი რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა და ქალაქის თავის მიერ შედგენილი პარადისოს რეკონსტრუქციის გეგმას იხსენებდა, სადაც ახალი შენობები ოთხივე მიმართულებით იგებოდა და ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ჯვრის ფორმით იკვრებოდა.
მერე ისევ საათის ისრების მტკივნეული გადაადგილება შეიგრძნო. მოპირდაპირე მაგიდასთან ქალმა სიგარეტს მოუკიდა. კვამლსაც ნელა, წარმოუდგენლად ნელა უშვებდა და უფიქროდ აკვირდებოდა. მ-ი თავის არაყს მიუბრუნდა, რომლის გემოც ბერის მზერას მთლიანად შეეცვალა. ის რაღაც წყლისმაგვარ სითხედ ქცეულიყო და მ-მ გაიფიქრა, რომ ეს გალილეაში ქრისტეს მიერ მოხდენილ პირველ სასწაულს წააგავდა.

*
ქალმა წითელი, მოკლე პალტო ჩაიცვა და ტავერნიდან გამოვიდა. ქუჩაზე სწრაფად მიაბიჯებდა, ცდილობდა, შენობიდან გამოყოლილი სითბო დაემახსოვრებინა. მაგდალინა ერქვა. დაღლილი, მოშვებული ქალი იყო, მაგრამ სქლად შეღებილი წამწამების რკალში სითბოსთან ერთად, უცნაურ სინათლესაც ინახავდა. თუმცა, თავადაც არ იცოდა, რისთვის.Kკანაფის ქუჩაზე მეძავად მუშაობდა და კლიენტების მოლოდინში პატარა, გამჭვირვალე შუშიდან ცხელ, მწვანე სითხეს სვამდა. სითხე, გარდა იმისა, რომ ყინვისგან იცავდა, ჰალუცინაციებით ამარაგებდა და მაგდალინასაც ეგონა, კანაფის ქუჩის იქით სულ სხვა გზა იწყებაო.
მაგდალინა წითელი ფარნებით განათებულ ტროტუარზე დადგა. თავი გადახარა და სანთებელას ალში გაიხედა. თოვდა და მსხვილი ფიფქები ძირს დაშვებამდე ყინულის მარცვლებად იქცეოდნენ. მოსარკულ ქუჩაში თეთრ, გრძელ საღამურებში გამოწყობილი ბავშვების მომღერალმა გუნდმა ჩაიარა. პროცესიას წინ შავანაფორიანი ბერი მიუძღოდა. მაგდალინას ამგვარი ხილვები ყინვაში დიდხანს დგომის დროს ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე და ამიტომ კანაფის ქუჩაზე სასულიერო პირისა და უმანკო ბავშვების გამოჩენა არ გაჰკვირვებია. ბავშვები რაღაც ტკბილ სიმღერას მღეროდნენ და ლილისფერ ვიტრინაზე მიყრდნობილ ქალს თვლემა მოერია...
ძილ-ბურანიდან ვიღაცის ხმამ გამოარკვია. ერთმანეთზე მიკრული წამწამები გაჭირვებით გახსნა. მის წინ მუქი ფერის ლაბადაში შეფუთული მამაკაცი იდგა და გაყოლას თხოვდა. მაგდალინამ შეჭირხლული თითები დაიორთქლა. პირველი ნაბიჯები ტკივილით გადადგა. სიცივისგან მთელ სხეულში ამტვრევდა. მამაკაცმა ქუჩა გადაჭრა, მარცხნივ გაუხვია და რკინის ხიდისკენ დაიძრა. ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მისდევდა და პალტოს ჯიბეში აბზინდის ნაყენის პატარა ბოთლს დაეძებდა. “ჩამქრალი ნათება", - ასე ერქვა სასტუმროს, სადაც მაგდალინამ კლიენტთან ერთად შეაბიჯა. სახელწოდების მიუხედავად, შენობაში სევდისმომგვრელი ლურჯი შუქი იდგა და კაცს ამ ლურჯ შუქზე რომ დააკვირდა, მოეჩვენა, რომ აქამდეც შეხვედროდა.
კაცი არ ჩქარობდა. ჭიქებში ცხელ პუნშს ასხამდა და ქალს უსაგნო კითხვების წრეში ამწყვდევდა. ამგვარად მან მხოლოდ ის გაიგო, რომ კაცი განსაკუთრებული კლიენტის მომსახურების სანაცვლოდ იმდენ ფულს სთავაზობდა, კანაფის ქუჩაზე სამი თვის მუშაობის საფასურს რომ უდრიდა.

*
პარადისოს რეკონსტრუქციის გეგმა რთულად განსახორციელებელი ჩანდა, მაგრამ ქალაქის ახლად არჩეული თავი გაბრიელი ფარ-ხმალს არ ყრიდა. ახალ სახლებს პარადისოში ახალი წესრიგი უნდა შეექმნათ და საცხოვრისის გარდა, ადამიანებისთვის სითბო და სიჩუმე მიეცათ. მშენებლებს ჯერ ქალაქის გენგეგმის ემბრიონზე უნდა ეფიქრათ, ნაგებობები მის შიგნითა ნაგებობებში უნდა აღმოცენებულიყვნენ და ახალშობილი ჩვილებივით ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზრდილიყვნენ.
გაბრიელი თავის კაბინეტში იჯდა, ღამის ნათურა აენთო, რომელიც კედელზე ერთმანეთის მიმდევრობით მორბენალი ყვითელი ბატკნების პროექცირებას ახდენდა, და იტალიურ პალაცოებზე, იაპონელი იმპერატორების სასახლეებსა და ამერიკულ ავტოსტრადებზე ფიქრობდა. მას სურდა, პარადისოში წარსულის სტილიზებული არქიტექტურა დაებრუნებინა, ნივთებისთვის კი - რაციონალურთან ერთად, ემოციური და მაგიური თვისებები მიენიჭებინა. მაგალითად, ჩინურ ჩაის ფინჯანში ჩასხმული სითხე თავისთავად გამთბარიყო; ტონეტის ვენურ სავარძელში მოკალათებულ ადამიანს უნებურად ლოცვის სურვილი გასჩენოდა; პენტაქსის ფოტოობიექტივს კი, აწმყოს აღბეჭდვასთან ერთად, დიდი ხნის წინათ გარდასული სურათების რეტროსპექტირებაც შეძლებოდა.
ამგვარ ფიქრებში იყო, ტელეფონის ზარი რომ გაისმა. მისი ნახვა რომელიღაც ხუროთმოძღვრული სკოლის წარმომადგენელს სურდა. დაღლილობის მიუხედავად, გაბრიელმა სტუმრის მიღება გადაწყვიტა. ნათურა ჩააქრო და იქაურობა დღის თეთრი შუქით გაიჭედა.
მალე ნაბიჯების ხმაც გაისმა და ოთახში ნაზი, გრძელთითება ქალი შემოვიდა. გაბრიელს მოეჩვენა, რომ ქალს ოთახის ჭერიდან ჩამომავალი შუქი თმასა და მხრებზე წყლის ჭავლივით ევლებოდა და რაღაც უცნაურ წრეში აქცევდა. მაგდალინას (სწორედ ასე გაეცნო ის ქალაქის თავს) ქალაქის აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილის გეგმარების ნახაზები - მარჯვენა, ხოლო სამხრეთ-ჩრდილოეთ ნაწილისა მარცხენა ხელისგულზე დაეხატა. ნახაზები ხელის ლურჯ ძარღვებსა და ხაზებთან მღელვარე ჰარმონიას ქმნიდა და ერთი შეხედვით ქირომანტის სახელმძღვანელოს უფრო წააგავდა, ვიდრე არქიტექტურულ გეგმას. Q მაგდალინამ ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო და პარადისოს ახალი უბნების განაშენიანებაზე საუბარი უბრალო, ქვისა და თიხისაგან თავისუფალი ენით დაიწყო. მის ნახაზებში შენობები ადამიანური სიცოცხლის დღეებივით ითვლებოდნენ. კედლები, სახურავები, კოლონადები და გუმბათები მათ ნაღველსა და სიხარულს ააშკარავებდა. გენგეგმის ძირითადი სქემა ქალის ხელისგულის სიყვარულის ხაზს მიჰყვებოდა, ხოლო იქ, სადაც ქალაქის ოთხი მხარე ერთმანეთს უერთდებოდა და ჯვრის ფორმით იკვრებოდა, სიცოცხლის ხაზი იკვეთებოდა. გაბრიელი შავი ტუშით დახაზულ ხელისგულს ჩაუკვირდა და დაინახა, რომ მაგდალინას სიცოცხლის ხაზი ისევე მოულოდნელად წყდებოდა და იშლებოდა, როგორც მთელი ეს უცნაური ნაგებობების წყება ხელისგულების რბილ ბორცვებზე.
და მან იმ ქალაქის წარმოდგენა სცადა, სადაც ქალის სიკვდილი ცხოვრობდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მაგდალინას ქალაქი ყველაზე ცოცხალი რამ იყო, რაც კი ოდესმე გაბრიელს ენახა. ოსტატები ნაგებობებს ხომ სწორედ სიკვდილის დასავიწყებლად ქმნიან და შიგ სამუდამოდ მკვიდრდებიან.
გაბრიელი წამოდგა. გონებაში კაბინეტის იატაკის ფილები გადაითვალა და მაგდალინას დარიჩინიანი ყავა და პროექტის განხორციელებაზე ფიქრი შესთავაზა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ გრძნობდა ამ სრულიად უცნობი, სუსტი ქალის მიმართ რაღაც უცნაურ, სულისშემგუბებელ სიახლოვეს. იქნებ იმიტომ, რომ ყავის სმის დროს წამწამებს ნელა, წარმოუდგენლად ნელა ამოძრავებდა, ხოლო ხელის ნატიფი მოძრაობისას ხელისგულებზე აღბეჭდილი მისი სახლები სუნთქავდნენ და შემჭიდროებული მასშტაბების მიუხედავად, გასაოცარ სივრცეებს ააშკარავებდნენ.
მაგდალინამ ჩანთიდან ვერცხლის პორტსიგარი ამოიღო და თეთრი, გრძელი სიგარეტების რიგიდან პირველს თავად მოუკიდა, მეორე გაბრიელს შესთავაზა. ეს ერთადერთი დავალება იყო, რომელიც მას კანაფის ქუჩაზე მოსულმა კაცმა სასტუმრო “ჩამქრალი ნათების" სევდისმომგვრელად ლურჯ შუქზე მისცა. სიგარეტს რბილი და სასიამოვნო გემო ჰქონდა, ოდნავ მათრობელა კვამლს მუშკისა და ზამბახის სუნი მოჰყვებოდა და აწმყოს აბუნდოვანებდა.
ფანჯრებიდან ღრუბლები მოჩანდნენ. შორეული ჰორიზონტიდან ზღაპრული სისწრაფით მოქროდნენ და ქალმა გაიფიქრა, ჩემს მიერ დაგეგმარებული ქალაქის ასაგებად მხოლოდ ასეთი ცვალებადი და აბსტრაქტული სუბსტანცია თუ გამოდგებაო, მაგრამ გაბრიელისთვის არაფერი უთქვამს. მის გვერდით მაგდალინამ თავისი არსებობა დაიჯერა და ახლა გამჭვირვალე შუშაში ჩამოსხმული აბსენტის გარეშეც სწამდა, კანაფის ქუჩის გარდა, სხვა გზაზე სიარულიც რომ შეეძლო.
მაგდალინას პროექტში პარადისოს ოთხი მხარე ერთმანეთს ხიდებით უკავშირდებოდა. გაბრიელის აზრით, ხიდები ისე უნდა აგებულიყო, რომ მის ქვეშ გამდინარე წყალს ხიდზე გამავალი ადამიანების აზრებისა და სიზმრების გაწმენდა შეძლებოდა. “ხოლო თუკი სახლების ასაგები მასალა ჭურჭლის თიხასავით მოიზილება, იქნებ ჩვენი სულებიც შიგ ჩასხმული სითხის მსგავსად გასუფთავდნენ", - იმედი გამოთქვა მან საუბრის დასასრულს, სწორედ მაშინ, მაგდალინამ მისი თბილი მზერა რომ დაიმახსოვრა.
ერთმანეთს კარებთან დაემშვიდობნენ. გაბრიელი კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქალის შიგნიდან გამომავალმა ჯადოსნურმა ნათებამ. დამშვიდობებისას მაგდალინამ მარჯვენა ხელი მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა - მარცხენაში ჩაუდო. ამგვარად, პარადისოს განაშენიანების გეგმა ახლა კაცის ფართო ხელისგულებზე დაეფინა და ქალაქმა თავისი ქუჩებით, შენობებით, ტაძრებითა და კაპიტელებით მის სხეულში დაივანა.
ქალაქის თავს გვიანობამდე არ დაეძინა. თვალგახელილი შესცქეროდა ჭერს და გულთან ქალის მიერ დატოვებული პარადისოს ქონგურების ჩხვლეტას გრძნობდა. მერე სისხლძარღვები ქალაქის ქუჩებივით დაიტოტა, სხეულის უჯრედებში თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი სახლების უსასრულო რიგი ჩალაგდა, სახლებმა სითბო და სიჩუმე მოიტანეს, ტაძრებმა - სიმშვიდე; სავსე, სრული და ნეტარი სიმშვიდე. გაბრიელმა იგრძნო, როგორი მტანჯველი სიამოვნებით ისრუტავდა, სამუდამოდ მიჰყავდა და ითვისებდა ახალი სამყარო, და გაბრიელმა ხელისგულებზე დაიხედა. უკანასკნელი, რაც მან დაინახა, სიცოცხლის ხაზი იყო... მისი სიცოცხლეც სწორედ იქ წყდებოდა, მთავრდებოდა და სრულდებოდა, სადაც მაგდალინას მკრთალი, დაღლილი და ცოდვილი არსებობა...

*
ისევ ჩუმად თოვდა, მაგდალინა ქალაქის თავის სამყოფელიდან რომ გამოვიდა და ცენტრალური მოედნისკენ გაეშურა. უმისამართოდ მიაბიჯებდა, გზადაგზა სხვადასხვა სამყაროები ხვდებოდა: შუქის, სისწრაფის, დახშული ხმაურის, გვიანი სახეების. უცხო სახლებში, ჩამქრალნათურებიან ოთახებში ღრმა ძილით ეძინათ ან გამჭვირვალე ბავშვებს აკეთებდნენ. მაგდალინა კი მიდიოდა, ცხვირში ისევ მუშკისა და ზამბაზის თავბრუდამხვევი სურნელი სცემდა. გალავნებსა და კედლებს ივიწყებდა, ვიტრინებსა და სარკეებში გადიოდა, გზააბნეულ ღამის პეპელასავით მიარხევდა უნებურად თავსდამტყდარი ბედნიერებისგან შემსუბუქებულ ფრთა-მკლავებს. მისი სვლა პარადისოს ღამის ქუჩებში ზეცაში სულის მოგზაურობას უფრო წააგავდა ან სულში - ზეცის მოგზაურობას.
სანამ ნაბიჯი არ დაუმძიმდა, აერია და აებლანდა. გონება დაებინდა და მზერა გაუშეშდა. არ გაჩერებულა. უფლება არ ჰქონდა. წინ მარხვისა და მონანიების ოცდახუთი გრძელი წელიწადი ედო, ტკივილისა და სიყვარულის უსასრულო გზა. ზარის რეკვის ხმაც კი შემოესმა და უფრო დაიჯერა. შეჩერდა...
მის წინ მეყვავილე ქალი იდგა და შროშანებს ყიდდა. ყვავილების მყიფე თავები ერთმანეთს ეხლებოდნენ და ზარივით წკრიალა ხმას გამოსცემდნენ. თავად კი ისევ წითელი ფარნებით განათებულ კანაფის ქუჩაზე მოსულიყო; ქუჩაზე, რომელმაც ცოდვის ფატალურ წრეში მოამწყვდია; ქუჩაზე, სადაც ყველაფერი ისე სრულდებოდა, როგორც დაიწყო... და მაგდალინა ლილისფერ ვიტრინას მიეყრდნო და სანუკვარი, ზეციური ქალაქის გეგმებით მოხატული ხელები მორჩილად ჩამოყარა. ჩამქრალი მზერა დათრთვილულ წამწამებში შეინახა. თვალები ისედაც თავისთავად ეხუჭებოდა. ძალიან ეხუჭებოდა...
თოვდა და მსხვილი ფიფქები ძირს დაშვებამდე ყინულის მარცვლებად იქცეოდნენ. ცარიელი ქუჩის კუთხეში ყინვისგან გალურჯებული ქალი იწვა და იღიმებოდა. თეთრ, გრძელ საღამურებში გამოწყობილი ბავშვები თუ უმღეროდნენ...

*
სანამ ქალაქი სიგარეტის კვამლით მოწამლული გაბრიელის მოულოდნელ გარდაცვალებაზე ბჭობდა, განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებული მ-ი საიდუმლო სამსახურის სახიფათოდ დაკიდებულ კიბეზე აღმასვლას განაგრძობდა. ბოლო თვეები მან ქალაქის თავის მემკვიდრეობის ლიკვიდირების საქმეს დაუთმო, რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. მ-ი გაბრიელის გეგმებსა და ნახაზებს ხან კუბიკებად დახაზულ ქვაფენილებზე პოულობდა, ხან - გაზეთების შავ-თეთრად ჩალაგებულ შრიფტებში, ხანაც - სასკოლო არითმეტიკის განტოლებებსა და ალგორითმებში.
საბოლოოდ, როდესაც მ-მ საქმე დასრულებულად ჩათვალა, ღია კაფეში ჩამოჯდა და გაზეთები გადაშალა. მშვიდი დღე იყო. მზის პირველი, გაუბედავი სხივები მოედნის მთავარი საათის ციფერბლატში ჩაკირული ყინულის გადნობას ცდილობდნენ. კაფეს შესასვლელთან მოხუც მათხოვარს ეძინა. ძველმანებით გამოკრულ სველ ბოხჩაზე მიწოლილიყო და თმაზე ორთქლი და დამჭკნარი ყვავილების მძიმე სუნი ასდიოდა. ოდნავ მოშორებით ერთნაირად ყვითელსახიანი კაცები ისხდნენ და რომელიღაც სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილ ფრთებდამტვრეულ, მომაკვდავ მტრედს უცქერდნენ.
მ-ი გაზეთებს ფურცლავდა. უეცრად თვალი პარადისოს რეკონსტუქციის ნაცნობ ნახაზებს მოჰკრა. ხაზებმა თითქოს მზით ოდნავ გამთბარ ჰაერში გაიელვეს და გაქრნენ. მ-ს მზერა დაეძაბა. თვალები ხელითაც კი მოიჩრდილა და... გაშრა! აკრძალული ქალაქის გეგმის მკრთალი კონტურები ზედ საკუთარი მაჯის ცისფრად დახაზულ ძარღვებთან დაინახა. გეგმა, მაჯისცემა რომ ისინჯება, იქ იწყებოდა და მთელ ხელისგულზე იშლებოდა. მ-ი შიშმა აიტანა, შიშმა და მისთვის აქამდე უცნობმა, დაუსათაურებელმა განცდამ. სხეულში შავი ჭირის მომაკვდინებელი ვირუსივით შემოჭრილ პარადისოს დასცქეროდა და უკვე დასრულებულ კარიერასა და სიცოცხლეზე ფიქრობდა. სპეცსამსახურის დაწერილ-დაუწერელი კანონები მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. იცოდა, მალე გაასაღებდნენ. თუმცა ახლა ეს უკვე ნაკლებად ადარდებდა. ის მთელი თავისი საიდუმლო არსებობის მანძილზე პირველად დამარცხდა. დამარცხდა არა ვინმე კონკრეტულისა და ხორცშესხმულის, არამედ რაღაც გამოუცნობი, აბსტრაქტული და არარსებული სამყაროს წინააღმდეგ გამართულ ომში.
და მ-მ ისევე, როგორც ავაზაკმა ირწმუნა. რადგან ირწმუნა, გაიგონა და დაინახა კიდეც. თითები გაშალა და მარადიული ქალაქის ნახაზებში იმ ადგილის ძებნას შეუდგა, სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარებას რომ ისურვებდა. მალე იპოვა. მუნ ყვავილოვანი, მყუდრო სავანე ვენერას ბორცვქვეშ.
ნელა წამოდგა. აღარაფერი ენაღვლებოდა. უძლეველ ქალაქთან ერთად, სულში უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა... ფეხებთან რაღაცას წამოედო. კაფეს კარებთან მიწოლილი მოხუცი მათხოვარი იყო. მაწანწალამ ჭუჭყიანი და გაბურძგნილი თავი ასწია და მ-ს ამოხედა. დაბინდული მზერა ჰქონდა, თითქოს გარეთ კი არა, შიგნით, საკუთარ თავში იმზირებაო. ალბათ, ამის გამო იყო, მ-მ გვიან რომ შეამჩნია. როდესაც ვინმეს მზერა შენზე არ აირეკლება, მას შენც ბუნდოვნად აღიქვამ. მაწანწალამ კი სიღრმეში ჩაბრუნებული მზერა მიაყრდნო და სუფთა, ზარივით მჟღერი ხმით წარმოთქვა: “გამოუცნობ არს გზანი უფლისანი..."

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyWed Mar 06, 2019 11:49 am


თეონა დოლენჯაშვილი - ამინატი სამიდან ხუთამდე
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 14, 2015

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: მარიამ ჯოლოგუა, ნიკა წერედიანი, ზურაბ ყიფშიძე, მალხაზ აბულაძე.

ჩაწერილია 2010 წელს.

Exclamation


თეონა დოლენჯაშვილი

ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე


15 საათი

მეთაურს ავოკადო და თაფლი მოაქვს. მე ბრინჯიან სალათას ვამზადებ. სადილების მომზადება არასოდეს მყვარებია, მაგრამ ამ მოსაწყენ საქმეს აქაც ვერ ავცდი.

სალი მხოლოდ ჩვიდმეტი წლის არის, ნაზირა კი სამზარეულოში საერთოდ არ შემოდის. თურმე სწორედ წვნიანს ხარშავდა, შვილები რომ ჩაუხოცეს – ხუთი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო. ზუსტად როგორ იყო, არ ვიცი. თვითონ კრინტს არ ძრავს და მუდმივად საათს დაცქერის. თითქოს წამზომი უკვე ჩაურთეს, და მასაც ერთი სული აქვს როდის აენთება.

ჩუმად ვსადილობთ. სალი ყავას ადუღებს.

ვარდისფერი ბაგე გაპობია და ჩამოქნილი თითებით ფინჯანში ვერცხლის კოვზს ურევს. აქ ძმამ მოიყვანა. ერთმანეთს კარებთან აკოცეს. “ზეცაში შევხვდებით, ფიდაიო”, – ძმამ უთხრა და წავიდა. სალის წაბლისფერი თმა ლამის წელამდე სცემს. მეთაურმა ერთხელ უკვე უთხრა, შეიკვეცეო, მან კი ინით შეიღება და გაიშალა. ცოტა თავნებაც ჩანს.

მე კი ვფიქრობ, უაზრობაა თმას დაჰკანკალებდე, მაშინ როცა სიკვდილისთვის ემზადები.

მე ამინატი ვარ. ნოემბერში ოცდაექვსი შემისრულდა. ეს-ესაა უკანასკნელად ვისადილე. ახლა სიგარეტს ვეწევი და მონისლული თვალებით სარკმელში ვიყურები. სარკმლიდან ვიწრო პარიზული ქუჩა მოსჩანს და წიგნების მაღაზია – პარალელური სამყარო, სადაც ფრანგი გოგოები დადიან და წიგნებს კითხულობენ.
წიგნი მეც წავიკითხე. მეთაურს გამოვართვი.

მულიდთა სახელმწიფოზე ეწერა, ალამუთის ციხესა და ფიდაებზე – პირველ ტერორისტ-თვითმკვლელებზე. ახლა უკვე ვიცი, ამ წიგნს ვეღარასოდეს დავასრულებ, მაგრამ წაკითხული გვერდები ჩემი თითბრისფერი სარჭით მაინც ჩავნიშნე – ან სარჭი რაღაში დამჭირდება...



15 საათი და 10 წუთი

სარკესთან ვდგავარ და თვალებს ვიხატავ. სპორტულ კედებზე თასმებს ვიკრავ. მხარზე ზურგჩანთას ვიგდებ და მავთულებს სახელოებში ვმალავ. მოკლედ, ვემზადები. მეთაურმა უკვე ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე. ხუთ საათზე “იმპრესიონისტებში” გრანდიოზული გამოფენა-აქცია იმართება.

რამოდენიმე სენატორიც იქნება. სწორედ იქ უნდა ავფეთქდე... გოგოებს ვემშვიდობები. სადენებსა და საათს კიდევ ერთხელ ვამოწმებ. სალი მიცინის და ხელს მიქნევს “მალე შევხვდებით, ამინატ!”– მეძახის. ზუსტად მის ძმასავით გამოსდის...



15 საათი და 20 წუთი

მეტროს კრიალა, რეკლამებით აჭრელებულ ესკალატორს მივუყვები. შარლ დე გოლის მეორე ხაზით ვმგზავრობ. ვაგონი გაპოხილ რელსებზე, ეს სამყარო კი ჩემს გასწვრივ მიქრის. მგზავრებს ვაკვირდები. ადამიანები საკუთარ სიღრმეებში ჩაკარგულან. მათ შორის შესაძლოა ისინიც იყვნენ, ვინც ჩემს ბედნიერებას გაინაწილებს და სიკვდილის წარმტაც წალკოტებში წამომყვება. იქნებ რომელიმე მაინც მიხვდეს, რომ ეს ბრჭყვიალა, მბზინვარე ცხოვრება ტყუილია და სინამდვილე სულ სხვაგანაა.


15 საათი და 32 წუთი

ქუჩა ყოველთვის უცხოა

გამზირზე ჩაყოლებულ მაღაზიებსა და კაფეებს ვათვალიერებ. პატარა, მოხდენილ ბუტიკში შევდივარ და ყველაზე ლამაზ შარფს ვარჩევ. “საუცხოო ნამუშევარია. ბატიკა,” – არჩევანს მიწონებს გამყიდველი, მერე დახლთან მიდის და შარფს საგულდაგულოდ კეცავს. მე ფულს ვიხდი და ფურცელზე მისამართს ვწერ. ძალიან ძვირფასი შენაძენია, მაგრამ ფული არ მენანება. ეს ჩემი უკანასკნელი საჩუქარია.

მას დედაჩემი ხვალ დილით, საკუთარ დაბადების დღეზე მიიღებს.


15 საათი და 37 წუთი

გადავწყვიტე სადმე შევისვენო. ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია და წინ მთელი მარადისობა. დრო უსაშველოდ, უსასრულოოდ იწელება... კაფე “ლა კამპოს”– ძალიან ლამაზი ალაგია. შემინულ კედელთან ვჯდები, ისე რომ ქუჩას ვუყურო. მიყვარს თავ-თავიანთთვის მოფუსფუსე და სხვადასხვა მხარეს მორბენალი ადამიანების ცქერა.

ყველას სადღაც მიეჩქარება – გამოფენაზე, ლანჩზე თუ პაემანზე, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ბოლოს ყველა იმ გზას დაადგება, მაგრამ ალბათ სხვადასხვა სამგზავრო ბილეთით.

გარსონს ყავა და მოხალული ნუში მოაქვს. შოკოლადივით სქელი და სურნელოვანი ყავაა. აქვეა მომჟავო ალუბალი და დაჩამიჩებული ატამი. საწყენია, რომ ზურგჩანთის მოხსნა და სკამზე მოხერხებულად გადაწოლა არ შემიძლია. მე ყავას ვსვამ და ზურგჩანთაში ბომბები მიწყვია.


15 საათი და 45 წუთი

კაფე ერთხმად, ერთგვაროვნად ზუზუნებს. სარკმლიდან “იმპრესიონისტების” ფასადი მოსჩანს. მოპირდაპირე მაგიდაზე ვიღაც გაზეთს აშრიალებს.

ხვალ ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მე ვიქნები და ჩემი მრავალრიცხოვანი და-ძმები ჩემით იამაყებენ. ო, რა საოცარია, ადამიანს სიკვდილის წინაც კი არ შეუძლია მომავალზე არ იფიქროს, მისთვის უკვე დასრულებულ და არარსებულ მომავალზე.
დაჟინებულ მზერას ვგრძნობ...


15 საათი და 50 წუთი


– ხომ არ შეგაწუხებთ, თქვენს მაგიდასთან რომ ჩამოვჯდე? ყველა ადგილი დაკავებულია, – არაბი ბიჭია. შავი მაისური და გახეხილი ჯინსები აცვია.

პიცას უკვეთავს... მადიანი ვინმე ჩანს.

– აქ კარგად ამზადებენ, – მიღიმის, – მე ტამირი მქვია, თქვენ?

– ამინატი.

– ლამაზი ხართ და სახელიც ლამაზია, – ძალიან სწრაფად მოშინაურდა.

ალბათ ხვდება, რომ ცოტა დრო მაქვს.

– ნაცნობობას ყოველთვის ქათინაურებით იწყებთ?

– არა. ეს პირველი შემთხვევაა. სანამ მოვიდოდი, შორიდან გიყურებდით. საოცარი თვალები გაქვთ.

საათზე ვიხედები.

– სადმე გეჩქარებათ?

– ჰო. სამოთხეში მელოდებიან.

– მეც სიამოვნებით გამოგყვებოდით.

დარწმუნებული ვარ, სადაც თქვენ მიხვალთ, ყველგან სამოთხე იქნება.
ქათინაურები მართლაც ეხერხება. მასთან საუბარი მომწონს. ცუდი არ იქნება, თუ ამქვეყნად ერთი ნაცნობით მეტს დავტოვებ.

ტამირი ფორთოხლის წვენით მიმასპინძლდება. საკუთარ თავზე მიყვება. თურმე უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა და ახლა ბანკში მუშაობს. პარიზის ქუჩებში ხეტიალი, კინემატოგრაფი და ფეხბურთი უყვარს.

– შენ რას საქმიანობ? – ცდილობს ჩემი პროფესია გამოიცნოს.

– მე ფიდაი ვარ და ზუსტად ერთ საათში უნდა ავფეთქდე, – ვიცი, არ დაიჯერებს და ამიტომ სიმართლეს ვეუბნები.

ის კი იცინის და მეუბნება, რომ მსგავს რამეს მხოლოდ ჩემნაირი უცნაურთვალება გოგო თუ მოიფიქრებს.

– ვინ უნდა ააფეთქო?

– ორიოდე სენატორი. შეიძლება რამდენიმე უდანაშაულო ადამიანიც, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ფრანგებს ისედაც ყველა არაბი ტერორისტი ჰგონიათ.

– პოლიტიკას სხვებმა მიხედონ. შენ შვილებს უნდა ზრდიდე.

– მაგრამ ხვალ შეიძლება ჩემი შვილიც მოკლან.

– და გადაწყვიტე დაასწრო?

გალერეისკენ ვიხედები. “იმპრესიონისტებში” პირველი დამთვალიერებლები უკვე გამოჩდნენ.

– შენ არ გესმის.

ალბათ ვერასდროს მიხვდები.

ზეცაში ჰურია ვიქნები და სამოთხეში სამოცდაათ ახლობელს წავიყვან.

თვალს თვალში მიყრის. დიდხანს, თითქმის თანაგრძნობით მიცქერის.

– რატომ ლაპარაკობ ასეთ რაღაცეებს. სიცოცხლე უკვე მოგბეზრდა? – ჩუმად, რბილად მეკითხება.

_არა. რას ამბობ. ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ მეჩქარება.

ერთმანეთს მონუსხულებივით შევცქერით. საიდან გამოჩნდა ეს ბიჭი.

მაინცდამაინც ახლა, როცა სიკვდილამდე ოციოდე წუთიღა მრჩება. მეც რატომ მოვუშვი ასე ახლოს, რატომ ვეუბნები იმას, რაც არასდროს არავისთვის მითქვამს. თან როგორ მიყურებს...

– ამ საქმეში როგორ გიხდიან? – ცდილობს გაიღიმოს.

– ძალიან კარგად. მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, თუმცა, ფული აღარაფერში დამჭირდება. იმ თანხას ჩემს ოჯახს გაუგზავნიდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე ობოლ პალესტინელ ბავშვებს გადავურიცხო.

– და როგორია ის... სიკვდილი?

– ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნება. უკვე ვგრძნობ. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.

ტამირი სერიოზულდება. სიგარეტს მინის სქელ, გამჭვირვალე საფერფლეში ასრესს და ჩემსკენ იხრება. მის სუნთქვასა და სიცოცხლეს ვგრძნობ. ვიბნევი და თვალს ვარიდებ...


16 საათი და 25 წუთი

ნუთუ, შეიძლება რამდენიმე წუთში შეგიყვარდეს? ახლა ალბათ ყველაფერი შეიძლება.

ეს ილუზიაა. სიცოცხლის მაცდური ილუზია, რომელიც თავგზას მირევს, არსებობის მათრობელა, წარმავალ ბადეში მახვევს და ახალ, გამოუცნობ სივრცეებს მიხსნის...

– საბედისწერო ქალს გავხარ, – მეუბნება ტამირი – რა კარგია, აქ, “ლა კამპოსში” რომ შემოვედი და შენ შეგხვდი. მსგავსი რამ არასდროს არავისთან განმიცდია.

– ეს სიგიჟეა. მაპატიე, უნდა წავიდე, – დროა, წერტილი დავუსვა სიცოცხლესთან სახიფათო თამაშს.

– არ წახვიდე, გემუდარები, – ხელზე ხელს მიჭერს ტამირი, – ახლა რომ წახვიდე, ასე მგონია ვეღარასოდეს გნახავ.

სულ რამდენიმე წუთი... მას ხომ არ ესმის, რომ რამდენიმე წუთი მთელი ცხოვრებაა, მთელი დარჩენილი ცხოვრება... რომ შეყოვნების უფლება არ მაქვს, არც ფიქრი და სიყვარული შემიძლია, რადგან ფიქრი შიშია, გრძნობა – სისუსტე.

– მართლა ძალიან მეჩქარება. ახლა წავალ და... ხვალ შეგხვდები.

თვალები უბრწყინდება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს სურვილებს ვიჯერებთ.

– ისევ აქ, ისევ ამ დროს, – მგონი ხმაც უკანკალებს.

მისი გულუბრყვილობა და ბავშვური მალემრწმენობა მხიბლავს. გული მეწურება. სისულელეა, გაუგონარი და წარმოუდგენელი სისულელე, მაგრამ მართლა მიყვარს.
– ჰო, ისევ აქ, ისევ ამ დროს, – ვჩურჩულებ და თვალებს ვმალავ. წამწამები მინესტიანდება. რაში მჭირდებოდა ახლა ეს უსარგებლო სენტიმენტები... ისევ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. ტუჩებზე ტუჩებით მეხება...

ქუჩის ხმაური, შიშინი, გუგუნი სადღაც შორეთში იკარგება. თეთრ, დამბანგველ, ხელშეუხებელ ნისლში ვეხვევი... ვიძირები...


16 საათი და 43 წუთი

ერთმანეთს “იმპრესიონისტების” შესასვლელთან ვშორდებით. არ მინდა გალერეაში შესული დამინახოს, ამიტომ ჯერ ტამირი მიდის. ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიუყვება გრძელ, ფერად ქუჩას.

ღრუბლებიდან მზე შუქდაშუქ, ფრაგმენტულად იჭრება. შენობები ხელისგულზე დადებული კვერცხებივით იფრცქვნებიან. მეჩვენება, რომ ქუჩა უსასრულოდ გრძელდება და ცას უერთდება...

გალერეის ცენტრალურ დარბაზში შევდივარ. ქურთუკის სახელოებში შემალულ სადენებს ხელისგულებში ვიქცევ. დარბაზი ხალხითაა სავსე. ფორმიანებიც მრავლად ირევიან. ინტუიცია უკიდურესად მიმახვილდება, შეგრძნებები საოცრად მიმძაფრდება, გონება გამალებით მუშაობს _ზუსტად ვიცი როგორ მოვიქცე, საით წავიდე, რა ვთქვა და რანაირად გავიღიმო, ისე, რომ ოდნავი ეჭვიც არავის აღვუძრა.

მშვიდად მივაბიჯებ და კედლებზე გამოფენილ ნეოიმპრესიონისტულ მხატვრობას ვათვალიერებ. ბრაკი, პიკასო, ლეჟე... – კუბებად და სამკუთხედებად დაყოფილი პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები. ძალიან ლამაზი ფერწერაა, ცოტა აგრესიული, ცოტა შეშლილი, ცოტა გაურკვეველი. რეალობისა და აბსტრაქციის, ჰარმონიისა და დისჰარმონიის, წესრიგისა და ქაოსის საზღვარზე შემნილი ტილოები თვალს მჭრიან და მჯერა, მათი ავტორები იმასვე განიცდიდნენ, რასაც ახლა მე განვიცდი.

სენატორებიც მობრძანდნენ... რეპორტიორებისა და ხელოვნებათმცოდნეების სიმრავლეა. ადამიანებს არ ვუყურებ.

თითქოს, მათი სხეულებიც და სახეებიც უმარტივეს გეომეტრიულ ფიგურებად იჭრება.... ძალიან კაშკაშა ფერებია... მეტისმეტი ხმაური... ვიძაბები და მუშტებში სადენები იოფლება... თითებში სიკვდილი მითრთის...


16 საათი და 55 წუთი

თავში აზრები ირევა, თვალებში – დელონეს “წრიული ფორმები”... ზუსტად ხუთ წუთში ყველაფერი დასრულდება.

ტყუილია, რომ ამბობენ, განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინაო. არავითარი ჩარბენა - ჩამორბენა არ ყოფილა. მხოლოდ “ლა კამპოსში” მომლოდინე ტამირი, მწვანე ბაღები და რატომღაც, ზღვის ქვიშიანი ნაპირი წარმოვიდგინე, და ისიც წამით.
მერე ყველაფერი გალერეის ხმაურიან სივრცეში აითქვიფა. ერთ-ერთი სენატორის გვერდით ჩემი კარგა ხნის წინ გარდაცვლილი მამა დავლანდე. ძველი, გაცრეცილი ხალათი აცვია და ხელში ჩაის ჭიქა უჭირავს. ჩამუქებული თვალებით მიშტერებია პიკაბიას მონუმენტურ, მონოქრონულ პანოს.

ჩემსკენ არც გამოუხედავს. სამაგიეროდ, ორი თვის წინათ თვითმფრინავში აფეთქებული ბაიატი მომიახლოვდა. წელზე შაჰიდის ქამარი შეისწორა და გამიღიმა. “დამხმარეები არ მჭირდება”, – ჩავჩურჩულე და მივხვდი, უკვე სიკვდილისწინა ტრანსში ვიმყოფები.

ექსპოზიციის კუთხეში ვიოლინოები აჟღერდნენ. არა, ეს ჩემი გაცხოველებული ფანტაზიის ნაყოფი არ არის. მართლა უკრავენ. გამოფენა იხსნება.

ფოტოაპარატები ჩხაკუნობენ და ერთმანეთში მოსაუბრე საზოგადოების ზუზუნს სასიამოვნო მუსიკა ენაცვლება. საოცრად გამიმართლა. იმქვეყნად დებიუსის მუსიკა და პიკასოს ფერწერა მაცილებს, საუკეთესო, რაც კი შეიძლება საცოდავმა ადამიანმა შექმნას.

სენატორებს ვუახლოვდები. აშკარაა, დიდი მსხვერპლი იქნება. დროა! სადენებს ვიმარჯვებ და... სისხლი ძარღვებში მეყინება. დარბაზის შემოსასვლელში ტამირი დგას და პირდაპირ მე მიყურებს!..


16 საათი და 59 წუთი

დრო არ უნდა დამეკარგა, მაგრამ იმდენად გავვოგნდი, მოძრაობის უნარიც კი წამერთვა... ტამირს სახეზე გალერეის უზარმაზარი სარკმლებიდან შემოჭრილი მზის ათინათი დათამაშებს, გაღიმებული ჩემსკენ მოიწევს და ალაჰისკენ მიმავალ გზაზე მეღობება. ცოტაც და მასაც იმქვეყნად გავისტუმრებ. როგორ შევაჩერო?! როგორ? როგორ?..

ხილული სამყარო კუბისტურ ტილოებზე დატანილი კომპოზიციებივით იშლება და ჩემს თვალწინ მიცურავს. თვალებს ვხუჭავ. არა, უკვე ყველაფერი გვიანია...

გადაწყვეტილება მიღებულია. განაჩენი გამოტანილი! მაპატიე, ტამირ... მე არ მინდოდა. ასე შენ თავად ისურვე. მიყვარხარ, ტამირ! ხედავ?.. ერთიანად ვკანკალებ, გული გიჟურად მიცემს და ჩემი სუსტი, გალურჯებული თითებიც დასასრულისკენ მიილტვიან...

ხელისგულებში ჩაზრდილი სადენები სისხლძარღვებივით ფართოვდება...

მანძილი ორ საბედისწერო ბოლოს – ჩემსა და სიკვდილს, ჩემსა და სიყვარულს შორის უფრო და უფრო მცირდება... ხელები, სხეულები, სულები ერთმანეთს უერთდება და სასიკვდილო წრედი იკვრება!

ხომ გითხარი, რომ ფიდაი ვარ....


თეონა დოლენჯაშვილი "წიგნიერის" მონაწილეებს "ფიდაიზე" უყვება.

GeolibTV
Published on Mar 6, 2015
მწერალი თეონა დოლენჯაშვილი წიგნიერის მონაწილეებისთვის საუბრობს თავის მოთხრობაზე "ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე".

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyWed Mar 06, 2019 12:08 pm

თეონა დოლენჯაშვილი

ბანგკოკი

გადაუღებელი წვიმების სეზონზე ჩამოვედი. საღამოს ხუთზე.
მიწა ძალიან რბილია. ტერფები მეფლობა და წვიმა მკოცნის ლოყებზე.
ზუსტად ის დღეა, ყველგან რომ წვიმს – ქუჩებშიც, ბამბუკით გადახურულ შენობებშიც, საავადმყოფოებშიც და კინოთეატრებშიც. წვიმა ატანს ქოლგებსა და ქუდებში. წვიმს ჩემ შიგნით – სადღაც, სიღრმეში.
სველია საწოლი წვიმის გუბესავით. წვეთები წკაპუნებენ ცხელი წვნიანით სავსე თეფშში. ყველაფერი მყიფეა და ნესტიანი, მტირალა და სლიპინა. „თქვენ ხომ არ იცნობთ ელენ ნ-ს?“ – ფოტოსურათით დავდივარ მდინარეებად დადენილ ბანგკოკში. სურათშიც წვიმს.
როგორც იქნა, გადაიღო.
ნელ-ნელა მშრალდება ზეცა და იწრიტება ცრემლად დადენილი ქალაქი. ასე უფრო ადვილია, მხოლოდ დროებით.
რადგან სამხრეთიდან მოფრინავს უამრავი კოღო – გამჭვირვალე ფრთებითა და წვეტიანი ცხვირებით. ძალიან მწარედ იკბინებიან. მთელი დღეები მხოლოდ ბრინჯს ვჭამ და კოღოებს ვიგერიებ. უცნაურად დავსივდი, არაპროპორციულად.
მიწა ისევ რბილია. მაგრამ – ისედაც ვეღარ დავდივარ. უცნაურ, მოთეთრო-მონაცრისფრო ბურუსში ვწევარ და ოფლად ვიღვრები. ირიბად თვალებახლეჩილმა ექიმმა გამსინჯა და რამდენიმე გაურკვეველი სიტყვა წარმოთქვა.
მაგრამ – უიმისოდაც ვხვდები, რომ მალარია შემეყარა – ჭაობის ავადმყოფობა.
ბანგკოკელები პანტაპუნტით იხოცებიან. ყოველ დილით ნავებითა და ტივებით გადააქვთ პატარა, ყვითელი გვამები. შეუძლებელია, ელენი აქ იყოს. კოღოებმა დაკბინონ მისი ნატიფი სხეული.
ვცდილობ, მონაცრისფრო ბურუსს თავი დავაღწიო, გარეთ გამოვფოფხდე და მოძლიერებული მზის სხივები დავიჭირო...
კიდევ ერთმა მწუხარე პროცესიამ ჩაიარა. რომელიღაც უდროოდ დაღუპულ არსებას მიაცილებენ გაურკვეველი მიმართულებით. პროცესიამ რომ ჩაიარა, მიწაზე სპილოს ძვლის სავარცხელი შევნიშნე. სწორედ ასეთით ელენი აიხვევდა ხოლმე მძიმე, ოქროსფერ თმას.
სავარცხელი დასივებული თითებით ჩავბღუჯე. ახლა უკვე ვიცი, ჭაობის ჭირი ვეღარ მომერევა. ელი ისევ ჩემთანაა.


კაირო

გვიანი ღამეა და ქვიშით სავსე, უნაყოფო ჰაერი.
სასტუმროში სიჩუმეა. მხოლოდ სხარტი ხვლიკები დასრიალებენ. ღამის პორტიეს ტურისტული ბუკლეტები შემოაქვს, მოტკბო ჩაი და თხელ თეფშზე შაქრისფხვნილიანი შაქარლამები.
„ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უნახავს არაფერი“, – აწერია ბუკლეტის თავფურცელს.
მე მინდა გავიხსენო, როგორ მოვხვდი აქ – ყვითელი ქვიშისა და მწვანე სევდის ქალაქში. როგორ დაიწყო ჩემი მტანჯველი და მარადიული მოგზაურობა. მინდა გავიგო, რატომ დამხვდა ელენის სახლი მიტოვებული, დარაბები – დახურული, სიყვარული – დავიწყებული.
და სად შეიძლება ვეძებო...
დავეხეტები. ტურისტები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობენ. პირამიდებიდან ქვებს ამტვრევენ და სუვენირებად მიაქვთ. სამახსოვროდო, – ასე ამბობენ. გიდი ჰყვება, თუ რა სიმაღლეს აღწევდა გასულ საუკუნეებში ხეოფსის პირამიდა. იქამდე, სანამ ველური ტურისტული ბიზნესი წალეკავდა ქვის საოცრებას.
აკლდამებსა და სარკოფაგებში იდუმალი, ფოსფორისფერი ბარებია გახსნილი. „დაუვიწყარი ღამე კლეოპატრასთან“, – იუწყება სარეკლამო ფირნიში ერთ-ერთი ასეთი აკლდამის შესასვლელში. სილიან კოქტეილს მთავაზობს ბარმენი. „თქვენ ხომ არ გინახავთ ასეთი ქალიშვილი?“ – ელენის ფოტოსურათს ვაჩვენებ. უგულისყუროდ დასცქერის. ახალ კოქტეილს აზავებს.
დრო მუქდება. ისევ ღამეა. კაიროს მთვარესავით ცხელი.
სასტუმროს ჰოლიდან აქლემების გრძელი ქარავანი გადის. დიდი ჩოჩქოლია. „უცნობი მარშრუტი! თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები!“ – აცხადებს სასტუმროს სარეკლამო ბიურო.
ექსპედიციას მივყვები.
ერთი თვის თავზე სასმელი წყლის მარაგი გველევა. ქვემოთ მხოლოდ ქვიშაა და ზემოთ – ადუღებული მზე.
კაიროდან გვატყობინებენ, რომ საჰარის ჯერ ისევ აუთვისებელ სექტორში მოვხვდით და ვერაფრით დაგვეხმარებიან. ბევრი უგონოდაა. ფრანგი მეგზური მეუბნება, რომ მსგავსი ექსპედიციები სპეციალურად ეწყობა, პლანეტის მოსახლეობის გაზრდილი რიცხვის შესამცირებლად.
ჩემს მეგზურს თვალები უელავს. ნამდვილ ექსტაზშია. „მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეებს ვიკვლევ. ამ უდაბნოსაც რამეს მოვუხერხებ“, – მამხნევებს. ღამღამობით ვარსკვლავებს უჭვრეტს. თითით სილაში გამუდმებით რაღაცას ხაზავს და ანგარიშობს.
ჩემთვის სულერთია, საჰარის აღმოსავლეთში მოვკვდები თუ დასავლეთში. ამიტომ მასთან ერთად 180 გრადუსით ვტრიალდები და გზას სულ სხვა მიმართულებით განვაგრძობთ. ოთხი თუ ხუთი დღის შემდეგ ათვისებულ სექტორში ვხვდებით.
სულს ვიბრუნებ. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უდაბნოს ფორთოხლისფერ სივრცეში ხეტიალი მერჩივნა – იქ ყოველდღე ელი მელანდებოდა.



ლოლა

ოთახებში დილიდანვე ქარი დაქროდა. ლოლა იატაკზე ფეხმორთხმით იჯდა. კარადიდან ძველი, დამტვრეული რადიოლა ჩამოეღო და იქვე დახვავებულ ფირფიტებს უსმენდა. ფირფიტებიც ძველი იყო. მუსიკა კიდევ უფრო ძველი... ძირითადად, კლასიკა, დროდადრო ჯაზი და ბლუზი.
ამინდს რომ შეეფერებოდა, ისეთი მუსიკა იყო. ყავასაც როგორღაც იმ ქარიანი ამინდის გემო დაჰკრავდა. ყავას გაზქურაზე ადუღებდა, ზოგჯერ ცხელ შოკოლადსაც.
ყველაფერს ხაზგასმულად, რიტუალის დაცვით ასრულებდა. მშვენიერი დღე იყო. ეჩვენებოდა, რომ უხილავი კინოკამერით იღებდნენ, ამიტომ ის – ირჯებოდა, როგორც ლამაზი, გრძელთითება ქალები ფრანგულ და იტალიურ ფილმებში. სარკეშიც იცქირებოდა – გრძელი ფეხები, ნათელი თვალები და მეოცნებესახე ჰქონდა.
იცოდა, ოციოდ წლის შემდეგ ეს დღე მოენატრებოდა, როცა ახალგაზრდა იყო, მოქნილი და თავისუფალი. ამიტომ საკუთარი თავით ტკბებოდა, ანუ, როგორც თვითონ ამბობდა, „განწყობილებას იქმნიდა“.
მერე ქუჩაში გამოვიდა. ისე, უმისამართოდ, ჯინსი, თხელი, მოკლე ჟაკეტი, დაკეცილი ქოლგა... ნელი ნაბიჯით მიდიოდა, მოღრუბლულ ზეცას უჭვრეტდა, თითქოს მოშრიალეხეებიც მას მიჰყვებოდნენ. მიაბიჯებდა და მიჰყვებოდნენ. სასიამოვნო შეგრძნება იყო. გამვლელები უცქერდნენ: ბიჭები – დაჟინებით, გოგონები – შურით. რა მისი ბრალი იყო, ლამაზი თუ იყო. ეს ხომ ისე თავისთავადია... ბუნებრივი...
ქალაქი მისი იყო. ძალიან ნაცნობი და მშობლიური. ხანმოკლე შესვენების შემდეგ მაღაზიები იღებოდა, კაფეებში სადილობდნენ, სიგარეტს აბოლებდნენ. ვიტრინები მის მოხდენილ ტანს ირეკლავდნენ. ჰაერში მოხალული ყავისა და ადრეული გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. სიამოვნებდა და მიდიოდა? სად? ისე, სადმე. რას გაუგებ ცხრამეტი, ოცი წლის გოგონებს აპრილის ღრუბლიან ამინდში.
მერე ჟურნალ-გაზეთების ჯიხური დაინახა – ძველი, მონუმენტური გალერეის გვერდით. იფიქრა, რამდენიმე ჟურნალს ვიყიდი და შინისკენ გავუყვებიო.
ქუჩას ჭრიდა, მანქანამ რომ დაარტყა.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა. სამი უგრძესი წელიწადი. ჯერ საავადმყოფოში იწვა, მერე სახლში, საკუთარ ოთახში. ფარდები დაშვებული იყო. ოთახებში ქარი დაქროდა. ჩამოქნილი ფეხები საწოლის კიდეზე უძრავად ეწყო. აღარც ცხელ შოკოლადს ადუღებდა. სარკეშიც აღარ იცქირებოდა. იწვა და საკუთარ ფიქრებს უსმენდა.
ბოლოს ძალიან დაიღალა. ფიქრებიც შემოელია. ფურცელი და ფანქარი მოითხოვა და ის დახატა, რასაც ვერ ხედავდა: გაზაფხული, ხეები, ქუჩა... თუმცა ცოტა სხვაგვარად. აქ წვიმა ზოგჯერ ყვითელი იყო, ყვითელი გუბეებით, სახლებსაც ყვითლად ღებავდა. ჰაერში ქაღალდის წერილები დაფრინავდნენ. ამ წერილებს ერთმანეთს ხეები სწერდნენ. ფოთლები ცრემლებივით სდიოდათ. აქ ზღვა ძალიან ჩუმი იყო, მზითა და შიშველი სხეულებით დაშრეტილი. ქალები სევდიანობდნენ, ფერად მძივებს ისხამდნენ, უფრო ხშირად კი ცეკვავდნენ, ველური ტამტამებით აღგზნებულნი და უდაბნოს ქვიშით დამტვერილნი.
შეუსვენებლივ ხატავდა. ეს სამყარო ისეთი იყო, როგორიც უნდოდა. რაც მთავარია, ყველა ნახატში მონაწილეობდა, ყველგან თვითონ იყო. მისი დღეები ახლა ფერებსა და ხაზებში გრძელდებოდა.
ერთხელ, უცნობ ქუჩებში ხეტიალით რომ დაიღალა, შებინდებული ქალაქის ძველ კოშკურაზე – აცოცდა და ბეღურებს საკენკი დაუყარა. იქიდან უცქერდა, როგორ ჩადიოდა მზე. ამ ნახატში მზე უჩვეულოდ ლურჯი იყო. თითქმის ისეთივე ლურჯი, როგორიც ასფალტზე დაყრილი აბსენტის ბოთლები, სარეკლამო ბილბორდი და გაქუცული კატა. ალბათ, გარეთ ნამდვილი მზეც ასე ჩადისო, – გაიფიქრა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მისი სარკმლიდან დანახული მზე ყვითელი იყო და უკვე ეფარებოდა აწოწილი სახლების სახურავებს. მხოლოდ მერე შეამჩნია, რომ გაიარა, თითქმის ისევე, როგორც გაზაფხულის იმ ღრუბლიან დღემდე დადიოდა...
ლოლას პირველი გამოფენა სწორედ იმ ძველი დიდებული გალერეის საგამოფენო დარბაზში მოეწყო. დამთვარიელებელი ბევრი იყო. დარბაზში სუნთქვა ჭირდა. ზოგი ამბობდა, ნახატები დეპრესიულიაო, ზოგიცე ამ ნახატებში სიცოცხლე უყვართო. კრიტიკოსები ირწმუნებოდნენ, ლოლა დიდი და თვითმყოფადი მხატვარიაო. „აღმოჩენაა!“ – იმეორებდნენ გაუთავებლად.
კოლექციონერებმა მისი ტილოების ყიდვა მოინდომეს, მაგრამ ლოლამ იუარა – წარსული დღეები არ იყიდებაო.
ლოლა იღიმებოდა. ფერმკრთალი იყო, ბედნიერი და თან შეუცნობელი. მას მხოლოდ ის ესმოდა, რომ ნახატ სამყაროში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.



მოგონებებისგან გამოცხობილი ფუნთუშები

ერთმანეთს დაღუპული გემების ნავსადგურში შევხვდით. ზღვა მშვიდი იყო და სავსე. კენჭები – გლუვი. სხეულები – პრიალა. ელენს თეთრი კაბა ეცვა. ეცვა და თითქოს არც ეცვა. თვალს ვარიდებდი. მაშინ, როდესაც ძალიან მინდოდა მეცქირა. ძალიან მინდოდა, ასეთებივე დავრჩენილიყავით. არავის და არაფერს შეეცვალა ჩვენი უსიტყვო თანხმობა, ჩვენი ერთადერთი და დაუწერელი ბედნიერება.
– კი უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. იმ დილით, როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე ვიგრძენი... ვუთხარი კიდეცე მოვკვდები-მეთქი. მან გაიცინა. არადა, მართლაც ასე მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მისთვის.
მეორე დღეს თქვეს, მივდივართო.
ისე ნათლად მახსოვს შეკრული ბარგი, ერთმანეთზე აკოლიკებული ჩემოდნები, ჭილის ყუთები, შალითაგადაფარებული ავეჯი. გარეთ რომ ქარი ქროდა, ისიც მახსოვს. ბებიაჩემი სანთლებს ანთებდა და ქარი კიდევ უქრობდა. ყვავილების მტვერი ეფინებოდა მისავიწყებლად განწირულ ხატებს. დედა დარაბებს ხურავდა – ქარი სანთლებს აქრობსო. ქარი არაფერ შუაში იყო – სამუდამოდ მივდიოდით.
გემი შუადღის ორ საათზე გავიდა. დაკარგულმა ზღვამ ჩვენი ბოლო შეხვედრა გამახსენა: მიტოვებული ნავსადგურის ყურისწამღები სიჩუმე, მისი მკლავები და მლაშე კოცნა.


ნიუ-იორკი

მეთერთმეტე დღეა, არაფერი მიჭამია. ძლივს დავლასლასებ და მიტოვებული სახლის კიბის უჯრედში მაწანწალა ძაღლებთან ერთად ვცხოვრობ.
„ხომ არ გინახავთ ასეთი ქალიშვილი, სახელად ელენ ნ.?“ – შეშლილივით დავეძებ უზარმაზარ ქუჩებსა და მოედნებზე, ვეკითხები სწრაფი ნაბიჯით გვერდავლილ ხალხის ნაკადს.
ხმაურია. ურბანიზმია. შემოდგომის ბოლოა. ცივილიზაცია და კრიზისი.
სამსახური ვიშოვე, მაგრამ ალბათ დროებით.
ეგზოტიკური რესტორნის სამზარეულო ოთახში ვზივარ და ხოჭოებს ვახარისხებ: დიდი, საშუალო, პატარა. მერე ამ ხოჭოებს ჭრიან, ადუღებულ წყალში ყრიან და დარიჩინით აზავებენ. ამ კერძზე დიდი მოთხოვნილებაა და საკმაოდ ძვირი ღირს. მე ცოტას მიხდიან. ერთ ქვაბ ხოჭოში – ორმოცდაათ ცენტს.
დღის ბოლოს სენდვიჩებს ვყიდულობ და საეჭვო რეპუტაციის იაფფასიანი სასტუმროს ნომერში შევიყუჟები. ტელევიზორში გამუდმებით გლობალური ომის საფრთხეზე, არმაგედონსა და ტექნიკის უახლეს მიღწევებზე ლაპარაკობენ. მე არ მეშინია. ელენს ამქვეყნად თუ ვერ ვნახავ, იმ ქვეყნად ხომ მაინც შევხვდები.
ცივი საღამოა. ხოჭოების ბოლო ქვაბს ვახარისხებ.
რესტორნის სამზარეულოს სარკმლიდან კარგად ჩანს, როგორ ინთება დიდი ქალაქის ჩირაღდნები. შუქდება უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები. ქუჩას ჭრის ათიათასობით წყვილი ფეხი. და... ელი! ეს ელენია... ის არის! შლეგიანივით წამოვვარდი და ქუჩაში გავიჭერი.
სად იყო? აი, იქით, მოპირდაპირე ქუჩის კუთხეში, რომელიღაც ლაბადიან ტიპს ამოეფარა. ვცდილობ, ხალხის ტალღა გავარღვიო. მხედველობის არედან არ დავკარგო... ისევ დავლანდე. ულტრამოდური ბუტიკისკენ მიაბიჯებს.
ბუტიკში შევრბივარ. აქ არ არის. ძვირფას ქსოვილებში ვიხლართები. კარს ვენარცხები.
ისევ ქუჩა... ხეები... შუქნიშნები... სირენების გაბმული კივილი... უცნობი სახეები... ცათამბჯენები... მომავლის ქალაქის ხმაური და მძვინვარება. ყველაფერია! ირგვლივ ყველაფერია... ელენის გარდა.
სამსახურიდან გამომაგდეს. ხოჭოები ქვაბიდან ამობობღებულიყვნენ და მთელ რესტორანს მოსდებოდნენ. ელიტარ სტუმრებს ძალიან შეშინებოდათ.
ისევ დავწანწალებ.
მეზობლად შავკანიანი ბომჟი შემომისახლდა. უღმერთოდ უკრავს ფლეიტაზე. მე „ასისტენტად“ მამუშავებს. ქუდი მიჭირავს და მიწაზე დაცვენილ ცენტებს ვკრეფ.
საღამოობით რამე იაფფასიან სასმელსაც გადავკრავთ ხოლმე. შემოდგომამ ძალა უკვე დაკარგა. ზამთრის პირია. ჰაერში სუსხია და საშობაო სამზადისი.
კიბის უჯრედში უკვე ძალიან ცივა. ძველ პლედში გახვეული ვითოშები და სული კბილით მიჭირავს.
ჩემი ახალი შეფი ყოველ დილით დამცინის: „მთელი ცხოვრება ერთ ქალს სდიო? წარმოუდგენელია. დიიდი სისულელე. აი, მუსიკა. მუსიკა... მთელი ცხოვრება მუსიკას შესწირო, მესმის“, – თავისთვის აგრძელებს, ამღვრეულ თვალებს ლულავს და ბებერი, დახეთქილი თითებით ფლეიტას ეფერება.
საოცარი მუსიკაა... არაამქვეყნიური... სიყვარუ¬ლი¬სთვის დაწერილი. ელენიც აქ არის. მიტოვებული სახლის ნანგრევებში, მხოლოდ მისთვის გამართულ კონცერტზე...



სიდნეი

ცა და მიწა ერთმანეთს სწორედ აქ უერთდება. მზე პირდაპირ თვალებში გიყურებს და მისი კაშკაშა სხივიც მუდმივად სნაიპერის ლულასავით გაქვს დამიზნებული.
საღამოობით, მზის ჩასვლის შემდეგ, თვალებში გამოხედვას ვახერხებ და მორიალე ლანდებში ელენის სილუეტს დავეძებ. ბედნიერი ვარ, რომ ელენს მათ შორის, ადამიანთა კასტის უბადრუკ ნაკუწთა შორის, ვერ ვხედავ.
თითოეულ მათგანს სხეული შავი ლაქებით აქვს დაფარული, ხორცი – დაგლეჯილი, კიდურები – მოცლილი. ოზონის შრემ შეისრუტა მათი სულები და შეჭამა სხეულები. ისინი მაინც არსებობენ, განაგრძობენ აგრესიული მზის ლაბირინთში ჩაკარგულ ცხოვრებას. დაგმანულ შენობებში ვიწრო საჰაეროები დაუტანებიათ. უმეტესობა მიწისქვეშა ბუნკერებში ჩასახლებულა. კვირაში ორჯერ ჰუმანიტარული დახმარება ჩამოდის. ვერტმფრენებიდან საკვებსა და ქოლგების ახალ პარტიას ყრიან.
მზის კეთროვანთა კონტინენტის გამოკვებასა და იზოლაციაზე საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ.
ახალჩამოსულთა ბუნკერში ჩამიყვანეს. აქ მყოფთ ჯერ კიდევ ვერ მორევიათ ოზონის სენი. მოპირდაპირე ოთახში გაკოტრებული მულტიმილიონერი შესახლებულა. როგორც ჩანს, უფულოდ ცხოვრებას მზის ჭრილქვეშ სიკვდილი ამჯობინა.
აქვეა ორი შეშლილი მეცნიერი და ადამიანთა დაღუპულ სულებზე გამუდმებით მლოცველი მოძღვარი. მეცნიერები მთელი დღეები მზის გულზე სხედან, გაუგებარი ლათინურით ბჭობენ და გამურული შუშებით ჩრდილოეთით იცქირებიან.
მოძღვარი სახლიდან სახლში, ბუნკერიდან ბუნკერში გადადის – გარდაცვლილთა სულებს უფალთან აგზავნის. როდესაც თავისუფალია, ასეთი რამ კი იშვიათად ხდება, მღელვარედ ქადაგებს. გადარჩება ის, ვინც სულს არ დათმობსო, – იმეორებს.
გაკოტრებულ მილიონერს მის სიტყვებზე ცინიკურად ეღიმება. მას კანზე უკვე დაეტყო ოზონის „კოცნა“ – მსხვილი, ყავისფერი ლაქები.
სამაგიეროდ, მეცნიერებს ვერას აკლებს ოზონის შავი სხივი. საღამოობით ყინულიანი წყლით მიმასპინძლდებიან და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის თეორიას მიმტკიცებენ.
– რამდენიმე წელიწადში დედამიწა დიდი ჩრდილის წრეში მოექცევა და ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდება, – მარწმუნებს ერთი.
– რადგანაც, რაც უფრო მკვეთრია შუქი, მით უფრო ბნელია ჩრდილის წრე, – ფილოსოფიას იშველიებს მეორე.
– ჩრდილის წრეში მოქცევას აღარ ველოდები. სამედიცინო შემოწმებას გავდივარ და კონტინენტიდან წასვლის უფლებას ვიღებ. ერთ-ერთი იმათგანი აღმოვჩნდი, დაავადების საწყისი ნიშნები რომ ვერ უპოვეს.


სოდომი

კოშკოვანებთან ძალიან ცხელოდა. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო რეზიდენციის თორმეტივე კონდიციონერი აგრილებდა ჰაერს, სუნთქვა მაინც ჭირდა. არადა, ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა, ელავდა და ათას სხივად ტყდებოდა. უფროსი კოშკოვანი, ძვირფასი სამკაულებითა და გაუგებარი ვალდებულებებით დატვირთული, ბრძანებებს იძლეოდა – ოფიციანტები თითის წვერებზე ტრიალებდნენ. უმცროსი კოშკოვანი, უმიზნო და უინტერესო, საუკეთესო მოსავლის საგვარეულო ღვინოს წრუპავდა. ვრცელ, ჯერ კიდევ კანდინსკის მიერ მოხატულ გალერეაში საკლუბო მუსიკა უკრავდა. სტუმრები წამოშლილიყვნენ – ახალ სიამეებს დაეძებდნენ. აქ დიდი ხანია, აღარაფერი ადარდებდათ. თითქმის ყველა ლამაზი იყო, ახალგაზრდა და ხელიდან წასული...
ათასჯერ ნანახი და განცდილი ათას მეერთედ მეორდებოდა. გამონაკლისი გასული თვის წვეულება იყო, როდესაც სადაფოვანთა ნებიერა ქალიშვილი აბაზანაში იპოვეს ნარკოტიკებით გაჭყეპილი და სისხლში მცურავი. ვეღარაფერი გაერკვია და ვენები გადაეჭრა. ეს ჩვენს ქალაქში ჩვეულებრივი ამბავი იყო. მხოლოდ ერთხელ, თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე, თქვეს – ხელოვნებას კიტჩი შეიწირავს, ახალგაზრდობას კი ნარკოტიკებიო. არადა, სადაფოვნები დიდგვაროვანები არიან. მათი შვილები სამეფო აკადემიაში სწავლობენ. მათ ვან გოგის მოჭრილი ყურიც კი უნახავთ – ჩემგან განსხვავებით, რომელიც მანსარდაში ქირით ვცხოვრობ და დილაობით „მარსელიოზას“ გავმღერი.
აივანზე მარა იდგა. ერთადერთი ცოცხალი არსება. მარას უყვარდა. აივანზე იდგა და ელოდა. სასტიკი რომანისა და უსასრულო განშორების შემდეგ შეხვედრა კოშკოვანთა ცხელ წვეულებაზე დათქვეს. წერილი საფოსტო მტრედით მოვიდა. მარას ეშინოდა. წერილში ეწერა, მოვალო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, არ მოსულიყო და ტულუზ-ლოტრეკის რომელიმე ქალში გაეცვალა. მარტო არ ხარ-მეთქი, – მინდოდა მეთქვა, მაგრამ იქნებ იყო...
ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ნეონის შუქით გაჩირაღდნებული უძველესი, მილიონიანი ქალაქი, ვარსკვლავიანი ღამე, სიცხე, მოცეკვავე წყვილები, ხმები და ფერები, აივანზე გარინდებული მარა... სწორედ მაშინ შუაღამის ყავა ჩამოასხეს, ვიღაცამ ყინული მოითხოვა, ვიღაც იისფრად შეღებილს ჩემთან ცეკვა სურდა, მე ეს ქალები კარგა ხანია, აღარ მაღელვებდნენ, ამიტომ უზადოდ თეთრი, ჰაეროვანი ტორტის ნაჭერი გადმოვიღე ლაჟვარდისფერ ლამბაქზე...
და ყველაფერი დატრიალდა.
დაბზრიალდა და დაგრგვინა! ოთახის კედლები მოგვიახლოვდნენ და ისევ დაგვშორდნენ. ცხელმა ყავამ იატაკი მოატალახა. ათი ათას ციმციმა ნაწილად დაიმსხვრა სვაროვსკის უზარმაზარი ჭაღი. სტუმრები გაჰკიოდნენ, ხელებით არარსებულ საყრდენს ეძებდნენ, კედლებს ენარცხებოდნენ და კარისკენ მიფორთხავდნენ. პირველ ბიძგს მეორე მოჰყვა. ასე შემზარავად ლამაზი არაფერი მინახავს. მიწის უცნაურ ტალღებს ნაწილ-ნაწილ მიჰქონდა კოშკოვანთა დიდებული ბინა და ქონება.
ყველაფერი ისევ – უცებ ჩაწყნარდა, როგორც დაიწყო. მერეღა შევამჩნიეთ, რომ სახლის მეორე ნახევარი მთლიანად დანგრეულიყო. არადა, თითქოსდა ყველანი გადავრჩით. თუ არ ჩავთვლით იატაკზე გაშოტილ დედა კოშკოვანს, ფაშფაშა ქალბატონ კორას. ისიც მალე მოსულიერდა და თვალი რომ გაახილა, აკივლდა – აღარაფერი აღარ იყო!
ოდნავ გონსმოსულ სტუმრებს თავიანთი ახლობლები და სახლები გაახსენდათ. ტელეფონებს ეცნენ. ტელეფონები გათიშული იყო – კავშირი კოშკოვანთა ძვირფასი მძივივით გაწყვეტილიყო.
მე არავინ და არაფერი მენაღვლებოდა. ქალაქის მეორე, შორეულ კუთხეში უცნობი მამა მყავდა მხოლოდ. მანაც ჯერ კიდევ მაშინ მიმატოვა, როცა სულ თოთო ვიყავი და რძის სუნი ამდიოდა. მუდმივი თავშესაფარი კი არასოდეს მქონია. სხვადასხვა ფერად-ფერად ბინაში დროებით, ქირით ვცხოვრობდი. მომწყინდებოდა და სხვაგან გადავდიოდი. მეშინოდა... შეჩვეულის მეშინოდა...
ეგ კი არა, ამ მიწისძვრამ რაღაცნაირად გამართო კიდეც. კოშკოვანთა წვეულება ჩაიშალა. ჩვენი ძველი უკიდეგანო ქალაქისგან კი ლამაზი, უსწორმასწორო ნანგრევებიღა დარჩენილიყო.
ჩემი სხვისი ფერადი ბინა ადგილზე დამხვდა. „მხოლოდ დროებითია მარადიული“, – ვთქვი და ტელევიზორი ჩავრთე. მერე მეზობელმა ახალგამომცხვარი კრუასანები ჩამომიტანა, მე კი მუსკატის სურნელოვანი ჩაი ავადუღე. ახალ ამბებში აცხადებდნენ, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, მიწისძვრამ ყველაზე მდიდარი უბნები შეიწირა, ყველაზე მშვენიერი სახლები და ნივთები მიითვისა და წარიტაცა.
მეორე დღეც მზიანი იყო. ისეთივე ცხელი და მწველი. სიცხეს საიდანღაც მოსული ქარიც დაერთო. ქუჩები მტვრიანი იყო. ხეები დაენომრათ. მოდრიანის ქუჩის 24-ე ხის ქვეშ კოშკოვანები დაბინავებულიყვნენ. ძალიან ცხელოდა და ხის ჩრდილს დაჰყვებოდნენ. ქალბატონი კორა სახლის ნანგრევებში იჯდა და მოთქვამდა. უმცროსმა კოშკოვანმა კი მიჩურჩულა, რომ „ბედნიერია, თავისუფალი და ბედნიერი“.
მიწისძვრისგან შოუს მოწყობა დაიწყეს. ნანგრევებს ერთმანეთზე აწყობდნენ, სხვადასხვა ფერად ღებავდნენ და ინსტალაციებს აკეთებდნენ. კაფკას კუთხეში მარა შემხვდა, შეშლილი სახით, მტვრიანი თითებითა და ტილოს ჩანთით. ნანგრევებში რაღაცას დაეძებდა – რომელიღაც ძვირფას სახსოვარს, ალბათ მისგან დანატოვარს. „დაიკიდე“, – მინდოდა მეთქვა, მაგრამ ძნელი იყო.
საღამოობით უცნაური რამ ხდებოდა. საიდანღაც მოსული ქარი ძლიერდებოდა და ადამიანები იკარგებოდნენ, უკვალოდ უჩინარდებოდნენ. უფრო მეტად ისინი, ვინც წარსული დიდებისა და ქონების დაკარგვას ვერ შეეგუა. ოთხი დღის შემდეგ რომ გავიარე, მოდრიანის 24-ში მხოლოდ უმცროსი კოშკოვანიღა დარჩენილიყო.
მათთან არაფერი მაკავშირებდა. ეს ქალაქიც აღარ მინდოდა. ჩემი სხვისი ბინაც კარგა ხანია მომბეზრდა. თვითმფრინავის ბილეთი ავიღე. მარშრუტი საჰარის ყვითელი ხაზით იწყებოდა...
ქალაქი სისხამ დილით დავტოვე. აეროპორტის მოსაცდელში დილის ყავა და თხლად დაჭრილი ლიმონი მომიტანეს. თვითმფრინავის რადიოში კი გამოაცხადეს, რომ ქალაქში მოსახლეობის რიცხვი ელვის სისწრაფით შემცირდა.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ყველამ ყველაფერი დაივიწყა. მხოლოდ ერთხელ, ლისაბონში, აუქციონზე, სადაც ყველაფერი იყიდებოდა, ჩემი ქალაქი ვახსენე. „ეს ხომ ლეგენდაა, ფუტურისტთა მონაჩმახი. ასეთი ქალაქი არასოდეს ყოფილა,“ – მითხრა დროებითმა ნაცნობმა. ვისაც ვკითხე, ყველასგან იგივე პასუხი მივიღე. ყველა რუკიდან, ყველა ცნობარიდან და გამოცემიდან ქალაქი უკვალოდ გამქრალიყო...
ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო. ერთადერთი საყრდენიც დაიკარგა. ჩემი უძველესი პრეისტორიული ქალაქი, სადაც დავიბადე და ამდენი წელი ვიცხოვრე, თურმე არასოდეს არსებულა.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyWed Mar 06, 2019 12:16 pm

თეონა დოლენჯაშვილი

ვენეტა

ხუთი საათი მოვფრინავდი. ცა ღრუბლებით იყო სავსე. რბილი და დაღლილი ღრუბლებით. დაფრენისას თვითმფრინავს ძრავა გამოერთო და მიწაზე ტყვიასავით დაეშვა. მგზავრები ერთმანეთს გადავაწყდით და იმ არეულობაში ჩანთა, რომელშიც წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი ჩავჩურთე, სადღაც გამებნა. აეროპორტის მოსაცდელი დარბაზების იქით ისეთი ქალაქი იწყებოდა, როგორიც წარმომედგინა.
სახლის ინტერიერიც, რომელიც სან-მარკოს მოედანზე ვიქირავე, ზუსტად იმ ესკიზის მიხედვით მოეწყოთ, საგამოცდო ფურცელში რომ ჩავხატე. დიასახლისმა ერთხანს ეჭვით ათვალიერა ჩემი შიშველი ფეხები (ხომ არ ვეტყოდი, რომ ერთადერთი ფეხსაცმელი თვითმფრინავში დავკარგე), გასა¬ღებების აცმულა მომაწოდა და ბინაში შემიძღვა. მისაღებ ოთახში ორი გაქუცული ავაზა და ერთიც ბებერი ლაბრადორი იჯდა. გაზქურაზე ჩაიდანი თუხთუხებდა და ორთქლის ბოლქვებით ავსებდა კოჭა-ჯანჯაფილითა და სიჩუმით გაზავებულ სამზარეულოს. გარეთ ხშირი, არარეალურად მღვრიე წვიმა მოდიოდა. წყლით დატბორილ ქუჩებში ყვითელი გონდოლები და ტალახისფერი ვირთხები მოცურავდნენ. «სამყარო ჩემს თავშია», – გავიფიქრე პლატონისებურად და წარღვნამდელი ვენეციის ჩამუქებულ ცას ავხედე.
ცა წეროების გუნდმა გადაკვეთა...


* * *
საძინებელში წყალი შემოდის. სასთუმალქვეშ აბუსალათინის ყვავილები იზრდებიან და ხელისგულისოდენა ფოთლებით თვალებს მიჩრდილავენ. დილის შუქი რომ შუადღის სიცხედ დაიგორგლება, მაშინღა ვიღვიძებ, შიშველ ტერფებს პირდაპირ მარილიან ტალღებში ჩავკიდებ და ამგვარად ვფხიზლდები.
შუა ოთახში დიდი, დაბურული სარკე დგას. ერთ დროს განჯინის მოვალეობასაც თუ ასრულებდა, რადგან ყველა ის სახე შემოუნახავს, რომლებიც ოდესმე მის ზედაპირზე არეკლილან. საკუთარ გამოსახულებას სარკის მეათე თუ მეთერთმეტე შრეში ისე ვპოულობ, როგორც ფოტოს ძველ, კიდეებშემოცრეცილ ალბომში: თმის ბოლოებზე პატარა ფურცლებს ვიხვევ, რომლებზეც ახლადნასწავლ იტალიურ სიტყვებს ვინიშნავ.
ტერფები, უკვე ვთქვი, შიშველი მაქვს. მხარზე ტატუ ცხოვრობს – ორი უწყ(ა)ლოდ მოწყენილი თევზი – დროდადრო ერთმანეთის გადაყლაპვით ერთობიან. ზედა ტუჩზე საყურე მკიდია. ძალიან მოსახერხებელია. როდესაც ვეწევი, სიგარეტს საყურის რგოლში ვამაგრებ და თითები თავისუფალია. თითების თავისუფლება კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ან ვხატავ, ან ვშიშობ. ხატვის დროს ხელები საღებავში მაქვს მოსვრილი, შიშის დროს – კანკალში.
სახლში არასოდეს ვსაუზმობ. წინა დღის პოლენტას1 ავაზები მიირთმევენ. მე ერთხელ ვჭამე და მერე ორი დღე მაზიდებდა. ცხელ შოკოლადს აკადემიისკენ მიმავალ გზაზე ვყიდულობ, მაგრამ მაინც ვაგვიანებ. მაესტრო კარავაჯო უკვე სტუდენტებს შორის დააბიჯებს და გრძელი ლაბადის ბოლოებით იატაკს მიხვეტავს. კარავაჯო უკანასკნელია იმათთაგან, ვინც ფერების ერთმანეთზე დადების ის საიდუმლო იცის, რომლის შედეგადაც ტილოზე უზადო, ხელუხლებელი სიცარიელე იქმნება. «ამისათვის ჯერ ფერის უმაღლესი წერტილი უნდა იპოვოთ, – გვიხსნის კარავაჯო, – ფერის კულმინაცია მის სიღრმეშია.
იქ ისე უნდა ჩაეშვათ, როგორც ჭაში. სრული სიბნელე სრულ სინათლეს ნიშნავს, სრული სისავსე – სრულ უსაგნობას».
აუდიტორიის ყველაზე განათებულ კუთხეში ვჯდები. აქ შუქი ისე ეცემა, რომ კედლის ნესტიან ბზარებში შემალული მორიელები ვეღარ მრავლდებიან. ოთახის ცენტრში, ატლასის ქსოვილგადაფარებულ მაგიდაზე ორსქესიანი მენატურე მიმი წევს და რევმატიული კიდურები უთრთის. ვენეციის ტენიანი ჰავის მსხვერპლსა და პანტომიმის თეატრის მოცეკვავეს წარსულიდან სახელიღა მოჰყვება. მიმი მხატვრისათვის ნამდვილი აღმოჩენაა. ხან ქალის სხეული და კაცის თავი აქვს, ხანაც მამაკაცის ათლეტური აღნაგობა და ქალის სევდიანი, თბილნაკვთებიანი სახე.
ამჯერად ქალია კაცის თავით... სუსტი მხრები, მკვრივი მკერდი, გლუვი მუცელი... ნეკნები... არაფერი გამომდის. რასაც ვხედავ, იმას ვხატავ. მიმი კი ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რეა¬ლურობის მერეც გრძელდება. ისევ წვიმს.
აკადემიის ბაღში სველი ქანდაკებები ტრიალებენ და შეყვარებული ხეების გულისცემა ისმის. შემცივნული მიმი ყავას ითხოვს. სტუდენტები საღებავების ჩრდილში ისვენებენ. მაესტრო დაწუნებულ ნამუშევრებს ფანჯრიდან ყრის და ამბობს, რომ ნახატი სიჩუმეს უნდა ჰგავდეს. სიჩუმეს, სანამ მის წიაღში ხმები დაიბადება. კარავაჯო ძველია. მას მტკიცედ სწამს, რომ ბუნებაში მხოლოდ სამი ფერი – თეთრი, ფერადი და შავი არსებობს და მხოლოდ სამი ფორმა – კვადრატი, ჯვარი და წრე მოძრაობს... მიმიც მოძრაობს.
შიშველ სხეულს მეწამული ატლასით იფარავს და მაგიდაზე უცნაურად იგრიხება. მერე ერთიანად ფითრდება, მუცელზე ხელს იჭერს და განწირული ხმით ღმუის. Gგაკვირვებულები ვუცქერით. დავიწყებული მსახიობია და აუდიტორიაში პატარა სცენას თუ ათამაშებს... მაგიდიდან იატაკზე ეცემა. ქაღალდის გველივით იკლაკნება, თითებით იატაკს ფხოჭნის და პირიდან დუჟი გადმოსდის. ახლაღა ვხვდებით, რომ ნამდვილად კვდება.
ვიღაც ექიმის დასაძახებლად გარბის, მაგრამ უკვე გვიანია. ნატურში ვხედავთ, როგორ იშლება, მოძრაობაშივე ქვავდება, თვალები ეყინება. მასში ჯერ ქალი კვდება, მიუღწეველ სილამაზეზე სინანულით, მერე – კაცი, გაკვირვებითა და გამოუცნობისადმი შიშით, ბოლოს კი მისი თვალით უხილავი გაგრძელება იფერფლება და სიგარეტის უწონადო კვამლივით იფანტება აუდიტორიის თეთრ, მაღალ კოლონებად აზიდულ ჭერში.
მაგიდაზე თაგვის საწამლავით შეზავებული ყავის ბოლომდე დაცლილი ფინჯანი რჩება.


* * *
ასე შეიქმნა ნახატი, «მიმი და ყავის ფინჯანი» რომ დავარქვი. კარავაჯომ თქვა, რომ ეს ტილო სიცოცხლეს ჰგავს. სიცოცხლეს, სანამ მის ბურთივით მრგვალ, რბილსარჩულგამოკრულ საშვილოსნოში სიკვდილი დაიბადება.
მე კიდევ მრავალი დღე და ღამე მაწვალებდა კითხვა, თუ ვინ მოწამლა საბრალო მიმი. ჩემდაუნებურად, ამ კითხვამ ერთ შედარებით მშრალ კვირადღეს სუნთქვის ხიდთან მიმიყვანა. ხიდთან თეთრი ბაზილიკა იდგა, სადაც მიმის სულისმოსახსენებელ პანაშვიდს უხდიდნენ. ეს ერთადერთი გონდოლზე მცურავი ბაზილიკა იყო და ლოცვისას გეუფლებოდა შეგრძნება, რომ ქალაქში შემოჭრილ ზღვაზე კი არა, საკუთარ სულზე მიცურავდი.
მეგონდოლესთან ახალგაზრდა კაცი იჯდა. ლურჯი საწვიმრითა და სახეზე ჩამოშლილი რბილი თმით დაცემულ ანგელოზს წააგავდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ სანდრო ერქვა, მეამბოხე იყო და ადგილობრივ ღამის კლუბებში ექსტაზით ვაჭრობდა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც შემიყვარდებოდა. მე ხომ ყოველთვის არასწორად მიყვარდება.
ჩვენ ერთად გადავცურეთ ჩაძირული ქუჩების ორი ბნელი და ვიწრო კვარტალი. იმდენად ვიწრო, რომ ნაპირებს შორის დარჩენილ სივრცეში ძლივს ვეტეოდით და ამის გამო ერთმანეთს მხრებითა და საფეთქლებით ვეხებოდით. მე გამიჩნდა კოცნის დაუძლეველი სურვილი და ეს სურვილი რომ შემეჩერებინა, საყურის რგოლით ტუჩები ერთმანეთზე გადავიკვანძე. ბედად, მცურავი ბაზილიკაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე დაღუპული ვიყავი და იმდენად სულელი, რომ სანდროს მიერ გამოწვდილ ასანთის კოლოფზე თვალების ფანქრით საკუთარ მისამართს ვწერდი.
სანდრო სამი დღის შემდეგ გვიან საღამოს მესტუმრა. «მთელი დღეები მოვდიოდი, რადგან სიარულისას გზა მხოლოდ ასანთის ღერის სიგრძეზე მოკლდებოდა», – თქვა და მისაღები ოთახის პატარა მაგიდაზე ექსტაზის თეთრი ტაბლეტებით ისარგაყრილი გული დახატა...
მოედნის მთავარ კოშკზე მავრის საათმა თერთმეტჯერ დარეკა და ეს დრო თმაზე დახვეულ ფურცლის ნაგლეჯზე აღვნიშნე. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბუნდოვანი, მაცდური და შეშლილი პერიოდი, მეორე ფერი – ფერადი.


* * *
ყოველ სამშაბათს მოდიოდა. კაქტუსის ყვავილების ჩაითა და აივნიდან გადაკიდებულ კალათში ნაპოვნი ფუნთუშებით ვუმასპინძლდებოდი. ჟანგიან კოვზებს რიტმულად ვურევდით ჭიქებში, წარმოსახვით შაქარს ვალბობდით ჩაისფერ ორთქლში და ერთმანეთს ვკოცნიდით. ამ დროს მეჩვენებოდა, რომ ცაში დაკიდულ, სპირალივით მორკალულ ათასსაფეხურიან კიბეს მივუყვებოდი. ყოველ შემდეგ საფეხურზე უფრო და უფრო ვნეტარებდი. ხოლო სადღაც კენწეროში კიბის ხაზი იშლებოდა, ფერების წონასწორობა ირღვეოდა და თვალუწვდენელი სიმაღლიდან დაღლილი წეროსავით ფრთადაკეცილი ვეშვებოდი...
სანდროს ოჯახი ვენეციურ მინას აწარმოებდა და გრძნობების საოცარი გამჭვირვალება მას შთამომავლობით გადმოეცემოდა. ერთ სამშაბათს მან დოჟეს სასახლის ბროლის მაკეტი მომიტანა და ფუნჯებითა და საღებავებით სავსე თაროზე ისე დადო, რომ ქუჩიდან შემოსული წყალი არ მიწვდენოდა. სასახლის ელვარედ მოვარაყებულ დარბაზებში სიფრიფანა სეფექალები ისხდნენ და მინის მინიატურულ მარაოებს არხევდნენ. მათგან მობერილი ნიავი ოთახში ნივთებს ამსუბუქებდა. ის სამშაბათი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. აივანზე ვისხედით. ჩვენს ირგვლივ მუნიციპალური მტრედები ფრთხიალებდნენ.
სპეციალიზირებული საკვების წყალობით არცერთი მათგანი შთამომავლობას აღარ იძლეოდა. «ვენეციელებიც ამ მტრედებივით გადაშენების გზაზე ვდგავართ», – თქვა სანდრომ, როდესაც ცაზე ყვითელმა მზემ გაიმარჯვა და სხეულები გაგვითბო – «მაგრამ აი, ნახავ, ჩვენ გამოვალთ ჩექმიდან და საკუთარ ქალაქ-სახელმწიფოს დავიბრუნებთ».
იმ დროისთვის სანდრო ვენეციის განმათავისუფლებელ მოძრაობაში სასიკვდილოდ განწირულ პაიკად ჩაწერილიყო და შუბლზე უკვე დაესვათ მკრთალი სისხლისფერი ანაბეჭდი, ღამეში რომ ძვირფასი ძოწივით ანათებდა. მოგვიანებით გავიგე, რომ პრესტიჟულ კლუბებში ანტიგლობალისტებს ექსტაზის გარდა იარაღითაც ამარაგებდა. ჩემთანაც მხოლოდ ხელისუფლებასთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობდა. მე ნესტისგან დარბილებულ ტილოებს მზეზე ვფენდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ დაახლოებით იგივე შინაარსის სიტყვებს დაახლოებით ასეთივე აივანზე რომელიმე სანდრო ჩემს სამშობლოშიც ამბობდა.
ტილოებს შორის მომაკვდავი მიმის პორტრეტიც იყო. ნახატი ისე დავკიდე, რომ ყავის ფინჯანი არ გატეხილიყო და სანდროს გაფითრებული სახე დავინახე. სანდროს თვალებში ჩემთვის უცნობი სპექტაკლის ერთ-ერთი აქტი გათამაშდა, სადაც მთავარ როლს ყოფილი მსახიობი მიმი ასრულებდა.
აშკარა იყო, სანდროსა და მენატურეს შორის რაღაც კავშირი არსებობდა, მაგრამ ავი წინათგრძნობის გამო დაჩრჩილული წარსული ნახატებივით აღარ გავამზეურე, სამზარეულოში გავედი და ჩაი ავადუღე...


* * *
ყვითელი დღეები ლურჯით შეიცვალა, ლურჯი – ნაცრისფრით. იშვიათი მზე მიიმალა და გაზაფხულის ჭიქები წვიმამ აავსო. ფუნჯს ენის წვერით ვასველებ და საკარნავალო ნიღბებს ვხატავ. ვერ გავიგე რატომ არის, რომ ჩემს ნიღბებს თვალები არ უცოცხლდებათ. ეს ალბათ მაშინ მოხდება, როდესაც მყიდველი მასში საკუთარ სახეს ამოიცნობს. როგორც იმ მუსიკას არ მოუსმენ, სადაც შენი ხმა არ არის გარეული, ისე იმ ნახატში ვერ შეხვალ, სადაც შენთვის ადგილი არ გამოუყვიათ.
ამგვარად, შემოქმედება წინასწარმეტყველებას ემსგავსება. ვიღაცამ შეიძლება მასში მომავალი დაინახოს, ვიღაცამ – სიკვდილი ან უბრალოდ, საკუთარ თავში ახალი კარის შეღების შესაძლებლობა. მე კი მხოლოდ საკარნავალო ნიღაბს ვხატავ. ნიღაბს, რომლის მიღმაც კარნავალზე დაგეგმილ შეთქმულებაზე სანდრო და მისი იატაკქვეშა მეგობრები სახეებს დამალავენ.
შეთქმულება თავიდანვე განწირული საქმე იყო, მაგრამ სანდრომ თქვა, თავისუფლება ყველა შემთხვევაში სიკვდილის გავლით მოიპოვებაო და მზადებას შეუდგა. ამბოხი კარნავალის მეათე დღეს – ზამთრის დასაფლავების დროს უნდა დაწყებულიყო. ზამთარი კი ისე უნდილად კვდებოდა, მივხვდი, მის დაკრძალვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა. ის მაინც ჯიუტად ჩაიბუდებდა ვიღაცეების გამხმარ ფრჩხილებსა და გაყინულ-დანაოჭებულ თვალის გუგებში. ნაირფრად მოხატული ვენეცია თითქოს ჯიბრით დღესასწაულობდა.
წესებიც ხომ წელიწადის დროებივით ტრიალებენ აუცილებლობის ორბიტაზე. ყველგან მუსიკა უკრავდა. ალეგორიული მარიონეტები იგრიხებოდნენ და ოჩოფეხებზე შემდგარი ჯამბაზები ანთებული ჩირაღდნებით ჟონგლიორობდნენ. ჩემს გარშემო ათასგვარი ნიღაბი ირეოდა. პორტრეტის ხელოვნების შესწავლისას მოსმენილი ლექციები გამახსენდა და დავრწმუნდი, რომ «არსებობენ ადამიანი-მცენარეები, ადამიანი-მხეცები, ადამიანი-ღმერთები».
მეამბოხეებს მთავარანგელოზის თეთრფრთიანი ანაფორები ეცვათ. ზამთრის თივით გამოტენილი ფიტული მწვანე კატაფალკით შემოიტანეს. იარაღიც იქვე ჩაემალათ.
ზამთრის დაკრძალვის რიტუალი დაიწყო და სანტა კროჩეს 2 ტაძარში გუმბათის ჯვარი დატრიალდა. ამით შეთქმულებმა ერთმანეთს ნიშანი მისცეს. მთელს ქალაქში მიმოფანტულებს მთავრობის სასახლისკენ ერთობლივად უნდა შეეტიათ. იმედი ჰქონდათ, ხელისუფლებას მოულოდნელი იერიშით დააბნევდნენ და დღესასწაულით გადაღლილ ქალაქს მალე აიღებდნენ.
მაგრამ ჩვენი იმედები ჩვენს შიგნით ცხოვრობენ და ძილში ნანახი სიზმრებივით იშვიათად მართლდებიან. ზამთარს რომ წყლით გაჟღენთილი, მძიმე მიწა მიაყარეს, ვენეციის მფარველის – წმინდა თეოდორესსახიანმა სანდრომ ანაფორაში შემალული იარაღი გააშიშვლა და შეთქმულები ერთი შეხედვით ქაოტურად, მაგრამ ერთობლივად და სინქრონულად დაიძრნენ მთავრობის პალაცოსკენ – ერთადერთი ახლადაშენებული და ამის გამო ყველაზე მერყევი შენობისკენ მთელს ქალაქში. წინ იოლად მიიწევდნენ.
წინააღმდეგობას არავინ უწევდათ. შეიარაღებული ამბოხი საკარნავალო პროგრამის გაგრძელებას უფრო წააგავდა. ჰგავდა კი არა, ასეც იყო. ძალაუფლებისთვის ბრძოლაც ხომ ადამიანების გასართობად მოგონილი კოსტიუმირებული მასკარადია.
შიშმა დააგვიანა. თითების კანკალმა მიმახვედრა, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო. ისეთი სიმშვიდე იდგა, რომლის შუაგულშიც ყოველთვის ყრუდ ბუყბუყებს და შეუმჩნევლად იბადება საფრთხე... სასახლეს რომ მივუახლოვდით, გვარდიელთა შენაერთებიც მაშინ გამოჩნდნენ.
ალყაში მოგვაქციეს და მეამბოხეთა დაუნდობელ ჩეხვას შეუდგნენ. სასიკვდილო წრე სულისშემგუბველი სიჩქარით ვიწროვდებოდა. სანტა-კროჩეს ტაძრის ჯვარი საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავდა და გავიფიქრე, რომ ჯვარი ყოველი მხრიდან გახსნილი სიმბოლოა. თუ ჯვრის მიმართულებით ვიმოძრავებთ, გვარდიელთა ალყიდან თავის დაღწევა შესაძლებელი გახდება.
არ შევმცდარვარ...
დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს. ადამიანი-მხეცები ადამიან-ღმერთებს ხოცავდნენ, ჩვენ კი უმისამართოდ გავრბოდით ქალაქის დახვეულ ქუჩებში და კერამიკული ქოთნებივით დაბზარულ სახლებში ვიმალებოდით. მერე სანდრომ ის მწვანე კატაფალკა დაინახა, რომლითაც ზამთარი გაასვენეს.
კატაფალკის კარი გააღო და მის მწუხარე სიღრმეს მისცა თავი. «ვიღაცამ გაგვცა, – თქვა ჩურჩულით – მბზინვარე იტალიურ ლირებზე გაგვყიდა. შავი დღეები მოდის. გლობალური წვიმები გაგრძელდება და ვენეცია გაქრება».


* * *
აივანი დახოცილი მტრედებითაა სავსე. ვითვლი და ვხვდები, რომ ზუსტად ამდენივე მეამბოხე დღეს დილით დახვრიტეს. მტრედებს წყალსაცავში ვყრი და გახრწნილი ფრინველის სუნით აშმორებულ ჰაერს ოთახში ვემალები.
გაუთავებლად წვიმს. წვიმების მიუხედავად, ქალაქის დოჟი ზღვასთან ნიშნობის3 ცერემონიალის გადადებას არ აპირებს.
დიდი ხანია მივხვდი, რომ ქალაქში, რომელსაც ჩამოსვლის დღიდანვე ნესტის სოკოსავით მივეზარდე, აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ წყლის მავზოლეუმში ჩასვენებულ უსიცოცხლო გვამს თაყვანი სცენ, უსარგებლო რიტუალებით მორთონ-მოკაზმონ და შეალამაზონ.
ნიშნობაზე მაინც მივდივარ. თეთრი, მსუყე ნისლით გაპენტილი დილაა. ადრიატიკის სანაპიროც ნისლით შედედებულ სითეთრეში გათქვეფილა. არაფერი ჩანს. აბსოლუტურად არაფერი... ხმებიც კი ჩემამდე ნისლის რბილ ხალიჩაზე გავლით აღწევენ. ნაბიჯებს ალალბედზე ვდგამ, ბურუსისგან გაუჩინარებულ სხეულებს შორის გზას ხელისცეცებით მივიკვლევ და დაახლოებით იქ ვდგები, სადაც ვენეციასა და ზღვის ლაგუნას ტერრა ფერმა ჰყოფს.
«ღვთაებრივი ქალაქი ვენეტებისა, საყოველთაო ნებით წყალზე დაფუძნებული... წყლით გარშემორტყმული... წყლით, როგორც კედლით დაცული...» – მოისმის შორიდან. დოჟის სიტყვები მრუმე ჰაერში იქნებიან და გზააბნეული ბავშვებივით იკარგებიან...
– თეთრი ყოველთვის ნათელს არ ნიშნავს, – მეუბნება ვიღაც, გაუვალ ბურუსში ჩემსავით ალალბედზე შემოღწეული უცნობი, – ასეთი სითეთრეა და არაფერი ჩანს. მაგრამ როდესაც არ ჩანს, იქნებ სწორედ მაშინ ვხედავთ ყველაზე კარგად. შენ რომ ნისლი გგონია, დაღუპულ მეამბოხეთა სულების მიერ შეკრული წრეა.
არსად წასულან, და ისე ჩამომდგარან, როგორც მთის კენწეროებს შერჩენილი ჯიუტი ჯანღი. ასეა, არაფერი იკარგება და თუ გგონია, რომ აქ, უხილავში შემობიჯებით ტკივილიც გაქრება, ძალიან ცდები.
– ტკივილის დავიწყება სულაც არ მსურს, – ვეპასუხები ჩემდაუნებურად, – პირიქით, მას ძვირფასი განძივით დავატარებ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ეს ის მასალაა, რომლითაც შეიძლება ჩემი ცხოვრების სახლი ავაგო.
– რა საჭიროა რაღაც სახლების აგება, თუ ერთხელ შენშიც დაიწყება წვიმა და ყველაფერი ჩაიძირება.
– სისულელეა, – ეს ხმა და მისი მეტაფორული შეგონებები უკვე მაღიზიანებს, – თავად არ ამბობდით, არაფერი იკარგებაო?
– რა თქმა უნდა არ იკარგება. უბრალოდ, იძირება, თვალთახედვიდან ქრება. ისიც იმიტომ, რომ რაღაცას არასწორად აშენებდი. თავისუფლება ექსტაზით მოგვრილი ჰალუცინაცია არ არის. შენც, სანდრომაც და სხვებმაც შეცდომა დაუშვით.
უნდა გცოდნოდათ, რომ წმინდანის ნიღაბი წმინდანად ვერ გაქცევს, ფრთების ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აფრენა შეგიძლია.
«სამუდამო ბატონობის ნიშნად ვინიშნები შენზე... ზღვაო!»– ზღვის ხარბი ნაპირიდან მონაბერ სუსტ ნიავს დოჟის სიტყვები მოაქვს და წყალში ბეჭდის ჩაგდების ხმაც ისმის. მე ალბათ გაოგნებული გამომეტყველება მაქვს, მაგრამ ნისლში ვარ და ჩემი თავის გვერდიდან დანახვაც კი არ შემიძლია. მით უმეტეს, თანამოსაუბრის, რომელიც სრულებით არ ყოფილა უცნობი. თუმცა მის ხმას ვერცერთი ჩემი ნაცნობის გამოსახულებაში ვერ ვხვევ. რაღაცნაირად შემპარავი, შემყვანი საუბარი აქვს. სიტყვები ჰიპნოზივით მოქმედებენ, დაბინდულ ცაზე ეკიდებიან და მეც გაფაციცებით მივყვები ბმულს.
– წმინდანობა არავის უცდია. მათ მხოლოდ საკუთარი ქალაქის შენარჩუნება სურდათ, იმ ჭაობიდან ამოთრევა, რომელშიც დღითიდღე იძირება, – ვამბობ და ვხვდები, რომ სასტიკად შევცდი.
– მაგრამ ამისთვის ჯერ საკუთარი თავი უნდა ამოათრიო, – დაუნდობლად განაგრძობს ნაცნობი უცნობი, – კანონზომიერია ისიც, რომ სანდროსნაირებს თავისუფლების ნაცვლად სიკვდილი და დაღუპულთა სულებში გამქრალი სინათლე მოაქვთ. წარსულში დათესილი სიავე გამარჯვების უფლებას აღარ გვაძლევს.
– და თავად ვინ ხართ? ალბათ ჯაშუში. ისე უბრალოდ გამომტეხეთ... – საკუთარ თავზე ვბრაზობ. უსიამო გრძნობა ჯანღივით მეკვრის და ახლა განსაკუთრებით მაბნევს ნისლისგან დაბლანდული უსაგნო და გაურკვეველი პეიზაჟი.
– ჯაშუშებს გრძელი ხელები აქვთ. ჩემი ხელები კი სასწორია, რომელზეც წყალი და პური იწონება და რადგან არაფერი ჩანს, მცდარისა და მართლის გარჩევაც შემიძლია.
შენი გამოტეხვა რაში მჭირდებოდა. შენზე გაცილებით მეტი ვიცი. ისიც კი, თუ რა იქნება მომავალში.
– და რა იქნება?
– აქ წყალი პურზე მძიმეა...
– ჰო, მაგრამ სინანული... აკი მოგეტევებათო...
– ეგ კიდობანში შეფარებულთათვის, – ამბობს გაურკვევლად.
აშკარაა, ჩემთან საუბრის ინტერესი დაკარგა. ალბათ მიდის... მიდის და უჩვეულოდ გამკვრივებულ ჰაერში დაუდევრად გაჩხაპნილი ღიმილი რჩება.


* * *
წვიმა კი მოდის და მოდის. ქუჩაში სიარული თითქმის შეუძლებელი გახდა. წყალი არ ორთქლდება და ნაბიჯების გადადგმა ჭირს. აკადემიის აუდიტორიები დაიტბორა.
სპეციალურ ხარაჩოებზე შემოსკუპულები მხოლოდ აკვარელით ვხატავთ, რადგან საღებავებს წყალში გაზავება აღარ სჭირდება. კარავაჯო წმინდა იერემიას ტაძრის ჩამოშლილი კედლების რესტავრირებაზე მუშაობს და იშვიათად ვხედავთ.
ლექციებისგან თავისუფალ დროს ჭადრაკის მაღალ ფიგურებზე შეკიდულ საწოლზე ვწევარ, შორეთში გადასახლებული ფიქრით მძინავს და ვგრძნობ, როგორ შევისუნთქავ ჰაერს მუცლით და ამოვისუნთქავ ხელისგულით.
ხანგრძლივი ძილიდან ძნელად ვფხიზლდები, ამიტომ სანდრო ცხადში მოდის თუ სიზმარში, კარგად ვერ ვარკვევ. ფუნთუშებითაც ვეღარ ვუმასპინძლდები, რადგან სან-მარკოს მოედნის კაფეტერიები წყალში ჩაიძირა და აივნიდან გადაკიდებული კალათა ახლა მხოლოდ სველი ფოთლებითაა სავსე.
გარეთ მაინც გავდივართ, მხოლოდ ქუჩების ნაცვლად სახლის სახურავებზე მივსეირნობთ. ნაგებობების ქვა აღარ არის მაგარი და მთელი ქალაქი მყიფე, მელანქოლიური, განურჩეველი დასასრულის მოლოდინში გარინდულა.
მეგონდოლე ნაღვლიანი ხმით ეძახის კლიენტებს. ასევე ნაღვლიანად ბნელდება და მუქლურჯ წყალში ზანტად მსხვრევადი შენობები და ჟამისფერი ლამპიონები ირეკლებიან. სახურავიდან დამბალი ხის კიბეებით ვეშვებით, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ფეხქვეშ ჩაგვეშალოს. მთვარის კალენდრით უკანასკნელი სამშაბათია. მარადი წყლის ზედაპირზე საკუთარ გამოსახულებებს ისე ვტოვებთ, როგორს ნაფეხურს – თოვლში და მე ზანზალაკებიანი გონდოლით სამუდამოდ ვშორდები სიყვარულის ილუზორულ ნაპირს, სადაც კიდევ დიდხანს ციმციმებს სანდროს შუბლის სისხლისფერი ანაბეჭდი...
წყლის დონე ყოველდღიურად იმატებს. მოედნის ულამაზესი ხედიდან გოთური ტაძრის გუმბათები და სამრეკლოთა წვეტიანი ქონგურებიღა შემორჩა. ორი დღეა ოთახებში დავაბოტებ და საკუთარ ნაბიჯებს ვითვლი.
ამგვარად აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლის სიგრძე სამას, სიგანე – ორმოცდაათ, ხოლო სიმაღლე ოცდაათ წყრთას შეადგენს. სამასი – ორმოცდაათი – ოცდაათი, ანუ ყველაფერი ისე, როგორც ნოეს ბიბლიურ კიდობანში... დაუჯერებელია! ოთხასი კუზიანი ხიდის ქალაქს ორმოცდღიანი წარღვნა ელოდება...
კარებზე აკაკუნებენ. უცნობი, საშიშადწვრილთვა¬ლე¬ბიანი მამაკაცია. სახლში შემოდის და სველ სოფაზე ჯდება. უხმოდ ათვალიერებს ჭერსა და კედლებს.
«დღეს სამშაბათია», – ამბობს მერე და თვალს თვალში მიყრის, – «არ უნდა მოვიდეს?» «ვინ?»– არ ვიბნევი და ხისტი კიტელის საათის ისრებივით გაფარჩხულ საყელოებზე შევყურებ. ოთხს აკლია ოცი წუთი და ტიპიური ჩეკისტია. «თქვენი საყვარელი...» – ვიწროდ იღიმება. «იტალიაში ჩეკას რა უნდა»,– ვფიქრობ და მხრებს ვიჩეჩავ. «კარგით», – ხვნეშის. ეტყობა ხვდება, რომ ჩემთან საუბარს აზრი არ აქვს და პირდაპირ მოქმედებაზე გადადის. მთელ ბინას არბევს: ავეჯს აყირავებს, ჭურჭელს ამსხვრევს, წიგნებს ფეხებით თელავს, ნახატებს სამზარეულოს დანით ფატრავს...
მიმის პორტრეტზე ჩერდება... «მიმი... კარგი აგენტი იყო. ორმაგი,» – ამბობს დანანებით, –»სახეს იცვლიდა და ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევდა. იცით, თქვენმა ძვირფასმა სანდრომ როგორ მოწამლა? როგორც მსუქანი ვენეციური ვირთხა.» «არავითარ სანდროს არ ვიცნობ»,– ვამბობ ცოტა ხნის შემდეგ. იმედია, ხმა აღარ მიკანკალებს. მაგრამ, თვალები...
ისევ გავიყიდე. როგორც მაშინ, ნისლიან დილას, უსახო და იდუმალი თანამოსაუბრის თვალთმაქც სიტყვებში რომ გავიხლართე და აქამდე მოსასვლელი გზა გავუხსენი. «ჩეკისტსაც» ყნოსვა უძლიერდება და ჩხრეკას გაათმაგებული ძალით აგრძელებს. საძინებელ ოთახში სარკეს ათვალიერებს. ბებერი ლაბრადორი ხრინწიანი ხმით ყეფს და მე თვალთ მიბნელდება! სარკის შიგთავსში ჩემი და სანდროს ყოველი დღე და ღამე, ძილი და სიზმარი, კოცნა და სურვილი, სიტყვა და მოძრაობა ყავის მარცვლებივითაა ჩალაგებული...
«ესეც ასეე,»– ზმუის კმაყოფილი, წაგრძელებით. სარკეს ხსნის, ზურგზე იკიდებს და ქონიან თითებს ლოყაზე საზიზღრად მიცაცუნებს. «სიკვდილის წინ სანდროს აუცილებლად ვეტყვი, როგორ დაგვეხმარეთ»,– ამბობს წასვლისას.
მისი სიტყვების წარმოთქმისთანავე გარეთ ზღვის მოქცევა იწყება და მე მოღალატე ვხდები.
ოთახში დაგუბებულ, ჩემი ცრემლივით მარილიან წყალში ვყურყუმალავდები. არა, აქ თავის დახრჩობა შეუძლებელია... სველ სხეულს სულის კიჩოზე გამობმული ტვირთივით მივათრევ, ნამსხვრევებით სავსე ოთახში სასწაულებრივ გადარჩენილ დოჟეს სასახლეს ვპოულობ, ბროლის მაკეტიდან ექსტაზის ტაბლეტებს ვყრი და ვყლაპავ...
«მალე, მალე... მაგარია...»– ვჩურჩულებ. ჩემს სიტ¬ყვებს კიდეები უნაოჭდებათ და უსწრაფესად ბერდებიან.
თავად კი ხელებს ფრთებივით ვშლი და ვკეცავ, ყელი მიგრძელდება და თვალები მებინდება. ცოტაც და დავიწყებაში ვარ. სრულ და უსაგნო სიცარიელეში ბიბლიური მტრედივით... არა, ყორანივით მივფრინააავ...


* * *
დასასრული ფრენასაც აქვს. ისევე, როგორც ბოლო ფსკერგამძვრალ სამყაროს. ჩემი ფრენა ორმოცი დღე გრძელდებოდა. ზუსტად იმდენი, რამდენიც სიკვდილი – ვენეციაში.
სიჩუმემ გამომარკვია. არსებობის შიგნით ხომ ყოველთვის ათასგვარი ხმაა ჩამდგარი. აქ კი ისეთი სიჩუმე იდგა, მივხვდი, აღარაფერი აღარ ცოცხლობდა – აღარც ქალაქი. აღარც შიში. აღარც სიყვარული...
ოთახი უიალქნო ნავივით ირყეოდა, აივანი ნიჟარებსა და წყალმცენარეებს აევსოთ. ირგვლივ, კიდობანივით მოტივტივე სახლის ოთხივე მხარეს, ზღვა იყო გაშლილი.
რაღაცნაირად თეთრი, ახალთახალი წყალი იდგა და თვალუწვდენელი კიდეებით ასეთივე თეთრ ცას შეუმჩნევლად, ყოველგვარი ჰორიზონტისა და გამყოფი ხაზის გარეშე უერთდებოდა. ქვემოთ, ზღვის სიღრმეში ულამაზესი, უძველესი, სამფეროვანი ვენეცია ჩაძირულიყო. მე კი ერთადერთი – თავზარდაცემული და გაოგნებული თეთრი, ჩუმი, ხელუხლებელი სიცარიელის წრეში ვიდექი და თვალის რაიმეზე ჩაჭიდებას ვცდილობდი. «ფერის კულმინაცია მის სიღრმეშია. იქ ისე უნდა ჩაეშვათ, როგორც ჭაში... სრული სინათლე სრულ სიბნელეს ნიშნავს, სრული სისავსე – სრულ უსაგნობას...» – მდუმარებაში მაესტროს სიტყვები ამოტივტივდა... და კარავაჯოს საიდუმლოც, რომელიც სრულიად მარტივი აღმოჩნდა, ამოიხსნა.
მივხვდი, რომ სამყაროს ტილოზე უზადო და ახალთახალი სიცარიელის შექმნას ფერების დავიწყება, ან, უბრალოდ, გადარეცხვა სჭირდება...


* * *
დრო არ შეცვლილა. გზა, წყალში ჩაძირული ვენეციიდან სიღარიბეში ჩაძირულ ჩემს სამშობლომდე, ხუთ საათში დავფარე. ცა ცხელი მზით იყო სავსე, მზითა და მანდარინის ტოტებით. დაფრენისას თვითმფრინავს ძრავა გამოერთო და მიწაზე ტყვიასავით დაეშვა. მგზავრები ერთმანეთს გადავაწყდით და იმ არეულობაში ჩანთა, რომელშიც იტალიისკენ მგზავრობისას წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი ჩავჩურთე, ისევ ვიპოვე. აეროპორტის მოსაცდელი დარბაზების იქით ისეთი ქალაქი იწყებოდა, როგორიც მახსოვდა. საფეთქლებიდან უხილავ ლურსმნებგამოჩრილმა მებაჟეებმა, ერთმანეთს რომ მჟღერი თანმიმდევრობით უჭედებდნენ ამ ლურსმნებს, ერთხანს ეჭვით ათვალიერეს და მერე თავისთვის დაიტოვეს სანდროს სახსოვარი – ვენეციური მინისაგან დამზადებული დოჟეს სასახლე-ზარდახშა.
«თავში – ლურსმნები, გულში – ქინძისთავები,»– გავიფიქრე გაბრაზებულმა, შიშველ ტერფებზე ფეხსაცმელები ამოვიცვი და მშობლიურ მიწას ჩექმიანი ფეხი დავადგი.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyWed Mar 06, 2019 12:22 pm

თეონა დოლენჯაშვილი

თოვლით დახატული პეიჟაზი
(სურათები მამის სამხატვრო სახელოსნოდან)


სურათის მხილველი უნდა იდგეს არა მის წინ, არამედ მის შიგნით.
ფილიპო მარინეტი


მინდოდა სიჩუმეში დავბრუნებულიყავი და ამიტომ აქ ამოვედი – დიდი ხნის წინათ დაკეტილ სახელოსნოში. ქალაქის ხმაური სადარბაზოშივე მიწყდა. კიბის საფეხურები ოდნავ სველი იყო. წუხელ მთელი ღამე წვიმდა და ივნისის დილისათვის უჩვეულოდ ძნელად თენდებოდა.
რომელიღაც ბინაში ფორტეპიანოზე შუმანს უკრავდნენ. სადღაც ტელეფონი რეკავდა. შეუსვენებლად, განსაკუთრებული დაჟინებით რეკავდა. თითქოს სწორედ ამ ზარს მოჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, სწორედ მაშინ როდესაც არსად ჩანდა მსმენელი. სახელოსნოს კარები გაჭირვებით გავაღე და წვიმიანი დღის შუქში დაუდევრად დახაზული ოთახის კონტურები გამოჩნდა. წამით მომეჩვენა, რომ ცარიელ დარბაზში ვიდექი და ჭერიდან იატაკამდე დაშვებული მებადურთა ბადეების მიღმა მიმალული ოკეანე სუნთქავდა. ოკეანე არსად ჩანდა, ბადეები კი აქ ჩემი ბავშვობის დროიდან ეკიდა.
იმდროინდელი იყო მლაშე წყლისა და ოდესღაც შიგ გაბმული თევზის სურნელიც, კედლის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული ვეშაპის ულვაში, საფერფლედ გადაქცეული ვეშაპის ყურის ნიჟარა, ოკეანის მარჯნები და ვარსკვლავები, ზღვის ლომის ძვლები და ეშვები, ქვისა და ქარვის ჩიტები...
ვუყურებდი ნახატებს კედლებზე, უზარმაზარ ფერად პანოებს – იატაკზე, მოლბერტს – ოთახის კუთხეში, ალბომებს, აფიშებს, უამრავ წიგნსა და ჟურნალს დავიწყების მზით გამომშრალ, მტვრიან თაროებზე... ვკითხულობდი მოგზაურობის დროს გაკეთებულ მამის ჩანაწერებს, ვიხსენებდი თეთრ ტილოზე ჩხაკუნით გაშუქებულ ფოტო-სლაიდებს, საიდანღაც ისევ მესმოდა შუმანის მუსიკა და სხვადასხვა დროსა და სივრცეში ხმებისა და სურათების განმეორადობის მისტიური განცდა რბილ, სიზმრისეულ ბურუსში მხვევდა. ვხედავდი, რომ ყოველი სურათის შიგნით სხვადასხვა სურათების ერთობლიობა ცხოვრობდა, ყოველი ნახატის შიგნით ემბრიონივით ვითარდებოდა სიუჟეტი, ამბავი, თავგადასავალი...


სურათი 1. "რირკაიპიი"

"ოკეანის ნაპირი ძვლებით არის მოფენილი. დიდი, ერთმანეთზე აჩორჩხლილი ძვლებითა და მზეზე გამომშრალი თავის ქალებით. ცაზე ნიჟარიდან მდორედ გადმოღვრილი გიგანტური მოლუსკებივით იშლებიან ღრუბლები.
გლუვი წყლის ზედაპირს ათასობით თოლია დასტრიალებს. ცივი, შტორმული ქარი ძვალ-რბილში ატანს და მზე ყინულის იდუმალ, ჯადოსნურ წრეში ტრიალებს. ეს არის რირკაიპიი, რაც ჩუქჩების ენაზე ზღვის ლომების სამფლობელოს ნიშნავს. უკვე მეშვიდე დღეა აქ ვარ და ყინულმჭრელს ველოდები, რომელმაც ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიღრმეში უნდა გამიყვანოს. გემი იგვიანებს. მთელი დღეები სანაპიროზე დავეხეტები და "საკბილოს" დავეძებ. რაღაცეები მართლაც ვიპოვე.
თუნდაც ეს – ტყვიით გახვრეტილი თეთრი დათვის თავის ქალა. ალბომში ვიხატავ და ჩემსკენ მომავალ ესკიმოსს, უხტიკაკს ვხედავ. მისი პორტრეტის ხატვა ორი დღის წინათ დავასრულე. პორტრეტი ვეშაპის უზარმაზარი ულვაშის სანაცვლოდ, – ასეთი იყო "გარიგება." ხატვისას აღმოვაჩინე, რომ უხტიკაკს უცნაური მზერა აქვს, წვრილი თვალების სიღრმეებში თითქოს ცხელი, ყვითელი კოცონები უნთია. როდესაც რამე არ მოსწონს, ეს კოცონები უკვამლოდ ქრებიან და მისი ცქერა საინტერესო აღარ არის. ახლაც, როდესაც ვეუბნები, რომ ტუნდრაში გამგზავრებას ვაპირებ, სადაც ესკიმოსთა გადმოცემით ვეშაპის უზარმაზარი ჩონჩხი დევს, იგივე ემართება და ვხვდები, ჩემი იდეა არ მოსწონს. მისი თქმით, 23-ე კილომეტრისკენ სავალი გზა რთული და სახიფათოა და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა ძალიან გამიჭირდება.
მე ჩემსას არ ვიშლი, მიმაჩნია, რომ ვეშაპის ჩონჩხადქცეული ნატურისთვის გარისკვა ღირს...
ტუნდრაში "ვეზდეხოდით" მივემგზავრებით. უხტიკაკი დროდადრო მძღოლს რაღაცას გადაულაპარაკებს და ფართე სახეში ჩაკარგული თვალები უელავს. შუადღის მზე ჰაერს გაუბედავად ათბობს, საღამოსკენ კი ამინდი ფუჭდება და ბასრი, ნაცრისფერი კლდეებით დაკბილული ჰორიზონტი სქელ, კარაქისფერ ნისლში ეხვევა. გზას ალალბედზე მივიკვლევთ. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ითქვიფება უხტიკაკის მზერაში დაყოლილი ცხელი კოცონები ნისლის სახიფათო სითეთრეში. "გზას ვკარგავთო", – ზღვის ლომებზე მონადირის თავდაჯერებით ამბობს და გული მეც ცუდს მეუბნება. საიდანღაც წყლის შხუილი მოისმის.
ახლაღა ვხვდებით, რომ გზა მდინარემ გადაგვიჭრა და უკიდეგანო სტეპებში გზაკვალარეულები წყლისა და ნისლის ტყვეობაში ვიმყოფებით. არც მძღოლი ჩანს ისეთი გამოცდილი, ამ უცნაური, გეიზერივით მოჩუხჩუხე მდინარის გადალახვა რომ შეძლოს. წყალი კიდევ დუღს და რძისფერი ჯანღი მოცისფრო კვამლით იცვლება. მდინარე სიღრმეში გვიტყუებს, გვითრევს, ცხელ წყალში ჩაყრილი ბრინჯის მარცვლებივით გვატრიალებს... სადღაც თეთრი მელიები ყმუიან. არაფერი ჩანს, მხოლოდ ნაზი და სასტიკი ნისლი...
მოგზაურობას საბედისწერო დასასრული ექნებოდა, რომ არა ჩვენს ბედად ამოვარდნილი ქარი.
ქარმა ნისლი გაფანტა და მძღოლმა მდინარის გადალახვა შეძლო. გზა განვაგრძეთ და როგორც იქნა, 23-ე კილომეტრამდეც ჩავაღწიეთ, მაგრამ ვეშაპის ჩონჩხს ვეღარსად მივაგენით. მის ადგილზე ჩრდილოეთის ქარს ყინულის მთები დაეხვავებინა."



სურათი 2. "ვეშაპებზე ნადირობა"

"ყინულმჭრელმა ღია ოკეანეში გამიყვანა. ყინვისგან მოსარკულ სივრცეს ხან მზე აბრჭყვიალებს, ხანაც გაუვალი ნისლი ფარავს. ნისლიან ამინდში გემის საყვირი ავტომატურად ირთვება და ყურისწამღებად ღრიალებს. ვხედავ დეჟნევის კონცხს, ალიასკას და ნისლში სუსტად მოკიაფე შუქურას.
გემი ღუზას პროვიდენიის ყურეში უშვებს და ჩემს წინ ესკიმოსთა ულამაზესი სოფელი – სირენიკი იშლება. ნამდვილი სასწაულია! მთელი დღეები დავეხეტები და ყველაფერს ვიხატავ: მიწაში ვერტიკალურად ჩასმული ვეშაპის ყბის 7-მეტრიან ძვლებს, ზედ ნავები რომ მიუბამთ და საცხოვრებელი სახლები - იარანგები წამოუმართავთ; ბალახში თეთრად მოქათქათე ზღვის ცხოველების ხერხემლის მალებისგან გადახურულ ორმოებს, რომლებსაც აქაურები თევზისა და ხორცის შესანახ საკნებად იყენებენ; სელაპისა და ზღვის ლომის ტყავებს, მზეზე გასაშრობად ვეშაპის ნეკნებზე კინოეკრანივით რომ გადაუჭიმავთ. სწორედ ამ "კინოეკრანებზე" ნანახ ფილმს წააგავდა ვეშაპებზე ნადირობა, რომელიც ზაფხულის სუსხიან დილას ერთობ უჩვეულოდ დაიწყო.
Pპატარა სასტუმრო, რომელშიც სირენიკში ჩასვლისთანავე დავბინავდი, იარანგები ესაზღვრება და ყოველ დილით პოლარული ძაღლების ყეფა და ესკიმოსთა ხმაურიანი გადაძახილები მაღვიძებს.
იმ დილით კი, სანამ მზის პირველი სხივები შემოიჭრებოდა, ოთახში უცნობი ქალი შემოვიდა. ქალს ბეწვითა და ორნამენტებით მორთული მოსაცმელი ეცვა. სახე ესკიმოს ქალთა მსგავსად ცისფრად მოეხატა, მაგრამ მელიის თეთრი ბეწვის ქუდქვეშ ქერა თმა მოუჩანდა. ქალმა ლურჯად ტატუირებული ხელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ტატიბა ქვია, თავადაც მხატვარია და ვეშაპებზე სანადიროდ მეპატიჟება.
ვიდრე იდუმალი სტუმარი კედელთან მიწყობილ ჩემს ესკიზებსა და ჩანახატებს ათვალიერებდა, მე ფოტოკამერასა და სახატავ ალბომს ვამზადებდი და ამ უცნაურ მიპატიჟებაზე ვფიქრობდი. ტატიბა ნაპირისკენ წამიძღვა, სადაც ესკიმოსებს ორი ვეშაპმჭერი გამოეყვანათ. გემებამდე ზღვის ლომის ტყავისაგან დამზადებული ნავებით – ბაიდარებით მივცურეთ. გემები წყლის სიღრმეში შევიდნენ და ნადირობა დაიწყო. სანახაობას გაოგნებული ვუცქერდი. ვეშაპი საშინელი ხმით ღმუოდა, ბორგავდა და უზარმაზარი პირიდან სისხლიან ქაფს ანთხევდა. მასთან ერთად ოკეანეც ბობოქრობდა და კიდევ ერთ შვილს ბრაზით ეთხოვებოდა.
გემზე სიხარულის ყიჟინა დასცეს. მოკლული ცხოველი, რომ არ ჩაძირულიყო, ჰაერით გაბერეს და ნაპირისკენ გააცურეს. იქ კი მთელი სოფელი შეკრებილიყო. ბავშვები ვეშაპის ზურგზე მიცოცავდნენ და ცეკვავდნენ. ესკიმოსი ქალები ისევე მარჯვედ ხმარობდნენ დანას, როგორც მამაკაცები. მათ შორის იყო ტატიბაც, რომელსაც ახლა მაღალყელიანი ჩექმები ჩაეცვა და ვეშაპის ხორცს ქნიდა. უსიამო გრძნობა დამეუფლა და თვალი ავარიდე.
სისხლისგან შეღებილ სანაპიროს გავხედე. ვეშაპის თავის ქალის თვალებისდროინდელ ცარიელ ღრუებში ახლა ჩრდილოეთის ცივი ცა მოჩანდა და ზანტად მიცურავდნენ ღრუბლები...


სურათი 3. "ტატიბა"

ესკიმოსებმა ორმოცტონიანი ვეშაპი თხუთმეტ წუთში ძვლების კასკადად აქციეს. ვეშაპის ჩონჩხი სოფლიდან 300 მეტრში წაათრიეს და დატოვეს. პროცესიას გავყევი და ადამიანების მიერ მოწყობილი ყველაზე დიდი და გიგანტური, ხმელეთზე ამოთრეული ვეშაპების მწუხარე სასაფლაო ვიხილე...
შემდეგი დღეები სასაფლაოზე დავდიოდი და ვხატავდი. ზოგჯერ ტატიბაც მოდიოდა, ბეწვის ქუდს მოიხდიდა და ბალახში თეთრად მოქათქათე ძვლებისაგან ბუნებრივად წარმოქმნილ "სავარძელში" მოკალათდებოდა.
ესკიმოსი წინაპრები და მოსკოვში მიღებული განათლება ტატიბას თმასა და ცხოვრებას უჩვეულო შეფერილობას აძლევდა. შამანის ქალიშვილს სხვა, მისთვის უცნობი და მიუწვდომელი ადგილები იზიდავდა. როგორც მერე, პორტრეტის ხატვისას გამენდო, ბაიდარათი ალიასკაზე გაქცევას გეგმავდა. გიჟური იდეა იყო, წარმოუდგენელი და შეუძლებელი... ალიასკამდე ყინულის უზარმაზარი სოკოებით დაფარული ოკეანე გაწოლილიყო. მაშინ ასეთ თემებზე საუბარიც კი სახიფათო იყო. ტატიბა კი სანაპიროზე იჯდა და აკრძალულ სანაპიროს ჯიუტად გასცქეროდა.
სირენიკებიდან გამომგზავრების წინ სქელ თეთრ ფურცელში გახვეული ნივთი გამომიწოდა. ზღვის ლომის ეშვზე გრავირებული ულამაზესი პეიზაჟი აღმოჩნდა. ამ უჩვეულო მანერაში შესრულებული სურათიდან ყინულის გამდნარი ნატეხივით მოწვეთავს სევდა და ნაღველი. სირენიკებში ტატიბა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოკეანეში ბაიდარათი გასულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. "ბაიდარა გადაუბრუნდებოდა, ან გზა აერეოდა და ღამის ყინვა მოკვეთავდა. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა," – მითხრა ნაცნობმა ესკიმოსმა რამდენიმე წლის შემდეგ, მხატვარი ქალი რომ მოვიკითხე.
უკანასკნელი სურათიც ასეთია: ბაიდარაში მჯდომი ტატიბა, გრძელი ქერა თმა, ცისფერი ორნამენტი საფეთქელზე, ვეშაპის ხორცით სავსე ტომარა, ზღვის ლომის ტყავში გამოკრული ნახატები, ოკეანის ყინულოვან წყლებზე უმწეო ჩიტივით მოფარფატე თავისუფლება...


სურათი 4. "ჩიტების ბაზარი"

ჩუკოტკის (თუ სამყაროს) ბოლოს ჩიტები იკრიბებიან. იკრიბებიან, რათა ერთმანეთს დედამიწის სხვადასხვა კუთხის ამბები ამცნონ. ყველა თავისას ყვება, ყველა თავისას ჭიკჭიკებს. ეს ჩიტების ბაზარია, ჩიტების მიწა, ჩიტების "აღთქმული ქვეყანა" - ასე პოეტურად ამიღწერა მეირმე გალგაუგემ ეს ადგილი, როდესაც ემტუკის ტბაზე სათევზაოდ დამპატიჟა და იქიდან ჩიტების საოცარი "საფიხვნოს" ჩვენებასაც დამპირდა.
ოთხი ბაიდარათი წავედით. ესკიმოსებმა ნავებში კარაბინები, ტყვიები და პიგპიგები – სელაპის ტყავისაგან დამზადებული ჰაერით გაბერილი ტივები ჩააწყვეს.
როგორც მერე გაირკვა, ზღვის ლომებზე ნადირობას აპირებდნენ. მოინადირეს კიდეც სამი ლომი, მაგრამ ნაპირზე "ჩამოქვეითებისას" ტალღამ დაგვარტყა და ნავი წყლით აივსო. ნაპირზე გადმოხტომა მოვასწარით და ბაიდარაც გადატრიალდა. ესკიმოსებმა ქამანდი ისროლეს, ნავი რის ვაი-ვაგლახით ამოათრიეს ნაპირზე. წყალმა პიგპიგები და ნიჩბები წაიღო, ტყვიები და კარაბინები წყალში ჩაიძირა. სანაპიროზე კოცონი გავაჩაღეთ, ცეცხლმა მალე გაგვაშრო. წავიხემსეთ კიდეც.
გალგაუგე არაყს მიეძალა, დანაპირები გადაავიწყდა და თავი დასაძინებლად მიდო. სხვა გზა არ მქონდა: ან ხელი უნდა ამეღო ჩემს განზრახვაზე, ან მარტო გავყოლოდი გზას ჩიტების ბაზრისკენ. წასვლა გადავწყვიტე.
მშვენიერი ამინდი იდგა. წყლის მიქცევა დაიწყო და გზაც გაიხსნა. ჩიტების სამეფოს მივუახლოვდი და ბასრი, ნაცრისფერი კლდეებით დაკბილული ჰორიზონტი ფრთოსანთა გუნდებისაგან შეკრული შავი ღრუბლებით დაიფარა. კლდეებში ჩაწოლილი ნისლი, შუადღის მზე, წყლის ცივი, მარილიანი ტალღები, მილიონობით ჩიტის სტვენა-ჭიკჭიკი – ფურცელზე ამის გადმოცემა წარმოუდგენელი იყო.
მით უფრო, რომ ჩემს თავზე მოფრთხიალე ათასობით ფრინველი ხატვის საშუალებას არ მაძლევდა. კლდეებზე ასვლა და ზემოდან გადმოხედვა გადავწყვიტე. ნელა, დაკვირვებით მივდიოდი. აშკარა იყო ამ ადგილებში ადამიანს ფეხი არასოდეს დაედგა. მიწა თანდათან გაფხვიერდა. ქვამ ნატეხებად დაიწყო ჩამოშლა. სიმაღლის შიშთან ერთად ზვავის საფრთხეც დამემუქრა.
ადგილი შევარჩიე და ჩამოვჯექი. ნელ-ნელა დავმშვიდდი, არემარეს გადავხედე. უმშვენიერესი სივრცე იშლებოდა – ჩიტების ფრენით დაღლილი ცა და მიწა.
ჩიტების ყველაზე მასიური გადაფრენა რვა საათისთვის იწყებოდა. ბაზარში "ვაჭრობამ" იმატა. მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ დიდი და პატარა, ნაირფერი, ნაირგვარი ჩიტები. ზეცაში გუნდ-გუნდად იჭრებოდნენ და ასეთივე გასაოცარი სისწრაფითა და გამყინავი ჟივილ-ხივილით ეშვებოდნენ ქვემოთ. ნახევარი საათის მანძილზე გაუნძრევლად ვიჯექი.
მე და ჩიტებმა თითქოს ადგილები გავცვალეთ. მილიონობით ფრთოსანს მათივე ფრენის სიმაღლიდან ვაკვირდებოდი. "პიკის საათიც" მოახლოვდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ფრინველთა ყურისწამღები გნიასის მიუხედავად ჩემს ირგვლივ უდაბურმა, გაუვალმა სიჩუმემ დაისადგურა.
სრულმა, აბსოლუტურმა მდუმარებამ... როგორც ჩანს, ხმოვანი ბარიერი გადავლახე, ისევე, როგორც ზებგერით თვითმფრინავში. სიჩუმეს უძრაობა მოჰყვა, ჩიტების ელვის სისწრაფით მფრინავი ღრუბლები ჩემი ხედვისა და შეგრძნებების მიღმა აღმოჩნდნენ. მე მარტო ვიყავი, სრულიად მარტო სიმშვიდის, უძრაობისა და მდუმარების სიღრმეში, სამყაროს რომელიღაც გაყინული წამის შუაგულში.
იმ წუთებში ჩემს შიგნით რაღაც შეიცვალა.
თითქოს რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოხდა... უკვე ბინდდებოდა, კლდიდან რომ ჩამოვედი და სოფლისკენ მიმავალ გზას ალალბედზე დავადექი. ჩემი ანგარიშით გასავლელი მქონდა 18–20 კილომეტრი, ტუნდრა და მთები. ძნელი და უცნობი გზა. ალალბედზე მივდიოდი. და როდესაც გაშლილ მინდორზე აღმოვჩნდი და ესკიმოსების ნასოფლარი დავინახე, მივხდი, რომ გზა ამებნა. სადღაც სამყაროს ბოლოში ვიდექი, ერთადერთი სახატავი ალბომის ამარა, საკვების, სასმელი წყლის, ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე...
ჩიტების მიწა თავისთან მიტოვებდა.
ხომ არსებობს მაგიური, საკრალური ადგილები, სადაც ბუნება ადამიანს ფეხის დადგმას არ პატიობს. ალბათ ჩიტების მთაც ერთ-ერთი იმათთაგანი იყო. ცას ავხედე და რამდენიმე წამით ისევ დამიბრუნდა სიჩუმე. ძალიან სუფთა, უხიწვო და უნაოჭო სიჩუმე, ამ სიჩუმიდან სამყაროს ყველაზე ბნელი და იდუმალი მღვიმეები იყურებოდა, ყველაზე მისტიური და მიუწვდომელი სიღრმეები მოჩანდა, და მივხვდი, აქედან უნდა დამეწყო, ბუნების შიგნით, მის გულში დამარხული საიდუმლოს ამოხსნით, მისი ყურისგდებითა და თვალისდევნებით, მისი აღქმითა და აღმოჩენით.
უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ სამშობლოში ვიყავი. ხრიოკი ტუნდრის ნაცვლად იმერეთის ზღაპრულად დათოვლილ ორღობეებში მივაბიჯებდი; შტორმული ქარი, უკვე ხელ-ფეხს რომ მიყინავდა, ჩვენებური ნიავქარი იყო, ახლად დაფიფქული ტოტებიდან ნამქერს რომ ყრიდა და ბეღურებს ბუმბულს უწეწდა; შავი ობელისკებივით წამომართული, მტრულად მდუმარე კლდეების ნაცვლად იმერული ოდები იდგა, მოჭრიალე ჭიშკრებითა და ბუხრებში დანთებული გემრიელი ცეცხლით; გზას მთვარის ვერცხლისფერი შუქი მინათებდა, მხრებზე ხეებსა და ხეებს შორის გარჩენილ თოვლის ჩუმ მარგალიტებს მაყრიდა და მიწაზე დაქარგულ ნაფეხურებს სიჩუმესავით იმახსოვრებდა...
აღარ ვჩქარობდი. ახლა მართლა მოჩანდა სოფელი, ელექტრონის შუქით განათებული და პოლარული ძაღლების ბრაზიან ყეფაში ჩაძინებული სხვისი სოფელი."


* * *
სახელოსნოში ჩამოცხა.
მამის ნატურმორტების მთავარ გმირებს – საქართველოს სოფლებში წლობით ნაგროვებ ქოთნებს და ლამფებს, ქვაბებს და ჭინჭილებს ჩამოვუარე და ვიფიქრე, რომ ჭურჭლის არსს მასში არსებული სიცარიელე კი არა, იმ ადგილის სული შეადგენს, სადაც მისი თიხა გამოწვეს. ადამიანის არსებობის საიდუმლოც იმ მიწამ იცის, სადაც ის გაჩნდა. მერე ბუნების ჯადოსნურ სიღრმეებში აღმოჩენილ სინამდვილესთან პირისპირ დარჩენილი, მოსკოვურ ბინაში იმერეთის მთვარიანი სურათების ხატვაში ღამენათევი მამა წარმოვიდგინე და კარი გავაღე. ნახატში შევაბიჯე. სიჩუმე იდგა, უკვალავი თოვლივით სქელი და გაუვალი სიჩუმე.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyWed Mar 06, 2019 12:25 pm

თეონა დოლენჯაშვილი

ლიანა, ვერა, ნორიკო


ლიანა ბაღში იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო ბაღი შემოდგომისას.

აქ ყველაფერი ისე შეგუებულია კვდომასთან, სიცოცხლის წარმავალობასთან. და ეს ფოთლებიც ხეებზე და ეს ლოკოკინებიც წყალში ისევე გარინდულან როგორც თავად ლიანა ცარიელ, ლურჯად შეღებილ ძელსკამზე. ლიანა ყოველ დილით მოდიოდა აქ. ჯერ ბაცი ჩაით, ჭვავის პურითა და ზედ გადასმული ლეღვის ჯემით ისაუზმებდა, მერე მასსავით ძველმოდურსა და ჩუქურთმებიან კაკლის ხის ბუფეტს საგულდაგულოდ გააპრიალებდა და კარებს გამოიხურავდა. ზემო სართულზე მეზობელი ქალი კონსერვატორიის აბიტურიენტებს ამეცადინებდა. ლიანა ფორტეპიანოს კლავიშებზე გაუთავებელ მონოტონურ კაკუნს ვერ იტანდა. “ნერვები შიგ ამ მუსიკის ხმაურში მეხლართებაო”,-იტყოდა და გაცლას ამჯობინებდა.

ბაღი უტყვად, მოთმინებით ელოდა. კარგი ისიც იყო, რომ აქაურობას მისი შეჭაღარავებული მეგობრებიც ეწვეოდნენ: ვერა – თავისი არასტაბილური წნევითა და ნორიკო – დიდი ხნის წინათ დაღუპულ მეორე ნახევარზე, იორამზე დაღლილი დარდით.

ისხდნენ. წყნარად. ნორიკო ჭრელ ხელთათმანებს უქსოვდა დიდ ქალაქში გადაბარგებულ შვილიშვილებს. ჩაშაქრული, დაჩამიჩებული შემოდგომა იდგა. ვერანდებზე ბეგონიები ყვაოდნენ. ბალახებში ხოჭოები ბზუოდნენ. ოქროსფრად ჩასქელებულ ჰაერს თბილი ნიავი არხევდა.

მშვიდი, უცვლელი ერთფეროვნებისთვის განწირული ყოველდღიურობაც ისევე მიედინებოდა, როგორც წყლის მზინვარე ჭავლი ბაღის ძველ, ჟამისფერ შადრევანში. სექტემბრის თერთმეტჯერ მოწყენილი მეთერთმეტე ოთხშაბათიც გათენდა. ლიანა ოდნავ შეყვითლებული ხეების ჩრდილში იჯდა, ვერა რომ შეჩვეული ნაბიჯით მოუყვებოდა ბაღისკიდეს. მაღალი, სანდომიანი ვერა. კეფაზე ლამაზად დაწყობილი ვერცლისფერი თმით, მხრებზე მოხვეული ლურჯად დაჩითული შალით. სახეს ჯერ კიდევ უნათებდა გარდასული სილამაზის სხივი. ამ შემოდგომასავით იყო და ლიანას კიდევ ერთხელ გაუკვირდა რატომ დარჩა ასეთი მშვენიერი ქალი მარტო. ვერა ამაზე არასოდეს საუბრობდა, მაგრამ ლიანა ხვდებოდა, მიზეზი უთუოდ სიყვარული იქნებოდა, სიყვარულის გულისშემძვრელი ისტორია, მარილიან წვიმასავით რომ გადაუვლის ხოლმე ამგვარ პატარა, დაბურულ ბაღებში გარჩენილ ქალაქებს.

ისხდნენ. მყუდროდ. ვერა ფეხებთან მოფრთხიალე ნაცრისფერ მტრედებს აპურებდა. შორიახლოს პატარა და ძალიან სერიოზული ბავშვები სილაში იჩიჩქნებოდნენ. მერე მოიღრუბლა და ჰაერი ჩამუქდა. «სადილობის დროც მოსულა» – თქვა ლიანამ და წამოდგა. “ნორიკო კი არ მოვიდა” – დაამატა ვერამ.

მერე ერთად გაუყვნენ ვიწრო ბილიკს. ბაღის გაყოლებაზე ჩარიგებულ სასურსათო მაღაზიებში კარტოფილი და კომბოსტოს შეხუჭუჭებული თავები შეიძინეს და სახლებს დაუბრუნდნენ. ნორიკო კი არ მოვიდა. რადგან დღე მისთვის ყოვლად უჩვეულოდ, შეიძლება ითქვას სასწაულებრივად დაიწყო. ასე იყო: ახლადგაღვიძებულმა სარკიან კარადაში, იქ, სადაც იორამის წერილებსა და მძივებად ასხმულ სიზმრებს ინახავდა, თაფლისფერი, ფუმფულა ციყვი აღმოაჩინა. ციყვი გახუნებულ კონვერტებსა და ხელნაწერებს შორის იჯდა. მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა.

თითქოს იორამის წერილებს კითხულობსო, ისე. ნორიკო ჯერ ციყვის არსებობამ, მერე მისმა სილამაზემ გააოგნა და ბოლოს მიხვდა! ეს პატარა ცმაცუნა არსება სიმარტოვის საწინააღმდეგოდ გაჩნდა მის ვრცელ, მაგრამ ავეჯით ჩახერგილსა და დაჩრჩილულ ბინაში.

და ნორიკოც ამოქმედდა. უკვე შემჭკნარი ფეხები ფლოსტებში წაყო, ფლანელის უფორმო საღამურზე კაბა გადაიცვა და ახლომდებარე სუპერმარკეტში მსხვილი, გაპრიალებული თხილით სავსე პარკები შეიძინა. ციყვი მთელი დილა ამ თხილს ამტვრევდა და აკნატუნებდა. ნორიკო კი მისაღებ ოთახში მისთვის რბილ, კომფორტულ ფუღუროს ამზადებდა. ხავსიც კი ამოიტანა ეზოს დაჩრდილული მხრიდან.

მაგრამ საბოლოოდ ციყვმა მაინც სარკიან კარადაში ცხოვრება ამჯობინა – ძველი წერილების მტვერსა და ნორიკოს დაბლანდულ სიზმართა შორის.

და მხოლოდ მეოთხე დღეს, ნორიკო რომ ბაღში აღარ გამოჩნდა, სახლში შეშფოთებული მეგობრები ეწვივნენ. ნორიკოს ის-ის იყო ციყვი ებანავებინა და თბილ, კუბოკრულ პლედში გამოხვეული კალთაში ეჯდა. თან ჭრელ, ხალისიანად ჭრელ ხელთათმანებს უქსოვდა დიდ ქალაქში გადასახლებულ შვილიშვილებს. ლიანა და ვერა გაოცებულები უცქერდნენ. სიტყვაც ვერ დაძრეს. მხოლოდ გვიან საღამოს საკუთარ საწოლებში ჩათბუნულებმა, რადიომიმღებებს რომ ჩაუწიეს, მთელი სიმწვავით შეიგრძნეს რა საქმიანი და რა ბედნიერია მათი მეგობარი.

ნამდვილად ამ შემთხვევის ბრალი იყო ჭარმაგი და სერიოზული ვერა რომ აცუნდრუკდა და მეორე დილით ბაღში გასეირნებისთვის გამზადებული სადარბაზოსთან შეყოვნდა. სადარბაზოში მისი ასაკის ქალები იდგნენ და საფოსტო ყუთებში სარეკლამო ბუკლეტებს ყრიდნენ.

ქალები პენსიონერთა დაცვის ლიგას წარმოადგენდნენ. ვერას ჯერ პოლიტიკურად გაპიარებული ბუკლეტი მიაჩეჩეს, მერე საუბარი გაუბეს. ერთიანად გააბრუეს და გათიშეს. უთხრეს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი ყველაზე გონიერი და ბრძენი არსებაა და სახელმწიფოს მართვა ყველაზე უკეთ მას ხელეწიფება. რამდენიმე მაგალითიც მოუყვანეს, რომელთაგანაც ვერას მხოლოდ ინგლისის დედოფალი ელისაბედი დაამახსოვრდა.

მოკლედ, ჩააბეს და ბუკლეტებით დახუნძლული და ახალი პოლიტიკური მოძღვრებით თავგამოტენილი ვერა სახლში აბრუნდა, ხოლო იმ საღამოდან სისხლსავსე ცხოვრება დაიწყო – კარდაკარ დადიოდა და ოდნავ სიბერეშეპარულ თუ მთლად დაჩაჩანაკებულ ელექტორატთან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა. ვერამ დიდ პოლიტიკაში შეაბიჯა.

ვიღას ახსოვდა წნევა და ადელფანის ტააბლეტები. მზით გამთბარ სკამზე ახლა მხოლოდ ლიანაღა იჯდა. მოწყენილი, თვალებმოჭუტული.. დილაობით ისევ ბაც ჩაის სვამდა. ტელევიზიით ვერა გამოდიოდა. პენსიონერთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაზე საუბრობდა. ნორიკო ციყვზე ზრუნავდა-ვიტამინებით გამდიდრებული საკვები აღმოეჩინა ცხოველებზე სპეციალიზირებულ მაღაზიაში.

ზემო სართულზე ფორტპიანოზე აკაკუნებდნენ – სონეტებს, გამებს, მენუეტებს.

ლიანა ხუთი დღე მიყოლებით უსმენდა. უკაკუნებდნენ. უსმენდა. . . მეექვსე დღეს კაკუნს რომ მორჩნენ, სარკეში ჩაიხედა. წვრილ, ახლომხედველ თვალებზე ვერცხლის ძეწკვზე გამობმული სათვალე მოირგო და მეზობელ ქალთან ავიდა. ქალი მასზე ცოტა ახალგაზრდა იყო, მაგრამ კარგად მოვლილი.

დაქნილფჩრხილებიანი თითებით სანოტე რვეულს ფურცლავდა. როიალზე სილის საათი იდო და ვარდისფრად აყვავებული აზალიებით სავსე ქოთანი.

მეტი არაფერი დაუნახავს. ძალიან ღელავდა.

– ჩემი თხოვნა უჩვეულოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ... – აქ წაბორძიკდა. მერე გადაწყვიტა პირდაპირ ეთქვა: – მუსიკაში უნდა მომამზადოთ, კონსერვატორიისთვის.

მეზობელი ქალი ზუსტად ისე უცქერდა, ის და ვერა რომ უცქერდნენ ციყვჩახუტებულ ნორიკოს. მაგრამ ლიანა მტკიცე იყო და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. მოსამზადებელი ეტაპი სწრაფად დაძლია, ნოტებიც მალე აითვისა.

სოლფეჯიოს ჩაკირკიტებდა, ვერა რომ ესტუმრა. ვერას მახვილმა თვალმა უმალვე შეამჩნია, რომ ლიანას სანაქებო კაკლის ხის ბუფეტი ძველებურად აღარ ბზინავდა, სამაგიეროდ, ლიანა ჩანდა რაღაც ატაცებული. რომელიღაც მელოდიას ღიღინებდა, თან მარჯვენა ხელით ჰაერში წარმოსახვით სამკუთხედებს ხაზავდა, მუსიკის ტაქტს აყოლებდა. აი, ასე: ლა, ლაა, ლა.. ლა, ლა, ლაა..

– ჩვიდმეტში დიდ ფორუმს ვმართავთ. აი, მოსაწვევი, – ვერას დაღლისგან ბზარშეპარული ხმა ჰქონდა, მაგრამ თვალები უელავდა.

– არ შემიძლია. ვერ მოვალ. ოცში პირველი საჩვენებელი კონცერტი მაქვს. შოპენს ვასრულებ.

ვერა ჩამოჯდა. მოსაწვევი ბარათი თითებიდან უხერხულად გამოჩროდა.

– იქნებ რამე უფრო... ჩვენი ასაკისთვის შესაფერისი შეგერჩია. მაგალითად, ბახი..– ესღა უთხრა. . .

პირველად ისევ ნორიკოსთან დაიწყო.

და იმით, რომ ოქტომბრის ერთ წვიმიან დილას გაღვიძებულმა ნორიკომ ციყვი სარკიან კარადაში ვეღარ იპოვა.

თხილის ნაჭუჭებით ავსებული ბინა რომ გადააქოთა, მერე იფიქრა, იქნებ ჩემი კუდფუმფულა აივნიდან ეზოს ნაძვებზე გადაძვრაო. ციყვი ვერც ეზოში იპოვეს და ვერც ნაძვებითა და ფიჭვებით განთქმულ ბაღში. ნორიკო იჯდა და პატარა ჭიქაში კარდიამინის წვეთებს ითვლიდა. ლიანა და ვერა ამშვიდებდნენ- გამოჩნდებაო. აღარ გამოჩნდა.. კარადაში გაცრეცილ ფოლიანტებთან მოგონებების ცურცლი დატოვა, ბინაში—სანახევროდ დახრული ავეჯი. ნორიკო გიჟივით იყო.

მის მეგობრებს კი ციყვისთვის აღარ ეცალათ. ვერა ფორუმისთვის ემზადებოდა, ლიანა კონცერტისთვის იკერავდა ჟაბოიან კაბას.

ის დღე იყო. თექვსმეტი ოქტომბერი. ვერამ ერთ-ერთი ამომრჩევლის კარებზე რომ დააკაკუნა. კარი წამოზრდილმა ბიჭმა გაუღო და ბებიდას დაუძახა. ოთახებში ბავშვები დარბოდნენ და მომცრო ტანის, შავკაბიანი ქალი ვერას საკუთარი სამყოფელისკენ წარუძღვა. ჩვეულებრივი ოთახი იყო.

ღია სარკმლიდან დამწვარი ფოთლების კვამლი შემოდიოდა. მაგიდაზე გამხმარი წითელი ვარდები ეწყო და ორად გახლეჩილი ბროწეული გაბნეულიყო. კედელზე ბარომეტრი და მამაკაცის გადიდებული ფოტო ეკიდა.
ვერამ ფორუმის მოსაწვევი მაგიდაზე დადო, საუბარი დაიწყო და შეჩერდა. რაღაც უშლიდა.. მასპინძელს გახედა. ქალი ყურადღებით უსმენდა. ისხდნენ, მაგრამ მაინც ქვემოდან ამოცქეროდა.

შავ, შინნაქსოვ კაბაში იდაყვები გამოჩროდა. ბეღურას წააგავდა. არა, ის არა.. ვიღაც სხვა უშლიდა. ზემოთ აიხედა და მიხვდა. ფოტო. ძალიან ნაცნობი სახე იყო.

ერთობ ნაცნობი, ძვირფასი და...

– ჩემი მეუღლეა, – ვერას მზერას თვალი გააყოლა ქალმა – ნიკო.. ნიკოლოზი. შარშან მიიცვალა საწყალი, – პატარა, დაგრეხილი თითით შეუმჩნეველი ცრემლი მოიმშრალა.

ვერაც გამშრალიყო. მაგიდაზე ბროწეული ღუოდა. ფოტოდან ნიკა იცქირებოდა. მისი ნიკა. უკვე დაბერებული, უკვე მიწადქცეული, უკვე არარსებული, მაგრამ მაინც ერთადერთი, დაუვიწყარი და შეშლილი სიყვარული.

და რამდენი სიცოცხლე უნდა გასულიყო, რომ ის მაინცდმაინც ახლა, მაინცდამაინც ამ ბინაში, ამ მოცუცქნული, სევდიანი ბეღურას კრეამინირებული ფოთლების კვამლით გაბურულ ოთახში ეპოვა.

და ისევ დაინგრა. რატომ? რისთვის? იგრძნო როგორ აიწია ზედა და ქვედა სისტოლურმა წნევამ ერთდროულად, როგორ გაორდა ნივთები ოთახში და როგორ ძალუმად აძგერდა ვერას უსიყვარულობითა და სიყვარულით გადაღლილი გული.

ძალიან საცოდავი იყო. და იმ მასზე უფრო საცოდავმა ქალმა რა იცოდა. სასწრაფო დახმარების ნომერს კრეფდა პატარა, მარილებისგან დაგრეხილი თითებით.

სასწრაფო დახმარების მანქანა სწრაფად მოწუილდა. წნევის დამწევი და დამამშვიდებელი ნემსები დაარჭეს. კედლიდან ნიკოლოზი იყურებოდა. კიდევ ერთხელ უცქერდა მასზე უგონოდ შეყვარებულს, მის გამო დამცირებულსა და მისსავე საწოლზე გაშოტილს... კონსერვატორიის თეთრ, განსაკუთრებული ჟრერადობით აღჭურვილ დარბაზში კი ლიანა უკრავდა.

ჰაერში შოპენის ძალიან ლირიული, ჰაეროვანი და პოეტური ბგერები ირხეოდნენ. ლიანას ცისფერი კაბა ეცვა, მისივე ხელით რუდუნებით მოქარგული “პერელეიკით”. სკამზე ფრთხილად, ბებრულად ჩამომჯდარიყო. დაკვრისას ხელი უკანკალებდა. იგრძნობოდა, რომ მასაც უყვარდა. მაგრამ ტექნიკა არ უვარგოდა. როგორც ეს მკაცრი სახის პროფესორმა გადაუჩურჩულა ცნობილ, სათვალებიან მუსიკათმცოდნეს.
მუსიკათმცოდნეს ეღიმებოდა.

ენამწარე იყო, მაგრამ თავის სტატიებში დამწყები და ასაკით მასზე უფროსი ქალების დაცინვა არ ჩვეოდა. თან რაღაცნაირად გულისშემძვრელი სურათი იყო. უკვე გარდასული ქალი ოცნებაში ახალგაზრდობას რომ უბრუნდება, ისეთი. და მუსიკათმცოდნე ძალიან აღელდა. იცოდა მიმავალი რომ იყო, მაგრამ ეს ახლა განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნო და შეშინდა.

ლიანა კი უკრავდა. ახლომხედველი თვალები დაეხუჭა. უკვე იცოდა გამსვლელ ქულებს არ დაუწერდნენ, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო, როგორც შორეულ ბავშვობაში, მზეში ჩაძირულ მდელოზე პეპლებს რომ დასდევდა და სახლიდან კიდევ დედა ეძახდა: “ლიანა! მოოდი, სადილობის დროაო.”

მოკლედ, ჩაიჭრა.

და შემოდგომაც ილეოდა.

ნოემბერში რამდენიმე თბილი დღე გამოერია და სამივენი ძველებურად ბაღში ჩამოსხდნენ.

ისხდნენ. მღელვარედ.

– ციყვი ნამდვილად სიზმარი იყო,– თქვა ნორიკომ დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ– ჩემი ერთ-ერთი სიზმართაგანი... იმ კარადაში არ ვიპოვე?

ლიანა ნოტებს ხედავდა. იმქვეყნიური მუსიკაც ესმოდა.

– ჩვენ უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებით,– ჩაილაპარაკა ვერამ. გაიღიმა. მხარზე ლურჯად დაჩითული შალი ჩამოუცურდა,– ეს ყველაფერი უკვე იყო და იმიტომ.

– და იქნებ არც იყო, – ბევრი ვერაფერი გაიხსენა ნორიკომ.

– იქნება ნორა, აი, ნახავ. იქ იქნება,– დაღარული, ყავისფრად დატალული ხელი მოუთათუნა მეგობარს ლიანამ.

თვალებში ჩამავალი მზის ბრჭყვილა ბურთები უთამაშებდა.



19 აგვისტო. ფერისცვალება.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyThu Mar 07, 2019 9:23 pm

თეონა დოლენჯაშვილი

იუკიო მისიმა - ნიღბის აღსარება

ნაწარმოებების წერას ყოველთვის ასე იწყებდა: სუფთა ფურცელზე ჯერ უკანასკნელი წინადადება გამოჰყავდა და მხოლოდ შემდეგ წერდა სხვა დანარჩენს. ასევე შექმნა საკუთარი ცხოვრებაც, რომელიც ადრეული წლებიდანვე მიზანმიმართულად წარმართა დასასრულისკენ. ამასვე მოწმობდა მისი ლიტერატურული ფსევდონიმიც: იუკიო მისიმა – სიკვდილით შეპყრობილი...

ამიტომ ყველა, ვინც კი მისიმას ახსენებს, პირველ რიგში, სწორედ მისი აღსასრული – 1970 წლის 25 ნოემბრის ტრაგიკული დღე ახსენდება, როდესაც მწერალი და მისი თანამებრძოლები ტოკიოს ეროვნული თავდაცვის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ.

ამბოხის წაუმატებელ მცდელობას სასტიკი და სისხლიანი წარმოდგენა მოყვა და მწერალმა ჭეშმარიტი სამურაების ტრადიციის მიხედვით ხარაკირი გაიკეთა.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ქარიზმატული იაპონელი მწერალი იუკიო მისიმა უმჯობესია ცალკეულ რომანებად და ნაწარმოებებად კი არა, ერთბაშად, სრულად, მის ცხოვრებასთან ერთად წაიკითხოთ. ეს არის ერთი დიდი რომანი – მეტარომანი...

ხირაოკა კიმიტაკე 1925 წელს დაიბადა. წერა ადრეულ ასაკში დაიწყო და თავისი პირველი რომანტიული ნაწარმოები “აყვავებული ტყე” იუკიო მისიმას ფსევდონიმით 16 წლის ასაკში გამოაქვეყნა. მეორე რომანმა “ნიღბის აღსარება” მისიმას ელვისებური აღიარება მოუტანა. “ყველა ამბობს, რომ ცხოვრება _ სცენაა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის ის არ იქცევა უმთავრეს იდეად, და თუ იქცევა, არა ასეთ ადრეულ ასაკში.

როდესაც ჩემი ბავშვობა დასრულდა, მე სრულიად დარწმუნებული გახლდით ამ ჭეშმარიტების ერთადერთობაში და მზად ვიყავი შემესრულებინა ჩემთვის განკუთვნილი როლი, რომელიც სრულიად ფარავდა ჩემს ნამდვილ არსს”, - ეს არის სიტყვები ზედმიწევნით ავტობიოგრაფიული რომანიდან “ნიღბის აღსარება” და ის თვითნაბადი ესთეტისა და მისტიფიკატორის იუკიო მისიმას ცხოვრების ერთგვარ გასაღებს გვაძლევს. ამ რომანის წყალობით ჩვენ ვიცით როგორი იყო წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბიჭის სამყარო, რომლის უცნაურ ფანტაზიებშიც მუდმივად ფიგურირებდა ტკივილი, სისხლი და სიკვდილი. “საოცარ სიამოვნებას მანიჭებს იმის წარმოდგენა, რომ თითქოს ბრძოლაში ვიღუპები, ანდა მკვლელების მსხვერპლი ვხდები. ვიწვი ალისფერი სისხლის ხილვის სურვილით. ვიღაც წერს სიყვარულზე, რადგან ქალებში წარმატება არ აქვს, მე კი ვწერ რომანებს იმისთვის, რომ სასიკვდილო განაჩენი არ გამომიტანონ,”- წერდა 24 წლის მისიმა და უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი სული შიგ ჩასახლებული სიკვდილის დემონისგან გაენთავისუფლებინა.

27 წლის ასაკში მისიმას მოეჩვენა, რომ ეს მოახერხა და მის ბნელ, პირქუშ და კოშმარულ სამყაროში სინათლის სხივი შეიჭრა. 1952 წელს მისიმა პირველად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საბერძნეთში ხვდება.

ბერძნულმა მითებმა, ანტიკურმა ღმერთებმა და ტიტანებმა მის სულში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მისიმა აღმოაჩენს, რომ მისთვის აქამდე მიუწვდომელი და უტოპიური თეორია სილამაზის უკვდავების შესახებ შესაძლოა სრულიად რეალური და განხორციელებადი აღმოჩნდეს და წერს რომანს “ტალღების ხმაური”. არასდროს მისიმას არ უწერია ასე სადად, ლაღად და პოეტურად ჯანსაღ, ადამიანურ გრძნობებზე, სინათლეზე, სიყვარულზე. მისიმას გმირები სრულ ჰარმონიაში არიან ზღვასთან, მზესთან, გარემომცველ სამყაროსთან..

შესაბამისად, მწერალი ახალმა იდეამ, ახალმა როლმა გაიტაცა. გადაწყვიტა შეექმნა ხელოვნების მშვენიერი ნაწარმოები და მშვენიერი გამხდარიყო თავადაც. პრინციპით “ან უნდა იყო ხელოვნების ნაწარმოები, ან უნდა გამოიყურებოდე, როგორც ხელოვნების ნაწარმოები” (ოსკარ უაილდი), მისიმა საკუთარი სხეულის სრულყოფას შეუდგა. ცურვის, კულტურიზმისა და განუწყვეტელი ფიზიკური ვარჯიშის წყალობით იუკიომ საკუთარი სუსტი და ავადმყოფური სხეულისგან სრულყოფილი ათლეტი –ხელოვნების ახალი ნაწარმოები გამოძერწა.

მაგრამ მასში სიკვდილის დემონმა მხოლოდ დროებით მიიძინა.

ბერძნულმა ეიფორიამ მალე გაიარა და მწერალმა იგრძნო, რომ ილუზიის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომ მშვენიერება უდაბნოს ქვიშასავით გაეპარა ხელიდან, რომ სილამაზისა და ყოველდღიურობის თანაარსებობა წარმოუდგენელია, და იუკიო მისიმა ახალ ესთეტიკურ მანიფესტს ქმნის. 1956 წელს დაწერილი “ოქროს ტაძარი” არა მხოლოდ მწერლის შედევრად, არამედ იაპონური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. ბუდისტური ეკლესიის შეშლილმა მსმენელმა კიოტოს უძველესი არქიტექტურული ძეგლი - კინკაკუძის ტაძარი დაწვა. მისიმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ აღსასრული მშვენიერებას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის, ამ ფაქტმა შეძრა. სწორედ აქედან დაიბადა “ოქროს ტაძრის” შექმნის იდეა. რომანში სწორედ ეს კონფლიქტია ასახული, კონფლიქტი მარადიულსა და წარმავალს, დიადსა და მცირეს შორის. ეს არის ადამიანის მცდელობა იარსებოს სილამაზის გარეშე, გაანადგუროს, მოაშთოს, დაცალოს სამყარო წარმტაცისგან.

მისიმა საკუთარ გმირს ამ ამოცანის შესრულებას უადვილებს და მშვენიერებას ერთ კონკრეტულ ობიექტში ასხეულებს, აქცევს რა იდეალს საგნად. მხოლოდ სიკვდილის, ნგრევის იარაღით - ტაძრის გადაწვითა და გაცამტვერებით აღწევს რომანის გმირი მიძოგუტი მიზანს. მხოლოდ ამ გზით უახლოვდება, ეზიარება და ეუფლება სილამაზეს. “ნეტარ თრობას მანიჭებდა აზრი, რომ ერთ პატარა ნაპერწკალს, ალს შეეძლო ორივე გავენადგურებინეთ. ამ ტრაგიკული ცეცხლოვანი ბედისწერის ქვეშ ყოფნა საშუალებას მაძლევდა ტაძრისგან განუყოფლად, მის გვერდით, ერთ განზომილებაში მეარსება.”

მწერალი საკუთარ ნაწარმოებებში ყველაფერს სიკვდილის მსახვრალ ხელს უმორჩილებს. ნოველაში, სადაც მიშიმა ახალგაზრდა, ლამაზი წყვილის ერთობლივ თვითმკვლელობაზე მოგვითხრობს, სილამაზესთან ერთად სიყვარულსაც ასამარებს. მწერალი ჯერ ქალ-ვაჟის ვნებიანი სიყვარულის აქტს, ხოლო შემდეგ იაპონური სინძიუს - შეყვარებულ წყვილთა ორმაგი თვითმკვლელობის აქტს აღწერს, საბედისწერო ჯაჭვს კრავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასთან ეროტიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ტკივილთან, სისხლთან, სიკვდილთან.


დღემდე საკამათოა მისიმას სექსუალური ორიენტაციის საკითხი. ქალი მისიმას შემოქმედებაში საოცრად სასურველი, მაგრამ მუდმივად ხელიდან გამსხლტარი რეალობის და მიუწვდომელი სილამაზის სიმბოლოა. ფიზიკური სიყვარული კი სევდიანი და უშედეგო მცდელობა ერთმანეთს შეუთავსოს მარადიული ტკბობისა და მოკვდავი ხორცის დაამების უბადრუკი აქტი.


ამგვარად, იაპონელი მწერლის ცხოვრების მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისიმა ქალებს გაურბოდა, მეორე ნაწილის აზრით კი ჰომოსექსუალისტური მოტივები წამყვანი მწერლის შემოქმედების მხოლოდ ადრეული პერიოდის ნაწარმოებებში გვხვდება, შემდგომში კი მან სრულებით შეცვალა ცხოვრების წესი. ასეა თუ ისე, მისიმა ერთნაირი წარმატებით სარგებლობდა ქალებშიც და მამაკაცებშიც და ის პირად ცხოვრებაშიც ისევე ოსტატურად ახერხებდა თამაშს, როგორც შემოქმედებაში, სადაც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული უძველესი იაპონური ტრადიციები და ევროპული დეკადანსი.

“ოქროს ტაძრის” შემდეგ მისიმა ქმნის რომანებს “კიოკოს სახლი” და “სიკვდილი ზაფხულის შუაგულში”. ამ ნაწარმოებებში მწვერვალს აღწევს სიცივის, ნიჰილიზმის, მორალური ინდიფერენტიზმის და გამოფიტვა- გაუცხოების მოტივები.

რამდენიმე წლის შემდეგ კი მისიმა თითქოს სრულიად იცვლის მწერლურ და ცხოვრებისეულ პოზიციებს, წერს თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოთხრობას ”პატრიოტიზმი” და მონარქისტული იდეებით შეპყრობილი “ფარის საზოგადოებას” აარსებს.

ამავდროულად, იუკიო მისიმა საკუთარი როლების განსახიერებას უკვე რეალურ სცენაზე იწყებს. მისიმას თეატრი ეს არის განუმეორებელი, მაგიური შერწყმა ტრადიციულ, კლასიკურ ფორმებთან და მაშოკირებელ სიუჟეტებთან. მის პიესებში ყოველთვის ჭარბობს ეპატაჟური, პროვოკაციული ელემენტები.

მისიმას ყოველი ნაწარმოები ადამიანის სულის მდგომარეობის კვლევაა. პიესები “ჩემი მეგობარი ჰიტლერი” და “მადამ დე სადი” მისიმას ბოლო ესთეტიკური გასართობია. მის უკანასკნელ, საოცრად შთამბეჭდავ და წინააღმდეგობრივ ტეტრალოგიაში “სიჭარბის მორევი” კი კვლავ დომინირებს მწერლის “საფირმო” თემები - სილამაზე, ტანჯვა, ნიჰილიზმი.

თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა მისიმასთვის ეს ნაწარმოები, ისიც მოწმობს, რომ მწერალმა 25 ნოემბრის დღეს ერთდროულად დაუსვა წერტილი ტეტრალოგიასა და საკუთარ სიცოცხლეს..

იუკიო მისიმამ, რომელმაც 45 წლის ასაკში საოცრად ბევრი მოასწრო, დაწერა ორმოცი რომანი, თვრამეტი პიესა, ათობით მოთხრობების და ესეების კრებული, იყო კინოსა და თეატრის რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მფრინავი, მოგზაური და ფოტოხელოვანი, სიკვდილის ეფექტური წარმოდგენის წინ მრავალრიცხოვანი ნიღბების კოლექციიდან უკანასკნელი ამოირჩია და ავანსცენაზე როგორც შუასაკუნეების რაინდი, სამურაი და პატრიოტი გამოვიდა.

მოქმედება კი ასე განვითარდა: მისიმა ოთხ ახალგაზრდა თანამებრძოლთან ერთად ტოკიოს სამხედრო ბაზაზე შეიჭრა. ტერორისტებმა ბაზის ბარიკადირება და გენერლის მძევლად აყვანა მოახერხეს, რის შემდეგაც მწერალმა შენობის აივნიდან მიმართა გარნიზონის ოფიცრებს და კონსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. შემდეგ ოთახში შებრუნდა და სამურაების ტრადიციის მიხედვით, საკუთარი სისხლით ლექსის წერას შეუდგა. შემდეგ გადამწყვეტი წამები დადგა. მან დაშნა ამოიღო, მთელი ძალით ჩაიცა სხეულში და მუცელი გამოიფატრა. რიტუალის თანახმად სეკუნდანტს თვითმკვლელისთვის ხმლით თავი უნდა მოეკვეთა.

25 წლის სტუდენტმა მორიტამ მასწავლებელს თავი მოკვეთა და რამდენიმე წუთის შემდეგ თავადაც გამოესალმა სიცოცხლეს.

მისიმასა და მისი თანამებრძოლის, მორიტას ორმაგი თვითმკვლელობა ერთგვარ ესთეტიკურ არტიფაქტად, თეატრალურ ფარსად და მწერლის უკანასკნელ ნაწარმოებად იქცა. მისიმა შეეცადა ერთმანეთთან შეერწყა ხელოვნება, როგორც აბსოლუტური ძალაუფლება და სიკვდილი, როგორც უკიდურესი ზღვარი, და ამგვარად შეექმნა ხმლისა და კალმის ჰარმონია.

მაგრამ მისიმა მხოლოდ “სიკვდილის ესთეტიკის” შემქმნელი არ იყო. მიშიმას, როგორც ხელოვანის ფენომენი ალბათ არ შედგებოდა, რომ არა მისი ბავშვური აღტაცება სიკვდილით ასეთ მაღალმხატვრულ გამომსახველობასა და ღრმა მეტაფიზიკურ ანალიზს არ დაქვემდებარებოდა. მისიმა არასდროს გამოსულა გამოსულა კაფკიანური წრიდან და ბოლომდე ერთგული დარჩა თეზისისა: “წერო, რათა მოკვდე. მოკვდე, რათა წერო.”

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  EmptyThu Mar 14, 2019 10:47 am

თეონა დოლენჯაშვილი

პულჩეროზას სინდრომი

პირველი წიგნი 5 თუ 6 წლისამ წავიკითხე. და რადგან პირველი წიგნი იყო, დღემდე მახსოვს. ეს იყო ჯოვანი პირელის “ჯოვანინო და პულჩეროზა”. იტალიურ, ნეორეალისტურ კინოსავით შავ–თეთრად დასურათებული, ცოტა არ იყოს სევდიანი ზღაპარი ბიჭი ჯოვანინოსა და რწყილ პულჩეროზას შესახებ.

რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს წიგნის შინაარსიც. სოფელში მცხოვრებ ჯოვანინოს რწყილი პულჩეროზა ყურში შეუძვრება და განუწყვეტლივ ეზუზუნება, რომ დროა საკუთარ სოფელს გასცდეს და სამყაროს სანახავად წავიდეს. თავგაბეზრებული ბიჭიც უჯერებს და აქედან იწყება მათი გასაოცარი და დაუსრულებელი მოგზაურობა ახალი ქვეყნების აღმოსაჩენად, სამყაროს შესაცნობად... და ზღაპარი რისი ზღაპარია, თუ გმირები გზადშემხვედრ უსამართლობას არ გამოასწორებენ, სამყაროს უკეთესობისკენ არ შეცვლიან...

მოკლედ, წიგნი წიგნად, ზღაპარი ზღაპრად, მაგრამ ერთი რამ ცხადია. იმ პირველი წიგნის მერე მე ჩემი პულჩეროზა გამიჩნდა. ეს იყო ცოტა აბეზარი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, მუდმივად მოზუზუნე და განუწყვეტელი სურვილი ახალი წიგნების კითხვის, ახალი ლიტერატურული სამყაროების აღმოჩენის და ხანგრძლივი მეტაფიზიკური თავგადასავლის დასაწყებად, და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გავიზარდე და ბავშვური გულუბრყვილობაც გაქრა, მაინც გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სწორედ იმ ხელოვნებას შეუძლია, რომელსაც ლიტერატურა ჰქვია.

იმ ყველაზე დიდ განძს, რაც კაცობრიობამ საკუთარი თავის ძიების გზაზე დააგროვა.

ახლა ამ ლირიული შესავლის და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ვცდილობ ისევ ჩემს სოფელში დავბრუნდე. სოფელი შეიძლება საკუთარი ვიწრო ადამიანური სამყარო იყოს, ან ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ და სადაც არც ისე უყვართ წიგნი და ლიტერატურა. შეიძლება მე ვცდები და ეს ასე არ არის, მაგრამ ფაქტები ჩემს სამწუხარო დასკვნას უფრო ამყარებენ, ვიდრე აბათილებენ. ეს საყოველთაოდ ცნობილი და არახალი ფაქტები კი ისეთია: რომ ნებისმიერ წიგნს, რომელიც საქართველოში გამოიცემა, ძალიან ცოტა მკითხველი ჰყავს; წიგნი ბესტსელერია, თუკი მისი ტირაჟი 500 ცალს გადასცდება; მწირია ლიტერატურული პერიოდიკა, არ არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერა. ისევე, როგორც არ არსებობენ ლიტერატურული აგენტები, მენეჯერები, ორგანიზაციები, რომლებიც ავტორთა უფლებებს დაიცავენ, მიზერულია, ან საერთოდ არ არსებობს საავტორო ჰონორარი,. გამომცემელთა უმეტესობას აღარ სურს პოეზიის და მცირე პროზის გამოცემა, წარმოუდგენელია მწერალმა საკუთარი პროფესიით იცხოვროს, გაგვაჩნია ერთადერთი ცოცხალი ლიტერატურული პრემია “საბა”... ახლა ვცდილობ გავიხსენო რა არის ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა? ალბათ, ივნისის ბოლოს “ექსპო ჯორჯიას” ცხელ და დახუთულ დარბაზებში მოწყობილი სამდღიანი წიგნის ბაზრობა...

ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ახლა, როდესაც ამ დიდაქტიკურ-საავტოროSmile)) წერილს ვწერ, ივნისის ბოლოა. ხვალ წიგნის ფესტივალი გაიხსნება და ბევრი ახალი წიგნის ერთად დანახვა გულს გამიხარებს, გაიმართება რამდენიმე პრეზენტაცია. მაგრამ რადგან წერილი საავტოროა, კვლავ საკუთარ განცდებზე მომიწევს წერა. იმ სინანულზე, თუ რატომ გადაშენდნენ ჩვენს ქვეყანაში პულჩეროზები... (ან იქნებ არც არსებობდნენ?) უკვე რამდენი წელია ამ ბაზრობაზე დავდივარ და იქ მოსულ მყიდველ-დამთვარიელებლებს ლამის სახეზე ვცნობ. ეს არის ჩვენი “წიგნიერი და ბედნიერი” ერის უმცირესი (შეიძლება ასე ითქვას, პულჩეროზებიანი) ნაწილი. ამ ერის უდიდესი, თავისუფალი და მხიარული (ანუ უპულჩეროზო) ნაწილი ტელეეკრანებს მისჩერებიან, ან რესტორებში სხედან, ან პოლიტიკური დებატების მონაწილეები და მსმენელები არიან და ვერ ხვდებიან რომ პულჩეროზების გარეშე ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი და საშველი არ იქნება.

არ იქნება. არ იქნება...

რას ვიზამთ... ისევ ექვსი წლის უნდა იყო, რათა გჯეროდეს, რომ ოდესმე ამ ქალაქში საკნების ნაცვლად დოჩანაშვილის კარცერი-ლუქსები დაიდგება, შავი ჯიპებით გადაჭედილ ქუჩებში რაბლეს პერპეტუუმ მობილე ათუხთუხდება, ოდიოზური პოლიტიკოსების ნაცვლად ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდი გამოჩნდება... ან რწყილი პულჩეროზა მწარედ კბენას ისწავლის... წიგნი აღარ არის მისტერია. ლიტერატურა აღარ არის ვნება, პულჩეროზები კი გადაშენების გზაზე დგანან.

ისინი აღარ ზუზუნებენ ჩვენს ყურში, ჩვენს თავში, ჩვენს გონებაში და უკვე ძალიან იშვიათად, ხანმოკლედ გამომკრთალი სურვილის ერთი ხელის დარტყმით გასრესაც ისეე იოლად შეიძლება. და კითხვის, შემეცნების, ახალი სამყაროების აღმოჩენის სურვილიც სამუდამოდ გაქრება. ჩვენ ხომ ისედაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს ჩვენს სოფელში, ჭაში, ქვევრში, პატარა სამყაროში, სადაც არსებობს ათასგვარი რესტორანი, იაფფასიანი ესტრადა, ყვითელი პრესა, იუმორინები და კომედი შოუები, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ასე იოლია, მარტივია, კითხვებსაც არ აჩენს. და, შესაბამისად არც ამ პასუხების სადმე ამოკითხვის აუცილებლობა ჩნდება.


ჟურნალი “ფოკუსი” N36. ივლისი...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




თეონა დოლენჯაშვილი  Empty
PostSubject: Re: თეონა დოლენჯაშვილი    თეონა დოლენჯაშვილი  Empty

Back to top Go down
 
თეონა დოლენჯაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: