არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 კოლაუ ნადირაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:41 pm

კოლაუ ნადირაძე Kolau_11
Kolau Nadiradze

კოლაუ ნადირაძე

კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე (დ. 8 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.
მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა. ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.
ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით. თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.
კლასიკური გიმნაზიიდან ''მგლის ბილეთით'' გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
პირველი ლექსი ''ავზნიანი ქალაქი'' დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ ''ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი.
პირველი წიგნი ''ბალდახინი'' გამოსცა 1920 წ. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო “მოწამლული” სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები.
კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მან მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზით, სითბოთი, სინათლითა და ამაღლებით გამოირჩევა. ეს არის ტკივილის, ფიქრისა და ოცნების ხმა, საგნებისა და ფერების მუსიკა, რომელიც საუკეთესოდ ჟღერს ლექსებში “ადაჟიო”, “ზღვასთან”, “ჩემს ბავშვებს”, “თამარის ხიდი”, “შემოდგომა იმერეთის სოფელში”, “ოცნება საქართველოზე”, “მთვარის წყალობა” და სხვა. პოეტისთვის გადამწყვეტია ეროვნული სულისკვეთება, მისი შთაგონების წყაროა ქართველ წინაპართა დიდებული სახეები და მისი ღვაწლმოსილი თანამედროვენი.
მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია “წიწამურიდან საგურამომდე”, რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია.
უშიშარი რომ იყო, ეს ღრმად მოხუცებულმაც დაამტკიცა, 1985 წელს გამოაქვეყნა ანტიბოლშევიკური ლექსი “25 თებერვალი. 1921 წელი”, რომელიც მეხივით გავარდა იმდროინდელი კომუნისტური საზოგადოების “მოწმენდილ” ცაზე.

„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“

კოლაუ ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/კოლაუ_ნადირაძე


კოლაუ ნადირაძე - მე მიყვარს დილა

study


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 2:48 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:47 pm


კოლაუ ნადირაძე „25 თებერვალი, 1921 წელი“
Published on Dec 21, 2008
კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობს მარიამ ტყეშელაშვილი.

Exclamation

კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი, 1921 წელი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!..

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე...

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!..

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

25 თებერვალი, 1969 წ.
თბილისი


კოლაუ ნადირაძე Kolaus10

ია აბულაშვილი

უკანასკნელი ცისფერყანწელი - ანუ როგორ დაიწერა ლექსი "25 თებერვალი"

"თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი... თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯი ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცულით!" - კოლაუ ნადირაძის ეს სტრიქონები მეხივით გავარდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მერანში". 1985 წლის სექტემბერში საუკუნეს მიღწეული პოეტი ლამის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ლექსი "25 თებერვალი, 1921 წელი" კი "დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად" მონათლეს.

როდის და როგორ დაიწერა ეს ლექსი, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა პოეტი ამ ამბავს წლების შემდეგ ასე იხსენებდა.

"1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი, კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი - შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნება ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი. მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის, ჩემი ლექსიც... და ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავის ბედი აქვს" (ამონარიდი წიგნიდან "უკანასკნელი ცისფერყანწელი").

მწერალი რევაზ მიშველაძე კი "რეზონანსთან" ჟურნალ "მერანში" ამ ლექსის დაბეჭდვის ისტორიას იხსენებს.

"კოლაუ ნადირაძე კარგად მახსოვს, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ლამაზი შუბლით, ფართო მხარბეჭით და მიჭყლეტილი ცხვირით; იგი ახალგაზრდობაში მოკრივე იყო. ყველასგან გამოირჩეოდა; ხშირად იდგა რუსთაველის პროსპექტზე, გამომცემლობა "მერანის" ფოიეში.

კოლაუ ნადირაძისგან 1972 წელს, მაშინ ახალგაზრდა მწერალმა, პირველი ინტერვიუ ავიღე და ბატონი კოლაუ ისე უშუალოდ და გულწრფელად დამელაპარაკა მისთვის სრულიად უცნობ კაცს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სითბოდ გამყვა მისი არაჩვეულებრივად ადამიანური თვისებები, მისი სიკეთე და უშუალობა. მაშინ მითხრა, რომ ხუთიოდე ქუთაისელმა, მათ შორის პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ ერთმანეთთან ძმობის ფიცი დავდეთ, გვიან ღამემდე ვისხედით ქუთაისის სადარბაზოებში და ლექსებს ვკითხულობდითო.

ცოტა მოგვიანებით ამ ბიჭებმა გამოსცეს ჟურნალი "ცისფერი ყანწები" და მთელი საქართველო გააოცეს არა მარტო თავიანთი დიდი ლიტერატურული ნიჭიერებით, რაც ჟურნალ "ცისფერი ყანწების" ორ ნომერს ეტყობა (მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა), არამედ ერთმანეთისადმი საოცარი მეგობრული ერთგულებით და რაინდობით. ცნობილია, რომ როცა პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, კაგებემ აუკრძალა მოქალაქეებს, თვითმკვლელის კუბოს საფლავამდე გაჰყოლოდნენ. ერთადერთი პაოლოს მეგობრებიდან კუბოს უშიშრად მიჰყვებოდა კოლაუ ნადირაძე და როცა მას მიუთითა ტყავის ქურთუკიანმა ე.წ. თანამშრომელმა, თქვენ ხომ გითხრეს, რომ მოღალატის გლოვა არ შეიძლებაო, კოლაუ გაცეცხლდა და მიუგო, მე მოღალატეს კი არა, ჩემს მეგობარს ვტირიო.

რაც შეეხება ლექსს, რომელიც გახმაურდა 80-იან წლებში და რომელსაც ჰქვია "შემოდიოდა სიკვდილი ცულით", მისი ისტორია ასეთია. გამომცემლობა "მერანმა" შეადგინა პატრიოტული ლექსების კრებული და სთხოვა მხცოვან მგოსან კოლაუ ნადირაძეს, ერთი ლექსი მაინც მოეტანა. კოლაუმ მოიტანა ეს ლექსი, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, აშკარად არასაბჭოური ხასიათისა, მაგრამ კრებულის შემდგენლებმა გამოიჩინეს გამბედაობა და დაბეჭდეს კოლაუს ეს ლექსი, სადაც დახატული იყო ავად სახსენებელი მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში და ის წითელი ტერორი, რომელიც მოჰყვა ბოლშევიკურ ანექსიას საქართველოში.

კრებულის გამოსვლის შემდეგ ფხიზელმა იდეოლოგიურმა სამსახურებმა დაარბიეს "მერანი"; აკრძალეს კრებული და სამსახურიდან დაითხოვეს "მერანის" სამი თანამშრომელი - იზა ორჯონიკიძე, მამუკა წიკლაური და გრიგოლ ჯულუხაძე. ხელი არ ახლეს გამომცემლობის დირექტორ გურამ გვერდწითელს, მის მიმართ მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით დაკმაყოფილდნენ. ასეთი იყო კოლაუ ნადირაძე - პოეტი, რაინდი, ცისფერყანწელთა საძმოს ღირსეული წევრი" - იხსენებს რევაზ მიშველაძე.

როგორც ამბობენ, პაოლოს მეგობრებიდან, ოჯახის წევრების გარდა, კოლაუ იყო ერთადერთი, ვინც ცხედარს მიაცილებდა. სწორედ მან მონიშნა ღვინის ბოთლებით პაოლოს საფლავი და გადაარჩინა დაკარგვას. თავად პოეტი კი ამ ერთადერთობამ გადაარჩინა. ლავრენტი ბერიას რომ მოახსენეს ეს ამბავი, უთქვამს - ყოჩაღ, კოლაუ, ხელი არ ახლოთო.

გაზეთი „რეზონანსი“, 25.04.2017

study


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 3:05 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:49 pm

კოლაუ ნადირაძე

წიწამურიდან საგურამომდე

პავლე ინგოროყვას

წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლისგავლა
ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე აშრიალებულ
ფოთლების ზღვაა.
ისევ დუდუნი ისმის არაგვის, ისევ
ბიბინებს არაგვის ველი.
ღამით ამოსულ და აყვავებულ ვარსკვლავებს
დილა მოთიბავს ცელით,
ღამით ამოსულს და აყვავებულ ნიავს
არაგვი დილამდე ელის.
ჰეი, არაგვო, არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!
შენს სამას შვილზე ხომ არა დარდობ? –
გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები, – ეგ ხომ
ცრემლების წმინდა ბროლია!
ჰეი, არაგვო, მიამბე მაინც შენს სამას რაინდს თუ რას უმღერდი,
როგორ აღზარდე ქართულ ქოხებში და
ქართულ აკვანს როგორ ურწევდი!
ჰოი, არაგვო, მაშინაც, ალბათ,
ამავე სევდას მოაქუხებდი!
არავინ იყო ამბის მომტანი, არ გინათებდა გულს ალიონი,
აღარ გესმოდა? ვისაც მოუკლავს?,
არ გუგუნებდა ზარი სიონის,
შენ დაგტიროდა მხოლოდ მოხუცი: –
დამარცხებული ბაგრატიონი!
გზა ეკლიანი და უდაბური გმირებს და
მგოსნებს გაუკაფიათ!
საით ისწრაფვი მაინც, არაგვო, და
მიაშფოთებ ტალღებს ქაფიანს?
მცხეთის კარამდე დიდი ჩრდილებით მთებს
შენი ტანი დაუდაფნიათ!
მცხეთის კარამდე გაისმის ძვლების და
მუზარადის მსხვრევის ხმაური!
მცხეთის კარამდე წარსულ ბრძოლების ისევ
ამტყდარა აურზაური,
მცხეთის კარამდე რეკავს ჯავშანზე დაჯახებული ხმალი ფშაური!
წიწამურიდან გულის კარამდე ერთი გზა
მოდის – გზა სისხლიანი,
ისევ ჰყივიან ცაში არწივნი და შრიალებენ მთანი ტყიანი;
მთებში ირმების ისმის ყვირილი, გულის
მზარავი და სევდიანი.
ეგების მკერდში დასჭრეს ირემი და არ
ურჩება ბეჩავს იარა?
განგმირულ შუბლით ეკლიან გზაზე ისევ
მგოსანმა თუ გაიარა?
ეგების ამცნო მთებს საიდუმლო და დიდი
ფიქრი გაუზიარა?
ჰოი, არაგვო, არაგვიანო, გულში ეგ სევდა
რად ჩაგწოლია?!
მოკლულ პოეტზე ხომ არა დარდობ? –
გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები – ეგ ხომ
ცრემლების წმინდა ბროლია!
ჰოი, არაგვო, მიამბე მაინც, როგორ დაეცა
ეს გოლიათი?
ეგების, შეწყდა ვარსკვლავთ კაშკაში,
გადაეფარა მიწას წყვდიადი,
და დამწუხრებულს, კაეშნით მოცულს,
მზესაც ამოსვლა დაუგვიანდა?
შთაგონებული სიმღერა მისი აღარ მოესმის
მიდამოს შენსას.
ალბათ, მისთვის ხარ გულჩათხრობილი
და აღარც ცხრება ტალღების კვნესა!
ნატყვიარ შუბლის სისხლის წვეთები
ახლაც აცხია მიწას და ქვებსა!..
წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა.
წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის
გავლა ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე დიდი მთები და უძირო ცაა.

ბმული:
* https://soundcloud.com/national_archives_georgia/1965-2

study


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 3:23 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:50 pm

კოლაუ ნადირაძე

წავაგეთ ღამე

(ჩანაწერებიდან)

1923 წელს ჩამოვედი თბილისში, ძლიერ მომინდა ჩემი მეგობრების ნახვა, რომელნიც ქუთაისიდან ჩვენს სატახტო ქალაქში გადასახლდნენ. მომენატრა თბილისი, რომელიც ორი წელიწადი არ მენახა.

მზიანი ოქტომბრის დილით შემხვდა თბილისი.

ჟურნალ “დროშის” რედაქციისაკენ გავეშურე – ვიცოდი, რომ იქ ვნახავდი ჩემი მეგობრების უმეტესობას. რედაქცია მოთავსებული იყო რუსთაველის პროსპექტზე, საოპერო თეატრის პირდაპირ, სადაც ამჟამად წიგნების მაღაზია “ჩირაღდანია”. რედაქციის შესასვლელთან, გაუგებრობის შედეგად პატარა, მაგრამ მეტად არასასიამოვნო ინციდენტის შემდეგ გავიცანი პოეტი გიორგი ქუჩიშვილი, რომელიც წინათ არ მენახა. რედაქციიდან სასწრაფოდ გამოსული პაოლო იაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, გოგლა ლეონიძის, ტიციან ტაბიძის და ალი არსენიშვილის წყალობით საქმე სწრაფად მოგვარდა. ორი კვირის განმავლობაში, რაც მე თბილისში დავრჩი, ახლოს გავიცანი და დავუახლოვდი გიორგი ქუჩიშვილს, ამ გულწრფელ, შესანიშნავ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის უახლოეს მეგობარს. ეს გახლდათ პოეტი საოცრად კეთილი, შინაგანად სპეტაკი, შთაგონებული სამშობლოს სიყვარულით, მისი რეალური ცხოვრებით. ეხ, თბილისში ოდესღაც გატარებულო დღეებო და ღამეებო!

ჩვენ ისევ ვიხსენებთ ახლო წარსულს, ისევ მეგობრული სიყვარულით და ახალგაზრდული დაუღლელობით ვკლავთ დროს. თბილისის ქუჩებში ხეტიალი არ გვეზარება. უკვე დაოჯახებული მეგობრების წრეში მახარებს ყოფნა. ისევ თავდავიწყება, უდროოდ, სამარადისოდ დაკარგული მეგობრების ცრემლებით თავისა და მუხლების მოხრა?! სხვა არაფერი, არაფერი, არაფერი!

“ცისფერი ყანწების” მე-3 ნომრის გამოცემის საკითხი არ მოგვარდა. ჟურნალის გამოცემა უკვე რთულ პრობლემად გადაიქცა, რომლის გადაჭრა ჩვენი ძალებით უკვე აღარ შეგვეძლო…

ერთ დღეს ძლიერ მომინდა იეთიმ გურჯის ნახვა და მასთან პურის ჭამა. შევხვდი. მე გავანდე მათ ჩემი სურვილი, რასაც მათი მოწონების დასტური მოჰყვა. გადავწყვიტეთ წასვლა “დენიკინთან”. ეს სახელწოდება, კაცმა არ იცის თუ რატომ, რისთვის ან ვინ შეარქვა ახლანდელ კოლმეურნეობის მოედანზე იმ დროს არსებულ ღვინის სარდაფის პატრონს, რომელსაც გარეგნობით სრულებით არაფერი საერთო არ ჰქონდა გენერალ დენიკინთან.

“დენიკინი” საკმაოდ ტანადი და ჯანიერი კაცი გახლდათ, სტუმრების კარგი, თავაზიანი მიმღები, მეტად მოსაწონი კახური ღვინით მოვაჭრე. მისი სარდაფი იყო მეზობლად იმ სარდაფისა, რომელიც ვაჟას, ვალერიან გუნიას, ილია აგლაძის, პავლე საყვარელიძის, შიო მღვიმელის საყვარელ სარდაფად ითვლებოდა (ამ სახელგანთქმულ სარდაფს “ქოსების” სარდაფი ეწოდებოდა). ჩვენს მიერ არჩეული სარდაფი მოცულობით დიდი, საკმაოდ ტევადი, მუხის ლამაზი კასრებით იყო მიმზიდველი.

ჩვენ რომ მას ვესტუმრეთ, დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა

– მობრძანდით, პოეტებო, თქვენი ჭირიმე, კარდენახის წარაფებიდან ახლახან მიღებულ დედის რძესავით ღვინოს შეგასმევთ, მობრძანდით!

– ჩვენ, კიდევ, ხრამული, დოში და გუდის ყველი მოვიტანეთ, ძვირფასო დენიკინ: შოთის პური გვაკლია! – უპასუხა ტიციანმა.

– შოთი პურიო! ეგ ჩემზედ იყოს, ამაზე ნუ გაირჯებით!

– ეგ ყველაფერი ჩინებულია, – ეუბნება გიორგი ქუჩიშვილი, – მაგრამ მთავარი ის არის, რომ იეთიმის ნახვა მოგვინდა!

– იეთიმისა? ჩვენი ძმისა? ღმერთო ჩემო, განა აქ არ არის?! მობრძანდით!

სარდაფში მართლაც იეთიმ გურჯი დაგვხვდა.

ტიციანი, გიორგი და არნო მიესალმნენ იეთიმ გურჯს, როოგორც კარგ ნაცნობს და უამბეს ჩემს შესახებ. იეთიმმა ხელები სიხარულით გამომიწოდა.

– ლიხთიქითურ მხარიდან ჩამოსულ სტუმარს, პოეტს, ჩემი სალამი და ჩემი ალალი გული, – თქვა მან. ჩვენ გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი.

– მომეცით, ამხანაგებო, უფლება ამ პატარა ჭიქით შევსვა პირველად სტუმრის გასაცნობი და თანაც ჩემი ლექსი შევკადრო!

გაუმარჯოს საქართველოს მთა-ველსა,

მშობელ ქვეყნის, ჩვენი დედის არესა

ლიხთაქეთურ, ლიხთიქითურ მხარესა!

ჩემს წინ იდგა თავისი განუყრელი გახუნებული ნაბდით და ხელში ღვინით სავსე ქამრიანი ჭიქით შესანიშნავი ქართველი აშუღი, შესანიშნავი პოეტი იეთიმ გურჯი, რომელიც ასე უყვარდა ქართველ ხალხს. მთელ თბილისს, ყველას, ვისაც ოდნავ ესმის და უყვარს პოეზია. მე კი თან დამდევდა მისი ლექსების სტრიქონები: “წყალში ვდგევარ – ცეცხლი მიკიდია”. “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი”. “რათ მინდოდა, მშრალ ქვიშაზე მებადურად რომ დავმდგარვარ”. “ქვა მარილით ბანს ვაშენებ, ჩემი სახლის დასახურად”, “ქრისტეს მცნებით რათ მოვსულვარ მახმადის კარს სამსახურად!”

– კარგი იქნებოდა, ჩვენს პურისჭამას ალექსიც დასწრებოდა! ერთი ფეხით გაგასწროთ.

– ვინ ალექსი? – ვეკითხებით.

– ვინ და ჩემი ძმაკაცი, ალექსი ბარნოვი, პატიოსანი ადამიანი, აი, ჩვენი დიდი მწერლის, ბატონ ვასილ ბარნოვის ახლო ნათესავი.

უკვე ღამდება. ჩვენ დაშლას ვაპირებთ. ბევრი ძმური სადღეგრძელოა შესმული, მაგრამ ტიციანი, ჩვეულებრივი დაუცხრომლობით, წინადადებას იძლევა:

– ახლა დავემშვიდობოთ დენიკინს და ავეტიკს მთელი შემადგენლობით ვეწვიოთ. იქ დავასრულოთ ეს დროსტარებაც!

ტიციანის წინადადებას ერთსულოვნად მხარს ვუჭერთ.

პუშკინის ქუჩით მივდივართ სარდაფისაკენ, რომელიც პუშკინის სახელობის სკვერის პირდაპირ იყო. იქ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საერთოდ სახელგანთქმული ?ავეტიკა? იმყოფება.

იეთიმ გურჯი მხიარულია და ბედნიერი…

ავეტიკა დიდი პატივისცემით გვღებულობს ჩვენ და მხიარული ეგებება იეთიმს.

– იეთიმ, ძმაო, გავიგე, ავლაბრიდან აქეთ, ჩვენსკენ გადმოგიტანია გუდა-ნაბადი! კარგი გიქნია, ჩემმა მზემ, თორემ უშენობა ძლიერ ემჩნეოდა აქაურობას.

– გადმოვბარგდი, ძვირფასო ავეტიკ, ჩემი ავლადიდებითა! შენც მომენატრე, განა გულმავიწყობა მჩვევია?! ეხლა დენიკინიდან მოვაბიჯებთ…

– მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით, ჩემი ღვინოც გასიჯნეთ, იგემეთ! შენ კი, იეთიმ, ჩემი დიდი მადლობა ამ პატიოსანი ხალხის მოყვანისათვის. განა, ქართველი პოეტებისათვის ჯანის დახარჯვა დამზარდება?!

– ნურაფერს მოითხოვთ, ბატონებო, ავეტიკმა თავად იცის, რაც გეამებათ: იმას მოგართმევთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება!

– აბა, ავეტიკ, შენებურად! – ეუბნება იეთიმი, დამიმშვენე ეხლა ჩემი სიღარიბე, სიმდიდრეს ხომ დამშვენება აროდეს დასჭირვებია!

– ბატონებო, მობრძანდით, მოილხინეთ! იეთიმ კეთილო, სიღარიბე ჭირს წაუღია. ჩვენ გულით მდიდარი უნდა ვიყოთ და ვართ! რომელ დამშვენებაზე მეუბნები? განა შენ დამშვენება გაკლია, დამშვენებული არა ხარ? ჩემი თუ არა გჯერა, – შენს მეგობრებს დაეკითხე – მათ უკეთ იციან!

მართლაც, კარგი სუფრა გაიშალა. ჩვენი დროსტარება მედუდუკეთა სიმღერამ დააგვირგვინა, სიმღერებმა იეთიმ გურჯის ლექსებზე აჟღერებულმა. შეზარხოშებული და საკუთარი ლექსების მოსმენით გარინდული იეთიმ გურჯი სუფრის ბოლოში ზის დაიდაყვებულ ხელებზე თავდაყრდნობილი. ვემშვიდობებით ერთმანეთს: როგორღაც იეთიმი, ტიციანი და მე მარტონი ვრჩებით და გაყრას ვაგვიანებთ.

– ძვირფასო ნიკო, ძვირფასო ტიციან, – გვეუბნება იეთიმი, – ჩვენ ხომ სიყვარულში და მეგობრობაში გავატარეთ დღე, მოდი, ახლა ეს ღამე წავაგოთ ერთად, აი იმ პატარა ბაღში, ჩვენს გვერდით არის, სადაც პუშკინის ძეგლია. ხედავთ, როგორი მაღალი ხეებია იქ! ხედავთ, რაც კი ახლომახლო ყვავ-ყორნებია, იქ, იმ ხეებზე აურზაურით ათევენ ღამეს. ჩვენც წამოვწვეთ იქ, იმ ხეების ახლოს, პუშკინის გვერდით. თბილი ღამეა, ტკბილად დაგვეძინება. გავაღებ ჩემ ნაბადს, მოვისვენებთ, დილით კი, ვიდრე მზე ამოვა, ისევ ამ ქუჩას გადავლახავთ, ისევ ავეტიკს ვეწვევით და ის თავისი სახელგანთქმული ხაშით გაგვიმასპინძლდება. ასეთ ხაშს ხომ თბილისში ვერვინ აკეთებს! მაშ ასე, წავაგოთ ღამე!

– ღამე წავაგოთ? – გაკვირვებული ვეკითხები იეთიმ გურჯს, ტიციანი იცინის.

– დიახ, პატივცემულო ნიკო, ასე ვუწოდებ ამგვარად გატარებულ ღამეს, წავაგოთ ღამე ისე, როგორც ბოლოს და ბოლოს, დასასრულს, ყველაფერს ვაგებთ ჩვენ ამ დუხჭირ ცხოვრების სავალალო ორომტრიალში… ღამე ხომ დაყუჩებისა, დადუმების, დაბოლოების მანიშნებელია!

იეთიმმა მიწაზე გაშალა თავისი ნაბადი. წამოვწექით, დავიძინეთ და გავათენეთ. ყვავ-ყორნების ჩხავილს არ შევუწუხებივართ…

ქუთაისში წასვლამდე, კიდევ ორჯერ მომიხდა იეთიმ გურჯთან ღამის წაგება – ერთხელ პაოლოსთან, მეორედ კი ტიციანთან და ეღიშე ჩარენცთან ერთად.

study


Last edited by Admin on Mon Feb 25, 2019 3:42 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:53 pm

კოლაუ ნადირაძე

ავზნიანი ქალაქი

მე ხშირათ მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი;
ატალახებულ ქუჩებს მივჰყვები, ვუცქერ უკბილოთ
დაღრეჟილ სახლებს.
ხარბათ დავეძებ მახინჯ სახეებს,
მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი ავზნიანი და
ცოდვებით მთვრალი.

ავათმყოფ სახლებს, ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,
აკმევებს სურნელს სამიკიტნო ღვინით ხაშით,
გიჟდება ღამე ართნის რწყევით,ზურნით და ტაშით,
და ცა ლოტბარი შავათ მორთული, ქურდებს და
მკვლელებს გამოსვლას ურჩევს.

ბნელ სახლებიდან გამორბიან ჭითლათ ქალები,
როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართ
ხროვა ბრუნდება სახლში.
ჯამბაზობს ვნება ავათმყოფ ხალხში,
აქცევენ ბალღამს ქვაფენილებზე ქუჩის მნათობთა
თეთრი თვალები.

და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი.
ჩემს წინ ქვშერდომთ გაუმართავთ შავი პარადი.
ჩემი ტკივილი შეიქნება აწი მარადი
და იარები ყველასათვის შესახედარი.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:55 pm


კოლაუ ნადირაძე - ფიქრი
GPB ARCHIVE
Published on Sep 4, 2017

Exclamation

კოლაუ ნადირაძე

ავტოპორტრეტი

ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი;
კვლავ ეკვატორი მეცხადება; ხაშმით მაბრუებს;
ლომები ზანტით დაეძებენ, დაბურულ ღრუებს,
მძიმე თათებით ცხეელ სილაზე აჩნდება კვალი.

ინდოეთის წინ მოვიხადო მსურს ჩემი ვალი;
სადაც კერპები თვალჩასმული დასცქეერნ რუებს;
ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს;
ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი!

ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,
ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით;
ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით!
ახ ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა -
თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი. შავი,
მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!

study


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 3:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:56 pm

კოლაუ ნადირაძე

ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე

განა არ ვიცი, განა არ ვხედავ,
რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი?!
მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ,
და, რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა?
როცა ბრძოლების დაჰქროდა ქარი,
როცა კოშკიდან კრთოდა მანდილი
_
მაშინ დაშნების რეკავდა ზარი,
და სულ სხვა იყო გულის წადილი!..
კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი _
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?
მაშინ ეგ სახე მენახა ნეტავ,
ნეტავ შენი ხმა მე მომესმინა,
როცა ტიროდა ქართველი დედა
იქ, სადაც სამას არაგველს სძინავს!
ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო
და მარგალიტისფერი სხეული
წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს _
გულში რომ არის ჩამონთხეული.
ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა
შენი მანდილის მაღლიდან რხევა,
გამევლო ღამით ჩუმი ვენახი
და კოშკის კარი გაეღო მხევალს...
დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება
და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, _
ჩემი ოცნებაც გედივით კვდება
და იფარება სათუთი ფიფქით.
კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს...
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 1:58 pm

კოლაუ ნადირაძე

შალვა კარმელს

გადაგაშენა ზამთრის ობლობამ
შენ უნაზესო, მორჩილო ღვთისა
და ვერ გიშველა შენ ჩვენმა ძმობამ
და ვერც ალერსმა სამშობლოს ცისამ
დაცვივდა ფერფლად შენი სხეული,
ღონე მიხდილი ბევრი წვალებით,
მაგრამ ამ ჯვარცმით გადაქცეული
გვიყურებ სულში წმინდა თვალებით.
შენ გაიარე, ვით მოჩვენებამ
და პოეზიამ დაგადნო სწრაფად.
მაღალი ტანჯვის ღვთიურ შვენებამ
დაგასნეულა და დაგწვა მძაფრად.
და ეხლა სხვა მზე მოფრენილს ბედით
შენს სულს განწმენდის ალერსით იღებს
და სიყვარულის უტკბესი დედა
შენ ღვთისმშობელი კარებს გაგიღებ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 2:00 pm

კოლაუ ნადირაძე

მე ისევ მესმის
(თამარ მეფეს)

მე ისევ მესმის წარსულის კვნესა,
კაეშანს ჩემსას სიჩუმე ათრობს.
დაკარგულ საფლავს ვიგონებ შენსას,
სადაც, ძვირფასო, გძინავს და გათოვს!..
ეგ ხომ ჩემს პირველ სიყვარულს ათოვს,
ეგ ხომ შენი ხმის შრიალი არის!
შენი უკვდავი ღიმილი მაკრთობს -
გამოშუქება ციური მხარის!

study


Last edited by Admin on Sat Mar 16, 2019 2:47 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyMon Feb 25, 2019 2:15 pm

კოლაუ ნადირაძე Kolau_10

შორენა ლაბაძე

4 ცოლი, ღვინის ბოთლებით მონიშნული საფლავი და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პოეტ

უცნობი ფაქტები კოლაუ ნადირაძის ცხოვრებიდან

ცისფერი - პოეზიის ფერი, ყანწი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო... ყანწი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული სასმისია, ამ სიტყვაში შემავალი თანხმოვნები კი - “ყ” და “წ” მხოლოდ ქართულ ანბანში გვხვდება...
კოლაუ ნადირაძე ეტრფოდა ყოველივე ქართულს და სულს უფორიაქებდა ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ქვეყანა იმ კონკრეტულ პერიოდში განიცდიდა... რა ახარებდა და რას განიცდიდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამის შესახებ მისი შვილიშვილი და მოსახელე, მსახიობ ქეთი ასათიანის მეუღლე, ნიკა ნადირაძე გვესაუბრება...

GzaPress- ცნობილია, რომ კოლაუ ნადირაძის მამას, გალაქტიონ ნადირაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან...
- კოლაუს მამა ცნობილი თვალის ექიმი იყო. მკურნალობდა აკაკი წერეთელსაც. ერთხელ თურმე აკაკის კოლაუ კალთაში ეჯდა და გალაქტიონისთვის უთქვამს, - შენი შვილი მგონი ლექსებს წერსო. გალაქტიონს უპასუხია: მაგას ვერ გამიბედავსო. არც მამაჩემ როსტომს ეგონა, თუ გავუბედავდი, მაგრამ კი დავღუპეო - გამოჰპასუხებია აკაკი...

- ცნობილი სიმბოლისტი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა...
- რევოლუციამდე კოლაუს მამა და ბაბუა ძალიან შეძლებულნი იყვნენ. ქუთაისში დიდი სასახლე ჰქონდათ, სადაც იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. გალაქტიონს კი საკუთარი თვალის კლინიკაც ჰქონია. ოჯახს შემოვლილი ჰქონდა მთელი ევროპა. პარიზშიც სახლს ფლობდნენ. რევოლუციის შემდეგ, პრაქტიკულად, ქუჩაში აღმოჩნდნენ, მაგრამ კოლაუ ძლიერი სულის ადამიანი იყო და გული არასოდეს გაუტეხია. პარიზში ცხოვრებისას, როცა კოლაუ სულ რაღაც 12 წლის იყო, თავის მეგობართან ერთად ამერიკისაკენ მიმავალ გემზე აპარულა. მეგობრებს განზრახული ჰქონდათ ამერიკაში ჩასულიყვნენ და ინდიელებს დახმარებოდნენ... მაგრამ ბავშვები პორტშივე იპოვეს და გემიდან ჩამოიყვანეს...

- რატომ არ ცნობდა გალაკტიონს, როგორც დიდ პოეტს? ამბობენ, კოლაუ ნადირაძეს სწორედ გალაკტიონ ტაბიძისადმი ასეთი დამოკიდებულება არ აპატიეს და ამიტომ არ იყო სათანადოდ დაფასებულიო...
- არ შემიძლია ვისაუბრო მათ ურთიერთობაზე, ხოლო რაც შეეხება იმას, აფასებდა თუ არა კოლაუ გალაკტიონს როგორც პოეტს, შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: სახლში ლექსების კრებული გვაქვს, რომელშიც გალაკტიონის ლექსის ქვემოთ კოლაუს ხელითაა მიწერილი - “გენიალურია!”

- მაინც როგორ გაუძლო კოლაუ ნადირაძემ იმ დროებას?
- კოლაუს ძალიან ძლიერი სული ჰქონდა და ვფიქრობ, ბედისწერამაც გადაარჩინა. ბაბუა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შვილს უთხრა: ღმერთმა ნუ გაცოცხლოს ჩემს ასაკამდეო. მამას გაუკვირდა, კოლაუმ კი ასეთი პასუხი გასცა: მე სრულიად მარტო ვარ, არც ერთი ჩემი მეგობარი ცოცხალი აღარ არისო.

- შვილთან დამოკიდებულებაში მკაცრი იყო?
- მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა; უდიდესი პატივისცემა იყო მათ შორის. კოლაუ 63 წლის იყო, როცა ნუგზარი გაჩნდა. არ მახსოვს, ეთქვათ ერთმანეთისთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი. ოჯახურ ურთიერთობაში ძალიან თბილი იყო. თურმე, როცა მამამ სიგარეტის მოწევა დაიწყო, ვერ ბედავდა მშობლებისთვის ეთქვა. დედას - ნორას გაუგია და ძალიან გაბრაზებულა. ჩხუბის შემდეგ ნუგზარი პირდაპირ კოლაუს კაბინეტში შეუყვანია და მეუღლისთვის ყველაფერი უთქვამს. მამა ამბობს ხოლმე, - მერჩივნა, მაშინ მიწა გამსკდომოდაო. კოლაუს უკითხავს, მართლა ეწევიო? მამას სხვა გზა არ ჰქონდა და დაუდასტურა. კოლაუ თვითონ მწეველი არ გახლდათ, მაგრამ უჯრაში ყოველთვის ჰქონდა საუკეთესო სიგარეტი. - რა სიგარეტს ეწევიო? - უკითხავს. როცა შვილისგან პასუხი მიუღია, უჯრიდან სიგარეტი ამოუღია და გაუწვდია, - მაგ ნაგავს ნუღარ მოსწევ, ეს მოსწიეო...

- საკუთარი სახელი პოეტურად თავად შეალამაზა?
- დიახ, ნიკოლოზი ერქვა, კოლაუ თავად დაირქვა...

GzaPress- ცნობილია, რომ კოლაუ ნადირაძე ძვირფასი თვლების ექსპერტი იყო. ასევე, შესანიშნავად ერკვეოდა სუნამოებში.
- ზოგადად, ეს ადამიანი, შეიძლება ითქვას, ცოცხალი ენციკლოპედია იყო. აურაცხელი რაოდენობის წიგნი გვქონდა სახლში; წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ შეიძლება ადამიანს ერთი სიცოცხლე ეყოს მათ წასაკითხავად. ბაბუას აბსოლუტურად ყველა მათგანი წაკითხული ჰქონდა და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი მეხსიერებით გამოირჩეოდა. უამრავი სტუმარი მოდიოდა მის კაბინეტში და ათას სხვადასხვა საკითხზე საუბრობდნენ. მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა კი ხშირად მინატრია, რომ კოლაუს საუბრის მოსმენის საშუალება მქონდეს...

- მოგვიყევით კოლაუ ნადირაძისა და ნორა სიგატოვსკის სიყვარულის უჩვეულო ამბავს...
- ნორა კოლაუს მეგობრის ქალიშვილი იყო. 17 წლის ნორასა და 42 წლის კოლაუს ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ ამბის გამო ბაბუას ნორას მამასთან კონფლიქტიც ჰქონდა და გარკვეული პერიოდი მათი მეგობრობა შეწყდა. ფაქტობრივად, ნახევარ ცხოვრებაზე მეტი კოლაუმ ნორასთან გაატარა. როცა ბაბუა კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, მხოლოდ ნორას ჰქონდა იქ შესვლის უფლება. ეუბნებოდა, როცა ოთახში შენ შემოდიხარ, მხოლოდ მაშინ არ მეშლება ხელიო. მამა ხშირად აღნიშნავს, რომ კოლაუს ხანგრძლივი სიცოცხლე სწორედ ნორას დამსახურება იყო. ნორას დედა ჰყავდა ქართველი - ქავთარაძე. მამამისი ნახევრად პოლონელი, ნახევრად გერმანელი იყო. წარმომავლობის გამო ნორას მამა თითქმის სულ დაჭერილი იყო, დახვრეტასაც გადაურჩა. თავად ნორა თავის გვარზე გადაიყვანა კოლაუმ და ასე გადაურჩა დევნას.

- მანამდე კოლაუ ნადირაძეს 3 მეუღლე ჰყავდა...
- დიახ, პირველი მეუღლე გარდაეცვალა, მასთან 2 ქალიშვილი ჰყავდა. მეორე მეუღლე ფრანგი იყო, მესამე - რუსი და ბოლოს, ნორა - გერმანელი...

- პაოლო იაშვილის საფლავს ნიშანი კოლაუ ნადირაძემ დაადო და ამით გადაარჩინა დაკარგვას...
- კოლაუ უდრეკი სულის ადამიანი იყო და ეს თუნდაც მისი ცხოვრების ამ ეპიზოდიდან ჩანს: პაოლოს დაღუპვის შემდეგ მთავრობას თურმე იმ ადამიანების სია ჰქონდა, ვისაც დაკრძალვაზე დასწრების უფლება ეძლეოდათ. კოლაუ სიაში არ იყო, მაგრამ მაინც წასულა. ეს ლამის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო - სულ ადვილად შეეძლოთ დაეხვრიტათ ამ საქციელისთვის. როცა პროცესიასთან ახლოს მისვლას აპირებდა, ჩეკისტი გადმოხტომია წინ - სიაში არ ხართ, არ შეიძლებაო. კოლაუ ასეთ დროს კი იყენებდა საკუთარ ძალას - ეს ადამიანი გვერდით გაუწევია და უთქვამს: მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლისო და პროცესიას ასდევნებია. კოლაუ ერთადერთი ყოფილა პაოლოს მეგობართაგან, ვინც ოჯახის წევრების გარდა ცხედარს მიაცილებდა. პაოლოს საფლავი მან და მისმა მეგობარმა ღვინის ბოთლებით მონიშნეს და ასე გადაარჩინეს დაკარგვას.

- სიცოცხლის ბოლომდე აქტიური მოღვაწე იყო?
- მახსოვს, სიცოცხლის ბოლომდე აქტიური და ენერგიული იყო. ძირითადად კაბინეტში იჯდა და კითხულობდა. ლექსების გარდა მოთხრობებსაც წერდა. შესანიშნავად იცოდა ფრანგული და თარგმნიდა კიდეც. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ეს გახლდათ. ბოლოს ვეღარ წერდა, მეუღლეს უკარნახებდა და ის უწერდა.

- რაიმე განსაკუთრებული თვისება, ახირება თუ ჰქონდა?
- ძალიან ქალთმოყვარე იყო (იცინის).

- რას გვეტყვით იმ პერიოდზე, როცა ლექსი - “25 თებერვალი, 1921 წელი” დაიბეჭდა?
- როცა ეს ლექსი დაიბეჭდა, მამა მივიდა ბაბუასთან და ჰკითხა - ეს რა დაგიწერიაო? მამა აღელვებული იყო, ამ ფაქტის გამო ოჯახს შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეჰქმნოდა დაჭერისა და დახვრეტის ჩათვლით. კოლაუმ მშვიდად აიღო “მერანის” ეს ნომერი და როცა კითხვა დაასრულა, აუღელვებლად უთხრა: რას მერჩი, მშვენიერი რამ დამიწერია, ცუდი არ არისო... მერე დაიბარეს, მაგრამ მოხუცი იყო უკვე და ეტყობა იმდენად არ მოსთხოვეს პასუხი. ქაქუცას ჩამოსვენებისას წაიკითხეს ეს ლექსი... საერთოდ, დიდი ხანი არ არის, რაც ამ ლექსის მიმართ ინტერესი გაჩნდა. როცა მე სკოლაში და თუნდაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ძალიან ცოტამ იცოდა მის შესახებ. ბაბუა სიმბოლისტი და არსებული რეჟიმის შეურიგებელი მტერი იყო. სიმბოლურადვე მოხდა ის, რომ მისი გარდაცვალება ზუსტად საბჭოთა კავშირის ნგრევას დაემთხვა...

- რაიმე სახის რჩევა თუ გახსოვთ მისგან?
- მისი ყველა რჩევა და იდეა სამშობლოს გადამეტებულ სიყვარულს უკავშირდებოდა. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, სკოლაში ლექსი მასწავლეს ლენინზე. სახლში მოსული, გახარებული ბაბუას კაბინეტში შევედი და ლექსი წავუკითხე... თავად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ძლივს გამომისწრია ოთახიდან... ძალიან აღშფოთებულა ამ ფაქტით... ერთხელ ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. ბურთი კოლაუს ფეხებთან მიგორებულა. ბაბუას აუღია, მისული მოთამაშისთვის გადაუცია და თან გვარი უკითხავს. პატარა ჩოლოყაშვილი აღმოჩენილა. კოლაუს გახარებია, ეს რა გვარი გქონია, ხომ იცი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ვინააო? - ვიცი, მოღალატეაო, - უთქვამს ბიჭს. კოლაუ ისე გაბრაზებულა, ყურიც კი აუწევია პატარისთვის... მისთვის ქაქუცა დიდი პატრიოტი და გმირი იყო... გადამეტებულად უყვარდა სამშობლო და ოცნებობდა თავისუფალი ენახა ის. ყველაფერი, რაც ამას ეწინააღმდეგებოდა, საშინლად აბრაზებდა...


"გზა", 2012 წელი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyTue Mar 12, 2019 9:20 pm

კოლაუ ნადირაძე Kolau_12

წინათქმა კოლაუ ნადირაძის ბალადისთვის „შენ, დამარხულო ცისფეროვნებავ!“

„ცისფერყანწელები“ - ასე ერქვა ქართველ მწერალთა გაერთიანებას, ქუთაისში რომ დაარსეს 1916 წელს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა. გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან „ცისფერი ყანწები“. სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ჰქონდათ თავიანთი გამოცემები: „მეოცნებე ნიამორები“, „მშვილდოსანი“, „ბარიკადი“, „ბახტრიონი“. დეკლარაციებში ცისფერყანწელები თავს სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ. ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი. სარბიელზე გამოსვლისთანავე ამ განწყობილებამ, „წმინდა ხელოვნებისა“ და ლიტერატურული არტისტიზმისადმი სწრაფვამ, ჯგუფს სკანდალური სახელი დაუმკვიდრა, თუმცა არც მათი მხატვრული ღირსებანი დარჩენილა შეუმჩნეველი...
ამ მიმდინარეობის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათგან წავიდა. ცისფერყანწელებთან დაახლოებული იყო მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ცისფერყანწელთა პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა; მანვე მოხატა რუსთაველის თეატრის სარდაფში კაფე „ქიმერიონი“, სადაც ცისფერყანწელი პოეტები იკრიბებოდნენ ხოლმე.
„ცისფერყანწელთა“ გაერთიანება არსებობდა 1930-იან წლებამდე, როცა ეს მიმართულება საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო...
1926 წელს ტიციან ტაბიძე იწინასწარმეტყვლებს:

„ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..“

და მართლაც, ღრმა ღლეეებში დაგორდება „ცისფერყანწელთა“ თავები და ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ უკანასკნელი ცისფერყანწელი, კოლაუ ნადირაძე ამ ბალადით დაიტირებს და გამოეთხოვება თავის მშობლიურ ცისფერ ორდენს.

What a Face

კოლაუ ნადირაძე

შენ, დამარხულო ცისფეროვნებავ!
ბალადა

რევაზ მარგიანს


სვანეთიდან,
თეთნულდიდან,
უშბას კლდოვანეთიდან
ამოვარდნილს
მრისხანებით
ქარებსა და გრიგალს
ყურს ვუგდებდი
ზოგჯერ ლხენით,
ზოგჯერ ფიქრიანი...
გულს სწვდებოდა
მათი ხმები
დამატკბობი სმენის,
და ბალადად იქცეოდა
წარსულ დროთა დღენი...
ზაფხული იყო,
იყო მზეობა,
ჰქონდათ ფურცლობა ვარდებს!
ვარდების ლოცვა,
ვარდთა სურნელი,
ვარდების სუნთქვა
მზით გათანგული,
ნელ ადიოდა ცამდე!
შენ იყავ ჩემთან,
ვიდექით ერთად
ამ უნეტარეს წვაში.
სერაფიმების ბაღებთან,
ღმერთთან
ახლოს ვიყავით მაშინ!
ჩვენს შორის სიტყვა
არ თქმულა მაშინ,
რა უნდა ეთქვა სიტყვას?!
ვხედავდი მხოლოდ
ელვარე ცაში
მზესა და
სხივთა სეტყვას.
ვხედავდით,
მახსოვს,
ვარდების გულში
ცვარ-იაგუნდებს ჩაკრულს,
და,
სერაფიმის
თითებით ნაქსოვს,
ცისფეროვნებას,
ვგრძნობდით
ჩვენს სულში ჩარგულს...
იყო მზეობა,
იყო ზაფხული,
ჰქონდათ ფურცლობა ვარდებს,
ვარდების ლოცვა,
ვარდთა სურნელი,
ვარდების სუნთქვა
მზით გათანგული,
ნელ ადიოდა ცამდე!
მაგრამ გრიგალმა
ჩაახშო ხარბად
ვარდის
ფურცლობის დღენი,
და ცხრა მთას იქით
გათხარეს,
ალბათ,
შენთვის
სამარე ბნელი!..
და ცხრა მთას იქით,
წყვდიად -
ბნელეთში, -
სად უდაბნოა
მწველი, -
გადააყარეს
მიწა,
ჩამარხეს,
არ შეიცოდეს,
მიწაში
ჩაფლეს
ცისფეროვნებაც ჩემი!..
იქ,
შენ,
უჩემოდ,
ისვენებ მარტოდ,
წვიმა კაეშანს
განდობს,
ქართა გოდებას
და გლოვას
ისმენ,
გრიგალთა
გმინვაც გაკრთობს,
და ისე,
როგორც ბავშვს,
ოდნავ,
წუთით
ღამით მითვლემილს მკლავზე, -
შენ,
ჩამარხულო ცისფეროვნებავ,
თოვლის ფანტელი გართობს.
მე დავრჩი მარტოდ,
უშენოდ,
მარტოდ,
ვუსმენ ქარბუქის კვნესას.
მე მხოლოდ ქართა
ვაებას ვნატრობ,
მე მხოლოდ
გრიგალს
კაეშანს ვანდობ, -
საფლავს რომ უვლის შენსას!!
მე ვიცი მაინც:
შორის - შორეთში, -
სად უდაბნოა მწველი, -
შენც ისევ უსმენ
გოდებას ქარში,
ისევე უსმენ
ქარბუქის კვნესას,
და, როგორც ბავშვი,
კვლავ
თოვლის
ფანტელს ელი!..
მაგრამ
მე ვხედავ
ბნელ სამარეთში
ვარდის ფურცლობის დღესა,
ჯვარზე
გასალტულს
ცისფეროვნებას,
ჯვარზე
გასალტულს
სიყვარულს ჩემსას!!

სვანეთიდან,
თეთნულდიდან,
უშბას კლდოვანეთიდან
ამოვარდნილს
მრისხანებით
ქარებსა და გრიგალს
ყურს ვუგდებდი
ზოგჯერ ლხენით,
ზოგჯერ ფიქრიანი...
გულს სწვდებოდა
მათი ხმები
დამატკბობი სმენის,
და ბალადად იქცეოდა
წარსულ დროთა დღენი...


1979 წელი


წიგნიდან „ახალი ლექსები“, გამომცემლობა „მერანი“, 1981 წელი, გვერდები 76-81.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე EmptyThu Mar 14, 2019 2:38 pm

კოლაუ ნადირაძე Kolau_13

კოლაუ ნადირაძე

ბალახვანი

ჩემს ძმებს, -
„ცისფერყანწელებს“


იყავ უმანკო და უნაზესი,
გეტრფოდი კრძალვით, მთელი არსებით...
მათბობდა, მწვავდა შენი ალერსი,
მოვლინებული ციურ განგებით!
მე კი ვეძებდი სიწმინდეს, სულ სხვას:
სევდებით, ტანჯვით, ტკივილით ნალესს!
და ბალახვანის ჯურღმულთა რისხვას
ვამჯობინებდი შენს სათუთ ალერსს!
ვამჯობინებდი! აქ ხომ გურიელს
ეწვია ტანჯვის სიკვდილი სტუმრად!
ამ წუთისოფლის სიცარიელეს
ვგმობ! მასთან მარად დავრჩები უბრად!
მივყვები ქუჩას და ბალახვანში
წვიმიან ბნელეთს ვათეთრებ ხშირად.
აღარ მახარებს ყოფნა ჩემს სახლში,
აღარც სიცოცხლეს ვაფასებ ძვირად!..
და როგორც ძაღლი,
უბინო ძაღლი,
მე მაწანწალა ქუჩისა ვხდები!
კარს ვინ გამიღებს
კაეშნით დაღლილს,
საით გავფრინდე ფრთებდალეწილი?!
უკვე ვეღარ ვძლებ! ღამე კი ავდრობს,
მასვით ცრემლები ცისფერი ყანწით!!
პაოლო, ძმაო, ტიციან, სანდრო,
მოდით, ლექსებით დამლახვრეთ, დამწვით!
მერე კი ჩვენს მტრებს ახარეთ მოკლედ:
(ეს მათ დაუკტბობს ძილსა და ჭამას)
- დღეს ბალახვანში კოლაუ მოკლეს,
ნუღარ ელიან ბავშვები მამას!

1917 წელი, 15 ნოემბერი
ქუთაისი


წიგნიდან „ახალი ლექსები“, გამომცემლობა „მერანი“, 1981 წელი, გვერდები 33-34.


study [/quote]
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კოლაუ ნადირაძე Empty
PostSubject: Re: კოლაუ ნადირაძე   კოლაუ ნადირაძე Empty

Back to top Go down
 
კოლაუ ნადირაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: