არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 იუნონა გურული

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed Feb 20, 2019 12:43 pm

იუნონა გურული Iunona10
Iunona Guruli

იუნონა გურული
პოეტი, პროზაიკოსი

დაიბადა 29 მაისს, თბილისში. 1999 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ აკადემიურ განათლებას იღებდა ჰანოვერისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერებებისა და უახლესი ისტორიის მაგისტრის წოდებით დაამთავრა. ფლობს ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულად მთარგმნელის სახელმწიფო სერთიფიკატს.
ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“, აკა მორჩილაძის „გასეირნება ყარაბაღში“ და სხვა ავტორების არაერთი წიგნი გერმანულ ენაზე სწორედ მან თარგმნა.
ქართველმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ ის ლექსებით გაიცნო, შემდეგ კი მისი პროზა შეიყვარა. მისი პირველი პროზაული კრებული „დიაგნოზი“ ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“, 2016-ში წლის საუკეთესო დებიუტად აღიარეს.
ერთ-ერთ გერმანულენოვან ინტერვიუში შეკითხვაზე: „რა ქარმა გადმოგისროლათ ბერლინში?“, ის პასუხობს: „პირველად _ შემთხვევამ, მეორედ კი _ ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებამ“.

ჯილდოები:
* ლიტერატურული პრემია "საბას" 2016 წლის გამარჯვებული: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (ჟიურის რჩეული) – მოთხრობების კრებულისათვის "დიაგნოზი"

ბმული:
* https://facebook.com/iunona.guruli
* https://www.amazon.de/Wenn-Licht-g%C3%A4be-bevor-dunkel/dp/3442757991


იუნონა გურული რეჟისორ ნინო ბასილიას სამწუთიან ფილმში „გავფრინდეთ“, 2019

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Feb 20, 2019 12:59 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed Feb 20, 2019 12:48 pm

იუნონა გურული Iunona12

იუნონა გურული: „ბერლინის კედლის ნამტვრევების წამოღება მაინც მოვახერხე“

21/04/2018

იუნონა გურული თავის 12 წლის ვაჟიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მისი ბიოგრაფია ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირდა გერმანიას, სადაც განათლებაც მიიღო და საბოლოოდ ამ ქვეყანაში არჩია ცხოვრება. იგი წერს მოთხრობებს, რომელთა ნაწილი ავტობიოგრაფიულია.
„ის მართლა არაჩვეულებრივი მწერალია. მისი მოთხრობების კითხვა რომ დავიწყე, ბავშვებისდროინდელი მარწყვები გამახსენდა: მარწყვს ყოველთვის ნელა ვჭამდი ხოლმე, რომ ეს სიამოვნება დიდხანს გაგრძელებულიყო და ვისაც ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდა, იუნონა გურულის მოთხრობების წაკითხვისას ალბათ ჩემსავით მარწყვის ჭამა გაახსენდება. ჩემსავით ალბათ ისიც გაუკვირდება, რომ მანამდე არაფერი იცოდა ამ ქართველი ავტორის შესახებ…“ – წერს დათო ტურაშვილი იუნონა გურულის პირველი მოთხრობების კრებულის, „დიაგნოზის“ წინასიტყვაობაში, რომლისთვისაც ავტორი 2016 წელს ლიტერატურული კონკურსის – „საბას“ გამარჯვებული გახდა საუკეთესო დებიუტისთვის.
იუნონა, როგორც ვიცი, გერმანიაში ცხოვრობთ. როგორ მოხვდით იქ და რატომ აირჩიეთ უცხო ქვეყანაში ცხოვრება?
დიახ, გერმანიაში ვცხოვრობ, ამჟამად – ბერლინში. აქ სულ პირველად მოვხვდი გასტროლებზე ცეკვის ანსამბლ „მართვესთან“ ერთად 1989 წელს. ზუსტად იმ დროს დაემთხვა ბერლინის კედლის დანგრევა, ამიტომ 4-კვირიანი გასტროლები სასწრაფოდ შეგვაწყვეტინეს და 10 დღეში უკან დაგვაბრუნეს. კედლის ნამტვრევების წამოღება მაინც მოვახერხე, თუმცა პატარა ასაკიდან გამომდინარე, დიდად ვერ ვხვდებოდი ვერც იმ კედლის დანგრევის მნიშვნელობას და ვერც ჩვენი უკან გაწვევის მიზეზს.

შემდეგ 1994 წელს წავედი გერმანიაში გაცვლითი პროგრამით. ვსწავლობდი რაიხერსბოიერნის (Reichersbeuern) სკოლაში, ბავარიაში. გეხსომებათ, საქართველოში მაშინ რა სიტუაციაც იყო. ერთ-ერთ გერმანულ არხზე გავიდა სიუჟეტი საქართველოზე და რამდენიმე დღეში ჩემს ოთახში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების უზარმაზარი გროვა დამხვდა, რომელიც თანასკოლელებს შეეგროვებინათ, რომ საქართველოში წამომეღო და დამერიგებინა. ახლაც გული მიჩუყდება, ეს ამბავი რომ მახსენდება.

თბილისში სკოლა რომ დავამთავრე, ჯერ თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჟურნალისტიკაზე. 1999 წელს მომივიდა მოწვევა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან. ბერლინიდან ჰანოვერში გადავედი, შემდეგ – ფრაიბურგში, სადაც დავამთავრე პოლიტოლოგიის და უახლესი ისტორიის ფაკულტეტები მაგისტრის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, ვეღარ მოვერგე იქაურობას და დაახლოებით ორი წლის შემდეგ ისევ ბერლინში დავბრუნდი. მას შემდეგ აქეთ ვარ, თუმცა თბილისში წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივარ.

რამდენი ხანია, რაც წერთ და რაზეა თქვენი მოთხრობები?
ბავშვობიდან ვწერდი, თუმცა არასდროს მიფიქრია რამის გამოქვეყნება. ძალიან პირადული იყო ჩემთვის ის, რასაც ვწერდი, ამიტომ მხოლოდ ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვაკითხებდი. სამი წლის წინ დათო ტურაშვილმა წაიკითხა ჩემი მოთხრობები და დიდი ძალისხმევით დამარწმუნა, წიგნი გამომეცა. რადგან მოთხრობების ნაწილი ავტობიოგრაფიულია, საკმაოდ გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. წიგნის გამოცემა კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. „დიაგნოზი“ ჯერ კონკურს „ლიტერას“ ფინალში მოხვდა, შემდეგ – „საბას“ ფინალში; საბოლოოდ საუკეთესო დებიუტისთვის მივიღე „საბა“. მალე ჩემი მოთხრობების კრებული გერმანულადაც გამოვა btb Verlag-ში. წიგნის სახელია „სინათლე მაინც იყოს, სანამ დაბნელდება“. „დიაგნოზში“ შესულ მოთხრობებს რამდენიმე ახალიც დაემატება.

ბოლო ორი წელია რეგულარულად ვმონაწილეობ ლიტერატურულ საღამოებში, გარდა ამისა, ქართულ ლიტერატურას ვთარგმნი გერმანულად. ჩემი საკუთარი წიგნის ჩათვლით, რვა წიგნი ვთარგმნე, მათ შორის, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“, ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“…

ვწერ უმეტესად ქალებზე, გოგონებზე, მათ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი, სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში აწყდებიან – მაგალითად, ოჯახურ ძალადობაზე, საზოგადოების გულგრილობაზე…

როგორც ვიცი, 19 აპრილს თქვენი ლიტერატურული საღამო გაიმართა…
ჩემი მორიგი ლიტერატურული საღამო ბერლინში, ფრიდრიხსჰაინის (Friedrichshain) ფოტოგალერეაში, პიტერ ოლმანის (Peter Oehlmann) გამოფენის – Georgien – Wege und Bilder („საქართველო – გზები და სურათები“) ფარგლებში გაიმართა. პიტერ ოლმანი არის გერმანელი ფოტოგრაფი, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა საქართველო და ეს ძალიან საინტერესო გამოფენა მოაწყო. პიტერმა შარშან „ვილა ელიზაბეთში“ გამართულ საქართველოსადმი მიძღვნილ დიდ ღონისძიებაზე (Georgien allein zu Haus) მოისმინა ჩემი მოთხრობები და მაშინვე გაუჩნდა ამ ერთობლივი საღამოს გამართვის სურვილი.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
წერის და თარგმნის გარდა, რასაც ჩემი დროის 80% მიაქვს, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, დღეში რამდენიმე კილომეტრს. ვხატავ, ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებს ვხვდები, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას ვესწრები.

რომელია თქვენი საყვარელი ნივთი, რომელსაც სულ თან დაატარებთ თილისმად?
ეგეთი ნივთი ალბათ ჩემი უბრალო შავი ბეჭედია, რომელიც მოუხსნელად მიკეთია, მგონი, მეექვსე წელია. სხვა სამკაულებს არ ვწყალობ.

თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

მყავს 12 წლის შვილი – ნიკუშა, რომელიც ბერლინში შილერის სახელობის გიმნაზიაში სწავლობს; დედა და ბებია თბილისში ცხოვრობენ.

საქართველოში დაბრუნებას ხომ არ უკავშირებთ სამომავლო გეგმებს?
საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ჯერჯერობით არ ვაპირებ. როდესაც ნიკუშა გიმნაზიას დაამთავრებს, უნივერსიტეტში ჩააბარებს და ცალკე გადავა, ვაპირებ ჩავალაგო ერთი ზურგჩანთა, მოვისროლო მობილური და სამოგზაუროდ წავიდე. იმდენად არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება, რომ გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაქვს ქალაქი შეცვლილი, ბინა – მინიმუმ 30-ჯერ. ასე რომ, ჯერ ძალიან ბევრს ვიხეტიალებ და მერე ვნახოთ, საით გადამისვრის ქარი.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ბმული:
* https://nostal.ge/2018/04/21/iunona-guruli-berlinis/


იუნონა გურული | გერმანიაში მოღვაწე ახალბედა მწერალი
შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Oct 22, 2015
ვინ არის დებიუტანტი მწერალი, იუნონა გურული და როგორია მისი წერის სტილი, რითაც არა მხოლოდ ლიტერატურული წრეების, არამედ მკითხველის მოხიბლვაც მოახერხა?

22.10.2015
©️ GDS

Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed Feb 20, 2019 12:56 pm

იუნონა გურული

მგლების ხორუმი


- დეეეე, კიდე ჩაიფსა ამ ვირისთავმა. - ამრეზით დახედა საწოლზე მიგორებულ ჭყვიტინა, ხელებასავსავებულ ფუთას და მაგიდაზე გაწყობილ საუზმეს მიუჯდა.

- რანაირად ლაპარაკობ შენს ძმაზე ამხელა გოგო? - აბუზღუნდა სამზარეულოდან დედა და ორთქლადენილი ჩაი გამოუტანა. - მაგრამ შენ რას გერჩი, ბოთე მამაშენი მყავს მოსაკლავი, ასე რო გაგატუტუცა.

ამის გაგონებაზე გოგოს თვალებში ეშმაკუნები აუცეკვდნენ.

- ტუტუცები, იცი, ვინ იყვნენ, დე?

- ვინ იყვნენ?

- ვინა და, თურმე, ადრე, ძველ მეფეებს ჰყავდათ ვიღაცეები, ტანი რო მოეფხანათ მათთვის... - ისე ჩაბჟირდა სიცილისგან, კინაღამ ცხელ ჭიქას ჩამოარტყა ცხვირი.

- ნელა, არ დაიფუფქო, შე გადარეულო! - დედასაც სიცილი გაუკრთა ხმაში.

- ჰოდა, დე... - ხალათზე ჩამოეკონწიალა და ქვემოდან შეჰღიმა ლეკვივით. - სანამ ჩაი გაგრილდება, ხომ გახდები ჩემი ტუტუცი, ჰა? - თან სასაცილოდ გაკნაჭული ზურგი მიუშვირა.

- როდის გაიზრდები და დაჭკვიანდები ნეტა... - გრილი ხელები ზურგზე დააწყო დედამ და ნელა, დაგემოვნებით დაუწყო ფხანა.

- მმმმ... - ნასიამოვნები ხმით წაიკრუტუნა გოგომ. - მამამ თქვა, გოგო-მზეები არ იზრდებიანო.

- ეჰ, გოგო-მზეები კი არა, არც მაგათი მამები იზრდებიან და ჭკვიანდებიან, როგორც ვხედავ. - ახლა დედას გაეღიმა, მერე მზისფერ თმაზე აკოცა და საწოლისკენ წავიდა. - გიოს უნდა მივხედო. სველში წევს ბავშვი. რა დროს ზურგის ფხანებია.

- ...სულ გიო და გიო... მამა მაინც მოვიდეს მალე. - აბუზღუნდა გოგო, ჩაი მოსვა, ფანჯრის შუშას მიაორთქლა და ზედ საჩვენებელი თითით მგელი მიახატა.



***

ყველაფერი უორდებოდა თვალებში. უსამდებოდა, უოთხდებოდა. კედელს მიეყრდნო. მუსიკის გიჟურ რიტმს აყოლილი გულისცემის დაწყნარებას შეეცადა. მჭახე შუქებისთვის უნდოდა გაერიდებინა როგორმე თვალი, თორემ კიდევ უფრო უარესად ეხვეოდა თავბრუ და გულიც ერეოდა. საწყალი მზერით მიმოიხედა.

„ჩვენებიდან არ დარჩა ვინმე? აუ, ცუდად ვარ. რას ჰგვანან... მოვკვდები ეხლა. არ უნდა დამელია ამდენი. რას ვეჯიბრებოდი იმხელა სირს.“

ისევ წამოაზიდა. ძლივძლივობით გაიკვლია გზა მგლებად ქცეულ, ერთმანეთში ათქვეფილ რუხ მასაში. ირგვლივ სხეულის სხვადასხვა ნაწილების ქნევით რიტმულად ძიძგიძებდნენ სხვადასხვა ზომის და ასაკის ორფეხზე მდგარი მგლები. გასასვლელს მიაწყდა.

ზორბა მგელმა (დაცვამ) კარი გაუღო თუ არა, გარეთ გამოვარდა. ოფლისგან გაწებილი თეთრი მაისური ტანზე ეკვროდა, პირი მჟავე ნარწყევით ჰქონდა ამოვსებული. თმაც ოფლიანი და სახეზე მიწებებული. გაყინულ კედელს მოტიტვლებული მხრით მიეყრდნო. სპაზმმა ორად მოკეცა. წელში რომ გაიმართა, იგრძნო, უარესად მოეკიდა სასმელი.

"მეც მგელი ხომ არ ვარ?" - გაუელვა თავში აზრმა და იქვე, შუშაში არეკლილ საკუთარ თავს შეავლო გაორებული მზერა. არა, იქიდან აშკარად გოგო უყურებდა - ჯინსებში, თეთრ, უმკლავებო მაისურში, შიშჩამდგარი თვალებით.

„ქურთუკი!“ - გაახსენდა უცებ თავში განთავსებულ აზუზუნებულ სკას და სიმთვრალის მიუხედავად, სიცივისგან გააკანკალა, - „არა. იქ მგლები არიან... არც მახსოვს, სად მივაგდე.“

ტაქსმა დაბარებულივით წაუჩერა ფეხებთან. ის იყო, თბილ სალონში შეიკუჭა, ქურთუკში დატოვებული ფული გაახსენდა.

- შენი დედას შევეცი! - წამოსცდა ხმამაღლა.

- ვისი? შენ შიგ ხო არა გაქვს გოგო?! აბა, დროზე გადაეთრიე მანქანიდან!

ახლაღა შეამჩნია, რომ საჭესაც მგელი ეჯდა - ოღონდ ჭაღარა და მოტეხილი. თავზე კუბოკრული კეპით.

- შენი კი არა, ფული დამრჩა შიგნით.

- მაშინ მით უმეტეს, გადაეთრიე! წითელი ჯვარი კი არ მაქვს აქ! - ბებერმა მგელ-მძღოლმა ამრეზით გამოხედა გოგოს და ჩამოწეული ფანჯრიდან ნახველის ამოღებით გულიანად გადაიფურთხა.

- ჰოდა, მაშინ შენი დედასაც შევეცი! - კარი მთელი ძალით მიუჯახუნა და იმის გაგონებაზე, თუ როგორ გადმოვიდა ჭაღარა მგელი მუქარიანი გინებით მანქანიდან, იქვე მდებარე პარკისკენ წავიდა არეული ნაბიჯით. უკნიდან ჯერ ვიღაც ახალგაზრდა მგლების ყმუილნარევი სიცილი მოესმა, მერე მანქანის ბრაზიანი ბღუილი გაიგონა და უფრო უმატა არეულ-დარეულ ტემპს.

„პარკი კი არა, უღრანი ტყეა. ჯანდაბა, აქ რა მინდოდა. ტრასისკენ ვერ წავედი?"

უარესად ააკანკალა. ახლაღა იგრძნო, ცრიდა. ძლივს მიყანყალებდა სველ ხეებს შორის. ბალახიც გალუმპული იყო და კედებზე ჩაფართხუნებულ ჯინსის ტოტებს უსველებდა. ოფლიან-წვიმიანი მაისური ტანზე ჰქონდა მიკრული. მხრებში აწურული და აძაგძაგებული მიფრატუნობდა.

უცებ უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და ძალაუნებურად შეანელა სვლა. მიხვდა, ბევრნი იყვნენ და უსიამო გრძნობამ მისხალ-მისხალ ჩაუზომა ხერხემალი. უცბად მოფხიზლდა და საკუთარი გულისცემის გარდა ვერაფერი იგრძნო - ვერც წვიმა, ვერც სიცივე. ერთ მთლიან ნერვად იქცა. ფეთქავდა და ჟღრიალებდა არასწორად დაჭიმული სიმივით. წინ გზის გასაყარი დალანდა, მთვარის შუქზე.

„მარცხნივ წახვალ - მოკვდები. მარჯვნივ წახვალ - მოკვდები. წინ წახვალ - გადარჩები“, - მამის ხმით წაკითხული ზღაპარი გაახსენდა.

წამით შეანელა აბლანდული ნაბიჯი. რატომღაც მარცხნივ გაუყვა. ფეხის ხმაც გაუჩერებლად აედევნა. მოეჩვენა, თითქოს ხრეშზე გაბევრებულ ფეხსაცმელებს ნადირის ქშენა გამოეყო და ლაწირაკი, მთვრალი ბიჭის ხმით ჰკითხა:

- სად მისეირნობ, გოგონი? - და შიშისგან თუ სიცივისგან აწურულ მხარზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მგლის თათად ჩამოეკიდა.

მექანიკურად აიქნია მხარი და თვალდახუჭულმა მამის ხმის გახსენება სცადა:

„მიდის წითელქუდა უღრან ტყეში და უცებ ბუჩქებიდან მგელი გადმოუხტა...“

- შენ გელაპარაკები გოგო, რას გაშტერდი? - არ მოეშვა უშნოდ აღერღილი უცხო ხმა. ცივ და სლიკინა თევზად ქცეულმა თათმა თავისკენ უხეშად მიატრიალა. თან სველ კუდს მტკივნეულად უტყლაშუნებდა სახეში. დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით გაახილა და სამი, ჯინსის ქურთუკებში გამოწყობილი, კბილებდაკრეჭილი და ფირმა-ბოტასებიანი მგელი დაინახა. ბოტასები და კბილები თეთრად ქათქათებდნენ და მთვარეზე მეტად ანათებდნენ ჩაბნელებულ ტყეს.

- ბებიასთან მივდივარ... - მისი სათქმელი თითქოს სხვამ ჩამომარცვლა ჩავარდნილი ხმით.

- ეს მგონი ვერაა, ე!- ახითხითდა მეორე მგელი და რატომღაც გველის ორკაპი ენა გამოასრიალა დაღებული ხახიდან.

- მთლად უკეთესი! - ახროტინდა მესამე მგელი და თეთრი კბილები კიდევ უფრო წაეწვეტა.

გოგო მიტრიალდა და გზაჯვარედინისკენ გაიქცა.

„გაიხედა წიქარამ უკან და სავარცხლის გადაგდება უბრძანა ბიჭს...“ ისევ მამის ხმა და გადაშლილი ფურცლის შრიალი მოესმა. თავზე დანანებით გადაისვა თუ არა ხელისგული, ვიღაცის წელთან შემოხვეულმა თათმა ჰაერში აიტაცა. სხვა თათებიც წამოეშველნენ და გახშირებული ქშენით გადაათრიეს სქელი ხის ძირში. სველ ნეშომპალაზე მიაგდეს და უხეშბეწვიანი, ნადირისსუნიანი ტანებით ზედ დაეზილნენ, ბასრი ბრჭყალებით ტანსაცმელი შემოაფლითეს და დაღებული პირებიდან ციური მანანასავით გადმოცვენილი დორბლებიც უხვად დააფრქვიეს.

- პირველი მე ვარ! - თქვა პირველმა მგელმა და თვალები დააბრიალა.

- კაი, - აწკმუტუნდა მეორე. - ოღონდ დროზე რა, გიო. გასხმაზე ვარ უკვე.



***

„ისევ არ მოსულა...“ მოწყენილი სახით გაიხედა ფანჯარაში. „უკვე მეორე კვირაა, არ დადის.“ მძიმედ ამოიხვნეშა და საკლასო დაფას ცალი თვალით გახედა. „თან დღეს საკონტროლო გვაქვს იმ დებილ ქალთან.“ საერთოდ ჩამოყარა ყურები და კინაღამ იმ ლეკვივით წკმუტუნი დაიწყო, მამა რომ ჩუქნიდა და დედამ არ დაატოვებინა - ძაღლი კი არა, ჩვენ ძლივს ვეტევით სახლშიო.

მასწავლებელმა სიის ამოკითხვა დაიწყო.

- ირაკლი კიდევ არ არის? - სათვალის ზემოდან გამოხედა გოგოს.

- არა, მას... - აქ საბოლოოდ მოიშალა და აკანკალებული ნიკაპი უაზროდ გადაფურცლულ წიგნს შეაფარა.

- რა ჭირიანია ეს ბავშვი. არ გამიგია ამდენი ავადმყოფობა! - უკმაყოფილოდ აშრაშუნდა ქალი და დაფაზე საკონტროლოს თემის ფხაჭნას შეუდგა. - დღეს დავწერთ თავისუფალ თემას: "მგელი - ტყის ექიმი."

კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. შემდეგ გაბურძგნული თავი შემოძვრა, ჯერ გოგოსკენ გააცურა ღიმილიანი მზერა, მერე მასწავლებელს მიანათა კრავის თვალები და სასაცილოდ ბოხი ხმით უთხრა:

- ქეთინო მასწ, დამაგვიანდა და შემომიშვებთ?

- ოჰ, ვაჟბატონო, რაღაი შენ გამოჩნდი... შემობრძანდი, რას დაყუდებულხარ კარებში...

- ავად ვიყავი, მასწ.

- მიდი, მიდი. მიუჯექი შენ კნეინას. ისედაც თვალები მოებრიცა კარისკენ ყურებით, და საკონტროლოსთვის მოემზადე.

ბიჭი სკამზე დაჯდა, რვეული გადაშალა და მარცხენა იდაყვით გოგოს გაჩხიკინებულ იდაყვს მიეხუტა ფრთხილად.

- იკუშ, მართლა სად დაიკარგე...

- მართლა ავად ვიყავი, გოგო-მზე... - გაუღიმა ბიჭმა.

- ოო, ნუ დაიწყე ეხლა შენც მამაჩემივით... - თავადაც გაეღიმა გოგოს.

- ხომ გადამაწერინებ?



***

- ეგაა! გავაფორმე. - კმაყოფილი ხვნეშით გადაძვრა პირველი მგელი. დარჩენილები ერთმანეთში წაძიძგილავდნენ და თეთრი, ბასრი კბილები გააელვეს გოგოს ცისკენ წაწვეტებული თეთრი ძუძუების ფონად.

- ეხლა მე! - ხმაში ხრინწი შეეპარა მეორეს და გოგოს ფეხებშორის სივრცის დაკავებას შეუდგა.

- შენ რატომ ვითომ?

- ჯერ ერთი, შენზე უფროსი ვარ... მეორეც ანბანშიც ი უფრო წინაა ვიდრე თ.

- მოიცაა, ეგ რანაირად... ა, ბ გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი...

- თქვენ ხო არ გამოყლევდით? დროზე ქენით ეხლა! - აიღრინა პირველი მგელი.

„ღმერთო მწყალობელო. აბა ცოტათი მოუშვი თოკი, ამ ბრიყვსა და ავყიას ენა რომ დავამოკლებინოო! - ასძახა ცას ნაცარქექიამ, ჩუმად კი შინდის გამხმარი ჩხირი ამოიღო და დევს კისერში დააჭირა."

- მმმ... მიკბინა ამ წაკლამ! მოგკლავ, შენი დედაშევეცი!

ჯერ თბილი ფურთხი დაეცა გათოშილ სახეზე, და მეორე მგელმა სისხლიანი დრუნჩით დაიწყო გოგოს გაფატრვა.

- თან საქმე! თან საქმე რა, იკუშ! - ადგილს ვერ პოულობდა მესამე. პირველი კი ცას შეჰყმუოდა ნასიამოვნები.



***

- მა, გოგო-მზეები თუ არ იზრდებიან და ბერდებიან, აბა რა მოსდით? პირდაპირ ბავშვებად კვდებიან?

- არა. ერთ პლანეტას რომ საკმარისად გაათბობენ, მერე სხვა პლანეტაზე მიდიან სიყვარულის დასარიგებლად.

- მეც ეგრე წავალ, ხო?

- მაშ!

- დედა კიდე მეჯაჯღანება, სულ თემიკოს ნუ უსმენ, ამხელა გოგოს ზღაპრების ნუ გჯერაო...

- მოიცა რა, დედამ რა იცის... - გაეცინა მამას.

- დედამ გემრიელი ბლინების გამოცხობა იცის. ჰო, და კიდე ტუტუცივით ზურგის ფხანა. - გაეცინა გოგოსაც.

***

- ჰა, ეხლა შენ, და მორჩით ბიჭო დროზე. გათენდა!

- ჰო, ჰო, ეხლავე. მაინცდამაინც ჩემ ჯერზე ნუ აგეშლებათ კუჭი!

ის იყო მესამე მგელი ამხედრდა მზეზე, რომ გზაჯვარედინზე ვიღაცის ფეხის ხმა მოისმა.

„მმმმმმმმმმმ!“ - აზმუვლდა გოგო და ნეშომპალაში აზელილი კიდურების აკრეფას შეეცადა.

- გააჩუმეთ, შეჩემა, გააჩუმეთ! - შიში შეეპარა გახრინწულ ხმაში პირველს.

- ჩუმად, შე დედამოტყნულო! - მთელი დაუხარჯავი ენერგიით ყელსა და პირზე დააწვა მესამე.

„მმმმმმმმმმ!“

- მოკეტე-მეთქი, ძუკნა! - მთელი ტანით დააწვა მესამე და უხეში ბეწვით ამოუტენა პირი.

„წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება... - უკითხავს მამა მშვიდი ხმით."

- ჩუ, ჩუ!.. გაიარა ხო?

- კი, მაგის დედას შევეცი. რა უნდა ამ დროს აქ?

- ამას რა ჭირს, ე! - უცნაურად ახროტინდა პირველი მგელი.

გოგოს გარშემო დაიწყეს სუნსული და ცისკენ ახელილი თვალების ყნოსვა.

- რა ქენით, თქვე სირებო? - ხმაში ფოლადი გაერია პირველს და ბეწვი კისერთან ავად აეშალა.

- მე რა ვქენი, გიო... თემიკოს ბრალია. მე ფეხებს ვუჭერდი მარტო... - აწკმუტუნდა მეორე და კუდი ამოიძუა.

- მე რა... შენ არ იღრინებოდი, გააჩუმე, გააჩუმეო? - ყბის კანკალით მიუბრუნდა მესამე მგელი პირველს და სისხლიან-დორბლიანი ენა მიწაზე დაუშვა.

- დავაი, გავქრით აქედან. დროზე, შე ყლეო, დროზე! - პირველმა მგელმა მესამეს კბილი გაჰკრა და ღამის სიბნელეს შეერია. დარჩენილებიც მიჰყვნენ სირბილით.



***

- ეს რა არი, დე? - გამოართვა გოგომ დედას ვერცხლისფერი ბაფთით შეკრული კოლოფი.

- გახსენი და ნახავ... - უპასუხა დედამ და პაკეტიდან პროდუქტების ამოლაგებას შეუდგა.

გოგო საწოლ ოთახში გავიდა და ვერცხლისფერ ბაფთას დაქაჩა.

ცოტა ხანში, ოთახიდან გამოსულს უმკლავებო თეთრი მაისური ეცვა. მაისურზე სამი ერთნაირი მგელი იყო ამოქარგული.

- ესენი ვინ არიან, დე? - შეეკითხა გოგო დედას ღიმილით.

- შენ ვინ გინდა, რომ იყვნენ? - გამოხედა ხახვის ფცქვნისგან აცრემლებულმა დედამ გოგოს.

გოგომ მაისურზე დაიხედა და სახე გაუნათდა.

- ერთი მამა...

- მეორე?

- მეორე - ქვეშაფსია გიოა...

- და?

- მესამე... მესამე ირაკლი იყოს... ჩემი კლასელი...

- რომელი უფრო გიყვარს? - შეეკითხა დედა.

- სამივე! - დაუფიქრებლად დაახეთქა გოგომ და სარკისკენ წაკუნტრუშდა.



***

წევს ნაფურთხები, სხივებშემოძარცვული და მზეჩამქრალი გოგო ნეშომპალიანი ხის ძირში. თან ცალი, ახალაციმციმებული თვალით ციდან დაჰყურებს პარკში ძუნძულით მიმავალ მგლებს.

- აბა, მგლებო, კბილები დაკრიჭეთ! - ამბობს უცებ დაბოხებული ხმით გოგო-მზე.

„და დაკრიჭეს მგლებმა წაწვეტებული კბილები და შიგნით ჩიჩია ჰქონდათ“, მშვიდი ხმით აგრძელებს მამა..."

ხის გვერდით თეთრი, დაფლეთილი მაისური ქათქათებს სიბნელეში.


ბმული:
* http://newsaunje.ge/index.php?do=full&id=142 - ლიტერატურული ჟურნალი „ახალი საუნჯე“

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed Feb 20, 2019 1:02 pm

იუნონა გურული

***
მე მოთახთახე მზისფერ სილაზე
დავწექი ქალად
და ფესვებიდან
შენ ახალ ღმერთად წამოიმართე.
ყველა ტყუილი მექცა სიმართლედ,
შენი სურვილი ჩამოიქცა ჩემში სინათლედ,
ჩემს ბავშვურ მხრებსაც შეემატა ბილწი სინაზე,
მე კვლავ ვნებივრობ მოთახთახე მზისფერ სილაზე.

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed Feb 20, 2019 1:09 pm

იუნონა გურული Iunona10
Iunona Guruli, 2016

იუნონა გურული

***
ახლა ორნი ვართ.
მარტოობა შუაზე გავყოთ, გავხლიჩოთ ფესვში,
გავამრავლოთ, გავაძლიეროთ,
როგორც შვილმკვდარი დედის ლოცვები.
დავიყვლიფოთ მუხლისთავები
იატაკზე ჩამოფერფლილ სიტყვის ძებნაში.
ენებით ვლოკოთ, ნერწყვგამშრალით,
თვალის გუგები.
ძილის წინ პირში დავიგუბოთ თოთო ტყუილი
და სისხამ დილით
გადავყლაპოთ, როგორც სიზმარი.
ფიქრების წვენში ვხარშოთ მთელი დღე,
რომ ვახშმისთვის ახალ კერძად ამოვარწყიოთ:
მორიგი „ერთად~, „à la bedi~,
ან სიყვარული,
გამხმარ ჩირივით სამმაგ ძაფზე ფრთხილად ასხმული.
რამდენი
რამდენი ცხოვრება დავიწყე და აღარ დავამთავრე.
რამდენ ქალაქში. რამდენ ვინმესთან.
რამდენი შვილი არ გავაჩინე
და დახეული, ტალახიანი ბათინკებით გადავსერე
საავადმყოფოს პრიალა და თეთრი იატაკი.
რამდენი ღამე დავრჩი ქუჩაში, ვიღაცის სახლში და ჩემი
ბინის უკარებო 17 ოთახში.
ფრჩხილით, მაკრატლით,
ბლაგვი დანით და სამართებლით.
ნემსის წვერით და ყავისფერით. ხან ისევ თეთრით.
და გამხდარ მხრებზე სისხლის ჭორფლებით
რამდენჯერ მოვკვდი.
ახლა ფეხაკრეფით დავდივარ მიწაზე და იმავ მხრებზე
„აჩიკუდათი~ მოკიდებული
ძლივსგაჩენილი შვილი მომყავს.
ხშირ-ხშირად ვიღებ ფოსოებიდან დამტვერილ თვალებს,
დავწმენდ ლევისის დაძენძილ ჯინსზე,
რომ დავიწყება არ ვისწავლო:
რამდენ ქალაქში, ქვეყანაში, რამდენ ვინმესთან
არ დავამთავრე ჩემი ცხოვრება
და უკეთესად დავინახო,
რამდენ საფლავს ცხედრის გარეშე აწერია ჩემი სახელი.


* * *
ვიცი,
დღეიდან მომაკედლებ შენს შიშველ ფიქრებს,
ისეთ გულწრფელებს,
თითქოს ჯერ ევას არ ეჭამოს ადამის ვაშლი.
დაშლა-არმოშლის იმედებით მოვქსოვთ ერთმანეთს.
ღამით გუშინდელ ემოციებს შევუნთებთ ბუხარს
და შეციებულ მუხლისთავებს მოვახვევთ ლექსებს,
როგორც ჭრელ სითბოს.
ავარიდებთ ერთმანეთს თვალებს,
დავითვლით კედელს მიჭედებულ ლურსმანთა ტკივილს.
მოვყვებით ამბებს,
ისეთ მართალს, როგორც ზღაპარი,
ბებიის მიერ ჩანაყული ყურში მარცვლებად.
როდესმე ალბათ
ნივთებს ახლიდან დავარქმევთ სახელს,
შევუცვლით ფორმას.
როდესმე ალბათ
სხვა სიმშვიდით და მრისხანებით
დავანგრევთ კედლებს,
მოვიზრდით ფრთებს და
გავფრინდებით ჟივილ-ხივილით...
მაგრამ დღეს ვიცი,
ჯერ ბუხარი უნდა დავანთოთ.
დასაწვავია წინა ზამთრის
შეშის მარაგი.


სხვები

მე ვითვლი შენს სხვებთან შეხებას,
ნაწყვეტ სუნთქვებს,
ლექსის ნაგლეჯებს.
ვითვლი ნაბიჯებს,
ვზომავ მანძილს,
ვისერავ ხელებს.
და გტოვებ ჩემში ხვალ დილამდე
ძველ სიზმარივით.
ნაბახუსევზე ავიტკივებ მძიმე თავივით
სხვისთვის სურვილით გაყოლებულ საჩემო მზერებს.
და ისევ ვზომავ სხვის სიღრმეში ჩატოვებულ
თითებს, ასოებს.
ვიხსენებ ჩემში შემონთხეულ ნაცრისფერ ფერებს,
რომ უფრო მეტად არ ავიჭრა გუშინ ღამიდან
ოთახის სითბოს შეტოვებულ ჭიქა რძესავით.
გავდივარ გარეთ და ბენზინის ჭრელ გუბეებში
ვეძებ შენს რითმებს სხვებზე აწყობილს.
სხვა ბავშვში აწნავ შენ გენეტიკას და ჩვენი შვილი
ისევ ვიღაცას, შენმზერიანს ეძახის მამას.
სახლი, რომელშიც სხვასთან ვცხოვრობ
როგორც სტუმარი,
არ ტოვებს სხვისი ფანჯრებიდან შემოსულ ხმაურს.
და დილის საშიშ სიჩუმეში,
და დილის რიტმულ ტანის რხევაში
ისევ წამღერებით ვითვლი
შენს სხვებს.
ჩემს სხვებს.
მე ვითვლი: ჩვენ.


* * *
შენ გინდა ჩემთან, -თვის, -სკენ, -ში.
ხუჭავ. ივიწყებ. ალპობ. არღვევ.
ისევ ივიწყებ.
არ მიწერ ლექსებს.
არ მწერ სიტყვებს.
არ ამბობ მთავარს.
კეცავ ჯიბეში, გულ-, სისხლ-, ძილში
ჩემს ნაფლეთებს
ნაწყვეტ-ნაწყვეტ
მეტასტაზებად.
მე გაზიანებ, გრყვნი, გეძახი, გტოვებ
ჩემში, -თან, -ზე,
(სხვის)
-კენ.


* * *
გულგრილად მაწნავ დღეს სახეში,
თმაში _ სიბერეს,
ტყუილს _ სიტყვებში.
თუ მწიფე ატმის გადანახლეჩი
საშო გიმღერებს
დახშულ სივრცეში,
სიმღერებს შორის გადავაწყოთ
ძველი წყენები
გამხდარ წიგნებთან.
დავიმახსოვროთ: სიჩუმე გვაწყობს:
სველი ენებით ღმერთის მიგნება.
დავყაროთ თესლი და მანანა
ცხელ უდაბნოში
და მშიერ პირში
დავთესოთ ლექსის ანა-ბანა
ძველი კალოშით
საწოლის ძირში.
ამოვა სოკო. ხე. ტბა. ბუჩქი
მზე და სიმშვიდე.
ვინღა იტირებს.
ვინღა მოვა წრის დასარტყმელად.
ჰოდა ამიტომ
დავლიოთ ღამე _ მწარე აბი. მერე ფასკუნჯით
პირველ სხივებში ვიჯირითოთ ღია სარკმელთან.


ყუთები

ეზოში სათამაშოდ ჩაშვებულ ბავშვობას
კორპუსის ნაცრისფერ ფანჯრებში გაჩრილები
მკაცრი თვალებით დავყურებთ ზემოდან.
ვიგონებთ საქმეებს.
ყურებს ვიგლისავთ ვარდისფერ პლასტელინებით,
პლასტმასის ყუთში ვიწყობთ დღის ულუფას:
მჭლე ღიმილს, თანთალა ბოღმას,
ბოლოს ხახვივით ალყა-ალყა
ზემოდან ვაყრით ენის სიმწარეს.
ვსხდებით ბორბლებიან რკინის ყუთში,
ერთმანეთში ვზელთ ოფლის, შიშის და დაღლის სუნებს,
მძღოლის ასტრას და ქალაქურ ჰანგებს
ინდაურის ყუტყუტით ვყლაპავთ.
ანაბეჭდს ვტოვებთ თოკებიანი ყუთის წითელ ძუძუზე,
რომ უფრო მალე დავიკავოთ
მოზრდილ ყუთში ჩვენი ადგილი
და საღამომდე საქმიანი სახით დავკავდეთ
ყუთების გამოღებით, ამოლაგებით,
ჩალაგებით, გადალაგებით,
დახურვით, ჩართვით, გახსნით, შენახვით,
ისევ გამორთვით.
მერე თოკებით, ძუძუებით, უფლით, ოფლით, ბორბლებით
მივაღწიოთ ნაცნობ ყუთამდე.
და ლოგინის ცივ ფეხებს შორის გახვეულებს
გაგვახსენდეს ეზოში სათამაშოდ ჩაშვებული ბავშვობა
და რა თქმა უნდა დავიკიდოთ.
დავიკიდოთ.
დავიკიდოთ.
და ერთადერთი რისიც გვეშინოდეს _
ბოლო, თოკებიან ხის ყუთში მოხვედრა იყოს
გულზე მლოცველივით სასოებით
დალაგებული ხელებით.
ამინ!


* * *
დამავიწყდა სად გქონდა იარა სახეზე,
რომელიც მიყვარდა.
ჯერ კიდევ მახსოვს შენი სუნი,
ჯერ ვერ ველევი პარკში გამოკრულ ნაცვამ მაისურს.
სამაგიეროდ დამავიწყდა რატომ მიყვარდი.
მახსოვს როგორ-
-ც ხელზე დარჩენილი თეთრი ხაზები.
მახსოვს შენი ირისის ყავისფერი, რბილი შრეები.
დამავიწყდა ჩემი თავი შენამდე.
გზა შენამდე.
დრო შენამდე.
მახსოვს სიკვდილი.
მკაცრი. ბასრი. გამჭვირვალე.
როგორც აკანკალებულ ხელში
ჩაბღუჯული შუშის ნატეხი.
დამავიწყდა ნათქვამი სიტყვების
სიმწარე. სიბრმე. სიშიშვლე.
მახსოვს საკუთარი თავის
პირველიც, მეორეც, მესამეც.
მახსოვს შენი ზურგის ფართო სიმშვიდე,
როგორც მამა გულზე დაკრეფილი თეთრი ხელებით.


---

„ლიტერატურული გაზეთი“, N162, 29 იანვარი - 11 თებერვალი, 2016

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N162/N-162.pdf.aspx


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyThu Mar 07, 2019 7:51 pm


Im neuen Buchtalk: Wenn es nur Licht gäbe, bevor es dunkel wird

59plus GmbH
Published on Jan 9, 2019
Auf der Frankfurter Buchmesse 2018 hat Literaturexperte Mike Altwicker die georgische Autorin Iunona Guruli zum Interview über ihr neues Buch getroffen.

* https://www.randomhouse.de/Buch/Wenn-es-nur-Licht-gaebe-bevor-es-dunkel-wird/Iunona-Guruli/btb-Hardcover/e543153.rhd

Exclamation

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული EmptyWed May 29, 2019 1:56 pm

იუნონა გურული Iunona12

იუნონა გურული

„სიშიშვლის შეგრძნება მიჩნდება“

იუნონა გურული დაიბადა და გაიზარდა თბილისში,1999 წლიდან კი გერმანიაში ცხოვრობს. შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ აკადემიურ განათლებას იღებდა ჰანოვერისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერებებისა და უახლესი ისტორიის მაგისტრის წოდებით დაამთავრა. ფლობს ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულად მთარგმნელის სახელმწიფო სერთიფიკატს. ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“, აკა მორჩილაძის „გასეირნება ყარაბაღში“ და სხვა ავტორების არაერთი წიგნი გერმანულ ენაზე სწორედ მან თარგმნა. რაც შეეხება ორიგინალურ ტექსტებს _ ქართველმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ ის ლექსებით გაიცნო, შემდეგ კი მისი პროზა შეიყვარა. მისი პირველი პროზაული კრებული „დიაგნოზი“ ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“, 2016-ში წლის საუკეთესო დებიუტად აღიარეს.
ერთ-ერთ გერმანულენოვან ინტერვიუში შეკითხვაზე: „რა ქარმა გადმოგისროლათ ბერლინში?“, ის პასუხობს: „პირველად _ შემთხვევამ, მეორედ კი _ ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებამ“. სწორედ ბერლინიდან არის გადმოგზავნილი ეს პასუხებიც „ლიტერატურული გაზეთისთვის“.


_ თქვენ განსაკუთრებული ავტორი ხართ, იცით, რა თვალსაზისით? აი, მაგალითად, გამოჩნდებიან ახალი ავტორები, საინტერესო დებიუტანტები და მათზე ამბობენ: „იმედისმომცემია“, „საინტერესოდ დაიწყო“ და ასე შემდეგ. თქვენ კი მკითხველმა გაგიცნოთ როგორც მწერალი და არ გამიგია, ვინმეს ეწოდებინოს „დამწყები“. მეც სულ მიკვირდა, სხვებივით: „რატომ აქამდე არ ვიცნობდი მას? როგორ მოხდა, რომ არაფერი გამეგო მის შესახებ, არ წამეკითხა“. როგორ დაიწყო თქვენი მწერლობა „გამოჩენამდე“? როგორ დაიწყეთ წერა?
_ უპირველესად, დიდი მადლობა ინტერესისთვის. ბავშვივით გამიხარდა ინტერვიუს შემოთავაზება. წერა ძალიან ადრე დავიწყე. თუმცა ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. რაღაცებს ვჯღაბნიდი ჩემთვის. დედაჩემს შენახული აქვს ჩემი პირველი ლექსები, 5-6 წლის ასაკში დაწერილი. აი, მაგალითად, ერთის ნაწყვეტი მახსოვს:

„აცივდა, აცივდა, აღელდა ზღვა,
მე არ მეყვარება
დედიკოსნაირად ადამიანი სხვა“.

მოთხრობების წერაზე ძალიან გვიან, სულ რამდენიმე წლის წინ გადავედი. უბრალოდ, მივხვდი, რომ ისეთი ამბები დამიგროვდა, რომლებიც თხრობის სახით უკეთ გადმოიცემოდა, ვიდრე ლექსის საშუალებით.
ლიტერატურაში გამოჩენას რაც შეეხება, რუსული ზღაპარი რომაა თალგამის ამოღებაზე, ბაბუა ბებიას რომ ეჭიდება, ბებია შვილიშვილს და ასე შემდეგ, ზუსტად ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. სამი წლის წინ რამდენიმე ადამიანი, დაახლოებით ასე, მწკრივში ჩაება, ჩამეჭიდა, ჩემი ნაჭუჭიდან გამომათრია, წიგნი გამაკეთებინა
და ლიტერატურა პროფესიად გადამიქცია. როდესაც დათო ტურაშვილმა ჩემი მოთხრობები წაიკითხა და წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა, სულ რამდენიმე მოთხრობა მქონდა `გადარჩენილი~. უმეტესობა იმ ლეპტოპმა შეიწირა, რომელიც ცოტა ხნით ადრე „შემომელეწა“. ამიტომ მომიწია ძალიან მოკლე დროში მოთხრობების დიდი ნაწილის თავიდან დაწერა. სანამ წიგნი გამოიცემოდა, ჩემი რამდენიმე მოთხრობა და ლექსი დაიბეჭდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის `ლიტერატურულ გაზეთსა~ და `ახალ საუნჯეში~. როდესაც ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ „შორთლისტში“ მოვხვდი საუკეთესო დებიუტისთვის, პირველად დავიჯერე, რომ მართლა ვარგა ის, რასაც ვწერ. ეს იყო პირველი სერიოზული სტიმული ჩემთვის, როგორც მწერლისთვის. შემდეგ იყო „საბას“ ნომინაცია. იმდენად არ მეგონა, რომ გავიმარჯვებდი, თბილისში არც გავფრინდი. ნიკუშას, ჩემ შვილს, ვუთხარი, რომ თუ სასწაული მოხდა და მაინც მივიღე „საბა“ და თანხა, ვენეციაში წავიდეთ-მეთქი. ბერლინში ვუყურებდით პირდაპირ ტრანსლაციას. მახსოვდა, რომ ნომინაცია `წლის
საუკეთესო დებიუტის~ შედეგებს ყოველთვის დასაწყისში აცხადებდნენ, ამჯერად თითქმის ბოლოში იყო; დავიჭამე ყველა ფრჩხილი, დავლიე სამი ლიტრი წყალი, და ბოლოს, ჩემი სახელი რომ გავიგონე, მე და ნიკუშა ერთდროულად, ერთ ხმაში ავღრიალდით. მე ვყვიროდი: „საბაა! საბაა!“ ნიკუშა: „ვენეციაა! ვენეციაა!“ მართლა სასწაული გრძნობა იყო. იმდენი ადრენალინი გამომეყო იმ ორ საათში, მომდევნო სამი დღე საერთოდ არ მიძინია. ამ წარმატებით შეგულიანებულმა გადავთარგმნე ჩემი მოთხრობები გერმანულად და გავგზავნე ბერლინის უცხოენოვან ავტორთა ფესტივალზე. იქიდანაც რომ დადებითი პასუხი და მოწვევა მოვიდა, გავთავხედდი და უკვე გერმანულ ლიტერატურულ სააგენტოებს დავუკავშირდი აქაური მეგობრების საშუალებით. მაიკლ მელერსის სააგენტომ, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია არსებობს, გამიფორმა რვაწლიანი კონტრაქტი. იმავე, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რამდენიმე გამომცემლობა დაინტერესდა ჩემი წიგნის გერმანულად გამოცემით, მათ შორის Dumont, Ullstein, btb Verlag. საბოლოოდ btb Verlag-თან გავაფორმე ხელშეკრულება. წიგნი „Wenn es nur Licht gäbe, bevor es dunkel wird“ („სინათლე მაინც იყოს, სანამ დაბნელდება“) ზაფხულში გამოვა და `დიაგნოზში~ შესული მოთხრობების გარდა, იქნება რამდენიმე ახალი მოთხრობა. ბოლო ორი წელია, რეგულარულად ვმონაწილეობ სხვადასხვა
ლიტერატურულ ღონისძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. 19 აპრილს ფრიდრიხსჰაინის ფოტოგალერეაში, რომელიც 80-იან წლებში პირველი ფოტოგალერეა იყო `გედეერში~, პიტერ ოლმანის ფოტოგამოფენის `საქართველო_ სურათები და გზები~ ფარგლებში, გაიმართა ჩემი მორიგი ლიტერატურული საღამო.

_ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ჩაეჭიდა და ჩემი ნაჭუჭიდან გამომათრიაო, თქვით. ვიცი ავტორები, რომლებიც
დიდხანს ფიქრობდნენ ტექსტების გამომზეურებაზე, გასაჯაროებაზე და არ ეადვილებოდათ ეს. თითქოს ძალზე
სანუკვართან უწევდათ განშორება. როგორც ჩანს, თქვენთვისაც ნაცნობია ეს განცდა.
_ გასაჯაროების სერიოზული პრობლემა მქონდა მეც. ეგ იყო, პრინციპში, ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი,
რატომაც არ ვჩანდი ამდენ ხანს. „სანუკვართან განშორება“ ნაკლებად _ უბრალოდ, სიშიშვლის შეგრძნება მიჩნდებოდა, როდესაც სხვა კითხულობდა ჩემს ნაწერებს. თითქოს პირად, ძალიან ინტიმურ დღიურს ვაკითხებდი უცხოს. ამიტომ წლების განმავლობაში მხოლოდ უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ჰქონდათ
ეს `პრივილეგია~. ერთხელ ლიტ.ჯე-ზე დავრეგისტრირდი, რა თქმა უნდა, სხვა სახელით. რამდენიმე ლექსი დავდე. ერთერთის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გამხვიეს _ ისე დავითრგუნე, რომ გამოქვეყნება კი არა, კარგა ხანს არაფერი დამიწერია. ზოგადად, ძნელად ვიტან კრიტიკას, ბავშვობაში ხომ კატასტროფა იყო _ საშინლად ბუტია ვიყავი. ახლა, რაც „გავიზარდე და დავჭკვიანდი“, ცოტა გამოვსწორდი. წიგნის გამოქვეყნებამდე
ძალიან ვნერვიულობდი მკითხველის რეაქციაზე. არ იყო იოლად მოსაყოლი ამბები, მით უმეტეს, რომ მათი ნაწილი ავტობიოგრაფიულია, რაც, თავისთავად, ათმაგად უფრო რთული გასასაჯაროებელია, განსაკუთრებით ქართველ საზოგადოებაში.

_ ძალიან საინტერესოა, როგორ გადაიქცევა ხოლმე მწერლის ბიოგრაფია მხატვრული ტექსტის მასალად?
_ ჩემი აზრით, ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში არის მწერლის ბიოგრაფიიდან რაღაც, თუნდაც ცალკეული მომენტები, პერსონაჟის შტრიხები. პირადად მე, დიდწილად, ჯერ კიდევ საკუთარ ან ახლობლების ამბებთან ვტრიალებ _ აქედან გამომდინარე, ჩემი მომავალი რომანიც ნახევრად ავტობიოგრაფიული იქნება.

_ რომანს წერთ?
_ დიახ, პირდაპირ გერმანულად ვწერ. როდესაც ახალი დაწყებული მქონდა მასზე მუშაობა, აქაურ ერთწლიან ლიტერატურულ სტიპენდიაზე გავგზავნე განაცხადი, რომანიდან ნაწყვეტებიც დავურთე. უარი რომ მივიღე, ჩამოვყარე ყურები და იმედგაცრუებულმა კინაღამ წავშალე ფაილი. რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდი გამომცემლობა btb Verlag-ის ერთერთ რედაქტორს, როგორც გითხარით, ჩემს წიგნთან _ „Wenn es nur Licht gäbe, bevor es dunkel wird“ („სინათლე მაინც იყოს, სანამ დაბნელდება“) _ დაკავშირებით. მოვუყევი სტიპენდიის ამბავიც და მან რომანის ფრაგმენტების გამომცემლობაში გაგზავნა მთხოვა. ზუსტად ორ კვირაში
მივიღე კონტრაქტი საავტორო უფლების წინასწარ შეძენაზე, რაშიც იმაზე დიდი თანხა გადამიხადეს, ვიდრე ის ერთწლიანი სტიპენდია იყო. ჩემსავით უცნობი ავტორისთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი და ფანტასტიკური ამბავია, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, „თავში არ ამვარდნოდა“ _ ეს ხუმრობით. სერიოზულად კი,
ძალიან გამიმართლა გამომცემლობამ. რომანი, სავარაუდოდ, 2019 წელს გამოვა.

_ თქვენ პოეზიაშიც ხართ და პროზაშიც. რამდენად ადვილია ეს მწერლისთვის? ორივე ხომ ასეთი განსხვავებული სამყაროა, სხვადასხვანაირ მიდგომას, სხვადასხვანაირ მუშაობას, დროს, ენერგიას ითხოვს ავტორისგან. როგორ ახერხებთ მათ შორის ცხოვრებას?
_ როგორც უკვე ვთქვი, არის ამბები და ემოციები, რომლებიც უფრო ადვილად პროზის ფორმით გადმოიცემა, ზოგსაც ლექსი უფრო უხდება. პრინციპში, ეგ თავისთავად ხდება, წინასწარ ბევრი ფიქრის გარეშე. ლექსის შემთხვევაში, რამე ფრაზა ამეკვიატება ხოლმე, ხანდახან რამდენიმე დღე, ხანაც თვეები დამაქვს ასე, ტვინში ფირფიტასავით ვატრიალებ, მერე ერთბაშად მოდის დანარჩენი. ანუ ლექსში მუზაზე უფრო ვარ დამოკიდებული.
მოთხრობებს რაც შეეხება, შედარებით გააზრებული მაქვს _ ვარჩევ ამბავს, ვალაგებ თავში სიუჟეტს, ვჯდები და ვწერ. თუმცა მუშაობა ისეც დამიწყია, რომ საით წამიყვანდა და რითი დასრულდებოდა ამბავი, არ ვიცოდი.

_ თქვენს ბიოგრაფიას გადავხედე: ჯერ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდით, შემდეგ თსუ-ში, მერე გერმანიის ცნობილი უნივერსიტეტები დაამთავრეთ, დაბოლოს _ პოლიტოლოგისა და თანამედროვე ისტორიის მაგისტრის წოდება მიიღეთ. ამდენი წელი მოანდომეთ აკადემიური განათლების მიღებას არა ლიტერატურის დარგში, არამედ სულ სხვა მიმართულებით. და მაინც ლიტერატურა გახდა თქვენი ასპარეზი. როგორ მოხდა ეს?
_ სწავლისა და სამუშაოს მხრივ, მართლაც მივედ-მოვედე. ერთმანეთისგან სრულიდ განსხვავებულ სფეროებში აღმოვჩნდი. მართალია, პარალელურად ვწერდი, ოღონდ დიდი ინტერვალებით _ ორი-სამი წელი გასულა ისე, რომ არაფერი დამიწერია. თუმცა ყოფილა, რომ დღეში რამდენიმე ლექსს ვწერდი. უმეტესად, შეყვარებულობის პერიოდში. ამიტომ, ლიტერატურას არასდროს ვუყურებდი, როგორც პროფესიას. ის იყო ჩემი თერაპია, საშუალება, გადამემუშავებინა და რამე ფორმა მიმეცა ჩემი შიშებისთვის, თავსგადამხდარი ამბებისთვის, იმ
დანაკარგებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი მქონდა ცხოვრებაში.

_ ძირითადად, ქართულ რეალობაზე ყვებით. როგორ ახერხებთ, რომ გერმანიაში იცხოვროთ და იმავე დროს არ მოწყდეთ ქართულ რეალობას და თქვენი თემები ასეთი საინტერესო და ცოცხალი იყოს?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში გავიზარდე. 20 წლის ვიყავი, როდესაც საბოლოოდ გადმოვბარგდი გერმანიაში, მაგრამ თბილისში სისტემატურად ჩავდივარ. ჩემი ოჯახი, მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების დიდი ნაწილი საქართველოშია, ასე რომ, იქაურობა ჩემთვის შორს არასდროს ყოფილა და ნახევარი ცხოვრების გერმანიაში გატარების მიუხედავად, თბილისში მაინც არასდროს ვგრძნობ თავს უცხოდ. თემებს რაც შეეხება, მგონია, რომ საინტერესო ამბები ყველას ირგვლივ და ყველას ცხოვრებაში ხდება,
მწერალს მხოლოდ მათი სწორად არჩევა და კარგად მოყოლა ევალება.

_ თანამედროვე საქართველო, თავისი ამბებით, ისტორიით, ტიპაჟებით ძალიან საინტერესო ადგილია მწერლებისთვის, ამოუწურავი მასალაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახა ქართულ ლიტერატურაში ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ტკივილები და სიხარულები.
_ გეთანხმები, ჯერ მარტო ჩვენს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, რა გამოლევს მოსაყოლს მწერლისთვის. პირადად მე, თბილისის ომის დროს, სანამ ახლობლებთან არ გავიქცეოდით საბურთალოზე (მე _ ჩემი ზაზუნის გალიის კონწიალით), რამდენიმე დღე იატაკზე მეძინა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, იმიტომ, რომ ტყვიები დაფრინავდა ირგვლივ და სახლები იწვოდა ასანთის კოლოფებივით. პარლამენტის ყოფილი შენობის ახლოს ვცხოვრობთ და 9 აპრილის ტრაგედიაცა და თბილისის ომიც, ფაქტობრივად, ჩვენი ფანჯრების წინ მოხდა. ალბათ
ძნელია ქართველის მოძებნა, რომლის ცხოვრებაზეც უახლესი ისტორიის პერიპეტიებს რამე, ძალიან პირადული
კვალი არ დაეტოვებინა. ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი კარგი წიგნი დაიწერა. მათი ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ითარგმნა და ძალიან მიხარია, რომ მალე გერმანელი მკითხველიც გაეცნობა.

_ თქვენ თვითონ როგორი მკითხველი ხართ. ვინ არიან თქვენი ავტორები, ნაწარმოებები?
_ ამჟამად მთარგმნელი-მკითხველი ვარ. იმდენად ნონ-სტოპ რეჟიმში ვმუშაობ, რომ წიგნის კითხვის დროსაც კი, ტექსტებს ენის კუთხით ვუყურებ და ვუკირკიტებ. სიტყვების და გამონათქვამების გარდა, ხანდახან მთლიან წინადადებებს ვიწერ, ისე მომწონს. ავტორი და ნაწარმოები იმდენია, რომელიც მიყვარს, ამ ინტერვიუს
ფორმატი არ ეყოფა ჩამოსათვლელად. ერთ-ერთი ბოლო, ვინც წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ხალიდ ჰოსეინია.

_ ქართველ ავტორებს თარგმნით გერმანულად. წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, გერმანულენოვანი
მკითხველი, ქართულ ლიტერატურას თქვენი თარგმანებითაც გაეცნობა. მაინტერესებს, პროზასთან ერთად, ლექსებსაც თარგმნით?
_ დიანა ანფიმიადის წიგნში „პირადი კულინარია“ შევიდა რამდენიმე ქართველი პოეტის, მათ შორის, თვითონ დიანას, ეკა ქევანიშვილის, ლელა სამნიაშვილის ლექსები, რომელთა თარგმნაც მომიწია, ასევე ვთარგმნე შალვა ბაკურაძის, ზურა რთველიაშვილისა და პაატა შამუგიას რამდენიმე ლექსი ერთ-ერთი ლიტერატურული ღონისძიებისთვის, რომელიც შარშან ბერლინში გაიმართა. მაგრამ, ზოგადად, ვერიდები და აქამდე რა შემოთავაზებაც მქონდა ლექსების თარგმნაზე, ჩემი ვორკოჰოლიკობის მიუხედავად, უარი ვთქვი. უბრალოდ, მგონია, რომ პოეზიის თარგმნა უფრო მაღალი დონეა, იქ ბევრად მეტი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ვიდრე _ პროზაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ რითმას და რიტმს არ ვგულისხმობ. ამიტომ ჯერ-ჯერობით ლექსების თარგმნისგან
თავს ვიკავებ.

_ ბევრს მუშაობთ? როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
_ ბოლო ორი წელია, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვთარგმნი, ვწერ. პირველად 2016 წლის თებერვალში ვთარგმნე აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა გამომცემლობა Weidle-Verlag-მა. ახლა უკვე მერვე წიგნს ვამთავრებ. ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ყოველდღე, ხშირად შაბათკვირის გარეშე, ვმუშაობ, უმეტესად გვიან ღამემდე. ამჟამად, მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ოთხი წიგნი მზადდება ერთდროულად _ დღის ბოლოს ლეპტოპში, როგორც წესი, ოცამდე „ვორდის“ და „პედეეფის ფაილია ხოლმე გახსნილი, ვებგვერდებზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც მუშაობით ვიღლები, გარეთ გავდივარ, ყურსასმენებს ვიკეთებ, თან სახლთან მდებარე პატარა კაფეში წასაღებ ყავას ვყიდულობ და რამდენიმე
კილომეტრს დავდივარ ფეხით _ წვიმაშიც, თოვაშიც. ესეც ერთგვარი თერაპია და განტვირთვის კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, ბევრს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვხატავ. თარგმნა რაც დავიწყე, უფრო დიდხანს ვანდომებ კითხვასაც და ფილმის ყურებასაც. როგორც გითხარით, თუკი რამე საინტერესო გამოთქმას ან
უცხო სიტყვას ვაწყდები, სასწრაფოდ ვინიშნავ. ხანდახან მეგობრებს ვნახულობ, გამოფენებზე და ლიტერატურულ საღამოებზე დავდივარ. ბევრს ვმოგზაურობ. სკოლის არდადეგებზე ყოველთვის მივდივართ მე და ნიკუშა ცოტა ხნით სადმე. საქართველოში წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ მაინც ჩამოვდივართ ხოლმე რამდენიმე კვირით. ნიკუშა განსაკუთრებულად კარგი შვილია, როცა ძალიან დაღლილი ვარ, აქეთ მივლის. მიუხედავად იმისა, რომ ლამის გადამასწრო სიმაღლეში, დღემდე კოალასავით მეხუტება და ენერგიებისგან
დაცლილ აკუმულატორს მივსებს. ამიტომაც ვეძახი „ჩემს სუპერდამტენს“.

ესაუბრა თამარ ჟურული

„ლიტერატურული გაზეთი“, #11 (219), 1 - 14 ივნისი, 2018

იუნონა გურული Iunona11

Exclamation


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




იუნონა გურული Empty
PostSubject: Re: იუნონა გურული   იუნონა გურული Empty

Back to top Go down
 
იუნონა გურული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: